"ავტორიზაციის გაუქმება შეცდომა იყო" - კვირის პალიტრა

"ავტორიზაციის გაუქმება შეცდომა იყო"

"იმაზე არ ფიქრობენ ევროპელები, რატომ დაკარგა სააკაშვილმა ამხელა რეიტინგი?"

"სტუდენტებს ჰგონიათ, სწავლის უფლებას იცავენ, ან იქნებ ასე ჩააგონეს კიდეც"

"ახალ "კმარებს" ქმნიან. ახლახან გავიგე, რომ მოძრაობა "დროა" შექმნილა"

საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური ტრადიცია დაირღვა, - კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში რატომღაც დამკვიდრებული იყო, რომ დასავლელი პოლიტიკოსების თითოეული სიტყვა, მით უმეტეს, შენიშვნა, ჩვენს პოლიტელიტას უსიტყვოდ უნდა მიეღო. მხოლოდ მორიდებულად თავის მართლება შეგეძლო. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ტრადიცია ჩვენ დავამკვიდრეთ და დასავლეთი არაფერ შუაშია. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, გარდატეხა მოხდა - ოფიციალურმა თბილისმა ევროპელ პოლიტიკოსთა გავლენიან ჯგუფს სიტყვა შეუბრუნა. ვგულისხმობთ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს "ევროპის სახალხო პარტიისადმი", რომელშიც, ფაქტობრივად, საქართველოს პრემიერი ევროპარლამენტარებს უსაბუთებს, რომ ისინი ცალმხრივად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. პასუხმაც არ დააგვიანა - "ევროპის სახალხო პარტიამ" გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც სიტყვასიტყვით არის გამეორებული ყველა ის ბრალდება, რასაც ეს პარტია საქართველოს ხელისუფლებას უყენებს. ვნახოთ, იქნება თუ არა თბილისიდან პასუხის პასუხი. მაგალითად, ფსიქოლოგი მარინა ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ევროპელებს კიდევ არაერთხელ უნდა უპასუხოს და ერთი და იგივე მანამდე უნდა გაუმეოროს, სანამ თავის სიმართლეში არ დაარწმუნებს.

- ბიძინა ივანიშვილის წერილი "ევროპის სახალხო პარტიისადმი" ადეკვატურია და კონკრეტული. მასში ასახულია ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და არის ერთგვარი მოწოდებაც, ზერელე შთაბეჭდილებებს ნუ აჰყვებითო. ბოლოს და ბოლოს, ყველამ, მათ შორის ევროპარლამენტარებმაც, სანამ ვინმეს დატუქსავდნენ, ინფორმაცია ორივე მხრიდან უნდა მიიღონ და შეაჯერონ. რატომ ჰგონიათ, რომ მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილისგან მიიღებენ ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?! ის ხომ დამარცხებული მხარეა და დაინტერესებულია, რომ პროცესები ისე წარმოაჩინოს, როგორც თავად აძლევს ხელს.

- ივანიშვილის წერილს "ევროპის სახალხო პარტიამ" დეკლარაციით უპასუხა, სადაც საქართველოს სთავაზობს სამოქმედო გეგმას ასოციაციის შეთანხმების შესასრულებლად და გამოთქვამს სინანულს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და პირველად არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიულად გადაბარების შემდეგ კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრების საქმეში უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა ზიანი მიაყენა საქართველოს იმიჯს. ივანიშვილის წერილზე ასეთი პასუხი, მაგალითად, ვახტანგ ხმალაძემ ასე შეაფასა - მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო.

- მე მაინც მგონია, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები ზერელედ უდგებიან საქმეს და არ ცდილობენ სიმართლის დადგენას. ან შესაძლოა, იმდენად არ აინტერესებთ საქართველო, რომ არც კი მიიჩნევენ საჭიროდ, ვთქვათ, ექსპერტები გამოგზავნონ, რომ მათ მაინც შეაფასონ რეალურად სიტუაცია.

როგორ შეიძლება დასკვნის გაკეთება მხოლოდ სააკაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე? იმაზე არ ფიქრობენ ევროპელები, რატომ დაკარგა სააკაშვილმა ამხელა რეიტინგი?

- წერილში ასევე ნათქვამია, რომ შესაძლოა საფრთხე დაემუქროს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს მუქარა? აქ საქმეზე ზერელედ მიდგომასა თუ სააკაშვილის გუნდის გადარჩენის მცდელობასთან გვაქვს საქმე?

- იმედია, მუქარა არ არის და ამას არ იკადრებს "ევროპის სახალხო პარტია". რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, არა მგონია, ისინი მაინცდამაინც სააკაშვილის გუნდის გადარჩენას ცდილობდნენ. უბრალოდ, ისინი იცნობენ საქართველოს პრეზიდენტს და, ალბათ, მას უფრო ენდობიან. გარდა ამისა, არც მაღალი მოტივაცია აქვთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში გაერკვიონ.

- რატომ?

- არ ვიცი. მაგალითად, რატომ არა აქვს ზოგიერთ ადამიანს მოტივაცია, რომ გახდეს მეცნიერი? ფორმალური ბიუროკრატიზმია და სანამ ისინი სიმართლეში გაერკვევიან, ალბათ, კარგა ხანი გავა.

- იქნებ რაიმე მოტივაცია მაინც უნდა ვეძებოთ? კერძოდ, როდესაც "იმედს" არბევდნენ ან 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე ბორკილებდადებულ  ხალხს სცემდნენ, რაღაც არ გვახსოვს "ევროპის სახალხო პარტიის" შეშფოთება.

- მართლაც, არ გვახსოვს. გარდა ზერელე და ფორმალური მიდგომისა, სავარაუდოდ, ამ პარტიასა და ძველ ხელისუფლებას ურთიერთვალდებულებები აქვთ. შესაძლოა მართლაც "ნაციონალების" სიცრუის ტყვეობაში არიან. მაგრამ საქმე ის არის, რომ არ სურთ ამ ტყვეობისგან თავის დახსნა, სიმართლის გაგება და კვლავ ერთი და იმავეს იმეორებენ.

- მაგალითად, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სააკაშვილი აქციების დარბევას ევროპელებს პრორუსული ამბოხების ჩახშობად უხატავდა და ისინიც ამიტომ დუმდნენ.

- შეიძლება გიხატავდეს, მაგრამ შენ ხომ უნდა დაინტერესდე, რატომ სცემეს ხალხს. ასე სტალინიც ამბობდა, რომ მსოფლიო იმპერიალიზმს ებრძოდა. თქმა ყველაფრის შეიძლება.

- თქვენი აზრით, ზემოხსენებულ დეკლარაციას ახალმა ხელისუფლებამ როგორ უნდა უპასუხოს?

- ისევ იგივე უნდა გაუმეოროს და თუ საჭირო გახდება, დამატებითი არგუმენტებიც მოიშველიოს. ახალი ხელისუფლება დაჟინებული და პრინციპული უნდა იყოს - მე მართალი ვარ და ჩემს სიმართლეს ვიტყვიო. როდესაც მეორე მხარე მართალი არ არის, ეს მისი განიარაღების საუკეთესო მეთოდია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს პროპაგანდისტული ომია, რომლის დროსაც "ნაციონალები" მარტივ კლიშეებს იყენებენ - ეს არის მედიაზე ზეწოლა, უმცირესობების დაჩაგვრა და ასე შემდეგ. იციან, რომ ეს ევროპელებში რეაქციას გამოიწვევს.

- გასულ კვირას აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებამ, ერთი მხრივ, სტუდენტთა პროტესტი გამოიწვია, მეორე მხრივ კი, "ნაციონალებს" მიეცათ იმის მტკიცების საშუალება, რომ ეს კახა ბენდუქიძეზე შურისძიება იყო.

- ავტორიზაციის გაუქმება შეცდომა იყო. რა თქმა უნდა, ბევრმა ასე აღიქვა ეს ფაქტი, რაღა მაინცდამაინც ბენდუქიძეს მიადგნენო. მეორე მხრივ კი, თუ უთხრეს უნივერსიტეტს, გამოესწორებინა შეცდომები და მან არ გამოასწორა, უფლება ჰქონდათ, მისთვის ავტორიზაცია გაეუქმებინათ. თუმცა ეს უკვე დეტალებია. მაყურებლისა და მსმენელისთვის ეს უკვე აღარ არის არსებითი. არადა, სინამდვილეში არსებითი სწორედ ეს არის - თუ იყო კანონდარღვევები, ამას რეაგირება სჭირდება. აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებული ამბავი გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ სათავისოდ გამოიყენა. სტუდენტებს ხომ მეტიც არ უნდათ? ჰგონიათ, სწავლის უფლებას იცავენ, ან იქნებ ასე ჩააგონეს კიდეც.

- ავტორიზაციის საბჭოს კახა ყურაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც იმავდროულად კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსია. შესაბამისად, დაიბადა აზრი, რომ ახალი ხელისუფლებისთვის თავის მოსაწონებლად და პრივილეგიების შესანარჩუნებლად ყურაშვილმა ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინა და აგრარული უნივერსიტეტის საქმით ხელისუფლებას დათვური სამსახური გაუწია.

- შეიძლება ესეც დავუშვათ. ისე,როგორი პრივილეგიებით სარგებლობდა მარეგულირებელი კომისია, ყველამ ვიცით. ისიც ცნობილია, რომ საქართველოში მათნაირი ხელფასები არავის აქვს. ამ კომისიას ხომ "ნაციონალები" აკონტროლებდნენ და იქაური კადრი რა სარგებელს მოუტანს ახალ მთავრობას, ძნელი სათქმელია.

- აღარც გეკითხებით, გამოიყენებენ თუ არა "ნაციონალები" აგრარული უნივერსიტეტის საკითხს 19 აპრილის აქციისთვის.

- რა თქმა უნდა, გამოიყენებენ. დაახლოებით ასეთ რაღაცაზე ოცნებობდნენ და მიიღეს კიდეც.

- არადა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უმრავლესობისა და უმცირესობის მონაწილეობით საგარეო კურსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო, ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ შეიძლება "ნაციონალებმა" აქცია აღარ გამართონ. მაგრამ გასულ კვირას ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქცია ძალაშია და მოუწოდა კიდეც საზოგადოებას, მივიდეს 19 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე.

- მოსალოდნელი იყო, რომ აქცია მაინც გაიმართებოდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" უკანასკნელ რესურსს იკრებს, აქტიურობას ცდილობს და ყველა ხერხს მიმართავს, რისი გამოცდილებაც აქვს. აგერ ახალ "კმარებს" ქმნიან. ახლახან გავიგე, რომ მოძრაობა "დროა" შექმნილა.

- როგორ ფიქრობთ, ბევრი ადამიანი მივა 19 აპრილის აქციაზე?

- არა მგონია, მერაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს. სხვა ფაქტორიც არის - ადამიანები ყოველთვის წინ იყურებიან და წარსულში დაბრუნება არ სურთ. "ნაციონალები" წავიდნენ, თუმცა რატომღაც ამას თვითონ ვერ ხვდებიან.

- თუმცა თუ მერაბიშვილის აქციაზე ის ხალხიც მივიდა, რომელთაც მერაბიშვილისვე სპეცრაზმი რამდენიმე წლის წინ რუსთაველის პროსპექტზე სცემდა, შესაძლოა მოვლენები მთლად მშვიდად არ განვითარდეს.

- ამ კუთხით მართლაც საშიშია ეს აქცია. საინტერესო ის არის, რომ როგორც ჩანს, "ნაციონალები" არაფერზე ფიქრობენ, ხალხმა ცოცხებით გააგდო და ისინი კიდევ აქციას მართავენ. ადეკვატური ნამდვილად არ არიან. საზოგადოებას იწვევენ.

- და რა არის ამის მიზეზი?

- ჩაკეტილი არიან და აგიჟებენ ერთმანეთს. რა ინფორმაციაც არ მოსწონთ, იმას არ იჯერებენ. Gფსიქოზი აქვთ და ეს მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

- ზემოთ მერაბიშვილი ვახსენეთ. შესაძლოა, ყოფილ პრემიერს კიდევ ერთხელ მოუწიოს პროკურატურაში მისვლამ. კერძოდ, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, იკვეთება გირგვლიანის საქმესთან მისი კავშირი. სხვათა შორის, ზოგიერთი იურისტის ვარაუდით, საქმე მხოლოდ დაკითხვით არ დამთავრდება და შეიძლება მას ბრალიც წაუყენონ.

- ეს ახალი ამბავი არ არის, უბრალოდ, ოფიციალური პირები ამაზე არ ლაპარაკობდნენ, როგორც ჩანს, მერაბიშვილის კავშირს გირგვლიანის საქმეზე დოკუმენტურად ვერ ადასტურებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილს ბრალიც წაუყენონ, რა თქმა უნდა, თუ ევროპარლამენტარებმა არ იყოჩაღეს. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. როცა კარგი ცუდს აქებს, ამით რამდენიც ემატება ცუდს, ზუსტად იმდენივე აკლდება კარგს. ეს რომ "ევროპის სახალხო პარტიამ" იცოდეს, არ იტყოდა იმას, რასაც დღეს ამბობს. სააკაშვილს რომ იცავენ, ჰგონიათ, კარგს უკეთებენ. არადა, თავის რეპუტაციას აყენებენ დარტყმას.

- გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ძველ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია შეუძლებელია, თუმცა ბრძანა, სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას ვერ გაბედავსო.

- ძველ ხელისუფლებასთან რომ კოჰაბიტაცია შეუძლებელია, ეს ყველამ ვიცით. თანაცხოვრებისთვის საერთო მიზანი უნდა გქონდეს. მე ვერ ვხედავ მიხეილ სააკაშვილის მიზანს იმისთვის, რომ კოჰაბიტაციის წესებს დაემორჩილოს. უბრალოდ, ჰგონია, რომ დროს იგებს, რათა რევანში აიღოს.

- კი მაგრამ აქვს საამისო რესურსი?

- არა აქვს, მაგრამ ამას ვერ ხვდება.

- და ამ რევანშის აღების მცდელობა როდის არის მოსალოდნელი?

- მიხეილ სააკაშვილის ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია. ის არ ემორჩილება ლოგიკასა და გათვლებს. მისი დაცვის წევრებიც კი, რომლებმაც წინასწარ უნდა იცოდნენ პრეზიდენტის მარშრუტი, ამბობდნენ, არ ვიცით, სად გაგვითენდება და სად დაგვიღამდებაო.

- პროკურატურამ გამოაქვეყნა ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებულ ვიდეომასალაზე ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ფირი დამონტაჟებულია. ელოდით ასეთ პასუხს?

- რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, ისეთმა პირებმა გაავრცელეს ეს ვიდეომასალა, რომელთაც არ ვენდობი. და მეორეც - ამდენი წლის შემდეგ ეს ვიდეომასალა უცბად საიდან გაჩნდა? ერთი სიტყვით, მანიპულაციისა და სიყალბის მორიგი მცდელობა იყო.