"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"
27-05-2013
"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"
"ლგბტ პირებს იყენებენ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ისე, რომ შესაძლოა, მათ თავადაც არ იცოდნენ ეს"

"სოსო თოფურიძე პირადად ჰყვებოდა, "ნაცმოძრაობის" ელიტის წარმომადგენლები როგორ იგდებდნენ აბუჩად და დასცინოდნენ"

"ივანიშვილის გარშემო მოჯადოებული წრის შექმნის საშიშროება იყო და არის"


მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, ისტორიული ირონიაა, რომ მერაბიშვილს მის მიერვე რეფორმირებული პოლიცია ბორკილებით დაატარებსო. ისტორიულის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბედის ირონიაზე კი შეგვიძლია ვესაუბროთ პრეზიდენტს თუ "ნაცმოძრაობის" გენმდივანს. მერაბიშვილის ის ცნობილი ფოტო, რომელზეც
ყოფილი პრემიერი ენაგამოყოფილია (რაც კარგი სიმბოლოა მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულისა), ირაკლი გედენიძის გადაღებულია - ერთ-ერთის იმ ფოტორეპორტიორთაგან, რომლებიც ორი წლის წინ მერაბიშვილმა ჯაშუშებად გამოაცხადა, ციხეში აყურყუტა და შანტაჟით თუ მუქარით ბრალი "აღიარებინა". საზოგადოებამ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობა არ დაიჯერა და "დიდ ვანოს" უკან დახევა მოუხდა. დღეს კი
უკვე თავად მერაბიშვილი "ნებივრობს" "მატროსოვის" ციხეში და რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი უდანაშაულობის (ზურაბ ჭიაბერაშვილისგან განსხვავებით), თანაგუნდელებსაც არ სჯერათ. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელიც ასევე აბსურდულად მიიჩნევს ვერსიას, თითქოს "ნაცმოძრაობის" გენმდივანი 17 მაისის მოვლენების გადასაფარად დააკავეს.


- ვანო მერაბიშვილი საკმაოდ მსხვილი ფიგურაა იმისთვის, რომ მისი დაკავებით 17 მაისის მოვლენები გადაეფარათ. თუმცა მისმა დაკავებამ ნამდვილად გადაფარა სამართლიანობის აღდგენის დამუხრუჭების თემა, რომელზეც ლაპარაკობდნენ 19 მაისს სპორტის სასახლეში შეკრებილი ადამიანები. თუმცა სიმართლე გითხრათ, მერაბიშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არ ველოდი. ის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანია, რომლის მხარდამჭერებიც კვლავ მრავლად არიან დასავლეთში. ვფიქრობდი, რომ ამას მოერიდებოდა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ დასავლელებს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები წარუდგინა და მერაბიშვილის დაკავებამ ნაკლებად ხმაურიანად ჩაიარა.

- თუმცა ამ ამბავს გამოეხმაურა ყველა - აშშ-ით დაწყებული და ეუთოთი დამთავრებული. ეს თქვენ ნაკლებ ხმაურად მიგაჩნიათ?
- ახალ ხელისუფლებას დასავლეთისთვის სერიოზული არგუმენტები რომ არ წარედგინა, გამოხმაურება ბევრად მწვავე და ხმაურიანი იქნებოდა. მე სხვა რამ გამიკვირდა - "ნაცმოძრაობის" გენმდივნის დაკავებას ყველაზე აქტიურად სომხეთი და აზერბაიჯანი გამოეხმაურნენ. თუმცა შემდეგ ჩემთვის გასაგები გახდა, თუ რა ღრმა კონტაქტები ჰქონდა მერაბიშვილს ამ ქვეყნებთან. არ გამოვრიცხავ, რომ ბიზნესსქემებიც იყო აწყობილი, რომელშიც მერაბიშვილთან ერთად სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტელიტა მონაწილეობდა.

- როდესაც მიხეილ სააკაშვილი მერაბიშვილის დაკავებას გამოეხმაურა, მეც და ბევრ ჩემს კოლეგასაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მაინცდამაინც შეწუხებული არ იყო. ისე, ექსპერტებმაც განაცხადეს, რომ მერაბიშვილის ოთხკედელშუა გამწესებით "ნაცმოძრაობის" ელიტის დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა.
- არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ "ნაცმოძრაობის" ე. წ. თავისუფლების ინსტიტუტის ფრთა უკვე აშკარად ცდილობს, გაემიჯნოს მერაბიშვილს. როგორც ჩანს, მათ ყველაზე კარგად იციან, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ყოფილ პრემიერს.

რაც შეეხება პრეზიდენტს, სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის ყველაფერი წესრიგში რომ არ იყო, ამის შესახებ ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია. თუმცა 19 აპრილის აქციამ, როდესაც მერაბიშვილმა სააკაშვილის მიტინგზე მისვლისას დატოვა აქცია, დაადასტურა, რომ მათ შორის უთანხმოებაა. მერაბიშვილმა ამით ცხადი გახადა, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არსებობს.

- მოსალოდნელია თუ არა, რომ მერაბიშვილმა დაიწყოს ჩვენებების მიცემა? მაგალითად, თუ დარწმუნდა, რომ თანაგუნდელებმა საბოლოოდ გაწირეს?
- უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებისთვის ვანო მერაბიშვილი შემდგარი დამნაშავეა, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, დავით ბაქრაძეზე თუ გიგა ბოკერიაზე. გამოძიებას იმდენი მტკიცებულება ექნება, რომ სულაც არ არის აუცილებელი მერაბიშვილის ჩვენებები - კრიმინალური ფაქტების დემონსტრირებაც საკმარისია. თუნდაც გირგვლიანის საქმე რად ღირს.

- შესაძლოა, გამოძიებას მართლაც ჰქონდეს ბევრ საქმეზე მტკიცებულებები, მაგრამ, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი ხელისუფლების წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, "ნაციონალებმა" სამთავრობო ბერკეტების გადაბარებამდე არაერთი მტკიცებულება გაანადგურესო. თუ ეს მართალია, მაშინ დიდი დატვირთვა გადადის მოწმეებზე. ერთ-ერთი ვერსიით, ასეთი მოწმე (შემდგომში პატიების გარანტიით) შესაძლოა, იყოს კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე. ამ ვერსიის თანახმად, შესაძლოა, თოფურიძეს პირადი წყენაც ამოძრავებდეს, რადგან მერაბიშვილი და "ნაცმოძრაობის" ელიტა დროს ტარებისას მას ამცირებდნენ და კლოუნად გამოჰყავდათ.

- მართლაც, სოსო თოფურიძე პირადად ჰყვებოდა, "ნაცმოძრაობის" ელიტის წარმომადგენლები როგორ იგდებდნენ აბუჩად და დასცინოდნენ. გამიჭირდება იმაზე საუბარი, მისცემს თუ არა თოფურიძე მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას. "ნაციონალებმა" ბევრი ადამიანი, უპირველესად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გახვიეს დანაშაულში. შესაბამისად, მეეჭვება, რომ სოსო თოფურიძემ, რომელმაც თურქეთს შეაფარა თავი, საკუთარი თავის წინააღმდეგაც დაიწყოს ჩვენებების მიცემა. თუმცა არაფერს გამოვრიცხავ - თოფურიძე ძველი კადრია და იცის, როგორ გამონახოს საერთო ენა გამოძიებასთან.

- თუ დაიწყო ჩვენების მიცემა, ალბათ, ბრალის შემსუბუქების იმედიც ექნება. ისე, არჩილ კბილაშვილმა თუ ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ თუ ახალაიები ალაპარაკდებიან, მათ შეღავათს გაუწევენ.

- ჩემი აზრით, ამისთვის საზოგადოებრივ აზრს ამზადებენ. სხვათა შორის, ახალი ხელისუფლება ძალიან სწორად მოიქცა, როდესაც მხოლოდ ბაჩო ახალაია დააკავა. ამან "ნაციონალები" ჯერ გააკვირვა, შემდეგ გაახარა, რომ ერთი კაცის დაკავებით გადარჩნენ, მერე კი განხეთქილება დაიწყო, ერთმანეთთან კითხვები გაუჩნდათ: ბაჩო ახალაია რომ ციხეშია, შენ რატომ ხარ გარეთ, თავისუფლება ან იყიდე, ან ჩვენს ზურგს უკან ახალ ხელისუფლებას გაურიგდიო. რაც შეეხება ახალაიებს, არ არის აუცილებელი, პირადად მათ მისცენ ჩვენებები. მათ გარემოცვაში არის ბევრი პირი, რომელთაც შეუძლიათ გამოძიებას კონკრეტული ფაქტები მიაწოდონ. ამას გააკეთებენ თუნდაც იმ "ნაციონალებზე" შურისძიების მიზნით, რომლებიც ახალაიებს გაემიჯნენ.

- მერაბიშვილის დაკავების შემდეგ ექსპერტებმა ლამის ერთხმად დაიწყეს მტკიცება, რომ შემდეგი გიგი უგულავა იქნება. კერძოდ, თვალთმაქცური დასაქმების ეპიზოდი, რასაც მერაბიშვილს ედავებიან, უგულავას საქმეშიც ფიგურირებს. თუ ხელისუფლება იმას მოერიდება, რომ უგულავას არჩევითი თანამდებობა უკავია?

- რა თქმა უნდა, არჩევითობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა გიგი უგულავას დრო, ადრე თუ გვიან, მოვა.

ისე, ახალი ხელისუფლება ძალიან ფრთხილობს, თორემ აგერ ბოსნიაში კორუფციული სკანდალის გამო პრეზიდენტი და ლამის მთელი მთავრობა დააპატიმრეს.

უგულავას შემთხვევაში კი საქმე კორუფციაზე მეტთან გვაქვს. იმაზე, რომ ყველა ტენდერისას "ატკატთან" გვქონდა საქმე, აღარ ვილაპარაკებ. სხვა საინტერესო თემებიცაა: მაგალითად, თბილისის მერიამ ფონიჭალაში ვაჰაბიტური მეჩეთის მშენებლობის ნებართვა გასცა, რამაც იქ არაჯანსაღი ვითარება შექმნა.

- ფონიჭალაში საპროტესტო აქციაც გაიმართა. თუმცა მერიამ განმარტა, რომ იქ მეჩეთი კი არა, სახლი შენდება.

- მერია ცრუობს და სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.

- დავუბრუნდეთ მერაბიშვილის თემას. "ნაცმოძრაობის" გენმდივნის დაკავება ხომ არ დააჩქარებს პარტიის დაშლას? თუ "ნაცმოძრაობა" რღვევას მაშინ დაიწყებს, როდესაც ოქტომბერში პრეზიდენტის პოსტს დაკარგავს?

- ალბათ, ეს პროცესი დაჩქარდება ოქტომბრის შემდეგ, რადგან "ნაციონალების" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მერაბიშვილის დაკავება "ნაცმოძრაობისთვის" დიდი დარტყმაა, მიუხედავად იქ არსებული დაპირისპირებისა. ისე, ერთი საინტერესო დეტალია: წავიკითხე დავით საყვარელიძის და სხვა "ნაციონალების" კომენტარები და ყველანი ჭიაბერაშვილს იცავენ, მერაბიშვილზე კი, ფაქტობრივად, არაფერს ამბობენ.

- ისე, პოლიტოლოგები პროგნოზირებენ, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ნაციონალები" დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას ფრთებად დაიშლებიან.

- არ ვიცი, ასე იქნება თუ არა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ბოკერიასა და ბაქრაძის ძალა მათ ერთობაშია. ცალ-ცალკე პარტიები რომ შექმნან, ეს წყლის ნაყვა იქნება. მათ ერთი ქარიზმატული ფიგურა ჰყავდათ - მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც იდგა პარტია. ესეც დაკარგეს და დაიშლებიან თუ არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

- ალბათ, კარგა ხანს არ დასრულდება იმაზე მსჯელობა, 17 მაისის მოვლენები გარემოებათა დამთხვევა იყო თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. სხვათა შორის, თავად ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ ეს გარედან დაფინანსებული პროვოკაცია იყო.

- რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი? გავიხსენოთ ვიდეოფირი - იმ მიკროავტობუსში, რომელიც აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს, ერთი ახალგაზრდა მეორეს ეკითხება, სად არიან დიპლომატებიო. ფაქტია, ლგბტ პირებს იყენებენ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ისე, რომ შესაძლოა, მათ თავადაც არ იცოდნენ ეს. ფაქტია, რომ ისინი საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან. ამასთან, ძლიერ მხარდაჭერას რომ არ გრძნობდნენ, ქუჩაში არ გამოვიდოდნენ. ისე, ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომლებსაც ცხოვრების ასეთი წესი აქვთ და არც ერთი მათგანი იმ დღეს ქუჩაში არ იყო. ასეთები პოლიტიკოსებიც არიან და არც ისინი იყვნენ ქუჩაში. იქ მყოფთაგანი კი, ყველა არ იყო ფიზიოლოგიურად ლგბტ-ის წარმომადგენელი.

- თუ ეს პროვოკაცია იყო, ის ერთ-ერთ მიზნად ხომ არ ისახავდა საზოგადოებაში აგრესიის გაღვივებას და შემდეგ მისით მანიპულაციას? გარდა ამისა, ეს ყველაფერი მსხვერპლით რომ დასრულებულიყო, მუდმივად იქნებოდა იმის აქცენტირება, რომ ახალ ხელისუფლებას სისხლიანი ხელები აქვს.
- არ არის გამორიცხული. აგრესია გაზარდა იმან, რომ ვიღაცამ დაინახა, რომ ლგბტ-ის წარმომადგენლებს თავისი ცხოვრების წესის ქცევა სურთ ცხოვრების ნორმად. გარდა ამისა, საზოგადოებაში დაგროვილი იყო აგრესია სამართლიანობის აღდგენის დამუხრუჭების გამო და როცა იეჭვეს, რომ ლგბტ-ის აქციის უკან შესაძლოა "ნაცმოძრაობა" მდგარიყო, აგრესიამ მაღალი ხარისხით ამოხეთქა. ვერ გავამართლებ სასულიერო პირების ზედმეტ აქტიურობას, მაგრამ ხალხის აგრესია გასაგებია.

- სასულიერო პირებზე შსს-მ საქმე აღძრა. საინტერესოა, ხომ არ იყო ასევე მცდელობა, რომ სასულიერო პირებიც გამოეყენებინათ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ამით, მაგალითად, ეკლესიის დისკრედიტაცია ეცადათ.
- "ნაციონალების" ზეობის პერიოდში სერიოზული ძალა იყო მოწადინებული, რომ როგორმე დაეშალა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. პატრიარქი ამას ჩვენზე უკეთ ხვდებოდა, მაგრამ განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით თვალს ხუჭავდა ზოგიერთი სასულიერო პირისა და "ნაცმოძრაობის" ლიდერების კოაბიტაციაზე. მხოლოდ ეკლესიის მსახურთათვის ბრალის წაყენება-არწაყენებაში არ არის საქმე - გასარკვევია, ვის როგორი პოზიცია ეკავა გუშინ და ვის როგორი ბიოგრაფია აქვს. მაგალითად, ჩემთვის მეუფე ვერასოდეს ვერ იქნება მიტროპოლიტი კალისტრატე, რადგან ხომ ვიცი, როგორ დამოკიდებულებაში იყო ყოფილ ხელისუფლებასთან? თუმცა ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, რადგან ეკლესიის მსახურიც საზოგადოების წევრია და მნიშვნელობა არა აქვს, ვის აცვია ანაფორა და ვის - არა. სწორედ ამიტომ თქვა პატრიარქმა, უზრდელობა არავის ეკადრებაო.

- კიდევ ერთი ვერსიით, 17 მაისის აქციის მთავარი მიზანი ახალი ხელისუფლების უუნაროდ წარმოჩენა იყო. ისე, დღეს კვლავ ისმის კითხვები, ბოლომდე ფლობს თუ არა სიტუაციას ბიძინა ივანიშვილი თუნდაც თავისსავე მთავრობაში.

- ივანიშვილი სრულად აკონტროლებს სიტუაციას. საქმე სხვა რამეა - ობიექტურად შევხედოთ იმას, რომ ივანიშვილისთვის პოლიტიკაში ყოფნა და სახელმწიფოს მართვა ჯერ ისევ ახალი ხილია. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ გადაცდომაზე შეიძლება თვალიც დავხუჭოთ. ივანიშვილს საყვედურობენ ძალიან გულახდილი განცხადებების გაკეთებას და ზოგიერთ საკადრო გადაცდომას. ისე, მე ვიცი, რომ ზოგჯერ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რამაც შემდეგ ზოგიერთის კარიერა და მდგომარეობა შეიწირა. რაც შეეხება მთავრობას, ზოგიერთმა მინისტრმა სიტუაციას ვერ გაუძლო, მინისტრის ზოგიერთი მოადგილის ბიოგრაფია კი ბევრ კითხვას აჩენს. ვიცი, რომ ივანიშვილს რამდენიმე მინისტრისა და მათი მოადგილეების მუშაობა არ მოსწონს და ამის თაობაზე მყარი აზრიც აქვს ჩამოყალიბებული.
კონკრეტულ მინისტრებს ვერ დავასახელებ.

- იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ? აქვე გკითხავთ ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრების თაობაზეც, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის გარემოცვის ზოგიერთი წევრი პრემიერის გარშემო "მოჯადოებული წრის" შექმნას ცდილობს, რომ დანარჩენებს მასთან "წვდომა" მხოლოდ რამდენიმე ფიგურის საშუალებით ჰქონდეთ.
- ფართომასშტაბიან საკადრო ცვლილებებს ჯერ არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ივანიშვილის გარშემო მოჯადოებული წრის შექმნის საშიშროება იყო და არის. თუმცა ივანიშვილს აქვს სიტუაციის ზონდაჟის კარგი უნარი. ის მდგომარეობას საზოგადოების გამოძახილებიდან გამომდინარე აფასებს. დღეს პრემიერი კვლავ ამ ზონდაჟის მდგომარეობაშია, შემდეგ კი დასკვნების დროც დადგება. აი, მაშინ კი, ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება.
megzuri
05 ივნისი 2013 02:12
ბატონებო, ყველაზე პოზიტიური მიმდინარე პერიოდში არის
ის რომ, საზოგადოებამ დაიწყო თვითმარქვია ექსპერტების,
პოლიტიკოსების, "ერის მამების" და ა.შ. ავანტიურისტების
გაშიფვრა=გულწრფელად პოზიტივია.............
vlad
01 ივნისი 2013 20:31
ბატონო არეშიძე!შენ და შენისთანა(ორივე მხარის)მკითხავებმა დაანებეთ თავი მკითხაობას და შეუძახეთ ორივე მხარეს,თავი დაანებონ ერთმანეთის მტრობას და ქვეყნისა და ხალხის საქმეზე და ბედზე იფიქრონ თორემ ნახავთ ყველანი,როგორია სინამდვილეში სამართლიანობა,რომელზედაც ქალბატონი კაკაბაძე ოცნებობს და ლინჩის წესს ეძახის მას,უკლებლივ ყველანი ნახავთ! ნუ ქექავთ და თხრით ერთმანეთისთვის ორმოებს თორემ ისე ღრმად ამოთხარეთ უკვე,ამოსვლა გაგიჭირდებათ და ხალხი უბრალოდ ამონათხრელს,ორმოებში მყოფთ თავზე დაგაყრით და დამთავრდება თქვენი,ყველას პოლიტიკური ბატალიები.რასაც დიდი ხანია ბოდავთ და ერთმანეთს უმტკიცებთ ყოველდღე,კონსტანტინე გამსახურდიამ,გიორგი მეფის სიკვდილის წინა აღსარებაში აღწერა ყოველივე,თანაც ნახევარ გვერდზე,იქ შეფასებულია ყველა ჩვენი უარყოფითიც და დადებითიც და დღეს ყველამ,ვინც ცდილობთ ამინდის შექმნას ქვეყანაში,ეცადეთ გვერდი აუაროთ იქ აღწერილ უარყოფითს,რამეთუ ქვეყანასა და ხალხს ეხება ქმედებანი თქვენი,თანაც ოცდამეერთე საუკუნეა დღეს და ეს კი ნამდვილად უნდა იცოდეთ ბატონებო!
??-S
01 ივნისი 2013 17:54
ამ კაცს არ აბრალებენ ეხპერტობას-ტვიტონ უნდა რომ იყოს და იბრალებს კიდევაც,მაგრამ ბევრ შემტხვევაში მარტაალს ამბობს.

რედაქტორის რჩევით