"მათ შორის საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია" - კვირის პალიტრა

"მათ შორის საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია"

"პროკურატურასაც სჭირდება გაძლიერება"

"სააკაშვილი ივანიშვილს კი არა, ქართველ ხალხს ემუქრება"

"პირი, რომელიც პარტიულ დისციპლინას ემორჩილება, მოსამართლედ ვერ გამოდგება"

აშშ-ის პრეზიდენტი ორჯერ დებს ფიცს - ერთხელ კონსტიტუციაზე, მეორედ კი თავისი დაცვის წინაშე. როდესაც ადამიანი ქვეყნის პირველი პირი ხდება, ის თავის თავს აღარ ეკუთვნის. შესაბამისად, მისი უსაფრთხოება სახელმწიფო საქმეა და აღარ არის დამოკიდებული მის კაპრიზებზე. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველა პოლიტიკოსს, პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს, მაგალითად, შეუძლია, არ მივიდეს საკანონმდებლო ორგანოში, არ მოაწეროს კანონს ხელი ან აკეთოს მწვავე პოლიტიკური განცხადებები. თუმცა მხოლოდ საქართველოში თუ მოხდებოდა, რომ პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაცვაზე უარს ამბობს. არადა, ამ ქვეყანას ხელოვნური პრობლემები არ სჭირდება, თავისი ეყოფა. თუმცა ქართველი პოლიტიკოსები ამას ათი შემთხვევიდან ხუთში მაინც რომ ხვდებოდნენ, საქართველო ძალიან ბევრ ცუდ ამბავს გადარჩებოდა. ამას ეთანხმება ექსპერტი გოგი ხუციშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი ბოლოდროინდელი დემარშებითა თუ განცხადებებით ახალ ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას უქმნის დაბრკოლებას.

- ბოლო დროს იმდენად დაწვრილმანდა ჩვენი პრეზიდენტი, რომ არ ფიქრობს, ისე მოიქცეს, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს შეეფერება. ის ლაპარაკობს სიძულვილის ენით, ცდილობს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას, ქვეყანაში შიშის დათესვას და მსოფლიოსთვის ისეთი სურათის დახატვას, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანში ილჰამ ალიევთანაც ასე ილაპარაკა. მას სურს, დაბრკოლება შეუქმნას ახალ მთავრობას, რეალურად კი პრობლემებს უქმნის ქვეყანას. როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის ამას არც აქვს მნიშვნელობა და განაგრძობს გაუგებარი განცხადებების გაკეთებას. სხვათა შორის, დაცვაზე უარის თქმით მიხეილ სააკაშვილი მისდა უნებურად ადასტურებს, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა, კრიმინოგენული ვითარება ამნისტიას არ გაუუარესებია და პრეზიდენტს შეუძლია თავისი ელექტრომობილით თავისუფლად სიარული. ვიმეორებ, ამას მისდა უნებურად ადასტურებს. რეალურად კი სურს მსოფლიოს დასანახავად ისეთი სურათის დახატვა, თითქოს ავიწროებენ, რეზიდენციაში შუქს უთიშავენ და პრემიერ-მინისტრმა დაცვის უფროსი შეუცვალა. სხვათა შორის, ეს საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე არ იმოქმედებს, რადგან იქ მიაჩნიათ, რომ დაცვის უფროსის შეცვლა არაფერს ნიშნავს, რადგან როდესაც პირი პასუხისმგებელია დაცვაზე, მან ეს სამუშაო უნდა შეასრულოს, მიუხედავად იმისა, ვისი დანიშნულია.

- თქვენ პრეზიდენტის გაუგებარი განცხადებები ახსენეთ. მართლაც, სააკაშვილმა ჯერ განაცხადა, რომ წამყვან ქართულ ბანკებს რუსული ფინანსური ინსტიტუტები ყიდულობენ, რასაც საბანკო სისტემაში ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. ეს არ დადასტურდა, რაც მოგვიანებით პრეზიდენტმაც აღიარა. შემდეგ კი, აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ, ქვემო ქართლსა და ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხეზე ისაუბრა.

- ამით სააკაშვილმა ქვეყანას სარმა გამოსდო. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და აზროვნება. ეს არის უპასუხისმგებლობა, თავის მოსაწყლება და მსოფლიოს წინაშე თავისი პრობლემის ისე წარმოჩენა, თითქოს ხელისუფლებაში არაადამიანური ძალა მოვიდა. არადა, სააკაშვილს ისეთი დიდსულოვნება რომ ჰქონდეს, რომელიც, წესით, სახელმწიფოს მეთაურს მართებს, პრესტიჟს მოიმატებდა ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც. მაგრამ ეს არა აქვს, შეუძლია ყველაფერს ლაფი გადაასხას და თქვას, რომ ბანკებს რუსები ყიდულობენ, შეურაცხყოფა მიაყენოს რუს ექსპერტებს და ამით დააბრკოლოს ქართული პროდუქციის გასვლა რუსულ ბაზარზე.

- არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტისა და "ნაციონალური მოძრაობის" საუბარი სეპარატიზმზე საფრთხის შემცველია? ისე არ მოგვივიდეს, შეძახილმა ხე გაახმოო.

- ცეცხლთან თამაშია სეპარატიზმზე საუბარი იქ, სადაც სეპარატიზმი არ არის. ამას რომ თავი დავანებოთ, რა სახელმწიფო მოღვაწის საქციელია, რომ იმუქრება, თუ ჩემი თანაგუნდელების სამართლებრივი დევნა არ შეწყდა, დასავლეთი დახმარებას შეგვიწყვეტსო? სადაც კი ხელი მიუწვდებათ, ყველგან ცდილობენ იმის დაფიქსირებას, რომ საქართველო არადემოკრატიული ქვეყანაა. მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს კი არა, ქართველ ხალხს ემუქრება. მიმაჩნია, რომ მას აღარ აქვს მორალური უფლება, საქართველოს პრეზიდენტი ერქვას.

- მიხეილ სააკაშვილმა სკანდალური განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მას ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა, ბოლოს და ბოლოს, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ივანიშვილის ულტიმატუმმა გააღიზიანა ასე?

- ამანაც და კიდევ იმან, რომ ივანიშვილმა დაცვის სამსახურის უფროსი შეუცვალა. სააკაშვილი დაშინდა. სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ "ნაციონალებმა" 19 აპრილს დანიშნეს აქცია, ანუ მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვე იქნება გასული და პრეზიდენტს ეძლევა პარლამენტის დათხოვნის უფლება. თავის მხრივ კი, "ქართული ოცნება" შეეცდება, მანამდე დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილებები.

- ანუ დასწრებაზეა? თუ "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილამდე ვერ შეძლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ვარაუდობთ, რომ ცუდი ამბები მოხდება, რათა სააკაშვილს ჰქონდეს მოტივი პარლამენტსა და მთავრობაზე შეტევისთვის?

- დიახ, დასწრებაზეა. "ნაციონალებს" რესურსი არა აქვთ. Pპრეზიდენტს დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება, რომ დაასაბუთოს პროცესებში ჩარევის მართებულობა. ასეთი მხარდაჭერა კი, როგორც ცნობილია, არა აქვს. პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის ლეგიტიმაცია ჩვენს საზოგადოებაში არ გამოვა, მაგრამ "ნაციონალები" ჩვეულ ამპლუაში არიან - არა აქვთ მხარდაჭერა, მაგრამ ცდილობენ ამის იმიტაციას. შეეცდებიან იმის იმიტაციასაც, რომ ქვეყანაში მართლაც რთულად ვითარდება პროცესები. რა აქვთ ჩაფიქრებული, არ ვიცი. მაგრამ, მაგალითად, 8 თებერვალს რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა, თავიანთ სასარგებლოდ კარგად გამოიყენეს. რაღაც ამდაგვარის გაკეთებას, ალბათ, 19 აპრილსაც შეეცდებიან. შესაბამისად, ახალი ხელისუფლება ორმაგად და სამმაგად ფხიზლად უნდა იყოს. თუმცა ვიმეორებ, "ნაციონალებს" რესურსი არა აქვთ. მათ ოპოზიციად დარჩენის შანსი რომ ჰქონოდათ, უნდა ეღიარებინათ, რომ შეცდომები დაუშვეს და ეთქვათ, თუ ხელისუფლებაში ისევ მოვალთ, სულ სხვა პოლიტიკა გვექნებაო. თუმცა ასე არ ხდება, იგივე მესიჯებია, იგივე ლიდერები. ფაქტობრივად, ხალხს ეუბნებიან, როდესაც ეს ხელისუფლება დანაპირებებს ვერ შეგისრულებთ, ისევ ჩვენთან გექნებათ საქმე და ისევ ისე გავაგრძელებთ მოქმედებას, როგორც წლების განმავლობაში ვმოქმედებდითო. შესაბამისად, ძალიან ძნელია, რომ "ნაციონალების" მიმართ ვინმეს სიმპათია გაუჩნდეს. მათ თვითონ მოიჭრეს გზა პერსპექტივისკენ.

- პერსპექტივაში კონკრეტულ შედეგს მოიტანს ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა? თუ, უბრალოდ, ეს შეხვედრაა შეხვედრისთვის, დასავლეთის დასანახავად, რომ ვითომდა კოჰაბიტაცია გრძელდება.

- ეს ორი ლიდერი იმდენად შეუთავსებელია ერთმანეთთან, რომ მათ შორის საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ მეტოქეს და ოპონენტს, ვერ ენდობა. რა შეთანხმებაც უნდა შედგეს, სააკაშვილი მას მაინც არ დაიცავს. არადა, სააკაშვილი უნდა იქცეოდეს როგორც წამსვლელი ლიდერი, რომელმაც საქმე არ უნდა გააფუჭოს. მაგრამ ის ასე არ იქცევა. პარალელურად, "ნაციონალები" უფრო მეტად კარგავენ რეიტინგს და სააკაშვილის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, ქმედებები უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება. სხვათა შორის, ამას კარგად ხვდებიან მსოფლიოში და მხოლოდ ინერციითღა აკეთებენ მის, ასე ვთქვათ, დასაცავ განცხადებებს. რადიკალურად რომ შეცვალოს დასავლეთმა პოზიცია, თავისივე საზოგადოება მოსთხოვს პასუხს, ამდენ ხანს ასეთ პიროვნებასა და ძალას როგორ უჭერდი მხარსო.

- გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. ეს უკავშირდება იმას, რომ დაიწყო გამოძიება, მართლა მუშაობდა თუ არა ორი უდიპლომო მოსამართლე თანამდებობაზე. ამას მოჰყვა "ნაციონალების" კონტრშეტევა, რომლებმაც თეა წულუკიანის იურიდიული განათლება დააყენეს ეჭვქვეშ.

- ეს გაღმა შეედავეს პრინციპია. სხვათა შორის, როგორც ვიცი, აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანს უცხოეთის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული. რაც შეეხება კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- საზოგადოება ეჭვობს, რომ სწორედ სასამართლო აბრკოლებს მართლმსაჯულების აღსრულებას. მაგალითად, მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსნებს დღითი დღე მძიმე ბრალდებებს უყენებენ, იქნება ეს ელიტური კორუფცია თუ ელემენტარული ბიზნესრეკეტი. მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ ბრალდებებზე, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურია.

- გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ იუსტიციის საბჭო და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობა უნდა გამოიცვალოს.

სასამართლო დღეს "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთებს ასრულებს, რომლის ნაწილი იყო ამ წლების განმავლობაში და ისეა შეზრდილი, რომ სხვანაირად ვერ მოიქცევა.

ფაქტობრივად, საქართველოში რევოლუციური სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, მაგრამ ამან რევოლუციური ცვლილებები მოიტანა, უფრო ზუსტად, რევოლუციურად განსხვავებული ძალა მოვიდა ხელისუფლებაში. კოჰაბიტაცია შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ მოსამართლე ახალ ვითარებაში მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეძლებდა გადაწყვეტილებების მიღებას. მაგრამ პირი, რომელიც პარტიულ დისციპლინას ემორჩილება, მოსამართლედ ვერ გამოდგება.

- ეს აღიზიანებს ხალხს, საზოგადოებას არა აქვს სამართლიანობის შეგრძნება, რამაც შესაძლოა, სახიფათო აგრესიული გარემო შექმნას, უპირველესად იმათკენ მიმართული, ვისაც სასამართლო ზელმობიერად ექცევა.

- გეთანხმებით. სხვათა შორის, ამაში ახალი ხელისუფლებაც სცოდავს. სანამ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის რაიმეს შეფარდებას მოითხოვ, ბრალდების ზუსტად დასაბუთებაა საჭირო. პროკურორებმა ბრალდება და საქმე ძალიან კარგად უნდა მოამზადონ. მსოფლიოში ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ყველამ იცის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი დამნაშავეა, მაგრამ თანამდებობიდან ვერ გადაუყენებიათ, რადგან არ ჰყოფნით სამართლებრივი საფუძველი. როდესაც საქმე კარგად იქნება მომზადებული, უფრო ნათლად გამოჩნდება, რომ მოსამართლემ უკანონოდ არ შეუფარდა მას აღმკვეთი ღონისძიება და უკვე სამართლებრივად შეგიძლია მოითხოვო მოსამართლის პასუხისმგებლობის დასმა. ხალხს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს სამართლიანობის შეგრძნება. ამისთვის კი საჭიროა, საქმის ისე კარგად მომზადება, რომ პარტიულ დისციპლინას შეჩვეულმა მოსამართლემაც ვერ გაბედოს უკანონო გადაწყვეტილების მიღება. მოკლედ, პროკურატურასაც სჭირდება გაძლიერება.

- ოქტომბრის არჩევნებამდე "ქართულ ოცნებას" მოუწევს გადაწყვეტა, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს თუ ის პარლამენტმა უნდა დანიშნოს. ეს თემა გასულ კვირასაც აქტუალური იყო და ცესკოში სარეფერენდუმო კითხვაც დარეგისტრირდა.

- თუ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, პრეზიდენტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უნდა აირჩიოს. უფრო ზუსტად, უმაღლესი ინსტანცია პარლამენტი იქნება, პრეზიდენტის უფლებამოსილებები კი ისე იქნება შეზღუდული, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, საკანონმდებლო ორგანო აირჩევს თუ პირდაპირი წესით აირჩევენ.

- ზემოთ წულუკიანის დიპლომი ვახსენეთ. სხვათა შორის, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი სწორედ იუსტიციის მინისტრის დიპლომზე მომზადებულ სიუჟეტს უკავშირებს იმას, რომ სამსახურიდან დაითხოვეს. მისივე თქმით, გენდირექტორი გიორგი ბარათაშვილი მისგან ითხოვდა, რომ ახალი ხელისუფლების ქმედებები პოზიტიურად გაშუქებულიყო.

- გამოვრიცხავ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობაზე ახალ ხელისუფლებას ზეწოლა მოეხდინა. თუ მათ საკადრო ცვლილებები სურდათ, მაშინ შეეცდებოდნენ ამის გაკეთებას, როდესაც გია ჭანტურიამ არხის გენდირექტორის თანამდებობა დატოვა. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შორს არის ობიექტურობისგან და მოვლენებს დაახლოებით ისე აშუქებს, როგორც "რუსთავი 2". ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს დაკომპლექტდა და დღესაც "ნაციონალების" პარტიულ დისციპლინას ემორჩილება. ეს სიმსივნესავითაა იმ არხზე, რომელიც ჩემი და თქვენი ფულით ფინანსდება.

სანამ სამეთვალყურეო საბჭო არ შეიცვლება, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" არაფერი ეშველება.