"ჰამარბერგის განცხადებას ჩაქუჩის ეფექტი ჰქონდა" - კვირის პალიტრა

"ჰამარბერგის განცხადებას ჩაქუჩის ეფექტი ჰქონდა"

"ბენდუქიძის ყოფილი მრჩეველი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა"

"საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის აგენტების მუშაობა უკვე საჯაშუშო ბესტსელერის თემად იქცა მსოფლიოში"

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ თუ საქართველოს ცივილიზებულ სამყაროში ღირსეულთა შორის ღირსეულად არსებობა სურს, ემოციები, თავის გამოჩენაზე აგებული გამოსვლები უნდა დავივიწყოთ. ყველაფერს, დადებითსაც და უარყოფითსაც ჭკუადამჯდარი, სიღრმისეული ანალიზით უნდა შევხვდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება და რისი თქმა სჯობს. სწორედ ასეთი ადამიანი გახლდათ შალვა ფიჩხაძე - პოლიტოლოგი, რომლის საინტერესო მსჯელობაც არაერთხელ წაუკითხავს "კვირის თემის" მკითხველს. სამწუხაროა, რომ ქართველ საზოგადოებას უდროოდ გამოაკლდა კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება.

გასულ კვირაში, თბილისის აეროპორტში ჯაშუშთა კიდევ ერთი დაჯგუფება გამოვლინდა - ნიღაბ-ახდილი რუსი ექსპერტები უბოდიშოდ მიაბრუნეს უკან. რა საფრთხე აირიდა ამით საქართველომ, უცნობია. სამაგიეროდ, მალევე ცნობილი გახდა იაფფასიანი პროპაგანდით გაჯერებული სერგეი ლავროვის განცხადება - აქაოდა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კონფრონტაციას აღვივებსო... მკითხველს აქ აგვისტოში, თბილისს მომდგარი რუსული ტანკები გაახსენდება და ალბათ, იმასაც იტყვის, საკითხავია, ვინ ვის და რას უღვივებსო. მაგრამ ფაქტია, რომ გასულ კვირაშივე, ნატოს თავკაცებმა საქართველოს რუსეთთან დიალოგი ურჩიეს. სხვათა შორის, ეს ნატოში გაწევრების ერთ-ერთი მთავარი პირობა გახლავთ. ამ და სხვა მოვლენათა რეალური მიზეზებისა და შესაძლო შედეგების შესახებ პოლიტოლოგ კახა კაციტაძეს ვესაუბრებით:

- რუსეთის ხელისუფლებამ ევროუსაფრთხოების ახალ მოდელზე განაახლა ლაპარაკი. ამჯერად განაცხადი უფრო პრეტენზიული და თამამიც იყო. რამდენად სერიოზულად მიიღებს ახალ პროექტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი?

-  ამის შესახებ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არარეალური პროექტია. მისი განხილვისას უამრავი წინააღმდეგობის მომენტი დაფიქსირდა რუსულ მედიაში. გავიხსენოთ, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები გახდა ნომერ პირველი სახელმწიფო. ბრიტანეთიდან დაწყებული, იტალიით დამთავრებული, ყველა მისი მოვალე იყო. ამ დროს წამოაყენა ვილსონმა თვისებრივად ახალი მოდელი საერთაშორისო ურთიერთობათა კონფიგურაციაში. იმ მომენტში, ეს მოდელი არათუ არავინ მიიღო, ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ თვით აშშ-ის სენატმაც კი არ მოახდინა მისი რატიფიკაცია. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, "ეჟედნევნი ჟურნალში" წავიკითხე მშვენიერი პაროდია, ამ თემას რომ მიესადაგება - "პუტინოიდების და მეშვიდე დღის მედვედევისტების შესახებ". მასში მოთხრობილია, თუ რა იქნება 1500 წლის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიო ჩინეთია. სტატიაში ჩინელი მეცნიერები არკვევენ, 1500 წლის წინ ვინ იყვნენ პუტინოიდები და მეშვიდე დღის მედვედევისტები. მათი თქმით, "უძველეს" პერიოდში თურმე არსებობდა ქვეყანა, სახელად რუსეთი, სადაც ერთი კეთილი ბლოგერი ცხოვრობდა და ინტერნეტში სამშვიდობო მოწოდებებს ავრცელებდა: მოდი, კეთილები ვიყოთ, მშვიდობისმყოფელები და ა.შ. დაახლოებით, ასეთივე ფანტასტიკურ ჟანრს მიეკუთვნება მედვედევის მიერ გახმიანებული ინიციატივაც.

- გასულ კვირაში ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისსავე წიგნში მოყვანილ მოგონებებს რუსეთი ჰააგის ტრიბუნალზე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს (ლაპარაკია საქართველოს მხრიდან ომისთვის მზადებაზე). თქვენი აზრით, თუ შეიძლება სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო სამართლის დავაში მემუარები სერიოზულ არგუმენტად იქცეს?

- უკაცრავად, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს უკვე რამდენიმე წელია, სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია. ასე მეც შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცა რაღაცისთვის ემზადებოდა. ეს მტკიცებულებად გამოდგება? დაჩი გრძელიშვილსაც შეუძლია თქვას, რომ  საქართველო ომისთვის ემზადებოდა. ეს ნათქვამი ჰააგის ტრიბუნალმა შეიძლება აიტაცოს?

- ჩანს, აქ ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროინდელ პერიოდზეა ლაპარაკი...

- მისი მინისტრობის დროს რუსეთის ჯარი იდგა  საქართველოში, საომარ სიტუაციასა და რიტორიკაზე კი არაფერი ისმოდა. რა მომზადებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი.

- რუსეთის მიერ საფრანგეთისგან "მისტრალის" ტიპის ხომალდის შეძენას ევროპელი ექსპერტები "ხრუშჩოვკაში" მცხოვრები "ზაპოროჟეცის" პატრონის მიერ "ბენთლის" შეძენას ადარებენ. იმასაც ამბობენ, რომ ეს უფრო რუსეთის მიერ გადახდილი ქრთამია, ვიდრე რეალური საჭიროება მისი ფლოტისთვის...

-  ზოგადად, რუსეთის არმიაში არსებული სიტუაცია უკვე კომიკურ სახეს იღებს. მედვედევი გამოვიდა და განაცხადა, - წელს სამ ატომურ წყალქვეშა ნავს, ორმოც თვითმფრინავს და ერთ კორვეტს შევიძენთო. კორვეტი გასაგებია, კატერზე ცოტა დიდი გემია. საქართველომ რომ შეიძინოს, ეს იქნება უცნაური, თორემ რუსეთის მასშტაბებისთვის გასაოცარი სულაც არ არის. სამი წყალქვეშა ნავიდან ერთი ის არის, 1993 წლიდან რომ აშენებენ და როგორც ირკვევა, წელსაც ვერ ამთავრებენ; მეორე რაკეტული წყალქვეშა ნავია, "იური დოლგორუკი", რომლისთვისაც რაკეტები არა აქვთ. "ბულავას" რაკეტები ჯერ ვერ დაფრინავს და ურაკეტოდ გინდა წყალში ყოფილა, გინდა - ხმელეთზე;  მესამე კიდევ, მრავალტანჯული "ნარპა", რომელიც ინდოეთის დაკვეთით ააგეს, მერე, ხალხი რომ გაიგუდა შიგ, ინდოეთმა დაკვეთაზე უარი თქვა და რუსეთმა თავისი ნავი თვითონვე იყიდა. ორმოც თვითმფრინავზე ხომ საერთოდ, ტრაგიკომიკური ვითარებაა. ამ ორმოციდან ოცდაორი ის გამანადგურებელია, რომელიც ალჟირმა რუსეთს უხარისხობის გამო უკან დაუბრუნა. ადგნენ და ესენიც თავისი თავისგან, თვითონვე შეისყიდეს... და ამ ყველაფრისგან კიდევ, პიარს აკეთებენ?!

- გასულ კვირაში, თომას ჰამარბერგის ჩარევით,  ტირძნისიდან გატაცებული ორი ბავშვი გაათავისუფლეს. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ამ ცინიკური პროვოკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიოს ჩართვას ცდილობდა. ეგებ, ამიტომაც, ევროკომისრის განცხადება ჩვენს სმენას ჩაქუჩივით მოხვდა - უკანონოდ დაკავებულები ორივე მხარემ უნდა გაათავისუფლოსო...

- რა დაგიმალოთ და, ჰამარბერგის ამ განცხადებას ჩემთვისაც სწორედ ჩაქუჩის ეფექტი ჰქონდა. ერთი რამ, ნებისმიერ შემთხვევაში,  უდავოა. ბავშვები აუცილებლად უნდა გათავისუფლებულიყვნენ, რაოდენ მაღალი საფასურიც უნდა ყოფილიყო ამისთვის გადახდილი. მაგრამ ამ განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, საერთაშორისო თანამეგობრობა თვლის, რომ ჩვენც გვყოლია უკანონოდ დაკავებულები. ეს კი ძალზე უსიამოვნო ფაქტია.

- საქართველოს ხელისუფლებამ რუსი ექსპერტები საზღვრიდან მიაბრუნა, იმ მიზეზით, რომ ისინი რუსეთის უშიშროების აგენტები იყვნენ...

-  ჯაშუში რომ წინასწარ, პრესაში აკეთებდეს განცხადებას, "დანიშნულების" ქვეყანაში ჩავდივარო, ასეთი არაფერი გამიგია. თან, ერთი კვირით ადრე ჰქონდათ მთელი ინტერნეტი განცხადებებით გამოტენილი - საქართველოში მივდივართ, ამას და ამას ვხვდებით და ესა და ეს უნდა გავაკეთოთო. მე ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის აგენტების ძებნა თავის რიგებში გაეაქტიურებინა. მაგალითად, ამას წინათ ძალზე საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი. გრუ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი ვიტალი შლიკოვი დაინიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად. რა კავშირი აქვს ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ საკადრო ცვლილებას საქართველოსთან? - ეს გრუ-ს პოლკოვნიკი წლების განმავლობაში კახა ბენდუქიძის მთავარი მრჩეველი იყო. იმაზე, რომ ყოფილი მზვერავები და მით უმეტეს, ყოფილი სამხედრო მზვერავები არ არსებობენ, ვფიქრობ, არავინ შემეკამათება. როდესაც ბენდუქიძის უახლოესი პირი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად ინიშნება, იმაზე ლაპარაკი, ჯაშუშები ვეძიოთო, უკვე სატირალიც აღარ არის, სასაცილოა. აქვე, კიდევ  ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ: ფრანგულ საჯაშუშო ჟანრის მწერლობაში ერთი საინტერესო ავტორია - ვილიე. ალბათ გახსოვთ,  ცნობილი ფრანგული ფილმი, ჟან პოლ ბელმონდოსა და ჟაკლინ ბისეს მონაწილეობით (ბელმონდო რომ  მწერალია და თან ჯაშუშობს). როგორც ამბობენ, ამის პროტოტიპი სწორედ ნახსენები ვილიე იყო... ფრანგულენოვანი ლიტერატურის ამ ჟანრში მასზე ცნობილი ავტორი არ არსებობს. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი, სამი თვის დამთავრებული არც კი იყო, რომ ვილიემ ახალი საჯაშუშო რომანი გამოაცხო. მასში აღწერილია, როგორ არიან მოკალათებული სააკაშვილის გარემოცვაში რუსეთის აგენტები და როგორ ახორციელებენ თავის მზაკვრულ ჩანაფიქრს.  ცნობილი ფაქტია, რომ საჯაშუშო რომანების ავტორები სპეცსამსახურებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ინფორმაციასაც სწორედ მათგან იღებენ. გავიხსნოთ, რომ ფლემინგი, "ჯეიმს ბონდის" ავტორი, თავად იყო ბრიტანული დაზვერვის საკმაოდ მაღალი დონის თანამშრომელი. ტომ კლენსისაც ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის სპეცსამსახურებთან. ასე რომ, ალბათ, ვილიესაც ჰქონდა ინფორმაცია ამ თემაზე, რაკი ახალი წიგნის დაწერა გადაწყვიტა. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის აგენტების მუშაობა უკვე საჯაშუშო ბესტსელერის თემად იქცა მსოფლიოში. ამ დროს კი, ორი კვირით ადრე გაცხადებულ ჩამოსვლას რომ საჯაშუშო ოპერაციად შერაცხავ და ვიღაცას ქვეყანაში არ შემოუშვებ, სასაცილოა.

- ნატოს მინისტერიალის დასასრულს, რასმუსენმა ჩვენთვის ყურადსაღები განცხადება გაავრცელა: საქართველოს რუსეთთან დიალოგისკენ, უკრაინას კი პოლიტიკური რეფორმებისკენ მოვუწოდებთო... ეს რუსეთისადმი ნატოს რევერანსია თუ რეალობიდან გამოტანილი დასკვნა?

- ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, დასავლეთ ევროპაში იმპულსურ და მყისიერ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მათ მშვენივრად ესმით,  თუ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მინიმალურ დონეზე მაინც არ დარეგულირდა, ამ სტატუს კვოთი საქართველოს ნატოსთან დაახლოების არავითარი პერსპექტივა არ ექნება. ნატოს წესდებაში პირდაპირ წერია - მის წევრ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და არ უნდა იყოს კონფლიქტი მეზობელ სახელმწიფოსთან. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება ვაშინგტონში "ჩააწყობს" და ამის გულისთვის ნატო თავის წესდებას დაარღვევს, ძალიან შემცდარა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოგვიწოდებს, ისე ვიმოქმედოთ, რომ ჩვენთან შექმნილი სიტუაცია შესაძლებელს ხდიდეს საქართველოს ნატოში გაწევრებას.

- თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკების არავითარი სურვილი არა აქვს, გამოდის, დიდად არც ნატო გვაინტერესებს...

- ჩვენმა ხელისუფლებამ ნათლად დაინახა, რომ სანამ ის იქნება ქვეყნის სათავეში, ნატოში არავინ მიგვიღებს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, გერმანიაში ასეთი გეოპოლიტიკური თეორია იყო პოპულარული - მსოფლიოში ყველაფერს გეოგრაფია წყვეტსო. ჩვენთანაც ასეთი აბსურდული თეორიაა გამეფებული. უბრალოდ, არ ხდება არავითარი სერიოზული ანალიზი საგარეო პოლიტიკური საკითხებისა. ჩვენს საზოგადოებაში ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმას ეწევა პროპაგანდა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის ხათრით, მთელი მსოფლიო ხელისგულზე გვატარებს და მზად იქნება, ყველაფერზე თვალი დახუჭოს.  სინამდვილეში, მსოფლიო პოლიტიკას პრაგმატული ინტერესები მართავს და თუ ამ ინტერესებს არ მოერგე, ილუზიებით მოგიწევს ცხოვრება. ჩვენ კი, იმის მაგივრად, რომ დემოკრატიაზე გადაგვეტანა აქცენტი, იმ მიზნით, რომ დასავლეთი სწორედ დემოკრატიულ და შესაბამისად, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწფოს დაეხმარებოდა, მთელი ყურადღება გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე გადავიტანეთ. თავი დავიჯერეთ, რომ ამის გამო, ჩვენი გულისთვის თავს შეაკლავდნენ რუსეთს. საქმე საქმეზე რომ მიდგა და ასე არ მოხდა, გაგვიკვირდა და გვეწყინა. მაპატიეთ, მაგრამ როდესაც ბრიყვი სიბრიყვეს ჩადის, შედეგი აღარ უნდა სწყინდეს. ასე რომ, თვით საკითხისადმი მიდგომა იყო პროვინციული, - საქართველო "ევრაზიული მარგალიტია" და შეგვიძლია ყველაფერი ვაკეთოთ, დემოკრატია ფეხქვეშ გავთელოთ, ნატოშიც მიგვიღებენ და თავზეც ხელს გადაგვისვამენო. და ახლა, როდესაც ნათელი გახდა, რომ არც ნატოში მიგვიღებენ და არც გვეფერებიან, ხელისუფლებას ერთადერთი ინტერესი დარჩა, - ხელისუფლების შენარჩუნება!

- გასულ კვირაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მორიგი აჟიოტაჟის სამიზნედ იქცა.

- თავისუფლების ინსტიტუტის წევრებს, ვითომ ოპოზიციონერები რომ არიან და სინამდვილეში კი ხელისუფლების თავგამოდებულ მომხრეებად რჩებიან, უშიშროებასთან თანამშრომლობის თემა თუ აინტერესებთ, მაშინ საქართველოს პრეზიდენტით უნდა დაეწყოთ. აქ გამოსაძიებელიც არაფერია. მიხეილ სააკაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, იმავე კა-გე-ბეს სასაზღვრო ჯარების ეფრეიტორი იყო. ასე რომ, პრეზიდენტის თავგამოდებული დამცველებისგან, კა-გე-ბეს თანაშრომლების სხვაგან ძებნა ცოტა გამკვირვებია. ეს, პირველი პასუხი თქვენს კითხვაზე. ახლა, მეორე: საქართველოში ამაზე სერიოზული პრობლემა თუ არ არის, მართლაც აგვწყობია ქვეყანა და ეგაა! და მესამე: ჭეშმარიტად ლიბერალური, ნორმალური და სამართლებრივი სახელმწიფო რომ ავიღოთ, მაგალითად აშშ და წარმოვიდგინოთ, - ჩრდილო-დასავლეთის შტატების მასწავლებელთა გაერთიანებული ლიგის თავმჯდომარე საჯაროდ პრესკონფერენციას აწყობს  და აცხადებს, ევანგელისტური ეკლესიის ესა და ეს პირი თანამშრომლობს მოსადთანო და თან წარმოადგენს სათანადო დოკუმენტსაც. როგორ ფიქრობთ, რა იქნება პირველი რეაქცია? ის, რომ გამოძიება დაიწყება იმაზე, საიდან ჩაუვარდა ხელში ასეთი სახის დოკუმენტაცია მასწავლებელთა ლიგის ხელმძღვანელს. გაიხსენეთ სკანდალი ბუშის პიარმენეჯერთან დაკავშირებით, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტის ცოლზე თქვა, მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობდაო, ისეთი ამბავი ატყდა, კაცი სამსახურიდან დაითხოვეს. თანაც ვინ - პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი. ახლა, მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლები რომ უშიშროების მასალებს ასე აფრიალებენ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეგებ ამიხსნას ვინმემ?

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი