"უცხოური პრესის ტონი აშკარად შეიცვალა" - კვირის პალიტრა

"უცხოური პრესის ტონი აშკარად შეიცვალა"

"ელჩების სანაცვლოდ ახალაიას ციხიდან გამოშვება დაუშვებელია"

საქართველოში ახალი პროვოკაციის სუნი ტრიალებს, სახელად "რელიგიური დაპირისპირება". ნიგვზიანს წინწყაროს ინციდენტი მოჰყვა. ჩვენი თანამემამულე ქრისტიანებიც და მუსლიმანებიც აცხადებენ, რომ ვითარების დაძაბვას პროვოკატორები ცდილობენ. ასეა თუ ისე, თუ ხელისუფლებამ დროულად არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება, შესაძლოა, ისეთი შედეგი მივიღოთ, როგორიც შესაძლოა თავად ამ ესკალაციის ინსპირატორებსაც არ სურდეთ ან მათთვისაც მოულოდნელი იყოს. კიდევ ერთი შიდა დაპირისპირების საფრთხეს რომ თავი დავანებოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტზე საუბარიც კი დიდ რეზონანსს იწვევს მრავალმილიარდიან მუსლიმანურ სამყაროში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ჩვენს რეგიონს. შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს და მდგომარეობის გაბუქებაში დაგვადანაშაულოს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, - საქართველოს ყველა უბედურება, რაც დამოუკიდებლობის პერიოდიდან გადავიტანეთ, მცირე პროვოკაციიდან დაიწყო, რომელიც შემდეგ ფართომასშტაბიან ხანძარში გადაიზარდა. ექსპერტი კოტე ჟღენტი იმედოვნებს, რომ მდგომარეობა არ გართულდება. Mმისი აზრით, ხელოვნურად შექმნილი პროცესის ავტორები არ უწევენ ანგარიშს, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება ქვეყნის ინტერესები გადაიყოლოს.

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გარკვეულ ძალებს უკავშირდება და იმ ჩარჩოში ჯდება, რასაც ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია ჰქვია. აბა, გაიხსენეთ, საქართველოში ბოლოს როდის იყო დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის?

- მართლაც ძნელი გასახსენებელია.

- არც მე მახსოვს. შემთხვევით არაფერი ხდება. არ შეიძლება, ამდენი ხნის განმავლობაში დაპირისპირება არ ყოფილიყო და მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ერთ-ერთ სოფელში თუ რაიონში ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, კითხვებს მაინც აჩენს, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა.

- თუ ეს მართლაც ინსპირირებულია, მისი ავტორები ვერ ხვდებიან, რა "ბომბს" ეთამაშებიან? თუ საქართველოში რელიგიური დაპირისპირება დაიწყო, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამ უკან დაგვრჩეს.

- შეიძლება ხვდებიან კიდეც, მაგრამ არ უწევენ ანგარიშს იმას, რომ ამ "ბომბმა" შეიძლება ქვეყნის ინტერესები გადაიყოლოს. ეს არ მიკვირს, რადგან მსგავს "ბომბებს" ანგარიშს არც ადრე უწევდნენ. ისინი ახლა თავის გადარჩენაზე ზრუნავენ. იმდენი კომპრომატია მათზე დაგროვილი, იმდენი ფაქტი, რომ თუ ღრმად ჩაჰყვა გამოძიება, საქმე ცუდად წაუვათ. ამიტომაც ცდილობენ, ახალ-ახალი პრობლემები შეუქმნან ახალ ხელისუფლებას. იმედია, ამ ყველაფერზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ და მდგომარეობა არ გართულდება.

- "ნაციონალები" მიიჩნევენ, რომ კომპრომატები შეთითხნილია. მაგალითად, შსს-ს მიერ უკვე ორჯერ დაკითხული ვანო მერაბიშვილი "პასპორტის საქმეს" აბსურდად და მასზე ზეწოლის მცდელობად თვლის. სხვათა შორის, სხვის სახელზე გაცემული პასპორტის ქონას მის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძესაც ედავებიან. საზოგადოებას კი ბევრი კითხვა აქვს. მაგალითად, ის, თუ მართლა ჰქონდა მერაბიშვილს ყალბი პასპორტი, რაღა მაინცდამაინც თბილისის აეროპორტში წარუდგინა მესაზღვრეებს.

- როდესაც ადამიანი კანონს არღვევს, უკანდასახევ გზას აუცილებლად იმზადებს. ეს ეხება ყველას - დაწყებული ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებით  და დამთავრებული საშუალო რგოლებით. ფაქტია, რომ მერაბიშვილსაც და მის მოადგილესაც ჰქონდათ ორ-ორი პასპორტი და ეს დაადასტურეს მესაზღვრეებმა და სამართალდამცველებმაც. რაც შეეხება იმას, თუ რატომ წარადგინა მერაბიშვილმა სხვის სახელზე გაცემული პასპორტი აეროპორტში, სომხეთში გაფრენისას (ყოფილი პრემიერი ერევანში ევროპის სახალხო პარტიის რეგიონულ ყრილობაზე პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად მიდიოდა), შესაძლოა, იყო პროვოკაცია, რათა შემდეგ აეტეხათ ამბავი, რომ ახალი ხელისუფლება დელეგაციის ქვეყნიდან გასვლას აბრკოლებს. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზეც მერაბიშვილის აეროპორტში დაკავება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა. ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. სხვათა შორის, ერთმა ცნობილმა პირმა, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, მითხრა, მაგათ თავში შეიძლება ისეთი რამ მოიხარშოს, ვერავინ ვერასოდეს რომ წარმოიდგენსო. მართლაც, შესაძლოა, ისეთი რაღაც მოიმოქმედონ, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდეს და გადარჩენისათვის ყველაფერზე წავიდნენ.

- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რაც უფრო მოახლოვდება გახმაურებული საქმეების გახსნა, მით უფრო გააქტიურდება "ნაციონალური მოძრაობა". სხვათა შორის, უკრაინაში ოლეგ მელნიკოვი დააკავეს, რომელიც გირგვლიანის საქმეშიც ფიგურირებს.

- გამოძიება რაც უფრო წინ წაიწევს, უფრო მეტად გამოიკვეთება ყოფილი თანამდებობის პირების ბრალეულობა. ამიტომაც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებენ, იქნება პიარი თუ პროპაგანდა, რომ პრევენცია მოახდინონ. ისინი ცდილობენ, კონკრეტული სამართალდარღვევების გამოძიება პოლიტიკას დაუკავშირონ. თუმცა ბოლოდროინდელ უცხოურ პრესას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უცხოეთი "ნაციონალებისას" მაინცდამაინც უკვე აღარ იჯერებს. სხვაგვარი სტატიები იწერება. კერძოდ, უცხოური პრესა წერს, რომ საქმე მთლად ასე არ არის და, როგორც ჩანს, ყოფილი თანამდებობის პირები მართლაც რაღაცაში დამნაშავეები არიან. ტონი აშკარად შეიცვალა.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი კვლევა IRI-მ ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 63% მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერდა. 13% - "ნაციონალებისას", 3% კი "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატს. თქვენი აზრით, ორ თვეში სად წავიდა "ნაციონალების" ის 40%, რომელიც პარტიამ 1-ელ ოქტომბერს მიიღო?

- უპირველესად იმ 3%-ზე ვილაპარაკოთ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა მიიღეს. თითქოს კვლევის შედეგი რეალობას შეესაბამება, მაგრამ ქრისტიან-დემოკრატებს ამ 3%-ს მაინც "ტენიან". რა "იმუშავეს" ამისთანა, ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება "ნაციონალების" 40%-ს, ეს მაჩვენებელი წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო. 40% ზეწოლით, დაშინებითა და შანტაჟით რომ იყო მოპოვებული, ყველამ კარგად ვიცით. მხოლოდ უცხოეთს არ სურდა ამის დანახვა და არც ახლა უნდა, თუმცა, მოუწევს. სინამდვილეში "ნაციონალების" რეიტინგი არც არჩევნებამდე, არც არჩევნების დღეს და არც მას შემდეგ 13%-ზე მეტი არ ყოფილა.

- ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას დისციპლინა დაუწუნა და განაცხადა, რომ მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაცია არ არის. მისივე თქმით, ბევრი მის განცხადებებს აღარ კითხულობს და დეპუტატები განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ. თქვენი აზრით, პრემიერის ეს "პრესინგი" სხვადასხვა პარტიისგან შემდგარ უმრავლესობაზე, მისი ზოგიერთი წევრის განაწყენებასა და ბზარის გაჩენას ხომ არ განაპირობებს?

- ივანიშვილის ეს განცხადება დროული იყო. პარლამენტსა და მთავრობას შორის მართლაც არ იყო კოორდინაცია, რაც აუცილებელია ხელისუფლების ეფექტურად მუშაობისთვის. რაც შეეხება უმრავლესობაში ბზარის გაჩენას, ამას ნამდვილად არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ბზარზე ლაპარაკი ნაადრევია.

- პარლამენტმა სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილი დაამტკიცა. ამას წინ საკმაოდ მწვავე დებატები უძღოდა. საპარლამენტო ოპოზიციამ ნანუაშვილს "ქართული ოცნების" პარტიული კანდიდატი უწოდა.

- მიმაჩნია, რომ ნანუაშვილი ღირსეული ომბუდსმენი იქნება. ის ნამდვილად არ არის პარტიული კანდიდატი და არ ჰქონია კავშირი "ქართულ ოცნებასთან" და არც დღევანდელ მთავრობასთან. სხვათა შორის, ნანუაშვილის ღირსეული კანდიდატობა დაადასტურა იმ პასუხებმა, რაც მან უმცირესობის შეკითხვებს გასცა. თუმცა, მე პირადად სიმპათიას არ ვმალავდი გელა ნიკოლეიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძისადმი. მაგრამ, ჩემი აზრით, ნანუაშვილის კანდიდატურის დასახელებით შექმნილი მდგომარეობიდან კარგი გამოსავალი მოიძებნა.

- პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი "ამნისტიის შესახებ", რომლის ერთ-ერთი მუხლი პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების პოლიტიკურ ამნისტიასაც ითვალისწინებს. ამასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მხოლოდ ოპოზიციის კრიტიკაში არ არის საქმე - არიქა, ტერორისტები თავისუფლდებიანო. ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც პოულობენ სიებში ისეთ პირებს, რომელთა გათავისუფლების მიზანშეწონილობა ბევრ კითხვას აჩენს.

- ჩემი აზრით, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებისა და პატიმრების გათავისუფლების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუარესდება. ცალკეული რეციდივი კი, ალბათ, იქნება. სიმართლე გითხრათ, მე ამ კანონპროექტს არ ვუყურებ, ჩემთვის მთავარია, რომ წინა ხელისუფლების რეპრესიებს ბევრი ემსხვერპლა და საჭიროა სამართლიანობის აღდგენა.

- ამაზე საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ დაობს. საქმე ის არის, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სიაში შეყვანილი ყველა პირი იმსახურებს თუ არა ამ სტატუსს და რამდენად ობიექტურად წარიმართა პროცესი?

- შეიძლება სიაში არის ხარვეზები. ან რომელი პროცესი ჩაივლის უხარვეზოდ? საქმე ის არის, ეს ხარვეზი რამდენად საზიანო იქნება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ჩემი აზრით, ეს დიდად არ დაგვაზარალებს. თუმცა, საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი გვაქვს კრიტერიუმი, რას ნიშნავს პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარი.

- თქვით, რომ დასავლეთმა ტონი შეიცვალა. როგორ ფიქრობთ, ეს დაადასტურა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალისა და ალიანსი-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაკეთებულმა განცხადებებმა?

- დიახ, დადასტურდა, რომ არ კეთდება ისეთი განცხადებები, როგორიც ადრე კეთდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, რასმუსენსაც ეხება. თუ გადახედავთ მის ადრინდელ გამონათქვამებს, განსხვავება ნათელია.

- ბრიუსელის მინისტერიალმა პრეზიდენტს იმედი გაუცრუა, განაცხადა, იყო შანსი, საქართველოს არჩევნების შემდეგ მაპ-ი მიეღო, მაგრამ ბრიუსელში ინსტიტუციური წინსვლა არ დაფიქსირდაო.

- დიდი ბოდიში, მაგრამ ეს სასურველის რეალობად წარმოჩენაა. ჩვენ მაპ-ს ვერ მოგვანიჭებდნენ იმ მიზეზების გამო, რის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია. მაპ-ი რომ მივიღოთ, საქართველომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს ის ინსტიტუციონალური თუ სამხედრო რეფორმა, რაც შეეფერება ნატოს წევრ ქვეყანას. ამასთან, ჩვენი რუსეთთან ურთიერთობა და კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებული სიტუაცია იმ დონემდე უნდა მივიდეს, რომ ხელი არ შეუშალოს ჩვენს ალიანსში გაწევრებას.

- რაც შეეხება თბილისი-მოსკოვის ურთიერთობას, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლების რიტორიკა ქვეყნებს შორის წინა პირობების გარეშე ურთიერთობის განახლების სურვილს არ შეესაბამება. შეგვიძლია ვთქვათ, დიალოგის დაწყება კვლავ ჩიხში შევიდა?

- არა. ეს პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. ლავროვმა განცხადება გააკეთა, სიტყვა პუტინმაც თქვა, იგივე თქვა მედვედევმაც. ის, რომ მოსკოვში ამ თემაზე ალაპარაკდნენ, კარგია. არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რუსული მხარეც მაშინვე იმავეს გააკეთებსო. ასე არ ხდება. სამწუხაროდ, ბოდიში მკითხველსა და საზოგადოებასთან, მაგრამ რუსეთი ჩვენ როგორც თანაბარს არასოდეს შეგვხედავს და ყოველთვის შეეცდება, ზემოდან გვიყუროს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება თანასწორ დონეზე ვესაუბროთ რუსეთს, განსაკუთრებით კი იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოა. აAრ უნდა დავთმოთ და გადავლახოთ წითელი ხაზები, მაგრამ ამავე დროს მაქსიმალურად მოქნილი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთთან დიალოგი განახლდეს. ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება და დრო დასჭირდება. ამავე დროს, არ გამოვრიცხავ, რომ ლავროვმა ცოტა ხანში სულ სხვაგვარი განცხადება გააკეთოს.

- რუსეთი იქით იყოს და გასულ კვირას თბილისს "გაუგებრობა" ისრაელთანაც მოუხდა. საქართველომ გაეროში სახელმწიფო-დამკვირვებლამდე პალესტინის სტატუსის ამაღლებას დაუჭირა მხარი. ამ დღეებში ბევრჯერ დაისვა კითხვა, რატომ დააფიქსირა ეს პოზიცია ქართულმა მხარემ. ბოლოს და ბოლოს, შეგვეძლო კენჭისყრისას თავი შეგვეკავებინა და ზედმეტ თავსატეხს მაინც ავიცილებდით თავიდან.

- მართლაც სჯობდა, თავი შეგვეკავებინა. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს მხარდაჭერამ, არა მგონია, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობას ისრაელთან ან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ვითარებას. ასევე, არ შეილახება ჩვენი საერთაშორისო იმიჯი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი კონსულტაციები და ჩათვალეს, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო. მე საფუძველი არა მაქვს, ეს არ დავიჯერო.

- ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

- ისრაელის ელჩი სხვაგვარად ვერც იტყოდა.

- მანვე დასძინა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მას არ მართავენ დამწყები პოლიტიკოსები, რომ პოზიციები მარტივად შეიცვალონ. ეს განცხადება ხელისუფლებაში ბევრს ემწარა.

- ელჩები მოქმედებენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე. იუვალ ფუქსი ვალდებული იყო, ეს განეცხადებინა. თუმცა, ვიმეორებ, არა მგონია, გაეროში დაფიქსირებულმა საქართველოს პოზიციამ გავლენა მოახდინოს საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე.

- რაკი ელჩებზე სიტყვა ჩამოვარდა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დიპკორპუსების ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის სანაცვლოდ რამდენიმე პირის ციხიდან გათავისუფლებას სთხოვენ. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საპყრობილიდან ბაჩო ახალაიას გამოშვებას ითხოვს.

- ეს აბსოლუტურად ამორალური წინადადებაა და მას ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს. იმ ელჩებს ამოეწურებათ უფლებამოსილება. ბოლოს და ბოლოს, 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და ივანიშვილს შეუძლია, ელჩებად თავისი კანდიდატურები წარადგინოს. გარიგებაზე წასვლა არ შეიძლება და ელჩების სანაცვლოდ ბაჩო ახალაიასა და მისთანა ნაძირალების გათავისუფლება დაუშვებელია.