"შვეიცარიის ელჩის წერილი სამოქალაქო გმირობაა" - კვირის პალიტრა

"შვეიცარიის ელჩის წერილი სამოქალაქო გმირობაა"

"დამნაშავე ყოველთვის ცდილობს, რომ სასამართლო ხელისუფლება თავისი ჯიბის ხელისუფლებად აქციოს"

"საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალებს" შანსი არ ექნებათ"

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სანამ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდი იყო, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მნიშვნელოვან დოკუმენტაციას და ფაილებს ანადგურებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფრის განადგურება ვერ მოხერხდა, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის წერილისა.

არადა, ვაშაძის უსტარის გამოქვეყნებამ "ნაციონალებს" პოლიტიკურად უფრო დიდი დარტყმა მიაყენა, ვიდრე პროკურატურის უკვე ტრადიციულმა ბრიფინგებმა, რომლის დროსაც ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების უკანონო ქმედებების ახალ-ახალ ეპიზოდებს ვიტყობთ. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ნოემბერში, ომიდან სულ რაღაც სამ თვეში, მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ვაშაძემ თავის რუს კოლეგას წერილი მისწერა და რუსეთში ქართული სახალხო ანსამბლების მიერ კონცერტების ჩატარება შესთავაზა. თავად ყოფილმა მინისტრმა ეს დოკუმენტი საიდუმლოდ მონათლა, მას აისბერგის წვერი უწოდა და ისე გამოიყვანა, თითქოს ეს საპასუხო წერილი იყო რუსეთის თხოვნაზე.  პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანისთვის ეს არგუმენტი მიუღებელია და აცხადებს, რომ  მომავალში შესაძლოა, კიდევ ვიხილოთ ახალი დოკუმენტები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების ორმაგ სტანდარტს დაადასტურებენ.

- გრიგოლ ვაშაძის წერილი აისბერგის მხოლოდ ქვედა შრედ შეიძლება ჩავთვალოთ. აისბერგის წვერი დროთა განმავლობაში გამოჩნდება და ნათელი გახდება, რას სჩადიოდა ყოფილი ხელისუფლება. ეს კარგად იციან "ნაციონალებმა" და პრეზიდენტმა სააკაშვილმა, იციან, რა აქვთ დაშავებული და რაზე მოუწევთ პასუხისგება. ეჭვიც არ მეპარება.

- ამ საკითხზე არაერთი ვერსია ვრცელდება. მაგალითად, ექსპერტების პროგნოზით, შესაძლოა, საჯარო გახდეს მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის ომის შემდეგ ყოფილი ხელისუფლება კიდევ სთავაზობდა გარიგებებს რუსეთს.

- არა მხოლოდ ომის შემდგომი, არამედ ომის დაწყებამდე კარგა ხნით თუ რამდენიმე კვირით ადრინდელი ისეთი ტიპის მიმოწერა შეიძლება გახდეს საჯარო, რომ ყოფილი ხელისუფლების რეალური ზრახვა და მისი ორმაგი სტანდარტები ნათელი გახდება. ვგულისხმობ არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან მიმოწერას ან კულუარულ ურთიერთობას, არამედ უპირველესად იმას, რომ დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები, მუდმივად აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, არ გადაედგათ კონფრონტაციული ნაბიჯი და ლომის ხახაში თავი არ შეეყოთ (უკვე გახდა საჯარო ყოფილი ხელისუფლებისთვის მიცემული მეთიუ ბრაიზას ანალოგიური შინაარსის რეკომენდაციები).

ყოფილი ხელისუფლება იმით სპეკულირებდა, რომ თითქოს დასავლეთი იყო დაინტერესებული რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გამწვავებით. სინამდვილეში, რადიკალური დასავლელი პოლიტიკოსებიც კი არ მიესალმებოდნენ ქართულ-რუსული ურთიერთობის გამწვავებას. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ამგვარად ჩიხში შესვლა ნამდვილად არ სურდა დასავლეთს.

- "ნაციონალები" ასეთი ტიპის მიმოწერას საიდუმლოს უწოდებენ და აპელირებენ იმით, რომ მათი გასაჯაროება სახელმწიფო ინტერესებს დააზარალებს.

- ეს არგუმენტი მიუღებელია. სხვათა შორის, საიდუმლოს გაცხადებაც დასაშვებია, თუ ის სიმართლის დადგენას ემსახურება და სახელმწიფოს ინტერესებს ეპასუხება. გGრიგოლ ვაშაძის წერილს კი რა აქვს გასასაიდუმლოებელი, ვერ ვხვდები.

- კიდევ ერთ წერილზე მინდა გკითხოთ. ვგულისხმობ შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის ღია წერილს ბიძინა ივანიშვილისადმი. თქვენი აზრით, რამ უბიძგა დიპლომატს ასეთი მიმართვისკენ? წერილი კონკრეტულად ელჩის ან ქვეყნის პოზიციად უნდა მივიჩნიოთ თუ ევროპის ზოგიერთი პოლიტიკური წრის შეჯერებულ პოზიციადაც?

- წარმოიდგინეთ, რა ზღვარს უნდა მიაღწიოს კეთილმოსურნე ქვეყნის აღშფოთებამ, რომ მისმა ელჩმა ასეთი წერილი დაწეროს. ბატონი ბეხლერი ხომ მხოლოდ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ არ გაეცნო ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ის 2010 წლის შემოდგომიდან ზედმიწევნით კარგად იცნობდა საქართველოს პოლიტიკურ სურათს. ელჩი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენების განვითარების ტემპს და პერიოდულად კოლეგა-ელჩებთან ერთად აფრთხილებდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა ქვეყნის დემოკრატიულ-სამართლებრივი განვითარება, ამას მოჰყვებოდა ჩიხში შესვლა, იმ ტიპის სირთულე, რასთანაც "ნაციონალურ მოძრაობას" ახლა აქვს საქმე. "ნაცმოძრაობას" ამას სხვებიც ხშირად შეახსენებდნენ წერილობით თუ სიტყვიერად. მაგრამ თავდაჯერებულობამ, თვითკმაყოფილებამ და ბევრმა სხვა უცნაურმა გარემოებამ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ბუნება მთლიანად დაახშო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ბეხლერის წერილი უნიკალური ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ზედემოკრატიული ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატმა, ერთი მხრივ, ზედმიწევნით მიუკერძოებლად, მეორე მხრივ კი უკიდურესად პრინციპულად ფარდა ახადოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სიმართლე თქვას.

გიუნტერ ბეხლერის საქციელი სამოქალაქო გმირობაა, მისი პოზიცია ემთხვევა არა მხოლოდ შვეიცარიის სახელისუფლებო დიდმოხელეების აზრს, არამედ მთელი ევროპის პროგრესული პოლიტიკოსების თვალსაზრისს. ბეხლერმა კონცენტრირებულად გამოხატა აზრი იმის თაობაზე, რომ უსამართლობა უნდა დაიგმოს. დასავლეთში არსებული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ, აუცილებლად იმსახურებენ გაკრიტიკებას. ორმაგი სტანდარტი ათმაგად დამღუპველია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ამიტომ ბეხლერის ღია წერილი წლის ნაბიჯი და იმის მაჩვენებელია, რომ ევროპა თავისი არსით დემოკრატიული სივრცეა, სადაც ყოველთვის მოიძებნებიან გიუნტერ ბეხლერის მსგავსი მაღალი შეგნების მოქალაქეები.

- როგორც ელჩი ღია წერილში წერს, "ევროპის სახალხო პარტიის" ზოგიერთმა წევრმა "საინტერესოდ აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებსაც საჯაროდ უარყოფენ". ბეხლერის მიმართვა იმის გამოხატულებაც ხომ არ არის, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ  ზემოხსენებული პარტიის კრიტიკულმა წერილებმა თუ დეკლარაციებმა ევროპის პოლიტიკურ წრეებს უხერხულობა შეუქმნა?

- რა თქმა უნდა. მართალია, "სახალხო პარტია" დღეს ევროპარლამენტში უმრავლესობაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უპირობოდ მართალი ხარ. დღეს უმრავლესობაში ხარ, ხვალ კი უმცირესობაში იქნები. სხვათა შორის, ერთი წლის შემდეგ, არჩევნების შედეგად, "ევროპის სახალხო პარტიასაც" ეს ბედი ელის, უAპირველესად, ორმაგი სტანდარტების გამო. ამ პარტიის ლიდერებმა წინასაარჩევნო წელს უტიფრად დაუჭირეს მხარი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სასამართლოზე, ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორზე ძალადობას, ოპოზიციის განადგურების მცდელობას. მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა 1-ელ ოქტომბერს არჩევანი გააკეთა, "ევროპის სახალხო პარტიამ" მაინც არ შეიცვალა პოზიცია - ის აძაგებს ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და კვლავ ტაშს უკრავს "ნაციონალებს". რა არის ეს, თუ არა თავხედური ორმაგი სტანდარტი.

- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავუდოღლუს საქართველოში ვიზიტი გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. ყურადღების ცენტრში კვლავ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხი იყო. დავუდოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ ტაძრებს რესტავრაცია ქართველ ექსპერტებთან ერთად ჩაუტარდება და ეს იქნება ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლო.

- თურქეთის საგარეო პოლიტიკა გამორჩეულია მსოფლიოში. თურქეთის საგარეო ვექტორი მეზობლებსა და პარტნიორებთან ნულოვან პრობლემებს ითვალისწინებს, რაც ჩვენ სანიმუშოდ უნდა მივიჩნიოთ. აჰმედ დავუდოღლუს ვიზიტი მოწმობს, რომ თურქეთი მზად არის, საქართველოსთან ყველა, მათ შორის პრობლემატური საკითხები განიხილოს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი კიდევ დიდხანს იქნება საქართველოს პარტნიორი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ევროპასთან რეინტეგრაციის გზაზე, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში და ა.შ.

- როგორ ფიქრობთ, თურქეთი გაითვალისწინებს ქართველი საზოგადოების მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრები არა მხოლოდ უნდა აღდგეს, არამედ იქ ქართულად წირვა-ლოცვაც ჩატარდეს?

- მჯერა, რომ თურქული მხარე გაგებით მოეკიდება საქართველოს კანონიერ და სამართლიან სურვილს, რომ ისტორიული ძეგლები არა მხოლოდ აღვადგინოთ, არამედ შესაძლებელი იყოს ღვთისმსახურების ჩატარებაც.

- გასულ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდა. თუმცა, უკვე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის თაობაზე არაერთი კონსულტაციის მიუხედავად,  კოჰაბიტაცია რთულად მიმდინარეობს. "ნაციონალები" აცხადებენ, რომ უმრავლესობის მოდელით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13 იცვლება, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ პასუხობს.

- "ნაციონალური" ოპოზიციის ხელში სასამართლო ხელისუფლება სახიფათო ნაღმია. ეს ძალა ვერ ელევა და ვერ ეგუება იმას, რომ შეიძლება კონტროლი დაკარგოს სასამართლო ხელისუფლებაზე. სწორედ სასამართლო ხელისუფლებაზე უალტერნატივო კონტროლის მოპოვებით მოახერხა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოში ძალადობრივი სისტემის ჩამოყალიბება.

"ნაციონალები" ხვდებიან, რომ თუ სასამართლო დამოუკიდებელი და თავისუფალი გახდება, ეს ნიშნავს ყოფილი ხელისუფლების დანაშაულის გამოძიების შემდეგ სწორი სამართლებრივი ვერდიქტის არსებობის შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი იმას, რომ საქართველოში მოხერხდება სამართლიანობის ბალანსის დადგენა და შენარჩუნება. ეს ხელს არ აძლევს იმას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. დამნაშავე ყოველთვის ცდილობს, რომ სასამართლო ხელისუფლება თავისი ჯიბის ხელისუფლებად აქციოს. დღეს უნიკალური შანსია, რომ სასამართლო გათავისუფლდეს "ნაციონალების" პოლიტიკური მარწუხებისგან. ვენეციის კომისია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მიესალმებიან.

- 27 აპრილს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზეც ვისაუბროთ. გასულ კვირას ცნობილი გახდა როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები. სხვათა შორის, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ "ქართულ ოცნებას" სთხოვა, გამოეჩინა კეთილი ნება და იმ მიზნით, რომ პარლამენტში მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტი არ ყოფილიყო წარმოდგენილი, ამ არჩევნებში მათი კანდიდატებისთვის დაეჭირა მხარი.

- შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატებს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვთ. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს, კარგად მესმის, რომ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში მომავალში მნიშვნელოვანია. თუმცა არ მივიჩნევ სწორად ხელოვნურად მათ ინტეგრაციას საქართველოს პარლამენტში. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ბუნებრივად, ამომრჩევლის ნებაზე დაყრდნობით. მთავარია, ქვეყანაში არსებობდეს კონკურენტუნარიანი სივრცე, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას კანონის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა, გასწიოს აგიტაცია, მიმართოს ამომრჩეველს და მხარდაჭერა მოიპოვოს. აუცილებელია, ცესკომ სწორად დაითვალოს ხმები, სასამართლომ კი ობიექტური ვერდიქტი გამოიტანოს. ისე, დღევანდელი არასაპარლამენტო პარტიებიდან ბევრს გაუტყდა სახელი და ამომრჩეველი კარგა ხანს თავს შეიკავებს მათი მხარდაჭერისგან.

თუმცა, ასევე უმთავრესია, შეიქმნას გარემო, სადაც ყველას თანაბარი პირობები ექნება.

- იქნება თუ არა 27 აპრილის არჩევნები "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალებისთვის" რეპეტიცია ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ? სხვათა შორის, გასულ კვირას პრესაში აქტუალური იყო სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატების თემა. თუმცა, ალბათ, დღეს კონკრეტულ გვარ-სახელებზე საუბარი ნაადრევია.

- შუალედური არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მცირე რეპეტიციად საპრეზიდენტო არჩევნების წინ. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ეყოლება კანდიდატი. თუმცა, ვინც უნდა იყოს "ნაციონალების" კანდიდატი, მას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ექნება. P1-ლი ოქტომბრიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა ვერც კი წარმოიდგენს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ "ნაციონალების" კანდიდატი გაიმარჯვებს.