"სამწუხაროა, როცა სახელმწიფოს მოხელეთა საქციელი "ბაცნობაა" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროა, როცა სახელმწიფოს მოხელეთა საქციელი "ბაცნობაა"

"უნდა გვრცხვენოდეს ყველაფერ იმის შესახებ უცხოელთან ლაპარაკი, რაც ჩვენს თავს ხდება"

ბოლო დროს ქართულ რეალობაში საინტერესო ტენდენციები იკვეთება - წინასაარჩევნო ბრძოლაში ხელისუფლება დიდად არ ცდილობს თავისი ქმედებების შენიღბვასა თუ შელამაზებას. ეს მის ყოველ ნაბიჯს ეტყობა: ანტენების დაყადაღება სასაცილოა; ბანკის შეგნებულად გაკოტრება - აღმაშფოთებელი, პრეზიდენტთან საჩივრით მისულ მოხუცთან ფიზიკურად გასწორება და მერე ისევ პრეზიდენტისგან მისი მოფერება-ალერსი კი - ორივე ერთად. როგორც ჩანს, ხელისუფლება სულაც არ ცდილობს, დასავლეთს ქართული რეალობა შელამაზებული აჩვენოს. პირიქით, ის ძალმომრეობის ტირაჟირებასაც არ ერიდება - ალბათ, ესეც უნდა გახმაურდეს და ისიც, რომ ამას ხალხი ჩვეულებრივად იღებს, რომ ასეთი ხელისუფლება ხალხის ორგანული ნაწილია, რომ ეს უკანონობა სწორედ ხალხის თანხმობით ხდება - უბრალოდ, ასეთი ხულიგნები ვართ დიდიან-პატარიანად და ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც არა კანონი, არამედ ძლიერი იმარჯვებს. თუკი ამაში დასავლეთის დარწმუნებას მოახერხებენ, გზა ხსნილი იქნება, რადგან როგორც უახლესი მსოფლიო ისტორიიდან ჩანს, დემოკრატიას არავის აძალებენ - ყველას ისეთი ხელისუფლება ჰყავს და ისე ცხოვრობს, როგორსაც იმსახურებს. ამ და სხვა საკითხებზე ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:

- ივანიშვილის მიერ 80 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ "ქართუ ბანკი" მფლობელებს დაუბრუნდა, მაგრამ შესაძლოა, ბანკში ამჯერად ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს. საქმე ეხება "ქართუ ბანკის" დროებითი მმართველობის მიერ 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებას, რომლის გაცემის შესაძლებლობაც ბანკს ფიზიკურად არ აქვს. როგორც "ქართუ ბანკში" აცხადებენ, დროებით მმართველობას ამგვარი ქმედების უფლება არ ჰქონდა და რეალურად ამგვარი ოპერაციები მიზნად ბანკის განადგურებას ისახავდა. კერძოდ, სესხის გაუცემლობის შემთხვევაში დაირღვევა ბანკის ლიკვიდობის კოეფიციენტი, რის გამოც, შესაძლოა "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს. ცხადია, ამ თემის ფინანსურ დეტალებზე საბანკო საქმის ექსპერტები უფრო კომპეტენტურად ისაუბრებენ, მე კი მორალური მხარის გაანალიზება მინდა გთხოვოთ - რამდენად წაადგება ხელისუფლების რეიტინგს კონკურენტების მიმართ ამგვარი ტლანქი ფორმების გამოყენება?

- ცუდ საქციელს და კარგ საქციელს თავისი შესაბამისი ფორმა გააჩნია, იმის მიხედვით, რა სტატუსის და ვინ ხარ. სხვა არის, როცა ხარ პატარა ბავშვი, ხულიგნობ და იქ ვიღაცას რაღაცას გაუფუჭებ, მენაყინეს ნაყინს მოჰპარავ ან ბურთით მინას ჩაუმსხვრევ… და სხვა - როცა გაიზრდები და ხარ სახელმწიფო მოხელე. ჩვენი ხელისუფლების ცუდი საქციელი იმით კი არ არის განსაკუთრებული, რომ ეს მხოლოდ ცუდი საქციელია, მიუღებელია ან გაუგონარი და მსგავსად აქამდე არავის უმოქმედია, თავისთავად, სახელმწიფო მოხელეები შეიძლება ან კარგად იქცეოდნენ, ან ცუდად, მაგრამ ცუდ საქციელსაც თავისი ფორმა აქვს. ჩვენს შემთხვევაში, მკითხველმა ჟარგონი მაპატიოს და, ეს ცუდი საქციელი "ბაცნობის" დონეზეა დასული. კაცობრიობას ასეთი დანაშაული გაუგია და უნახავს კიდეც, მაგრამ ის არ უნახავს, რომ ასეთ დანაშაულს სჩადიოდნენ ასეთი სტატუსის მქონე ადამიანები - პრეზიდენტები, მინისტრები, პრემიერები, სახელმწიფო სტრუქტურის მაღალჩინოსნები, ანუ სავალუტო ჯიხურის მოხელეთა დონის აფერისტობას სჩადიხარ და ამ დროს ძალიან მაღალი სტატუსი გაქვს.

აქ ისეთი დისონანსი ჩნდება, შეფასება ძნელდება. აქ სამწუხარო სხვა რამ არის - როცა შენი სახელმწიფოს მოხელეთა საქციელი "ბაცნობაა",“ეს ქვეყნისა და მოსახლეობის სახეზეც მეტყველებს. არის რაღაცები, რის შესახებაც საუბარი სირცხვილია, რადგან "ბაცნობის" დონეზე კეთდება. ისიც საგულისხმოა, რომ ივანიშვილის მასშტაბის ფონზე ყველაფერი უარეს „"ბაცნობად" მოჩანს. პირველივე ქმედებიდან ყველაფერი "ბაცნობა" იყო - მოქალაქეობის შეჩერება, ბანკის ინკასატორების დაყაჩაღება...

- "ბაცნობა ბაცნობად" და, ამასობაში ხელისუფლება თავის საქმეს ხომ არ გააკეთებს და საარჩევნოდ სასათბურე პირობებს ხომ არ შეიქმნის? შედეგი ამისა კი რა იქნება - უცხოელი დამკვირვებლები გაიხსენებენ, რა ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და უარს იტყვიან არჩევნების შედეგების აღიარებაზე თუ მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნები დაგმობენ ამგვარ საქციელს და ქართველ ხალხს ცივილიზებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემენ? ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ ქარავანი მაინც თავისი გზით წავიდეს?

- არის ასეთი საფრთხის ტენდენცია და ამ ტენდენციის ნაწილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ პრობლემებს მე უფრო ქვეყნის სტატუსის მიმართ ვხედავ. ყველაზე ცუდი შექმნილ ვითარებაში იცით, რა არის? როგორც ჩანს, მავანთათვის მთავარი ხელისუფლებაში დარჩენაა და რა სტატუსით დარჩებიან, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის პრობლემას არც ის წარმოადგენს, რა ტიპის ქვეყნის მმართველები იქნებიან. ქვეყანა კი ამ ტიპისაც შეიძლება იყოს და იმ ტიპისაც. ნუ გვეგონება, რომ ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აუტანელი და გაუსაძლისი იქნება ტოტალიტარული ქვეყნის არსებობა კავკასიაში. სააკაშვილი კი არა, აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტი კაციჭამია იყო და სანამ დიპლომატების ჭამაზე არ გადავიდა, მის არსებობას მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ დიდად არავინ შეუწუხებია.

არ შეუწუხებია იმიტომ, რომ ამას ქვეყნის შიგნით ეგუებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებაც თავისი აშკარა ხელების გადაგრეხის პოლიტიკით აცხადებს, - აი, ასეთი ტიპები ვართ. ასეთია ჩვენი ქვეყანა და ამას ეგუება ჩვენი ხალხიც - ხან ვიღაცას შევუვარდებით და დავაწიოკებთ, ხან ანტენას წავართმევთ, ხან ბიზნესსა და ანგარიშებს დავუყადაღებთ, ხან კონტროლის პალატაში დავიბარებთ, გავაშიშვლებთ და დავკითხავთ. პარალელურად ქვეყნის აყვავებასა და კეთილდღეობაზე ვილაპარაკებთ და ყველა ბედნიერი იქნებაო. ეს ტენდენციაა სახიფათო და საშიში. ამის ნათელ მაგალითად ჰილარი კლინტონისთვის საქართველოს პასპორტის გადაცემაც გამოდგება. ჩემი აზრით, ეს იყო შეჯამება იმ სტატუსისა, რისი მოპოვებაც ხელისუფლებას სურს - ანგლობის ქვეყნის სტატუსი, უშინაარსო ანგლობისა და ხუმრობისა. პასპორტის გადაცემის მომენტში იცინოდა სააკაშვილიც და კლინტონიც. ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელი იყო - ერთისთვის კუთვნილი მოქალაქეობის წართმევის ფონზე, მეორეს ამ მოქალაქეობას უმნიშვნელო დეტალის სახით ჩუქნიდნენ. ეს სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისითაც შეურაცხმყოფელი იყო, იმის მიუხედავად, თუ რა სტატუსით განსხვავდებოდნენ მოქალაქეობაჩუქებული“და„მოქალაქეობაწართმეული“პირები ერთმანეთისგან. - ასეთი ტიპები ვართ, ზოგს ვართმევთ, ზოგს ვჩუქნით და სიტუაციასაც ვაკონტროლებთ. თუ შეიძლება, დაგვანებეთ თავი და გვაცალეთ ცხოვრება, ბიძინა ივანიშვილს პასპორტს არ მივცემთო… - ასეთი იყო ხელისუფლების მისიის ერთგვარი განცხადება ამ თემაზე თავისი კონსტიტუციური ცვლილებების გათვალისწინებით. შეერთებული შტატებისთვის, ევროპისთვის, ანუ იმ კონცეფციისა და კულტურის სივრცისთვის, რომლისკენაც ვითომ მივისწრაფვით, დემოკრატია მისაღებია იმდენად, რამდენადაც ეს ამ ქვეყნის ხალხს ენდომება.

სამწუხაროდ, ისეთი მიდგომა ჩამოყალიბდა, რომ დემოკრატია დასავლეთის ქვეყნების დარგია და ის მათ სჭირდებათ. ჩვენც თანახმა ვართ, შემოიტანონ დემოკრატია, მაგრამ ვიმეორებ, ევროპასაც და ამერიკასაც ამ თვალსაზრისით, საქართველოზე გაცილებით უარესი ფორმაციის ქვეყნებთანაც ჰქონიათ ურთიერთობა. ჩვენი არჩევანიც დღეს არა პარლამენტის წევრების დასადგენად არის მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად, მსოფლიოში საქართველოს სტატუსის განსასაზღვრად: ვიქნებით დასავლეთის პარტნიორი არაცივილიზებული, თუ დასავლეთის პარტნიორი ცივილიზებული ქვეყანა. თავისუფლად შეიძლება იყო ან ერთი, ან მეორე, - თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ამის მაგალითიც მრავლად არსებობს. სხვათა შორის, შარშანდელმა არაბულმა გაზაფხულმაც ნათლად აჩვენა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ მმართველობაზე ორიენტირებული ქვეყნები ბევრად რთული პარტნიორები არიან, ვიდრე ტირანული თუ ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მყოფი. დასავლეთი ასეთი მკაცრი არჩევანის წინაშე არ გვაყენებს - ან იყავით ცივილიზებული ქვეყანა და იყავით ჩვენი პარტნიორი, ან თუ იქნებით ბოროტად მოხორხოცე ხულიგნები, რომლებიც ერთმანეთს ბანკებს უქურდავენ და მოქალაქეობას ართმევენ, არ დაგელაპარაკებითო.

უბრალოდ, ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და მაშინ იქნება ცივილიზებული მსოფლიოს დამოკიდებულებაც სხვაგვარი. იმიტომ აკრიტიკებს საზოგადოების დიდი ნაწილი და მეც ამ ხელისუფლებას, რომ გვსურს ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც იქნება თამაშის ადამიანური და ცივილიზებული წესები, სადაც ყურადღება მიექცევა ადამიანის სტატუსს, მის შესაბამის ჩაცმისა და ქცევის სტილს - მოკლედ, კულტურას. დღეს საქართველოში მთავარი შერკინება ამ თემაზე იმართება. პოლიტიკაში ორი ძირითადი ბანაკია და ორივე დასავლურ ორიენტაციას აღიარებს. უბრალოდ, ერთი დასავლეთს ეუბნება, ჩვენ ვიქნებით თქვენი არაცივილიზებული პარტნიორები, ვინაიდან, ჩვენ, ხალხიან-მთავრობიანად, ასეთები ვართ და თავს ასე ვგრძნობთ კარგად; მეორე ბანაკი ამბობს, რომ არა, ჩვენ უნდა ვიყოთ თქვენი ცივილიზებული პარტნიორები, რაც გულისხმობს თამაშს დემოკრატიის ყველა წესის დაცვით. დასავლეთმა ბევრი არაფერი იცის ჩვენ შესახებ. არ იცის, როგორები ვართ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ყოფაში; არ იცის, რას ნიშნავს ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება, ადამიანური ღირებულებები, როგორები ვართ, როცა ვთვრებით, როგორ ვიცვამთ, როგორ ვურთიერთობთ. ამიტომ ადვილია დღეს დასავლეთის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ არაცივილიზებული ერი ვართ, რომელსაც თავში წაარტყამ, წამოარტყამ, რაღაცას აჩუქებ, დატუქსავ, მოეფერები, გააკეთებ და გააკეთებინებ, რასაც გინდა. ჰოდა, გვაცალეთ რა, ჩვენთვის ცხოვრება, ნუ აგვირევთ დაწყობილ დღის რეჟიმს - ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ დასავლეთი ამაში დაარწმუნოს.

დაარწმუნოს, რომ მათი პარტნიორები ვიქნებით, საგარეო პოლიტიკაში მათ ხაზს გავატარებთ, რადგან რუსეთი არ მოგვწონს და ევროპასთან გვინდა, მაგრამ ქვეყნის შიგნით ყოფაზე თავი დაგვანებონ. მთელი ბრძოლა სწორედ ამისთვის მიდის. არ უნდა გვეგონოს, რომ ხელისუფლებას თავისი ნაბიჯების - ანტენებთან, ბანკთან თუ აბსურდულ დაყადაღებებთან მიმართებაში - რცხვენია და ცდილობს, ეს დასავლეთში არ გახმაურდეს. პირიქით, ამას ისე აკეთებენ, რომ ხალხის ნაწილად გამოჩნდნენ, ხალხისა, რომელსაც პრეტენზიები მათ ანგლობაზე არ აქვს და რომლისთვისაც ასეთი ხელისუფლების მორჩილება ჩვეულებრივი ამბავია; რომ ბუნებრივი ამბავია ანტენების ჩამორთმევა, ურჩების გალახვა და დაშინება - ასეთი ყოფა გვაქვს და ასეთ ყოფას ვეგუებით.… ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ არც დასავლეთის შერცხვება ვინმეს და არც დასავლეთში გაუკვირდებათ რამე. ჩვენ, ხალხს, უნდა შეგვრცხვეს იმის, რომ აქ შეიძლება ტელევიზორის ანტენა და პულტი დააყადაღონ, ჩვენ, ქართველ ხალხს, უნდა შეგვრცხვეს მსოფლიოსი იმიტომ, რომ საქართველოში შეიძლება კერძო ბანკი ან ტელევიზია ხელისუფლებამ თავისი შეხედულებისამებრ დახუროს, მიითვისოს ან გაასხვისოს. ჩვენ, თითოეული ჩვენგანი უნდა ვამბობდეთ პირველ რიგში საკუთარ თავთან, რომ არ ვართ ასეთი არაცივილიზებული ერი, ჩვენი კულტურითა და ისტორიით, ასეთ თავგასულობას რომ შევეგუოთ.

სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რამდენად სწორია, ქვეყნის გარეთ იმის მოყოლა, რაც ჩვენს თავს ხდება. სამწუხაროდ, ჩვენთან ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ თუ რაღაც არის დანაშაულის შემცველი, არასწორი ან აღმაშფოთებელი ხელისუფლების ქმედებაში, ეს დასავლეთს უნდა შევჩივლოთ და გამოსწორებაზეც მან უნდა იზრუნოს. უნდა გვრცხვენოდეს ყველაფერ იმის შესახებ უცხოელთან ლაპარაკი, რაც ჩვენს თავს ხდება. დემოკრატიის უმარტივესი, საფუძველში არსებული კონცეფცია არ არის დაფუძნებული იმაზე, რომ რომელიღაცა საერთაშორისო დამკვირვებელი მოვა შენს უბანში, შენს სოფელში და გაგათავისუფლებს. არსი დემოკრატიისა იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ გიღირდეს ან არ გიღირდეს თავისუფლების მოპოვება და თუ ქვეყნის მოსახლეობის ოთხმოცდაცხრამეტსა და ცხრა პროცენტში აღშფოთებასა და სირცხვილს არ იწვევს ის, რომ თეფშებსა და პულტებს აყადაღებენ, გამოდის, რომ მართალი ყოფილა ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, დეკლარირებულად დაანახოს მსოფლიოს - ასეთი უვარგისები ვართ და მიგვიღეთ ისეთები, როგორიც ვართო...

- ანუ, ამ თეზის მიხედვით, მთავარი როლი ხალხს და ხალხის აქტიურობას ეკისრება - იმას, რას ეტყვის ხალხი თავის ხელისუფლებას, ან ეტყვის თუ არა საერთოდ რამეს. ბოლო დროს, პრეზიდენტის ვოიაჟებისა და საჯარო შეხვედრებისას საინტერესო ტენდენცია იკვეთება. რეგიონებში გასულ სააკაშვილთან შეხვედრებზე აღარ დომინირებს მადლიერებით გამსჭვალულ მოქალაქეთა სახეები - პრეზიდენტს ხან აივნიდან ეძახიან, რომ უკანონობა აწუხებთ, ხან გულწრფელად სთავაზობენ, მათი ხუთი წლის ბავშვს ჰკითხოს, სკვერი ურჩევნია თუ სახურავიანი სახლი. ხდება ისეც, როდესაც პრეზიდენტთან პრეტენზიების სათქმელად მისულ მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებიან - ვინძლო, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, ვინმემ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დისჰარმონიის არსებობა არ შეამჩნიოს. მაგრამ მოახერხებს კი ხელისუფლება საკუთარი ხალხის განწყობის დამალვას ამგვარი მეთოდებით?

- არა მგონია. არის რაღაცები, სადაც შეგიძლია ქართველი მოატყუო და არის რაღაცები, რასაც, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, ქართველი არ "ჭამს". ბევრი თვალსაზრისით ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა და გახდა რეალისტური მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია გადავიდა რეგიონებში. ქართული პოლიტიკა ამის შედეგად ბევრად უფრო კონკრეტული და პირდაპირი გახდა. ბევრად უფრო ნაკლებია ბელეტრისტიკისა და მითოსის თანამედროვე ფორმები. როდესაც რეალური კონკურენცია გაჩნდა, აღარ არის საუბარი იდეოლოგიურ სიმულაციებსა და ფანტასტიკური ჟანრის დაპირებებზე. ერთი მხრივ, გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" დაპირება, რომ თურმე სოფელს უნდა დაეხმარონ და რომ საქართველო აგრარული ქვეყანა ყოფილა - საკუთარი ქვეყნის, "ჯორჯიას" სახელის გასაშიფრად "ნაციონალურ მოძრაობას" რვა წელი დასჭირდა…

და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, სხვათა შორის, ბიზნესის საჯარო მასტერკლასი ჩაატარა და გვიჩვენა, როგორ შეიძლება აქციო ერთი დოლარი სამ დოლარად - ხელისუფლებისთვის ოთხმოცი მილიონის გადარიცხვით მან ჯარიმაც გადაიხადა, სტიქიით დაზარალებულებსაც დაეხმარა, ბანკიც დაიბრუნა და ხელისუფლებაც არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო - ახლა თუ იმ ფულს სტიქიით დაზარალებულებს არ მოახმარენ, ხალხის ფულის აშკარა მითვისებაში ჩაეთვლებათ, თუ მოახმარენ კიდევ, თავისდა უნებურად, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის მონაწილენი გახდებიან. ამ კომბინაციის შემდეგ, ალბათ აღარავის გაუჩნდება კითხვა ივანიშვილზე, ამ კაცმა მილიარდები როგორ იშოვაო.… ასე რომ, სიტუაცია უფრო და უფრო საინტერესო და სხვათა შორის, პოლიტიკისთვის გამაჯანსაღებელიც ხდება. მთავარია, შეწყდეს ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ხელისუფლების მხრიდან - ისეთებისა, როგორსაც ადგილი ჰქონდა კარალეთში, როგორსაც იყენებენ ჟურნალისტების მიმართ.… ასეთი პოლიტიკა ძალიან სახიფათოა და არცთუ კარგი შედეგების მომტანი იქნება პირველ რიგში თვითონ ხელისუფლებისთვის.