"აბა, რა უნდა დაეწერა შაშკინის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს" - კვირის პალიტრა

"აბა, რა უნდა დაეწერა შაშკინის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს"

"ახალმა ხელისუფლებამ თუ არ მოჰფინა ნათელი რეზონანსულ საქმეებს, მაშინ ის იმედს გაუცრუებს თავის ამომრჩეველს"

"მნიშვნელოვანია მედიის ვრცელი ლიბერალიზაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება"

საქართველოში ხელისუფლების გადაბარება დასრულდა. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას დანაპირების ერთი ნაწილი შეუსრულა - რევოლუციის გარეშე, არჩევნების გზით, დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობა", გახდა პრემიერ-მინისტრი და პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა. ამჯერად პრემიერ ივანიშვილის პოლიტიკურ კარიერაში იწყება უფრო რთული ეტაპი. მან მოსახლეობას დაპირებების მეორე ეტაპიც უნდა შეუსრულოს - მოგვარდეს სოციალური პრობლემები და გამოძიებულ იქნეს გახმაურებული საქმეების თუ ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულები.

ეს მართლაც რთული ამოცანაა, - ჯერ ერთი, მოსახლეობა ამ ყველაფრის ასრულებას სწრაფად მოითხოვს და მეორეც, ყოფილი მთავრობა წასვლისას, სავარაუდოდ, პატარ-პატარა "ნაღმებს" დატოვებდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნაციონალები" ინარჩუნებენ მძლავრ ბერკეტებს გაოპოზიციონერებული პრეზიდენტის, თბილისის მერის, საკრებულოებისა თუ გუბერნატორების სახით. გარდა ამისა, ივანიშვილს ძალაუფლებასთან დაკავშირებული არაერთი ცდუნების დაძლევა მოუწევს. პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახალ მთავრობას საქართველოს წინაშე მდგარი რთული ამოცანების დაძლევა ძალუძს.

- მთავრობა ძირითადად პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, პირველ რიგში ეს ეხება ეკონომიკურ გუნდს, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვისა და რეინტეგრაციის სამინისტროების ხელმძღვანელებს. მართალია, მთავრობის ზოგიერთი წევრი თავისი პროფესიით კონკრეტული სისტემის პროფილს არ შეესაბამება, მაგრამ საერთო ჯამში, დღევანდელ პირობებში, ეს მთავრობა ცუდი არ არის. ვფიქრობ, იგი აშკარად იმედის მომცემია იმ თვალსაზრისით, რომ გაართმევს თავს იმ რთულ ამოცანებს, რომლებიც ისედაც იდგა საქართველოს წინაშე. ახალ მთავრობას, როგორც ჩანს, არცთუ სახარბიელო მემკვიდრეობა ერგო წინა ხელისუფლებისგან. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ ვითარებაში ზოგიერთმა მინისტრმა ისე ვერ იმუშაოს, როგორი იმედი და სურვილიც გვაქვს, მაგრამ ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება თავის წვლილს შეიტანს საქართველოს განვითარების გზაზე ერთი ნაბიჯის წინ გადადგმაში.

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პროექტები, რომლებსაც ბიუჯეტი ვერ გასწვდება, "კანონიერი გზებით გამოძებნილი სახსრებით დაფინანსდება". რამდენად მისაღებია, რომ პრემიერმა სახელმწიფო პროექტების დასაფინანსებლად პირადი თანხები დახარჯოს?

- რატომ არ უნდა იყოს მისაღები? შეიძლება ზოგიერთმა ოპონენტმა მოიყვანოს არგუმენტი, - სხვაგან ასეთი რამ არ მომხდარაო. მერე რა, რომ სხვაგან არ მომხდარა, საქართველოში ასეთი რესურსი ადრეც გამოყენებულა. შეგახსენებთ, რომ "ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟზე ხაზინა ცარიელი იყო და სახელმწიფო მოხელეებს ძირითადად ბიძინა ივანიშვილის პირადი რესურსებიდან ეძლეოდათ ხელფასები, - ეს შენიღბული იყო გაეროს განვითარების პროგრამით, სოროსის თუ სხვა ფონდებით. ამდენად, პრეცედენტი უკვე არსებობს. არ ვიცი, დღეს ამას როგორი სამართლებრივი საფუძველი მიეცემა და როგორ შეიფუთება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის კერძო რესურსების გამოყენება, რათა "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება და დანაპირების შესრულება, მიუთითებს, რომ ეს ადამიანი მზად არის, თავისი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთოს. სხვათა შორის, სწორედ ასეთმა რეპუტაციამ გაამარჯვებინა ივანიშვილს არჩევნებში.

- მთავრობის დამტკიცების წინ საპარლამენტო ოპოზიცია "ნაციონალების" სახით დაჟინებით ითხოვდა ივანიშვილისგან, რომ დაესახელებინა, როდის რას გააკეთებდა. უმცირესობა ივანიშვილის პროგრამას განუხორციელებლად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები და ახალი მთავრობის პროგრამა ერთმანეთისგან განსხვავდება.

- ოპოზიცია რისი ოპოზიციაა, თუ ამგვარი კითხვები არ დასვა. სხვა საკითხია, ამ კითხვებზე არსებობს თუ არა პასუხი და მათ დასმას აქვს თუ არა საფუძველი. ვადების დასახელება იმ კალენდრის სიზუსტით, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნოდ შექმნა, მსოფლიოში არსად ხდება. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალებს" რომ გაემარჯვათ, ეს კალენდარი ძალიან მალე ფუჭ ქაღალდად იქცეოდა. გასაგები მიზეზების გამო, ახალმა მთავრობამ არ იცის ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ერგო მემკვიდრეობით და არ შეუძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით განსაზღვროს დანაპირების შესრულების ვადები. ჯერ კიდევ ღიად რჩება საკითხი, რა თანხა ხვდება ახალ ხელისუფლებას ხაზინაში. ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტში 2 მილიარდია, ახალი ფინანსთა მინისტრი კი 200 მილიონს ასახელებს. ეს საკითხი გაირკვევა და შედგება ბიუჯეტი, სადაც განსაზღვრული იქნება პრიორიტეტები. ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ ვადებზე.

ეს არცთუ ისე შორეული მომავლის საქმეა, რადგან, როგორც ვიცით, პარლამენტში  ბიუჯეტის პროექტის შესვლა ნოემბრის თვეს არ უნდა გადასცდეს. "ნაციონალური მოძრაობა", ანუ ახალი უმცირესობა ამბობს, რომ არ არის ჩასაფრებული, მაგრამ რეალურად ასე წარმოჩნდნენ, რადგან ხელში ეკავათ პროგრამა და თითოეულ სიტყვასა და წერტილს ჩაჰკირკიტებდნენ. თუმცა მათ კითხვებს აზრი არ ჰქონდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხსენებულ საკითხზე საგნობრივი საუბარი მხოლოდ ნოემბერში იქნება შესაძლებელი.

- უკვე შეგვიძლია დასკვნების გაკეთება, როგორი ოპოზიციაა "ნაციონალური მოძრაობა"?

- ჯერ ადრეა საუბარი. სიტყვიერი რიტორიკის დონეზე, კონსტრუქციული და ცივილიზებული ოპოზიციის იმიჯს იმკვიდრებენ. რამდენად მოახერხებენ კონსტრუქციულ ოპოზიციად დარჩენას, ეს გამოჩნდება. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილება დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან მოყოლებული, ამის იმედს არ იძლევა. ჩვენ ახლა ვსწავლობთ ხელისუფლების გადაბარებას არჩევნების გზით და ახლა ყალიბდება ორი, ფაქტობრივად ასიმეტრიული, მაგრამ მეტ-ნაკლებად თანაზომიერი პოლიტიკური ძალის თანაარსებობის ტრადიციები. არ ვიცით, ეს პროცესი რამდენად მდგრადი იქნება და რამდენად არ შეუწყობს ხელს ახალი კრიზისული ვითარებების ჩამოყალიბებას. ყოველ შემთხვევაში, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, რომ ქვეყანაში ცივილიზებული, ურთიერთგამწონასწორებელი, ნამდვილი ევროპული სტანდარტების პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდეს და ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზას.

- პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის პირველ სხდომაზე გამოთქვა ეჭვი, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში დევნილთა მასობრივი შეჭრა ორგანიზებულია და ამაში ძველი ხელისუფლების ხელი ურევია. თქვენი აზრით, საფუძვლიანია თუ არა ივანიშვილის ეჭვი და ხელისუფლებაში შემორჩენილი "ნაციონალური" შტოები დაადგებიან საბოტაჟის გზას?

- ძნელია თქმა, მართლა ასეა თუ არა საქმე, თუმცა ფაქტია, რომ ამ ყველაფერს, რაც დღეს ხდება, აქვს საფუძველი. ის ადამიანები, რომლებიც იჭრებიან სხვადასხვა დაწესებულებაში, წლების განმავლობაში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან და ეს ობიექტური რეალობაა. ის, რასაც ეკრანებზე ვხედავთ, მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემის ფესვები კი უფრო ღრმაა და აქამდე რომ ვერ მოევლო, არსებითი წვლილი წინა ხელისუფლებას მიუძღვის. დევნილების პრობლემა ასეთი მასშტაბისა და სიმწვავის რომ არის, სწორედ წინა ხელისუფლების უნიათობის შედეგია.

- გოგლა ჟვანიას განცხადებით, მისი ძმის, პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სცენის ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა. ალბათ, ეს განცხადება კიდევ ერთი ბიძგია, რომ "ჟვანიას საქმის" გამოძიება ხელმეორედ დაიწყოს.

- ველოდები ამ საკითხის სიღრმისეულ შესწავლას და ამის შესახებ განაცხადა კიდეც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა. შედეგად რას მივიღებთ, ვერ გეტყვით, რადგან აქამდეც მსმენია არგუმენტები სხვადასხვა ვერსიის სასარგებლოდ. მე არ მიმიწვდება ხელი ინფორმაციის პირველწყაროზე და გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია. თუმცა დიდი ინტერესით ველოდები ამ საკითხის გამოძიების დასრულებას. გამოძიება რომ დასრულებული არ არის, სწორედ ეს ბადებს ეჭვს ხელისუფლების მიმართ.

- თუ გოგლა ჟვანიას განცხადების სიმართლე გამოძიებით დამტკიცდება, გამოდის, რომ დადგება 2004-2012 წლების ხელისუფლების პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თქვენი აზრით, რამდენად ეყოფა ამის პოლიტიკური ნება ახალ ხელისუფლებას, ან როგორ პოზიციას დაიკავებს საერთაშორისო თანამეგობრობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლობა დაეკისროს?

- ამას წინ არაფერი დაუდგება. საერთაშორისო თანამეგობრობასაც აინტერესებს "ჟვანიას საქმის" გამოძიება. მეორეც - სააკაშვილზე ჯვარი არავის აქვს დაწერილი და თუ აღმოჩნდება, რომ მომხდარში პასუხისმგებლობა მას ეკისრება, პრეზიდენტის მიმართ შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი. რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას - რიტორიკიდან ისე ჩანს, რომ ეს ნება აქვს. საერთოდ, ახალმა ხელისუფლებამ თუ არ მოჰფინა ნათელი რეზონანსულ საქმეებს, მაშინ ის იმედს გაუცრუებს თავის ამომრჩეველს და მომავალ არჩევნებში წარმატების ნაკლები შანსი ექნება. გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის საქმე ერთ-ერთია იმ რეზონანსულ საქმეთაგან, რომელზე პასუხსაც საზოგადოება ელოდება. იგივე შეიძლება ითქვას გირგვლიანის, ციხეების თუ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეებზე და სხვ.

- ახალი ხელისუფლების წინაშე უამრავი ცდუნებაა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავად მოინდომოს ტელემაუწყებლების გაკონტროლება? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ტელევიზიების შენახვა ბევრს არ შეუძლია, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ ნაციონალურ ტელევიზიებს ერთი "მფარველი" გამოუჩნდეთ, რამაც წინა ხელისუფლებას სავალალო შედეგი მოუტანა.

- ერთი მხრივ, არაფერია გამორიცხული და ქვეყანაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეორე მხრივ, გარანტია, რომ ამას არ მივიღებთ, არის რწმენა იმ პათოსისა, დანაპირებისა და პლატფორმისა, რითიც მოვიდა ახალი ხელისუფლება. ეს სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს მედიასივრცის ლიბერალიზაციას და ზოგადად, ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. თუ ასე არ არის, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რაც ძალიან სამწუხარო იქნება.

- გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო გაქცეული მინისტრების თემა და მათ რიგებს რამდენიმე მსხვილი თუ საშუალო დონის ჩინოსანიც შეუერთდა. რატომ გაიქცნენ, ნუთუ დარწმუნებული იყვნენ, რომ ახალი ხელისუფლება მათ მეორე დღესვე დააპატიმრებდა?

- ალბათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ მეორე დღესვე თუ არა, ოდესმე მაინც მოეკითხებოდათ. თბილისი პატარაა და უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება ამ საკითხზე. ამბობენ, არჩევნების შემდგომ დღეებში ათეულობით შენგენის ვიზა გაიცა აწ უკვე ყოფილ ჩინოსნებზეო. იმასაც ამბობენ, ზოგიერთი მათგანი სამივლინებო ხარჯებით ოჯახთან და შინაურ ცხოველებთან ერთადაც კი გარბოდაო...

- დიმიტრი შაშკინი უცხოეთიდან გამოგზავნილ მიმართვაში გამოთქვამს იმედს, რომ დაბრუნდება...

- აბა, რა უნდა დაეწერა მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, იმას ხომ არ იტყოდა - ყველაფერს ვაღიარებ და ამიტომაც გავიქეციო. შესაძლოა, შაშკინს მართლაც აქვს იმედი, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს უმცირესობაში მოექცა, ადრე თუ გვიან, დაბრუნდება ხელისუფლებაში. მაშინ ის ამაყად, როგორც გმირი, ჩამოვა საქართველოში. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რა შანსი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ამის შანსი მათ ნაკლებად აქვთ. თუმცა ბუნებაში ყველაფერი ხდება და არაფერია გამორიცხული. თუკი ახალი ხელისუფლება სრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ პოტენციალს, რომ ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევებს და ხალხისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს, "ნაციონალების" დაბრუნების შანსი მინიმალური იქნება.

- მოსკოვიდან მორიგი შეტყობინება მივიღეთ - ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა მოწესრიგდება. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვიც და თბილისიც ერთმანეთისგან ელოდებიან პირველ ნაბიჯს.

- რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში ჩანს, რომ მოსკოვი ელოდება პირველ ნაბიჯებს, ამასთან, აღიარებს, რომ გარკვეული სიგნალები თბილისიდან უკვე არის. ამავე დროს ისინი უფრო კონკრეტულ და ქმედით ღონისძიებებს ელოდებიან. ქართული მხრიდანაც ჩანს სურვილი, რომ ოდნავ მაინც შემსუბუქდეს ქართულ-რუსული ურთიერთობის არსებული კრიტიკულად სახიფათო ხასიათი. ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ძლიერი ფიგურები არ გაგვაჩნია, რომ რეალურ და სწრაფ შედეგებზე ვიფიქროთ. მაინც არის რესურსი დაძაბული ურთიერთობის ოდნავ შემსუბუქებისა, რომელიც გამოაჩენს შემდეგი ნაბიჯების პერსპექტივას.

თეორიულად უამრავი ნაბიჯია გადასადგმელი, რათა ქართულ-რუსული ურთიერთობა დავიყვანოთ თუნდაც კორექტულ-მეზობლურ ურთიერთობამდე. ეს მრავალდონიანი ამოცანაა. საბოლოო დონე იქნებოდა ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ. ეს რომ მოხდეს, დეოკუპაციის საკითხი გადაწყვეტილი უნდა იყოს, რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცნობის საკითხი. საერთოდაც, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ უფროსი ძმის პოზიციებიდან საუბარი და ზემოდან ქვემოთ ყურების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამაზე ჯერ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ომის განმეორების საფრთხე გამოირიცხოს, ოდნავ დაიწიოს პოლიტიკურმა რისკმა, ინვესტიციები შემოვიდეს, საქართველოსა და რუსეთს შორის მიმოსვლა გაადვილდეს, ქართულმა პროდუქციამ რუსეთის ბაზარზე პოზიცია ნაწილობრივ მაინც აღიდგინოს. ეს ყველაფერი არ გულისხმობს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ "წითელ ხაზებზე". ძველი ხელისუფლება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში განიხილავდა - ან ყველაფერი, ან არაფერი. არადა, არაფერსა და ყველაფერს შორის არსებობს შუალედური მიჯნები, რომელთა მიღწევა შესაძლებელია ისე, რომ არ დაზარალდეს ეროვნული ინტერესები. მარტონი ამ ყველაფერს ვერ შევძლებთ და ამ საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენს მეგობრებთან, მჭიდრო კოორდინაცია გვმართებს. უნდა გამოირიცხოს ზედმეტი თავდაჯერებულობა და გაუთვლელი იმპროვიზაცია, რამაც ერთხელ უკვე მოგვიტანა საბედისწერო შედეგები.