საქართველოში უახლოეს მომავალში ქონებრივი დავების ბუმი დაიწყება - კვირის პალიტრა

საქართველოში უახლოეს მომავალში ქონებრივი დავების ბუმი დაიწყება

"ამდენი მასალის პირდაპირ პროკურატურაში შესვლამ შესაძლოა, ამ სტრუქტურის დამბლაც გამოიწვიოს"

"9-წლიანი მმართველობისას ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირებს 9 დღეში

ვერ გამოავლენენ. ისინი შესაძლოა, ასეულობით იყვნენ"

დასავლური მოდელის სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, ალბათ, ქართველებს გამოცდის ჩაბარება რამდენიმე ეტაპად მოგვიწევს. ერთი ეტაპი უკვე გადავლახეთ და ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალეთ. შემდეგ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყოველ ახალ ხელისუფლებას წინამორბედის დანაშაულებების გამოძიება არ უხდებოდეს და პოსტსაარჩევნო პერიოდში მთავარი თემა დაპატიმრება არ იყოს. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ საქართველოში დაპატიმრებები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან გაუხსნელ და ბუნდოვანებით მოცულ დანაშაულთა გამოძიება საზოგადოების დაკვეთა იყო.  ლოგიკურია ისიც, რომ ამ დროისთვის პოლიტიკური პოლიციის - კუდ-ისა და სოდ-ის ჩინოსნები არიან დაკავებული, რადგან ყველა საქმეში, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები ჰქონდა, სწორედ ამ სტრუქტურის წარმომადგენლები ფიგურირებდნენ. დღეს ყველას ის აინტერესებს, მხოლოდ შემსრულებლები მიეცემიან პასუხისგებაში, თუ გამოძიებას კითხვები მთავარ დამკვეთებთანაც ექნება. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პროცესი გაგრძელდება, ჯერ მხოლოდ ჟურნალია, კინო კი წინ გველოდება.

- საოცარია, რომ ვიღაცებს უკვირთ, რაც ხდება საქართველოში. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ძირითადი მოტივაცია გახლდათ ის უკიდეგანო უსამართლობა, კაცთმოძულეობა და სადიზმი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა. ამ მრავალწლიანი უსამართლობის აღმასრულებელნი იყვნენ პოლიტიზებული პროკურატურის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების სწორედ ის მაღალჩინოსნები, რომელთა მცირე ნაწილმა დღეისთვის უკვე გააცნობიერა, რას ნიშნავს ხალხური სიბრძნე - რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მათ ეგონათ, რომ არასოდეს დადგებოდა მათივე დათესილის მომკის დრო. ქართველმა ხალხმა მოიყვანა ეს დრო და შესაბამისად, პროცესები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, ჩემი აზრით, მხოლოდ ჟურნალია, კინო მალე დაიწყება. უამრავი საჩივარი შედის პროკურატურაში და ქვეყნდება მედიაში, ერთმანეთზე დაუჯერებელი ფაქტებია აღწერილი ამა თუ იმ ბიზნესის ყოფილი მეპატრონეების მიერ. მიჩნდება კითხვა, - კი მაგრამ, რას აკეთებდა ბიზნესომბუდსმენი. როდესაც ამ თანამდებობაზე ნიშნავდნენ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი და ვიკითხე, ვინ არის-მეთქი, მიპასუხეს - კარგი ბიჭიაო.

ვერ ყოფილა კარგი ბიჭი. პასუხისგების საკითხი მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულისას არ დგება, უმოქმედობაც გარკვეული პასუხისგების საფუძველია. არსებობს დანაშაულებრივი გულგრილობის ცნებაც, რომლის მაგალითი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა თორდიაა. წინა მოწვევის პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშების მიმართ გულგრილობას იჩენდა და იმიტომაც მივიღეთ ეს შედეგი. მოკლედ, 9-წლიანი მმართველობისას ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირებს 9 დღეში ვერ გამოავლენენ. ისინი შესაძლოა, ასეულობით იყვნენ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამდენი ადამიანის დაპატიმრება გახდეს საჭირო, Mმაგრამ მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა ახალი ხელისუფლების მიმართ, იყო ძალიან მკაფიო - აღდგენილიყო სამართლიანობა და დამნაშავეებს ეგოთ პასუხი.

- დაკავებებს "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და პარტიის მთავარ ფიგურებზე ზეწოლად აფასებს. ექსპერტების აზრით, "ნაციონალები" წინმსწრებად ცდილობენ პოლიტდევნილის მანტიის მოსხმას იმ შემთხვევისთვის, თუ გამოძიებას კითხვები ყოფილი მმართველი გუნდის ლიდერებთან გაუჩნდა.

- ცხადია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პიარმენეჯერი შეიცვალა. სხვათა შორის, ამ სიახლემ გარკვეული მიმზიდველობა შეუქმნა თავად პრეზიდენტს. მისი გარემოცვიდან ვიღაც მიხეილ სააკაშვილს დამამშვიდებელ აბებს მიართმევს, ნაცვლად აღმგზნებისა, რომლებსაც ის წინასაარჩევნო პერიოდში მოიხმარდა. სააკაშვილის მეტყველება ბევრად უფრო დამაჯერებელია, როდესაც ის მშვიდი და თითქოს კეთილმოსურნეა ახალი ხელისუფლების მიმართ. ქართველებისთვის ძნელად სარწმუნო ამ "სიაბანდს" მხოლოდ უცხოელები თუ დაიჯერებენ. ამავე დროს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნატოს ხელმძღვანელობას მიჩვეული ჭირი ურჩევნია მიუჩვეველ ლხინს. ეს "მიჩვეული ჭირი", რომელიც ამეტყველდა ფარისევლური ფრაზებით, მათთვის სიმშვიდის მომგვრელია და აწუხებთ, რომ ამ "ანგელოზების ნაკრებს" ვინმემ ფრთები არ შეაჭრას. თუმცა ჩვენი ბრიუსელელი მეგობრები მალე მიხვდებიან, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ამიტომ უპრიანი იქნებოდა, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მიმართ ეჭვის გამომთქმელი ჩვენი პარტნიორი თავად ჩაებას გამოძიებაში. არც საქართველოს მოსახლეობას სურს, რომ ვინმე უკანონოდ იყოს დაკავებული. მოკლედ, ყველა ეჭვიანს ევროპასა თუ ამერიკაში, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გაერთიანდეს ამ ეჭვების გასაქარწყლებლად.

- ანდერს ფოგ რასმუსენისა თუ აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებები ეჭვია თუ პრევენცია, რათა სამართლის აღსრულება პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებში არ გადაიზარდოს? საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა ხაზი გაუსვა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და შერჩევითი სამართალი გამოირიცხოს.

- საჯარო განცხადებების ნაკლებად მჯერა მას შემდეგ, რაც 2007 წლის დეკემბერში ვაშინგტონიდან მოვისმინეთ გორდონის წინამორბედ მეთიუ ბრაიზას განცხადება. მან თეთრი სახლის ბანერის ფონზე ბრძანა, რომ თუ კარს მომდგარი არჩევნების დაწყებამდე ორიოდე კვირით ადრე არ აღდგება საინფორმაციო გადაცემები ტელეკომპანია "იმედში", მაშინ 2008 წლის არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური. თუმცა ბრაიზამ საქართველოში არჩევნების დასრულებისთანავე, სანამ ბიულეტენების დათვლა დაიწყებოდა, აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს ახარა სააკაშვილის წარმატება და მილოცვა გამოაგზავნინა მის სახელზე. სააკაშვილი ისე ფლობს ინგლისურ ენას, რომ დასავლეთში ძნელად წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ამ კეთილშობილ ენაზე ამდენი სიყალბის თქმა.

- დასავლეთს, ბოლო დროს, აქვს ალტერნატიული ინფორმაციის წყარო და ძნელი წარმოსადგენია, თუნდაც ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ "ნაციონალების" ცნობებზე დაყრდნობით გააკეთონ დასკვნები.

- რა თქმა უნდა, ეს წყაროები რომ აქვთ, იმიტომ მოხდა 1-ელ ოქტომბერს ის, რაც მოხდა. რომ არა აშშ-ის საელჩოს აქტიურობა, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა, რადგან არანაირი მენტალური ცვლილება სიკეთის კეთების მხრივ "ნაციონალურ მოძრაობას" არ განუცდია. დღეს ნაციონალები ორი განსხვავებული მიმართულებით მუშაობენ - ქვეყნის გარეთ ყალბი პათეტიკით ახალ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე საუბრობენ, ამავე დროს კი ქვეყნის შიგნით ყველაფერს აკეთებენ ობსტრუქციისა და საბოტაჟისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ორხელისუფლებიანობის შემოქმედი თავად პრეზიდენტია, რომელმაც შექმნა კოლიზია, რომ საკუთარ მთავრობასა და პარლამენტთან ოპოზიციაში გადავიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არის უმაღლესი მთავარსარდალი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, მკაფიო წარმოდგენა შეგვექმნება, რაში შეიძლება გადაიზარდოს სიტუაცია, თუ მას ამ ორი უკანასკნელი თანამდებობის გამოყენება დასჭირდება. ცხადია, უშიშროების საბჭო სახელმწიფოსთვის უკვე საშიშროების საბჭოა და ამ მხრივ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტია, უნდა დავიწყოთ მას შემდეგ, რაც დავასახელებთ მის მთავარ სანუკვარ თანამდებობას - ის გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და შეთავსებით, პერიოდულად, ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას.

- საქართველოში ორხელისუფლებიანობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებას ახალი მმართველი ძალის ლიდერებმა სახიფათო და სამარცხვინო უწოდეს. თუმცა ნაციონალების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "კლასიკურ ორხელისუფლებიანობას" კი არა, ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობდა.

- ჩემთვის უფრო დამაჯერებელია ის ვერსია, რომ ამ ფრაზით სააკაშვილმა საპარლამენტო ასამბლეაზე საკუთარი თავიც ხელისუფლად წარმოაჩინა, რათა ვინმეს არ დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ის აღარ მართავს ქვეყანას.

- დავუბრუნდეთ დაკავებების თემას. გასაგებია - ბევრი ყოფილი ჩინოსანი დათესილს იმკის, მაგრამ თქვენი აზრით, მაინც რა არის იმის გარანტი, რომ ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოს არ გასცდება?

- ძალზე მნიშვნელოვანია ცვლილება ტექნოლოგიებში. უპრეცედენტო გამჭვირვალობის ფორმატია - ლამის ერთნაირ დროს ხარჯავენ იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი მედიასთან ურთიერთობასა და თავიანთი მოვალეობის შესრულებაში. ეს ზოგჯერ გამაღიზიანებელიც ხდება. პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ საქმე და აცნობონ ამის შესახებ მედიას, მაგრამ დღის განმავლობაში 2-3 საათი მინისტრი ან მისი მოადგილე ტელეეთერში რომ ზის, არა მგონია, მთლად კარგი იყოს. ზეგამჭვირვალობამ ზოგჯერ შეიძლება პროცესს ავნოს. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი უნდა იყოს, მაგრამ არა ასეთი უთავბოლო ტოქშოუების სახით. ასევე, მიმაჩნია, რომ ახალი ხელისუფლების შეცდომების შესახებ მედია უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ არა ისეთი ფრაზებით, როგორსაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვისმენთ. "ნაციონალები" ემსგავსებიან იმ ცუღლუტ მეცხვარეს, რომელიც მუდმივად იძახდა - მგელი, მგელიო და როდესაც მართლა მოვიდა მგელი, აღარ დაუჯერეს.

როდესაც ბაჩო ახალაიას წმინდანად ნათლავ, რასაკვირველია, შემდეგ რაც უნდა იძახო, არავინ გენდობა. მწვავე საკითხებზე, ინფორმაციის ნაკლებობაც არსებობს, მაგალითად, არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ცვლილებები მოხდა კადრებთან დაკავშირებით პროკურატურაში. იგივე ხალხი დარჩა, რომლებიც ადამიანებს იარაღსა და ნარკოტიკს უდებდნენ? სად წავიდა ამდენი პროკურორი, თუ ყველას ჯადო გადააყლაპეს და გაკეთილშობილდნენ?! რა თქმა უნდა, არის ფუნდამენტური განსხვავება, რაზე საუბარიც უყვარს პრეზიდენტს. ფუნდამენტური განსხვავებაა ზურიკელა ადეიშვილსა და თეა წულუკიანს შორის, მურთაზ ზოდელავასა და არჩილ კბილაშვილს შორის, თუმცა სანდოობისთვის უკეთესი იქნება, თუ კიდევ რამდენიმე პროკურორი გამოაჩენს საკუთარ სახეს. "გამოაჩინონ" სხვა ფიგურაც, რათა ჩვენს უაღრესად გადატვირთულ მთავარ პროკურორს საკუთარი თავის პრესსპიკერობის ვალდებულება არ ჰქონდეს.

- გასულ კვირას ბრიუსელში პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი შედგა. როგორ ფიქრობთ, წარმატებული იყო ივანიშვილის საერთაშორისო დებიუტი? სხვათა შორის, პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტიც მიმდინარეობდა, მაგრამ ქართული სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციები ერთმანეთს არ დაკონტაქტებიან.

- ეს ორი ვიზიტი ერთმანეთს შემთხვევით არ დამთხვევია. ივანიშვილისთვის ეს მართლაც დებიუტი იყო, სააკაშვილს კი აღნიშნული ბილიკები უკვე გათელილი აქვს. ამ სიტუაციაშიც კი, ის შეფასებები, რაც ივანიშვილმა მასპინძლებისგან დაიმსახურა, გვარწმუნებს, რომ საერთაშორისო არენაზე მისი პრემიერა შედგა. ივანიშვილის დებიუტი წარმატებული იყო და მისი შედეგები გრძელვადიანი იქნება.

- საქართველოში, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ქონებრივი დავების ბუმი დაიწყება. ბიზნესმენები, რომლებიც თავს ძველი ხელისუფლებისგან დატერორებულად მიიჩნევენ, უფრო ხშირად პროკურატურაში ჩივიან, ვიდრე სასამართლოში და ყოფილი ქონების დაბრუნებას მოითხოვენ. ზოგჯერ კონკრეტულ ბიზნესზე რამდენიმე წყება ყოფილი მეპატრონე დაობს. ამ საკითხის დარეგულირება, ალბათ, ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება.

- სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ყველა საკითხი სამართლიანად გადაწყვიტოს. მაგრამ ჩვენი უზენაესი სასამართლო რეალურად აღმოჩნდა უზენაესი უსამართლო. ამიტომაც რაიმე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინი უსაფუძვლოა. ქონების პატრონი, პატიმრისგან განსხვავებით, სიტუაციის შეცვლას დაელოდება, შესაბამისად, მოითმენს კიდეც. თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს. სწორედ ამიტომაცაა საჭირო, შეიქმნას სტრუქტურა, სადაც ქონებრივ დავებთან დაკავშირებული თემების პირველადი განხილვა მოხდება. ამ სტრუქტურამ საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადასცეს მასალები პროკურატურას. ამდენი მასალის პირდაპირ პროკურატურაში შესვლამ შესაძლოა, ამ სტრუქტურის დამბლაც გამოიწვიოს.