შემდეგი ნაბიჯი - თბილისიდან ხალხის გატაცება? - კვირის პალიტრა

შემდეგი ნაბიჯი - თბილისიდან ხალხის გატაცება?

"ოპოზიციამ უნდა გამოავლინოს ფართო პოლიტიკური ხედვა და ერთი კანდიდატურა წარმოადგინოს"

ჩინეთიდან დასავლეთ ევროპამდე გადაჭიმული რეგიონის ცენტრი (როგორც პრეზიდენტმა 7 ნოემბერს განაცხადა) - საქართველო ეკონომიკურად კი ყვავის და გაფურჩქვნის ხანაშია, მაგრამ კვლავაც შიშისა და ძალადობის პლაცდარმად ქცეულა, რადგან ქართული დემოკრატიისთვის ავბედითი 2007-დან ორი წლის შემდეგ "ტელეიმედის" დარბევა ისევ უიმედოდ არის ჰაერში გამოკიდებული. ცივილიზებული მსოფლიოს იურისტებს კვლავაც შეუძლიათ იცინონ ქართველ ხელისუფალთა ვერსიაზე, თუ როგორ შეასწრო სასამართლო აღმასრულებელს "ტელეიმედში" სპეცრაზმმა, რადგან თურმე აღმასრულებელს მანქანა გაჰფუჭებია გზაში... ომში კი გავიმარჯვეთ, მაგრამ რუსები კვლავაც ატყვევებენ საქართველოს მოქალაქეებს, - ამჯერად ბავშვებს, კონფლიქტის ზონაში და ჩვენ მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს, რათა ომში კიდევ ერთხელ არ ჩავებათ... ოპოზიცია კვლავაც აქტიურობას ცდილობს. მანიფესტაციებში, მიტინგებსა და აქციებში კი იმდენი დრო გავიდა, რომ თბილისში სასტუმრო "ივერიის" ადგილზე სასტუმრო "რედისონი" აშენდა. გაერთიანებული სხდომაც ამჯერად მის ფეშენებელურ დარბაზში ჩატარდა და მორიგი ხმაურიანი ანონსით შევიტყვეთ მორიგი ხმაურიანი აქციის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, აქციადვე დარჩება, რადგან ქართული ანდაზისა არ იყოს, "ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის"...  ვაი, რომ ჩვენს შემთხვევაში არც ძაღლი ჰგავს ძაღლს და არც ქარავანი - ქარავანს, თორემ, თავისთავად, მდიდრული და მოწესრიგებული ქარავნის მსვლელობას უხდება კიდეც ძაღლის ყეფა... მოკლედ, ჩანს, საქართველო მთლიანად ვირტუალურ სამყაროში გადაბარგდა - ხელისუფლებას ჰგონია, რომ გზების მოასფალტება, პარაპეტების ჩაყრა და თუნდაც "რედისონის" აშენება ეკონომიკური განვითარების მსოფლიო ცენტრად ქცევას ნიშნავს. ეს თვითრწმენა ხდება საფუძველი მეორე, არანაკლებ სევდიანი ღიმილის მომგვრელი თვითრწმენისა, რომ ქართული დემოკრატია მსოფლიოს მერვე საოცრებაა... თავის მხრივ, ოპოზიციას ჰგონია, რომ პირველი არხიდან პარლამენტამდე პერმანენტული მსვლელობებით დემოკრატია აშენდება; რომ ამ აქციებით ხელისუფლება თუ არ დაამარცხა, მაგრად მაინც შეაზანზარა... თავის მხრივ, ხელისუფლებასაც ჰგონია, რომ რუსეთი დაამარცხა... ზოგჯერ, ილუზიებიც მეტისმეტი მოგვდის ხან ხელისუფლებასთან, ხანაც რუსეთთან დაკავშირებით და ასე ვაგრძელებთ ილუზიურ ცხოვრებას ნოემბრიდან ნოემბრამდე, აგვისტოდან აგვისტომდე... საქართველოს უახლესი ისტორიის მრავალუცნობიანი განტოლების გარჩევა პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძესთან ერთად ვცადეთ:

- დუშეთის რაიონიდან ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს 16 მოქალაქის გატაცებას გასულ კვირაში უკვე სკოლის მოსწავლეთა დატყვევება მოჰყვა. როდესაც ცხინვალის ტელევიზიამ შეშინებული ბავშვების ვიდეოკადრები გაავრცელა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ოსური, უფრო სწორად რუსული მხარე, ყველაფერს აკეთებს საქართველოს მორიგ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩასათრევად...

- სამწუხაროდ, ასეთ შთაბეჭდილებას რეალური საფუძველი აქვს... როგორც ჩანს, ამგვარი ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება და შეეცდებიან, საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრიონ. ამა თუ იმ ფორმით, მუდმივი ზეწოლა რუსეთის მხრიდან სულ იქნება. მაგრამ, რაც უნდა მძიმედ მოეჩვენოს მკითხველს ჩვენი რეკომენდაცია, მაინც ვიტყვი, რომ მაქსიმალურად უნდა შვეცადოთ, არ ავყვეთ. სხვა რა მექანიზმი გვაქვს, გარდა იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით ვცადოთ პრობლემათა მოგვარება... არის ამ მიმართYულებით შესაბამისი მექანიზმების შექმნის მცდელობები, თუნდაც, ჟენევის ფორმატის შეხვედრები, საერთაშორისო მისიების აქტიურობა და სხვ. ყველანაირი ფორმის გამოყენება შეიძლება, გარდა შეიარაღებული კონფრონტაციისა. ამაზე საქართველომ ნებისმიერ შემთხვევაში უარი უნდა თქვას.

არსებობს მეგობარი ქვეყნების რეკომენდაციებიც და ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაც ყველანაირად ცდილობს, კონფლიქტის მოგვარება არსებული ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს...

- ანალოგიური მოსაზრება აგვისტოს კონფლიქტამდე თქვენც არაერთხელ გამოგითქვამთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. რომ საჭიროა მაქსიმალური თავშეკავება, რომ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს... მაგრამ ალბათ, მაინც დგება მომენტი, როდესაც თავშეკავებაც აღარ შველის საქმეს და ჩვენ, ნებსითა თუ უნებლიეთ, "ნერვების ომიდან" ნამდვილ, სისხლისმღვრელ ომში აღმოვჩენილვართ. ახლაც, ანალოგიური ვითარება ხომ არა გვაქვს - ჯერ მოსახლეობის ერთი ჯგუფის გატაცება, შემდეგ ბავშვებისთვის ტერორისტობის დაბრალება... გასაგებია, რომ ამ ყველაფერს ვითმენთ, მაგრამ ამას ხომ მოწინააღმდეგე მხარეც ხვდება და თავხედობას აგრძელებს? რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? თბილისიდან ხალხის გატაცება? ხომ არ სჯობდა, იგივე ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა სხვა ფორმატში გადასულიყო, თუნდაც სამშვიდობო კონტინგენტის სახით?

- მესმის თქვენი შეკითხვის აზრიც და საკითხისადმი დამოკიდებულებაც. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ევროპელები ყველაფერს აკეთებენ, რაც ხელეწიფებათ და რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ამიტომ მათი მოქმედების განხილვისას კატეგორიულებიც ნუ ვიქნებით. თავისთავად, ის ღონისძიებები, რასაც ევროკავშირი ატარებს, საქართველოსთვის უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. ვთვლი, რომ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად ავამოქმედოთ საერთაშორისო მექანიზმები, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო მედია, ავხმაურდეთ და მსოფლიო საზოგადოებრიობა თითოეული ასეთი პროვოკაციის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენოთ, რადგან სხვა გზა გაცილებით დიდი უბედურების მომტანი იქნება. სხვა ალტერნატივა, სამწუხაროდ, არა გვაქვს და ჩვენი მდგომარეობის დრამატიზმიც ამაშია...

- გასული კვირის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაქოს ესტუმრა. როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობა რუსეთის პატრიარქს, კირილს შეხვდა. დაიგეგმა რუსული ეკლესიის წინამძღოლის საქართველოში ვიზიტიც. ალბათ, ამ მიმართულებით გააქტიურება კონფლიქტის ზონაში პროვოკაციების პრევენციისთვის უაღრესად ქმედითი და მნიშვნელოვანი იქნება...

- დარწმუნებული ვარ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმთავრესი მიზანი რუსეთის უმაღლეს სასულიერო იერარქთან შეხვედრისას სწორედ რუსულ-ქართული მოვლენები, კონფლიქტის ზონაში არსებული საფრთხეები იქნებოდა. ცხადია, ეს ძალზე დიდი რესურსია... თავის დროზე, აგვისტოში, უწმინდესი ჩავიდა გორშიც და ცხინვალის რეგიონშიც და ჰუმანიტარული დახმარება არა მხოლოდ ქართულ მოსახლეობას ჩაუტანა. ასე რომ, სწორედ კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემებისა და პროვოკაციების პრევენციისა თუ აღკვეთისთვის, ცხადია, მსგავსი ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანი და ქმედითი იქნება.

- გასულ კვირას საქართველომ 2007 წლიდან მორიგი 7 ნოემბერი აღნიშნა. ნიშანდობლივი იყო ოპოზიციის საერთო სხდომა სასტუმრო "რედისონში", სადაც სიტყვით გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა ბრძანა, - ოპოზიციამ ბოლო 6 წლის განმავლობაში მიუხედავად მრავალნაირი აქტიურობისა, პოლიტიკაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინაო... სამართლიანია ასეთი შენიშვნა?

- ოპოზიცია ხშირად ლაპარაკობს ერთიანობაზე და ეს სავსებით მართებულია. მაგრამ ერთიანობა ხომ მხოლოდ ერთად დგომას არ ნიშნავს. სწორედ საერთო პოლიტიკური აქტიურობისას არის საჭირო ერთიანობა, - თუნდაც ახლა, როცა არჩევნები ახლოვდება. აქ უნდა გამოავლინოს ფართო პოლიტიკური ხედვა ოპოზიციამ და ერთი კანდიდატურა წარმოადგინოს. ისეთი კანდიდატურა, რომელსაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მეტი მხარდამჭერი ეყოლება და შესაბამისად, მეტი შანსიც ექნება გამარჯვებისა. მაგრამ თუ ზედმეტი პლურალიზმი იქნება, რომელიც აზრთა სხვადასხვაობასა და დაქსაქსულობაში გადადის, მაშინ სიტუაცია ისე გაგრძელდება, როგორც ქალბატონმა სალომემ ბრძანა, - ოპოზიცია კვლავაც ვერ მოახდენს პოლიტიკაზე აქტიურ ზეგავლენას.

- როგორ ატყობთ, დღევანდელი მდგომარეობით მოახერხებს ან ექნება იმის სურვილი ოპოზიციას, რომ ერთიანი კანდიდატი ჰყავდეს არჩევნებში?

- ვერ გეტყვით... ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მოხერხდება, რადგან ქვეყანას სჭირდება სოლიდური, პრაგმატული ოპოზიცია, რომელსაც როგორც ვთქვი, არა მარტო მოსახლეობის შიგნით ექნება მხარდაჭერა, არამედ გარეთაც. ასეთია პატარა ქვეყნის ხვედრი, - გარეშე ფაქტორები ქვეყნის შიგნითაც დიდ როლს ასრულებენ. ამიტომაც, ვფიქრობ, ისეთი კანდიდატურის შერჩევა აჯობებდა, რომელსაც ქვეყნის გარედანაც დიდი მხარდაჭერა და სიმპათია ექნებოდა...

- იმავე, 7 ნოემბრის შეხვედრაზე საინტერესო განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანაძემაც - ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც სტაბილურობის სასარგებლოდ დემოკრატიაზე თვალი დახუჭაო... ეს, ალბათ, მუდმივი დილემაა, ქართული ყოფისთვის დამახასიათებელი. სტაბილურობა თუ დემოკრატია? ან, შეიძლება თუ არა ამ ორ ცნებაზე ერთ კონტექსტში ვიმსჯელოთ?

- დიახ, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია... სტაბილურობის გარეშე ვერანაირ დემოკრატიას ვერ მივაღწევთ. ეს უახლესმა წარსულმაც გვიჩვენა. როგორც კი ქვეყანა კარგავს სტაბილურობას, უსამართლობის ისეთი ფორმები და მასშტაბები ჩნდება, რომ დემოკრატიაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ასე რომ, სტაბილურობის ხარჯზე არანაირი დემოკრატია არ დამყარდება. ეს ილუზიაა და ამ ილუზიის არსებობაში არაერთხელ დავრწმუნდით, როდესაც ჩავთვალეთ, რომ დემოკრატიის გასაძლიერებლად რაღაცის დანგრევა შეიძლებოდა. არადა ამ ნგრევას საზოგადოებისთვის ძალზე მტკივნეული შედეგი მოჰყვა... ამიტომაც მე მაინც მოვლენათა ევოლუციური განვითარების მომხრე ვარ.

- მაგრამ, აქაც ერთგვარ დილემასთან ხომ არ გვაქვს საქმე, როდესაც ევოლუციურ განვითარებას ვემხრობით და ამ დროს ამ ევოლუციაზე ხელისუფლებას ტოტალური კონტროლი აქვს დაწესებული, ან ყოველ შემთხვევაში, აქტიურად მაინც ცდილობს ამ კონტროლს? ასეთ შემთხვევაში, სტაბილურობის მძევალნი ხომ არ აღმოვჩნდებით, როგორც ეს იმავე აზიის ქვეყნებში უსასრულოდ, თაობიდან თაობამდე გრძელდება?

- უსასრულო არაფერი იქნება, თუკი ოპოზიცია გადადგამს რეალურ, ქმედით და გონივრულ ნაბიჯებს, იმავე, ერთიანობის თვალსაზრისით; თუკი ყოველ შანსს რაციონალურად გამოიყენებს. რადგან, ისევ გავიმეორებ, რომ არეულობას და ქაოსს კარგი არაფერი მოაქვს, გარდა საზოგადოების იმედგაცრუებისა და უარყოფითი კატაკლიზმებისა. არც ამ შემთხვევაში გვაქვს ალტერნატივა. როდესაც რუსეთთან ურთიერთობაზე ვსაუბრობდით, მაშინ ვთქვით, რომ სამწუხაროდ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა. აქაც ანალოგიური ვითარებაა - სხვა ალტერნატივა განვითარებისა ქართულ სახელმწიფოებრიობას არ გააჩნია. ჩავთვალოთ, რომ არის მხოლოდ ერთადერთი გზა - ევოლუციური ცვლილებების სახით, მაგრამ ესეც თაობებში არ უნდა გაიწელოს. ოპოზიციამ ყველა შანსი თანამიმდევრულად და გონივრულად უნდა გამოიყენოს და ამ მიმართულებით იაქტიუროს.

- კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მსურს გესაუბროთ და რაც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეკონომისტების მსჯელობის საგანი უფრო იყოს, მაგრამ აქ პოლიტიკასაც თავისი დიდი როლი აკისრია: გასულ კვირაში კვლავ აქტუალური იყო თამბაქოს იმპორტსა და ექსპორტზე გადასახადების გათანაბრება. თავისთავად, საკითხის ეკონომიკურ ასპექტებზე ალბათ, უპრიანი იქნება, მართლაც ეკონომისტებმა იმსჯელონ. თქვენს ყურადღებას სხვა ასპექტზე გავამახვილებდი - ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამის გაკეთება მასაც არ მოსწონს, მაგრამ იმდენად დიდია ზეწოლა ევროკავშირისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მხრიდან, იძულებულია, ეს გადაწყვეტილება მიიღოს... ჩანს, "პატარა ქვეყნის" ლოგიკით კიდევ ბევრი სხვა გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ...

- შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკაში პროტექციონიზმის მომხრე არა ვარ და არ მიმაჩნია, რომ რაც მეტი შეღავათები ექნებათ ადგილობრივ მწარმოებლებს, ეკონომიკა მით უფრო სწრაფად განვითარდება. მაგრამ ნამდვილად არის სფეროები, სადაც ადგილობრივ მწარმოებელს წახალისება და მხარდაჭერა სჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სფერო უბრალოდ გაჩანაგდება და გაქრება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი რა ზეწოლა იყო უცხოეთიდან, რომ მთავრობა თვითონაც აღიარებს, საკუთარი ნების წინააღმდეგ ვმოქმედებო, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია. ძნელი სათქმელია ისიც, გავუძლებდით ამ ზეწოლას თუ ვერ გავუძლებდით. თუ ეს რეალურ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ თამბაქოს წარმოების მცირე სექტორს, რომელიც ასე თუ ისე, ჯერ კიდევ არსებობდა, მაშინ ეს ძალზე სერიოზული საკითხია. მისი გადაჭრის უნივერსალური და მზა რეცეპტი არ არსებობს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის ქვეყნებიც კი, რომლებიც დღეს ჩვენს ეკონომიკაში ულტრალიბერალური რეჟიმისკენ მოგვიწოდებენ, ხშირად თვითონ ეწევიან ასეთსავე და უფრო დიდ პროტექციონიზმს ცალკეული, საკუთარი ეროვნული წარმოების მიმართ. ეს არის სოფლის მეურნეობის დოტაცია ევროკავშირში; ეს არის ადგილობრივ მწარმოებელთა მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ, ბიბლიურ ჭეშმარიტებად ასეთი რეკომენდაციისა თუ მოთხოვნის მიღება არასწორად მიმაჩნია, რადგან ძალიან ხშირად, ვინც ასეთ მიდგომას გვიქადაგებს, სწორედ მისი ბაზრებია დაკეტილი სხვა ქვეყნის პროდუქციისთვის ამა თუ იმ ვიწრო ადგილობრივ სექტორში... ალბათ ყველაფერს საფუძვლიანი შესწავლა და ამ შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტა სჭირდება, თორემ ასე, ცალსახადაც, გადაწყვეტილების მიღება ან ოქროს შუალედის პოვნა ძნელია. თავის დროზე იმავე მეღვინეობასთან დაკავშირებითაც მოგვცეს ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც, როგორც მაშინ გვეჩვენებოდა, ქართულ მეღვინეობას გაანადგურებდა. მაშინ ვიღაცები ამას წინ აღუდგნენ, დრომ კი აჩვენა, რომ ეს რეკომენდაცია სწორი ყოფილა.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი