"ლაფანყურის თემა პარტიების საჯიჯგნი არ უნდა გახდეს" - კვირის პალიტრა

"ლაფანყურის თემა პარტიების საჯიჯგნი არ უნდა გახდეს"

"შეიძლება ოფიციალურ მოსკოვთანაც მოგვიწიოს თანამშრომლობამ"

"პატრიარქს ლენინიზმი არ უხსენებია, მაგრამ ფაქტობრივად ამაზე ლაპარაკობდა"

რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელი ლაფანყური და ლოპოტის ხეობა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯერ ერთი, საქართველოში აგვისტოში დაძაბულობა და სამხედრო ოპერაციების ჩატარება დასავლეთსა და უპირველესად საქართველოს მოსახლეობას ცუდად აქვს დაცდილი და მეორე - სპეცოპერაციას წინ უძღოდა რუსული ჯარების კონცენტრაცია საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, სხვადასხვა ჩრდილოკავკასიური საიტის ცნობები, რომ ოფიციალური მოსკოვი საქართველოში შემოჭრისთვის ემზადება და სისხლიანი ტერაქტები დაღესტანში. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოებაში საფრთხის მოლოდინი გაიზარდა, მით უმეტეს, რომ სპეცოპერაციის შესახებ მწირი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდებოდა.

ხეობაში ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულდა და ბევრი კითხვაც და ვერსიაც დარჩა. ექსპერტ ზურაბ აბაშიძის აზრით, შეკითხვების დიდ ნაწილზე პასუხის მიღება შეიძლება, თუ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას გავითვალისწინებთ და ამასთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ ოპერაციაზე საუბრისას მთავარი საკითხი დეტალებმა არ უნდა გადაფაროს.

- მთავარი ის არის, რომ საქართველო მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ რთულ რეგიონში, რაც ხშირად რატომღაც გვავიწყდება. არა მხოლოდ ხელისუფლებას, ყველას დიდი სიფრთხილე, წინდახედულება გვმართებს. სპეცოპერაციის დეტალები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგალითად, მართლა აიყვანეს თუ არა შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა მძევლები, მაგრამ არის გაცილებით მნიშვნელოვანი ასპექტები. კერძოდ, ის, რომ დაღესტანში ვითარება დღითი დღე იძაბება და იზრდება ალბათობა, რომ მსგავსმა შემთხვევებმა იმატოს. ამიტომაც საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ და ეს საკითხი ერთმანეთის გასაკრიტიკებლად არ გამოვიყენოთ. დაღესტანში შექმნილი ვითარება ჩვენს ქვეყანას დიდ ხიფათს უქმნის. სხვათა შორის, თუ რუსეთმა მოითხოვა, შეიძLლება ოფიციალურ მოსკოვთან ამ საკითხზე რაღაც ფორმით მოგვიწიოს თანამშრომლობამ, - არსებობს საერთაშორისო ნორმები, ვალდებულებები, რომლებიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს აღებული.

- ერთ-ერთი ვერსიით, რუსულმა მხარემ შეიარაღებულ ჯგუფს დერეფანი მისცა, რომ საქართველოში გადმოსულიყო და შემდეგ ეს თავისი ინტერესებისთვის გამოეყენებინა.

- ასეთი ვერსია ნამდვილად განიხილება. მეორე ვერსიით, ეს ჯგუფი ფედერალურ ძალებს გაურბოდა და საქართველოს შეაფარა თავი. ასე იყო თუ ისე, არაფერი იცვლება. შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა 2006 წელს უსაფრთხოების კონცეფციაში ჩაწერა, რომ თუ ტერორისტები რუსეთს საფრთხეს შეუქმნიან, აქვს უფლება, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაატაროს ოპერაცია. თუ აქ ისეთი მოვლენები განვითარდება, როგორიც თავის დროზე პანკისში, დასაშვებია, რომ რუსეთმა შეტევის უფლება გამოიყენოს. ამასთან, მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთ გაუგებარ კომენტარს, რომელთა თანახმად შეიარაღებული ჯგუფის წევრები მძევლებს კარგად ექცეოდნენ და თურმე ფულიც მიუციათ. რას ვერჩით ამ ხალხსო, ლამის ასე გამოვიდა. ეს ნონსენსია და იგივეა, სახლში შემოგივარდეს შეიარაღებული კაცი, შემდეგ ორცხობილა მოგცეს და როდესაც დააკავებენ, აღშფოთდე, რატომ დაიჭირა პოლიციამო. საუკეთესო შემთხვევაში ასეთი მიდგომა ბავშვობაა, უარეს შემთხვევაში - უცოდინარობა. ასევე, ეს თემა პარტიების საჯიჯგნი საკითხი არ უნდა გახდეს.

- საჯიჯგნი საკითხი, ალბათ, უკვე გახდა, რადგან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თუ ექსპერტმა ლოპოტის ხეობაში მომხდარს "დადგმული" უწოდა და ხელისუფლება მორიგ პიარაქციაში დაადანაშაულა.

- ძალიან ვწუხვარ, როდესაც ზოგიერთი ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი, რომელ მხარესაც უნდა წარმოადგენდეს, ძალიან მსუბუქად უყურებს ამ ყველაფერს და მზა რეცეპტებს იძლევა. რეგიონში ვითარება იმდენად რთული და ჩახლართულია, რომ ცოტა მეტი დაფიქრება გვმართებს. როდესაც ხეობაში ეს უბედურება ტრიალებდა, რამდენიმე ისეთი კომენტარი მოვისმინე, გავოცდი. არც შსს-ს ჰქონდა განცხადება გაკეთებული, არც მოსკოვს თუ დასავლეთს და ერთი-ორი კაცი უკვე თავის ვერსიებს გვახვევდა თავზე. დაიცადე, კარგად გაერკვიე, იქნებ მტერი შემოგვესია და მერე თქვი, რაც გინდა.

- თქვენ ზემოთ ილაპარაკეთ საფრთხეზე, რომ რუსეთმა შეიძლLება შეტევის უფლება გამოიყენოს. ეს საშიშროება ხომ არ გახდა შეიარაღებული დაჯგუფების სალიკვიდაციო ოპერაციის დაწყების მიზეზი? აქვე შეგახსენებთ პუტინის "ფრთიან" გამონათქვამსაც, их надо мочить в сортире.

- შეიძლება ახალგაზრდა მკითხველს არც ახსოვდეს, რომ 2000-2001 წლებში რუსეთი, რომელსაც ზემოხსენებული კონცეფცია ჯერ არ ჰქონდა მიღებული, შეტევის უფლებას იყენებდა. მაშინ დაიბომბა პანკისის ხეობა და მMსხვერპლიც იყო. რუსეთი კი ჩვენ გვაბრალებდა, თქვენ თვითონ ბომბავთ და პროვოკაციას გვიწყობთო. ამის გამოცდილება გვაქვს და ამიტომაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წინდახედულება და კონსოლიდაცია გვმართებს.

- ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა რეაქცია მოჰყვა სპეცოპერაციას ჩრდილოეთ კავკასიაში. "კავკაზცენტრმა" ზედმიწევნით დიპლომატიური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქართული მხარე არაფერში დაუდანაშაულებია და მისი პათოსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ სამწუხარო გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. სამაგიეროდ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა "დაღესტნის ვილაიეთის" განცხადებაც, რომელიც საქართველოს შურისძიებით ემუქრება. საინტერესოა, მომხდარს ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ისევ თავისი ინტერესებისთვის და სპეცსამსახურების მეშვეობით ხომ არ უბიძგებს მოჯაჰედებს შურისძიებისკენ? (განცხადებები იხ. გვ. 32, 33).

- ჩვენ ლოპოტის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე გვქონდა არჩევანი ცუდსა და უარესს და არა კარგსა და უკეთესს შორის. მინდა იმედი მქონდეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არჩევანი ცუდის სასარგებლოდ გაკეთდა და არა უარესის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ ამის განცდა საზოგადოებას, სამწუხაროდ, არა აქვს. როცა სახელმწიფო დონის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, იქ ჰუმანურობასა და არაჰუმანურობაზე ლაპარაკი ცოტა ჭირს...

- გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნება" არჩევნების შედეგების აღიარების სანაცვლოდ ხელისუფლებას რამდენიმე პირობას უყენებს. ივანიშვილმა 30 აგვისტოს განაცხადა: "თუ დღეიდან არჩევნებამდე ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, ვერ შედგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები". მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ამ პირობებს არ დათანხმდება, არჩევნების წაგებაზე უარეს შედეგს მიიღებს. 6-პუნქტიანი პირობა ქდმ-მ და "ახალმა მემარჯვენეებმა" - ულტიმატუმად, "ნაციონალებმა" კი არჩევნების შემდგომი არეულობისთვის მზადებად მონათლეს.

- არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ეს თავხედური მოთხოვნები და ულტიმატუმია. ჩემი აზრით, ეს უფრო ტექნიკური წინა პირობებია, რომელთა მოგვარება შეიძლება. არ არის საჭირო მოვლენების დრამატიზება. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჯერ ბიძინა ივანიშვილის პირობებს ჯაჭვური რეაქცია არ მოჰყოლია, მხოლოდ კომენტარები გაკეთდა. ეს კი მაფიქრებინებს, რომ კომპრომისის მიღწევა შეიძლება. ალბათ, ხელისუფლებაში ფიქრობენ და ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება, შეთანხმება მოხერხდეს. ჯერ კიდევ შეიძლება ვითარების გამოსწორება და საარჩევნო გარემოს მეტ-ნაკლებად გაუმჯობესება.

- გამოიჩენს ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას ოპონენტთან კომპრომისისთვის? გარდა ამისა, ხელისუფლებაში, და საზოგადოდ, ქართულ პოლიტიკაში, დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ოპონენტისთვის რაიმეს დათმობა სისუსტე და უკან დახევაა. გარდა ამისა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ივანიშვილის პირობებზე დათანხმებით "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში თავის მარცხს უზრუნველყოფს.

- ეს სისუსტედ და უკან დახევად ნამდვილად არ მოინათლება. ხანდახან კომპრომისს უფრო მეტი გაბედულება სჭირდება, ვიდრე პრინციპულობას. კომპრომისისთვის საჭიროა გონიერება და სიმტკიცე, რომლის უნარი ძლიერ ადამიანებს აქვთ. კომპრომისის მიღწევა რომელიმე მხარის მარცხს სულაც არ განაპირობებს. შეთანხმების მიღწევა საარჩევნო გარემოში პოზიტიურ მუხტს შეიტანდა, თორემ ეს პაექრობა იმდენად გადაიზარდა ხელჩართულ დაპირისპირებაში, რომ თითქოს აზრსაც კარგავს არჩევნები.

- ივანიშვილის ოპონენტები აცხადებენ, რომ მისი პირობების ნაწილი არარეალურია. გულისხმობენ მოთხოვნებს: "შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა" და "უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი".

- ისე, მეც ვერ მივხვდი, როგორ უნდა შევიდეს უწყებათაშორის კომისიის შემადგენლობაში "ქართული ოცნების" წევრი, როდესაც კომისია სამინისტროების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. რაც შეეხება უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პირობის შექმნას, რატომაც არ შეიძლება? არჩევნების დღეს ორშაბათი ემთხვევა, რაც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს პრობლემას შეუქმნის, რადგან მათთვის უქმე დღეს არავინ გამოაცხადებს. ამიტომაც, თუ იქნება სურვილი და პოლიტიკური ნება, შეიძLლება სხვა ვარიანტის გამოძებნა.

- ბიძინა ივანიშვილს პირობების წამოყენებისკენ ხომ არ უბიძგა საქართველოში ეუთოს დელეგაციის ვიზიტმა, რომელმაც საარჩევნო გარემო მკაცრად შეაფასა, ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კი ლენინიზმთანაც გაავლო პარალელი. "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, არჩევნების საკითხზე კოალიცია და საერთაშორისო თანამეგობრობა საერთო ხედვას გამოიმუშავებენ.

- შესაძლებელია. სხვათა შორის, როდესაც ვთქვი, რომ არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ შეტრიალდეს, ესეც მქონდა მხედველობაში - ამდენი დამკვირვებლის, ამდენი უცხოელის თანდასწრებით უფრო ნაკლები შანსია, მასშტაბური გაყალბება გაბედონ. რაც შეეხება ლენინიზმს, ის ბოლო 20 წლის განმავლობაში მართლაც დაკანონდა ჩვენს პოლიტიკაში - აგდებული, უპატივცემულო და ზიზღით გაჟღენთილი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. სანამ ეუთოს დელეგაცია ჩამოვიდოდა, თითქმის ყველა ქადაგებაში პატრიარქი მოგვმართავდა თხოვნით, არ გადავცდენოდით იმ ზღვარს, რომლის იქით ზიზღი და მტრობა იწყება. პატრიარქს ლენინიზმი არ უხსენებია, მაგრამ, ფაქტობრივად, ამაზე ლაპარაკობდა. ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას ეხება. როდესაც ის შეურაცხყოფს მოქალაქეებს, ოპონენტებს აბუჩად იგდებს და აგრესიას გამოხატავს, ამას საპასუხო რეაქცია მოჰყვება. პირველი ნაბიჯი ხელისუფლების გადასადგმელია, მან უნდა დათმოს, რაც, ვიმეორებ, ძლიერი კაცის თვისებაა.

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" 5 უკანონო შემომწირველის მიმართ 1.575.000 ლარის ოდენობის სანქციის გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მიმართა და მმართველ პარტიას შემომწირველებისთვის ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. "ნაციონალებს" აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებიათ და ხუთ შემომწირველს ფული - 315.000 ლარი უკან დაუბრუნეს. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს ხალხის დასანახავად გაკეთდა.

- ეს ვერაფერს შეცვლის. ახლა კოსმეტიკისა და შელამაზების დრო არ არის. პრინციპულად უნდა გადაწყდეს, არჩევნები ჩატარდება ნორმალურად და ცივილიზებულად, თუ გაიმართება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ძალაუფლებისთვის. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი ძალაუფლებისთვის ბრძოლადვე დარჩება.

გიორგი კვიტაშვილი