"როდესაც ქვეყანა ჩივის თავისი მოსახლეობის გენოციდის გამო, თავადაც უნდა იყოს ჩართული გამოძიებაში" - კვირის პალიტრა

"როდესაც ქვეყანა ჩივის თავისი მოსახლეობის გენოციდის გამო, თავადაც უნდა იყოს ჩართული გამოძიებაში"

"სწორედ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს გამოძიების ინიციატორი და არ უნდა იქცეოდეს როგორც დამფრთხალი მოწმე"

"უპრიანი იქნებოდა,  პრეზიდენტი საერთოდ არ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი"

"ყველაზე არხეინად ის არაკაცები არიან, ვინც უდანაშაულო ხალხს ბრალს უყენებდა"

ფსიქოლოგების ცნობით, როდესაც ადამიანისთვის მის გარშემო განვითარებული მოვლენები მეტისმეტად მიუღებელია, თავდაცვის მექანიზმს "გამოიმუშავებს" - ქმნის საკუთარ წარმოსახვით სამყაროს და ყველა ფაქტს თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს. ასეთი "თავდაცვის მექანიზმი" "ნაციონალებს" ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ შექმნილი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და როგორც ჩანს, არჩევნებში მარცხმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ეს უნარი დაუსუსტათ. Aამის კლასიკური მაგალითია ის აჟიოტაჟი, რომელიც აგვისტოს ომის გარემოებების გამოძიების გამო ატყდა. მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს ისე გამოჰყავთ, თითქოს ახალი ხელისუფლება თავიდან ცდილობს იმის დადგენას, ვინ დაიწყო ომი და ვინ იყო აგრესორი. აგრესორი რომ რუსეთია, ამას ეჭვქვეშ უკვე თავად რუსებიც აღარ აყენებენ. უბრალოდ, გამოძიების პროცესში შესაძლოა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, საინტერესო კითხვებზე მივიღოთ პასუხი. მაგალითად, იმაზე, რატომ იყვნენ უპატრონოდ მიტოვებული რეზერვისტები, ერეოდნენ თუ არა "ნაცმოძრაობის" ლიდერები გაერთიანებული შტაბის საქმიანობაში, რატომ დაუტოვეს მტერს დიდი ოდენობით საბრძოლო ტექნიკა, არსებობდა თუ არა მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის გეგმა და ა.შ. ისე, ამ კითხვებზე პასუხისას შესაძლოა, ბევრი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს და შესაბამისად, "ნაციონალების" ისტერიკა გასაკვირი არც არის. ამ და კვირის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით.

- ბატონო სოსო, ალბათ, გვერდს ვერ ავუვლით იმ ინციდენტს, რაც თურქეთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ველოსიპედზე "ამხედრებული" მიხეილ სააკაშვილი ტრაილერს შეეჯახა.

- ფიზიკური ტრავმისთვის არავინ არ უნდა გავიმეტოთ, მაგრამ სოლიდურობის თვალსაზრისით ასეთი ინციდენტები სასიკეთოს არაფერს მატებს არც ქვეყანას და არც მის პრეზიდენტს. ინციდენტი სააკაშვილის ხასიათის თავისებურებებისა და მისი დაცვის უყურადღებობის შედეგია.

- ახალი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების გამოძიებას იწყებს. საგამოძიებო ჯგუფი მთავარ პროკურატურაში შეიქმნება. Aამას ყოფილი ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, "ნაციონალების" თქმით, გამოძიების მიზანი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებაა.

- გამოძიების დაწყების ინიციატივა ქართულ მხარეს არ ეკუთვნის. სანამ საქართველოში არ ჩამოვიდა ჰააგას სასამართლოს პროკურორი, ამისთვის მზაობა საქართველოს მთავრობას არ ჰქონია. არსებობს საერთაშორისო ვალდებულებები - როდესაც ქვეყანა ჩივის თავისი მოსახლეობის გენოციდის გამო, თავადაც უნდა იყოს ჩართული გამოძიებაში. კერძოდ, უნდა გაირკვეს, რა გააკეთა ქვეყნის ხელისუფლებამ, რომ ეს არ მომხდარიყო. შიშს დიდი თვალები აქვსო და უაღრესად გაფართოებული თვალები ჰქონდათ როგორც პრეზიდენტს, ისე მის გამხმოვანებლებს. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლLება პასუხისგებამ მოუწიოთ და ეს მხოლოდ ომს არ ეხება.

- ისე, ომის თემაზე დიდი აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გამოძიებამ შეიძლLება კითხვები მიხეილ სააკაშვილსაც დაუსვას. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ის არ აპირებს ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან თანამშრომლობას. თქვენი აზრით, ეყოფა პოლიტიკური ნება ახალ ხელისუფლებას, რომ პრეზიდენტი დაკითხვაზე მიიყვანოს?

- ალბათ, ეყოფა. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეცდომები დაუშვა აგვისტოს ომის დროს და კონსტიტუცია დაარღვია. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის კრებული "2008 წლის აგვისტოს ომი. წინა პირობა, რეალობა, პერსპექტივა" 2009 წელს გამოქვეყნდა. Aმასში სამართლებრივად არის შეფასებული საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებები. ნაშრომის ავტორები არიან ზაქარია ქუცნაშვილი და ვახტანგ ხმალაძე. წაგიკითხავთ ერთ-ერთ დასკვნას: "მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმა, 8 აგვისტოს თუ 8 აგვისტომდე, საქმე გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონების უხეშ დარღვევასთან, მისი მოქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ამის შედეგად დამდგარი განსაკუთრებით მძიმე შედეგები წარმოშობს მისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის (იმპიჩმენტის) დაკისრების უფლებას". რასაკვირველია, წინა პარლამენტში იმპიჩმენტზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. დღესაც ნაადრევია ეს, რადგან იმპიჩმენტის საბოლოო წესს ვერდიქტი სასამართლომ უნდა გამოუტანოს, რომელიც სამართლიანობისგან ჯერ კიდევ შორს არის.

- სავარაუდოდ, გამოძიება დასრულდება მაშინ, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება. როგორ ფიქრობთ, ყოფილ პრეზიდენტს რა ფორმის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს? გარდა ამისა, მხოლოდ სააკაშვილში არ არის საქმე. ალბათ, საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს, შეიარაღებული ძალების სარდლობას მართლა აძლევდნენ თუ არა მითითებებს უგულავა, გაბაშვილი, ბოკერია და სხვები, რატომ იყვნენ რეზერვისტები უპატრონოდ მიტოვებული და ა.შ.

- ძალიან ბევრი კითხვაა. მახსოვს, ერთი დილა ასე მოგვილოცა შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილე ეკა ზღულაძემ - ეს პირველი მშვიდობიანი ღამე იყოო. Aარადა, სულ რამდენიმე საათში გაირკვა, რომ იმ "მშვიდობიან" ღამეს დაცარიელდა კოდორის ხეობა. რა შუაში იყო კოდორი იმასთან, რაც ხდებოდა ცხინვალში? რით დააშინეს ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი ან რას დაჰპირდნენ ისეთს, რომ იარაღის უდიდესი მარაგის შეტანის შემდეგ ხელცარიელებმა დატოვეს კოდორის ხეობა და დღემდე უკრძალავენ მოსახლეობას იქ დაბრუნებას.

ხაზგასმით ვამბობ - გამოძიებას თვითგვემის ფორმატი არ უნდა ჰქონდეს. უნდა გავაანალიზოთ ის ფონი, რომელზეც მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება. აუცილებლად უნდა გავასაჯაროოთ ის, რაც მიჩქმალა რუსეთის ხელისუფლებამ. 2008 წლის აგვისტოში რუსულ მედიაში ომის საკითხზე სამი ვერსია განიხილებოდა: 1. ხელი შეეშალოს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ; 2. ჩაიშალოს საქართველოს გავლით ალტერნატიული ენერგოტრასების გამოყენება; 3. მიხეილ სააკაშვილის პიროვნულად მიუღებლობა რუსეთის ხელისუფლების პირველი პირებისთვის.

ყველამ ვიცით, რომ თბილისმა კონტროლი სოხუმსა და ცხინვალზე ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა, როდესაც არც ერთი ზემოჩამოთვლილი მიზეზი არ არსებობდა. მოკლედ, ეს იყო მრავალი ათეული წლის განმავლობაში დაგეგმილი აგრესია. ამიტომაც, წესით,  სწორედ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს გამოძიების ინიციატორი და არ უნდა იქცეოდეს როგორც დამფრთხალი მოწმე. თქვენ ბრძანეთ, ალბათ, გამოძიება დასრულდება მაშინ, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნებაო. არსებობს პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომა სხვადასხვა თანამდებობის პირის მიმართ. მაშინ სააკაშვილს ჰყავდა თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭო და ა.შ. კონსტიტუციის დარღვევაში ყველა ამ სტრუქტურას, პარლამენტის ჩათვლით, თავისი ბრალი აქვს. საბოლოოდ ყველა საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია. არ ვგულისხმობ ჰააგის სასამართლოს, რომელიც მხოლოდ ეთნიკური წმენდის ფაქტებს იძიებს. მაგრამ, თუ ამ უბედურებაში თავისი უნიათობით წვლილი შეიტანა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

- აღარ გკითხავთ იმის თაობაზე, რომ ამ აჟიოტაჟს "ნაციონალები" 19 აპრილის აქციისთვის გამოიყენებენ.

- ისინი ნებისმიერ თემას  იყენებენ ამ აქციისთვის. ნამდვილად არ ღირს ამდენი ლაპარაკი 19 აპრილის აქციაზე. Bბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ - ფრთხილად უნდა ვიყოთ, "ნაციონალებისგან" ყველაფერია მოსალოდნელი.

- გასულ კვირას პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას საინტერესო განცხადებები გააკეთა. მაგალითად, მან ისაუბრა სამართალდამცავ სტრუქტურებში, მაგალითად, პროკურატურაში საკადრო პრობლემებზე და განაცხადა, რომ ძველი კადრების უცბად შეცვლა შეუძლებელია.  თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, სამართალდამცავი სისტემის ძველი კადრებისგან გათავისუფლება თუ არ დაჩქარდა, ახალ ხელისუფლებას პრობლემები შეექმნება.

- სამწუხაროდ,  ამ ვითარების გამოსწორების ტემპი ძალიან ნელია. რატომღაც ყველაზე არხეინად ისინი არიან, ვისზეც ბატონი პრემიერი ლაპარაკობს. ვგულისხმობ იმ არაკაცებს, რომლებიც უდანაშაულო ხალხს ბრალს უყენებდნენ და სასჯელს უსჯიდნენ. დღესაც უარს ეუბნებიან პროფესორ ვახტანგ მაისაიას მისი ბრალდების გასაჯაროებაზე ისინი, ვინც თავის დროზე ბრალდება შეუთითხნა. მათი გვარები ცნობილია ბატონი შს მინისტრისთვის. ეს ერთი შემთხვევა არ არის და საკმაოდ ბევრ ყოფილ თუ მოქმედ სამართალდამცველს მოუწევს "თანამშრომლობა" საგამოძიებო სტრუქტურებთან.  მახსოვს, საბჭოთა კავშირში, ერთ-ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში დააკავეს ამერიკის ჯაშუში, გვარად პენკოვსკი და მისი განაჩენი ყველა საბჭოთა გაზეთმა დაბეჭდა. ამისთანა რა "იჯაშუშეს" ფოტორეპორტიორებმა ან სამხედრო პილოტებმა, რომ მათი ბრალდება გასაიდუმლოებულია?! თუ ამას დაივიწყებს საზოგადოება, შენარჩუნდება საფრთხე, რომ ვისაც რა მოუნდება, ის ჩაუწეროს ბრალდებად უდანაშაულო ადამიანს.

- პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ისურვებდა ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის გააქტიურებას. ივანიშვილის ამ განცხადებას სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. მთავარია კითხვა - რეიტინგიდან ან ბექგრაუნდიდან გამომდინარე, შეუძლია კი  რომელიმე პარტიას მესამე ძალის ფუნქცია იკისროს?

- როდესაც მეორე ძალას ("ნაციონალებს") უყურებ, ყველას შეუძლია მესამე ძალის ფუნქციის შესრულებაზე გამოთქვას პრეტენზია. იმდენი მავნებლობის ხარისხი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არა აქვს, რამდენიც დღევანდელ ე.წ. მეორე ძალას. იმ პარტიების, რომლებზეც პრემიერმა ილაპარაკა, ლიდერები ქალები არიან. ვფიქრობ, უნიკალური "პოლიტიკური სამაია" იქნება, თუ მათი გაერთიანება რაიმე ფორმით შედგება.

- თქვენი აზრით, ზემოხსენებული განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა ზურაბიშვილს, ბურჯანაძესა და ინაშვილს კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა?

- არა, ივანიშვილი კოალიციას არ გულისხმობდა. თუმცა თუ ასეთი "პოლიტიკური სამაია" შედგება, საკმაოდ ეფექტური იქნება. სამაიას, მოგეხსენებათ, ერთი კარგი მედოლეც სჭირდება და ასეთად წარმომიდგენია "თავისუფალი საქართველო" თავისი სამი ლიდერით. ვგულისხმობ კახა კუკავას, ალექსანდრე შალამბერიძესა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს. თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობა იღებს და მას მივანდოთ მესამე და მეოთხე პოლიტიკური ძალების წარმოჩენა. ამავე დროს, "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" უნდა შევახსენოთ, რომ პოზიციებს შენარჩუნება სჭირდება.

- "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დაასახელებს. მანამდე კი მარჩიელობა იმის შესახებ, თუ ვინ იქნება კოალიციის რჩეული, დიდ მასშტაბს აღწევს. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, კანდიდატობის შანსი აქვთ ირაკლი ალასანიას, ვახტანგ ხმალაძესა და პაატა ბურჭულაძეს.

- მე ვემხრობი იმ პოზიციას, რომლის მიხედვით, მომავალ პრეზიდენტს ეკრძალება რომელიმე პარტიის ხელმძღვანელობა. ჩემი აზრით, უპრიანი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი საერთოდ არ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, არ იყოს პოლიტიკოსი. ეს შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილების საფუძვლადაც გამოდგეს და იგივე რეგულაციები შეეხოს პრემიერ-მინისტრს. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ძალებიც უფრო თანაბარ მდგომარეობაში იქნებიან და კონსტიტუცია დაგვიცავს იმისგან, რომ არავინ გადაიქცევა ქვეყნის პირველკაცობიდან მხოლოდ თავისი პოლიტიკური გუნდის პირველ კაცად. Aამ პოზიციიდან გამომდინარე, ჩემთვის უცნაური იქნება, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი რომელიმე "პარტიული" იქნება, რადგან არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მასზე ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას გავლენა აუცილებლად ექნება.