"ნაციონალები" საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის ემზადებიან - კვირის პალიტრა

"ნაციონალები" საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის ემზადებიან

"გამოდის, რუსეთმა უნდა უარყოს აღიარება, სამაგიეროდ, საქართველო უნდა დაბრუნდეს დსთ-ში"

"ნუ ეცდებით ივანიშვილის მოტყუებას, მაინც გაიგებს"

ქართველებს გვეხერხება ყველაფრის გამართლება, განსაკუთრებით უცხოეთიდან მაგალითების მოყვანით. მაგალითად, როდესაც ვწერდით მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გვეუბნებოდნენ, რომ აფრიკაში შიმშილისგან დაოსებულ ბავშვებს ბუზები ეხვევიან. როდესაც ვწერთ, რომ პოლიტიზებულმა ცემა-ტყეპამ საშიში ტენდენცია შეიძინა, მოჰყავთ უკრაინისა და სამხრეთ კორეის პარლამენტების მაგალითები, სადაც თურმე უარესი ხდება. მძიმე ვითარების მსუბუქად წარმოჩენა, ალბათ, სულ ცოტა, უპასუხისმგებლობაა. არადა, საქართველოში სულაც არ არის სახუმარო სიტუაცია. ერთი მხრივ, გვყავს უკვე ლამის რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკით მოქმედი პარტია, რომლის ლიდერები მოქმედი პრეზიდენტი, თბილისის მერი თუ უშიშროების საბჭოს მდივანი არიან, მეორე მხრივ კი ახალი მმართველი ძალა, რომლის დიდმა ნაწილმა ვერ გაითავისა, რომ უკვე ხელისუფლებაშია და პოლიტიკურ ცხოვრებას კვლავ ოპოზიციური ჭრილიდან უყურებს. ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდე სჭირდება, ოღონდ არა უსამართლობასა და უკანონობაზე თვალის დახუჭვის ხარჯზე. ექსპერტი მამუკა არეშიძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ნელ-ნელა სახიფათო ზღვარს უახლოვდება და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რევანშის მიზნით მძიმე სცენარისთვის ემზადება.

- "ნაციონალები" საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის ემზადებიან. მაგალითად, როგორც მატყობინებენ, გლდანი-ნაძალადევში დადიან აქტივისტები და ხალხს ეუბნებიან, რომ ის ჩინური ქალაქი, რომლის აშენებასაც ყოფილმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, დღევანდელი ხელისუფლების გაფორმებული ხელშეკრულებით შენდება. მოკლედ, აქტიურად მუშაობენ. "ნაციონალური მოძრაობის" უპირველესი ამოცანაა, ხალხს ახალი ხელისუფლების იმედი გაუცრუვდეს. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის მცდარი ნაბიჯები ამას ხელს უწყობს. "ნაციონალები" ცდილობენ, ხალხში აგრესიული განწყობა დამკვიდრდეს, რომელსაც მომავალში მიმართულებას მისცემენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ძალოვან სტრუქტურაში "ნაციონალებს" თავისი კაცი ჰყავთ. გარდა ამისა, როგორც ვიცი, არსებობს იარაღის სამარხები როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, რომელსაც ექსტრემალურ ვითარებაში გამოიყენებენ. ასევე, ჰყავთ ე.წ. რეზერვი. ეს გეგმის ნაწილია და როგორ იქნება რეალიზებული, დღევანდელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მას საზოგადოებრივად ექსცესური ნაწილი უნდა ჩამოშორდეს, მეორე მხრივ კი, დანაშაულებზე პასუხის მოთხოვნის პროცესი აქტიური უნდა იყოს. როდესაც ქვეყანაში 200 პოლიტპატიმარი გყავს, ის გამომძიებლები, პროკურორები თუ მოსამართლეები, რომლებმაც მათი საქმე გამოიძიეს თუ გაასამართლეს, ავტომატურად არიან დამნაშავეები. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი პოლიტპატიმარი გამოვიდა ციხიდან და საბუთების მოსაწესრიგებლად რომ მივიდა პროკურატურაში, ის გამომძიებელი დახვდა, რომელმაც ციხეში ჩასვა. მან გამომძიებელს ხელი გაარტყა. მეორედ რომ მივიდა, ისევ დახვდა ის გამომძიებელი და ისევ გაარტყა ხელი. ნორმალურია, როდესაც პროკურორს თავის კაბინეტში სცემენ? რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური და ქვეყნისთვის არაბუნებრივი ვითარებაა. ამიტომ ხელისუფლება მეტად კატეგორიული უნდა იყოს კადრების შერჩევასა და სამართლიანობის აღდგენაში. მას მეტი მობილიზება სჭირდება, სწორედ შიდა მობილიზების დეფიციტია ის ცემა-ტყეპა, რომელსაც ტელეეკრანებზე ვხედავთ, ან 8 თებერვლის მოვლენები.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ "ნაციონალები" დესტრუქციას მიმართავენ და ამას სახალხო ამბოხებად მონათლავენ.

- დიახ, ამის გაკეთებას აუცილებლად შეეცდებიან.

- და დასავლეთს ამ ამბავს როგორ შეასაღებენ?

- დასავლეთი მათი ხავსია. კარგად ვხედავ, როგორ მუშაობენ "ნაციონალების" ლობისტები და საინფორმაციო ჯგუფები არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთის მიმართულებითაც. სხვათა შორის, ახერხებენ საზღვარგარეთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებასაც და მათ გააქტიურებას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ახალმა ხელისუფლებამ განაგრძო პასიურობა, განსაკუთრებით, დასავლურ საინფორმაციო სივრცეში, ვშიშობ, არ აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როგორშიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ჩავარდა. ამიტომ დასავლეთში საჭიროა ბევრად უფრო მიზანმიმართული და პროდუქტიული მუშაობა. გარდა ამისა, დღევანდელი ელექტრონული საინფორმაციო სივრცე თითქმის მთლიანად "ნაციონალების" ხელშია, რაც ასევე არაჯანსაღ ვითარებად მიმაჩნია.

კოჰაბიტაციისა და სამოქალაქო შერიგების საფარვლით აკეთებენ იმას, რაც სჭირდებათ, - ერთი მხრივ, აკავებენ ხელისუფლებას მუდმივი პროტესტებითა და დასავლეთზე აპელაციებით, მეორე მხრივ კი თავიანთ შავბნელ საქმეებს აკეთებენ.

ხალხს უკვირს, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ზოგიერთი ბარიერის გადალახვას. ჩნდება ეჭვიც - ბოლოს და ბოლოს, მართლა დამნაშავეა თუ არა ესა თუ ის ჩინოვნიკი. როცა კანონზეა ლაპარაკი, დელიკატურობა საჭირო არ არის. ყოფილი ხელისუფლება არ ყოფილა დელიკატური არასოდეს და ოპოზიციონერი დეპუტატები არათუ დაკითხვაზე დაუბარებია, არამედ ქუჩაშიც წიხლქვეშ გაუგდია. მაგალითად, აკაკი ბობოხიძე ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სცემდა ხოლმე, მაგრამ ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. მოკლედ, თურმე მათი გაღიზიანება სამართლიანია, ოპონენტის გაბრაზება კი უკანონო. ისე, რაც მოხდა "მაესტროს" ეთერში კობა დავითაშვილსა და სერგო რატიანს შორის, მიუღებელია და ვერ გამოდგება არგუმენტად, უარესი ხდება სამხრეთ კორეის პარლამენტსა და უკრაინის რადაშიო. სხვათა შორის, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, როგორ ორგანიზებული არიან "ნაციონალები" და როგორ ახერხებენ თავისი პატარა სატკივრის გაბუქებას.

- დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ევროპარლამენტში "ევროპის ხალხთა პარტიის" ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე გუნარ ჰოკმარკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მომხრეების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი დასავლელის ცალმხრივი განცხადებები ტენდენციად იქცა. ისე, გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ასეთი განცხადებები დიდ აჟიოტაჟად არ ღირს.

- ჩვენ არ გვჭირდება მეგობრებისა და პარტნიორების დაკარგვა. მაგრამ არც ის შეიძლება, არ აუხსნა პარტნიორს, თუ კონკრეტულ მოვლენაში ვინ არის დამნაშავე. გამოდის, რომ ნაკლებად ვმუშაობთ საამისოდ. ისე, საქართველოში არიან ელჩები, რომლებთანაც, რა ინფორმაციაც უნდა მიაწოდო, არაფერი გამოვა, ისე არიან ყოფილ ხელისუფლებასთან სხვადასხვა სქემაში ჩართულნი და მჭიდროდ თანამშრომლობენ. მიუხედავად ამისა, საუბარი ფაქტებით არის საჭირო. სხვათა შორის, რესპუბლიკელებს ამის დიდი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, დასავლეთთან მუდმივი კონტაქტი უნდა გვქონდეს. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, თავისუფლად შეიძლება იმ წინააღმდეგობების გამოყენება, რომელიც ევროპარლამენტში სხვადასხვა ფრაქციას შორის არის. მხოლოდ ამის ცოდნა და კვალიფიციური ხალხის გაგზავნაა საჭირო, რომელიც ამ წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს.

- გასულ კვირას ახალ ხელისუფლებასა და "ნაციონალებს" შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები გაგრძელდა. ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილი და დავით უსუფაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს. "ნაციონალების" ინიციატივით, 2010 წელს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების ზოგიერთი მუხლი, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო, ვადაზე ადრე უნდა შევიდეს ძალაში.

- "ნაციონალებისთვის" ორი თეზა არსებობს: მუდმივი ბრძოლა და მუდმივი აპელაცია დასავლეთზე. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული "ნაციონალების" გადაწყვეტილებები ინიციატივის ხელიდან არგაშვებას ემსახურება. თუ ატყობთ, სულ თავად აყენებენ ინიციატივებს, ხშირად იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხი მიჩქმალონ და ახალი წამოაყენონ. ეს ადასტურებს, თუ რა კარგად ფლობენ პიარის ტექნოლოგიას. კონსტიტუციაში ნატოს თემის შეტანის ინიციატივაც აქედან გამომდინარეობს. ძალიან კარგად იციან, რომ ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მახინჯი ფორმაა. კონსტიტუციაში ნატოს შესახებ ჩანაწერის გაკეთება ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ ენდობი და საკანონმდებლო დონეზე გინდა ასახო ალიანსისკენ მისწრაფება. ეს კარგად იციან "ნაციონალებმა", თუმცა ამას ისე კარგად ფუთავენ, რომ საზოგადოების ნაწილი ამ ნაბიჯის არსს ვერ ხვდება. "ნაციონალები" მოქმედებენ პრინციპით: გამდის და ვაკეთებ და თუ ვაჟკაცი ხარ, წინააღმდეგობა გამიწიეო. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება არაორგანიზებულობის გამო ხშირად წინააღმდეგობას ვერც უწევს.

როდესაც "ნაციონალებს" სჭირდებოდათ, სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტს აფრიალებდნენ და გაიძახოდნენ, ეს დაგვიბრუნებს ტერიტორიებსო. დღეს ამბობენ, რომ თურმე ტერიტორიებს ნატო დაგვიბრუნებს და კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს. ორივე შემთხვევაში ტყუიან და თვალთმაქცობენ. კარგად იციან, რომ საქართველო ნატოში რომ შევიდეს, ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს. ალიანსს არც ერთ დოკუმენტში არ უწერია, რომ ის თავის წევრ ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება. ის ეხმარება ალიანსის წევრ სახელმწიფოს იქ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. ასევე, სახიფათოა სარკოზის დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უნდა აღდგეს 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობა - ე.ი. იქ უნდა დაბრუნდნენ სამშვიდობო ჯარები, ქართველი დევნილები კი - თავიანთ სახლ-კარში. სიტყვასიტყვით ეს არ წერია ამ დოკუმენტში, მაგრამ იგულისხმება,  რომ ეს უნდა გაკეთდეს. სარკოზის დოკუმენტის მიღების შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, 25 აგვისტოს კი, საქართველომ დსთ დატოვა. გამოდის, თუ ამ დოკუმენტის პირობები შესრულდება, რუსეთმა უნდა უარყოს აღიარება, სამაგიეროდ, საქართველო უნდა დაბრუნდეს დსთ-ში. ეს არ წერია, მაგრამ იგულისხმება. მოკლედ, სარკოზის დოკუმენტით "ნაციონალები" დსთ-ში გვაბრუნებდნენ უკან?!

- ამბობთ, რომ არაორგანიზებულობის გამო ახალი ხელისუფლება ზოგჯერ ვერ უწევს წინააღმდეგობას "ნაციონალებს" და მათ მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევათ. როგორ ფიქრობთ, პრობლემის არსი კოალიციის სიჭრელეშია თუ საკადრო პოლიტიკაში?

- "ქართულ ოცნებაში" მატერიალური რესურსის პრობლემა არ არის, რომ საშინაო თუ საგარეო კუთხით ეფექტურად არ იმუშაოს. ადამიანური რესურსი კი ხშირად ხელოვნურად იბლოკება თავად ივანიშვილისა და კოალიციის ხელმძღვანელობის გარემოცვაში. ეს დიდი პრობლემაა. თავად ბიძინა ივანიშვილს აქვს ადამიანების შერჩევის უნარი, მაგრამ ქუჩა-ქუჩა ვერ ივლის, რომ ნიჭიერი და კვალიფიციური ადამიანები შეაგროვოს. ამიტომ საჭიროა, რომ მის გარშემო სხვა ტიპის გუნდი იყოს, რომელიც ამაზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" არიან პირები, რომლებიც ცდილობენ, საბანი თავიანთ თავზე მოირგონ. ერთ ეპიზოდს გეტყვით: "ნაციონალებმა" გადამზიდავების სისტემის მონოპოლიზება მოახდინეს, ე.ი. საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ვალდებული იყვნენ, მხოლოდ ფოსტის მეშვეობით შემოეტანათ პროდუქცია. დღესაც იგივე სიტუაციაა, - ნაცვლად იმისა, ეს მახინჯი სისტემა შეცვლილიყო, მონოპოლია დარჩა. უფრო ზუსტად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთხანს შეწყდა, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ გადაწყვიტა, ეს აღადგინოს, რადგან ფულის შოვნის კარგი გზაა. ვიცი, როგორც განვითარდება მოვლენები, - ივანიშვილი ამას გაიგებს, რომელიმე მინისტრის მოადგილეს თუ უწყების ხელმძღვანელს თავზე დაამხობს ყველაფერს და ვითარება შეიცვლება. მოკლედ, ყველა ცდილობს, რაღაც გააპაროს. არაერთხელ მითქვამს, - ნუ ეცდებით ივანიშვილის მოტყუებას, რადგან მაინც გაიგებს ხოლმე და როგორ მთავრდება, ჰკითხეთ ზოგიერთ მათგანს. ასეთი მდგომარეობაა ყველა სფეროში და არაორგანიზებულობას ვიღებთ.

- ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ თურქეთს ეწვია. ანკარაში ვიზიტისას მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ოშკისა და იშხნის რესტავრაციაში ქართული სპეციალისტები ჩაერთვებიან, ბათუმში კი მეჩეთი აშენდება, ოღონდ არ იგულისხმება აზიზიეს მეჩეთი, რომლის აღდგენისაგან ქართული მხარე ჯერ თავს იკავებს.

- აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში პრემიერის ვიზიტისას განსაკუთრებით განცხადებები იყო საინტერესო, რომელმაც უფრო ზონდაჟის შთაბეჭდილება დატოვა. აფხაზეთის რკინიგზაზე ითქვა სიტყვა, დანარჩენი უკვე რეგიონის ხელისუფლებებისა და საზოგადოების რეაქციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მეჩეთს, მინდა გავიხსენო განცხადება, რომელიც თავის დროზე ქართველ მუსლიმანთა ორგანიზაციამ გააკეთა. მათ განაცხადეს, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს ბათუმში, ოღონდ არა იმ ადგილას, სადაც აზიზიეს მეჩეთი იდგა და რაც მთავარია, ეს უნდა იყოს ქართული კულტურის ძეგლი და უნდა ააშენონ ქართველმა მუსლიმანებმა.

აი, ამაშია საქმე. თუ ასე მოხდება, წინააღმდეგი არავინ იქნება, ხოლო თუ აშენდა აზიზიეს მეჩეთი, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები და ამ შემთხვევაში არავის აზრი არ მაინტერესებს. კიდევ ერთ თემაზე გავამახვილებდი ყურადღებას. დღეს ხშირად ისმის კითხვა, რატომ დაუტკბა რუსეთი საქართველოსო. ყველა მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი რუსეთის საქართველოში ფეხის მოკიდების სურვილია. ეს ნამდვილად ასეა და რუსეთს ამ მიზნის მისაღწევად არაფერზე უკან არ დაუხევია, თუნდაც 2008 წლის მოვლენები გავიხსენოთ. მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ, - დღეს გეოპოლიტიკური ვითარება შეცვლილია და 2015 წლისთვის რუსეთი ევრაზიული კავშირის შექმნას ცდილობს, ცდილობს, ამ კავშირში შეიყვანოს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები, ბალტიისპირეთის გარდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ თურქეთიც იმავეს აკეთებს, ქმნის იმავე კავშირს, იმავე დასახელებით და მის წევრად მოიაზრებს რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას, იგულისხმება შუა აზიისა და რაც მთავარია, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები - საქართველო და აზერბაიჯანი.

ეს არის იმ დოქტრინის რეალიზება, რომელიც თავის დროზე დავით ოღლუმ წარმოადგინა, - ოსმალეთის იმპერიის ინტერესების სფეროში მყოფი ქვეყნები ისევ ამ სფეროში უნდა იყვნენ. ეს არ ნიშნავს ომს, ექსპანსიას - ინტერესთა სფეროს გაფართოებაა. მოკლედ, გამოდის, რომ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს უპირისპირდებიან ერთნაირი იდეის გამო ერთ სივრცეში - შუა აზიასა და კავკასიაში. ოფიციალური მოსკოვი, ბუნებრივია, უფრო მომგებიან პოზიციაში იქნება, რაც მეტი მოკავშირე (და არა სატელიტი) ეყოლება რეგიონში. ამიტომ ამ სიტუაციამ კოზირი მოგვცა ხელში.

მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, განცხადებები უნდა გაკეთდეს, მაგრამ დოკუმენტების ხელმოწერაზე რომ მივა საქმე, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რას მოიგებს ამით საქართველო. საჭიროა დიპლომატთა და ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე კონსოლიდირებულად იმუშავებს.