"გაუგებარია, რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე საბოტაჟის ნიშნებზე" - კვირის პალიტრა

"გაუგებარია, რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე საბოტაჟის ნიშნებზე"

"ახალ ხელისუფლებას, მათ შორის - საპარლამენტო უმრავლესობას, ორგანიზებულობა აკლია"

"ის რომ გაეკეთებინათ, რაზეც დღეს "წუხან", 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში პრობლემა არ შეექმნებოდათ"

"ნაციონალები" პიარმანქანის ნაწილს დღესაც ინარჩუნებენ"

მართლაც დრონი მეფობენ - ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრის სტატუსის მიღებას ცდილობს, ვანო მერაბიშვილი სამართალდამცველებს კაგებეშნიკურ მეთოდებში ადანაშაულებს, ლევან ბეჟაშვილი კი, რომლის თავმჯდომარეობისას კონტროლის პალატა სატელიტურ ანტენებზე სოფელ-სოფელ ნადირობდა, თავისუფალ ტელევიზიაზე ზეწოლაზე ლაპარაკობს. სხვათა შორის, ხელისუფლების შეცვლა დაპატიმრებებთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო, - ბრალის წაყენება დინჯად, იურიდიული პროცედურების დაცვით მიმდინარეობს და აყვანიდან ერთ საათში ბრალდებულის აღიარებით ტელეჩვენებებს აღარ ვისმენთ. Mმოკლედ, ასეა თუ ისე, ბაჩო ახალაიას დაკავება საზოგადოების დიდმა ნაწილმა იმ პროცესის დასაწყისად აღიქვა, რომლის დროსაც უნდა გაიხსნას გახმაურებული დანაშაულები და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა "კარგი საქმეებისთვის" პასუხი აგონ. თუმცა, კამათსა და ეჭვს ის იწვევს, თუ რატომ დაბრუნდა ახალაია საქართველოში და რატომ მივიდა თავისი ფეხით პროკურატურაში. ამ თემებზე ექსპერტ კახი კახიშვილს ვესაუბრებით, რომლის აზრით, "ნაციონალებმა" პოლიტიკურად შევიწროებული პარტიის როლის თამაში არჩევნების მეორე დღესვე დაიწყეს.

- "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად ცდილობს ახალაიასგან პოლიტპატიმრის შექმნას. ჩემი აზრით, ყოფილმა ხელისუფლებამ გამოიყენა ის ფაქტორი, რომ ბაჩო ახალაია შესაძლოა, არ ყოფილიყო საზღვარგარეთ დაცული. ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითქოს მთლიანად "ნაცმოძრაობა" იდევნება. ალბათ, სხვა პირებთანაც ჰქონდათ ამ საკითხზე კონტაქტი, მაგრამ საბოლოოდ ახალაიას ჩამოყვანა გადაწყვიტეს, რადგან საზღვარგარეთ სწორედ მისი სიცოცხლე იყო რისკის ქვეშ. როგორც კი "ნაცმოძრაობამ" არჩევნებში დამარცხება აღიარა, დაიწყო მითის შექმნა, თითქოს პოლიტიკურად ავიწროებენ. "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, თუნდაც საპარლამენტო დებატებისას, არაკორექტული და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ მათი სამართლებრივი დევნა დაიწყო, თქვან, ამის მიზეზი ჩვენი განცხადებებია, რადგან ივანიშვილი თუ წულუკიანი გავაღიზიანეთო.

სურთ, ისე გამოიყვანონ, თითქოს თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის კი არ დევნიან, არამედ, მაგალითად, იმის გამო, რომ გოგა ხაჩიძემ ივანიშვილს მესამე ანეკდოტის მოყოლა მოსთხოვა.

სხვათა შორის, მინდა გავიხსენო დავით ბაქრაძის განცხადება, ყოველი მიმართულებით ველოდებით პრობლემების შექმნასო. გავიხსენოთ ისიც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, - ტარიფები არ შემცირებულა, მოსახლეობაც ძველებურად იხდიდა დენის გადასახადს, მაგრამ რატომღაც ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება დაიწყო. იგივე ითქმის წყალმომარაგებაზეც; დევნილებმა ფართებში შეჭრა დაიწყეს; დაიწყო გაფიცვები; პენიტენციარულ დაწესებულებებში პატიმრების პროტესტიც ვიხილეთ. მოკლედ, "ნაცმოძრაობას" სურს შექმნას კერები, რომლებითაც, ერთი მხრივ, შეასუსტებს ივანიშვილის ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს. მათი ერთ-ერთი მიზანი კი ახალი მთავრობისთვის უსუსურის იმიჯის შექმნაა. ყოფილ ხელისუფლებას აქვს ბერკეტები. ბერკეტები ჰქონდა შევარდნაძის დროსაც, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ და ამ მეთოდებით ცდილობდნენ ყველა სფეროში პრობლემების შექმნას. დღეს იმავე სქემით აპირებენ ივანიშვილის ხელისუფლების შერყევას.

- როდესაც ვანო მერაბიშვილი კაგებეშნიკურ მეთოდებზე ლაპარაკობს, ნუგზარ წიკლაური კი ახალაიას "საზოგადო მოღვაწეს" უწოდებს, ეს ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილში სულ სხვა რეაქციას იწვევს.

- საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს კომიკური კი არის, მაგრამ მათ გათვლა უცხოეთზე აქვთ. დღეს "ნაცმოძრაობის" ელიტაში ცოტაა ისეთი ფიგურა, რომელთანაც გამოძიებას კითხვები არ ექნება. სწორედ იმიტომ დაიწყეს ეს კამპანია, რომ თუ რომელიმეს დაიბარებენ დაკითხვაზე, მაშინვე განაცხადონ, ყველას გვებრძვიანო.

- ხომ შეიძლება, ახალაიამ თანაგუნდელებზე ჩვენებების მიცემა დაიწყოს? ბოლოს და ბოლოს, ციხეშია და არა კურორტზე.

- ალბათ, ყველაფერი გათვლილი აქვთ. Aადრე ოღონდ არ მოხვედრილიყვნენ ციხეში, სადაც საშინელება ტრიალებდა, ყველაფერზე თანახმა იყვნენ, - იქნებოდა ქონებაზე უარის თქმა თუ საპროცესო შეთანხმების იმედად აღიარებითი ჩვენებების მიცემა. კარგად იცოდნენ, რომ ციხიდან ჯანმრთელი მხოლოდ პატიმრების 20% თუ გამოდიოდა. ახალაია კი ციხეში კარგ პირობებში იქნება და ამისთვის ყოფილი ხელისუფლება ყველა რესურსს გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალებმა" ბევრი ბერკეტი შეინარჩუნეს, დაწყებული უზარმაზარი ფინანსური რესურსებით, დამთავრებული უცხოელი ლობისტებით, რომლებიც ჯერ კიდევ მათთვის მუშაობენ. მოკლედ, ახალაია ციხეში კარგ პირობებში იქნება, შემდეგ კი შეეცდებიან, უშველონ.

- "შველაში" რას გულისხმობთ, პრეზიდენტი შეიწყალებს?

- შესაძლებელია. კანონით მსჯავრდადებულს უფლება აქვს, სთხოვოს პრეზიდენტს შეწყალება, როდესაც მოიხდის სასჯელის ნახევარზე მეტს. თუმცა, არის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც პრეზიდენტს ანიჭებს შეწყალების უფლებას. როდის დგება ეს "განსაკუთრებული შემთხვევა", თავად პრეზიდენტი გადაწყვეტს. მანამდე კი, ალბათ,

ყოველდღიურად ივლიან ახალაიასთან მონიტორინგის მიზნით, გასამხნევებლად, რომ მართლაც არ დაიწყოს ჩვენებების მიცემა.

- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თუ ახალაიამ მაინც დაიწყო ჩვენებების მიცემა, მას საფრთხე უპირველესად თანაგუნდელებისგან დაემუქრება.

- ამაზე უკვე პასუხისმგებელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იქნება. ამ უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ახალაიას პენიტენციარულ სისტემაში საფრთხე არ დაემუქროს. არადა, ამის მსურველი მართლაც ბევრი იქნება. თუ რამე მოხდა, შესაძლოა, ეს ახალი ხელისუფლებისთვის პროვოკაციის მოწყობის მიზნით გამოიყენონ. დარწმუნებული ვარ, ეს ერთი გეგმის ნაწილია და ახალაია საქართველოში თავისი გუნდის ლიდერებთან შეუთანხმებლად არ ჩამოვიდოდა. პროკურატურა ახალაიას არ ეძებდა. მეტიც, მოხდა გამოძიების პროვოცირება, რომ ახალაიასთვის კითხვები დაესვათ. სხვათა შორის, გარდამავალ პერიოდში ყოფილმა ხელისუფლებამ გაანადგურა არქივები, სერვერები თუ ვიდეოთვალების ჩანაწერები - ყველაფერი, რაც მტკიცებულებად გამოდგებოდა. საქართველოდან წასული არიან ის პირები, რომლებიც ახალაიას საქმესთან არიან დაკავშირებული.

მაგალითად, არ არის აქ ხათუნა კალმახელიძე, რომელიც, მაგალითად, იტყვის, რომ სამინისტროში ის არაფერს წყვეტდა. ასევე, არ არის საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა, რომელსაც ახალაიაზე საინტერესო ჩვენებების მოცემა შეეძლო. პარალელურად, ამოქმედდება დიდი პიარმანქანა და უცხოური ლობისტური არხები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ისეთ სურათს დაუხატავენ, თითქოს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში პროკურატურის ამოცანაა, მხოლოდ დამტკიცებულ და გადამოწმებულ ბრალდებებზე ილაპარაკოს. ბოლო რვა წლის განმავლობაში გამოძიების ხარისხმა იკლო. ერთი პირის განცხადებაც კი საკმარისი იყო, რომ მეორისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანათ.

გამოძიების ხარისხი უთუოდ უნდა ამაღლდეს, რაც მხოლოდ და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებით ბრალის წაყენებას ნიშნავს.

სხვა შემთხვევაში ნებისმიერ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულის სტატუსს მისცემენ.

- თქვენი აზრით, ამ გეგმის ნაწილია გიგი უგულავას მთავრობის სხდომაზე დაუპატიჟებლად მისვლა? სხდომაზე ივანიშვილთან პოლემიკის შემდეგ უგულავამ გულის ამაჩუყებელი სურათი დახატა იმის შესახებ, თუ როგორ არ მოუსმინა პრემიერმა "თბილისელების პრობლემებით შეწუხებულ" მერს.

- ეს "ნაციონალების" კარგად დადგმული პიარსპექტაკლი იყო. ერთი მხრივ, იმის დემონსტრირება სურდათ, რომ თურმე მზრუნველ ადგილობრივ მთავრობას ცენტრალური მთავრობა არ უსმენს. მეორე მხრივ კი უგულავამ იმიტომ გაუმართა პოლემიკა ივანიშვილს, რომ შემდეგ პიროვნულ დაპირისპირებაზე დაიწყოს ლაპარაკი. კერძოდ,

თუ მთავრობა დაინტერესდება უგულავას გადაწყვეტილებებით, მის უწყებაში თანხების ხარჯვით, თბილისის მერი მაშინვე იტყვის, - აქამდე ჩემთან კითხვები არ ჰქონიათ, მაგრამ როდესაც პრემიერთან კამათი მომივიდა, გამოძიება ჩემი საქმიანობით დაინტერესდაო.

მათ კარგად იციან დემაგოგობა და ლაპარაკი, მაგრამ არ იციან საქმის გაკეთება. ახალი ხელისუფლების კადრები ერთი თავით მაღლა უნდა იდგნენ "ნაციონალებზე". მათ უნდა გაშიფრონ ის სქემები, რომელთა გამოყენებასაც ყოფილი ხელისუფლება საბოტაჟისთვის შეეცდება. გაუგებარია, რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე საბოტაჟის ნიშნებზე. როდესაც ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი დევნილებს ეუბნება, ამ კონკრეტულ ადგილას ფართია და შედითო, ეს ხომ მიუთითებს საბოტაჟის ნიშნებზე? როდესაც ელექტროკომპანია არ გაწვდის დენს იმ ვალდებულებების თანახმად, რაც ხელშეკრულებით ეკისრება, ხომ უნდა დაგაინტერესოს, ეს რატომ ხდება?

დავუბრუნდები თბილისის მერის თემას, რომელსაც თურმე თბილისელების პრობლემები აწუხებს. ეს ის უგულავაა, რომელსაც არ აინტერესებდა, რა დღეში იყო დედაქალაქის მოსახლეობა; ეს ის უგულავაა, რომლის ბრძანებითაც დაანგრიეს თაბუკაშვილის ქუჩაზე კორპუსი; ეს ის უგულავაა, რომლის მერობის პერიოდში თბილისში არაადამიანურად მიმდინარეობდა დევნილების გასახლება. მისი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ძნელია დაიჯერო, რომ მას თბილისელების პრობლემა აწუხებს. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებ, ვერაფერი შეგცვლის. უგულავა იმიტომ "შეიცვალა", რომ პოლიტიკურად სჭირდება ასე. "ნაციონალებს" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის რომ გაეკეთებინათ, რაზეც დღეს "წუხან", 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში პრობლემა არ შეექმნებოდათ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ახალ ხელისუფლებას მაღალი დონის კადრების პოვნა უჭირს. კადრების რა მოგახსენოთ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალ მმართველ ძალას ორგანიზება აკლია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: საპარლამენტო უმრავლესობამ უყურადღებობის გამო ზაქარია ქუცნაშვილი ვერ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

- გეთანხმებით. საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე პარტიისგან შედგება და ზოგჯერ გადაწყვეტილებებს პარტიული და არა საერთო-კოალიციური ინტერესებიდან გამომდინარე იღებდნენ. თუმცა, იმასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში, რომ "ქართული ოცნება" ისე არ არის გაწაფული საპარლამენტო მუშაობაში, როგორც "ნაციონალური მოძრაობა", რომლის წევრები სხვისი პულტებით აძლევდნენ ხმას. "ნაციონალების" ლიდერებს არც აინტერესებდათ, რას ფიქრობდნენ მათი თანაპარტიელი დეპუტატები და მიიჩნევდნენ, რომ რადგან პარლამენტში გაიყვანეს, ყველას ერთნაირად უნდა ეაზროვნა. ახალ ხელისუფლებას, მათ შორის - საპარლამენტო უმრავლესობას, ორგანიზებულობა აკლია. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, კონკრეტულად უნდა იყოს გამიჯნული, რამდენად გადააჭარბა შემსრულებელმა უფლებამოსილებას, რამდენად მიაყენა ზიანი მისმა მოქმედებამ თუ უმოქმედობამ სახელმწიფოსა და საზოგადოებას და ამის მერე უნდა დარჩეს ან გათავისუფლდეს პირი სამსახურიდან. თუმცა, ყოფილი ხელისუფლების დროს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებებში არ უნდა იმუშაონ, რადგან როგორც კი მიიღებენ სიგნალს თავიანთი პოლიტიკური ბოსებისგან, მაშინვე შექმნიან პრობლემებს სამინისტროებში.

- საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის შესვლას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა მაუწყებლის ხელმძღვანელობამ. "საზმაუწყებელს" სოლიდარობა გამოუცხადა საპარლამენტო უმცირესობამ, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის ვერსიით, ამის მიზეზი ის არის, რომ მაუწყებელმა "მე-9 არხთან" შეერთებაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტმა კი ბრძანა, რომ "ტელევიზიების საქმიანობაში ასეთი ტიპის ჩარევა დაუშვებელია".

- გაბაშვილის ვერსია ისეთი აბსურდულია, რომ მასზე ლაპარაკიც არ ღირს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში არაფრად აგდებდა საზოგადოებრივ აზრს. იყო მხოლოდ ხუთი კაცი, რომლებიც ხალხს იმის მიხედვით იჭერდნენ, თუ როგორ ხასიათზე იყვნენ. საზოგადოება ფიქრობდა ერთს, ისინი კი სულ სხვას აკეთებდნენ. ეს პირები ტოქშოუებშიც კი არ მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, ალბათ, დღესაც არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან იციან, რომ მათთვის ახლა დებატები წამგებიანია. ჯერ ორი თვეც არ არის გასული მათი ვითომდა გაოპოზიციონერებიდან.

თუმცა, წლისა თუ წლინახევრის შემდეგ აუცილებლად მივლენ და შეეცდებიან, მთავრობის ნაკლოვანებებზე ილაპარაკონ. "ნაციონალები" პიარმანქანის ნაწილს დღესაც ინარჩუნებენ. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის შესვლას, დავსვათ კითხვა: აქვს თუ არა ხელისუფლებას უფლება, გააკონტროლოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერება და სამართლიანობა? რა თქმა უნდა, აქვს. ფინანსური მაკონტროლებელი რომ შესულიყო რომელიმე კერძო მაუწყებელში, შესაძლოა, გველაპარაკა პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებზე. მაგრამ შემოსავლების სამსახური იმ ორგანიზაციაში შევიდა, რომელიც უხვად იკვებებოდა ჩვენი თანხებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის შემოწმების სურვილი რომ გაუჩნდა სახელმწიფო მაკონტროლებელს, ეს არის პოლიტიკური ზეწოლა? ყველა სახელმწიფო უწყება დროულად უნდა შემოწმდეს. არც ახალ მთავრობას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მათ უწყებებს არ შეამოწმებს კონტროლის პალატა.

- პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსული გენერალი გიორგი კალანდაძე ისევ გაერთიანებული შტაბის უფროსად დატოვა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "არავინ უნდა წამოვეგოთ" ხრიკებს და ყველას მოუწოდა, პატივი სცენ შეიარაღებულ ძალებს.

- იურიდიული კუთხით პრეზიდენტმა "ხვრელი" იპოვა. კერძოდ, პროკურატურას, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო,  როგორც ჩანს, არ მოუთხოვია კალანდაძისთვის თანამდებობის დატოვება და შესაბამისად, ეს არც სასამართლოს დაუდგენია. თუმცა, მთავარი ამ საკითხის მორალური მხარეა -

მიხეილ სააკაშვილმა ადამიანი, რომელსაც პროკურატურა თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, თანამდებობაზე დატოვა. ეს ცინიზმია.

სააკაშვილს ამით იმის ჩვენება უნდოდა, რომ ჯერ კიდევ ფლობს ბერკეტებს და როგორც უნდა, ისე მოიქცევა.