"საომარი მდგომარეობის დროს რა საზღვრის გახსნაზეა ლაპარაკი?!" - კვირის პალიტრა

"საომარი მდგომარეობის დროს რა საზღვრის გახსნაზეა ლაპარაკი?!"

"თარხნიშვილს ღირსების ორდენით გააცილებენ, რაკიღა უკვე დიდი ხანია, თავად ამ ორდენმა ღირსება დაკარგა"

ცხინვალის იზოლატორში მოზარდების თითქმის ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ ევროკავშირის შეფიქრიანება ღრმა შეშფოთებაში გადაიზარდა. ერთი კია, მისიის ხელმძღვანელმა ჰაბერმა გულწრფელად აღნიშნა - ჩვენს მისიას, გარდა სამშვიდობო დაკვირვებისა, არაფერი შეუძლია, ევროპის მხარდაჭერა კი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ვცნობთო. ესეც საქმეა... სად, მარტოს, სიჩუმეში რომ გცემენ და სად, ამ დროს ვინმე რომ გაკვირდება და შეშფოთებასაც გამოთქვამს. თანაც, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მხოლოდ მაყურებლის პოზიციაში ყოფნა ერთხელ, დასავლეთსაც მოჰბეზრდება და სხვა უფრო ქმედით ღონისძიებასაც გაატარებს მადაზე მოსული რუსეთის დასაშოშმინებლად... საქართველო კი ამასობაში მორიგი არჩევნებისთვის ემზადება. ამ მხრივ, გასულ კვირას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - თარხნიშვილი ცესკოს ჩამოშორდა, კიწმარიშვილი კი ტელევიზიას დაუბრუნდა. თუმცა დასკვნების გამოტანა ნაადრევია - თუ გასულ არჩევნებში რამე დაშავდა, საეჭვოა, ეს თარხნიშვილის პირადი ინიციატივითა და ნებით მომხდარიყო. კიწმარიშვილის "მაესტროში" დაბრუნებას რაც შეეხება, ვინ, ვინ და, მას ალბათ ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს, რომ მასებზე ზემოქმედების მქონე ტელევიზიის შესაქმნელად მხოლოდ სურვილი არ კმარა - ამისთვის ბევრი ფული, შემდეგ კი ოდნავი დემოკრატია მაინც არის საჭირო, ამ ფულის დახარჯვის უფლება რომ მოგცენ...  უფრო დეტალურად ამ და სხვა საკითხებზე ბატონ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- ცხინვალში დაკავებული მოზარდების ბედი გაურკვეველია, მეტიც, გასულ კვირას რუსმა საზღვაო მესაზღვრეებმაც "იყოჩაღეს" და, მათ მიერვე მოგონილი საზღვრის დარღვევისთვის  ქართველი მეთევზეები დააკავეს, რაც ამ უკანასკნელთა მხრიდან ჯარიმის გადახდით დასრულდა. სიტუაცია ბევრად ვერც ევროკავშირის დელეგაციამ შეცვალა, მიუხედავად მათი მხრიდან გამოხატული "ღრმა შეშფოთებისა"...

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გახდება საერთაშორისო პოლიტიკა პრიორიტეტი დასავლეთის ქვეყნებისთვის. განვლილმა წელმა ძალა გამოაცალა ევროპის ქვეყნებს - საშინაო პრობლემების გადაჭრამ, ვგულისხმობ ეკონომიკურსა და ფინანსურს, საერთაშორისო პრობლემები მეორე პლანზე გადაატანინა. მაგრამ ახლა, როდესაც კრიზისიდან გამოსავალი გამოჩნდა, ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატებიც  და ევროპაც უფრო მზად აღმოჩნდებიან იმ შეფასებებისა და დასკვნების გასაკეთებლად, რასაც რუსეთი იმსახურებს. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ ღრმა შეშფოთებას კი არ გამოხატავენ, იმ ბერკეტებს აამოქმედებენ, რომელიც "შენახული" აქვთ  საკუთარ სანახებში და ცდილობენ, მხოლოდ კეთილი სიტყვით მოიყვანონ გონს დღევანდელი რუსული ხელისუფლება. ეს უკანასკნელი რომ ქმედითი ღონისძიება არ არის, ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ ეს პოლიტიკა რაიმე ტიპის უხეში ძალის გამოყენებით შეიცვლება. ისიც უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის ზონებში შექმნილ ვითარებას რუსეთი აფასებს არა როგორც მოსკოვის გამარჯვებას თბილისზე, არამედ როგორც მოსკოვის გამარჯვებას ბრიუსელსა და ვაშინგტონზე და ეს ჩვენზე უკეთ ბრიუსელსა და ვაშინგტონში მოეხსენებათ. ასე ფიქრობს არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება, არამედ რუსეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი...

- ამ ფონზე, ევროკავშირის ელჩები ერთგვაროვან შეფასებებს არ აკეთებდნენ: მისიის ხელმძღვანელ ჰაბერის განცხადებით, დამკვირვებლებს არ ჰქონიათ საშუალება, შესულიყვნენ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი გამოიხატება იმაში, რომ არ ვცნობთ დე ფაქტო მხარეების პოლიტიკას და არ ვცნობთ მათ დამოუკიდებლობასო... მეორე მხრივ, შვედეთის ელჩი მიიჩნევს, რომ მანდატის ცვლილებაზე ლაპარაკი არ არის, რადგან მანდატი არის ყოვლისმომცველი და მისიის მუშაობით იგი კმაყოფილია...

- დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია და არც არის საჭირო, ოცდაშვიდი ქვეყანა ტყუპისცალივით აზროვნებდეს და ერთნაირი ხედვა ჰქონდეს ყველა პრობლემაზე. აქედან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობაც სრულიად ბუნებრივია. ევროკავშირი არ გახლავთ საბჭოთა კავშირი, სადაც ყველა რესპუბლიკის წარმომადგენელი თავის გამოსვლას ერთი და იმავე ადამიანის ნათქვამის  ციტირებითა და ლოზუნგით იწყებდა და ამთავრებდა. მანდატის გადახევა, რასაკვირველია, შესაძლებელია, თუ ამის პოლიტიკური ნება ევროპას გაუჩნდება და ვფიქრობ, საქმე აქეთკენ მიდის, რადგან რუსეთი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას - რუსულ ხელისუფლებაში არის განცდა იმისა, რომ სულ მალე საკუთარ პოლიტიკურ ნებას სრულიად ევროპას უკარნახებენ. ამის წინა პირობა კი გახლდათ სარკოზისთან მიღწეული შეთანხმების იგნორირება და სრული დაუსჯელობა ასეთი პოზიციის გამო. რაც შეეხება მანდატს - იმისთვის, რომ რაიმე შედეგამდე მივიდეთ, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და პრინციპი უნდა გადაიხედოს, რომელიც მუდმივად რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა.

ეს პრინციპი დღესაც იმავე ინტერესებს ემსახურება, რადგან უშედეგობა არის ერთადერთი შედეგი, რაზეც რუსეთი იყო, არის და იქნება ორიენტირებული კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ევროპა უნდა იყოს გაცილებით მკაცრი, რათა "კვარტეტი", რომელიც ჟენევაში იკრიბება, სამ დუეტად დაიშალოს. კერძოდ, პირისპირ მოსალაპარაკებლად დასხდნენ ქართველები და რუსები, მეორე შემთხვევაში ქართველები და ოსები, მესამე შემთხვევაში - ქართველები და აფხაზები. ეს არ ნიშნავს რაიმე ტიპის სახელმწიფოებრივი აღიარების პერსპექტივას ან ცდუნებას, ეს გახლავთ რეალური ფორმატი, რომლის პირობებშიც რეალური შედეგის მიღწევაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ეს იმიტომ, რომ ურთიერთობები და მოლაპარაკების საგანი სრულიად სხვადასხვა ბუნებისაა ოსებთან, აფხაზებთან და რუსებთან. ყველა ამ კონფლიქტს სჭირდება განსხვავებული და ცალკეული მიდგომის შემუშავება. დღეს რუსეთი "ზარმაცობს" საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების კუთხით და მიზეზად პრიმიტიული არგუმენტი მოჰყავს, რომ მას არ მოსწონს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. კი მაგრამ, დღევანდელი ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობდა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა რუსეთის აქტიური მცდელობით თბილისმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლი დაკარგა... ამიტომ, ვიდრე ჩვენ არ დავსხდებით  უშუალოდ იმ პრობლემების გადასაწყვეტად,  რაც თითოეულ ამ მხარესთან გვაქვს, მანამ ჟენევაში გაუთავებლად წინ და უკან სიარული შედეგს არ მოგვიტანს, გარდა კრილოვის ,,კვარტეტის" ცნობილი შედეგისა...

- გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც პირდაპირ გამოხატავს რუსეთის დამოკიდებულებას ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიმართ. რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის განცხადებით, მოსკოვი არ აპირებს, შეაჩეროს ირანისთვის ანტისარაკეტო სისტემების მიწოდება მხოლოდ იმის გამო, რომ ვაშინგტონმა უარი თქვა აღმოსავლეთ ევროპაში თავისი სისტემების განლაგებაზე...

- ალბათ, უპრიანია გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის ხელისუფლებას რუსეთის უფრო მაღალ თანამდებობის პირთაგან აქვს მოსმენილი საწინააღმდეგო მოსაზრება იმის თაობაზე, რომელზეც გასულ კვირას სამხედრო ჩინოვნიკმა ისაუბრა. კერძოდ, ობამა-მედვედევის უმაღლესი დონის შეხვედრების შემდეგ  გარკვევით ითქვა, რომ რუსეთი არ მიაწვდის ირანს იმ ტიპის რაკეტებს, რომლებითაც ისრაელის ტერიტორიამდე მიღწევა იქნება შესაძლებელი. განცხადება კი, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, მორიგი ლაკმუსის ქაღალდი იქნება რუსეთის ხელისუფლებისთვის, რათა  შეერთებული შტატების პოზიცია კიდევ ერთხელ მოსინჯონ. სხვათა შორის, რუსეთისა და საქართველოს ექსპერტთა წრეებში არის სრულიად ერთნაირი განცდა იმისა, რომ ამერიკა პასიური გახდა და ნაკლებად აინტერესებს საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე შიდა პროცესები. ამას იმით ვხსნი, რომ განვლილი წელი იყო "ჯერ თავო და თავოს" პრინციპით განვითარებული და ამდენად, საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ ყურადღების მიქცევა მათ ვერ შეძლეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ასეთი გათამამება აუცილებლად გახდება ამ პოლიტიკის გადაფასების გამომწვევი მიზეზი და დასავლეთი მეტ ყურადღებას გამოიჩენს ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებისადმი. ეს თუნდაც იმიტომ მოხდება, რომ ვაშინგტონში ძალიან კარგად აცნობიერებენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - არც მოსკოვსა და არც თბილისში არავითარი აგრესიის, მტრული ქვეყნის ან ტერორისტული ორგანიზაციის ისე არ ეშინიათ, როგორც მათი საერთო დაუძინებელი მტრის - ჭირვეული ქალბატონისა, სახელად დემოკრატია რომ ჰქვია. დღეს ორივე ქვეყანაში დემოკრატია მმართველი პოლიტიკური ძალის მძევალია. ორივე ხელისუფლება ამ მძევალზე ყოველდღიური ძალადობით ცდილობს საკუთარი არასრულფასოვნების ქვეცნობიერი კომპლექსი დათრგუნოს. შესაბამისად, თავისუფალი არჩევნებიც, როგორც დემოკრატიის მთავარი მასაზრდოებელი წყარო, ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის ერთნაირად მიუღებელია...

- საარჩევნო გარემოს გასაჯანსაღებლად საქართველოში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს - მიღწეულია შეთანხმება ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებასა თუ მოხსნაზე, ასევე 30%-იან ბარიერზე... მართალი გითხრათ, თარხნიშვილის გადაყენების მოტივაცია ჩემთვის, ცოტა არ იყოს, უცნაურია: თუ იგი არჩევნების გაყალბებაშია დამნაშავე, მაშინ ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და დამნაშავე შესაბამისად უნდა დაისაჯოს, რაზეც ჯერ არავინ ლაპარაკობს. თუ ეს ადამიანი უდანაშაულოა, გამოდის, რომ მხოლოდ ოპოზიციის ახირების გამო მოუხსნიათ და მთლად გასაგები ჩემთვის არც ეს არის... უცნაურია ცესკოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პრინციპიც: პრეზიდენტმა რომ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს და ოპოზიციამ იქიდან აირჩიოს ერთი...

- ჩვენი ხელისუფლებისა და დემოკრატიის ურთიერთობაზე ზემოთ მოგახსენეთ. ვფიქრობ, როდესაც გავიგებთ, რომელ სამ კანდიდატს სთავაზობს პრეზიდენტი ოპოზიციას, გაჩნდება განწყობა - "ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთო..." რაც შეეხება თარხნიშვილს, მას ალბათ ღირსების ორდენით გააცილებენ, რაკიღა უკვე დიდი ხანია, თავად ამ ორდენმა ღირსება დაკარგა...  ასე რომ, ოფიციალური საყვედური მის მიმართ  გამოთქმული არ იქნება..

- მაშინ გამოდის, მხოლოდ იმისთვის ხსნიან, რომ ოპოზიციას მისი სახე არ მოსწონს?

- სახისა რა მოგახსენოთ,  ბევრის სახე შეიძლება დავიწუნოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩაითვლება კონსენსუსად და ოპოზიციისადმი ხელისუფლების დიდ დათმობად, რაკიღა ეს საკითხი ბევრი ოპოზიციური ლიდერის გამოსვლაში ფიგურირებდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობა თარხნიშვილების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, ამიტომაც სულაც არ წუხან ამ ფაქტზე. უბრალოდ, საკითხი ბოლო წუთამდე მიიყვანეს იმისთვის, რომ ახალდანიშნული თარხნიშვილი #2 დროზე ადრე არ ყოფილიყო დისკრედიტირებული თავისი საქმიანობით... რაც შეეხება ბარიერს, სწორედ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატისადმი დიდი შიში ჩანს ხელისუფლების სიჯიუტეში იმ თვალსაზრისით, რომ ბარიერი 30%-ზე მეტი არ იყოს, რადგან რაც უფრო მაღალი იქნება ეს ბარიერი, მით მეტი იქნება ოპოზიციის გაერთიანების მოტივაცია. 30%-ს უფრო იოლად მიაღწევს სახელისუფლებო კანდიდატი, რადგან ნაკლები გაყალბება დასჭირდებათ. თუმცა არც წინა წლებში აპრობირებული, ჩვეული მექანიზმების გამოყენებაზეც იტყვიან უარს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ცალსახად არ იქნა დაფიქსირებული ნება თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა, შედეგი იქნება ის, რაც გასული ორი არჩევნების დროს მივიღეთ. ვგულისხმობ თუნდაც ერთ ძალიან მარტივ დეტალს - ამდენი ხანია კომისია საარჩევნო კანონმდებლობის "გაჯანსაღებაზე" მუშაობს, აქამდე რატომ არავის დაუყენებია საარჩევნო უბანზე საკითხი - თუ ვის ხელში იქნება მისაწვდომობა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებზე. რატომ არ დადგა მწვავედ პირობა, რომ ეს ჩანაწერები თუნდაც ეუთოს ხელში ყოფილიყო? ეს ერთი ბერკეტი თუ მაინც დათმო ხელისუფლებამ, მცირე იმედი დარჩება შედეგების დაცვისა და გაყალბებასთან ბრძოლისათვის.

- ოპოზიციამაც ეს საკითხი ბოლო, "წვრილმან დეტალებს" შორის განსახილველად მოიხსენია... არადა, გასულ არჩევნებზე იმ ფაქტმა, რომ კამერების ჩანაწერს ცესკო განკარგავდა, არაერთხელ შეუშალა ხელი გაყალბების გამოვლინებას... გამოდის, რომ ეს თანამშრომლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მხოლოდ თანამშრომლობისთვის ხდება?

- რასაკვირველია, ორივე კომისია, რომელიც დღეს მუშაობს, დემოკრატიასთან ურთიერთობის იმავე პრინციპს ემყარება, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ... აქ დასავლეთის პოლიტიკური წრეების გულუბრყვილობაზე უფროა გათვლა - ისინი გაეცნობიან იმ ოპოზიციური პარტიების ჩამონათვალს, რომლებიც ხელისუფლებასთან კონსტრუქციულად თანამშრომლობენ და მათი სოლიდური სახელწოდებებიდან გამომდინარე, დაასკვნიან, რომ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის კუთხით საქმე არცთუ ცუდად არის, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის. მაგრამ თვალში შეყრილი ნაცარი იქ დიდხანს არ რჩება. ადრე თუ გვიან, მას ჩამოიბანენ და დაინახავენ, რეალურად რა ხდება ქვეყანაში.

- კიდევ ერთი თანამშრომლობის წერტილი თუ პუნქტი ხელისუფლებისა და ოპოზიციისა, უშიშროების საბჭო გახლავთ. მის სხდომაზე, გასულ კვირას ლარსის სასაზღვრო საგუშაგოს გახსნაზეც იყო ლაპარაკი...

- თავად უშიშროების საბჭოზე აღარ ვილაპარაკებ - ეს რომ საშიშროების საბჭოა და არა უშიშროებისა, გასული წლის აგვისტოშიც დავრწმუნდით. რაც შეეხება ლარსის საგუშაგოს - რამდენადაც  ცნობილია, საქართველოს რუსეთთან კაპიტულაციაზე ხელი ჯერ არ მოუწერია. ამდენად, საომარი მდგომარეობა, შესაბამისად ურთიერთმტრობა ორ ქვეყანას შორის კვლავ ძალაშია. ასეთ დროს, რა საზღვრის გახსნაზეა ლაპარაკი? თუ ამ საგუშაგოზე, ორივე მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებლების ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი არ დაწესდა, ორივე ქვეყნის ხელისუფლებისგან ბრალდებათა კორიანტელი წამოვა, რაშიც ორივე მხარე კარგად გაწაფული გახლავთ...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი