"არ მინდა, საქართველოს პრეზიდენტი ციხეში იჯდეს" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, საქართველოს პრეზიდენტი ციხეში იჯდეს"

"პირველად 21 წლის განმავლობაში, პროფესიონალთა მთავრობა გვეყოლება"

"გიგის გვარდიაზე ხმაურის ატეხა არც ღირს"

გასულ კვირას საქართველოში ოფიციალურად დაიწყო გარდამავალი პერიოდი - ძველი მთავრობა გადადგა, ახალი მინისტრთა კაბინეტი კი ჯერ არ დამტკიცებულა. გარდამავალი პერიოდი და ხელისუფლების ოფიციალური გადაბარება ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, როდესაც ახალი პარლამენტიც და მთავრობაც მუშაობას შეუდგებიან. ამ გარდამავალ პერიოდს მეთვალყურეობს დასავლეთი, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, რომ 1-ლი ოქტომბრის არჩევნები ისე არ დასრულდა, როგორც 2008 წლის საარჩევნო პროცესი. ხელისუფლების გადაბარების პროცესში საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე.

კერძოდ, როგორც აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, ძალაუფლების გადაცემა ეფექტურად მიმდინარეობს და ამის სიგნალი სწორედ ზემოხსენებული შეხვედრის შემდეგ წამოვიდა. სააკაშვილ-ივანიშვილის შეხვედრა ქართველი საზოგადოებისთვის ერთდროულად მნიშვნელოვანიც იყო და უცნაურიც, - ჩვენთვის ყველაფერი, რაც ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას უკავშირდება, სიახლეა. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ცხოვრების წესები მკვიდრდება და უკვე დროა, ეს აღარ გვიკვირდეს.

- გვიკვირს ის, რაც დასავლური პოლიტიკური ცხოვრებისთვის ელემენტარულია. დებატებზე მისული მით რომნი და ბარაქ ობამა ერთმანეთს გადაეხვივნენ, თუმცა მანამდე, რბილად რომ ვთქვათ, ერთიმეორეს აკრიტიკებდნენ. მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ეს ნორმალურია და მივესალმები. ბოლოს და ბოლოს, მხეცები არა ვართ და დროა, ქართულ პოლიტიკაში ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი წესები დავამკვიდროთ.

- ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის შემადგენლობის დიდი ნაწილი დაასახელა. თქვენი აზრით, რა კრიტერიუმებით შეარჩია მინისტრობის კანდიდატები და შეიძლება თუ არა უკვე პროგნოზის გაკეთება მომავალი აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურობა-არაეფექტურობაზე?

- ჩემი აზრით, ახალ მთავრობას ორი ნიშანი ახასიათებს: პირველი - ყველა მინისტრობის კანდიდატი პატიოსანია. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა ვინმეზე ზეწოლა მოახდინონ ან გამომძალველებად გადაიქცნენ, და მეორე - ყველა პროფესიონალია. მოკლედ, პირველად 21 წლის განმავლობაში, პროფესიონალთა მთავრობა გვეყოლება.

- ივანიშვილს ოპონენტები ზოგიერთ კანდიდატურას უწუნებენ, რომ მთავრობაში "შევარდნაძის მინისტრები" ამირან გამყრელიძე და დავით კირვალიძე დააბრუნა.

- ჩემი აზრით, ზემოხსენებული არგუმენტი არაფრის მთქმელია. მაგალითად, მე პირადად ვიცნობ დავით კირვალიძეს, რომელიც ერთ-ერთ უპატიოსნეს ადამიანად მიმაჩნია. მან უნდა ჩაიბაროს სფერო, რომელშიც სავალალო მდგომარეობაა - სოფლის მეურნეობის სექტორი იმდენად სუსტია, რომ უზარმაზარი ძალისხმევაა საჭირო, მდგომარეობა რომ გამოსწორდეს.

- ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანია, შსს-ს ხელმძღვანელად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. თქვენი აზრით, ასეთ საკვანძო პოსტებზე კანდიდატურის შერჩევისას მთავარი როლი პირადმა ნდობამ შეასრულა? ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ღარიბაშვილს მუშაობა გაუჭირდება, რადგან მანამდე სამართალდამცავ სტრუქტურაში არ უმუშავია.

- შს მინისტრად დანიშვნამდე ვანო მერაბიშვილს ჰქონდა ამ საქმეში გამოცდილება? ასეთ პოსტებზე კანდიდატურების შერჩევისას ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად სწორად მოიქცა.

ამ საკვანძო თანამდებობებზე ისეთი პირები უნდა მუშაობდნენ, რომელთაც ივანიშვილი როგორც საკუთარ თავს, ისე ენდობა.

ჩვენ არ გვიყვარს არც საკუთარი და არც სხვისი შეცდომების გათვალისწინება. თუმცა, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა გაითვალისწინა შევარდნაძის შეცდომები და ცდილობდა, ისეთი ხალხი დაენიშნა თანამდებობებზე, რომ ღალატი გამოერიცხა. ბიძინა ივანიშვილსაც აბსოლუტურად სწორი მიდგომა აქვს, რათა ღალატი გამორიცხოს. ისე, მე რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, ჩემი ბიძაშვილი დამენიშნა თავდაცვისა თუ შს მინისტრად. თუ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გაკეთება გინდა, ასეთ პოსტებზე უნდა დანიშნო კაცი, რომელსაც ბოლომდე ენდობი.

- ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილი წარადგინა. ახალ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის როლი იზრდება - ქვეყნის მეორე პირის პოზიციაზე დიდწილად არის დამოკიდებული, თუ როგორ იმუშავებენ ერთად პარლამენტი და ოპოზიციონერი პრეზიდენტი და შევა თუ არა ეს ურთიერთობა ჩიხში.

- ბიძინა ივანიშვილმა მართლაც საინტერესო სვლა გააკეთა, - თავისი ახლობელი მანანა კობახიძე კი არ წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, არამედ გაცილებით პროფესიონალი დავით უსუფაშვილი. მასთან არაერთი იურიდიული საკითხის გამო მქონია საუბარი და მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია. ამავდროულად, გამოცდილი პოლიტიკოსია. შესაძლოა, ძალიან ქარიზმატული არ იყოს, მაგრამ ძალიან ზომიერია, რაც თავის პოლიტიკურ კარიერაში არაერთხელ დაამტკიცა. დავით უსუფაშვილს ყოველთვის აწონილი, არაექსტრემისტული პოზიცია აქვს. ჩემი აზრით, თუ გვინდა, ჩვენი საკანონმდებლო ორგანო ნორმალურ პარლამენტს დაემსგავსოს, ქვების სროლა კი აღარ უნდა იყოს, არამედ საჭიროა ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ შესაძლებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან".

- ალბათ, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე ვერაფერს გახდება, თუ კომიტეტების თავმჯდომარეებმა ეფექტურად არ იმუშავეს.

- მომავალი გვაჩვენებს. მათგან ბევრს ვიცნობ, ბევრს - არა. მაგალითად, ვიცი, რომ დავით ონოფრიშვილი პროფესიონალია. ასევე, მივესალმები ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

- ისე, ბიძინა ივანიშვილს ხმალაძე საპრეზიდენტო კანდიდატადაც ესახება.

- ვახტანგ ხმალაძე ძალიან მიყვარს, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო, პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ გამოდგება.

პრეზიდენტი უნდა "ფარავდეს" მთლიანად საზოგადოებას და არა მხოლოდ იურიდიულ საკითხებს. ჩვენ ხომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ. მე პრეზიდენტად ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, კარგ ფილოსოფოსს ან ხელოვანს ვისურვებდი.

- ცნობილია ის კანონპროექტები, რომლებსაც პარლამენტი პირველივე სხდომებზე დაამტკიცებს. მაგალითად, ამნისტიის შესახებ კანონზე "ქართულ ოცნებაში" უკვე მუშაობენ. ასევე, პარლამენტი მიიღებს კანონს "კონკურენციის შესახებ", რომლის მიზანი ელიტურ კორუფციასა და მონოპოლიებთან ბრძოლა იქნება.

- ამნისტიის შესახებ კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ანტიმონოპოლიური კანონის ამოქმედებაც. ამას 7 წელია გავიძახი, მაგრამ არავინ მისმენს. ასეთი კანონპროექტის სამ ვარიანტს გავეცანი და ერთ-ერთის შემუშავებაში მეც ვმონაწილეობდი.

ანტიმონოპოლიური სამსახური და კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია. ასეთი ანტიკარტელური კანონმდებლობა აშშ-ში დიდი დეპრესიის შემდეგ მიიღეს. სწორედ ანტიკარტელური კანონმდებლობით მოახერხა აშშ-მა, რომ სწრაფად გაევლო ეკონომიკური განვითარების გზა. იმავდროულად, რამდენიმე ეკონომიკური კანონიც არის მისაღები. მაგალითად, უნდა შესწორდეს კანონი "აქციების შესახებ". მიმაჩნია, რომ სწორედ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის საფუძველი. გარდა ამისა, ეს შექმნის კაპიტალის ბაზარს. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ნაადრევი იყო საფონდო ბირჟის შექმნა და მართალიც იყო. მაგრამ თუ "კონკურენციის შესახებ" კანონი ამოქმედდა, ძალაუნებურად კაპიტალის ბაზარიც ამოძრავდება.

- მთავარი პროკურორობის კანდიდატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გადახედავენ ყველა საქმეს, დაწყებული გირგვლიანის მკვლელობითა და რობაქიძის ტრაგედიით დამთავრებული. ყველაზე დიდი ინტერესი კბილაშვილის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც თავიდან დაიწყება ზურაბ ჟვანიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების გარემოებების შესწავლა.

- რა თქმა უნდა, საზოგადოებამ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა მიიღოს. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების ხელახლა შესწავლას, ამას დიდი პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელიც, ალბათ, ექნება ამ ხელისუფლებას. თუმცა მარტო პოლიტიკური ნება არ არის საქმე. თოკის ბოლოები ისე ღრმად არის ჩაფლული მიწაში, რომ ჩემი აზრით, იურიდიულად გაჭირდება გამოძიება.

- საგამოძიებო კომისია შეიქმნება პარლამენტშიც, რომელსაც თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს. არსებული ინფორმაციით, კომისიაც დაიწყებს გახმაურებული საქმეების შესწავლას და სხვადასხვა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხზე დასკვნას გამოაქვეყნებს. არ არის გამორიცხული, კომისიამ 2008 წლის არჩევნების დარღვევების შესწავლაც დაიწყოს. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, თუ რომელიმე ზემოხსენებული საქმის გამოძიება ბოლომდე მივიდა, დადგება ქვეყნის პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

- ორ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას. პირველი - მართლა არ მინდა, საქართველოს პრეზიდენტი ციხეში იჯდეს. ეს ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მეორე - არ მინდა, ეს ყველაფერი გადაიზარდოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში. თუ მოვლენები ასე განვითარდა, ჩვენი სახელმწიფო დიდ დარტყმას მიიღებს. თუმცა ამავე დროს ამ საქმეების გამოძიება აუცილებელია და კანონი სრულად უნდა იყოს დაცული და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. უკანონოდ წართმეული ქონება უნდა დაუბრუნდეს კანონიერ პატრონს, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებმა კი დაუყოვნებლივ დატოვონ საპყრობილეები. ვიღაცამ კი ამაზე პასუხი უნდა აგოს. აუცილებელი არ არის, ამას სისხლისსამართლებრივი ფორმა ჰქონდეს, მაგრამ მორალური პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოთ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ისეთ შემთხვევებს, როდესაც საქმე, მაგალითად, მკვლელობას ან მსგავს დანაშაულს ეხება. ორი აზრი არ არსებობს - ყველაფერი უნდა გამოძიებულ იქნეს თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. მაგრამ მოდი, ერთიც ვთქვათ - ძალიან ბევრ მოქალაქეს, რომელმაც 2004 წელს მისცა ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში მოხდა. იმიტომ, რომ სულ მცირე 2006 წლამდე ხალხი დუმდა. ამბობდნენ, ახალი ხელისუფლებაა და ვაცალოთო. არადა, როდესაც ხედავ, რომ კანონი ირღვევა, რომ კონსტიტუცია ერთ კაცზეა მორგებული, ხმა უნდა ამოიღო. დუმილსა და თვალის დახუჭვას ყოველთვის ცუდი შედეგი მოაქვს.

- პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დამატებითი ფუნქციებით აღჭურვა დაიწყო. მან შსს-ს დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და სდსს-ს გადასცა "სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო"; სახელმწიფო დაცვას დაუქვემდებარა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც მანამდე ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურა იყო. თქვენი აზრით, რა მიზანი აქვს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებებს?

- ჩემი აზრით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ავადმყოფური შიშით არის გამოწვეული, რადგან ჰგონია, ვინმემ ახალი მთავრობიდან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს. რაც შეეხება სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს დაცვის სამსახურისთვის გადაცემას, ეს უშედეგო მცდელობაა, დამალოს, თუ სად და ვის ჯიბეებში წავიდა ფულადი სახსრები. ფული რომ მთლიანად კანონიერად არ დახარჯულა, დარწმუნებული ვარ.

- თბილისის მერი კი ქმნის დედაქალაქის უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც ზოგიერთმა ექსპერტმა უგულავას "პირადი გვარდიაც" უწოდა.

- გიგი უგულავას გადაწყვეტილება მიმბაძველობით არის გამოწვეული. გარდა ამისა, ეს შეშინებული კაცის ნაბიჯია და დიდი ხმაურის ატეხა ამის გამო არც ღირს.

- ზოგიერთმა ექსპერტმა პრეზიდენტის თუ უგულავას ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებში კონტრშეტევის წინ პოზიციის გამყარება დაინახა.

- როგორ უნდა მოემზადოს კონტრშეტევისთვის "ნაციონალური მოძრაობა", გაუგებარია. ვთქვათ, გავიდა 6 თვე და პრეზიდენტმა დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა არჩევნები. ამომრჩეველს ისეთი რეაქცია ექნება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნება, დასავლეთს კი ნეგატიური რეაქცია ექნება. ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდა წევრები, რომელთაც სისხლში არა აქვთ ხელები გასვრილი, ამაზე არ წავლენ. რატომ უნდა შეალიონ ცხოვრება ბინძურ საქმეებში გარეულ რამდენიმე ადამიანს? ვნახოთ, როგორ წარიმართება საპარლამენტო ცხოვრება. რატომღაც გვავიწყდება ისტორიის გაკვეთილები, - როგორ დაიშალა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" ან რა დაემართა "მოქალაქეთა კავშირს". იგივე ელის "ნაციონალურ მოძრაობასაც", რაც, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, რადგან მინდა, ქვეყანაში იყოს ძლიერი ოპოზიცია. სხვა საკითხია, თუ როგორი მორალური ნიშნის მატარებელია.

- თქვენ დასავლეთის ნეგატიური რეაქცია ახსენეთ იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალები" კონტრშეტევას დაიწყებენ. თუმცა ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ თუ აშშ-ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი მით რომნი გაიმარჯვებს ჯონ მაკკეინისა თუ დიკ ჩეინის მეცადინეობით, აშშ-ის შეფასებები "ნაციონალების" სავარაუდო მოქმედებების თაობაზე, ასე ვთქვათ, უფრო რბილი იქნება.

- მე ვერ ვხედავ დიდ ალბათობას, რომ თეთრ სახლში რესპუბლიკელები მოვლენ. სულ მცირე 70% არის იმის შანსი, რომ არჩევნებში ბარაქ ობამა გაიმარჯვებს. ამ კითხვაზე გიპასუხებთ ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვებით: "ამერიკის შეერთებულ შტატებს არა ჰყავს მეგობრები და მტრები, ამერიკას საგარეო პოლიტიკაში აქვს თავისი ხანგრძლივი ინტერესები".

გამოვრიცხავ, რომ აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოში არსებული ვითარებისადმი შეიცვალოს იმის მიხედვით, რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ არჩევნებში თუ დემოკრატები.

სხვათა შორის, თავად მაკკეინმაც თქვა საქართველოში ვიზიტისას, რომ ისინი ქვეყანას უჭერენ მხარს და არა რომელიმე საარჩევნო კანდიდატს.

- თქვენი აზრით, ვიხილავთ თუ არა იმ პირების "აღიარებითი ჩვენებების" სერიას, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა საეჭვო საქმეში "ნაციონალურ" ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ? "პირველი მერცხალი", ალბათ, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილია, რომელმაც ღია ეთერში ისაუბრა, თუ როგორ იღებდა დავალებებს შპს "ბურჯის" თაობაზე მურთაზ ზოდელავასგან.

- ასეთ განცხადებას კიდევ ბევრს ვიხილავთ. როგორც მოგახსენეთ, ქართველებს ღალატი გვიყვარს და ეს სულაც არ არის საოცარი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ბინძურ საქმეში ხარ გარეული, პასუხიც უნდა აგო და ვერაფერი გაგამართლებს.