ფილოსოფიის გაკვეთილები ივანიშვილის შესრულებით... - კვირის პალიტრა

ფილოსოფიის გაკვეთილები ივანიშვილის შესრულებით...

პრემიერი კვლავ ასრულებს პოლიტიკური ორთქლმავლის როლს, დანარჩენები

ვაგონები არიან

"ამერიკელებს აინტერესებთ, რა კავშირი იყო ყოფილ ხელისუფლებასა და ჩეჩნებს შორის"

"ის არ არის პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომ სკამისთვის ყველაფერი იკადროს"

მხოლოდ ზღაპარში თუ ხდება ხოლმე ისე, როგორც გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური კარიერა განვითარდა. სულ ორი წლის წინ საზოგადოების დიდი ნაწილი მას იცნობდა როგორც ჭკვიან ფილოსოფოსს, რომელიც შორს იდგა პოლიტიკისგან. თუმცა მარგველაშვილი ჟურნალისტების საყვარელი რესპონდენტი იყო - ყოველთვის საღად და ობიექტურად აფასებდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დღეს კი გიორგი მარგველაშვილზე შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე. მოვლენებს წინ არ ვუსწრებთ, მაგრამ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც აღიარებენ - ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან ჭიდილი (მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა), ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გაუჭირდება. ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნება" არჩევანში არ შემცდარა.

- გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის შესანიშნავი კანდიდატია. უპირველესად კი ბრწყინვალე პიროვნებაა და ფილოსოფოსი. მარგველაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ საკითხს პარტიული კუთვნილებით გადაწყვეტს. ის არ არის პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომ სკამისთვის ყველაფერი იკადროს. თუმცა, თავისი მტკიცე პოლიტიკური პოზიცია ყოველთვის ჰქონდა. გარდა ამისა, მარგველაშვილს აქვს მასშტაბური ხედვა ყველა იმ პრობლემისა,  რომლებიც ქვეყანას აქვს. რაც მთავარია, მას არ უყვარს ძალაუფლება. ასე რომ, მარგველაშვილის პიროვნული და საქმიანი თვისებები მის კანდიდატურას შესანიშნავ ფონს უქმნის.

- თუმცა, პრეზიდენტს სხვა თვისებებიც უნდა ჰქონდეს. მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ის არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში. თქვენი აზრით, დასავლეთი მარგველაშვილს რამდენად სერიოზულად აღიქვამს?

- ეს მზამზარეულად არ მოდის. თუ მარგველაშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, დასავლეთი ხალხის არჩევანს პატივს სცემს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- სიმართლე გითხრათ, ამომრჩეველს მაინცდამაინც დიდი ინტერესი ვერ შევამჩნიე, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი მარგველაშვილი იქნებოდა, პეტრე თუ პავლე. მათ სწორება ბიძინა ივანიშვილზე აქვთ. ისევე როგორც მაჟორიტარი არჩევნებისას, ამომრჩეველი ივანიშვილის კანდიდატს აძლევდა ხმას და ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა მათ ბიოგრაფიაზე ან პროგრამაზე.

- რა თქმა უნდა,ეს ბიძინა ივანიშვილის არჩევნებია და რეალურად, ხალხი ისევ მას ირჩევს. პრემიერი კვლავ ასრულებს პოლიტიკური ორთქლმავლის როლს, დანარჩენები ვაგონები არიან. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის პროგნოზირება ძნელი არ არის.

საკითხავი ის არის, მოემატება თუ დააკლდება "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდამჭერები. ჯერ კიდევ საკმარისი დროა ოქტომბრამდე და შესაძლოა, რაღაც-რაღაცები მოხდეს. მაგალითად, უკვე ხშირად ამბობენ, რომ სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, არჩევნებამდე "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდამჭერები შეუმცირდეს.

- ვის მისცემს ხმას ის ხალხი, რომელთა აზრითაც, სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს?

- "ნაციონალებს" ნამდვილად არ მისცემენ ხმას და, ალბათ, ეს ელექტორატი არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებზე გადანაწილდება.

- ალბათ, ჯერ ნაადრევია მსჯელობა იმაზე, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის რომელიმე კანდიდატს წარმატების შანსი აქვს.

- რა თქმა უნდა, და სწორედ ამიტომაცაა ეს არჩევნები ყველაზე პროგნოზირებადი.

- პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბრის შემდეგაც შეინარჩუნებს ბერკეტებს, რომელთა გამოყენებითაც შეუძლია პრობლემები შეუქმნას პრემიერსა და მთავრობას. თუ "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა, შეიძლება ასეთი კონფლიქტის რისკის გამორიცხვა?

- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ისე კი, რომელიმე პირზე დამოკიდებული რომ არ ვიყოთ, ყველაფერს კონსტიტუცია უნდა არეგულირებდეს. ჩვენი ყველა კონსტიტუცია კი ერთმანეთზე უარესი იყო და დღესაც ასეთივეა. გასაგებია, რომ ჩვენთან ჯერ არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურა და არც კონსტიტუციის დაწერის გამოცდილება გვაქვს. სწორედ ამიტომაა ჩემთვის სამაგალითო აშშ - თავის დროზე, ფართო ფენებში არც იქ იყო მაღალი პოლიტიკური კულტურა და არც გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა შექმნეს ისეთი დოკუმენტი, რომელმაც ყველა ქარიშხალს გაუძლო.

- დღევანდელობას დავუბრუნდეთ. "ქართული ოცნების" თითქმის ყველა ფლანგს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა. ალბათ, ამ ფლანგების ლიდერებს წყენა ჩარჩებოდათ გულში, რომ ივანიშვილმა მათგან არ აარჩია ქვეყნის მომავალი პირველი პირი. ეს ხომ არ გახდება განხეთქილების ან დაპირისპირების წინა პირობა?

- მაგალითს ცხოვრებიდან მოვიყვან. მაგალითად, სანამ შვილი მშობლების კმაყოფაზეა, ის მათ ბევრ რამეს უთმენს, ხოლო როცა თავისი შემოსავალი გაუჩნდება, ეცდება, დამოუკიდებლად დაიჭიროს თავი. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ივანიშვილის რეიტინგზე იქნება დამოკიდებული. სანამ "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს დამოუკიდებელი რეიტინგი არ ექნებათ, ისინი პრემიერის რეიტინგზე იქნებიან მიბმული. მაგრამ მთავარი ის არის, რომ თუ ხელისუფლების რეიტინგმა დაიწია, რა თქმა უნდა, ეს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ხარჯზე მოხდება. ასე

რომ, უახლოეს მომავალში მოვლენების ზემოხსენებული სცენარით განვითარებას არ ვვარაუდობ, მცირე გაუგებრობებს თუ არ ჩავთვლით.

- მცირე გაუგებრობაში იმას გულისხმობთ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ შრომის კოდექსის პროექტს დღეს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი აკრიტიკებს?

- არც თეა წულუკიანი და არც გიორგი მარგველაშვილი არ მიეკუთვნებიან პირთა იმ კატეგორიას, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობისას პიროვნული ფაქტორით ხელმძღვანელობენ. ისინი შრომის კოდექსის პროექტის ავ-კარგზე მსჯელობენ და ამის უკან სხვა არაფერი არ უნდა დავინახოთ.  ისევ ყოფით მაგალითს მოვიყვან: ოჯახის ყველა წევრს ერთნაირი აზრი აქვს? ჰოდა, განსაკუთრებული არაფერია, თუ მთავრობის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

- თუმცა ივანიშვილს გაღიზიანება ეტყობა ხოლმე, როდესაც ეს აზრთა სხვადასხვაობა საჯარო ხდება. სავარაუდოდ, ურჩევნია, საკითხი ჯერ გუნდში "მოიხარშოს" და შემდეგ მთავრობა საზოგადოების წინაშე ერთიანი პოზიციით წარდგეს.

- როგორც ოჯახის უფროსს არ მოსწონს, ოჯახური კონფლიქტის ამბავი გარეთ რომ გადის, ისე არ მოსწონს ივანიშვილს სამთავრობო აზრთა სხვადასხვაობის სააშკარაოზე გატანა. ნამდვილად მოსაწონია მისი უნარი, რომ ესა თუ ის საკითხი გუნდში საკმაოდ დიდხანს "ხარშოს". გარდა ამისა, პრემიერს ხანგრძლივ შიდა დისკუსიებში მონაწილეობის უნარიც აქვს, რაც ასევე დადებითი ფაქტორია.

- "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერს ჩაატარებს და რჩეულს ივნისში დაასახელებს. თუმცა "ნაციონალების" ლიდერები პირად საუბრებში უკვე არ მალავენ, რომ დავით ბაქრაძის კანდიდატობის ამბავი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. არადა, ცოტა ხნით ადრე კანდიდატობას ვანო მერაბიშვილს უწინასწარმეტყველებდნენ.

- საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვება რაც შეიძლება ღირსეულად დამარცხება იქნება. ყოფილ მმართველ პარტიაში ყველაზე რეიტინგული ფიგურის დასასახელებლად, ალბათ, ლუის ნავაროს და მის  NDI-ს უნდა მივმართოთ. ამ ორგანიზაციის ბოლო გამოკითხვებით "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველაზე რეიტინგული ფიგურა დავით ბაქრაძეა. თუ "ნაციონალები" სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი მარცხი უფრო მყვირალა იქნება.

- პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრებზეც მინდა გკითხოთ, რომელმაც დაძაბულობისა და სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციების ფონზე ჩაიარა. პრეზიდენტის ყველა ასეთი საჯარო შეხვედრის პარალელურად მსგავსი აურზაური ლამის უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც სააკაშვილის იმიჯზე სასიკეთოდ ნამდვილად არ აისახება. ცალკე გამოსაყოფია მისი განცხადებები ვაზაგაშვილზე, იმაზე, თუ როგორ დაარწმუნა პროქტოლოგმა, რომ ციხის კადრები მონტაჟი იყო, ან ის, რომ ჭორვილის იდეა გულს ურევს

- სააკაშვილის შემთხვევაში ჭაობის ფენომენთან გვაქვს საქმე – ადამიანმა იცის, რომ თუ გაინძრევა, ჭაობში უფრო ღრმად ჩაეფლობა, მაგრამ რომ არ გაინძრეს, არ შეუძლია. სააკაშვილს შეხვედრები კი არა, 5-6-თვიანი პაუზა უნდა აეღო, რათა ხალხს მის აგრესიული გამოსვლები როგორმე დავიწყებოდა. ასეთი პაუზა შესაძლოა, პრეზიდენტის რეიტინგს სასიკეთოდ წასდგომოდა.  მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილს ფიზიკურად არ შეუძლია გაჩერება - მას გულის მოფხანა და აუდიტორია სჭირდება. ამას ადასტურებს  მისი არაადეკვატური განცხადებები ჭორვილაზე თუ  ციხის კადრებზე. პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია, გაღიზიანებას ვეღარ ფარავს და ეს ისევ მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ზოგადად, სააკაშვილმა მარცხის მიზეზი ვერ გაანალიზა.  ისე, მას საკმაოდ კარგი პიარმრჩევლები ჰყავდა. ეტყობა, მათ კვალიფიკაცია დაკარგეს ან სააკაშვილი თავის მრჩევლებს აღარ უჯერებს.

- მარცხის გაანალიზებისას, "ნაციონალებთან" დაახლოებული ზოგიერთი პირი ყველაფერს ვანო მერაბიშვილის მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებას აბრალებს. თუმცა ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, ეს გაზვიადებული თემაა.

- არა მგონია. ვერსია დაპირისპირების შესახებ მე ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა, როდესაც სააკაშვილმა მერაბიშვილი პრემიერად გადაიყვანა, ანუ უფუნქციო ფიგურად აქცია. საიდან მოდიოდა დაპირისპირების ფესვები, ძნელი სათქმელია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მაშინდელი შს მინისტრი მერაბიშვილი რამდენიმე თვე აშშ-ში იყო, ალბათ, სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად. სხვა ვერსიით კი, მერაბიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან ჰქონდა კავშირი. ის აგვისტოს ომის შემდეგ კარგა ხნით გაქრა. ამ ვერსიის თანახმად, ომის წინ მერაბიშვილი იძლეოდა გარანტიას, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა და დავმარცხდით. დღეს ძნელია თქმა, რომელი ვერსია უდევს საფუძვლად ამ დაპირისპირებას.

- პრეზიდენტმა არასამეწარმეო იურიდიულ პირებსა და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო. ვეტო უკვე აღარავის უკვირს. საკითხავი მხოლოდ ის არის, რა აზრი აქვს ამ სანქციის გამოყენებას, როცა საპარლამენტო უმრავლესობა ყოველ ჯერზე უპრობლემოდ ახერხებს ვეტოს დაძლევას.

- აქაც ჭაობის ფენომენთან გვაქვს საქმე. საერთოდ, პოლიტიკოსი ყოველთვის უნდა ეცადოს, რაც შეიძლება იშვიათად დამარცხდეს. სააკაშვილი კი, რამდენჯერაც ვეტოს უფლება გამოიყენა, იმდენჯერვე დამარცხდა. მისი გადაწყვეტილებები ულოგიკოა და ეს უფრო ფსიქოლოგიური მოვლენაა, ვიდრე პოლიტიკური.

- ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში FBI-ს დირექტორის ვიზიტი სოჭის ოლიმპიადას უკავშირდებოდა. თუმცა, ვიზიტის რეალური მიზეზის შესახებ ათასგვარი ვერსია გავრცელდა - დაწყებული ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებების აღმოჩენით და ლაფანყურის ამბებით დამთავრებული.

- ამერიკელები ბოსტონის ტერაქტის შემდეგ, რომელშიც ცარნაევები ფიგურირებენ, ჩეჩნური საკითხით დაინტერესდნენ. შესაბამისად, ალბათ,  FBI-ს დირექტორის ვიზიტი სწორედ ამას უკავშირდება. მათ აინტერესებთ, რა კავშირი იყო საქართველოს ხელისუფლებასა და ჩეჩნებს შორის, ან რა მდგომარეობაა დღეს. მით უმეტეს, როცა ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა ჩეჩნურ დაჯგუფებებთან. ამერიკელები ცდილობენ, ეს თემები რაც შეიძლება სწრაფად დაამუშაონ და ამ ვიზიტისას სწორედ ეს საკითხი იქნებოდა წამყვანი.