"ჩვენი თანამემამულეების სახლ-კარში რაღაც ხდება და ამას რეაგირება სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ჩვენი თანამემამულეების სახლ-კარში რაღაც ხდება და ამას რეაგირება სჭირდება"

"მოსკოვმა კარგადიცის, რომ ალიანსი საქართველოს არ მიიღებს"

თბილისიდან ძალიან ადვილია მსჯელობა და წერა, რა რეაქცია უნდა გვქონდეს რუსეთის მიერ დიცთან დამატებითი ტერიტორიების მიტაცებასა და ე.წ. საზღვრის 300 მეტრით გადმოწევაზე. წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საკუთარ ეზოში მავთულხლართებს გივლებენ, შენს სახლ-კარშივე გაპატიმრებენ და გეუბნებიან,  - სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეო; შემდეგ მიჰყავხარ ცხინვალში, სადაც ფულს გძალავენ, მერე "იღებენ მოწყალებას" და გიშვებენ... სახელმწიფოს სიძლიერე სწორედ ის არის, რომ მან ერთი მოქალაქე ისევე უნდა დაიცვას, როგორც ათი ათასს დაიცავდა. მეორე მხრივ, ხელისუფლება სწორედ იმიტომაცაა ხელისუფლება, რომ ემოციებს არ აჰყვეს, რაციონალური, ზოგჯერ არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყანა მორიგ შარში არ გახვიოს. კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ამ მოსაზრებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სიჩქარემ და არაადეკვატურმა რეაქციამ შესაძლოა, სახელმწიფოს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

- საბოლოო პასუხი იმის შესახებ, კონკრეტულად რა მიზანს ისახავს ან ვინ დგას დიცთან ოკუპაციის არეალის გაფართოების უკან, არ გვაქვს. შესაძლოა, ეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა იყო.

- თუმცა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინის კომენტარი სულაც არ მიუთითებს, რომ მოსკოვი არაფერ შუაშია და დიცის ინციდენტის უკან მხოლოდ ცხინვალელი მარიონეტები დგანან.

- კარასინი სხვა კომენტარს ვერც გააკეთებდა. სხვა განცხადება რომ გაეკეთებინა, გამოდის, რომ მოსკოვი მხარს არ უჭერს ცხინვალის რეჟიმს, რომელიც გააფთრებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა შექმნას გამყოფ ზოლთან დაკავშირებით, ადამიანების მიმოსვლის კუთხით და ა.შ. ცხინვალის ინტერესებში არც ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზება შედის.

- ანუ შეგვიძლია ორ ვერსიაზე ვისაუბროთ: პირველი - ეს მოსკოვმა შეგნებულად გააკეთა და მიგვანიშნა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში გარკვეული პოზიტივის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობას არ უნდა ველოდოთ, მეორე - ამის უკან მარიონეტები (და სხვა ძალები) დგანან და მათი მიზანი თბილისი-მოსკოვის დიალოგის ჩაშლაა.

- რა თქმა უნდა. თუ დიცის ინციდენტის უკან ცხინვალი დგას, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში იძულებულია, ეს "გააპრავოს" და იქაურ რეჟიმს მხარი დაუჭიროს.

- ხომ შეიძლებოდა მოსკოვს ცხინვალისთვის ებრძანებინა - 300 მეტრის გამო თბილისთან დათბობისკენ წასულ ურთიერთობებს დარტყმას ნუ მიაყენებთო?

- მოსკოვი რომ ასე  მოქცეულიყო, სოხუმსა და ცხინვალში არასტაბილური გარემო შეიქმნებოდა. იქ გაჩნდებოდა ეჭვი, რომ რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით თბილისთან რაღაც დათმობაზე მიდის.

- მოსკოვს სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობა ქართულ-რუსული ურთიერთობის გამოსწორებაზე უფრო ძვირად უღირს?

- ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ამ დღეებში ყველა მხრიდან მესმოდა. ჩემი პოზიცია ასეთია - დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

თუ მოსკოვი დიცთან დაკავშირებული საკითხის მიმართ ჯანსაღ მიდგომას გამოიჩენს, მივხვდებით, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები მისთვის პრიორიტეტია. ხოლო თუ გაგრძელდება მავთულხლართების გავლება, დადასტურდება თქვენ მიერ დასახელებული ერთ-ერთი ვერსია - რუსეთისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების არსებობა უფრო ღირებულია, ვიდრე საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება.

ასეთ შემთხვევაში შესაბამისი დასკვნების გაკეთება მოგვიწევს.

- თქვენ რომელი ვერსიისკენ იხრებით?

- მაქვს ურთიერთობა კომპეტენტურ რუს ექსპერტებთან, რომლებიც უმაღლეს პოლიტიკურ წრეებთან არიან დაახლოებული. ისინი მიიჩნევდნენ და მეც მქონდა ინფორმაცია, რომ სულაც არ არის ისე საქმე, თითქოს რუსეთი მხოლოდ ღვინოსა და კულტურულ ურთიერთობებზე დაგველაპარაკება. მოსკოვში სერიოზულად მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო არ იყოს კავკასიაში რუსეთისთვის მტრული ქვეყანა და თბილისთან შეიძლებოდეს სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოებაზეც. ამის გამო ცოტა ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა ან მოსკოვმა ერთ დღეში შეცვალა პოლიტიკა და ე. წ. საზღვრის გადმოწევით მიგვანიშნა, რომ საქართველო არ აინტერესებს.

- არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსულ პოლიტიკაში დეზინფორმაციის გავრცელება აპრობირებული მეთოდია. თუ მოსკოვს მართლაც აქვს ზემოხსენებული გეგმა,  თუნდაც სიმბოლურად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. მაგალითად, შეწყვიტოს მავთულხლართების გავლება, ქართველების ლამის საკუთარ ეზოებში დაკავება.

- არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ეს გააკეთოს. თუმცა არც მოვლენათა სხვანაირი განვითარება უნდა გამოვრიცხოთ. მაგალითად ის, რომ მოსკოვში იმსჯელეს და გადაწყვიტეს - საქართველო ვეღარასოდეს იქცევა რუსეთის გავლენის სფეროდ, ის არის დასავლეთის ფორპოსტი კავკასიაში და თბილისთან ურთიერთობას აზრი არ აქვს. მაგრამ მოსკოვიდან საწინააღმდეგო ინფორმაცია მომდიოდა,–იქ იციან, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია უკვე მოცემულობაა, მაგრამ ამავე დროს თბილისთან ურთიერთობების მოწესრიგების საჭიროებასაც ხედავენ.

- ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაც და ევროატლანტიკური კურსის გაგრძელებაც. თუმცა ბევრ ექსპერტს ამ ორი ცნების თავსებადობაში ეჭვი ეპარება..

- მჯერა, ივანიშვილი ორმაგ თამაშს არ თამაშობს. ზოგიერთისგან გამიგია - პრემიერი პროდასავლურ კურსზე კი ლაპარაკობს, მაგრამ შეგნებულად მიჰყავს საქმე იქითკენ, რომ ქვეყანა უფრო მოწყვლადი და რუსეთზე დამოკიდებული გახადოსო.

ეს "ნაციონალების" თეორიაა. სხვათა შორის, სწორედ "ნაციონალებისა" და პირადად მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით გაგვირთულდა დასავლეთთან ურთიერთობა. თუმცა ქვეყნის ორიენტაციის კუთხით არაფერი შეცვლილა. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ქართველი და რუსი ექსპერტები წავიყვანე და ევროკავშირის ფორმატში ვმსჯელობდით სამომავლო ურთიერთობებზე. ევროკავშირის წარმომადგენლებისგან მოვისმინე, რომ მათთვის საქართველოს, როგორც პროდასავლური ქვეყნის, სტატუსი არ შეცვლილა. ვიტყვი იმასაც, რომ რუსეთს რეალურად აქვს შეფასებული - საქართველო უახლოეს მომავალში ნატოს წევრი ვერ გახდება.

- ისე, ივანიშვილი ვარაუდობს, რომ 2014 წელს საქართველო MAP-ს მიიღებს.

- არა მგონია. 2014 წელს MAP-იც რომ მივიღოთ, ნატოს სრულ წევრობამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ეს კარგად იცის რუსეთმა. მოსკოვმა ისიც კარგად იცის, რომ ალიანსი საქართველოს თავის წევრად არ მიიღებს, თუ რუსეთმა ამაში თავისი ინტერესიც არ დაინახა. ვთქვათ, საერთაშორისო არენაზე მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ დასავლეთს სასწრაფოდ დასჭირდა საქართველოს ნატოში გაწევრება, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თემა მოგვარებული არ არის. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხს მაშინვე ვერ მოაგვარებს, ვერც იმის ბერკეტს მოგცემს, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შევაცვლევინოთ. შესაბამისად, ძალზე რაციონალურად მეჩვენება პოლიტიკა, რომ რუსეთთან ურთიერთობისას ზოგიერთ თემას დროებით არ შევეხოთ და განვავითაროთ ურთიერთობა იმ სფეროებში, რომელშიც შესაძლებელია.

- და მშვიდად შევხვდეთ დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას და ქართველების დაკავებას საკუთარ სახლ-კარში?

- მშვიდად არ უნდა შევხვდეთ. თუ გაგრძელდა რუსეთის მხრიდან საქართველოს იგნორირებისა და მოქალაქეებისთვის პრობლემების შექმნის პოლიტიკა, ეს აბსოლუტურად ყველაფერზე გავლენას მოახდენს. საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება უკვე ისეა განწყობილი, რომ ეჭვქვეშ აყენებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლებლობას. არადა, მოლოდინი იყო, რომ რუსეთი დიალოგის გასაფუჭებლად რაიმე ნაბიჯს არ გადადგამდა. პირიქით მოხდა და ამან საზოგადოების გაოგნება გამოიწვია.

- მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ახალი ხელისუფლების რეაქციაზე ბევრი კითხვა დაისვა და ეს ამბავი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის ურთიერთბრალდებების საფუძველიც გახდა. მართლაც, ცოტა დაბნეულად ხომ არ გამოიყურებოდა ხელისუფლება?

- როგორც წესი, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ამუშავებენ ამა თუ იმ სცენარს და სახელმწიფო ნებისმიერ გამოწვევას უკვე მზად ხვდება. ეს კუთხე ახალ ხელისუფლებას ძალიან სუსტი აქვს. რაღაც რომ მოხდება, შემდეგ მსჯელობენ, რა რეაქცია ჰქონდეთ. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც - ზის ადამიანი თავის კაბინეტში და ჰგონია, რომ თვითონ შეუძლია ყველაფრის გათვლა და არავის აზრი არ უნდა ჰკითხოს. დიცის ინციდენტის შემდეგ ბრალდებების კუთხით ძირითადი "დარტყმა", სამწუხაროდ, პაატა ზაქარეიშვილმა მიიღო. კარგად ვიცნობ ზაქარეიშვილის პოზიციას და ვიტყვი, რომ ამ კაცს ნამდვილად აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება და ხედვა. შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, რომ ე.წ. საზღვარზე აჟიოტაჟის ატეხით წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდები და ისე გამოვა, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების რაღაც სტატუსს აღიარებ. Mმაგრამ ახალი ხელისუფლება ამას უნდა მიუდგეს ჰუმანური კუთხით - ჩვენი თანამემამულეების სახლ-კარში რაღაც ხდება და ამას რეაგირება სჭირდება.

- საქართველოში ყოფნისას "რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის" ფონდის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა განაცხადა - მე პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ვარ და მისგან მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ივანიშვილთან შეხვედრა სურსო. რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ხომერიკის ეს განცხადება?

- ცოტა არასერიოზულია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ხომერიკს ეს შეტყობინება მოსკოვიდან დააბარეს, რათა შეემოწმებინათ, რა რეაქცია ექნებოდა ქართველ საზოგადოებას. თუ პუტინს ივანიშვილთან შეხვედრა სურს, მზადყოფნა ამის შესახებ დიპლომატიური არხებით უნდა წამოვიდეს. შემდეგ ოფიციალური თბილისიც დაფიქრდება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

- გასულ კვირას სხვა საინტერესო ამბებიც მოხდა. როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილს ნიუ-იორკში სახელმწიფოს ხარჯზე ბოტოქსის გადანერგვა გაუკეთებია, ასევე სახელმწიფო ხარჯზე მასპინძლობდა ამერიკელ ბიზნესმენ ქალბატონს.

- მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ სააკაშვილმა ბოტოქსი გაიკეთა, არამედ ის, რომ ეს მოხდა ბიუჯეტის ხარჯზე. თუ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება გვინდა, ისიც დანაშაული უნდა იყოს, ოფიციალური პირი ვინმეს ბიუჯეტის ხარჯზე მობილურს რომ აჩუქებს.

ჩვენთან ცხრა წლის განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმი იყო და ეგონათ, ყოველთვის ექნებოდათ ბიუჯეტის ხარჯზე პირადი სიამოვნების მიღების თუ საკითხების მოგვარების შესაძლებლობა.

ახალმა მთავრობამ ასეთ ფაქტებს სამართლებრივად ბოლომდე უნდა მისდიოს, სხვანაირად საზოგადოებას იმედი გაუცრუვდება.

- პროკურატურამ 26 მაისის აქციის დარბევის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა. საზოგადოებაში კვლავ გაჩნდა კითხვები - მერაბიშვილი დამოუკიდებლად მიიღებდა სადამსჯელო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას?

- 26 მაისს მოხდა დანაშაული. ერთი მხრივ, ნინო ბურჯანაძის პარტიას ეს თარიღი შემთხვევით არ შეურჩევია და გარკვეულ გართულებაზე მიდიოდა. Mმეორე მხრივ, პოლიციას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება, ძალას გადაამეტოს. არ გამოვრიცხავ, გამოძიებას სამართლებრივად გაუჭირდეს იმის დამტკიცება, რომ 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია იყო თუ არა შეთანხმებული მიხეილ სააკაშვილთან. ხომ ყველამ ვიცით, რომ 26 მაისის ტრაგედია სააკაშვილის გარეშე არ მოხდებოდა?! 26 მაისის დარბევის მთავარი მიზანი შიშის სინდრომის გაზრდა იყო, რათა აღარავის მოსვლოდა აზრად აქციების ჩატარება, რაც უფრო დიდი დანაშაულია.