"ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღარ აღიქვამენ" - კვირის პალიტრა

"ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღარ აღიქვამენ"

"ობამას რომ ეთქვა ოპონენტებზე, როგორც კლასს გავაქრობთო, ისეთი სკანდალი მოჰყვებოდა, რომ შესაძლოა, საქმე მის ვადამდე გადარჩევამდეც მისულიყო"

1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ იმით კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რომელი პოლიტიკური ძალა რამდენ მანდატს მოიპოვებს ან ვინ გახდება პრემიერი, არამედ იმითაც, ჩააბარებს თუ არა საქართველო დემოკრატიის ტესტს უპირველესად საკუთარ თავსა და შემდგომ დასავლეთთან. ტესტის მნიშვნელობა იმითაც იზრდება, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებია და მოქმედ პირველ პირს კონსტიტუციის მიხედვით კენჭისყრის უფლება აღარა აქვს. შესაბამისად, 1-ლი ოქტომბერი დიდი ალბათობით გადამწყვეტ გავლენას მოახდენს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც. აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, 2002-2004 წლებში NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ დღევანდელი წინასაარჩევნო გარემო 2003 წლისას ჰგავს.

- საქართველოში ჩატარებული სხვა არჩევნებისგან წლევანდელი უპირველესად იმით იქნება განსხვავებული, რომ წელს რეალური კონკურენციაა. ასეთი მხოლოდ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო. მაშინაც ოპოზიციას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და იყო საშიშროება, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებდა. წელსაც დასავლეთს აღელვებს, თუ როგორ ჩატარდება და რა შედეგით დამთავრდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. წინა წინასაარჩევნო გარემოსგან განსხვავებით, ამჟამინდელისთვის დამახასიათებელია თავისუფლების ნაკლებობა, - ერთმა მხარემ მეორეს ჯარიმები დაუწესა, ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებს კარგავენ. პოლიტიკური ოპონენტების დევნა-დაშინება დიდი პრობლემაა. თბილისის გარეთ მედიაკლიმატი არათანაბარია. მიუხედავად ამისა, საარჩევნო კამპანია გრძელდება და რაც 1-ელ ოქტომბერს მოხდება, ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

- ალბათ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ასეთი ვნებათაღელვა არასოდეს გამოუწვევია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის NDI-სა და IRI-ს კვლევებს. საზოგადოების ნაწილი უნდობლობას უცხადებს მათ მონაცემებს. თქვენი აზრით, ამ უნდობლობას აქვს რეალური საფუძველი თუ ასეთი განწყობა მაინც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება?

- ჩემი აზრით, ეს კვლევები დამაბნეველია. მაგალითად, ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია, მაგრამ ამ კვლევების თანახმად ამომრჩეველთა 40%-ზე მეტმა არ იცის, არჩევნებში რა გადაწყვეტილებას მიიღებს. სად არის აქ პოლარიზაცია? შეუძლებელია, ამომრჩეველთა ამ რაოდენობას გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდეს და პოლიტიკური გარემო პოლარიზებული იყოს; მეორე - კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც პარტიებმა ის-ის იყო დაიწყეს წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენა. დამაჯერებელ სურათს მაშინ მივიღებდით, მაგალითად, გამოკითხვა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რომ ჩატარებულიყო. ასევე, ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მთავარ კონკურენტს 3:1 თანაფარდობით დაამარცხებს, ნაკლებად დამაჯერებელია და თუ ვინმეს ეჭვი უჩნდება ამაზე, სავსებით სამართლიანადაც.

ამ კვლევებში ნიშანდობლივი მომენტებიცაა. მაგალითად, ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა 40%-ზე ნაკლებია და ეს 8-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებისთვის ნეგატიური შედეგი უნდა იყოს. გარდა ამისა, კვლევებში არის მონაცემები უმუშევრობასა და ეკონომიკაზე, რაც ჩემი აზრით, სარწმუნოა. თუმცა, გაუგებარია, რატომ ატარებენ ამ კვლევებსI საქართველოში და რა არის მათი მიზანი. Aამ კვლევებს მოსდევს დიდი ხმაური, მნიშვნელოვანი საკითხებისგან მათზე ყურადღების გადატანა, ამაზე ლაპარაკობენ მედია და დიპლომატები. ეს არ გადააქცევს საქართველოს უფრო დემოკრატიულ ქვეყნად, რაც NDI-ს მიზანია.

- საინტერესოა, აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში რამდენად ინტენსიურად ატარებენ რეიტინგის დამდგენ კვლევებს NDI და IRI?

- ამერიკაში ასეთი კვლევები არასოდეს ჩაუტარებიათ და არა მგონია, სხვა ქვეყნებშიც ჩაეტარებინოთ. თუმცა, ალბათ, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი, როგორია დაფინანსება, ვინ არის NDI-ს დირექტორი და რა არის მისთვის პრიორიტეტული. მაგალითად, როდესაც საქართველოში ამ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი, პარტიებისა და კოალიციების თემაზე ვმუშაობდი.

- არჩევნების შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას აქვს, აღიარებენ თუ არა ლეგიტიმურად მის შედეგს საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთი. თქვენი აზრით, თუ 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგის სამართლიანობის თაობაზე კითხვები გაჩნდა, რა რეაქცია ექნება ვაშინგტონს? მაგალითად, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი ვარაუდობს, რომ თეთრი სახლის პოზიცია მკაცრი იქნება, საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტის ჩათვლით.

- ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აღარ აღიქვამენ. ჩემი აზრით, ვაშინგტონი საქართველოს მიიჩნევს სახელმწიფოდ, რომელიც დემოკრატიისთვის იბრძვის. რაც შეეხება მოლოდინს, დიახ, ჯერ კიდევ არის არჩევნების გაყალბების საფრთხე. ამის პირველი მიზეზი თავად საქართველოს პრეზიდენტსა და მის ქმედებებშია. ხელისუფლებას არ შეუქმნია კლიმატი იმისათვის, რომ დაგვარწმუნოს, არჩევნები არ გაყალბდებაო. თუ მოვუსმენთ ხელისუფლების რიტორიკას, ოპოზიციის გამარჯვების შანსზე ლაპარაკი დაუშვებელია. ამ ყველაფრის გამო ვაშინგტონი გულწრფელად არის შეწუხებული. წუხილის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ოპოზიციური ძალის, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს, პარლამენტში ვერმოხვედრა შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფუძველი გახდეს. მიუხედავად ამისა, მე არ ვიცი, რას გააკეთებს აშშ არჩევნების შემდეგ, თუ მისმა შედეგმა კითხვები გააჩინა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს, მოკავშირე და ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გამგზავნ ქვეყანას, პირდაპირ უთხრას, არჩევნები გააყალბე და დახმარებას გიწყვეტთო. ეს წარმოუდგენელია. დიახ, ვაშინგტონი გააკეთებს მწვავე განცხადებებს, დიახ, შეხვედრებზე გამოთქვამს თავის პოზიციას, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მმართველობაზე, ნაკლებად მოსალოდნელია. მინდა განვმარტო - ეს იმის გამო კი არ მოხდება, რომ ამერიკის ხელისუფლებას საქართველო არ ადარდებს, არამედ იმიტომ, რომ მართლა არ იცის, რა ქნას. ეს რთული საკითხია. საქართველო აშშ-ის მეგობარი და მოკავშირეა. გავიხსენოთ, აშშ-ის მაღალჩინოსნების, ჰილარი კლინტონისა და თომას მელიას მწვავე განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში. ხომ წარმოუდგენელია, რომ კლინტონი, მაგალითად, საფრანგეთში ან ისრაელში ჩავიდეს და ოლანდს ან ნეთანიაჰუს მიუთითოს, დემოკრატიულად ჩაატაროს არჩევნები, საქართველოში კი ხისტ ენას იყენებენ, რაც მათი ბერკეტია. ეს განცხადებები კარგად უნდა იყოს გასაგები, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილისთვისაც.

- ვაშინგტონის ასეთი პოზიცია იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარება დაიძაბა, ამით მოსკოვი ისარგებლებს?

- შესაძლოა, ასეც იყოს. ოღონდ ეს უნდა განვასხვაოთ ცრუსაფრთხისგან, რომელსაც სხვადასხვა მოტივით ხელოვნურად ქმნიან. საფუძველი, რასაც საქართველო უნდა დაემყაროს, დემოკრატიაა. უამისოდ საქართველოსთვის ნატოს კარი არ გაიხსნება, მიუხედავად ამერიკის სურვილისა, რომ საქართველო გახდეს ალიანსის წევრი. მე არ ვამბობ, რომ ქვეყანაში პროგრესი არ არის და სააკაშვილი და მისი გარემოცვა მოღალატეები არიან, მაგრამ მათ შეცდომები დაუშვეს. დემოკრატიულ ქვეყნებში კი არსებობს სპეციალური მექანიზმები შეცდომების გამოსასწორებლად და ეს არჩევნებია.

- ამერიკის პოლიტიკური წრეების კეთილგანწყობის მოპოვებას საპარლამენტო არჩევნებში მთავარი კონკურენტები - მმართველი პარტია და "ქართული ოცნება" ლობისტების საშუალებით ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების ლობისტების მთავარი ტაქტიკა ივანიშვილის პრორუსულობის დამტკიცებაა, "ქართული ოცნებისა" კი მიხეილ სააკაშვილის არადემოკრატიულობასა და იმაზე ლაპარაკი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება. საინტერესოა, როგორია ამაზე ამერიკელი პოლიტელიტის აზრი?

- ხელისუფლებამ წააგო ბრძოლა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის პრორუსულ ძალად გამოყვანას ცდილობდა, რადგან ივანიშვილმა საკუთარი თავი ძალზე ხელმისაწვდომი გახადა. ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვერ ახერხებს ქვეყნიდან გასვლას, მაგრამ გზავნის იმ პირებს, რომლებსაც ვაშინგტონში მესიჯების შედეგიანად მიტანა შეუძლიათ. მაგალითად, ირაკლი ალასანიას, თედო ჯაფარიძესა და დავით უსუფაშვილს. ამერიკაში მათ იცნობენ და იციან, რომ რუსეთის საქმეს არ აკეთებენ. მეც რამდენჯერმე შევხვდი ივანიშვილს და სულაც არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ რუსულ პროექტთან გვაქვს საქმე.

საქართველოს ხელისუფლება მისთვის მიუღებელ ყველა ძალას რუსეთის მარიონეტს უწოდებს. როდესაც ადამიანს ასეთ ბრალდებებს უყენებენ, გამოდის, სხვა არაფერი აქვთ სათქმელი. ამასთან, ხელისუფლება გასულ წლებში საკმაოდ ახლოს იყო ივანიშვილთან და თუ ის რუსეთის მარიონეტი იყო, მაშინ თავიდანვე შეეჩერებინათ. საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას, რომ ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია, ვაშინგტონში პოლიტიკოსთა მხოლოდ მცირე ნაწილი, უკიდურესი მემარჯვენეები ეთანხმებიან.

- რესპუბლიკური თუ დემოკრატიული პარტიიდან?

- რესპუბლიკური პარტიიდანაც. ამერიკელი პოლიტიკოსების აზრით, საქართველოს პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებაში ოპოზიციური ძალების მობილიზებით ივანიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა, კარგად იცნობენ მის საქველმოქმედო საქმიანობასაც. მათი აზრით, შესაძლოა, ივანიშვილი ვერ გახდეს პრემიერ-მინისტრი ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, მაგრამ დარჩება მძლავრ პოლიტიკურ ძალად. მის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიურია და მზად არიან თანამშრომლობისთვის, მიუხედავად იმისა, "ქართული ოცნება" პარლამენტში უმცირესობაში იქნება თუ უმრავლესობაში. არის განწყობა, რომ საქართველოს აქვს მომავალი, სურთ ქვეყნის დახმარება, მაგრამ დემოკრატიული საქართველოს დახმარება უფრო ადვილი იქნება.

- სააკაშვილი-ობამას ან სააკაშვილი-კლინტონის შეხვედრის შემდეგ მედიაში ერთ-ერთი მთავარი თემა ის იყო, რა პოზიცია დააფიქსირა ამერიკულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობის ან პარლამენტის თავმჯდომარეობაზე. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

- სააკაშვილის პრემიერობას ბევრი პრობლემა მოჰყვება. ვაშინგტონისთვის შეუძლებელი გახდება საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის წარდგენა. ეს ნამდვილად შეცდომა იქნება და ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. ალბათ, ვინმე იტყვის, საქართველო ისე იქცევა, როგორც მისი მეზობელი ქვეყანაო. შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მისი პრემიერობა "ნაციონალური მოძრაობის" ერთიანობის შენარჩუნების საშუალებაა და უამისოდ პარტია დაიშლება. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, არჩევნები აჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები.

- საქართველოში წინასაარჩევნოდ ჩამოსული დასავლური დელეგაციების დიდი ნაწილი პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდებს, ნუ დააყენებენ ეჭვქვეშ არჩევნების შედეგს მაშინ, როდესაც ის ჯერ არ ჩატარებულა. მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატებიც მიუთითებენ იმის მნიშვნელობას, რომ არჩევნების შედეგი ყველა მხარემ აღიაროს. თქვენი აზრით, აშფოთებს თუ არა დასავლეთს არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი დემონსტრაციები და როგორია ამ საკითხზე აშშ-ის პოზიცია?

- ძნელი სათქმელია, რა მოხდება არჩევნების შემდგომ. მჯერა, რომ ვაშინგტონს არ უნდა დესტაბილიზაციის გამომწვევი დემონსტრაციები. ამის თავიდან აცილებაში ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს და ოპოზიციაც. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები. ცხადია, აშშ-ს უნდა, რომ შედეგი ორივე მხარემ აღიაროს. მას არ შეუძლია საჯაროდ მოუწოდოს არჩევნების უპირობოდ აღიარება ერთ მხარეს, რადგან ეს მეორეს გაუხსნის გზას არჩევნების გაყალბებისკენ.

- წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ანტაგონიზმის გამოც გამოთქვამენ შეშფოთებას.

- მე მოვისმინე ორივე მხარის განცხადებები და მათ ტოლერანტობასთან საერთო არაფერი აქვს. მაგალითად, არ შეიძლება ოპოზიციაზე თქვა, გავაქრობთ, როგორც კლასსო. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ამას ამბობს, ეს საგანგაშო სიგნალია. მაგალითად, ჩვენც გვყავს ერთი არატოლერანტული პარტია, კერძოდ, რესპუბლიკური, და რა განცხადებებსაც ის აკეთებს, ვთქვათ, გეების შესახებ, სწორედ ზემოხსენებულ შენიშვნას გამოიწვევდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პარტიას არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ობამამ მას ხმები უნდა მოჰპაროს. უნდა ჩატარდეს არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტოს ყველაფერი. ისე, ობამას რომ ეთქვა ოპონენტებზე, როგორც კლასს გავაქრობთო, ისეთი სკანდალი მოჰყვებოდა, რომ შესაძლოა, საქმე მის ვადამდე გადარჩევამდეც მისულიყო. თუმცა, ვიმეორებ, ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის დისკვალიფიკაციის საფუძველი.

- 2012 წლის ნოემბერში აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ზოგიერთი ქართველი ექსპერტის აზრით, თუ არჩევნებში მით რომნიმ გაიმარჯვა, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობისას ჰქონდა.

- არა მგონია, ნოემბერში აშშ-ის ადმინისტრაცია შეიცვალოს. ვერც იმას ვიტყოდი, რომ რომნის ობამაზე უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნება საქართველოსთან. ობამას დამოკიდებულება საქართველოსთან ძალზე მკაფიო და პოზიტიურია, რასაც ცხადყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები. აშშ-ს ისედაც ახლო ურთიერთობა აქვს თბილისთან და ნებისმიერ შემთხვევაში განაგრძობს საქართველოს მოკავშირეობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამბობენ, რომ ნატოში გაწევრება სურთ. ეს კი დემოკრატიის განმტკიცების გარეშე შეუძლებელი იქნება.