"ურთიერთობები გამოსასწორებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ოკუპანტია" - კვირის პალიტრა

"ურთიერთობები გამოსასწორებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ოკუპანტია"

ქართული პოლიტიკა რომ დაუსრულებელ მძაფრსიუჟეტიან სერიალს ჰგავს, გასულმა კვირამაც დაადასტურა. მოვლენები ერთნაირად დინამიკურად ვითარდებოდა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურ არენაზე. პრემიერმა დავოსიდან  თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით კულუარული თამაშისთვის გააკრიტიკა და განმარტა, რომ სწორედ ამას შეეწირა ალასანიას ვიცეპრემიერობა.

პრემიერს კი, სტრასბურგიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტი აკრიტიკებდა და ევროპელებს "აშინებდა" - საქართველოს ახალი ხელისუფლება დასავლურ მისწრაფებებს ხელს შეუშლისო. სტრასბურგშივე შედგა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალების" წარმატებული კოჰაბიტაცია - დელეგაციაში შემავალმა ორივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს იმაზე, რომ ასამბლეას საქართველო-რუსეთის ომის თემაზე მკაცრი რეზოლუცია მიეღო. შემდეგ კი ევროსაბჭოში შიდაქართული დაპირისპირება გაგრძელდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, "ნაციონალებმა" ევროპის სახალხო პარტიის დელეგატების დახმარებით მოახერხეს და მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციაში საქართველოს საკითხიც ჩასვეს, რომლის მიხედვით, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. პოლიტოლოგი კოტე ჟღენტი "ნაციონალებს" ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ ზემოხსენებული რეზოლუციის მიუხედავად, საზმაუწყებელთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მაინც განხორციელდება.

- პირველ რიგში, იმ რეზოლუციაზე ვისაუბრებ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველო-რუსეთის ომის საკითხზე მიიღო. ძალიან კარგია, რომ რეზოლუციაში ჩაიდო ის, რაც ქვეყნის ინტერესებშია და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის. იყო მომენტი, როცა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, - გვაქვს ინფორმაცია, რომ დელეგაციაში მყოფ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს რეზოლუციის პროექტში რაღაცის შეცვლა უნდათო. Kკიდევ ერთ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი - უმცირესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და მათთან დაახლოებულმა ე.წ. ექსპერტებმა  რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, ეს მაინც არ შესრულდებაო. შევახსენებ მათ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები აუცილებელი შესასრულებელი არც არის და მას რეკომენდაციის ხასიათი აქვს.

მეორეც - როდესაც ხელისუფლებაში მათი ყოფნის  დროს იღებდა ასამბლეა რეზოლუციებს და ვინმეს წამოსცდებოდა -  სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ აქვს მექანიზმები, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რეზოლუციაში დაფიქსირებული პრინციპების შესრულება აიძულოსო, ამბობდნენ, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯიაო. ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე და ამას ყველა ხედავს. რაც შეეხება მეორე რეზოლუციას მედიის თაობაზე - ის ეფუძნებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ერთხელ თქვა პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლებელია, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სხვა ტელევიზიას შეუერთდესო. პრესკონფერენციაზე ერთხელ ნახსენები რეზოლუციაში რომ მოხვდება, ნიშნავს, რომ ეს "ნაციონალების" მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. იგივე შეიძლება ითქვას რეზოლუციის ყველა იმ ნაწილზე, რომელიც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეხება. არადა, ყველამ ვიცით, ვის კონტროლს ექვემდებარებოდა "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც ნამდვილად "ნაციონალური" ტელევიზია იყო და, სამწუხაროდ, დღემდე ასეა.

- გადაუმოწმებლად რატომ უჯერებენ "ნაციონალებს"? სხვათა შორის, თუ ტექსტებს შევადარებთ, რეზოლუციაში თითქმის ზუსტად აისახა ის, რაც "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

- გარდა ლობირებისა თუ პირადი კონტაქტებისა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ - ვერ ვიტყვით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები დღედაღამ საქართველოზე კითხულობენ, ფიქრობენ და მიმდინარე პროცესებში ღრმად არიან ჩახედული. ევროპაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე,  ისინი უფრო თავიანთ პრობლემებზე ფიქრობენ, ვიდრე იმაზე, რა ხდება საქართველოში. ისინი უჯერებენ იმ ადამიანებს, რომლებთან ერთად 9 წლის განმავლობაში დადიოდნენ სხდომებზე. სჯერათ მათი და ზოგჯერ თავს არ იწუხებენ გადამოწმებით. ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ - ბოლომდე მივა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებული ცვლილება - იგი რეალურად გადაიქცევა ხალხის ტელევიზიად და "ნაციონალური" ბორდი შეიცვლება.

- ანუ ივანიშვილის გუნდს დრო სჭირდება, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მათეულმა ვერსიამ საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა დაიმსახუროს?

- დროც სჭირდება. ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის პიარს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მისთვის მთავარი საქმის კეთებაა. როგორც ჩანს, ეს მიდგომა მთლად სწორი არ არის - დღევანდელ მმართველ ძალას გაძლიერება სჭირდება იმ კუთხით, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო არენაზე, არამედ თავისივე მოსახლეობამდე მიიტანოს ინფორმაცია გაკეთებულ საქმეებზე.

- რეზოლუციების დამტკიცებამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. მან ბევრ საკითხზე ისაუბრა, თუმცა მთავარი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ახალი ხელისუფლება ევროპულ მისწრაფებებს ხელს შეუშლის. ჰქონდა წიაღსვლებიც, მაგალითად, ის, რომ საქართველოში ოპოზიციას აშინებენ და ის პრემიერზე უკეთესად ლაპარაკობს რუსულად.

- ეს იყო არა ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლა, არამედ არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური ძალის ლიდერისა, რომელიც თავს ესხმის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას და მის ხელმძღვანელს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას უნდა ისაუბრო ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და მისი გაუვნებლების გზებზე. სააკაშვილმა ოკუპაციაზეც ილაპარაკა და ტაშიც დაიმსახურა, როცა რუსი დეპუტატის კითხვას უპასუხა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენ რუსეთთან მართალი ვართ - ეს ქვეყანა მართლაც ოკუპანტია,  მართლაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი და საქართველო არ აპირებს ამასთან შეგუებას. ასევე, ახალ ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი უცვლელია და ეს ასეც არის. შესაბამისად, არც თავის მოტყუება და არც ვინმეს მოტყუებაა საჭირო, თითქოს ქვეყანა საგარეო კურსს იცვლის. თუმცა სტრატეგია შეიძლება იყოს იგივე, მაგრამ ამ სტრატეგიის მიღწევის ტაქტიკა - სხვადასხვაგვარი. სტრატეგიის ნაწილია ისიც, რომ მეზობელ რუსეთთან დღეს არსებული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ურთიერთობები გამოსასწორებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ოკუპანტია. ამის მიუხედავად, თუ გვინდა ამ ტერიტორიების დეოკუპაციას მივაღწიოთ, ეს მხოლოდ რუსეთთან დიალოგით განხორციელდება.

- აღნიშნეთ, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით არც თავის მოტყუებაა საჭირო და არც სხვისი. როგორ ფიქრობთ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე თავს იტყუებს თუ სხვას? შეგახსენებთ,  მან გადადგომის მიზეზად ის დაასახელა, რომ ივანიშვილის მიერ ერევანში გაკეთებულმა განცხადებებმა კითხვები გაუჩინა. სხვათა შორის, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაშაკიძის დემარში "ნაციონალების" კომბინაციაა.

- არა მგონია, ვაშაკიძის დემარში გულწრფელი იყოს. მას შემდეგ ძალზე ცოტა დრო გავიდა, რაც ახალმა ხელისუფლებამ ვაშაკიძეს მინისტრის მოადგილედ დარჩენა შესთავაზა და მან მაშინვე თანხმობა განაცხადა. მეორეც - ერევანში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რასაც შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა ჩვენი საგარეო ორიენტაცია. ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზია.

- ხაზი გაუსვით რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობას. დავოსში, როგორც იტყვიან, კონტაქტი შედგა - ბიძინა ივანიშვილი დმიტრი მედვედევს გაესაუბრა. რუსული მედია იუწყება, - ივანიშვილს Uუთქვამს, რომ მედვედევთან უფრო ხშირად შეხვედრის იმედი აქვს.

-  დავოსში მართლაც შედგა კონტაქტი. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გადაულაპარაკეს. მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ივანიშვილის განცხადება კი უნდა განვიხილოთ საერთო კონტექსტში, რაც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ეხება.

მედვედევი არ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც  როცა ხელს გაუწვდიან, არ ჩამოართვას. თუმცა ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. სხვათა შორის, რუსულმა პრესამ უფრო მეტი ყურადღება მიაქცია ამას, ვიდრე ადრე აქცევდა მსგავსი ტიპის შეხვედრებს.

- თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აღდგა, ამაში ჩვენი პატრიარქის წვლილი ძალიან დიდი იქნება. შეგახსენებთ, რომ უწმინდესი მოსკოვში ბრძანდებოდა. სხვათა შორის, რუსეთის დედაქალაქში მას ყოველთვის ხაზგასმული მოწიწებით იღებენ.

-  მისი უწმინდესობის მოსკოვში ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო ის, რაც პატრიარქმა ბრძანა  - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას. არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სხვა გავლენიანი წრეების წარმომადგენლებთან ამის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, პრემია, რომელიც მას გადაეცა და დახვედრის სტილი, მეტყველებს ჩვენი პატრიარქისადმი დამოკიდებულებაზე. სხვათა შორის, ასეთ ვიზიტსაც აქვს ისეთი მომენტები, რაც პრესაში არ ჩანს და შემდეგ გამოჩნდება. შესაძლოა, მომავალში ამ ვიზიტის შესახებ ახალი ნიუანსები გავიგოთ, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას უკავშირდება.

- გასულ კვირას გაგრძელდა ამნისტირებულ პატიმართა გათავისუფლების პროცესი. "ჯავახქის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლება "ნაციონალებმა" ივანიშვილზე მორიგი შეტევისთვის გამოიყენეს. ჯერ მერაბიშვილმა, შემდეგ სააკაშვილმა ბრიფინგები ჩაატარეს და უშუალოდ პრემიერს დააკისრეს პასუხისმგებლობა იმაში, რომ ჩახალიანმა ციხე დატოვა.

-  ამ პრეტენზიების ადრესატი ივანიშვილი არ უნდა იყოს. მჯერა ივანიშვილის განცხადების, რომლის მიხედვითაც, წარსულს ჩაჰბარდა დრო, როდესაც ქვეყნის პირველი პირი წყვეტდა პატიმრების გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხს. ჩახალიანი პოლიტპატიმრის სტატუსით არ გამოსულა, უბრალოდ, იმ მუხლებს შეეხო ამნისტია, რომლებითაც იყო გასამართლებული. თუ მას ჩადენილი ჰქონდა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩამოთვალა, ჩახალიანი შესაბამისი მუხლებით უნდა გასამართლებულიყო. ასე რომ ყოფილიყო, ჩახალიანი დღესაც ციხეში იჯდებოდა და მის მუხლებს ამნისტია არ შეეხებოდა. ამიტომაც ჩახალიანის გათავისუფლება უფრო ძველი ხელისუფლების "დამსახურებაა", ვიდრე ახლის. როგორც ვიცი, ის გასამართლებული იყო იარაღის უკანონოდ შენახვისა და ხულიგნობის მუხლებით. ვიმეორებ - თუ ის მართლაც შევარდა ქართულ უნივერსიტეტში, ეკლესიებში და ისინი დაარბია, შესაბამისი ბრალდებები უნდა წარედგინათ მისთვის.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი და მყვირალა თემა ბოლოსთვის შემოვინახე. ვგულისხმობ, იმ ასე ვთქვათ, გაუგებრობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის მოხდა. პრემიერის თქმით, ალასანიას ვიცე-პრემიერობა შეეწირა იმ ამბავს, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიციის სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად დაიწყეს მისი განხილვა საპრეზიდენტო კანდიდატად. საზოგადოების აზრი ორად გაიყო - ერთნი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილს საჯაროდ არ უნდა გაეკიცხა ალასანია. სხვები ფიქრობენ, რომ ალასანიას არ უნდა დაეწყო პრემიერის ზურგს უკან კულუარული თამაშები და ივანიშვილი სწორად მოიქცა, ეს რომ არ დამალა.

- კოალიცია ერთი გუნდია და ამ გუნდმა ერთობლივად და პირველ რიგში, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილია მათი ლიდერი, მიაღწია არჩევნებში წარმატებას. როცა კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს სააშკარაოზე გამოაქვს საპრეზიდენტო კანდიდატობის სურვილი, სასურველია, ეს შეთანხმებული იყოს კოალიციის ლიდერთან. ხომ ხედავთ, განცხადება, - "საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პრემიერთან მძიმე საუბარი გვქონდა" - საზოგადოების ნაწილმა მიიღო, ნაწილმა - არა. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველას შეუძლია პარტიის შიგნით განიხილოს საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ ასეთ უნიკალურ ვითარებაში შეიძლებოდა ეს სხვანაირად გაკეთებულიყო. თუმცა მთავარი სხვა რამაა - გამოჩნდა ყოფილი ხელისუფლების შეფარული სიხარული...

- "ნაციონალებმა" ალასანიას ნერვებზე ერთგვარი თამაში დაიწყეს - თავმოყვარე მინისტრი თანამდებობაზე არ დარჩებოდაო.

- გარდა ამისა, მათ, როგორც აღვნიშნე, შეფარული სიხარული ეტყობოდათ - კოალიცია იშლებაო. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდება და არ მივიჩნევ მომხდარს იმის ნიშნად, რომ კოალიცია იშლება. ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს, ერთიანი კანდიდატი იქნება იმის მიუხედავად, თუ რა უფლებამოსილებას მიანიჭებს პარლამენტი პრეზიდენტს.

- სავარაუდოდ, ამ ერთიან კანდიდატს ვანო მერაბიშვილთან მოუწევს კონკურენცია.

- ამას კონკურენციას ვერ ვუწოდებდი. არა მგონია, არჩევნებამდე სიტუაცია შეიცვალოს. შესაბამისად, კოალიციისა და "ნაციონალების" კანდიდატები სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან და მერაბიშვილს გამარჯვების შანსი არა აქვს.

- თქვენი აზრით, ალასანიას რომ ივანიშვილის კრიტიკა დაატყდა თავს, ამაში კოალიციის სხვა პოლიტიკური ძალის ხელი ხომ არ ურევია, ხომ არ გვაქვს საქმე თავდაცვის მინისტრის შესახებ  პრემიერისთვის ინტერპრეტირებული ინფორმაციის მიწოდებასთან? კერძოდ, "რესპუბლიკელები" ცდილობენ, განავითარონ იდეა, რომ პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა იყოს და ის პარლამენტმა აირჩიოს. "თავისუფალი დემოკრატები" კი საპრეზიდენტო რესპუბლიკას ემხრობიან.

- ეს დაპირისპირება კი არა, აზრთა სხვადასხვაობაა და არაფერია ამაში ტრაგიკული. ეს გაცილებით დემოკრატიული და სწორია, ვიდრე სიტუაცია, როცა ერთი ადამიანის ჭკუაზე მოქმედებს და საუბრობს ყველა. სხვანაირად რომ გეთქვა რამე, ან საფერფლე მოგხვდებოდა შუბლში, ან წიხლი ერთ ადგილას. ასეთ მდგომარეობას ნამდვილად სჯობს დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა, რომელმაც არა მგონია, კოალიციას დიდი ზიანი მიაყენოს.