სააკაშვილის გარეშე ლაფანყურის დანაშაული ვერ მოხდებოდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილის გარეშე ლაფანყურის დანაშაული ვერ მოხდებოდა

"ახალ ხელისუფლებას ვურჩევ,  ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელოს"

"19 აპრილს ყველანი "ნაციონალური მოძრაობის" სრული ფიასკოს მომსწრეები გავხდებით"

დეკემბრის ბოლოს, როცა წლის მთავარ მოვლენებს შევაჯამებთ, "ნომინაციაში" - ყველაზე სკანდალური ანგარიში - ალბათ, ომბუდსმენის მოხსენებას პირველობას ვერავინ შეეცილება. სახალხო დამცველი შავით თეთრზე წერს, როგორ ქმნიდა ყოფილი ხელისუფლება შეიარაღებულ დაჯგუფებებს ჩეჩნებისგან და როგორ დაიწყო ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაცია თავისგანვე შეიარაღებული და იქ შეგზავნილი ადამიანების წინააღმდეგ. ეს დიდი სიახლე არ ყოფილა - ასეთი ვერსია 2012 წლის სექტემბერშივე გავრცელდა. უბრალოდ, უცნაურია, რატომ მოვისმინეთ ეს ამბავი ომბუდსმენისგან და არა პროკურატურის ან შსს-სგან? იმედია, პრინციპი, - "ხალხისთვისვე სჯობს, რომ სიმართლე ბოლომდე არ იცოდეს", სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს. ეს მხოლოდ ლოპოტის საიდუმლოებას არ ეხება, იგივე შეიძლება ითქვას საია-შსს-ს შორის მიმდინარე დავასა და რაბათის ციხის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე (სხვათა შორის, ეს თემები "ნაციონალებმა" კარგად გამოიყენეს ომბუდსმენის სკანდალური ანგარიშის გადასაფარად). ამ და კვირის სხვა მთავარ მოვლენებზე ექსპერტ გოგი ხუციშვილს ვესაუბრებით.

- ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, ძველი ხელისუფლების მიერ ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საუბრობდნენ იმ ვერსიაზე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშია დაფიქსირებული. გავიხსენოთ თვითმხილველების მონათხრობიც. მოკლედ, ყველაფერი მეტყველებდა, რომ ეს სუფთა საქმე არ იყო.

-  საზოგადოების დიდი ნაწილი არ დავობს იმაზე, ომბუდსმენის ანგარიშში დაფიქსირებული ფაქტები სინამდვილეს შეეფერება თუ არა. უბრალოდ, საკითხს ასე სვამენ - სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენად საჭიროა ლოპოტის ამბის ამ ეტაპზე გასაჯაროება.

- ასეთი თემები ჯერ შესაბამისი წესების დაცვით უნდა იქნეს გამოძიებული და შემდეგ - გასაჯაროებული. მეორე მხრივ, ლაფანყურის სპეცოპერაცია სახალხო დამცველის ანგარიშში რომ არ მოხვედრილიყო, ყველაზე დიდი უცნაურობა ეს იქნებოდა. ისიც ცხადია, რომ როდესაც საქმე გვაქვს ამდენ საიდუმლოების შემცველ ამბავთან, რომლის დროსაც დაიღუპნენ ადამიანები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხალხი ელოდება კითხვებზე პასუხს და ყველაფერი ეს საჯარო უნდა იყოს. ხალხი ასევე დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

- თუ ომბუდსმენის ანგარიშში დაფიქსირებული ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება, გამოდის, რომ იმდროინდელი მთავრობა ქვეყნის შიგნით აწყობდა პროვოკაციას და სახელმწიფოს აყენებდა დარტყმას.

- დარწმუნებული ვარ, ეს პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე არ მოხდებოდა. ლოპოტის ხეობაში მომხდარი ძალზე სერიოზული დანაშაულია. საერთოდ, ამ მოვლენებზე მსჯელობისას იმის შეგრძნება უფრო მეტია, რომ ეს პროვოკაციაა. ცხადია, რომ ყოფილი ხელისუფლება პროვოკაციას ხშირად მიმართავდა.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ის დრამა, რომელიც გათამაშდა საია-ს მძღოლსა და აჭარის შს სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის. ძალიან ხომ არ "გადაეფარა" შსს თელიას? ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი უკვე ავლებს პარალელს ღარიბაშვილის უწყებასა და მერაბიშვილის შსს-ს შორის, როდესაც პოლიციელი ყველგან და ყველასთან მართალი იყო.

- მეც მოვაწერე ხელი  არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებას, რომელშიც ისინი საქმის გამოძიებას ითხოვენ. მართლაც საჭიროა მტყუან-მართლის ბოლომდე გარკვევა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ პოლიციელების, განსაკუთრებით შსს-ს მაღალჩინოსნების, დაუსჯელობის სინდრომი ჯერ კიდევ არსებობს. Aასევე, ჩვენში არ არის საზოგადოების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის მექანიზმი, რაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია.

შსს-ში კვლავ მოქმედებს შიდა კოდექსი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყვანონ მდგომარეობიდან თავისი თანამშრომელი და გრძელდება ძველ სტილში მუშაობა.

საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა გააქტიურდნენ და ამას გარკვეული მექანიზმები დაუპირისპირონ. მთავრობამაც უნდა იზრუნოს, რომ მსგავსი ბერკეტები შეიქმნას, თორემ ყოველთვის იქნება აბსურდული მდგომარეობის მიღების საფრთხე. ერთ მაგალითს მოვიყვან - თელიას საქმეზე ვიდეოთვალის ჩანაწერი განადგურდა თუ გაანადგურეს, მაგრამ ამ ჩანაწერის მიხედვით აღწერილი მოვლენები კვლავ მოჰყავთ მტკიცებულებად. ეს ხომ წარმოუდგენელია?!

- კიდევ ერთი თემა, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი ატყდა, რაბათის ციხის საკითხია. კულტურის სამინისტროს მტკიცებით, ციხის რეაბილიტაციისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას აპირებენ, რასაც "ნაციონალები", მერაბიშვილის მეთაურობით, ძეგლის განადგურებად აფასებენ. მოვისმინეთ საპატრიარქოს პოზიციაც, რომლის მიხედვითაც, რაბათის რეაბილიტაციაში ისინიც უნდა ჩაერთონ.

- ახალ ხელისუფლებას ვურჩევ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი თემის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელოს, რათა საინფორმაციო ვაკუუმი ჭორებმა არ შეავსოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვაკუუმს ოპონენტები მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ. მაგალითად, იმავე რაბათის ციხის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება და უკვე აღარ ვიცი, რომელს დავუჯერო. აუცილებლად უნდა გაირკვეს სიმართლე, რატომ შეჩერდა რაბათის ციხეში სამუშაოები, რა როლი შეასრულა ამაში მესამე მხარემ, მაგალითად, თურქეთმა და ა.შ. შევშფოთდი, როდესაც გავეცანი ინფორმაციას, რომ ციხეში გუმბათი უნდა გადაკეთდეს და ჯვრებიანი ბარელიეფები უნდა გაიტანონ იქიდან. თუ ეს ტექნიკური მიზეზებით არის გამოწვეული და მხოლოდ ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ თუ ამის უკან სხვა რამ დგას, საზოგადოება სერიოზულად უნდა დაინტერესდეს ამ ამბებით. იმავე თურქეთში, თუ კონკრეტული ნაგებობა კულტურის ძეგლია, ის უკვე აღარ არის რელიგიური დანიშნულების ან  მხარის კუთვნილება და მსგავსი ჩარევა საჭირო არ არის. იქ სხვადასხვა რელიგიური სიმბოლო ერთ ჭერქვეშ  არის თავმოყრილი. სხვა შემთხვევაა, თუ ნაგებობა სამლოცველოს ფუნქციას ასრულებს.

- პარლამენტში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, სანქციები რბილდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ კანონს დაარღვევენ. საპარლამენტო უმცირესობა იმუქრება, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროულია ამ კანონში ცვლილებების შეტანა?

-  რა თქმა უნდა, დროულია. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი იდგა ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ამას ითხოვდნენ საერთაშორისო ექსპერტები, მაგრამ ეს იგნორირებული იყო მაშინდელი მმართველი გუნდის მიერ. სააკაშვილის ხელისუფლება მიიჩნევდა, რაც უფრო კატეგორიული პოზიცია გვექნება, მით უკეთესიაო. ასეთი პოზიცია არაფერს გვაძლევდა, კანონი კი მისაღები იყო. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი 2008 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, ანუ მაშინ, როცა რუსეთს უკვე აღიარებული ჰქონდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და იქ სამხედრო ბაზებიც განალაგა. თუმცა ეს კანონი  ნაჩქარევად იყო შედგენილი და შეიცავდა ძალიან ბევრ შიდა წინააღმდეგობას. ამის შესახებ ვენეციის კომისიაც მიგვითითებდა.

ამ შენიშვნებიდან სააკაშვილის ხელისუფლებამ 2010 წელს მხოლოდ ერთადერთი რამ გაითვალისწინა - "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება და დაიშვა წითელი ჯვრის ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირდაპირი დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა.

მოკლედ, პირველი შესწორება კანონში სწორედ ძველი ხელისუფლების დროს შევიდა და ამიტომაც, დღეს "ნაციონალების" განცხადებები, - არიქა, კანონის შეცვლა სახელმწიფო ინტერესების ღალატიაო, აბსურდულია. შესწორებები აუცილებელია. 2010 წლის შემოდგომაზე ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საია-ს ოფისში შევიკრიბეთ, რომელსაც ესწრებოდა რეინტეგრაციის საკითხებში მაშინდელი მინისტრი თემურ იაკობაშვილი.

მან იმ სამართლებრივ შეფასებებს, რომლებიც არასამთავრობოებმა "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ კანონთან დაკავშირებით წარმოადგინეს, ვერანაირი არგუმენტი ვერ დაუპირისპირა. ვიმეორებ  - კანონში ბევრი შეუსაბამობაა, რომელსაც, სხვათა შორის, დიდ ყურადღებას არც დღევანდელი ხელისუფლება აქცევს. ის აქცენტს უფრო ადამიანურ ფაქტორზე, კერძოდ, იმაზე აკეთებს, რომ ადამიანი თუ უცოდინარობის გამო სახელმწიფო საზღვარს ფსოუს ან როკის გვირაბის გავლით გადმოკვეთს, ის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივ დევნას აღარ უნდა ექვემდებარებოდეს. გამოდის, რომ კანონი მხოლოდ ამ მიმართულებით რბილდება და სხვა არაფერი იცვლება. წინასწარ შემიძლია გითხრათ, გავა დრო და კანონში სხვა ნორმებიც იქნება გასასწორებელი. მაგალითად, თუ არ გვინდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მუდმივად რუსეთზე იყოს ჩამოკიდებული, იქ ევროპა უნდა შევუშვათ. ამ პროცესს კი ეს კანონი აბრკოლებს, სადაც პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ნებისმიერი საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია.

- გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივებს საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცეს, რამაც მდგომარეობა დაძაბა. ამას აშკარად ასდის პროვოკაციის სუნი. არადა, თითქოს თბილისსა და მოსკოვს შორის დათბა ურთიერთობა.

-  ალბათ, ამ მდგომარეობის განმუხტვა შეიძლება, თუ თბილისი და მოსკოვი შესაბამის არხებს აამოქმედებენ. ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რაიონებში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა–- წელიწად-ნახევარში ახალგორის რაიონი მთლიანად დაიკეტებაო. შესაბამისად, მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან უნდა დარჩეს იქ, აიღოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტი, ან მიატოვოს სახლ-კარი და დატოვოს ახალგორი. ეს უკვე მოსახლეობის ტერორიზებაა. ამასთან, წელიწად-ნახევრით ადრე იმის გამოცხადება, რომ ახალგორი უნდა დაიკეტოს, პროვოკაციაა. სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან დამატებითი დაბრკოლებები სწორედ იმიტომ იქმნება, რომ დაწყებულია დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის. დე ფაქტო ხელისუფლებებს  აქვთ შიში, რომ მოსკოვი მათ ზურგს უკან რაღაც გარიგებებზე მიდის თბილისთან, რაც სინამდვილეში არ ხდება.

- დავაზუსტებ - მავთულხლართებს ავლებენ და მოსახლეობას პრობლემებს უქმნიან რუსი სამხედროები, რომლებიც გენშტაბს ემორჩილებიან და არა ანქვაბს ან თიბილოვს.

- რუსეთის სამხედრო თუ უშიშროების წრეებში ძალიან ბევრი გავლენიანი პირია გაღიზიანებული ქართულ-რუსული დიალოგის დაწყებით. არ არის გამორიცხული, რომ ისინიც უწყობენ ხელს ვითარების დაძაბვას.

- ყველა საკითხს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რაზე საუბარიც ვერ მოვახერხეთ, "ნაციონალები" იყენებენ იმისთვის, რომ 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიყვანონ. ექსპერტების აზრით, დღეს "ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანა მთლიანად 19 აპრილის აქციის ინტერესებს ემსახურება.

- 19 აპრილს ყველანი "ნაციონალური მოძრაობის" სრული ფიასკოს მომსწრეები გავხდებით.  ისინი ვერც საკმარისი რაოდენობის ხალხის მიყვანას შეძლებენ და ვერც თავიანთი არგუმენტების დასაბუთებას. ის, რომ საქართველომ თურმე ზურგი შეაქცია ევროპას და ამერიკას, მტკნარი ტყუილი და სისულელეა. მე "ნაციონალების" ადგილზე ამ აქციას საერთოდ გავაუქმებდი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 აპრილს პარლამენტის წინ "ნაცმოძრაობის" ოპონენტები შეიკრიბებიან. ხომ არ არის საფრთხე, რომ ისინი არ დაიშალონ და მეორე დღეს "ნაციონალებს" "დაელოდონ". ამას რა მოსდევს, 8 თებერვლის მოვლენებმაც გვაჩვენა.

- პირიქით, ამ ხალხმა 18 აპრილს იმიტომ დაგეგმა აქცია, რომ "ნაციონალების" მიტინგს არ დაამთხვიონ და შეხლა-შემოხლა აიცილონ თავიდან. თუმცა იმ საფრთხის ალბათობა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, მაღალია. ამიტომაც აუცილებელია, რომ 18 აპრილს აქციის მონაწილეები დაიშალონ და მათ "ნაციონალების" მიტინგთან შეხება არ ჰქონდეთ.

19 აპრილს კი ღარიბაშვილის უწყებამ "ნაციონალებისთვის" პოლიციის კორდონები უნდა უზრუნველყოს. ამ აქციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს ხელი,

თორემ შემდეგ "ნაციონალები" დაიწყებენ ყვირილს, არიქა, გვდევნიანო. თუმცა ვიმეორებ  - "ნაციონალების" ლიდერების ადგილას, ამ აქციის გამართვას გადავიფიქრებდი.

- ვანო მერაბიშვილმა განაცხადა - 19 აპრილის შემდეგ საქართველო შეიცვლებაო.

- თვითონ ავრცელებენ ხმებს, რომ თითქოს რაღაც საიდუმლო ინფორმაციას ფლობენ, რასაც 19 აპრილს გაახმაურებენ.  ალბათ, ისევ დაიწყებენ მტკიცებას, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის აგენტიაო, რისიც უკვე ბავშვსაც აღარ სჯერა.