"სდექ, არის ზღვარი!" - კვირის პალიტრა

"სდექ, არის ზღვარი!"

"ტუღუში, უბრალოდ, ფირნიში იყო, რომელსაც უცხოელებს აჩვენებდნენ"

"ბარამიძესაც გავუკეთოთ იგივე, რომ იამაყოს"

"ნაციონალებისთვის" ხმის მიცემა ამ საზარელ დანაშაულში თანამონაწილეობაა"

"ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ პენიტენციარულ სისტემას. მაგრამ მინდა, გითხრათ, საფრანგეთის ციხეების თანამშრომლები, ვიდრე დაინიშნებიან თანამდებობაზე, საგანგებოდ გადიან ტრენინგს და ციხის მართვას საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში სწავლობენ", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 18 ივლისს გააკეთა. საინტერესოა, რას უზამენ ზემოხსენებული ფრანგები ხათუნა კალმახელიძის მიერ თავის დროზე დიდი ზარ-ზეიმით გადაცემულ სერტიფიკატებს.

ჩვენ კი, რამდენიმე დღის წინ, დავიძინეთ ერთ საქართველოში და გავიღვიძეთ სულ სხვა ქვეყანაში - სახელმწიფოში, რომელიც თავს დემოკრატიულს უწოდებს, ხელისუფლება დასავლური სტანდარტებითა და რეფორმებით ამაყობს, მის ციხეებში კი ხდება ის, რაც საერთაშორისო კონვენციებით კლასიფიცირდება, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე. დღეს ალბათ, დაგვიანებულია იმაზე დავა, შეიძლებოდა თუ არა საზარელი ფაქტების უფრო ადრე გამოაშკარავება, მაგალითად მაშინ, "კვირის პალიტრაში" (იხ. www.kvirispalitra.ge), აღწერილი პატიმრების წამების უამრავი ფაქტიდან ერთ-ერთზე მაინც რომ მოეხდინა საზოგადოებას სათანადო რეაგირება. თუმცა, მეორე მხრივ, ალბათ, ყველაზე დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი რამ, რაც ვიდეომასალებში ვიხილეთ, შეიძლებოდა მომხდარიყო და თან ასეთი მასობრივი ხასიათი ჰქონოდა. ამ მოსაზრებას ეთანხმება კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი და აღნიშნავს, რომ მომხდარმა საქართველოში კონფორმისტთა რაოდენობა რადიკალურად შეამცირა.

- მაინც გვეგონა, რომ ეს იყო ერთეული შემთხვევები და არა ასე მასობრივი. ახლა ვნახეთ, რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს. სხვათა შორის, ასეთ საშინელებებს არასოდეს სჩადიოდნენ არასრულწლოვანთა კოლონიებში - Eეს სააკაშვილის რეჟიმის "ნოუ ჰაუა". მოკლედ, აქამდე ვცხოვრობდით სხვა საქართველოში, სადაც საზოგადოების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს "რუსთავი 2"-ისა და და "იმედის" თვალით უყურებდა და ამბობდა, რომ რაღაც მაინც კეთდება - ხიდი აშენდა, იუსტიციის სახლი შენდება, ლაზიკა, ანაკლია და ა.შ. ასე რომ, საკმაო რაოდენობის კონფორმისტი გვყავდა. დღეს სხვა მდგომარეობაა - ვინც მხარს დაუჭერს ამ ხელისუფლებას, მხარს დაუჭერს იმას, რომ ეს საშინელება გაგრძელდეს. თუ ეს შერჩათ, უარესს გააკეთებენ.

- ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ციხეებში ასეთი ამბები ხდებოდა. თუმცა სიმპტომები იყო და არის მოსაზრება, - ამ სიმპტომებისთვის დროულად რომ მიექცია საზოგადოებას ყურადღება, შესაძლოა, ეს საზარელი მოვლენები ადრევე აღკვეთილიყო.

- ხომ ვიცოდით, რომ სანდრო გირგვლიანის ცხედარი ტანსაცმელგახდილი იპოვეს?! ადამიანს, მამაკაცს რატომ ხდი სამოსს?!. გვქონდა რეაგირება? ალბათ, არა იმდენად, რაც საჭირო იყო. ნაკლები დანაშაულია, ადამიანს დილეგში რომ აგდებ, ნოტარიუსი შეგყავს მასთან, ძალით დოკუმენტზე ხელს აწერინებ და ქონებას ართმევ? ცნობილი ფაქტია - ბიზნესმენები შეყარეს ერთ საკანში, მეორე საკანში თავისი ხალხი ჰყავდათ, რომლებიც გაუპატიურების იმიტაციის ხმებს გამოსცემდნენ. რა თქმა უნდა, ამ ბიზნესმენებმა ერთ საათში დათმეს ბიზნესი. ამაზე საზოგადოებამ თვალი დახუჭა, მეტიც, ზოგიერთს გაუხარდა კიდეც - ფულებს აყაჭვინებენო. ყველაზე დიდი სიბინძურე, რაც ამათ გააკეთეს, იყო ის, რომ ჩვენს ჰომოსოვეტიკუსობაზე ითამაშეს, რომლის მიხედვითაც, მდიდრები არ უნდა გვიყვარდეს. სხვათა შორის, მსოფლიოში სწორედ იმიტომ მოიგონეს ხელისუფლების შეკავების სისტემა, რომ რომელიმე მანიაკს არ მიეცეს მანიაკური ვნებების დაკმაყოფილების საშუალება. ჩვენ კი მანიაკების მთელი სისტემა გვქონდა. სამოქალაქო კონტროლის არარსებობამ ხელისუფლების გადაგვარება და დეგრადირება გამოიწვია. ახალაია უყურებდა ამ საშინელებას თუ მისი მოადგილე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა ერთი რამ ცხადია - ისინი ლაჩრები არიან. რომელი უფრო ვაჟკაცია - ე.წ. ქურდი, რომელიც ამ უბედურების შემდეგ იძახის, ქურდი ვარო თუ ის, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა?

- საინტერესო იყო ხელისუფლების რეაქცია, რომელიც საპროტესტო აქციების ინტენსივობის მიხედვით იცვლებოდა. აქციების დაწყებამდე ხელისუფლება ავითარებდა ვერსიას, რომ პატიმართა წამების უკან თამაზ თამაზაშვილი იდგა და ამაში ფული იყო გადახდილი. თუმცა შემდეგ თამაზაშვილის თემამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. მომხდარის შეფასებისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს სისტემური მარცხია და იზიარებს აღშფოთებას, გიგა ბოკერიამ მძიმე შეცდომაზე ისაუბრა, ვანო მერაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ შოკირებულია.

- მართლაც, მივიღეთ აღშფოთებული პრეზიდენტი, შოკირებული პრემიერ-მინისტრი, გაოგნებული უშიშროების საბჭოს მდივანი და დაღონებული, მაგრამ ამავე დროს "გაბრაზებული" პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა საკითხავია, ვისკენ იყო მიმართული ეს ემოციები. დარწმუნებული ვარ, ისე, ზოგადად თქვეს, პასუხისმგებელი ვართ ყველაფერზეო. პასუხისმგებლობის ასეთი გაგება ჰქონდა შევარდნაძეს - ყველაფერზე იღებდა პირად პასუხისმგებლობას, მაგრამ საბოლოოდ არაფერზე იყო პასუხისმგებელი. ამ ხელისუფლების პირველი პირებისთვის პასუხისმგებლობა არის სიტყვა, რომელიც უბრალოდ უნდა თქვან. აღმაშფოთებელი იყო გია ბარამიძის კომენტარი. მან თავის მომხრეებს უთხრა, შეგიძლიათ ამაყად ასწიოთ თავიო. გამოდის, რომ ეს საამაყო ყოფილა ბარამიძისთვის და მასაც უნდა გაუკეთო იგივე, რომ იამაყოს. რაც შეეხება თამაზაშვილს - ამ ვერსიამ არ იმუშავა. საზარელი კადრების გავრცელების შემდეგ ნათელი გახდა, რომ თამაზაშვილი ამას ვერ მოახერხებდა. ამიტომ ეს ხელისუფლების მხრიდან უბადრუკი განცხადება იყო. გინდაც თამაზაშვილი ყოფილიყო ამის უკან - რა გამოდის, კალმახელიძე იყო იმ სისტემის უფროსი, რომლის თანამშრომლისთვის ფული რომ გადაგეხადა, ალბათ, მინისტრსაც იმავეს გაუკეთებდა, რასაც პატიმრებს.

- პროტესტს ჯერ კალმახელიძის გადადგომა, შემდეგ კი შს მინისტრობიდან ბაჩო ახალაიას წასვლა მოჰყვა. თუმცა საპროტესტო აქციების მონაწილეებს ახალაიას მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომა არ აკმაყოფილებთ, ისინი ყოფილი შს მინისტრის დაკავებას ითხოვენ.

- საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებამ ჯერ გადმოაგდო პირველი "ბარტყი" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის სახით, შემდეგ გადმოაგდეს კალმახელიძე, შემდეგ მთავარი "ბარტყი" - ბაჩო ახალაია. ყველაფერი საზოგადოებასა და მის აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუ სააკაშვილს დასჭირდა და მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხე დაემუქრა, ახალაიას კი არა, საკუთარ შვილს დაიჭერს. მაგრამ მეორე მხრივ, თუ ახალაიას დააკავებს, სამეგრელოში არჩევნებს 10-90-ზე წააგებს. ასე რომ, რთული არჩევანის წინაშეა. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ მოთამაშეს არ მოუწოდებია აქციებისთვის. ივანიშვილმა დღეს რომ დაიძახოს, შესაძლოა, ქუჩაში კრიტიკული მასა გამოვიდეს, მაგრამ მას საქმე მიზანმიმართულად მიჰყავს არჩევნებისკენ.

- როგორც ჩანს, ხელისუფლება პირვანდელ ვერსიაზე უარს არ ამბობს, რომლის მიხედვითაც, პატიმრების წამება "გარედან" იყო ინსპირირებული. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოს გამომქვეყნებლებს ქართველი ხალხის გასულელება და ქვეყნის მოუსვლელში დაბრუნება სურთ." ასევე, ამ დღეებში აქტუალური იყო კითხვა - პირადად პრეზიდენტმა იცოდა თუ არა, რა ხდებოდა საპყრობილეებში.

- ხალხი კი არ გასულელდა, გამოფხიზლდა. პრეზიდენტის ასეთი განცხადებები ადასტურებს, რომ დღეს ძალიან საშიში სიტუაციაა. მმართველი გუნდი კბილებით იბრძვის, სააკაშვილს რევანში სწყურია. "ნაციონალური მოძრაობა" მობილიზებულია, შეხვედრას შეხვედრაზე ატარებს და თითოეული ხმის წამოღებას შეეცდება. მთელი თბილისი იმას ლაპარაკობს, ამათ ხმას ვინღა მისცემსო. თუმცა საშიში ის არის, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა არჩევნების დღეს თქვას - რა ვქნა, შვილს სამსახურიდან გამომიგდებენო, ზოგს წამალი სჭირდება, ზოგს - 20 ლარი და ა.შ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ "ნაციონალებისთვის" ხმის მიცემა ამ საზარელ დანაშაულში თანამონაწილეობაა. თუ ვინმეს სურს დაიჯეროს, რომ ეს პრეზიდენტმა არ იცოდა, მისი საქმეა. თუ ეს არ იცოდა არც პრეზიდენტმა, არც შს მინისტრმა, არც გენერალურმა პროკურორმა, იუსტიციის მინისტრმა და პრემიერმა, მაშინ ეს ხელისუფლება არცოდნის გამო უნდა წავიდეს. მაგრამ ძალიან კარგადაც მოეხსენებოდათ ყველაფრის შესახებ.

- საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა, 1-ელ ოქტომბერს არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ისინი შიშობენ, რომ ხელისუფლებამ, რომლის რეიტინგსაც ბოლოდროინდელი მოვლენებით დიდი დარტყმა მიადგა, თავად მოახდინოს არეულობის პროვოცირება და არჩევნების გადადების მიზეზი შექმნას.

- საერთოდ, ხელისუფლებას "ქართული ოცნების" ქუჩაში გამოგდება დიდი ხნის განმავლობაში სურდა და მისი ყველა ნაბიჯი ამისკენ იყო მიმართული. დღეს ეს უფრო ადვილია, რადგან შესაძლოა, ახალგაზრდებმა, რომლებიც აქციას მართავენ, თქვან - ბოლოს და ბოლოს, სად არის "ქართული ოცნებაო. თუმცა ძალიან კარგია, როდესაც აქციების ორგანიზატორები დღეს აცხადებენ, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ეგიდით არ მოქმედებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ცდილობს, პრობლემა გადაჭრას პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე და არ აძლევს საშუალებას ხელისუფლებას, განაცხადოს - აქციების უკან პოლიტიკოსები დგანანო. პროტესტის პირველ დღეებში კი უნდოდათ ამის თქმა, მაგრამ არ გაუვიდათ. საზოგადოების ზემოხსენებული პოზიცია გარკვეულწილად არის გარანტი, რომ ხელისუფლება პროვოკაციების მოწყობას ვერ შეძლებს. ყYველაზე დიდი ბარომეტრი სააკაშვილისთვის დღეს საზოგადოებაა.

- საზარელ ვიდეომასალებთან დაკავშირებით არის ვერსია, რომლის მიხედვითაც, კადრების გასაჯაროებას ხელი ვანო მერაბიშვილმა შეუწყო. ამ ვერსიის მიხედვით, ახალაიების გაძლიერებამ პრემიერის შეშფოთება გამოიწვია და ზემოხსენებული მეთოდით მათ დიდი დარტყმა მიაყენა.

- არის მოსაზრებაც, რომ მერაბიშვილი ცდილობს, უძლეველობის იმიჯი შეინარჩუნოს და თავად ავრცელებს ამ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ვანოს ხელისუფლებას კი არ "გაუჩალიჩეს", არამედ ვანომ "გაუჩალიჩა" ხელისუფლებას. შესაძლოა, ამით მერაბიშვილი იმიჯის შენარჩუნებას და თავის გადარჩენას ცდილობს. ასევე, ყურადსაღებია თქვენ მიერ დასახელებული ვერსიაც.

- პატიმრების წამებასთან დაკავშირებით სკანდალს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა. დიპლომატიურ განცხადებებში გამოყენებულია ასეთი სიტყვები - "შეძრწუნება", "შოკირება", "დათრგუნვა". თუმცა ქართველი საზოგადოების ნაწილი ამ განცხადებებში უფრო მეტ კონკრეტიკას და ასე ვთქვათ, ხელისუფლებაზე ზეწოლის ნიშნებს ელოდებოდა.

- სააკაშვილი ყველგან ამბობს - ჩვენ გავაცანით მსოფლიოს საქართველოო. ისე გააცნეს, რომ ასი წელი ვერ ჩამოვირეცხავთ ამ სირცხვილს. რაც შეეხება განცხადებებს, ვინც იცის დიპლომატიური ენა, მიხვდება, რომ "შეძრწუნება" და "შოკირება" ძალიან მაღალი რეგისტრია. ამასთან დაკავშირებით, სხვა რამესთანაც გვაქვს საქმე. დასავლეთი მზად იყო, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თანაბარი ანგარიშით დამთავრებისთვის. ეს ძალიან სენსიტიური რეგიონია ამერიკისთვის თუ ევროპისთვის. მათ არ იციან, რა იქნება ივანიშვილის ბლოკის დიდი გამარჯვების შემთხვევაში და ეშინიათ ახალი, უკონტროლო და რევოლუციური ხელისუფლების მიღებისა. დღეს თუნდაც ერთი განცხადება რომ გაკეთდეს აშშ-ის მხრიდან ისეთი, როგორიც იდეაში გასაკეთებელია, არჩევნებში "ნაციონალები" დამანგრეველი ანგარიშით დამარცხდებიან და ამერიკელების აზრით, ისევ დაუბალანსებელ პოლიტიკურ სისტემას მივიღებთ. დასავლეთმა მთელი 5 წლის განმავლობაში უზარმაზარი ფული ჩაყარა იმაში, რომ შიდასახელისუფლებო ჩანაცვლება მომხდარიყო. უნდა გამოჩენილიყო ხელისუფლების შიგნით ჯგუფი, რომელიც დასავლურ პოლიტიკას განაგრძობდა და ეს უნდა გაზავებულიყო ოპოზიციური ელემენტებით. უცბად აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ხუხულასავით იშლება. ვიმეორებ, ერთმა განცხადებამ "ნაციონალებს" შესაძლოა, საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა შეუქმნას. დასავლეთში ცოტა მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. მეორე მხრივ, იმასაც ხვდებიან, რომ საქართველოში მომხდარი საშინელებაა. თუმცა ჯერ სხვა სქემის შემუშავებაც არ ხერხდება, ამიტომ ისინი ძალიან გაფრთხილდებიან.

- მაშინ ამ ფონზე რამდენად მიაღწევს დასავლეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას? სამოქალაქო სექტორმა, მათ შორის თქვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო საზოგადოებრიობას მიმართა, რომ პატიმრების წამების საქმესთან დაკავშირებული ჩინოსნების ნუსხა შედგეს, ე.წ. მაგნიტსკის სიის მსგავსი და მათ აეკრძალოს ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა.

- ამის მიღწევა აბსოლუტურად რეალურია. ეს სია შესაძლოა, 2-3 დღეში არ შედგეს, მაგრამ მუშაობა უნდა დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ მოთხოვნით სამოქალაქო სექტორს მიემართა საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის. ეს უკვე ვერდიქტია. ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელშიც მყოფი ავადმყოფი ადამიანები არიან დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები. ერთი რამ უნდა გავიგოთ - ჩვენ დაგვღუპა იმან, რომ კანონის წინაშე არავინ აგო პასუხი. საერთაშორისო საზოგადოებრიობის დახმარება იმისთვის გვჭირდება, რომ მან ერთხელ თქვას - –"სდექ, არის ზღვარი!". ეს ზღვარი ამ ხელისუფლებამ უკვე გადალახა. იმიტომ კი არ მოუწევთ დასავლურ ქვეყნებს ჩვენი მოთხოვნის განხილვა, რომ ქართველ საზოგადოებას ანგარიში გაუწიონ, უბრალოდ, საკუთარ საზოგადოებას ვერ გასცემენ პასუხს, თუ ამ ნაძირალებს შერჩათ, რაც ჩაიდინეს. საქმე გვაქვს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან. ასეთი ტიპის დანაშაულები ახსოვს ისტორიას. მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში ამას იდეოლოგიის გამო აკეთებდნენ, ზოგჯერ მიზეზი ეთნიკური დაპირისპირება იყო, ზოგჯერ სამოქალაქო ომი, როგორც ლიბიაში მოხდა. ზოგჯერ ამ დანაშაულს რელიგიური სარჩულიც ედო. მაგრამ იმას, რასაც სჩადის ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიულს უწოდებს თავს, საკუთარი მოქალაქეების, თან პატიმრების წინააღმდეგ, პრეცედენტი ნაკლებად მოეძებნება. დასავლეთში ეს კარგად იციან.

- სასჯელაღსრულების მინისტრად ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის დანიშვნამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

- ამ საშინელების გახმაურებისთანავე სახალხო დამცველის კომენტარი ასეთი იყო, - ხომ ვამბობდიო. სახალხო დამცველი არ გვჭირდება იმისთვის, რომ წელიწადში ერთხელ მოხსენებით გამოვიდეს პარლამენტში. თუ ეს იცოდი, ქვეყანა უნდა დაგენგრია, საერთაშორისო სკანდალი უნდა აგეტეხა. პირადად მე სახალხო დამცველის მოხსენებებში სიტყვა "წამება" არ შემხვედრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც კი ომბუდსმენის ანგარიშში ეს სიტყვა ჩნდება, გაეროში სხვა მექანიზმები ირთვება. ტუღუში, უბრალოდ, ფირნიში იყო, რომელსაც უცხოელებს აჩვენებდნენ. საქმე მასობრივ გაუპატიურებებთან გვქონდა და წელიწადში ერთხელ გაკეთებული მოხსენებები საკმარისი იყო?! ტუღუშს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაუნიშნეს გიორგი ლორთქიფანიძე, იგივე "ბოროტა", ტუღუში აბრა იქნება, საქმეს კი "ბოროტა" გააკეთებს. თუმცა პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებას მაინც ველოდები.