ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ სააკაშვილი "დასრულდა" - კვირის პალიტრა

ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ სააკაშვილი "დასრულდა"

"ივანიშვილმა პირველად არცთუ მომგებიანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა სახელმწიფოებრივი კუთხით ძალზე მნიშვნელოვანი"

"ნაციონალების" დაგეგმილმა 19 აპრილის აქციამ დაკარგა აზრი"

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი ერთმა ევროპულმა გაზეთმა საინტერესოდ შეაფასა - პრეზიდენტისთვის ასანთის წართმევას ცდილობენ, რომ ქვეყანა არ გადაწვასო. მართლაც, პრეზიდენტს ასანთი წაართვეს -  მუხლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ლამის საიმპერატორო უფლებამოსილებას ანიჭებდა, წარსულს ჩაჰბარდა. საკონსტიტუციო ცვლილებები ის შემთხვევაა, როდესაც ყველა მხარე კმაყოფილია ან ცდილობს კმაყოფილი სახე მიიღოს. კერძოდ, "ქართულმა ოცნებამ"  კონსტიტუციასთან დაკავშირებით გეგმა-მინიმუმი შეასრულა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი სახის შენარჩუნებისა და იმის დემონსტრირების საშუალება მიეცა, რომ რაღაც ძალას წარმოადგენს. ყველაზე მეტად გახარებული დასავლეთია იმით, რომ ნალოლიავებმა ნაძალადევმა კოჰაბიტაციამ საბოლოოდ არ დალია ჩაილურის წყალი. ამას ეთანხმება პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი, რომლის თქმითაც, საკონსტიტუციო ცვლილებებით პირველ რიგში ქართველმა ხალხმა მოიგო და არის პერსპექტივა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.

- კოჰაბიტაცია შედგა - ეს ცალსახაა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვები: ვინ მოიგო ან ვინ წააგო. უპირველესად, მოიგო ქართველმა ხალხმა, რადგან დასრულდება საარჩევნო კამპანიის ის გარემო, რომელიც შეიქმნა ამ ცვლილებამდე. შესაბამისად, მთავრობას საშუალება მიეცემა, ყურადღება გაამახვილოს არა "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციასა და საბოტაჟზე, არამედ იმ პოლიტიკაზე, რომელიც რეალურად აისახება ადამიანის ცხოვრებაზე.

მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებდნენ, რათა რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის გარემო და მთავრობას რეალური ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ მისცემოდა. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ მცირე ხნის მანძილზე "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები - ჯანდაცვის სფეროთი დაწყებული და განათლების რეფორმითა და სოფლის მეურნეობით დამთავრებული. მაგრამ ერთია რეფორმების გატარება და მეორეა, მათი მიწოდება საზოგადოებისთვის. იმდენად დატვირთული იყო საინფორმაციო ველი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პოლიტიკური შეტევებით, რომ საზოგადოებას ყურადღება ამაზე ჰქონდა გადატანილი. იმედი მაქვს, ეს გამოსწორდება და "ქართულ ოცნებას" მიეცემა საშუალება, აკეთოს საქმე და საზოგადოებაც ინფორმირებული იქნება ამის შესახებ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ ვიწროპარტიულ ინტერესებს - როგორც ჩანს, პარლამენტში საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილისა და უმცირესობის შეხვედრისას, საბოლოოდ ჩამოყალიბდა "ნაცმოძრაობა", რათა დაეყენებინა სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი. ამ კენჭისყრით "ნაციონალურმა მოძრაობამ"  თავი ისე წარმოაჩინა, რომ რჩება მონოლითურ გუნდად, ურომლისოდაც რთულია საკონსტიტუციო საკითხების დამტკიცება.

რეალური და მთავარი შედეგი ის არის, რომ მოხდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად განეიტრალება.

შესაბამისად, მის აქტივობას უკვე შეიძლება ნაკლები ყურადღება მიექცეს და საფრთხესაც აღარ წარმოადგენს.

- თუმცა, ექსპერტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, სააკაშვილს რომ გაებედა პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნა, ყოვლისწამლეკავ სახალხო აღშფოთებას მიიღებდა. სავარაუდოდ, ამას ხვდებოდა თავად პრეზიდენტიც.

- სააკაშვილის ემოციურობიდან, მისი ეგოცენტრული ხასიათიდან გამომდინარე, რაღაც მოვლენებს, შესაძლოა, ებიძგა, რომ ეს უფლება გამოეყენებინა. წესით, ეს არ უნდა გაეკეთებინა. სააკაშვილი მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ლეგიტიმაციას ეძებდა არა ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ. შესაბამისად, მისგან პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნას ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა უცხოეთიდან, რომ ნებისმიერი რევოლუციური პროცესი მათი მხრიდან იქნებოდა გამართლებული, ანუ გამართლებული იქნებოდა ქართველი ხალხის ნება, სააკაშვილისთვის გამოეტანა განაჩენი. უნდა ითქვას ისიც, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას, "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გარეთ დარჩებოდა. დავუბრუნდეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს - "ნაციონალებმა" სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებული  ტაქტიკური სვლებით ერთი მხრივ, თავის მომხრეებს შემოუძახეს, რომ სიცოცხლისუნარიანი არიან. მეორე მხრივ კი დასავლეთში გაგზავნეს მესიჯი - ანგარიშგასაწევ ძალად ვრჩებითო. თუმცა,

საბოლოოდ "ნაცმოძრაობა" დამარცხდა ქართველი ხალხის თვალში, რადგან დადასტურდა, რომ ეს არის ვიწროპარტიულ და არა დემოკრატიულ ან სახელმწიფო  ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა.

- გასაგებია, სარეიტინგო კენჭისყრა "ნაციონალებს" იმის წარმოსაჩენად სჭირდებოდათ, რომ ისევ მონოლითურ გუნდად რჩებიან და "ქართული ოცნება" არ იყო მართალი, როცა აცხადებდა - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 100-ზე მეტი დეპუტატი გვყავსო. მაგრამ რამდენად სწორი იყო "ქართული ოცნების" ტაქტიკა, როდესაც დათანხმდა "ნაციონალებს" სარეიტინგო კენჭისყრაზე? შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა ამაზე თანხმობა  ბიძინა ივანიშვილის რჩევით განაცხადა.

- მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნება" თანამიმდევრულად მოიქცა და გადადგა პიარულად არცთუ მომგებიანი, მაგრამ სახელმწიფოებრივი კუთხით ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭი ფარული წესით რომ ეყარათ, ალბათ, "ქართულ ოცნებას" პრობლემა არ შეექმნებოდა და "ნაციონალთა" იმ ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერდნენ საკონსტიტუციო პროექტს, არ შეეშინდებოდა ვინაობის გამჟღავნების.

სამწუხაროდ, კანონმდებლობა ასეთ შემთხვევებში კრძალავს ფარული კენჭისყრის ჩატარებას. "ქართული ოცნების" განაცხადი - 100-ზე მეტი დეპუტატი გვყავსო, არ იყო სწორი ტაქტიკა. ეს განცხადება უკავშირდებოდა "ნაცმოძრაობის" გახლეჩას, თუმცა "ნაცმოძრაობა" ისედაც გახლეჩილია, უბრალოდ მის ლიდერებს თავიანთ წევრებზე ზეწოლის ბერკეტები აქვთ, რათა მსგავს სიტუაციებში ვითომდა ერთიანობის დემონსტრირება მოახდინონ.

- რა სახის ზეწოლა იგულისხმება?

- მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა წერილი, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა სამინისტროს გავლით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც მუშაობდნენ ჩიორა თაქთაქიშვილი, მაგდა ანიკაშვილი და მაკა მეტრეველი (დავით ბაქრაძის მეუღლე),  იღებდა ფულს. ამ ყველაფერს ჰქონდა სახელმწიფო სახსრების უკანონოდ ხარჯვის ხასიათი. ეს ხომ ყველამ იცის "ნაციონალების" გუნდში?! შესაძლოა, ასეთი ფაქტი არაერთია. რა გარანტია გვაქვს, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერები ასეთი მასალების გამომზეურებით არ დაემუქრნენ თანაგუნდელებს?! მსგავსი ბერკეტები ჰქონდათ "ნაციონალების" ლიდერებს და სწორედ ასეთი შანტაჟით შეინარჩუნეს გუნდის მონოლითურობა.

- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კოჰაბიტაციას  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ექსპერტთა შეფასებით, უცნაური განცხადებებით გამოეხმაურა. აღნიშნა, რომ მცდელობა, გაიყვანონ პოლიტიკური ბრძოლიდან, შედეგს არ გამოიღებს. მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ ყაჩაღური რუსული მეთოდებით საქართველოში ოპოზიციასთან ვერავინ ვერასოდეს ილაპარაკებს. სხვათა შორის, პრეზიდენტის ასეთმა რეაქციამ "ნაციონალების" საპარლამენტო გუნდის წარმომადგენლებიც შეაცბუნა.

- ეს რომ აგონიაში მყოფი პოლიტიკოსის განცხადება იყო, აშკარად ეტყობოდა სააკაშვილის ჟესტიკულაციასა თუ გამომეტყველებას. ბოლო დღეებში მოხდა ის, რომ სააკაშვილი "დასრულდა". Pპრეზიდენტმა თავისი ღვარძლიანი გამოსვლით დაგვანახა, როგორ მძიმედ შეეგუა ამას. "ნაციონალების" მიერ დაგეგმილმა 19 აპრილის აქციამაც დაკარგა აზრი და ვიმეორებ - სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არსებობს.

- საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილს გარკვეული უფლებამოსილებები დარჩა. ამის გამო  თუ შეუძლია, თეორიულად მაინც, რომ ახალ ხელისუფლებას რაიმე პრობლემა შეუქმნას?

- სააკაშვილი პრობლემებს ვეღარ შექმნის, თუმცა გააგრძელებს ღვარძლიან რიტორიკას "ქართული ოცნების" მისამართით. მიხეილ სააკაშვილი უკვე "ნაცმოძრაობასაც" აღარ სჭირდება. ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, მას სერიოზულად ვეღარ აღიქვამენ. სააკაშვილს ყველა სერიოზული ბერკეტი დაათმობინეს და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ პროცესში "ნაცმოძრაობამაც" მიიღო მონაწილეობა.

- თქვით, რომ 19 აპრილის აქციამ აზრი დაკარგა. ხომ არ მოელით, რომ "ნაციონალები" აქციის გამართვას გადაიფიქრებენ? თუ ცოტა ხალხი მივიდა რამდენიმე თვით ადრე დიდი ზარ-ზეიმით დაანონსებულ აქციაზე, შესაძლოა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. იმედია, არ გამართლდება ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზი, რომ აქციას რეალურად პროვოკაციული მიზნები აქვს.

- "ნაციონალური მოძრაობა" მთელი 9 წლის განმავლობაში პიარსაქმიანობით იყო დაკავებული და 19 აპრილის აქციაც ამის შემადგენელი ნაწილია. Aამ პიარსაქმიანობის ფარგლებში, "ნაციონალების" მიზანი სხვისი დისკრედიტაცია იყო და არა ის, რომ თავიანთი გაკეთებული საქმეების შედეგები მიეტანათ საზოგადოებამდე.

19 აპრილის აქციაზე ძალიან ცოტანი იქნებიან "ნაციონალების" მომხრეები, მაგრამ ბევრნი იქნებიან ისეთები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, აქციაზე "დაკვირვებას" მოინდომებენ. ამიტომ საჭიროა, პოლიციის კორდონმა გამიჯნოს ეს ადამიანები ერთმანეთისგან.

სხვათა შორის, როდესაც ევროპაში ტარდება არალეგიტიმური, ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების აქცია, მას ყოველთვის მიჰყვება პოლიციის ძლიერი კორდონი, რათა თავიდან იქნას აცილებული შეხლა-შემოხლა აღნიშნულ მცირე ჯგუფსა და საზოგადოებას შორის. შეგიძლიათ ნახოთ კადრები, როგორ მართავენ სხვადასხვა ქვეყანაში მსვლელობებს ნაცისტები და შოვინისტები. იმდენად დიდია ზიზღი აღნიშნული არალეგიტიმური ჯგუფების მიმართ, რომ პოლიციელები მუდმივად მზადყოფნაში არიან. ჩემი აზრით, როგორც ნაცისტებს მიჯნავენ საზოგადოებისგან  კორდონებით სხვა ქვეყნებში, ასევე უნდა გამიჯნონ "ნაციონალები" 19 აპრილს.

- აღნიშნეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით სააკაშვილი "დამთავრდა". სააკაშვილთან ერთად "დამთავრდნენ" მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია და სხვები, თუ რომელიმე მათგანს, მაგალითად, ყოფილ პრემიერს, აქვს შანსი, რომ "ნაცმოძრაობის" სათავეში სრულფასოვნად ჩაანაცვლოს სააკაშვილი?

- როგორც ვიცი, მათ წინააღმდეგ პროკურატურაში უამრავი საქმეა შესული და მათი ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დასკვნას გამოიტანს სასამართლო - დააკისრებს თუ არა სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუ სასამართლომ აღნიშნულ ფიგურებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დააკისრა, მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი პოლიტიკაში აქტიურობა იქნება. თუ დაეკისრათ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ციხეში აღმოჩნდებიან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის პოლიტიკაში მეორე და მესამე კაცად დამბრუნებელი არ არის და აქედან გამომდინარე, ეს უნდა გამოვრიცხოთ.

- დასავლეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული კოჰაბიტაცია დადებითად შეაფასა. ისე, კენჭისყრის წინადღეს პარლამენტში ინტენსიურ შეხვედრებს მართავდა აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი...

- დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგად დათანხმდა "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, ჩატარებულიყო სარეიტინგო კენჭისყრა.

დასავლეთთან დაკავშირებით ის ფაქტორი მოქმედებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ ეს ძალა არჩევნებში დამარცხდა და სააკაშვილის რეჟიმის მისამართით 9-წლიანი "დემოკრატიის შუქურის" ძახება წყალში რომ არ ჩაიყაროს, კოჰაბიტაციისკენ მოგვიწოდებენ. დააკვირდით მათ რიტორიკას - გამუდმებით იმეორებენ, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული ნორმების დაცვით, რაც ტოტალური აბსურდია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არჩევნები კი არა, საარჩევნო ყუთებთან რევოლუცია იყო.  აქედან გამომდინარე, დასავლეთი ცდილობს, ახლა მაინც მოექცეს პროცესები დემოკრატიის ნორმებში. ამას კარგად ხვდება "ქართული ოცნება" და ოპონენტებს არ ებრძვის ისეთივე მეთოდებით, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. მაგალითად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, არ ხორციელდება ზეწოლა სასამართლოზე. შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული, ანუ ასოცირებული მოსამართლეები, რომლებიც მცირე დანაშაულზე ადამიანებს მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, მძიმე დანაშაულში ბრალდებულ "ნაცმოძრაობის" მაღალჩინოსნებს გირაოსაც კი არ უფარდებენ.

- გასული კვირის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ "ევროპის სახალხო პარტიის" კრიტიკულ დეკლარაციას მემორანდუმით უპასუხა. რამდენად სწორია, რომ ქვეყნის ხელისუფლება, ასე ვთქვათ, წერილობით პოლემიკაშია ჩართული ევროპულ პარტიასთან.

-  ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალზე სწორი ნაბიჯი იყო. "ქართულმა ოცნებამ" უცხოელებს აჩვენა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლებაა და ახორციელებს იმ ცვლილებებს, რისი მანდატიც ხალხმა მისცა. ქართველი საზოგადოება კი დარწმუნდა - ახალი ხელისუფლება არ არის ორიენტირებული მხოლოდ საგარეო ლეგიტიმაციაზე და პასუხისმგებელია, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების წინაშე.  თუმცა სიმართლე გითხრათ, მე შემოვიფარგლებოდი მხოლოდ  დავით უსუფაშვილის წერილით.

იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკურ პროცესებში აუცილებელია თანაბარი დონის დაცვა - ერთ მხარეს იყო სექტად ჩამოყალიბებული 23 ევროპარლამენტარი, მეორე მხარეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება "ევროპის სახალხო პარტიას" - ეს პოლიტორგანიზაცია იმიტომ კი არ უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს, რომ მის მიმართ პოლიტიკური სიმპათიები ჰქონდათ, Aარამედ იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო საქართველოში ისეთი ულტრამემარჯვენე იდეების განმახორციელებელი, რა ტქმა უნდა როგორი პოლიტიკის განხორციელებაც "ევროპის სახალხო პარტიის" წევრებს თავიანთ ქვეყნებში უნდათ (არა იმ ფორმით, რა თქმა უნდა, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა). ასეთი პოლიტიკის განხორციელების უფლებას აღნიშნულ პოლიტიკოსებს ევროპაში არავინ მისცემს. ამიტომაც მათ სააკაშვილის მიმართ ერთგვარი ნეოკოლონისტური დამოკიდებულება ჰქონდათ - ეს ადამიანი ატარებდა მათ იდეოლოგიას. მიუხედავად ამისა, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან სააკაშვილის ასეთი გაჯიქებული მხარდაჭერა მაინც მოულოდნელი იყო. უკვე ღირსების მომენტი შემოდის - ისინი ჩირქს სცხებენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხალხმა აირჩია და ავტომატურად, ჩირქს სცხებენ ქართველ ხალხს. მთავარი საფრთხე ის იყო, რომ ამას არ გამოეწვია ანტიევროპული განწყობა საზოგადოებაში. თუმცა ეს არ მოხდა და იმედია, არც მომავალში მოხდება.