ვურჩევდი პროკურატურას, ეს ორი კატეგორია გაემიჯნა ერთმანეთისგან - კვირის პალიტრა

ვურჩევდი პროკურატურას, ეს ორი კატეგორია გაემიჯნა ერთმანეთისგან

"საზღვარგარეთ გაქცეული ნაძირალები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში"

იანვრის დასაწყისში სუფრებზე ხშირად ვკამათობთ, ბოლოს და ბოლოს, როდის დგება "ნამდვილი" ახალი წელი: 1-ელ იანვარს თუ 14 იანვარს. თუმცა ამ საკითხზე კონსენსუსსაც მშვენივრად ვაღწევთ და ორივე თარიღს აღვნიშნავთ. ორ-ორი თარიღის საკითხმა ამჯერად პოლიტიკურ სივრცეშიც გადაინაცვლა. კერძოდ, საზოგადოების ნაწილის აზრით, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის 5-წლიანი ვადა 20 იანვარს ეწურება და ის ლეგიტიმაციას კარგავს. პრეზიდენტის მომხრეები კი კონსტიტუციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილი კანონიერი სახელმწიფოს მეთაური იქნება. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადაზე დავას არ აპირებს. პრეზიდენტი კი "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. თუმცა, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შეთავაზება ფუჭია და ამის მორალური უფლება პრეზიდენტს არა აქვს.

- ეს არ იყო შეთავაზება "ქართული ოცნებისთვის". პრეზიდენტის შეთავაზება სერიოზულად განსახილველი რომ ყოფილიყო, ტექსტს 15-წუთიანი პროლოგი არ უნდა ჰქონოდა, რომელშიც მოვისმინეთ შარშან ჩაძირული პოლიტიკოსის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწყვეტი. ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთი შესავლის შემდეგ ვინმეს თანამშრომლობა მოუნდებოდა, წარმოუდგენელია. საზოგადოდ, შეთავაზება განიხილება იმ შემთხვევაში, თუ შემთავაზებელს აქვს ამის მორალური უფლება. როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში საწინააღმდეგოს აკეთებს, მას არავინ ენდობა. დასავლეთში კიდევ შეიძლება თითო-ოროლა პოლიტიკოსი მოიძებნოს, რომლებსაც არ უნდათ, დაიჯერონ, რომ ყოფილ ხელისუფლებას წლების განმავლობაში ქვეყანა სიყალბეში ჰყავდა, უჭირთ იმის დაჯერებაც, რომ ფუჭი ყოფილა მრავალწლიანი მხარდაჭერა იმისა, რასაც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ.

ისინი ახლა თავიდან გაიაზრებენ იმას, თუ რაში იხარჯებოდა ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი, მათი ქვეყნების გადამხდელების ფული. ყველა ის უცხოელი პოლიტიკოსი, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით სააკაშვილის რეჟიმის რეკლამირებაში, პასუხისმგებელია თავისი გადამხდელის წინაშე. ამიტომაც უჭირთ, ამ ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ახალ ხელისუფლებას სირთულეს უქმნის. კარგად ვიცით, რომ ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსის ნათქვამი თითოეული ნაჩქარევი ფრაზა ეფუძნება სრულ დეზინფორმაციას ან პირად ნოსტალგიას იმ უკეთესი პირობებისა, რომელშიც უწევდათ ურთიერთობა ყოფილ ხელისუფლებასთან. ყველაფერს თავისი სახელი რომ დაერქვას, ხალხი რომ არ გამწარდეს უსამართლობის გამო და "უმანკო პოლიტიკოსების" მდევნელების სახელიც რომ არ დავიმკვიდროთ, ჩემი აზრით, აუცილებელია, გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული და პოლიტიკური დანაშაულები. ვგულისხმობ, ძალაუფლების გადამეტებით ჩადენილ დანაშაულს. დასავლეთი სრულად გაიზიარებს იმ ყაჩაღთა დაკავების აუცილებლობას, რომელთაც ხელყვეს სხვისი კერძო საკუთრება. Pპოლიტიკურ ნიუანსებში ჩაღრმავების დრო და სურვილი კი დასავლეთში არა აქვთ. ამიტომ ვურჩევდი პროკურატურას, ეს ორი კატეგორია გაემიჯნა ერთმანეთისგან და სტატისტიკაც ცალ-ცალკე ეწარმოებინა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაული პოლიტიკური მოტივით იყო ნაკარნახევი, მაგრამ ჩასაფრებული "მოყვარეები" რომ არ გავაღიზიანოთ, კერძო საკუთრების თემა გამოვყოთ პოლიტიკურისგან. ვფიქრობ, ვითარებაც განიმუხტება და ამავე დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი ნაწილიც დაგვეხმარება, რომ საზღვარგარეთ გაქცეული ნაძირალები საქართველოში დავაბრუნოთ საკადრისი სასჯელის მოსახდელად.

- რა ამის პასუხია და, "ქართული ოცნების" ლიდერები ლაპარაკობენ პოლიტიკურ ამნისტიაზე იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც მათდა უნებურად, ზეწოლით ან დაშინებით, აღმოჩნდნენ დანაშაულში ჩაბმული. თუმცა, ალბათ, ძნელია დახარისხება და კატეგორიებად დაყოფა. თავად არავინ იტყვის, დანაშაულს ჩემი ინიციატივით ჩავდიოდიო.

- დანაშაული, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მასში ჩართული მისი მომხრეების დიდი ნაწილი სჩადიოდნენ, არ იყო ინდივიდუალური. ეს სისტემური დანაშაული იყო. როდესაც ადამიანები ჯგუფურ დანაშაულს სჩადიან, ეს უფრო ამძიმებს დანაშაულს. მეორე მხრივ, ყველას კარგად მოეხსენება, რა შიში იყო გამეფებული თავად საჯარო მოხელეებს შორის. მკვიდრდებოდა მათი უუფლებობა, რომელშიც დიდ როლს ზეწოლა და დასმენის შიში თამაშობდა. ამიტომ, ალბათ, უნდა გამოიყოს ის კატეგორია, რომელიც ზეწოლით აღმოჩნდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაბმული. თუმცა, აუცილებელია მონანიებაც. ისე, რომელ პოლიტიკურ ამნისტიაზეა ლაპარაკი, როდესაც ვისმენთ მუქარას იმ გუნდისგან, რომელმაც წლების განმავლობაში არნახულ უსამართლობაში აცხოვრა ხალხი. ამნისტია შესაძლებელია შეეხოთ იმათ, ვისზეც არ არის აღძრული საქმე. თუმცა, მათ უნდა გაამჟღავნონ ის დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართული იყვნენ.

- ელოდებით, რომ ამ უფლებით ბევრი ისარგებლებს? ალბათ, ყოფილი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი არ დაიწყოს.

- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა ამნისტირებულ იქნეს ის პირი, რომლის დანაშაული უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ანუ დაზარალებულმა უფლებები აღიდგინა. უნდა იყოს მკაფიო კატეგორიები გამოყოფილი და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს მათზე, რომელთაც დაზარალებულები უჩივიან. თუ კაცი უტიფრად აცხადებს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ დოკუმენტები სულ სხვა რაიმეს გვიდასტურებს, ბუნებრივია, ასეთ პირს ამნისტია ვერ შეეხება.

- პოლიტიკური ამნისტიის იდეის კანონად გადაქცევა, ალბათ, უფრო მომავლის ამბავია. მანამდე "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას შეეცდება, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებას, მთავრობის დათხოვნის შემდეგ მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებად თავისი თანაგუნდელები დანიშნოს და ეს გუნდი შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, დაუმტკიცებს თუ არა ახალ კაბინეტს პარლამენტი. შესაბამისად, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, რა დროც ექსპერტების ვარაუდით ამ ცვლილებების დამტკიცებას სჭირდება, პრეზიდენტისთვის მთავრობის დათხოვნა გარკვეულწილად აზრს კარგავს. დასწრებაზე ხომ არ არის საქმე და ზემოხსენებული ინიციატივა ხომ არ მოახდენს მოვლენების ფორსირებას?

- რასაკვირველია, ამ დროისთვის მოქმედი კონსტიტუცია საფრთხის შემცველია. მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ოპოზიციონერია, უშიშროების საბჭოს მდივანიც ოპოზიციონერია და სასამართლოსაც ოპოზიცია აკონტროლებს. ზოგიერთი ელჩიც ოპოზიციაში იყო, თუმცა, ახალმა ხელისუფლებამ მიაღწია, რომ პრეზიდენტს რამდენიმე დიპლომატი გამოეწვია და მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურები დაემტკიცებინა. მოკლედ, კონსტიტუცია ისეა შექმნილი, რომ ყოფილი ხელისუფლების ძალაუფლება არ შეზღუდულიყო. Aარ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გონივრულმა ნაწილმა, რომელსაც სურს მომავალი პოლიტიკური საქმიანობის პერსპექტივა შეინარჩუნოს, გააცნობიეროს საფრთხე მანამ, ვიდრე ურემი გადაბრუნდება. შესაძლოა, ამან შეაფერხოს მიხეილ სააკაშვილის ის ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მომავალს, არამედ აწმყოსაც. მთავარი დღეს ის არის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ძალუძს ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. ქართველმა ხალხმა ეს უფლება დაიბრუნა და ასე იოლად აღარ გასცემს. თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ვერ ამჩნევს ხალხს, როგორც პოლიტიკური პროცესების სუბიექტს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად წუხან, რატომ იკრიბებიან ამა თუ იმ საკრებულოსთანო. სხვათა შორის, იანვრის მესამე დეკადიდან უკვე არალეგიტიმური პრეზიდენტი გვეყოლება და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების აფრიალების საფრთხე ნაკლებად რეალური მეჩვენება.

- "ნაციონალური მოძრაობის" ამ გონივრულ ნაწილში იმათ გულისხმობთ, რომლებმაც შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ? შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე ჰყავთ 100 დეპუტატი, რომლებიც კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. ასევე, საინტერესოა, ამ გონივრულმა ნაწილმა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მიხეილ სააკაშვილზე, თუ ის, ვთქვათ, მთავრობის დათხოვნას გადაწყვეტს?

- არსებობს პირთა ვიწრო წრე, რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე.

- ზემოხსენებულ გონივრულ ნაწილში მათაც გულისხმობთ?

- ყოველ შემთხვევაში, მათში არ არის აზრთა ერთიანობა იმ გზაზე, რომელიც შეიძლება აირჩიოს მიხეილ სააკაშვილმა სიტუაციის გასამწვავებლად. სააკაშვილის მთავარი და სანდო ვასალი გაქრა არჩევნების საღამოს და მასთან დაპირისპირებულთა რაოდენობა იზრდება.…

- ზურაბ ადეიშვილს გულისხმობთ?

- დიახ. რაც უნდა ერთი და იგივე ფრაზები იმეოროს პრეზიდენტმა, დროს თავისი მიაქვს. კალენდარი ყველას აქვს და ხუთ წლამდე თვლა ყველამ იცის. შესაბამისად, კარგად იციან, რა კაზუსი აქვს კონსტიტუციას.

- ვიწრო წრის გონივრულ ნაწილს მიეკუთვნება ვანო მერაბიშვილი?

- წესით, მერაბიშვილი ამ გონივრულ ნაწილში უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ამას ველოდი, მაგრამ ის იმ ნაბიჯების ტყვეობაშია, რომელიც წინა წლებში გადადგა. ის თავისი წარსულის მძევალია და პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება აღარ აქვს... მოდი, ამ ვიწრო წრის გონივრულ ნაწილზე ლაპარაკი ამით დავამთავროთ.

აქვე მინდა გამოვეხმაურო თქვენი კითხვის მეორე ნაწილს. კერძოდ, რომ "ნაციონალების" ნაწილმა შესაძლოა, "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. საფრთხის შემცველია იმაზე ფიქრიც კი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილის დახმარებით "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც ერთპარტიული სისტემა მართავს. გმადლობთ, დავიღალეთ და აღარ გვინდა. უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას მუდმივად ვამბობდი, რომ საკანონმდებლო ორგანოს ერთპარტიული სისტემით დაკომპლექტება სხვადასხვა ბერკეტით უნდა შეზღუდოს საერთაშორისო საზოგადოებრიობამ. ერთპარტიული მმართველობა დემოკრატიული ვერ იქნება.

- ამ საკითხზე "ქართული ოცნების" არგუმენტი ის არის, რომ თავად კოალიცია მრავალპარტიულია. აგერ, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, ბერძენიშვილის განცხადების თაობაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის დაშლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

- ვნახოთ, ჯერ ძნელია რაიმეს თქმა. თუ დაშლაზეა საქმე, მაშინ კოალიცია ერთდროულად უნდა დაიშალოს და აღდგეს მრავალპარტიულობა. ნამდვილად არიან ოპონირების ღირსი ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში კოალიციის პარტიები ოდნავ მაინც მიახლოებულ შედეგს აჩვენებენ, რაც 1-ელ ოქტომბერს მოიმკეს. ხალხი მართვაში აფასებს ერთიანობას და არა ერთსულოვნებას. ამიტომაც ფაქიზად უნდა მოვექცეთ ქალბატონ დემოკრატიას. ის მუჯლუგუნებს ვერ აიტანს ვერც მარცხნიდან და ვერც მარჯვნიდან.

- საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკური გაუგებრობების დასრულებას საშველი არ დაადგა. გასულ კვირას ისრაელმა ქართველ მომლოცველებს ვიზებზე უარი უთხრა. ორი ვერსია განიხილება: პირველის მიხედვით, თელ-ავივმა ასეთი ფორმით თბილისს სამაგიერო გადაუხადა იმის გამო, რომ საქართველომ გაეროში პალესტინის სტატუსის ამაღლებას მხარი დაუჭირა; მეორის მიხედვით კი, ამის მიზეზი ის არის, რომ მომლოცველების სტატუსით წასულები ისრაელში არალეგალურად რჩებიან ხოლმე.

- ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფაქტიდან ტრაგედიას ნუ შევქმნით. თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ არამეგობრული ნაბიჯი გადავდგით, როდესაც მხარი დავუჭირეთ პალესტინის სახელმწიფოებრიობის მოთხოვნას, მაშინ საპასუხო ნაბიჯიც უნდა ავიტანოთ მწარე კომენტარების გარეშე. სხვათა შორის, ეს შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე მშვიდ გამოვლინებად. უფრო სამარცხვინო იქნებოდა ქვეყნისთვის მეორე ვერსია, ანუ ისრაელს რომ ეთქვა, იმდენ ხალხს აღარ უნდა საქართველოში დაბრუნება, რომ ჩვენს სახელმწიფოს ვიცავთ უკანონო მიგრანტებისგანო. ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მალე წარსულს ჩაჰბარდება და ვერ მიაყენებს ჩრდილს ქართულ-ებრაულ ურთიერთობას.