"დათა ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - კვირის პალიტრა

"დათა ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"

"ნაციონალებს" კომპრომატები ახალი ხელისუფლების წევრებზეც აქვთ"

"სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ ბიუჯეტი არის "ნაცმოძრაობის" "ობშჩიაკი"

"თუ დათა ახალაიამ ჩვენებების მიცემა დაიწყო, მერაბიშვილის შემდეგ უგულავას ჯერი დადგება"

19 აპრილის აქციის გარშემო ისეთი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, ყველა რაღაც განსაკუთრებულს ელოდა - ზოგი ცემა-ტყეპას, ზოგი ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, ზოგიც სააკაშვილის მიერ შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას. თუმცა არაფერი მომხდარა - გაიმართა ისეთივე ჩვეულებრივი მიტინგი, როგორიც უამრავი გვინახავს საქართველოში. არა, აქცია მთლად ჩვეულებრივი არ ყოფილა... კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოლიტიკური ანომალია - ოპოზიციონერმა პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა თბილისის მერმა და მერაბიშვილმა ეროვნული მოძრაობის დაწყება დააანონსეს. ასე თუ განაგრძეს, მალე დისიდენტი მოქმედი პრეზიდენტი და რევოლუციონერი გუბერნატორები გვეყოლება, რომლებიც ღამღამობით თავისი რეზიდენციის კედლებზე პლაკატებს გააკრავენ. ისე, "ნაციონალებს" სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ აქვთ - აღმართში ჯერ დათა ახალაიას ცნობილი განცხადება წამოეწიათ, შემდეგ კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გასაჯაროება, რომლის შემდეგაც ზოგ-ზოგიერთს, წესით, ქუჩაში გამოსვლის უნდა შერცხვენოდა. მაგრამ "ნაციონალები" ყოველთვის იმით გამოირჩევიან, რომ იხტიბარს არ იტეხენ. ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალებისთვის" აჯობებდა, აქცია გადაედოთ, რადგან 19 აპრილს უფრო აშკარად გამოჩნდა, რომ მათი რიტორიკა ფარსია.

- მათი თითოეული განცხადება ფარსი იყო - წლების განმავლობაში, რასაც ამბობდნენ, იმის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ. პარტიას ახლა გინდ "ეროვნული მოძრაობა" დაარქვან, გინდ არაეროვნული - უკვე სულერთია. ეტყობა, ვერ აცნობიერებენ, რა დონეზე არიან დისკრედიტებულნი. მიტინგზე გაკეთებული განცხადებები არაფრისმთქმელი იყო, თუმცა საყურადღებოა ერთი მომენტი - ყველა გამომსვლელი ხაზს უსვამდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ძირითადი ოპოზიციური ძალა. როგორც ჩანს, "ნაციონალების" უპირველესი მიზანი სწორედ ამ ნიშის დაკავებაა და ამაში ხელს "ქართული ოცნებაც" უწყობს. სავარაუდოდ, დღევანდელ მმართველ ძალას სურს, ოპოზიციად ასეთი დისკრედიტებული ძალა ჰყავდეს. პოლიტიკას აქვს თამაშის თავისი წესები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენის ხარჯზე.

- არსებული ინფორმაციით, აქციას დაახლოებით 10 ათასი კაცი დაესწრო. ეს რაოდენობა "ნაციონალებისთვის" ცოტაა თუ ბევრი?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ "ნაციონალებმა" აქციის ორგანიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ლამის ყველა რესურსი მოახმარეს, 10 ათასი კაცი აშკარად ცოტაა.

- აქციაზე საინტერესო ამბავი მოხდა - მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას ვანო მერაბიშვილმა იქაურობა დატოვა. ეს ხომ არ უნდა მივიჩნიოთ იმ ვერსიის დადასტურებად, რომ მერაბიშვილი სააკაშვილისგან გამიჯვნას ცდილობს?

- ამას საგანგებოდ აკეთებენ, რომ ვითომ მათ შორის დაპირისპირებაა. სწორედ ამიტომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი აქციაზე არ მივიდოდა, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯების პროგნოზირება ხომ შეუძლებელია. სპექტაკლია, თითქოს ვანო მიშას ემიჯნება, რომ მერე ხალხმა თქვას - ყოჩაღ მერაბიშვილს, ხედავთ, რა მაგარიაო? სინამდვილეში სააკაშვილი და მერაბიშვილი ისევ ერთ პოლიტიკურ გუნდში არიან და მომავალშიც ასე იქნება.

- კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ კამპანიაში და აღნიშნავს, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლება ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესმა ფარულმა ომებმა შეიწირა. გასაგებია, რომ ახალაიებმა "ნაციონალებისგან" თავი "გადაგდებულებად" იგრძნეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ვერსიით, დათა ახალაია ახალ ხელისუფლებასთან გარიგებასა და "ნაცმოძრაობის" ელიტის საწინააღმდეგო მასალების სანაცვლოდ ინდულგენციის მიღებას ცდილობს.

- თუ გახსოვთ, ბაჩო ახალაია რომ დაბრუნდა საქართველოში, "ნაცმოძრაობას" მის მიმართ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. ეს იმ ფონზე, როდესაც ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე რიგითი აქტივისტების დაბარებას ბრიფინგებს უძღვნიდა. ისიც გავიხსენოთ, რომ როლანდ ახალაია პარლამენტის მხოლოდ პირველ სხდომებს ესწრებოდა, შემდეგ კი არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, "ნაციონალებმა" ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს გამიჯვნა სამივე ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილისგან. მათ სურთ, დაამკვიდრონ აზრი, რომ თითქოს ცხრაწლიანი ბოროტება მხოლოდ ახალაიებსა და ადეიშვილს უკავშირდება. შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ თურმე ადეიშვილს მადა ჭამაში მოუვიდა, რომ მაშინდელმა პროკურატურამ გადააჭარბა უფლებამოსილებებს და შეცდომა იყო წვრილი ბიზნესის შევიწროება. ეს ყველაფერი კარგად დაინახეს ახალაიებმა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დათა ახალაია მძიმე მდგომარეობაშია. საზღვარგარეთაა, "ნაციონალებისგან" არ გრძნობს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ბევრი მტერი ჰყავს.

დათა ახალაიას სიცოცხლეს საზღვარგარეთ, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. როგორც ჩანს, ის თავისი ადვოკატის მეშვეობით პროკურატურასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს,

რომლის მიხედვითაც, მისცემს ჩვენებებს "ნაცმოძრაობის" ელიტის წინააღმდეგ, სამაგიეროდ საპროცესო შეთანხმებას მიიღებს.

- თუ დათა ალაპარაკდა, სავარაუდოდ, ბაჩო და როლანდ ახალაიებიც ამოიღებენ ხმას. ალბათ, იმავეს თქმა შეგვიძლია ზურაბ ადეიშვილზეც, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ მიერ დასახელებული ვერსია სიმართლესთან ახლოსაა.

- თუ ახალაიების ოჯახი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მიტოვებული არიან, სამივე ალაპარაკდება. დათა ახალაიას განცხადებამ ერთგვარად გამოაფხიზლა "ნაცმოძრაობა" და მისმა ლიდერებმა გაააქტიურეს კონტაქტები როლანდ და დათა ახალაიებთან, რათა ამ უკანასკნელმა თავისი ცნობილი განცხადება გადათქვას. ახალაიებს შეჰპირდებიან დიდ ფულს, პოლიტიკურ მხარდაჭერას, ოღონდ ჩვენებების მიცემა არ დაიწყონ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოლაპარაკებები დათა ახალაიასა და პროკურატურას შორის, ჩვენების მიცემასა და საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რამდენად შორს არის წასული. ყველაზე უკეთ სწორედ მან იცის, რომ საზღვარგარეთ საფრთხე ემუქრება და საქართველოში ბევრად უფრო დაცული იქნება.

- ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დათა ახალაიას ყველაზე დიდი საფრთხე ყოფილი თანაგუნდელებისგან ემუქრება, რადგან მათთვის კუდ-ის ყოფილი შეფის ჩვენებები კატასტროფას უტოლდება.

- ბუნებრივია. დათა ახალაიამ კარგად იცის ყოფილი თანაგუნდელების მეთოდები და რასაც უნდა შეჰპირდნენ "ნაციონალები", ყველაზე დაცული სწორედ საქართველოში იქნება. ალბათ, იმედი აქვს, რომ ჩვენებების სანაცვლოდ პროკურატურისგან შეღავათებს მიიღებს.

- თუ შეთანხმება შედგა, დათა ახალაიას ჩვენებებზე დაყრდნობით, კონკრეტულად ვის წაუყენებს ბრალს პროკურატურა?

- გამომდინარე იქიდან, რომ დათა ახალაია თავის განცხადებაში აქცენტს ვანო მერაბიშვილზე აკეთებს, ალბათ, ბრალს ყოფილ პრემიერს წაუყენებენ. დათა და ბაჩო ახალაიები თავიდან მერაბიშვილის გუნდში იყვნენ, როდესაც "გაიზარდნენ", გუნდის ჩამოყალიბება დაიწყეს, რამაც ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება წარმოშვა. ახალაიებმა მოინდომეს გავლენის სფეროების გადანაწილება. "ნაცმოძრაობას" არჩევნებში რომ გაემარჯვა, დაპირისპირება უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენდა. სავარაუდოდ, დააკავებდნენ მერაბიშვილის კადრებს და პრობლემებს შეუქმნიდნენ იმ კომპანიებს, რომლებსაც ის მფარველობდა. რაც შეეხება იმას, კიდევ ვისზე შეიძლება ჰქონდეს კომპრომატები დათა ახალაიას - ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, ცნობილი განცხადება მართლა კუდ-ის ყოფილ უფროსს ეკუთვნოდა თუ არა, რომ გიგი უგულავამ გაღიზიანებული განცხადებები გააკეთა და რაღაც ეპოპეებზე დაიწყო ლაპარაკი. ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია და თუ დათა ახალაიამ ჩვენებების მიცემა დაიწყო, მერაბიშვილის შემდეგ უგულავას ჯერი დადგება. დათა ახალაიას ასევე ექნება მასალები "ნაცმოძრაობის" ე.წ. ლიბერალურ ფრთაზეც - ვგულისხმობ გიგა ბოკერიას და იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც "თავისუფლების ინსტიტუტთან" ასოცირდებიან. ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება კუდ-ის ყოფილ უფროსსა და პროკურატურას შორის.

- იმის ნიშნად, რომ სავარაუდოდ შეთანხმება შედგება, ხომ არ უნდა მივიჩნიოთ ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებული ზოგიერთი ექსპერტის შეფასება, - თურმე ახალაიებიც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი ყოფილან.

- მეც ვხედავ ამის ნიშნებს. ისე, საინტერესოა, რა დონის მტკიცებულებები ექნება დათა ახალაიას. ფაქტია, რომ დათა ახალაია ისეთ უწყებას ხელმძღვანელობდა, რომელსაც ევალებოდა კომპრომატებისა და ბინძური მასალების შეგროვება, დამუშავება და მათი გამოყენება. არჩევნებში დამარცხების შემდეგ შსს-სა და მოდულის შენობიდან "ნაციონალებმა" გაზიდეს კომპრომატების დიდი ნაწილი და გადამალეს. მათ შორის იქნებოდა დათა ახალაიაც, რომელმაც, ალბათ, თავი რომ დაეზღვია, მასალები საზღვარგარეთ წაიღო. გამომდინარე იქიდან, რომ ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება უკვე დაწყებული იყო, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი საზღვარგარეთ ექსპრემიერთან დაკავშირებულ კომპრომატებსაც წაიღებდა. ჩემი აზრით,

დღეს პროკურატურა მსჯელობს, კონკრეტულად რა სახის მასალების მიწოდება შეუძლია დათა ახალაიას და ამის შემდეგ გადაწყდება, მისცემენ თუ არა მას გარკვეულ გარანტიებს.

- ალბათ, საზოგადოებაში აუცილებლად დაისმება კითხვა - რამდენად მორალურია შეთანხმება იმ ადამიანებთან, რომლებიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ადამიანების წამების, უსამართლო სამართლისა თუ ბიზნესტერორის მთავარი მონაწილეები იყვნენ.

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაეხმარება მართლმსაჯულებას ახალაიას ჩვენებები, რომ უსამართლობის მთავარი ინიციატორები დაისაჯონ. ვნახოთ, რა მტკიცებულებები ექნება დათა ახალაიას. მხოლოდ ზეპირი ჩვენებები საქმეს ვერ უშველის, თუ იგი აუდიო და ვიდეომასალებითაც არ გამყარდა. ზემოთ კომპრომატებზე ვისაუბრეთ და მინდა ვთქვა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდება კომპრომატების ომი. იმავე "ნაციონალებს" კომპრომატები ახალი ხელისუფლების წევრებზეც ექნებათ, მაგრამ ყველაფერს ერთბაშად არ გამოაქვეყნებენ და მათ სავაჭროდ გამოიყენებენ. ეს ომი საპრეზიდენტო არჩევნების წინ განსაკუთრებით გამწვავდება.

- გასაჯაროვდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯები, რომლებსაც მანამდე გრიფი "სრულიად საიდუმლოდ" ედო. მონაცემები მართლაც შოკის მომგვრელია.

- ერთხელ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა - ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში მთელი საქართველო შედისო. როგორც ჩანს, არ უთქვამს ტყუილი და მიიჩნევდა, რომ ბიუჯეტი არის "ნაცმოძრაობის" "ობშჩიაკი" და მათი ჯიბის ფული. იმდენად ძუნწები იყვნენ, თავიანთი სიამოვნებისთვის იმ ფულსაც არ იყენებდნენ, რომელიც ბიუჯეტიდან მიითვისეს. ელიტური კორუფციის შედეგად "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელებმა უზარმაზარი ფული იშოვეს, რომელიც უკვე ოფშორებში აქვთ გატანილი. წარმოიდგინეთ, რა დონეზე იყვნენ გარყვნილები, რომ ამის მიუხედავად თავის სიამოვნებასაც ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ.

სტრიპტიზბარებშიც კი სახელმწიფო უწყებებს არიცხვინებდნენ ფულს. მილიონერ კობა ნაყოფიასაც კი, რომელიც დიდ ქონებას ფლობს, არ უნდოდა თავისი ფულით დასვენება და ბიუჯეტის თანხებს ხარჯავდა.

მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ოდესმე ხელისუფლებას დაკარგავდნენ და მოეკითხებოდათ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯები კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ უდგებოდნენ "ნაციონალები" სახელმწიფოსა და ხალხს. რომ გვაყვედრიან, გზები და ხიდები ავაშენეთო, დღეს ნათელია, რატომ აშენებდნენ ამ ყველაფერს. გზები და ხიდები აშენებულია სესხებით, სესხებიდან და გრანტებიდან ფულს პირდაპირ ვერ მოხსნი და ჯიბეში ვერ ჩაიდებ - საჭიროა, რაღაცის გაკეთება, რომლის დროსაც "ატკატის" შესაძლებლობა გექნება. შესაბამისად, იმ ხიდებისა თუ ფასადების ვალები ჩვენი გასასტუმრებელია. ვიმეორებ -

თუ რამეს აკეთებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტი ფული "მოეხსნათ" და სახლში წაეღოთ.

- რა ვიცი, პრეზიდენტი გადაცემა "პოზიციაში" აცხადებდა: ხალხო, გაიგეთ, ფული არ მომიპარავსო... ამ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილმა ძირითადად აგვისტოს ომზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის, ომის თემაზე კითხვებს პასუხი პარლამენტში გასცეს, მაგრამ სამართალდამცავ სტრუქტურებთან არ ითანამშრომლებს.

- ჩემი აზრით, პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს გრიფი "საიდუმლო" უნდა დაედოს. თურმე სწორი იყო, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში გამოსვლისგან თავს იკავებდა და წინასწარ მომზადებულ ჩანაწერებს ავრცელებდა.

- პრეზიდენტის იმ განცხადებას გულისხმობთ, რომლის მიხედვითაც, ამერიკის ხელისუფლება ომის დროს როკის გვირაბის დაბომბვის გეგმას განიხილავდა? ისე, ეს დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რადგან ამის შესახებ ლაპარაკობს რონალდ ასმუსიც წიგნში "მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო".

- ერთია, რომ ამის შესახებ ასმუსიც წერს და მეორე, როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ამას პირდაპირ აცხადებს. რად ღირს თუნდაც სააკაშვილის განცხადება - ამერიკის ფლოტი მართლა წყლის ჩამოსატანად კი არ იყო ჩამოსულიო.

პრეზიდენტი ერთი მხრივ იმის დამტკიცებას ცდილობდა, ომის გარემოებების გამოძიება რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალსო, მეორე მხრივ კი ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომელსაც მოსკოვი აუცილებლად გამოიყენებს საქართველოსა თუ აშშ-ის წინააღმდეგ.

ასე რომ,  ვურჩევ ხელისუფლებას, პირდაპირ ეთერში სააკაშვილი აღარ ალაპარაკონ ან მის ინტერვიუებს გრიფი "საიდუმლო" დაადონ.