"თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც" - კვირის პალიტრა

"თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც"

"დასავლეთი მხოლოდ შეშფოთებით არ დაკმაყოფილდება. ამჯერად ამას სანქციები მოჰყვება"

საინტერესოა, როდესაც რომელიმე დასავლეთევროპულ ქვეყანაში არჩევნები ტარდება, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი დიპლომატები აკეთებენ თუ არა პრევენციულ განცხადებებს და მოუწოდებენ თუ არა ამ კონკრეტულ სახელმწიფოს არჩევნების დემოკრატიულად წარმართვისკენ. ალბათ, არა, რადგან დასავლეთში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ისეთივე მოვლენაა, როგორიც მზის ამოსვლა-ჩასვლა. თუ დადგება დღე, როდესაც საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციები მსგავს განცხადებებს არ გააკეთებენ, ალბათ, ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია წარმატებულად დასრულდა ან დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნია და კვალში ჩავუდექით ბელორუს-რუსეთ-აზერბაიჯანსა და მსგავს ქვეყნებს.

გასულ კვირას საქართველოს ბევრი მაღალი რანგის დიპლომატი თუ პოლიტიკოსი სტუმრობდა და თითოეული მათგანი, დაწყებული შვედეთისა თუ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებით და ნატოს გენერალური მდივნით დამთავრებული, ხაზს უსვამდა საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას. Gგასულ კვირასვე ანალოგიური განცხადება გაავრცელეს ევროკომისიის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა შტეფან ფულემ და ქეთრინ ეშტონმა. სანამ დასავლეთი ჩვენგან დემოკრატიის მაგალითს ელოდება, მანამ NDI-მ წინასაარჩევნოდ ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 37% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", 12% - "ქართულ ოცნებას", 3% - კი ქდმ-ს მისცემდა. პოლიტოლოგ კოტე ჟღენტთან საუბარი სწორედ NDI-ს გამოკითხვის შედეგებით დავიწყეთ.

- საზოგადოება ხედავს ერთს, ხელისუფლებაNDI კი ცდილობს აჩვენოს მეორე. კვლავ Mძალიან ბევრი კითხვაა ამ გამოკითხვის მეთოდოლოგიასთან და იმასთან დაკავშირებით, რატომ უკვეთს NDI ერთსა და იმავე ორგანიზაციებს საველე სამუშაოებს. საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა და NDI-ს შეუძლია, მათ მორიგეობით მაინც შეუკვეთოს საველე სამუშაოები და არ ჩააცივდეს რაღაც მიზეზით ერთ ან ორ ორგანიზაციას. მიზეზი, საზოგადოების აზრით, არის ის, რომ აღნიშნული არასამთავრობოები დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან. არსებობს ტენდენციური შედეგების მიღების რამდენიმე საშუალება, მაგალითად, გამოვკითხოთ მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც, წინასწარ ვიცით, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ დააფიქსირებენ აზრს. ასეთი კატეგორიაა, ვთქვათ, საჯარო სამსახურებში დასაქმებულები. NDI-ს ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რესპონდენტებს შემთხვევით ვარჩევთო, მაგრამ მე და კიდევ უამრავ ადამიანს, ამის არ გვჯერა. უფრო ზუსტად, საზოგადოება NDI-ს კვლევის შედეგებს ყურადღებას აღარ აქცევს.

- NDI-ს კვლევისას, კითხვაზე, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, საინტერესო შედეგი დაფიქსირდა. ერთადერთი, რასაც აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია, პატრიარქის 91%-იანი რეიტინგია. დანარჩენი ადგილები კი ასე განაწილდა: ვანო მერაბიშვილი-62%, მიხეილ სააკაშვილი-61%, გიგი უგულავა-8%, დავით ბაქრაძე -55%, გიორგი თარგამაძე-49%, ინგა გრიგოლია-41%, ბიძინა ივანიშვილი-39%.

- ეს ხომ ანეკდოტია?! თუნდაც ის ხალხი რომ დავითვალოთ, ვინც ბიძინა ივანიშვილის აქციებზე მიდის, მივხვდებით, რომ ზემოხსენებული შედეგი, პატრიარქის რეიტინგის გამოკლებით, აბსურდულია. მის გამოქვეყნებას რა მიზანი აქვს, ნათლად ჩანს - შეამზადოს ფონი, საზოგადოება ხელისუფლების მიერ არჩევნებში გამარჯვებას რომ შეეგუოს. არადა, არ არის საზოგადოებაში მთლად ასეთი განწყობა.

- ბიძინა ივანიშვილმა NDI-ს კითხვების ფორმულირება დაუწუნა. "ქართული ოცნების" ლიდერი გულისხმობდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. ერთ-ერთი კითხვა ასე იყო ფორმულირებული - "ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებდა ხალხს საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერთ თუ არა მხარს ივანიშვილის ამ მოწოდებას?"" ხმები ასე განაწილდა - 62% მხარს არ დაუჭერს, 16%-მა დადებითი პასუხი გასცა, არ იცის 18%-მა, პასუხზე უარი 4%-მა განაცხადა.

- პირდაპირ ვთქვათ - მთელი ეს გამოკითხვა ჩატარდა ორი რაღაცის გამო. პირველ რიგში, იმისთვის, რომ ზემოხსენებული კითხვა დაესვათ და ეს შედეგი გამოექვეყნებინათ და მეორე - დაემტკიცებინათ, რომ თურმე რესპონდენტებს მერაბიშვილი მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილი არ ამბობს, რომ ხალხს საპროტესტოდ გაიყვანს. მისი განცხადებით, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგმა არ დააკმაყოფილა, ის ხალხს აქციებისკენ იმ მიზნით მოუწოდებს, რომ მომხრეები დაითვალოს და აჩვენოს, რამდენად რეალურია არჩევნების შედეგი.

- აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოში ჩამოვიდა და მუშაობას შეუდგა. საზოგადოების დიდი ნაწილი ნორლანდისგან ბევრს ელოდება. გადაჭარბებული ხომ არ არის ეს იმედი თუ მოლოდინი?

- რასაც უნდა ფიქრობდეს რიჩარდ ნორლანდი და რა ინსტრუქციაც უნდა ჰქონდეს ამერიკის ხელისუფლებისგან, ამას არ გაახმოვანებს. ასევე, წარმოუდგენელია, რომ ელჩმა, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, რადიკალური განცხადებების გაკეთება დაიწყოს ოპოზიციის ან ხელისუფლების სასარგებლოდ. თუმცა ჩვენთვის ცნობილია ნორლანდის გამოსვლა სენატში, რომლის დროსაც საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა საქართველოში არსებული ვითარება. აშშ-ში საქართველოს ელჩ თემურ იაკობაშვილის განცხადება კი, რომ არ სმენია ზემოხსენებული კრიტიკის შესახებ, ზღვარგადასული ცინიზმია. გული მწყდება, რომ ასე საუბრობენ ჩვენი ელჩები. ნორლანდი ყურადღებით დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ვაშინგტონს მიაწვდის ობიექტურ და სამართლიან ინფორმაციას - რა მდგომარეობა იქნება როგორც არჩევნების წინ, ისე არჩევნების შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩი ამას გააკეთებს და ისე აღარ იქნება, როგორც ადრე - ჯორჯ ბუშმა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე რომ მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს. თუ სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები დაასკვნიან, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, ამ არჩევნებს ხელისუფლებას არავინ "გაუპრავებს".

- სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, - შესაძლოა, არჩევნების შემდეგ შედეგებზე დავა დაიწყოს და ეს მაწუხებსო. ეს ფრაზა როგორ უნდა გავიგოთ? მაკკეინს აწუხებს, რომ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდება და შესაბამისად, შედეგი იქნება სადავო, თუ ის, რომ ვიღაცისთვის შედეგი იქნება მიუღებელი და დავა დაიწყება?

- განცხადება ასე გავიგე: მაკკეინს ერთიც აწუხებს და მეორეც. მაკკეინისთვის კარგად უნდა აეხსნათ "ქართულ ოცნებაში" და იმედია, აუხსნეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არავის მოუწოდებს დაპირისპირებისკენ. ვიმეორებ, თუ ოპოზიცია შედეგებმა არ დააკმაყოფილა, ივანიშვილი სთხოვს მათ, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, გამოვიდნენ ქუჩაში და გაირკვეს - მართლა იმდენი ხმა მიიღო ოპოზიციამ, რაც დაუწერეს, თუ არა. თუ ეს აუხსნეს მაკკეინს და მაინც აწუხებს, რომ შედეგები შესაძლოა, ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს, მაშინ გამოდის, რომ "მუშაობს" ძველი სიმპათიები ხელისუფლების მიმართ.

- ამ სიმპათიების ნიშნად მიიჩნიეს მაკკეინის კიდევ ერთი განცხადება: "ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც არის საქართველოში." სხვათა შორის, გავრცელდა ვერსიაც, რომ ამერიკელი სენატორების დელეგაციების ვიზიტი ლობისტების ორგანიზებული იყო.

- დიპლომატიური წესია, რომ ქვეყანა თუ არ იქცევა და რაღაც საშინელება არ ხდება, უნდა თქვა, რომ პროგრესი არსებობს. რაღაც პროგრესი რომ მიღწეულია ამ 8 წლის განმავლობაში, ნათელია - მაგალითად, იუსტიციის სახლები და პოლიციის რეფორმა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მაკკეინის ვიზიტი ლობისტების მიერ იყო ორგანიზებული. თუმცა მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პრობლემა, რომ პირადად დაურეკოს და მას საქართველოში ჩამოსვლა სთხოვოს.

- მაკკეინი ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა, რომელიც აცხადებდა, რომ შეეცდებოდა, სენატორისთვის მიხეილ სააკაშვილზე აზრი შეეცვლევინებინა. შეხვედრის შემდეგ კი სენატორმა აღნიშნა: "ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მისი სიტყვების გვჯერა".

- მაკკეინი ასე იოლად არ იცვლის აზრს და ეს მისმა განცხადებებმაც დაადასტურა. რაც შეეხება შეხვედრას, ის დახურული იყო და არავინ ესწრებოდა, გარდა ივანიშვილის, ალასანიასა და უსუფაშვილისა. როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე თავად ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რუსეთთან დაკავშირებულ თემებზე საუბარი და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში მისი ბოლო კომპანია ამერიკულმა ფონდმა შეიძინა. ეს გასაგებიც არის, რადგან მაკკეინს ივანიშვილის შესახებ რა სურათს დაუხატავდნენ, ალბათ ყველასათვის ნათელია.

- საარჩევნო თემაზე ისაუბრა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომლის თქმითაც, "არჩევნები იქნება ბრწყინვალე ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის". განცხადება გაავრცელეს ევროკომისარმა შტეფან ფულემ და ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა, რომლის მიხედვითაც, შეშფოთებული არიან მზარდი პოლარიზაციით და მიმართავენ თხოვნით "როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, უზრუნველყონ მშვიდობიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო და ჯანსაღი მედიაგარემო". სხვათა შორის, ამ განცხადების შემდეგ დაიწყო დავა, ვის "უფრო" მოუწოდებდნენ ფულე და ეშტონი - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას.

- პირველ რიგში, რასმუსენზე მოგახსენებთ, რომლის ვიზიტსაც ხელისუფლებამ უპრეცედენტო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მესამედ ჩამოვიდა. რასმუსენის ვიზიტი რეგიონული იყო - აქ ჩამოვიდა სომხეთიდან, თბილისიდან კი აზერბაიჯანში გაემგზავრა. მისი ვიზიტი მიმართული იყო, პირველ რიგში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გასანეიტრალებლად. წლების წინ, ნატოს წევრი ქვეყნის, უნგრეთის, ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა ოფიცერმა მოკლა სომეხი ოფიცერი, შემდეგ ის ბუდაპეშტმა გადასცა აზერბაიჯანს იმ პირობით, რომ სრულ სასჯელს იქ მოიხდიდა.

ჩასვლისთანავე ეს ოფიცერი პრეზიდენტმა ალიევმა შეიწყალა და ლამის გმირად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა ერევანში საპროტესტო აქციები და ნატოს წევრი ქვეყნის, უნგრეთის, დროშების დაწვა, იქაურმა საზოგადოებამ მოითხოვა, რომ საერთოდ შეჩერდეს სომხეთის ურთიერთობები ნატოსთან. დარწმუნებული ვარ, რასმუსენი პირველ რიგში ამიტომ იყო ჩამოსული რეგიონში. საქართველოში რომ არ შემოევლო, ამას კუდებს მოაბამდნენ. შესაბამისად, აქაც ჩამოვიდა და ზემოხსენებული განცხადების გარდა, გვითხრა, რომ საქართველო ოდესღაც გახდება ნატოს წევრი. რაც შეეხება ეშტონისა და ფულეს განცხადებას - არჩევნებზე საუბრისას ორივე მხარეს მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ პროცესის ნორმალურად წარმართვა. თუმცა პასუხისმგებლობის ხარისხი იზომება და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ევროპა დემოკრატიულ არჩევნებს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - აქ უკვე კითხვის ნიშნები იყო დასმული.

- თქვენი აზრით, თუ არჩევნების სამართლიანად ჩატარება ეჭვქვეშ დადგა, საქართველოს მიმართ კონკრეტულად რა ზომებს მიმართავს დასავლეთი - სანქციებს დაგვიწესებს თუ რაღაც პერიოდით შეშფოთდება და შემდეგ ცხოვრება ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდება?

- დასავლეთი მხოლოდ შეშფოთებით არ დაკმაყოფილდება. ამჯერად ამას სანქციები მოჰყვება. ჯერ ერთი, აშშ-ში სენატორთა ჯგუფმა უკვე დასვა საკითხი, რომ თუ აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიაწვდის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტმენტს, დეპარტამენტი კი მოახსენებს კონგრესს და სენატს, რომ არჩევნები ჩატარდა უსამართლოდ, საქართველოსთან ეკონომიკური, სამხედრო და ყველა სხვა ურთიერთობები შეჩერდება. ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს. შესაძლოა, "მაგნიტსკის სიის" მსგავსი სია შედგეს და იმ ხალხს, რომელიც აყალბებდა არჩევნებს, ევროპასა და ამერიკაში წასვლა აეკრძალოს. სანქციები დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას და ინვესტიციებს. ქვეყნის შიგნით კი ეს ისეთ რეაქციას და ქუჩაში იმდენი ხალხის გამოსვლას გამოიწვევს, რომ ძნელია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები. ეკონომისტები საუბრობენ, რომ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია პურის, საწვავის გაძვირება და ამას თუ დაემატა სანქციები, საშინელი მდგომარეობა შეიქმნება, რაც პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა. ღონისძიება თითქმის ყველა ქალაქში ხალხმრავალი იყო და პრეზიდენტი ლამის ყველა შეკრებაზე მწვავე სიტყვით გამოვიდა. მმართველმა პარტიამ ძალის დემონსტრირება მოახდინა?

- რაც შეეხება ხალხმრავლობას - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია მოახდინა. ადმინისტრაციული რესურსი დაახლოებით მოსახლეობის 30%-ს, ანუ სადღაც 700 ათას ადამიანს შეადგენს. თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც. დარწმუნებული ვარ, მათ ასეთი ღონისძიების ჩატარებისკენ "ქართული ოცნების" აქციებმა უბიძგა. მმართველ პარტიას სურს დაადასტუროს, რომ იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. თუმცა არ უნდა დაავიწყდეთ, რომ იმავე გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 40%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ეს კატეგორია კი, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე ნამდვილად არ არის.

გიორგი კვიტაშვილი