"ხალხი ელოდება, რომ სამართალმა პური სწრაფად ჭამოს" - კვირის პალიტრა

"ხალხი ელოდება, რომ სამართალმა პური სწრაფად ჭამოს"

ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე, ამიტომ, მოდით, კალაძე მას "ვაპატიოთ"

არჩევნებამდე ძალზე ოპტიმისტურად გვეჩვენებოდა პროგნოზი, რომ ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანო პირველი სხდომისთვის მშვიდად მოემზადებოდა და ძირითადი პრობლემა ქუთაისის პარლამენტის შენობის მდგომარეობა იქნებოდა. არჩევნებამდე ბევრი მიიჩნევდა, რომ პირველი სხდომა საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართებოდა. საბედნიეროდ, ქართველი საზოგადოების სიმტკიცისა და დასავლეთის მკვეთრი პოზიციის გამო, მოვლენები "ტრადიციული" სცენარით არ განვითარდა. 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს განსახილველი, თუმცა პირველ რიგში, ალბათ, საკანონმდებლო ორგანომ თავისი რეალური ფუნქცია უნდა დაიბრუნოს. ბოლო წლებში პარლამენტი ისე დაკნინდა, რომ მას მთავრობის ნოტარიუსს უწოდებდნენ, ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს კი ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან კროსვორდებს უგზავნიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში იყო შემთხვევებიც, როდესაც კანონპროექტის მესამე განხილვის წინ, ოპოზიციონერები აღმოაჩენდნენ, - უმრავლესობას დოკუმენტისთვის რამდენიმე მუხლი თვითნებურად დაუმატებია იმის იმედით, რომ გადაღლილ დეპუტატებს ეს "გამოეპარებოდათ". მოკლედ, საქართველოს პარლამენტიც, მთელი ქვეყნის არ იყოს, ისტორიის ახალ ეტაპს იწყებს. ამას ეთანხმება  პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ "მერვე მოწვევის  საკანონმდებლო ორგანო ეფექტური იქნება".

- საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა ამის იმედს ნამდვილად იძლევა. ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტი შედგა. რაც მთავარია, ეს მოხდა მშვიდობიანად და ცივილიზებული გზით. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი დასავლეთს მიუძღვის.  არჩევნებამდე დასავლეთიდან არაერთხელ მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ თუ საქართველოში პროცესები დემოკრატიულ იერს მიიღებდა, ევროპა და აშშ  მხარს დაუჭერდნენ როგორც ქვეყანას  მთლიანად, ისე მის პოლიტიკურ ლიდერებს. სწორედ დასავლეთის პოზიციის გამო, სააკაშვილმა სასწრაფოდ შეაჩერა "ზონდერბრიგადების" მზაობა და ყველა ის პროცესი, რაც "ნაციონალების" ხელისუფლებისთვის ბრძოლას გადაიყვანდა ძალისმიერ რელსებზე. საბოლოოდ, მშვიდობიანი ფინალი მივიღეთ.

- თქვენი აზრით, რამდენად მყარი იქნება ფრაქციებად დაყოფილი უმრავლესობა? ბლოკი "ქართული ოცნება" მაინც სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან შედგება. ასევე, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ დაშლა პირველ რიგში "ნაციონალურ" საპარლამენტო უმცირესობას ემუქრება.

- არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობა" მართლაც დაიშალოს, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს პარლამენტში ყოფილი მმართველი ძალა, ჩემი აზრით, სწორედ დასავლეთის პოზიციის გამო, "ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე იქნება ძალიან დამყოლი და ხავერდოვანი. "ქართული ოცნება" კი მრავალფრაქციული იქნება, თუმცა მეეჭვება, ამან შიდა ნაპრალები გააჩინოს, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ძალის,  სიცოცხლისუნარიანობის გაქრობის  პროცესი არ დასრულებულა. სანამ "ნაციონალური მოძრაობისა"  და იმ დანაშაულებების თემა, რომელთა გამოძიებასაც მოსახლეობა მოითხოვს, აქტუალური იქნება, "ქართული ოცნების" ერთიანობას საფრთხე არ დაემუქრება.

- დანაშაულებებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოიძიებს. ამ კომისიის მუშაობის დაწყების შემდეგ ხომ არ დასრულდება, როგორც თქვენ ბრძანეთ, "ნაციონალური მოძრაობის" ხავერდოვნებისა და დამყოლობის ეტაპი?

- თუ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კონტრშეტევისთვის მოემზადება, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამას რესურსები სჭირდება. ადამიანური რესურსები კი "ნაციონალურ მოძრაობას" სულ უფრო უმცირდება. ამდენი გაქცეული მინისტრი, მგონი, საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს. როცა მინისტრები გარბიან, დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანები უფრო ენერგიულად შველიან თავს გაქცევით. ასე რომ, თუ "ნაციონალურ მოძრაობას"  კონტრშეტევა მოუნდა, მას საამისოდ, ელემენტარულად, ჯარისკაცები არ ეყოლება.

- გასულ კვირას მთავრობის სრული შემადგენლობა გახდა ცნობილი. ვინ არის ოპტიმალური კადრი და ვის გაუჭირდება დაკისრებული მოვალეობის შესრულება? შეგახსენებთ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ენერგეტიკის მინისტრად კახი კალაძის წარდგენას აჟიოტაჟი მოჰყვა. ასევე, არასამთავრობოების ნაწილს შენიშვნები აქვთ განსახლების მინისტრად წარდგენილ დავით დარახველიძესთანაც, რომელსაც ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

-  "ქართულ ოცნებაში" ბევრი იურისტი და ეკონომისტია, რაც მისასალმებელია, რადგან თუ გავიხსენებთ სხვა პარტიებს, მათთან ბევრი მოლაპარაკე იყო, მაგრამ შესაბამისი დარგების ცოტა პროფესიონალი. არადა, სახელმწიფო ეფუძნება სწორედ ეკონომისტებისა და იურისტების გამართულ მუშაობას.  დღეს ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა და ეს აისახა კიდეც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე. შესანიშნავი კანდიდატებია ეკონომიკურ და იურიდიულ ბლოკებში. თუმცა სხვა სფეროების მიმართ ჩნდება კითხვის ნიშნები.

რაც შეეხება კალაძის საკითხს - გავიხსენოთ, რა ეტაპზე გამოხატა კალაძემ პროტესტი, გავიხსენოთ ისიც, რომ მან პროტესტი გამოხატა არა პირად საკითხზე,  როგორც ყველაზე ხშირად ხდება, არამედ მეგობრის გამო. მას შემდეგ კალაძის პოზიციას სიმყარე არ მოჰკლებია, აზრი არ შეუცვლია, რაც, სხვათა შორის, ბევრმა ვერ მოახერხა. ასეთი პიროვნული თვისებების ფონზე ძნელია, რომ კონკრეტულ სფეროში კალაძის პროფესიონალიზმის საკითხი წინა პლანზე წამოვწიოთ. ბიძინა ივანიშვილმა ითხოვა კიდეც, კალაძე არ არის პროფესიონალი, მაგრამ მჯერა, რომ ის მოახერხებს, საქმეს კარგად გაუძღვეს და მომეცით უფლება, ეს ნაბიჯი გადავდგაო. "ქართული ოცნების" ლიდერი ცდილობს, გზა გაუხსნას კალაძეს და მის პოლიტიკურ პროფესიონალიზმს მეტი შესძინოს. ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე ამ ოცი წლის განმავლობაში და ახლაც, პრაქტიკულად, საქართველოს ისტორია შემოატრიალა. ამიტომ, მოდით, კალაძე მას "ვაპატიოთ". რაც შეეხება დარახველიძეს, ალბათ, გაირკვევა ყველა გაუგებრობა.

- ტელერადიოკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, რაც საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო. უცნობია, რა პროცესები უძღოდა ამას წინ. ერთი ვერსიით, ეს საკითხი ივანიშვილ-სააკაშვილის შეხვედრაზე გადაწყდა, მეორე ვერსიით კი, გადამწყვეტი როლი ისევ საერთაშორისო ჩარევამ ითამაშა.

- მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ არსებული განწყობილებებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ეს ორი ადამიანი რაიმეზე შეთანხმდა. Mმე მაინც მგონია, რომ "იმედის" მეპატრონისთვის დაბრუნების საკითხში  საერთაშორისო განწყობილებებმა ითამაშეს დიდი როლი. საერთაშორისო საზოგადოებას არ დავიწყებია 2007 წლის ნოემბერში "იმედის" დარბევა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომამ მოუწია. საბოლოოდ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციამ თავისი როლი შეასრულა და არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ალბათ, ჯერ კიდევ მოქმედმა ხელისუფლებამ ამ პოზიციას წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

- იმ ბიზნესმენებმა, რომლებიც თავს რეპრესირებულად მიიჩნევენ, უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება მოითხოვეს. ექსპერტების აზრით, ეს მხოლოდ დასაწყისია და გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ სულ უფრო მეტი დატერორებული ბიზნესმენი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. თქვენი აზრით, როგორ უნდა იმოქმედოს ახალმა ხელისუფლებამ ასეთ ვითარებაში - თავად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები თუ საქმე სასამართლოებს მიანდოს, რაც პრობლემის მოგვარების გაჭიანურებას ნიშნავს?

- ეს მართლაც პროცესის დასაწყისია. ახალი ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშე დგას, თუ გავითვალისწინებთ, - პოლიტიკოსი ხალხზეა დამოკიდებული, ხალხი კი ელოდება, რომ სამართალმა პური სწრაფად ჭამოს. სამართალმა რომ პური ჭამოს, სასამართლო გვჭირდება. შესაძლოა, ამ კონკრეტულ ვითარებაში ხალხი უფრო მოუთმენელი აღმოჩნდეს, ვიდრე ამის საშუალებას ობიექტური ვითარებები იძლევა. Mმე მაინც ვემხრობი იმ ვერსიას, რომ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ამას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ. მათ სურთ, ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნას სამართლის პოზიციებიდან  და არა ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. "ნაციონალური" ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებდა ფორმულით: "ყველამ ხომ ვიცით, რომ დამნაშავეა." ამ ფორმულას იურისპრუდენციასთან საერთო არაფერი აქვს და დაუშვებელია, განმეორდეს.

- გასულ კვირას, თითქმის ყოველდღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დევნილები ამა თუ იმ ობიექტზე შეიჭრნენ. ვიხილეთ მაღაროელებისა თუ "თელასის" თანამშრომლების გაფიცვა. რა ხდება - დაგროვილმა უსამართლობამ ერთდროულად ამოხეთქა თუ მაინც ყველაფერი გარდამავალ პერიოდს უნდა დავაბრალოთ?

- ეს ორივე ფაქტორმა ერთად გამოიწვია. უსამართლობა შეჩერებული იყო ძალადობის შიშით, მაგრამ გროვდებოდა,  შიში მოიხსნა და მანაც ამოხეთქა. ამას უფრო გაფიცვებთან დაკავშირებით ვიტყოდი, რადგან დევნილების მიერ თავისუფალი ფართების დაკავება სიახლე არ არის. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგან ერთი მხრივ, დევნილების პრობლემა უნდა მოგვარდეს, მეორე მხრივ კი უკანონობა არ უნდა წახალისდეს.

- მოსახლეობა არჩევნებში გამარჯვებული ძალისგან ტარიფების შემცირებაზე მუშაობის დაწყებას ელოდება. ამ კუთხით გასულ კვირას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა. ერთ დღეს კომისიის ხელმძღვანელმა გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, რომ ტარიფები ზუსტად არის დათვლილი და მათი შემცირება შეუძლებელია. მეორე დღეს კი კომისიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მზად არიან, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად იმსჯელონ ტარიფების გადახედვაზე.

- ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს სამეზობლოში. ეს გვაფიქრებინებს, რომ ტარიფები ხელოვნურად არის გაზრდილი და  მათი გადახედვა აუცილებელია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოსახლეობისთვის. ბუნებრივია, ჩალაგაშვილი იტყოდა, - ყველაფერი წესრიგშიაო.  ჩალაგაშვილმა თუ აღიარა, რომ ტარიფები ხელოვნურად არის გაზრდილი, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დგება.

- მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გახარებულია. მისივე თქმით, "ბევრი მოდის ხელისუფლებაში თავისუფალი არჩევნების გზით, მაგრამ ავიწყდებათ, რომ უნდა წავიდნენ კიდეც". როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა კონგრესზე ემოცია გამოხატა თუ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ამზადებს ნიადაგს ივანიშვილის მთავრობაზე შეტევისთვის?

- ალბათ, მეორე ვარიანტთან გვაქვს საქმე.  ამას გვაფიქრებინებს არა იმდენად სააკაშვილის, არამედ სახალხო პარტიის კონგრესზე მისი გულშემატკივრების გამოსვლა. მათ თქვეს, რომ მხარს დაუჭერენ სააკაშვილს მომავალი არჩევნებისთვის. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი აპირებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ისინი თავად საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღებდნენ. ე.ი. სააკაშვილი აპირებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობას და ამზადებს  ნიადაგს პირველ რიგში ქვეყნის გარეთ, რათა კონკურენტუნარიან ალტერნატივად წარმოჩნდეს.

- თუმცა მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს და ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე ლიდერს დაუჭერს მხარს. თქვენი აზრით, სააკაშვილი ამისთვის ვანო მერაბიშვილს ამზადებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად დაინიშნა?

- ანეკდოტი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი კი დანიშნა გენერალურ მდივნად, მაგრამ ის საქართველოდან გაიპარა. ვგულისხმობ, პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის პრესსამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა, თუმცა არ დააკონკრეტეს, - რომელ ქვეყანაში. მერაბიშვილს დაუჭერს მხარს თუ სხვა კანდიდატს, შანსი ნაკლებად აქვს სააკაშვილს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის პოლიტიკურ ძალას გაამარჯვებინოს. საერთაშორისო ასპარეზზე კი ევროპის სახალხო პარტიის გულშემატკივრობა დიდი რეკლამა არ არის, რადგან ეს პარტია არ ქმნის პოლიტიკურ ამინდს დასავლეთში.

- ევროკომისარ შტეფან ფულესა და "ქართული ოცნების" ლიდერის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი  პირველი ვიზიტით ევროპას ეწვევა. არადა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერის რანგში ის პირველად აშშ-ში უნდა წასულიყო. თქვენი აზრით, ამ გადაწყვეტილებაში შტეფან ფულეს ვიზიტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი თუ სხვა ფაქტორებიც იყო?

- ამ გადაწყვეტილებას სწორ არჩევნად ჩავთვლიდი იმ შემთხვევაში, თუ ის შეთანხმებული იყო ვაშინგტონთან. თუმცა ალბათ, ეს გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად შეთანხმებულია ამერიკასთან, რადგან აშშ-ში დაგეგმილი არჩევნების გამო, ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვაშინგტონში ვიზიტს აზრი არ აქვს.

- საქართველოში ვიზიტისას  ევროკომისარმა შტეფან ფულემაც და ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმაც განაცხადეს, რომ დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ხელისუფლების გადაბარების პროცესს. ბარაქ ობამას წერილში მიხეილ სააკაშვილისადმი კი ხაზგასმულია მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისადმი, "განაგრძოთ ქვეყნის მართვა და პარლამენტთან და "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად იმუშაოთ, რათა მთავრობის გადაბარებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს." როგორ ფიქრობთ, ხომ არ აშფოთებს დასავლეთს, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, შეფერხდეს ან საერთოდ შეჩერდეს?

-  რა თქმა უნდა და ასეთი დაჟინებული განცხადებები სწორედ ამას ადასტურებს. პროცესმა რომ მიიღოს სამოქალაქო დაპირისპირების ხასიათი, დასავლეთი, პირველ რიგში, დაკარგავს საქართველოს ტერიტორიაზე გავლენას. გარდა ამისა, მისი პროექტიც, სახელად "დემოკრატიის შუქურა" კრახით დასრულდება. თუ "დემოკრატიის შუქურამ" დაიწყო კუნთების თამაში, გამოვა, რომ დასავლეთის ეს პროექტი არ არის ადეკვატური. ამიტომ ჩვენი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ, რომ "დემოკრატიის შუქურა" მოიქცეს ისე, როგორც ამ სახელს შეეფერება.