რა სურს რუსეთს საქართველოსგან - კვირის პალიტრა

რა სურს რუსეთს საქართველოსგან

"აზერბაიჯანმა უკვე მიგვანიშნა, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთისკენ დაიძრას"

"მთავრობამ საკუთრების პატივისცემის კონტექსტში თამაშის წესები უნდა გამოასწოროს - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და საგადასახადო ადმინისტრაციას სათანადოდ უნდა მოექცეს" - განუცხადა "როიტერს იბიარდის" სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნესჯგუფის დირექტორმა ოლივერ დესკამპსმა. ასე რომ, მსოფლიო რეიტინგებსა და შეფასებებში საქართველო ვარსკვლავებს მთლად ისე ვერ ეთამაშება, როგორც ამაში პრეზიდენტი გვარწმუნებს... გასული კვირის ბოლოს საქართველოში თომას ჰამარბერგი ჩამოვიდა. ქართველი დეპუტატებისგან მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ევროკომისარი მოზარდების გათავისუფლების საქმეს დიდი აქტიურობით შეუდგება და იმედი ვიქონიოთ, რომ შედეგიანადაც. თუმცა შედეგი ერთჯერადი იქნება და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს ეშველებათ. შიდა ქართლში მცხოვრები ათასობით საქართველოს მოქალაქე კი კვლავაც დარჩება პოტენციური საფრთხის ქვეშ - შესაძლოა, ეზოში, საპირფარეშოში გასული საზღვრის დარღვევისთვის დააპატიმრონ...

წინასაარჩევნო საკანონმდებლო ჭიდილი აშკარად ხელისუფლების სასარგებლოდ მიმდინარეობს, რაც მოსალოდნელიც იყო. სამწუხაროდ, ერთიანობის თვალსაზრისით ქართულ ოპოზიციას ჯერჯერობით ყველაზე უკეთ მხოლოდ ჰაერში მუშტების ქნევა გამოსდის... როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყველა "თავის ჯამს ჩასცქერის" და თავის რეიტინგზე ფიქრობს...

ქვეყნის აწმყოსა და მომავლის პერსპექტივებზე ბატონ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული კამათი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ხელისუფლებამ აჯობა ოპოზიციას, რაკიღა "ალიანსი" ფაქტის წინაშე პრაქტიკულად, უმცირესობაში აღმოჩნდა... არადა, ერთი შეხედვით, 50%-იანი ბარიერი, სრულიად სამართლიანი და მომგებიანი გზაც იყო...

- "აჯობა" ამ შემთხვევაში ცოტა საჩოთირო სიტყვაა... თუმცა, შედეგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აჯობა, რადგან რაც ხელისუფლებას სურდა, საბოლოოდ ის მიიღო. ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციამ ამ შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწია. ნულოვანი ვარიანტი აშკარად ვაჭრობის დასაწყისი ვერსია იყო. ძალიან ხშირად ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბრძოლა კორიდას ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხარე ჯიქურ მიიწევს წინ, მეორე კი მანევრებით მოქმედებს და ასე ცდილობს მოწინააღმდეგის განეიტრალებას.

- ქართული პოლიტიკის შემთხვევაში ვინ ვის გაგონებთ?

- მანევრებით რომ ხელისუფლება მოქმედებს, ეს საკამათო არ უნდა იყოს. ჯერჯერობით ხელისუფლება ოპოზიციაზე მეტი მანევრირების უნარს ავლენს, რა თქმა უნდა, საამისოდ ობიექტური შესაძლებლობებიც მეტი აქვს, თუნდაც ბერკეტების სახით. ფაქტია, რომ გინდ მიტინგის და გინდ არჩევნებში მონაწილეობის დროს - ოპოზიცია გაექანება და "რქებით" ჯიქურ მიეხლება წინააღმდეგობას, ხელისუფლება ამ დაჯახების აცილებას ზოგჯერ მილიმეტრებში, მაგრამ დღემდე ყოველთვის წარმატებით ახერხებს.

- ტირძნისელი მოზარდების ტყვეობამ კიდევ ერთხელ მკვეთრად წარმოაჩინა დილემა, რომლის წინაშეც საქართველო აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა. საკუთარ მოქალაქეთა უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მათი დაცვის მიზნით ცეცხლის გახსნა რუსეთისთვის მორიგი აგრესიისა და ომის საბაბი შეიძლება გახდეს... როგორ უნდა ვიმოქმედოთ?

- საერთოდ, რეგიონში ომის სუნი კარგა ხანია ტრიალებს და რუსი ექსპერტებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ საომარი მოქმედებები შეიძლება განმეორდეს. მოტივი და მიზეზები ყველას სხვადასხვაგვარად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ეს თემა ხშირად წამოტივტივდება ხოლმე. როგორც ჩანს, აგრესიის საშიშროება არსებობს, ჩვენი მხრიდან კი კლიმატი არ რბილდება. ბავშვების თემა მართლაც ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს უჩნდება სურვილი თუ ფიქრი - რაც გინდა მოხდეს, მაგრამ ბავშვებს ნუ შეეხება და მათ კისერზე ნუ გადაივლის პოლიტიკური პრობლემებიო, თუმცა… ხან კავკასიური ტელევიზიაო, ხან ფილმის გადაღებაო, ხან პუტინის წინააღმდეგ ევროპული მანიფესტაციების დაგეგმვა... არ ვკამათობ იმაზე, რომ ყველა ამ ნაბიჯს თავისი სიმართლე ახლავს, მაგრამ პერსპექტივაში ეს პროცესი რისკენ მიდის, დიდად სადავო არ უნდა იყოს. ასეთი ნაბიჯები სიტუაციის გამწვავებას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე ნორმალიზებას, მით უმეტეს, რომ კოკოითის ხელით რუსებიც ყველაფერს აკეთებენ ამ დაპირისპირების გასამძაფრებლად და საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოსაგებად. თუ მორიგი კონფრონტაციის გზა გვაქვს არჩეული, ესეც ერთგვარი მეთოდი და ბრძოლის ხერხია, რათა ბოლომდე წარმოვაჩინოთ რუსეთის სახე მსოფლიოს წინაშე. თუმცა დამაფიქრებელია "მსოფლიოს" პოზიცია ასეთ ვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ფაქტები იყო წარმოდგენილი და ტალიავინის კომისიას კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, დასკვნები არ შეესაბამებოდა ფაქტებს. საერთაშორისო დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ამ დასკვნამ კარდინალურად არ შეცვალა...

- მაშინ რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ისიც ფაქტია, რომ მოქალაქეთა გატაცებები გრძელდება, არც რუსები და არც სეპარატისტები რაიმე ფორმის მოლაპარაკებაზე არ მოდიან, გარდა საქართველოს მხრიდან მათი აღიარებისა და სრული კაპიტულაციისა. ხარკი მივცეთ? - თვეში ათი ადამიანი ჩვენი ნებით ჩავაბაროთ, რომ ვიცოდეთ მაინც, ბავშვებსა და ქალებს არ დაატყვევებენ?! მით უმეტეს, თუკი ყველაფერს ომის სუნი ასდის და აშკარა პროვოკაციაზე მოდიან...

- ისიც უდავოა, რომ პროვოკაციაზე მოდის ერთი სუბიექტი და დანარჩენები - ოსები და აფხაზები - შემსრულებლები არიან. გამოდის, რომ კითხვის ნიშანიც ერთი სუბიექტის მიმართ ჩნდება - რა სურს რუსეთს საქართველოსგან. ამ კითხვაზე აზრიანი პასუხის გაცემაა საჭირო. ის, რომ რუსეთი იმპერიაა და იმპერიული ზრახვები აწუხებს, პასუხად ვერ ჩაითვლება, რადგან დაფიქრება გვმართებს - რატომ აწუხებს ეს იმპერიული ზრახვები მაინცდამაინც ჩვენ მიმართ და სხვა პოსტსაბჭოთა სუბიექტებს მშვიდად უყურებს...

- რატომ, უკრაინის მიმართაც საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულება შეინიშნება...

- კი, ბატონო, იმპერიული და აგრესიული დამოკიდებულება ამ ორი ქვეყნის მიმართ შეინიშნება. საბჭოთა კავშირში კი თხუთმეტი რესპუბლიკა იყო...

- თქვენ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ახსენეთ. ტალიავინის დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დასავლეთისა და რუსეთის დამოკიდებულებაზე საუბრისას შავსა და თეთრზე, ბოროტსა და კეთილზე ვერ ვიმსჯელებთ. რუსეთთან უფრო თანამშრომლობას და გამორჩენას ცდილობენ, ვიდრე მის მძაფრ გაკრიტიკებას და ნებისმიერი ფორმით მისი ზრახვების განეიტრალებას... ძალზე სიმბოლური იყო, როდესაც საფრანგეთში, "რენოსთან" 240-მილიონიან კონტრაქტზე ხელმოწერისას პუტინს ჰკითხეს, ფრანგული ავიამზიდის შეძენის შემთხვევაში, თუ გამოიყენებდა მას საქართველოს წინააღმდეგ. პუტინის პასუხი შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო "სამართლიანი" და "თავისუფლებისმოყვარე" ევროპისთვის - თუ რუსეთი ხომალდს შეიძენს, იქ გამოიყენებს, სადაც საჭიროდ ჩათვლისო... ევროპულმა დემოკრატიამ რუსეთის თვითმპყრობელური პასუხი არ შეიმჩნია... როგორც ჩანს, ეს ურთიერთობები არა საერთაშორისო სამართალს, არამედ ვაჭრობას ეფუძნება, სადაც საქართველოს ფასი არცთუ მაღალია?

- გააჩნია, ვინ ვაჭრობს... ევროპისთვის ჩვენი ფასი, ალბათ, დაბალია, იმიტომ, რომ ევროპა კონტინენტის აქეთა მხარეს იშვიათად იხედება და თუ იხედება, დიდი სტრატეგიული მიზნები არ აქვს ხოლმე. ევროპა უფრო პასიური მოთამაშე გახდა საგარეო პოლიტიკაში, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია და ეს ტენდენცია ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან იღებს სათავეს. სხვათა შორის, ერთხელ გერმანული ფინანსების ერთმა გამგებელმა მითხრა, - გაითვალისწინე, რომ ევროპის ქვეყნებს სახსრები არ აქვთ მთელი კონტინენტის მასშტაბით პროექტების განსახორციელებლადო... ევროპას, ამერიკისგან განსხვავებით, ასეთი სახსრები მართლაც არ გააჩნია. ასე რომ, ძალზე საეჭვოა, ევროპამ ჩვენს ფრონტზე დიდად იაქტიუროს. თუმც ჰუმანური მოტივაცია გაცილებით მეტი აქვს ხოლმე, მაგრამ ერთია, პრეტენზია წაუყენო რუსეთს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და მეორე - ამ უფლებების დაცვის გამო მატერიალურ დანაკარგებზე წახვიდე. ევროპა იდეების გამო დანაკარგებზე არასოდეს წავა...

- იდეების გამო დანაკარგებზე წასვლის ხალისს დიდად არც ობამას ადმინისტრაცია ამჟღავნებს...

- ჩვენი ფასი თუ ვინმესთან გაირკვევა, მაინც უფრო ამერიკასთან. ბევრი რამ მიანიშნებს, რომ ობამამ შეიძლება კურსი ბზეჟინსკის რეკომენდაციისკენ აიღოს და მსოფლიოს მოწყობის ისეთი მოდელი აირჩიოს, რომლის განხორციელების შემთხვევაში მსოფლიოს ინტერესთა სფეროებს ორი ქვეყანა გადაინაწილებს - ამერიკა და ჩინეთი და არა ამერიკა და რუსეთი. თუკი საქმე ასე წარიმართება, ამერიკა პასიური იქნება ბევრი სხვა საკითხის და მათ შორის ევროპის მიმართაც. მაგრამ მეორე მხრივ, ეს სქემა გულისხმობს ბევრ სხვა წვრილმან საკითხსაც, რომელთა შორისაც ეკონომიკური ტრანზიტის საკითხიც იქნება. ამის გარეშე მსოფლიო ცხოვრებას ვერ შეძლებს. ეს კი იმავე საკითხებს წამოსწევს, რომელიც ბუშის  მმართველობისას კავკასიისა და საქართველოს აქტუალურობას ზრდიდა. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკას ჯერჯერობით ამისთვის არ სცალია და უფრო ზემოთ ნახსენები დიდი სქემის გააზრებითა და დალაგებით არის დაკავებული.

- რაც შეეხება სიტუაციას კავკასიაში - ალიევის განცხადებას საომარ მოქმედებათა შესაძლო განახლების შესახებ სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება მოჰყვა, რომლის თანახმადაც, სომხეთმა შესაძლოა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და მის საერთაშორისო სტატუსის გამყარებაზეც იზრუნოს... როგორ ფიქრობთ, ეს უბრალოდ, "კუნთების თამაშია", თუ დენთის სუნი უკვე მთელ კავკასიაში ტრიალებს?

- როდესაც ვთქვი, ობამას ადმინისტრაციას სხვა საკითხებისთვის არ სცალია-მეთქი, სწორედ ამას - სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას ვგულისხმობდი. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი დასავლური და კერძოდ, ამერიკული წარმოშობისაა, მათ მისცეს ბიძგი სომხეთისა და თურქეთის შერიგებას. ამავე დროს ჩემთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს უყურადღებოდ აზერბაიჯანი. სომხეთს რომ შემოატრიალებენ დასავლეთისკენ და ამის გამო, აზერბაიჯანი რუსეთის გავლენის სფეროში გადაინაცვლებს, რაღაც ქართული ანდაზის მსგავსად გამოდის - თხა გავყიდე, თხა ვიყიდეო... კავკასია მაინც სულ გახლეჩილი იქნება. აზერბაიჯანმა უკვე ბევრი რამით მიგვანიშნა, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთისკენ დაიძრას და ამისკენ უკვე ბევრი ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება იარაღის ჟღარუნს - აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ ყველანაირი დაგმობისა და აღშფოთების მიღმა, ამ რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირებისას გაიმარჯვებს ის, ვის მხარეზეც რუსეთი იქნება. შესაძლოა, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებაც ამ ნიადაგზე აღმოცენდა, რუსეთი კი მოგეხსენებათ, წაუგებელ თამაშს ითამაშებს - ორივე მხარეს წააქეზებს და ორივეს დაეხმარება შეიარაღებითაც და ინსტრუქტორებითაც, რათა საბოლოოდ მოგებული მხოლოდ თვითონ დარჩეს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, მოვლენები ასე განვითარდეს. ეს სცენარი რუსეთს ძალიანაც აძლევს ხელს, რადგან ეს იქნება დასასრული ისეთი პროექტისა, როგორიც ნაბუკოა  და ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მონოპოლიურობას ხელს ვერაფერი შეუშლის. თუმცა თუკი მოვლენები ამ ან ამის ანალოგიური სცენარით განვითარდება, ერთი პრობლემა გაჩნდება. თუ კავკასია ჩაიკეტა, როგორც გამტარი ხაზი, ევროპის ერთადერთი ენერგოდონორი რუსეთი გახდება. ეს კი ევროპის ყველა დედაქალაქს მოსკოვზე "მიაბამს", რაც, თავის მხრივ, დაშლის ევროატლანტიკურ ალიანსს...

- საკმაოდ მძიმე სურათი იხატება...

- მძიმე, მაგრამ რეალური. გაიხსენეთ ბუდაპეშტის გადაწყვეტილება - რუსეთის გავლენით, ევროპულმა ქვეყნებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი არ გაუხსნეს საქართველოს და უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სურდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბუშის ადმინისტრაციას მაშინ მცდელობა არ დაუკლია. რაც უფრო გაიზრდება რუსეთის გავლენა, ნატო მით უფრო ანტიამერიკული აღმოჩნდება. ეს კი იქნება ალიანსის ფორმალურად დატოვების ან დაშლის საწინდარი. "ალიანსში" არა მხოლოდ ნატოს, ზოგადად იმ სივრცეს ვგულისხმობ, რაც დღეს არის შეკრული იდეურ-პოლიტიკური ერთიანობის სახით დასავლეთში. აქვს კი ობამას აწონილი, რა ურჩევნია - უცნობ ჩინეთთან ურთიერთობის მოწესრიგება თუ ნაცნობი პარტნიორებისა და ისეთი ჩამოყალიბებული სტრუქტურის დაკარგვა, როგორიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსია?..

- ობამას ადმინისტრაციაში რას აცნობიერებენ, ერთია, მაგრამ ეს საფრთხე, წესით, ევროპასაც ხომ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული? ეს ხომ არცთუ რთული გამოსათვლელია - თუკი რუსეთი დაიმორჩილებს კავკასიას, შემდეგ გადავა უკრაინაზე, აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა დემოკრატიებზე და ბოლოს, რუსული ტანკები დასავლეთ ევროპაშიც შეიძლება აღმოჩნდნენ... თუ ასე მოხდა, ალბათ საქართველოს ადგილას ერთი დიდი სათბური დარჩება რუსული წარწერით: "ფრუკტი ი ოვოშჩი. პოსტორონნიმ ვხოდ ვოსპრეშჩიონ"...

- დღევანდელი დღის კომფორტი ხვალინდელი დღის საფრთხეს ხშირად ჩრდილავს ხოლმე... გავიხსენოთ ზოგადევროპული რეაქცია ნაცისტური გერმანიის გაძლიერებაზე... გნებავთ, საბჭოთა კავშირზე... თუმცა, მთლად პესიმისტები რომ არ ვიყოთ, ვთქვათ, რომ ეს მოვლენათა განვითარების მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი სცენარია. ეკონომიკური ინტერესები აიძულებს მსოფლიოს, უფრო აზრიანი და ოპტიმისტური გამოსავალი ეძებოს, სადაც საქართველოს თავისი ადგილი და ფასი ექნება.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი