რატომ არ ჩანან გრძელვადიანი დამკვირვებლები?!
რატომ არ ჩანან გრძელვადიანი დამკვირვებლები?!
"შუქის საფასური იმხელაა, ზოგიერთი განვითარებული ევროპული ქვეყნის ტარიფსაც კი აჭარბებს"

"ცხინვალთან ახლომდებარე ქართულ სოფლებში დარჩენილ სახლებს დაანგრევენ", - ოსური მედიის ინფორმაციით, განაცხადა ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა. ეს სოფლები ქართველი მოსახლეობისგან აგვისტოს ომის შემდეგ დაიცალა. როგორც თიბილოვი ამბობს, სახლების ადგილას სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები აშენდება. დე ფაქტო მთავრობა სოფლებისთვის არც ძველი სახელების შენარჩუნებას აპირებს. "ეს ტერიტორიები, როგორც დასახლებული ადგილები, აღარ იარსებებს"", - აცხადებს ე. წ. პრეზიდენტი. ოსური
მედიის ინფორმაციით, ლაპარაკია 8 დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის თამარაშენზე, ქურთაზე, კეხვზე, აჩაბეთზე. თიბილოვის თქმით, ჯერ სახლები ერთიანად აღებული არ არის, თუმცა, გეგმავენ, რომ "ის ტერიტორიები, სადაც სახლების ნანგრევებია, იურიდიულად გააფორმონ, "ხვალ-ზეგ ვინმეს ჩვენთან კითხვები რომ არ გაუჩნდეს".

როგორც ხედავთ, თუკი აქამდე ყალბი რიტორიკის სახით მაინც
არსებობდა რუსეთისა და მისი მარიონეტების რაიმე არგუმენტი, ამ განცხადების შემდგომ ასეთიც გაქრა და მხოლოდ აგრესია დარჩა. მანამდე კი, ვიდრე ოსი სეპარატისტები რუსი პატრონების წაქეზებით ასე გულმოდგინედ ცდილობენ ქართული კვალის წაშლას, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. ხელისუფლება ინკასოებისა და ყადაღების სახით ახალ-ახალ ეგზეკუციებს იგონებს, ბოლო დროს "ქართული ოცნების" კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობაც გახშირდა, - სოფლებში ასეთ აქციებზე ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ოდიოზური პირები ტრიალებენ, ხშირად ნასვამები, და პროვოკაციებით შეხვედრის ჩაშლას ცდილობენ. ეს კი აშკარად ცეცხლთან თამაშია, რადგან ერთხელაც შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას, შესაძლოა, ნერვებმა უმტყუნოს და დაუპატიჟებელ პროვოკატორს ლინჩის წესით გაუსწორდეს. ამ ვითარებაში გრძელვადიანი დამკვირვებლების ყოფნა, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუმცა, ჯერჯერობით, უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები არსად ჩანან.
ვესაუბრებით პოლიტოლოგ კახა კახიშვილს:


- საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს ელჩების სამუშაო ჯგუფი კვლავ აქტიურად აკვირდება. ელჩების სამუშაო ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ყველა მონაწილისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, მედიაზე თანაბარი წვდომისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს. დღეს, როდესაც არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა, თქვენი აზრით, დაცულია ეს პრინციპები?

- 2011 წლის განმავლობაში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვიმტკიცებდა, რომ ლუპით დააკვირდებოდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ვინაიდან, მათი აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასა და მისი შედეგების ლეგიტიმაციაზე. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ არჩევნებამდე, ფაქტობრივად, თვე-ნახევარია დარჩენილი და, ჯერჯერობით, არც ერთი გრძელვადიანი სამუშაო მისია არ ჩამოსულა, რაც თავისთავად საფუძვლიან ეჭვს ბადებს. აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს: პირველი - შესაძლებელია ხელისუფლებამ სათანადო პროცედურების დაცვით არ მოიწვია ისინი და ამით დრო მოიგო, რათა გაჭიანურებულიყო მათი ჩამოსვლა; და მეორე - შეიძლება, თვითონ არ ჰქონდათ გრძელვადიანი დაკვირვების სურვილი.

ორიოდ სიტყვით გეტყვით, რას ნიშნავს გრძელვადიანი დაკვირვება. ეს გულისხმობს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს; ქვეყანაში ჩამოდის შეფასების კომისია, რომელიც აკეთებს დასკვნას, აკვირდება პროცესებს, სწავლობს კანონმდებლობას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ხარისხს. შემდგომ არჩევნების დღისთვის ჩამოდის მოკლევადიანი მისია, რომელიც არჩევნების დღეს აკვირდება უბნებს და გამოვლენილ ხარვეზებს. მოგვიანებით კი ამ ორი მისიის შედეგების შეჯერების საფუძველზე ხდება არჩევნების შეჯამება და ლეგიტიმაციაც. გრძელვადიანი მისია საინტერესოა არა მხოლოდ იმით, რომ დარღვევები უნდა ასახოს ანგარიშში, არამედ იმიტომაც, რომ პრევენციულია, - როდესაც ხელისუფლებამ იცის, რომ მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან და დეტალურად აღრიცხავენ, რასაკვირველია, ასეთი თამამი ვეღარ იქნება და შეეცდება კანონსაწინააღმდეგო ოპერაციებისგან თავი შეიკავოს. ის კი, რაც დღეს ხდება, დაწყებული საბანკო აუდიტორული და სასამართლო ოპერაციებით თუ პატარ-პატარა პროვოკაციებით და ასეთი დოზით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, მიუთითებს, რომ ხელისუფლება, სხვა გარემოებებთან ერთად, სწორედ გრძელვადიანი დამკვირვებლების არარსებობის გამო არის გათამამებული. თუმცა, ვფიქრობ, თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებამ არჩევნები მაისიდან ოქტომბერში გადმოიტანა, უკვე საამისო თადარიგიც ჰქონდა დაჭერილი, - წინასაარჩევნო კამპანია ცხელ ზაფხულს დაამთხვიეს, ზაფხული კი ყველგან ზაფხულია და დამკვირვებლებიც, როგორც ჩანს, შვებულებაში არიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება პაპანაქება სიცხეში საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

- "თუკი რამე შენდება, აღიზიანებთ. ხალხო, რა გაღიზიანებთ, ჟამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც, ყველას, მაგრამ ეს ხომ დაგვრჩება, ეს ეკუთვნის სრულიად საქართველოს", - ეს პრეზიდენტის ერთ-ერთი განცხადებაა, მეორეში კი სააკაშვილი ამბობს: "ვაპირებთ საქართველო ვაშენოთ შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში". როგორ ფიქრობთ, რისი თქმა სურს ამით პრეზიდენტს? საზოგადოდ, ხელისუფლებას ჟამი უნდა ცვლიდეს თუ არჩევნები?

- ბოლო პერიოდში პრეზიდენტმა ასეთი ხასიათის განცხადება არაერთხელ გააკეთა. პირველად საპარლამენტო დებატებზე განაცხადა, რომ ყველა ბერკეტს გამოიყენებს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დასარჩენად; შემდგომ მოსახლეობასთან შეხვედრებისას არაერთხელ უთქვამს, არავის დავანგრევინებ ჩემს აშენებულ ქვეყანასო, მშენებლობას კიდევ მრავალი წელი გავაგრძელებო და ასე შემდეგ. ალბათ, გახსოვთ, რომ მთელი რიტორიკა საარჩევნო კლიპებში ამაზე იყო აწყობილი, - რომ ხელისუფლებას წინ და წინ მივყავართ, ცუდები კი უკან გვექაჩებიან. გვახსოვს უგულავას განცხადებაც იმის თაობაზე, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველომ ევროპის გზიდან არ გადაუხვიოს და რომ ასეთი ჩანაფიქრი ხელისუფლების მეტოქე ძალებს ჰქონდათ.

აქ ერთგვარი ტექნოლოგიური მომენტია, - უნდათ, ამომრჩევლებს აგრძნობინონ, ნუ გეშინიათ, მაგრად იყავით, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთო. ამით, ფაქტობრივად, აქტივისტების მობილიზაციას ახდენენ, იმიტომ, რომ როდესაც ძლიერი ოპონენტი ჩნდება, ყველა ფიქრობს თავისი ტყავის გადარჩენასა და იმაზეც, ხომ არ გადაბარგდეს მოწინააღმდეგის ბანაკში. ასე რომ, ეს მესიჯები პრევენციულია და განკუთვნილი საკუთარი გუნდისთვისაც. მაგრამ მეორეც არის, - ამ ყველაფერმა მტკიცებულების ხასიათი მიიღო, რაც თავისთავად არაკონსტიტუციურია, რადგან ხალხია ხელისუფლების წყარო და ის წყვეტს, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ის არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნამდვილად ასეა. არ არის ჩვენთან ხალხი ისეთი გაუნათლებელი, როგორიც ხელისუფლებას ჰგონია, მაინცდამაინც მასწავლებლის როლში გამოსვლასა და იმის ახსნას რომ ცდილობს, რა არის კარგი და რა ცუდი. თვითონ ხალხმა უნდა აირჩიოს, როგორი განვითარების გზა უნდა და ეს გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობითაც. საზოგადოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვურჩევდი, თავი შეიკავონ სამასწავლებლო რიტორიკისგან, რადგან ეს ხელისუფლების დემოკრატიულობაზე სულაც არ მეტყველებს.

- "საქართველოში ჯერ კიდევ არის მნგრეველების ბრიგადა, მაგრამ არის ძალიან დიდი კლასი მშენებლებისა და აღმშენებლების, ამ ოქროს ეპოქის თავისი ხელით შემქმნელების", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში, რაბათის ციხის საზეიმო გახსნაზე, შარლ აზნავურის კონცერტის დასრულების შემდგომ. საქართველოში ყოველთვის რადიკალურად განსხვავებული შეფასებები უყვარდათ, ერთნი ოქროს ხანაზე ლაპარაკობენ, მეორენი - ტოტალურ გაპარტახებაზე. თქვენ რომელი მოსაზრების მომხრე ხართ?
- ახლა XXI საუკუნეში ვართ და როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავის მოღვაწეობას შევარდნაძისას ადარებს, დრო და სივრცე ეშლება. წავიდა იმის დრო, გამუდმებით ილაპარაკო 90-იანი წლების სიბნელესა და ნგრევაზე. შევარდნაძის ან გამსახურდიას ადგილას დააყენოს სააკაშვილმა თავი და მათ ადგილას რას გააკეთებდა, ის თქვას. ყველა ეპოქის ლიდერს აქვს შანსი თავისი ქვეყნის განვითარებისა. იმაზე ლაპარაკი, რომ შუქი და რამდენიმე შადრევანი გვაქვს და ამის გამო ხელისუფლება ლამის მსოფლიოში უპრეცედენტო აღმშენებლებად გამოვაცხადოთ, გულუბრყვილობაა. თანაც, ამ შუქის საფასური იმხელაა, ზოგიერთი განვითარებული ევროპული ქვეყნის Aტარიფსაც კი აჭარბებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად ვითვლებით. ამიტომ გაუთავებლად ლაპარაკი, რომ ყველაფერი შენდება, სწორედაც შიდა მოხმარების ტერმინოლოგიაა, რადგან ასე ყველგან შენდება - დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყნებშიც. სხვათა შორის, აგერ, მეზობელ აზერბაიჯანშიც საოცარი ტემპით მიდის აღმშენებლობა, თურქეთზე აღარაფერს ვიტყვი. თანაც, ესენი იმას აშენებენ, სადაც თვითონ დადიან და ერთობიან. ერთ მაგალითს მოვიყვან:

ცნობილი შუშის ხიდი და მის მიმდებარედ გაშენებული ბარი რიყეზე ხომ მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რათა პრეზიდენტის სასახლიდან ხედი გაუმჯობესებულიყო. ამასთან, ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება, რომლებიც ამ მშენებლობებს უკავშირდება, გასაიდუმლოებულია და ჩვენ ვერ ვიგებთ, რა ჯდება ეს ყველაფერი.

- "კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი 4 პარტიის ანგარიშიდან ინკასოს გამო ბიუჯეტში 100.000 ლარზე მეტია წაღებული", - განუცხადა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კოალიციაში შემავალი ექვსივე პარტია დააჯარიმა და მათგან ოთხი პარტიის - "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკური პარტიის", "კონსერვატიული პარტიისა" და "ეროვნული ფორუმის" ანგარიშებს დაადო ინკასო. ბოლო დროს ზოგიერთი მიმომხილველი აცხადებს, რომ ხელების გადაგრეხის პოლიტიკა წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისგან ჩვეულებრივი ამბავია და რომ ოპოზიციამ ამას მოთმინება, კანონის ფარგლებში არსებული ბერკეტები უნდა დაუპირისპიროს. და მაინც: თუ წინასაარჩევნოდ ამგვარი ქმედებები გახშირდება, უნდა ვიქონიოთ თუ არა ოპოზიციის მოთმინების იმედი? ხომ არ არის საფრთხე, რომ ხალხის პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლოს?
- ქუჩის აქციების დრამატიზების მომხრე მაინცდამაინც არა ვარ. მაგრამ ქუჩაში საპროტესტო აქციის გამართვა, სხვათა შორის, ევროპული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი საშუალებაა დემოკრატიის გამყარებისთვის, რომლისკენაც თითქოსდა ჩვენ მივდივართ. მაგრამ ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში თავისი რიტორიკისა და პროპაგანდის მეშვეობით მოახერხა იმ აზრის დამკვიდრება, რომ ქუჩის აქცია არადემოკრატიულობისა და ჩამორჩენილობის ნიშანია, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად შენობებში უნდა გადაწყდეს და ამაში ოპოზიციის ერთი ნაწილიც აიყოლია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ოპოზიციის შეცდომაც იყო, როდესაც თქვა, ქუჩა მხოლოდ რადიკალური საშუალება იქნება პროტესტის გამოხატვისაო, არადა, ესეც ერთ-ერთი კონსტიტუციური უფლებაა. ოპოზიცია არ უნდა აჰყოლოდა ხელისუფლებას იმ რიტორიკაში, რომ ქუჩაში მხოლოდ აგრესიული ოპოზიცია გამოდის. არადა, თავის დროზე თუნდაც ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები აქტიურად რომ გაეპროტესტებინათ, დღეს ასეთი ვითარება არ გვექნებოდა.

ხელისუფლება ამას იყენებს ისე, როგორც უნდა. ამით ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი ჩაიგდო ხელში. ასე რომ, თქმა, ქუჩის აქცია საშიშია ან მას შედეგი არ მოჰყვებაო, მცდარია.

- "რუსთავის ღონისძიებაზე მთელი ქალაქი აპირებს მისვლას. მინდა, ვთხოვო რუსთავის მერიას, ნუ გაგვებუტებიან და მოგვეხმარონ ამ აქციის ორგანიზებაში, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობების ძირითადი ფუნქციაა, თანაქალაქელებს მოემსახუროს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა რუსთავში აქციის გამართვის წინ. "ქართული ოცნებისთვის" ეს პირველი აქცია არ ყოფილა, თუმცა, მასაც, სხვა აქციების მსგავსად, წინ უძღოდა იწილობიწილოს თამაში და ადგილობრივი ხელისუფლების მიზეზები, რათა აქციის ჩასატარებლად ადგილი არ გამოეყოთ. ეს ხომ, პირიქით, ამომრჩეველს გააღიზიანებს?
- თუ დავუკვირდებით ხელისუფლების ტაქტიკას, როდესაც დიდი ღონისძიებების მოწყობაზე, მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიდგება საქმე, არ ერევა და ყველაფერი მშვიდად ტარდება ხოლმე; პატარა შეხვედრების დროს კი რაიონებში პროვოკაციები იწყება. აშკარად ვხედავთ, როგორ უშლიან ხელს“საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში "ქართული ოცნების" წევრებს. ეს კი ძალზე სახიფათო თამაშია, რადგან ასეთი ამბები ყოველთვის წინასწარი გეგმის მიხედვით არ განვითარდება. ვერც ყველაფრის გათვლას შეძლებენ და საბოლოოდ პროვოკაციას შეიძლება ტრაგედიაც მოჰყვეს. გავიხსენოთ მერეთის ინციდენტი, იმხელა ლოდები დაფრინავდა ჰაერში, ბუნებრივია, არავის სიცოცხლე დაზღვეული არ იყო. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვინმეს ქვა მოხვედროდა და ინციდენტი ფატალური შედეგით დასრულებულიყო. სწორედ ამიტომ დაფიქრება არის ხოლმე საჭირო, როდესაც პოლიტიკური განზრახვით ვინმე ასეთ პროვოკაციას გეგმავს. ნუ ექნებათ იმის ილუზია, რომ ბუზის გაფრენასაც გააკონტროლებენ და ყველაფერი სწორედ ისე დამთავრდება, როგორც სურთ.
izo
21 აგვისტო 2012 16:24
კახა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესო ანალიზს აკეთებთ.
ilona
21 აგვისტო 2012 09:32
დათა, კუდის თანამშრომელი ხარ?, ალბათ სულ ნიღბით დადიხარ. მგონი კუბოშიც ნიღბით ჩაგაწვენენ, რომ არავინ გიცნოს და არ ამოგთხაროს საფლავიდან.
კახა კახიშვილი
20 აგვისტო 2012 19:58
დათას,
დარწმუნებული ხარ? ეს როგორც მუქარა უნდა მივიღო? ისე გაფრენილი ბუზის ამბავი გაგონილი გექნება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები