"ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის მსოფლიო პოლიციელი" - კვირის პალიტრა

"ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის მსოფლიო პოლიციელი"

"მსოფლიოში სულ უფრო მცირდება საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა"

ზუსტად ექვსი წლის წინ, საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოხდა. ამის შესახებ კვირის განმავლობაში ცხადია, ბევრი ითქმება და დაიწერება. ზოგი რევოლუციის დიად და ერთიან მონაპოვარზე ისაუბრებს, ზოგიც ნგრევასა და მარცხზე. ობიექტურები თუ ვიქნებით, ერთზეც და მეორეზეც სათქმელი ბევრია. ალბათ, იმის შესახებაც ისაუბრებენ, რომ საქმე ღირებულებებში კი არა, მათ ფარდობითობაშია. მაგალითად, მედიის თავისუფლება თუ ქუჩების კეთილმოწყობა? ვფიქრობთ, ამგვარად საკითხის დასმა შეუსაბამო იქნება არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს შენების ორ, თვისებრივად განსხვავებულ ღირებულებასთან გვაქვს საქმე და მატერიალური კეთილდღეობა ვერასდროს შეცვლის მორალურ ფასეულობებს, მიზეზი ბევრად უფრო მარტივი და პრაგმატულია:

თუ არ იქნება მედიის თავისუფლება, რომელიც თავისუფლად შეძლებს ქუჩების კეთილმოწყობაში არსებულ ნაკლოვანებათა გაკრიტიკებას, ხელისუფლება მრავალნაირი საფრთხის წინაშე დადგება, - დაწყებული ამ სფეროში კორუფციითა და დამთავრებული ელემენტარული უცოდინრობით ან უპასუხისმგებლობით. უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში კი, რევოლუციით მოსული ხელისუფლება უფრო და უფრო ემსგავსება იმ ქირურგს, რომელიც სტერილურ საოპერაციოში მძიმედ დაჭრილ პაციენტთან ტალახიანი ხელებით ფიქრობს შევარდნას, - აქაოდა, ხელების დაბანაში დრო დამეკარგებაო. არადა, ქირურგიის ანაბანა გახლავთ, თუ ოპერაცია სუფთა ხელებით არ დაიწყო, ყველანაირი მონდომება, ფილიგრანობა და ოსტატობა ამაო იქნება; რაგინდ გულწრფელიც უნდა იყოს ქირურგის მონდომება, ავადმყოფი დასაღუპავადაა განწირული... რევოლუციის შემთხვევაში სუფთა ხელების თეორია ჩანასახშივე გამოირიცხება და ალბათ ამიტომაც, არც ერთი ქვეყნის ისტორიაში, არც ერთ რევოლუციას სიკეთე არ მოუტანია. არათუ ქვეყნის, - დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვებისა" არ იყოს, მთელი კაცობრიობის ყველა საკეთილდღეო იდეალის ძალით განხორციელება ერთი ბავშვის ცრემლადაც არ ღირს... ყველაზე მნიშვნელოვან სატკივარსა და პრობლემაზე, რაც ქართველებს რევოლუციამდეც გვჭირდა და მის შემდეგ უფრო გაგვიმძაფრდა, უწმინდესმა გამოთქვა აზრი. საკვირაო ქადაგებაში პატრიარქმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კატეგორიული აზრის საშიშროებაზე ცხოვრებაში: "უნდა გვქონდეს უნარი, მოვუსმინოთ სხვა ადამიანსაც. ზოგიერთს უჭირს სხვა ადამიანის აზრის გაზიარება. ეს ძალიან საშიშია. ჭკვიანი ადამიანი კი მზად არის, ბავშვსაც მოუსმინოს. უფალი აამაღლებს რჩეულ ადამიანებს. ერი უნდა იყოს პირველ რიგში ღვთისმოსავი, კეთილისმყოფელი, მოსიყვარულე". ვფიქრობთ, ყველაზე მეტი დაფიქრება ქართველებს ამაზე გვმართებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, "ზოგადკავკასიური" მოვლენა მოხდა, - ქალაქ მიუნხენში ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქისიანის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დეტალებსა და შინაარსზე გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენთვის ერთი სევდიანი სკეფსისი გახლავთ - რეგიონში რომ საქართველოს ის სტატუსი ჰქონდეს, რაზეც ჩვენი პრეზიდენტი მოხსენებადქცეულ ოცნებებში გვიყვება ხოლმე, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირთა შეხვედრა თბილისში უნდა შემდგარიყო... დეტალურად კვირის მნიშვნელოვან თემებსა და ასპექტებზე პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვს ვესაუბრებით:

- რამდენიმე კვირაა, საქართველოს ხელისუფლება უშედეგოდ მოითხოვს ქართველი მოზარდების გათავისუფლებას. დასავლეთის რეაქცია ერთგვარი "ევოლუციით" ვითარდება. ევროკავშირის საერთო შეშფოთებას საერთო ღრმა შეშფოთება მოჰყვა, გასულ კვირაში კი მომხდარის დაგმობა და მოზარდების გათავისუფლების კატეგორიული მოთხოვნის დაყენება ევროპის ცალკეულმა ქვეყანამ დაიწყო. ტყვეები კი კვლავაც ტყვეობაში რჩებიან! სადამდე შეიძლება გაგრძელდეს "ნერვების შეჯიბრი"?

- სამწუხაროდ, დღეს მეტის გაკეთება ვერ მოხერხდება. რუსები თამაშის წესებს ყურადღებას არ აქცევენ. მეტიც, დღეს ისინი თავიანთ ინტერესს იმაში ხედავენ, რომ ეს წესები საერთოდ მოშალონ და ქაოსი გამოიწვიონ. ამიტომ, ადამიანობისა და სამართლიანობის ენაზე მათთან ლაპარაკი პრაქტიკულად შეუძლებელია. შეუძლებელია მათთან ლაპარაკი ძალის ენაზეც. ამიტომ, ისინი მანამ გააგრძელებენ მსგავს საქციელს, სანამ იმედი ექნებათ, რომ ამ გზით მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება მიზანს, ამას რუსები აღარავის უმალავენ. ესაა საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება, იქნება ეს არჩეული ხელისუფლების გაგდებით და მარიონეტული მთავრობის დასმით თუ ქვეყნის დაქუცმაცებითა და ერთმანეთის მოქიშპე "სამთავროებად" დაშლით.

კრემლის მიზანია, საქართველო მთლიანად რუსეთის შემადგენლობაში იყოს, მაგრამ იყოს, როგორც დაშლილი და დანაწევრებული ტერიტორია, სადაც მოშლილია საერთო-ეროვნული იდენტობა. ამიტომ, რუსეთი არანაირ მეთოდს არ ერიდება. უნდა საქართველოს რეაქციის პროვოცირება მოახდინოს და საპასუხო დარტყმით სწრაფად დაამთავროს თავისი პროექტი.

ჩვენ ამ სიტუაციაში დიდი არჩევანი არა გვაქვს: პირველ რიგში, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ უდიდესი სიფრთხილეა საჭირო და მაქსიმალურად მოერიდონ უკონტროლო ტერიტორიებს; ამასთან ერთად, სახელმწიფო ზრუნავს მონიტორინგის ფორმატის გასაძლიერებლად და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დროთა განმავლობაში ასეც იქნება. დაკავებულ ბავშვებთან დაკავშირებითაც თვისებრივად ახალი ვერაფერი გაკეთდება - უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო ზეწოლა და ამ ბავშვებს ბოლოს და ბოლოს, გამოუშვებენ. მაგრამ თუ მონიტორინგის ფორმატი არ გაძლიერდა, ხვალ კიდევ სხვებს დააკავებენ და იქნება ასე გაუთავებლად.

არის ერთი პრინციპული მომენტი, რასაც ყურადღება ნაკლებად ექცევა და ეს აუცილებლად გასაკეთებელია.

კერძოდ, ეს არის ე.წ. სამოქალაქო სექტორი, რომელიც ამ რეგიონებში ასე თუ ისე არსებობს და დაფინანსებას დასავლური ორგანიზაციებიდან იღებს. ჩემი აზრით, დაუშვებელია, რომ ამ სექტორიდან ხმას არავინ იღებს დაკავებული ბავშვების გასათავისუფლებლად. მაშ, რისთვის არსებობენ ეს სამოქალაქო სექტორები, თუ ისინი ჰუმანიზმის ელემენტარულ პრინციპებს პატივს არ სცემენ? რისთვის აფინანსებენ მათ დასავლური ფონდები? წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, ჩვენს ხელისუფლებას აფხაზი ან ოსი ბავშვები რომ დაეპატიმრებინა. იქ კი - ვითომც არაფერი ხდება, ყველა ჩუმადაა. ჩემი აზრით, საქართველოს სამოქალაქო სექტორმა ძალიან აქტიურად უნდა მოუწოდოს ოს კოლეგებს, რომ მათ ყოველმხრივ იზრუნონ ბავშვების გასათავისუფლებლად, დაანახონ საკუთარ მოსახლეობას, თუ რას სჩადიან მათი ლიდერები.

- საქართველოს პარლამენტში თომას ჰამარბერგის კრიტიკა გაისმა. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკომისრის კრიტიკა?

- როდესაც ასეთი რამ მესმის, პირველი, რასაც ვფიქრობ, ისაა, თუ ვინ აკეთებს განცხადებას. ალბათ დამეთანხმებით, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილისგან გაუაზრებელ განცხადებებს არ უნდა ველოდოთ. ჩანს, არსებობს რაღაც საფუძველი, რადგან კეთდება ფრთხილი განცხადება და კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები უფრო აქტიურად დაინტერესდებით ამ ამბით. ესეც არ იყოს, ფაქტია, რომ დატყვევებულები არიან ბავშვები და ევროკავშირისგან ფრთხილი შეშფოთებების გარდა არაფერი მოგვისმენია. ადამიანის უფლებების დამცველისთვის კომპრომისი მიუღებელი უნდა იყოს. თუ ჰამარბერგი პოლიტკორექტულობის ტყვეობაში ყოფნას ირჩევს, მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა უნდა ვთქვათ და მოვუწოდოთ, რომ მეტი გაბედულება იყოს მის განცხადებებსა და ქმედებებში.

- აღმოსავლეთ ევროპელებმა თავი უნდა დაანებონ ბავშვურ საქციელს, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას შეუდგნენ და შეწყვიტონ რუსეთის აგრესიაზე მუდმივი ჩივილი აშშ-თან, - განაცხადა ჩეხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. გავიხსენოთ ანტისარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული ფაქტი და ისიც, რომ ბარაქ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, ჩინეთთან ურთიერთობებს რომ გაუფრთხილდა და ტიბეტელ დალაი-ლამასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა... ჩანს, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ საგარეო პოლიტიკაში წინამორბედისგან მკვეთრად განსხვავებული ტაქტიკა აირჩია! როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ასეთი ტაქტიკა საქართველოზე?

- ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ აშშ ერიდება მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან ღია დაპირისპირებას და ამიტომ აქცენტს პარტნიორი ქვეყნების შიდა შესაძლებლობებზე გააკეთებს. ბჟეზინსკის განცხადება იმას ნიშნავს, რომ ეს ე.წ. "დასმენის" პოლიტიკა ამერიკის დღევანდელ კურსს ეწინააღმდეგება და ამიტომ კონტრპროდუქტიულია. არ მიკვირს, რომ ამერიკა შიდა შესაძლებლობების განვითარებისკენ მოუწოდებს აღმოსავლეთ ევროპას, მით უმეტეს, რომ ამ შესაძლებლობათა განვითარებაში თავადვე აქტიურად ეხმარება. ასე რომ, ობამას პოლიტიკა წინა ადმინისტრაციის ხედვებისაგან ძირითადად სწორედ ამ ნაწილში განსხვავდება - ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის მსოფლიო პოლიციელი, თუმცა, რა თქმა უნდა, თავისი პრინციპების ერთგული რჩება და არც ინტერესებს იცვლის. ამიტომ, ვაშინგტონს აქცენტი გადააქვს პარტნიორთა გაძლიერებაზე და ეს ჩვენთვის კარგი ნიშანი უნდა იყოს. საქართველოს აქვს ყველა შანსი საიმისოდ, რომ ამერიკის უახლოეს პარტნიორად დარჩეს და თურქეთთან ალიანსში, რეგიონის სტაბილურობაში უდიდესი წვლილი შეიტანოს. ამას ვამბობ იმ პრობლემების მიუხედავად, რაც დღეს გვაქვს.

- სააკაშვილისა და იუშჩენკოს შეხვედრის პარალელურად პუტინი-ტიმოშენკოს შეხვედრა მიმდინარეობდა. როგორია უკრაინაში პოლიტიკურ ძალთა და გავლენათა გადანაწილების შანსი დასავლური და რუსული ორიენტაციის თვალსაზრისით?

- არა მგონია, ამ მხრივ რამე კარდინალურად შეიცვალოს. უკრაინა დიდი სახელმწიფოა და ჩვენი ინტერესი ისაა, რომ მან დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. ბუნებრივია, ეს არის, პირველ ყოვლისა, თვით უკრაინის ინტერესი. ამიტომ, ერთადერთი, რაც უკრაინაში პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა, კრემლის ყურმოჭრილი მონის ხილვაა პრეზიდენტის სავარძელში. ასეთი რამ კი ნამდვილად ვერ მოხდება. რეიტინგების მიხედვით, დღეს ტიმოშენკოს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიევის მომავალი პოლიტიკა უკიდურესად რაციონალური და ნამდვილად დამოუკიდებელი იქნება. ეს კი ნიშნავს დასავლური ორიენტაციის შენარჩუნებას. უკრაინის ახალი ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება, რომ რუსეთთან ურთიერთობები გამოასწოროს, მაგრამ რა მოუვა ამ მცდელობას, ძნელი სათქმელია. უფრო მოსალოდნელი ისაა, რომ ინტერესების პირველივე შეჯახებისას ურთიერთობები ისევ უკიდურესად დაიძაბება. ასეთი ინტერესი კი უკრაინასა და რუსეთს შორის საკმარისზე მეტია.

- პოლიტიკური პარტიები კვლავაც საარჩევნო ბარიერზე დავობენ. თქვენი აზრით, შესაძლოა თუ არა, ბარიერი სამართლიანი არჩევნების გარანტი იყოს? რა შანსები აქვს ოპოზიციას და რამდენად რეალურია დღეს პრაიმერის ჩატარება?

- ბარიერი, ბუნებრივია, ვერ იქნება ასეთი გარანტია. გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ძლიერი პოლიტიკური ძალები გამოდიან ასპარეზზე, რამდენად ძლიერია მათი ხედვა, ორგანიზაციული და ადამიანური შესაძლებლობები, ხალხის დარწმუნების უნარი. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია, თუმცა - არა უმნიშვნელო. მაღალი ბარიერი ძალიან დიდი ალბათობით ნიშნავს მეორე ტურს და ამ მეორე ტურისთვის საზოგადოების პოლარიზაციის მაღალ ხარისხს. მე ეს სცენარი არცთუ უსაფრთხოდ მიმაჩნია ქვეყნისათვის, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გამარჯვების ერთადერთი გზაა.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ძალზე ნოყიერია რადიკალიზმის ნიადაგი. თუნდაც არჩევნების გზით სიარული და თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციის მხრიდან აღიქმება როგორც "ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი". ვფიქრობ, ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი მიდგომები არ უნდა არსებობდეს. პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პოლიტიკაში მონაწილეობა და საქმის კეთება, რასაც ხალხი დაინახავს და მომავალში მეტის საშუალებას მისცემს. მხოლოდ უარყოფითზე, მხოლოდ ვიღაცის ზიზღზე აგებული კამპანია არა მგონია, შედეგის მომტანი იყოს. ჩემი აზრით, ეს ტენდენცია დღემდე რჩება არასაპარლამენტო ოპოზიციის ძირითად ნაკლად. სამწუხაროდ, დღემდე არავინ იცის, რა არის ამ ძალების პოლიტიკური პლატფორმა.

- იაპონიის მთავრობამ კურილის ოთხ კუნძულს ოფიციალურად მიანიჭა ოკუპირებულის სტატუსი. ალბათ, კუნძულების დაბრუნებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევი იქნება, თუმცა ჩანს, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოება როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან უფრო და უფრო ხისტი ხდება...

- მე ვიტყოდი, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა ხდება ქაოსური. მცირდება საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობა, სახელმწიფოები სულ უფრო ეგოისტურად ეკიდებიან საერთაშორისო ურთიერთობებს, მთლიანად სისტემა ხდება ნაკლებად პროგნოზირებადი. შესაბამისად, მატულობს დესტაბილიზაციისა და ქაოსის რისკი, ეს რისკი დღეს გლობალურად არსებობს. იაპონია დღეს აშშ-თანაც აცივებს ურთიერთობებს და სამხედრო ბაზის დახურვას სთხოვს. ამავდროულად, რუსეთთან კურილის კუნძულების საკითხი წამოსწია. ეს იმის გამოხატულებაა, რომ ტოკიოს აღარ სურს ძველებურად ცხოვრება, მოსწყინდა "ჰაი-ტექ"საოცრების იმიჯი და უფრო აქტიური მონაწილეობა სურს მსოფლიოს საქმეებში. თითქმის 10 წელია, რაც ტოკიო ამას ცდილობს და შეიძლება, დღეს ფიქრობენ, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი. თანაც, არა მგონია, კურილის კუნძულების საკითხი აშშ-ის მიერ იყოს "მართული".

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი