თავისუფლების მოედანზე გამართულმა აქციამ მთავარ კითხვას წინასწარ გასცა პასუხი - კვირის პალიტრა

თავისუფლების მოედანზე გამართულმა აქციამ მთავარ კითხვას წინასწარ გასცა პასუხი

"არ მეგონა, თუ ზურაბ ხარატიშვილი ასე მოულოდნელად გათარხნიშვილდებოდა"

"ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ხომ ჰყავთ ოჯახები"

როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები იქნება. შედეგებზე მომავალ კვირას ვისაუბრებთ, დღეს კი იმის თქმა შეიძლება, რომ ასეთი მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდგომ არ გვახსოვს. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, რეალურად, 2011 წლის 7 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დაიწყო. ამ ერთი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ძირითადი თემები დაჯარიმება, დაყადაღება, ნათია მოგელაძის სამსახურის გააქტიურება და ოპოზიციის აქტივისტების პერმანენტულად დაპატიმრება იყო. ბოლო კვირას კი ფარული ვიდეო თუ აუდიოჩანაწერების კასკადი ვიხილეთ.

წინასაარჩევნო კამპანიას "აქციათა შეჯიბრებაც" გასდევდა. მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" სხვადასხვა ქალაქში მანიფესტაციების გამართვა დაიწყო, ხალხმრავალი აქციები "ნაციონალურმა მოძრაობამაც" დაიწყო და მხარეები ერთმანეთს ამ ღონისძიებებზე ხალხს ლამის თითებზე უთვლიდნენ. მთავარმა კონკურენტებმა საარჩევნო კამპანია სწორედ აქციებით დაასრულეს, - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ეროვნულ სტადიონზე შეხვდა, ბიძინა ივანიშვილი - თავისუფლების მოედანზე. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, მთავარი ის კი არ არის, ვინ რამდენ კაცს მოუყრის თავს, არამედ ის, თუ "სად არის ხალხი". ამ კუთხით ექსპერტი თვლის, რომ ხალხი თავისუფლების მოედანზე იყო.

- არ დავიწყებ იმის თვლას, თავისუფლების მოედანზე უფრო მეტი ხალხი იყო თუ ეროვნულ სტადიონზე. ჯერ ერთი, ყველამ ყველაფერი თავისი თვალით იხილა. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, თუ რომელი შეკრება იყო ხალხით შემკული და რომელი - ვალდებულებითა თუ იძულებით მოყვანილებით. ჩემი აზრით, ხალხი "ქართული ოცნების" აქციაზე იყო. ემოცია ბუნებრივი, გულწრფელი გახლდათ, განსხვავებით ეროვნული სტადიონის გაბდღვრიალებული პარტერებისა, სადაც მსხდომთა მდუმარება თვალში საცემი იყო. ასე რომ, თავისუფლების მოედანზე გამართულმა აქციამ, ჩემი აზრით, მთავარ კითხვას, ალბათ, წინასწარ გასცა პასუხი.

- ამ აქციაზე ივანიშვილმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა "კიდევ ერთ ადამიანს". ჟურნალისტებმა ეს განცხადება ისე გაიგეს, რომ ეს "კიდევ ერთი ადამიანი" დაეხმარა ივანიშვილს ოპონენტისთვის ნიღბის ჩამოხსნაში და როგორც თავად განაცხადა, "ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, როგორია ჩვენი მოძალადე პრეზიდენტი". თქვენი აზრით, ვის უხდიდა მადლობას ივანიშვილი? ისე, ბევრი, ალბათ, მერაბიშვილზე იფიქრებს.

- ვის უხდიდა მადლობას ივანიშვილი, ამას მე და თქვენ კი არა, ვანგაც ვერ მიხვდებოდა. არა მგონია, მერაბიშვილი იგულისხმებოდეს, რადგან ასეთი პრიმიტიული მინიშნებები ივანიშვილს არ სჩვევია. მოკლედ, ვისაც ივანიშვილი გულისხმობდა, მათი წრე ძალიან ფართოა.

- საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან საინფორმაციო გამოშვებები, ძირითადად, ფარულ ვიდეო თუ აუდიომასალებს ეძღვნებოდა. ყველა ელოდებოდა, რომ 18 სექტემბრის შემდეგ, როდესაც პატიმართა წამების ამსახველი საზარელი ვიდეომასალა გავრცელდა, ხელისუფლება კონტრშეტევას დაიწყებდა.

- ყველასი და ყველაფრის მოსმენა ჩვენი ხელისუფლების გართობის საგანია. ხელისუფლებას მანიაკური მისწრაფება აქვს, დაარღვიოს "ადამიანის პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის შესახებ" კანონი. ეს მას სადისტურ სიამოვნებას ანიჭებს, სადიზმი კი გადმოიღვრება ხოლმე ისეთი უკიდეგანო სიმწვავით, რაც პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოჩანაწერში ვიხილეთ. ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ მიაღწია, რომ მმართველ პარტიას "მიესაჯა" ახალი სახელი "ნაციონალ-სადისტური მოძრაობა". რაც მთავარია, ხელისუფლებას მოსახლეობის წინაშე საკუთარი თავის გაკეთილშობილების არანაირი სურვილი არა აქვს, არ არის გულწრფელი და მუდმივად იტყუება. ისე მარტივად ტყუიან ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები, თითქოს სხვა პლანეტაზე სახლობენ. სწორედ ვენერასა და მარსის მოსახლეობა შეიძლება ეცადო, დაარწმუნო, რომ ბიძინა ივანიშვილი წარსულში აპირებს ქვეყნის დაბრუნებას, რომ ოპოზიციის დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს ე. წ. კანონიერი ქურდების დაბრუნება სურთ. მოკლედ, ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი.

- რამდენიმე ექსპერტის აზრით, "ოპერაცია" ხელისუფლებამ ნაჩქარევად დაგეგმა ან მასალების გამავრცელებლებს სინამდვილეში მმართველი გუნდის დისკრედიტაცია უნდათ. ამის დასადასტურებლად მოჰყავთ ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც შსს-ს მტკიცებით, ოპოზიციის წევრების ე. წ. კანონიერ ქურდებთან კავშირს ასახავს. მაგალითად, ამ ჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტად დასახელებული რევიშვილი "ნაციონალების" აქტივისტი აღმოჩნდა, არის სხვა კურიოზული შეუსაბამობებიც.

- ეს არ მიკვირს და მხოლოდ ერთის მიმანიშნებელია - მმართველი პოლიტიკური გუნდი ჩამოყალიბდა ანტიპროფესიონალურ, არაპროფესიონალური ღირებულებების მატარებელ ძალად. ეს ძალა ასეთია ყველა ვითარებაში, მათ შორის პასკვილების შეთხზვაშიც. მას მხოლოდ ხალხმრავალ ადგილებში ტყუილების ფრქვევაღა იციან და სიცრუეს თავადვე იჯერებენ.

- მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ლამის საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. პროკურატურამ საფრანგეთის ჟანდარმერიიდან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, რომლებიც ქართველ ე. წ. კანონიერ ქურდებს ეხება, გაასაჯაროვა. პროკურატურამ გაავრცელა ასევე ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ხვდება საფრანგეთში გოგა ხაინდრავა ე. წ. კანონიერ ქურდს, რეზო ლორთქიფანიძესა და რამდენიმე პირს. ხაინდრავას განმარტებით, ის საფრანგეთში თავისი ფილმის "დემოკრატიის შუქურის" პრეზენტაციისას მართლაც შეხვდა რეზო ლორთქიფანიძეს, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია და ამას არც არასოდეს მალავდა.

- ჩემი აზრით, ეს არის პრიმიტიული მისწრაფება ჩვენი ხელისუფლებისა, პრეზიდენტისა, ნებისმიერი გზით ავნოს ადამიანს, რომელმაც კინემატოგრაფიული "ძეგლი" დადგა ფილმ "დემოკრატიის შუქურას" სახით. მას შემდეგ, რაც ეს ფილმი გამოჩნდა, სააკაშვილის ლექსიკონში დამკვიდრდა ახალი ტერმინი - "ხაინდრავა". ამ გვარს მაშინ ახსენებს ხოლმე, როდესაც ქვეყნისთვის რაღაც საშინელ, უბედურების მომასწავებელ ამბებზე ლაპარაკობს. ხაინდრავასთან დაკავშირებულ ვიდეოფირზე ლაპარაკი სერიოზულ მსჯელობას არ დაემსგავსება, რადგან თავად პროკურატურა ამბობს, რომ არ არსებობს ტექსტი, თუ რაზე ისაუბრეს ამ შეხვედრაზე.

- პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ლაპარაკი იყო იმ საფრთხეზე, რაც ხელისუფლებას შესაძლოა, ე. წ. კანონიერმა ქურდებმა შეუქმნან. ლაპარაკია "მხედრიონის" მსგავსი დაჯგუფების შექმნის საშიშროებაზე, იმაზე, რომ ქურდებს შეუძლიათ, ოპოზიციას გადატრიალების მოწყობაში დაეხმარონ და "ახალი რეჟიმის" პირობებში კრიმინალურ ავტორიტეტებს ძველი გავლენის აღდგენის შესაძლებლობა მიეცემათო. სხვათა შორის, საზოგადოებამ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ფრანგულმა მხარემ ტექსტი კი არა, მისი გამოქვეყნება გააპროტესტა.

- ეს ტექსტი ნამდვილად ჟანდარმერიის არის თუ არა, მაშინ გაირკვევა, რაც ფრანგები ტექსტს ქართულიდან ფრანგულად თარგმნიან. ფრანგებმა ჩვენს პროკურატურას ფრანგული ტექსტი მისცეს და ამათ რა გადმოაქართულეს, საკითხავია. როგორი თარჯიმნებით სარგებლობს ჩვენი ხელისუფლება, კარგად გვახსოვს ჟვანიას დაღუპვის შემდგომ, როდესაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტი აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსით თარგმნეს, რათა დაედასტურებინათ ის ვერსია, რომელსაც თვითონ ჯიუტად იმეორებდნენ. როდესაც გყოფნის თავხედობა, რომ უკუღმა გამოაქვეყნო ამერიკელების დოკუმენტები, სხვა რამის გაყალბება, ჩვენი უტიფარი და უსირცხვილო ხელისუფლებისთვის, ძნელი ნამდვილად არ არის.

- გასულ კვირას სხვა ფარული ჩანაწერებიც ვიხილეთ. მაგალითად, სავარაუდოდ, 2005 წელს გადაღებული ვიდეოფირი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს ასახავს. ამ ჩანაწერში საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაინახა, თუ როგორ ერევა პირადად სააკაშვილი ტელეკომპანიების მფლობელების ურთიერთობაში ან როგორ შესჩივის პატარკაციშვილი მერაბიშვილს ხელისუფლებისგან შესაძლო "გადაგდებაზე". ასევე, ვნებათაღელვა მოჰყვა "ქართული ოცნების" წევრების შესახებ ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას სახელით ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

- რაც 2005 წელს გადაღებულ ჩანაწერში ვიხილეთ, ალბათ, საიდუმლო არავისთვის არის. რაც შეეხება სურმავას სახელით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, "ქართული ოცნების" წევრთა საუბრებში არაფერი მომისმენია ისეთი, რაც საზოგადოების ინტერესს გამოიწვევდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ფირი სახელისუფლებო სტრუქტურების სადიზმზე, რომელი ოპოზიციონერი რას იტყვის თავის კოლეგაზე ხუმრობით ან ბრაზით, იმდენად მეასეხარისხოვანია, რომ ისევ ხელისუფლება მეცოდება, - ვერაფერი უპოვია და არც საკუთარი შრომა ენანება, რომ მსგავსი პასკვილები შეთხზას.

- ანუ თქვენ დასაშვებად მიგაჩნიათ, რომ აუდიოჩანაწერები რეალურია? შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. მათი გავრცელების მიზანი ის ხომ არ იყო, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, ახლა ჭამენ ერთმანეთს და თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ, მერე რაღა იქნებაო.

- აბსოლუტურად არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, რეალურია თუ ფალსიფიცირებული. იმას, რასაც ვისმენთ, რა მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას თავი გარეთ გამოსაყოფი არა აქვს, თუნდაც მხოლოდ რუსთაველის ფრაზებით რომ ილაპარაკოს. ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო - ეს არის ლოგო "ნაციონალ-სადისტური მოძრაობისა".

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კიდევ ერთმა მასალამ, რომლის მიხედვითაც, აჭარის კუდ-ის ხელმძღვანელი ჩეჩენ "კილერებს" კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანის მკვლელობას უკვეთს. ამან ზოგიერთ ექსპერტს "ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟი გაახსენა, როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუ როგორ "გადააგდო" ხელისუფლებამ ე. წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელთანაც მანამდე "საქმიანი" ურთიერთობა ჰქონდა.

- ანალოგიური ურთიერთობა დიდი ალბათობით ვატო ყიფიანთანაც ექნებოდათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა უნდათ, განიწმინდონ, რადგან წარსულის ეს ნაწილი თუ ამოტივტივდა, პოლიტიკური დამუნჯების პერსპექტივის წინაშე დადგებიან. ხელისუფლების პრინციპია, რაც არ მოსწონს საკუთარ წარსულში, ის აღარ უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების წევრებს ერთმანეთშიც მოუვიდეთ კონფლიქტი. სხვათა შორის, ამის ნიშნები უკვე არის. როდესაც ახალაიების კლანი ისე მომძლავრდა, რომ ფაქტობრივად როლანდ ახალაია უმაღლესი მთავარსარდალი გახდა, რადგან ერთი შვილი პოლიციას აკონტროლებდა, მეორე კი ჯარს, ეს არ დარჩენიათ შეუმჩნეველი ამ კლანთან დაპირისპირებულ სხვა ჯგუფებს. შედეგად, მივიღეთ ცნობილი ვიდეომასალა და ბაჩო ახალაიას ჩამოცილება სახელისუფლებო სტრუქტურებისგან. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩო ახალაია ისევ მოგვევლინოს არჩევნების შემდეგ. თანამებრძოლებს ე. წ. ქურდული მენტალიტეტის მატარებლები არ გაწირავენ ხოლმე. ასე რომ, ბაჩოს შეუძლია მშვიდად იყოს. მას აუცილებლად მიხედავს თავისი გუნდი, რომელსაც ასიამოვნებდა ხოლმე თავისი სადიზმით.

- კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა განაცხადა, რომ მის წამებაში მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე - სახელისუფლებო განუკითხაობის მორიგი დეტალი გახდა ცნობილი თუ მოლაშვილმა ზემოხსენებული განცხადებით შური იძია მმართველი გუნდის პირველ პირებზე?

- მე დაველოდები ბოკერიას კომენტარს. თუნდაც მოლაშვილის განცხადება ცილისმწამებლური იყოს, ბოკერიას ცოტა მეტი არგუმენტი დასჭირდება, რომ ეს არ დავიჯეროთ. თუ ბატონი გიგა საჭიროდ ჩათვლის განცხადების გაკეთებას, ვთხოვ, ნუ აჰყვება თავის პოლიტიკურ ბოსებს და ტყუილებით ნუ გამოავსებს საკუთარ კომენტარს. რაც შეეხება მოლაშვილს, სტრასბურგის სასამართლო თავის სიტყვას იტყვის და არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლება ევროსასამართლოს კვლავ იგნორირებას გაუკეთებს. ასე, ალბათ, მანამდე იქნება, სანამ ქალბატონ ბურჯალიანს საფრანგეთში პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადებენ.

- შეგახსენებთ სულხან მოლაშვილის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ სავარაუდო "არეულობის ფონზე არ არის გამორიცხული, იერიში მიიტანონ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და თავად ივანიშვილზე". უშვებთ მოვლენების ასე განვითარების შესაძლებლობას?

- უპასუხისმგებლო და მატყუარა ხელისუფლება ყველაფერს იკადრებს. მაგრამ იმედია, მთლად ელიტურ სართულზე თუ არა, იმის ქვემოთ მაინც გადარჩენის ინსტინქტი ძლიერია. ბოლოს და ბოლოს, ოჯახები ჰყავთ და იმედია, არ ჩაიდენენ ისეთ უმსგავსობას, რაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ ქვეყანაში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს უფლებებისა და თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე.

დიდი მნიშვნელობა ექნება არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას. ისინი კაპიტულანტური განწყობების დასამკვიდრებლად მოტივირებული არ არიან. დასკვნის გამოქვეყნებისას თბილისში მაინც არ იქნებიან, აქ ჩაატარებენ ზოგად ბრიფინგს, რომლის დროსაც არც მწვადს დაწვავენ და არც შამფურს, სამშობლოში კი დასკვნას დოკუმენტურ სახეს მისცემენ.

- არჩევნები რომ არა, ალბათ, წინა კვირის მთავარი თემა პრეზიდენტის გაეროში გამოსვლა იქნებოდა. სხვათა შორის, ზოგიერთ ექსპერტს დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისე გამოვიდა, თითქოს საქართველოს რომელიმე რეგიონში მიტინგზე ამბობდა სიტყვას.

- აგრესიულობის ხარისხი და ტემპი მართლაც უფრო სამიტინგო იყო. ჩემთვის კი უფრო ბევრისმთქმელი იყო ის, რომ სააკაშვილის მართვადმა არც ერთმა ტელეარხმა პრეზიდენტის გამოსვლა პირდაპირ ეთერში არ გადასცა, ეს გააკეთა მხოლოდ "მაესტრომ". ასეთი რამ ადრე არ მომხდარა. როგორც ჩანს, არსებობს ამ ქვეყანაში უხილავი ცენზორი, რომელიც ერიდება სააკაშვილის პირდაპირ ეთერში გამოჩენას და მხოლოდ გაკეთილშობილებულ ფირს და გადამოწმებულ ფრაზებს ავრცელებს.

- გასულ კვირას აქტუალური იყო საკითხიც, თუ ვინ უნდა გამოიძიოს პატიმართა წამების საქმე. თქვენი აზრით, არის შანსი, რომ ხელისუფლება დათანხმდეს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას და საქმის გამოძიება სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეულ საზოგადოებრივ პროკურორს ანდოს?

- საზოგადოება ვალშია უწმინდესთან, რადგან სწორედ პატრიარქის თხოვნაა, რომ საზოგადოებრივმა კომისიამ გამოიძიოს პატიმართა წამების საქმეები. კარგია, რომ ამისთვის იბრძვის სამოქალაქო სექტორიც. ვნახოთ, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება, თუმცა, ალბათ, ოპტიმისტური პროგნოზი არ უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, ხელისუფლება ამბობდა, რომ საარჩევნო კოდექსში სამოქალაქო სექტორის აზრი გაითვალისწინა, მაგრამ ცესკომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საარჩევნო უბნებზე ფოტო/ვიდეოგადაღება შეზღუდა. არ მეგონა, თუ ზურაბ ხარატიშვილი ასე მოულოდნელად გათარხნიშვილდებოდა.