არჩევნები "ბიძინობას"?! - კვირის პალიტრა

არჩევნები "ბიძინობას"?!

"კანონმდებლობა, რომელსაც ქმნის ოლიგარქია, თავისი შინაარსით აბსოლუტურად უსამართლოა"

"ჩვენ გვაქვს უსამართლო კანონები, რადგან ისინი ერთი პირის, ერთი ფენის ნება-სურვილზეა დაფუძნებული"

ბოლო დროს პრეზიდენტს ან აშკარად არ უმართლებს, ან, როგორც მუშთაიდის პარკში შეკრებილი პოლიტიკაზე მოსაუბრე პენსიონერები ამბობენ ხოლმე, "რაღაცაშია საქმე"... როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების დღედ 1-ლი ოქტომბერი დაასახელა. 1-ელ ოქტომბერს კი, გარდა იმისა, რომ არჩევნები უნდა გაიმართოს, სხვა დატვირთვაც აქვს, - ამ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხილი ეროვნული გმირის, რწმენისა და საქვეყნო საქმისთვის წამებული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს აღნიშნავს. თუ თარიღებისადმი სააკაშვილის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გავიხსენებთ, წესით, ხელისუფლებას ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა და არჩევნები, სადაც გადამწყვეტი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა გაიმართოს, მაინცდამაინც "ბიძინობა" დღეს არ უნდა დაენიშნა. სიმბოლოებისადმი გულგრილი არც საზოგადოდ ქართველობაა და, ალბათ, ამ ფაქტს სხვადასხვაგვარი მსჯელობა მოჰყვება: "ნაციონალები" იტყვიან, დიახაც, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი ბიძინობა დღეს განადგურდებაო; ზოგი იტყვის, სააკაშვილს იქნებ ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ 1-ლი ოქტომბერი ზეგარდმო ძალებმა ჩააგონესო. ასეა თუ ისე, სიმბოლური დამთხვევა, სააკაშვილისავე "სიმბოლისტური" ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაინც "ქართულ ოცნებას" წაადგება... შედეგები 1-ელ ოქტომბერს გამოჩნდება (უფრო სწორად, ამ თარიღიდან ერთ კვირაში), მანამდე კი, საქართველოში მიმდინარე საკითხებზე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან ერთად ვიმსჯელებთ:

- საზოგადოდ, თბილისელები უფრო განებივრებული იყვნენ ოპოზიციური მიტინგებით, რეგიონული მასშტაბური აქციები კი სიახლეა. როგორ ფიქრობთ, გაამართლა რეგიონებში საპროტესტო მუხტის გადატანის ტაქტიკამ?

- მგონი, გაამართლა იმ აზრით, რომ თუ თავიდან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციების გამო ხალხს აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც, მაგალითად, კარალეთსა და გორში, შემდგომ აქციებზე პროვოკაციების მოწყობა გაძნელდა, რადგან ივანიშვილი ხალხთან იოლად ამყარებს კონტაქტს, ელაპარაკება, არგუმენტებს ეკითხება და თავისას აცნობს. როდესაც კაცი მოდის და ადამიანურად გელაპარაკება, შენ ადგე და უმიზეზოდ ქვა ესროლო ან შეაგინო, ძნელია. სვანეთის ეპიზოდი, სადაც სცადეს პროვოკაციის მოწყობა, ძალზე ეფექტური და მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, გარდამტეხიც კი იყო, - როცა ადამიანი მოდის და ასე გელაპარაკება, აგრესიულად ვეღარ მოიქცევი.

აქციების რეგიონებში გამართვა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსახლეობამდე ინფორმაცია მივიდეს და მას სოლიდარობის განცდა გაუჩნდეს, განცდა იმისა, რომ ხალხის ყოველდღიურ თუ სახელმწიფო პრობლემებზე ზრუნვა, მსჯელობა და გადასაჭრელად მოქმედებაც შეიძლება.

- გასულ კვირას ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ რუსეთის საქართველოში შემოჭრის საფრთხეზე ისაუბრა. როგორც პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში რუსეთის შემოჭრის როგორ საფრთხესაც ხედავდა აგვისტოში, ისეთივე საფრთხეს ხედავს ახლაც. მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსი სამხედროები არიან კონცენტრირებული, შავ ზღვაში სადესანტო გემებია შეყვანილი. ამ საფრთხის საფუძვლად, მიზეზად თუ წინა პირობად ქარდავამ "ქართული ოცნება" დაასახელა. როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდება ლაპარაკი რუსულ საფრთხეზეც?

- მე საკმაოდ ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და გარწმუნებთ, ეს არგუმენტი აბსოლუტურად აღარ ამართლებს, გაუფასურდა. რაც უფრო ხშირად მიმართავენ ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაახლოებული ინტელექტუალები თუ პარტიები ამგვარ ტაქტიკას (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია კი აბსოლუტურად ნათელია, რომ ხელისუფლებასთან არის ასოცირებული), მით უფრო არასერიოზულია მსჯელობა და მცდელობა რუსული საფრთხით საზოგადოების დაშინებისა.

ეს ფაქტორი იმდენად გაუფასურდა, ხვალ მართლაც რომ გადაწყვიტოს პუტინმა საქართველოზე თავდასხმა და ტანკებითა თუ თვითმფრინავებით შეტევა, სანამ ტანკსა და თვითმფრინავს არ დაინახავენ, არავინ დაიჯერებს. უკვე იმდენად სასაცილოა ეს რუსული არგუმენტი, რომ ბევრად დამაჯერებელი იქნება, თუ ხელისუფლება მარსელების ან, ვთქვათ, სხვა უცხოპლანეტელების თავდასხმის საშიშროებაზე ილაპარაკებს. შეიძლება ამიტომაც არის, რომ როდესაც ხელისუფლებას სჭირდება, დროდადრო, ამ საფრთხეზე თვითონ კი არ ლაპარაკობს ხოლმე და კონკრეტულ ბრალდებებს კი არ აყენებს, არამედ ლაპარაკობენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პარტიები და ექსპერტები.

- გაზეთ THE WALL STREET JOURNAL-ში გამოქვეყნებული სტატიით ივანიშვილმა ხელისუფლებას საფუძვლიანი არგუმენტები გამოაცალა რუსეთის კვალზე სასაუბროდ. მართალია, ის, ერთი მხრივ, სააკაშვილის იმ გამომწვევ მოქმედებებსა და გამონათქვამებზე ლაპარაკობს, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ხოლმე, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც ამბობს, რომ რუსეთი გამუდმებით ცდილობს კავკასიის რეგიონში მტრული პოლიტიკის გატარებასა და სამშვიდობო ბალანსის დარღვევას.

- ასეთი ტიპის არგუმენტები, ანუ პრორუსული და ანტირუსული, პოლიტიკურ ბრძოლაში უფრო ისეთ ქვეყნებში არის მეტ-ნაკლებად აქტუალური, როგორიც არიან ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი... ცხადია, არა იმ დოზით, როგორც ჩვენთან, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა მათთვისაც მტკივნეული თემაა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ქვეყნები არიან ნატოს, ევროკავშირის წევრები. მათთან გაცილებით გამართული და ეფექტურია დემოკრატიული სისტემა.

ჩვენთან ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთთან დაკავშირებული არგუმენტები ყოველ არჩევნებზე ამოტივტივდება ხოლმე და ეს იმდენად ფორსირებულად ხდება, რომ უკვე არა პოლიტიკური, არამედ კვაზირელიგიური დატვირთვაც კი აქვს, - რომ ერთი ძალა არის სინათლე, მეორე კი - სიბნელე. თუ იმას ავირჩევთ, დავიღუპებით და ამას თუ ავირჩევთ, გავბრწყინდებით... ამ მხრივ "ოცნების" რიტორიკა ბევრად ზომიერი და პოლიტიკურია, ვიდრე "ნაციონალებისა", რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არიან ერთადერთი პროგრესული ძალა, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ და მათი მისიაა საქართველოს გაბრწყინება, რაც, სხვათა შორის, ასევე არადამაჯერებელია, მით უმეტეს, რომ "ნაციონალები" თავს ლიბერალებს უწოდებენ.

- რამდენად ჯდება ლიბერალიზმის ლოგიკაში დავით დარჩიაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ვისაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისა სჯერა, გიჟი ყოფილა. დეპუტატის თქმით, მას არ უგულისხმია ის პირები, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს. "ხელისუფლებით უკმაყოფილება სიგიჟე არ არის", - განაცხადა დარჩიაშვილმა და განმარტა, რომ ისინი არიან გიჟები, ვისაც სჯერათ, რომ ოქტომბერში პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდება. "ქართული ოცნება" საარჩევნო სუბიექტია და ბიძინა ივანიშვილსაც შეიძლება ჰყავდეს ამომრჩეველი, მისი გიჟად გამოცხადება კი წინასაარჩევნო პერიოდში რამდენად ეთიკურია?

- უპირველესად აქ კულტურის, ზრდილობის საკითხი დგას. სხვა რა კომენტარი უნდა გააკეთოს კაცმა, არ ვიცი. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის კაცი, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, ზრდილობა აკლია.

- ქართველი საზოგადოება ბოლო დროს მიეჩვია სხვადასხვა სანქციას, ეგზეკუციას, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის სახელით ატარებენ. როგორც ცნობილია, პარტიებისათვის გადარიცხული დაუსაბუთებელი თანხების გამო დაჯარიმებული პირების დაყადაღებული ქონება აუქციონზეა გატანილი. ამ პირების ქონების შესყიდვისა და მისი მფლობელებისთვის დაბრუნებისკენ ჭაბუა ამირეჯიბმა შეძლებულ მოქალაქეებს, მათ შორის - ემიგრანტებს, ღია წერილით მოუწოდა. ჩვენ ხომ ევროპული ქვეყანა ვართ, მეტად ან ნაკლებად, მაგრამ მაინც დემოკრატიაზე გვაქვს პრეტენზია. განა შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ამბები ხდებოდეს?

- მე ასე ვიტყოდი, - ეს არის სისტემური და სისტემის პრობლემა. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს რეჟიმი თავისი შინაარსით არის ოლიგარქიული, რაც გულისხმობს ბიზნესისა და ხელისუფლების შერწყმას, მაშინ, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ოლიგარქიის კრიზისი და ის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი ხასიათის არის.

კანონმდებლობა, რომელსაც ქმნის ოლიგარქია, თავისი შინაარსით აბსოლუტურად უსამართლოა. ის არის საკუთარი ოლიგარქიული სისტემის გამყარების ინსტრუმენტი, სხვა დატვირთვა მას არა აქვს. რა არის დემოკრატია? - ეს არის შეთანხმება, როდესაც კანონები იწერება კონსენსუსის საფუძველზე და ამ პროცესში სხვადასხვა ფენა არის ჩართული, ანუ მათი ინტერესები არის გათვალისწინებული. დღეს კი ასე არ ხდება, დღეს არსებობს ერთი ფენა - სახელმწიფო ბიზნესი და აქედან იწყება ეს ყველაფერი. სხვა ფენების ინტერესები არ არის გათვალისწინებული. ეს არის სწორედ სამართლებრივი კრიზისი. ჩვენ გვაქვს უსამართლო კანონები, რადგან ისინი ერთი პირის, ერთი ფენის ნება-სურვილზეა დაფუძნებული. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობას სამართლიანობის განცდა არა აქვს. დღეს ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც ეს ოლიგარქია თანდათან უნდა შეიცვალოს დემოკრატიული სისტემით. პროცესი მტკივნეულია, მაგრამ გარდაუვალი.

- საკმაოდ არაორდინარული ვითარებაა ქართულ სპორტშიც და უფრო დაიძაბა ოლიმპიადის დროს. არადა, თავისი არსით ეს საერთაშორისო ასპარეზობა ისტორიულად მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა. ხელისუფლება ქართველ სპორტსმენს, ბეთქილ შუკვანს, რომელიც ლონდონიდან თვითნებურად დაბრუნდა და ხელისუფლების ზეწოლაზე ილაპარაკა, საკითხის პოლიტიზებაში ადანაშაულებს. საინტერესოა მოწინავე ქართველ სპორტსმენთა საჯარო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ სპორტსმენებზე ზეწოლის უამრავი ფაქტი დაგროვდა, მაგრამ ერიდებოდნენ ამ თემაზე საუბარს ოლიმპიადის წინ, რათა ხელისუფლებას სპორტსმენებისთვის პრობლემები არ შეექმნა. "ოლიმპიურ ნაკრებსა და სპორტულ სამყაროში სწორედ ის სიტუაციაა, როგორიც მთელ საქართველოში. სპორტსმენებზე ზეწოლაა. სპორტსმენები სპორტულ მოღვაწეობაში ხელის შეშლის შიშით თავისი პოზიციის დაფიქსირებას ერიდებიან... ქართულ სპორტზე პოლიტიკური ზეწოლა მაშინ დაიწყო, როდესაც ყველა ფედერაციას სათავეში "ნაცმოძრაობის" მაღალჩინოსანი ჩაუყენეს"...

- წმინდა ემპირიულად, ფაქტებს თუ დავაკვირდებით, ყველა ფედერაციას მართლაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხელმძღვანელობს, ანუ ეს არის აბსოლუტური ვერტიკალი. ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელია, ის თავის დროზე "ვარდების რევოლუციაში" მონაწილეობდა.

როდესაც ოლიგარქიული სისტემა შეიცვლება დემოკრატიულით, ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს მართვა დაიწყება არა ვერტიკალის, არამედ ჰორიზონტალის მიხედვით, სადაც იქნება არა ხელისუფლების, არამედ ხალხის კონტროლი ყველაფერზე. დემოკრატიაც თავისი არსით სწორედ ამას გულისხმობს.