"ვის აძლევს ხელს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში?!"
10-06-2013
"ვის აძლევს ხელს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში?!"
"ალ-ქაიდას", "თალიბანს" და საზოგადოდ, ისლამს საქართველოშიც აქვს დასაყრდენი"

უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II-მ სამძიმრის წერილში ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა უსურვა. მართლაც, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სიმტკიცე და მშვიდობა სჭირდება. საქართველოს უკვე პირდაპირ დაემუქრა საერთაშორისო ტერორიზმი. დღეს თვითმკვლელი ტერორისტები გააფთრებით უტევენ ავღანეთში ქართულ ბაზებს, ხვალ კი, შესაძლოა, საფრთხე თითოეულ ჩვენს ქუჩასა და სახლს დაემუქროს. ჩვენი თანამოქალაქეების დაშინება არ შეიძლება,
მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, თუ სინამდვილეს თვალს არ გავუსწორებთ, ყურს მოვიყრუებთ და თვალს დავიბრმავებთ.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მსგავსი შეცდომა დაუშვა, - "ალ-ქაიდასა" თუ "თალიბანის" მათი სახელმწიფოებით დაინტერესება გაზვიადებულ საფრთხედ აღიქვა, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ასობით მოქალაქის ოჯახი გამწარდა. ხელისუფლების მთავარი მოვალეობა საფრთხეების
გაანალიზება, მისი თავიდან აცილებაა და არა პოსტფაქტუმ რეაგირება. ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი, ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი ბადრი ნაჭყებია, რომელიც მიიჩნევს, რომ საფრთხე ძალიან სერიოზულია და ზომების მიღებამ არ უნდა დააყოვნოს.

- დიდი ტრაგედიაა ავღანეთში შვიდი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა. ისიც გვახსოვს, რომ მაისში ქართულ ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა ასევე მსხვერპლით დასრულდა. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე კვირის წინანდელი თავდასხმის შემდეგ ქართული კონტინგენტი ერთგვარად მოდუნებული იყო. არადა,პრინციპი, რომ ნაღმი ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არ დაიდება, ტერორიზმს არ შეესაბამება.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში რამდენიმე წლის წინანდელი პირველი ტერაქტის შემდეგ იქაური სპეცსამსახურები მოდუნდნენ, თუმცა ტერაქტი კვლავ განმეორდა და პირველზე ნაკლებად მასშტაბური არ ყოფილა. იგივე მოხდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორისტებს აქვთ თავიანთი ანალიტიკური სამსახური, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, დაგეგმვის ჯგუფი. მით უმეტეს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინ, როდესაც ლაპარაკია ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებზე, როგორიცაა "ალ-ქაიდა" და "თალიბანი".

სხვათა შორის, თავის დროზე, "თალიბანის" შექმნაში მონაწილეობდა პაკისტანის უმძლავრესი სპეცსამსახური - უწყებათაშორისი დაზვერვა. მაშინ "თალიბანის" შექმნის მთავარი მიზანი იყო ავღანეთის ტერიტორიაზე დაძაბული ვითარების განმუხტვა. ამ ქვეყანაში რამდენიმე მძLლავრი დაჯგუფება მოქმედებდა. მათგან გამოსაყოფია ჩრდილოეთის დაჯგუფება, რომელსაც აჰმად შაჰ-მასუდი ხელმძღვანელობდა. ის ჟურნალისტებად გადაცმულმა თალიბებმა მოკლეს. ავღანეთში იყვნენ პუშტუნების საკმაოდ მსხვილი ძალები, უზბეკების დაჯგუფება გენერალ დუსთუმის ხელმძღვანელობით, არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ ბელუჯების დაჯგუფებები და ა. შ. მოკლედ, ავღანეთში საყოველთაო ქაოსი იყო და აშშ-სა და პაკისტანს ამ დაჯგუფებების განეიტრალება უნდოდათ. ამისთვის უპირველესად გამოიყენეს ოსამა ბინ ლადენი და თალიბები. ამ პროცესში ფინანსურად მონაწილეობდნენ ტრანსნაციონალური კომპანია "იუნიქალი" და მალაიზიური კომპანია "პეტრონასი". ავღანეთში ვითარების დაწყნარების მთავარი მიზანი ის იყო, შუა აზიის ენერგომატარებლებს უპრობლემოდ ემოძრავათ პაკისტან-ავღანეთის გავლით.

ერთხანს მართლაც ასე იყო, მაგრამ შემდეგ "თალიბანი" უკონტროლო გახდა. დღეს "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" მთავარი სამიზნე ანტიტერორისტული კოალიციაა, რომლის წევრი საქართველოც არის. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია ესპანეთში 2006 წლის მარტში მოწყობილი ტერაქტი, რომელსაც 160-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა. ამ ტერაქტით დადასტურდა, რომ "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" სამიზნეები მხოლოდ ის ქვეყნები კი არ არიან, რომლებიც ანტიტერორისტული კოალიციის სათავეში დგანან, არამედ ესპანეთის მსგავსი სახელმწიფოებიც, რომლებიც კოალიციაში ფართოდ არ არიან წარმოდგენილი.

- გასულ წლებში ავღანეთში მდებარე ქართულ ბაზებს ასე ინტენსიურად და მასშტაბურად არ ესხმოდნენ თავს. ტერორისტების შეტევების გახშირება რით არის გამოწვეული - ქართული კონტინგენტის გაზრდით, ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობის აქტიურად გაპიარებით თუ რაიმე სხვა ფაქტორით?
- არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ ბაზებზე შეტევის ერთ-ერთი მიზეზი კონტინგენტის გაზრდა, ჩვენი რიტორიკა და ავღანეთის მისიაში ჩვენს წვლილზე ხაზგასმაა. ჩვენ თავი მოგვაქვს, რომ დიდ როლს ვასრულებთ ავღანეთში ანტიტერორისტულ მისიაში, რაც "თალიბანს" აღიზიანებს. გამაღიზიანებელია, მაგალითად, ქვეყნის ლიდერების ვიზიტი ამა თუ ამ ბაზაში, მათი დაუფიქრებელი განცხადებები და ა.შ.

- ამ დღეებში არაერთხელ გამახვილდა ყურადღება იმაზე, თუ რამდენად სწორია, რომ პრეზიდენტი ასეთი ინტენსივობით ჩადის ქართულ ბაზებში და ამის ამსახველი ტელემასალა ჯარისკაცების უსაფრთხოების ნორმათა დაუცველად გადის ეთერში.
- არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ვიზიტებმაც შეასრულა გამღიზიანებლის როლი. თუმცა იყო თუ არა ეს ბაზაზე თავდასხმის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმამდე YouTube-ზე გავრცელდა ვიდეოფირი სახელწოდებით "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერნეტსაიტზე არა ავღანეთიდან ან პაკისტანიდან, არამედ საქართველოდან არის ატვირთული. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ვიდეოფირს "თალიბანური" ხელწერა არა აქვს...
- ასეთი ტიპის მიმართვა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისადმი, რომლებიც ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობენ, "თალიბანს" არაერთხელ გაუვრცელებია. თუმცა
ვიდეომასალას "ჯიჰადი საქართველოს წინააღმდეგ" აშკარად "ევროპული ელფერი" აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ის არ ჰგავს სხვა "ჯიჰადურ" ვიდეომასალებს.

მაგალითად, არ არის მოყვანილი ყურანის ფრაზები, არ ახლავს არაბული მუსიკა, ტრადიციული რელიგიური მოწოდებები, შაჰიდების ფოტოსურათები. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ვიდეოფირის ავტორი არ არის ავღანელი, არაბი ან მოჯაჰედი. ამ ყველაფერზე სპეცსამსახურების ანალიტიკოსებმა უნდა იმუშაონ.

- დავუშვათ, ეს ვიდეოფირი საქართველოში აიტვირთა. ალბათ, ორ ვერსიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვიღაცამ გარკვეული მიზნებისთვის ხალხის პანიკაში ჩაგდება გადაწყვიტა, ან "თალიბანს" საქართველოში ჰყავს დასაყრდენი. თუმცა, ალბათ, ხაზი უნდა გავუსვათ - ვიდეოფირის ატვირთვიდან რამდენიმე საათში ქართულ ბაზას თავს დაესხნენ. არა მგონია, ეს უბრალო დამთხვევა იყოს.
- საზოგადოდ, ტერორისტულ ორგანიზაციებს ტერაქტის დაანონსება არ სჩვევიათ. როგორც წესი, მხოლოდ შემდგომ ავრცელებენ ვიდეომასალას.
სწორედ ვიდეომასალის გავრცელებისა და ტერაქტის დამთხვევა აძლიერებს ეჭვს, - მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოფირი ჯიჰადის კლასიკური ნიმუში არ არის, მის გავრცელებასა და ტერაქტს შორის კავშირია. შესაძლოა, ვიღაცას უმტყუნა ნერვებმა და ვიდეოფირი ადრე ატვირთა.

- და ეს "ვიღაც" თუ "ვიღაცები" საქართველოში "თალიბანის" დასაყრდენია?
- საზოგადოდ, კავკასიაში რომ "თალიბანს" დასაყრდენი ჰყავს, ცხადია. საკმარისია შევიდეთ "კავკასიის იმარათის" საიტზე და ვნახავთ, როგორ ასხამენ ხოტბას იმ ტერორისტებს, რომლებიც კოალიციის ძალებს ანადგურებენ, ნებისმიერ ტერაქტს საღვთო ომად აღიარებენ და მათთვის ქართველსა და ამერიკელს შორის განსხვავება არ არის.

- მე საქართველოზე გკითხეთ...
- "ალ-ქაიდას", "თალიბანსა" და საზოგადოდ, რადიკალურ ისლამს საქართველოშიც აქვს დასაყრდენი. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თვალი არ უნდა დავხუჭოთ.

- სად უნდა ვეძებოთ ეს დასაყრდენი? ზოგიერთი ექსპერტი ასეთ ძალას ვაჰაბიტებში ხედავს, ზოგი კი საქართველოში მცხოვრებ (ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა) "კავკასიის იმარათთან" დაკავშირებულ პირებში...
- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მუსლიმანური მოსახლეობაცაა, რომელთანაც "მუშაობენ" რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციების წევრები. პარალელს არ ვავლებ, უბრალოდ, ინფორმაციისთვის ვამბობ. საქართველოში, ძირითადად, სუნიტები ცხოვრობენ, "თალიბანი" კი სწორედ სუნიტურ მოძრაობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. გარდა ამისა, საქართველო აღმოსავლელი ემიგრანტების თავშესაფარი გახდა.

საქართველოში ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს სირიიდან, პაკისტანიდან და ინდოეთიდან, სადაც "თალიბანს" ღრმა ფესვები აქვს. არ არის გამორიცხული, ვიღაცამ ეს სეგმენტიც გამოიყენოს.

- ანუ "თალიბანმა"?
- რა თქმა უნდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არიან არაღიარებული წარმონაქმნები, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს ტერორისტული ორგანიზაცია "მთიელ ხალხთა კონფედერაცია", რომელიც შამილ ბასაევის მეთაურობით გვებრძოდა 1992-1993 წლებში. ასე რომ, საქართველოში დასაყრდენი ძალის დეფიციტს ტერორისტები არ უნდა განიცდიდნენ. ამიტომაც ჩვენმა სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

- არ მინდა მოსახლეობის დაზაფვრა, მაგრამ, ალბათ, ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. პირდაპირ გკითხავთ - თქვენი პროგნოზით, საფუძვლიანია საფრთხე, რომ "თალიბანმა" ტერაქტების მოწყობა საქართველოს ტერიტორიაზეც სცადოს?
- რასაკვირველია. ტერორისტულ ორგანიზაციებს ტერაქტის მოწყობისთვის საფუძველი სჭირდებათ. ეს საფუძველი საქართველოში მათ აქვთ. ამის საფრთხე საქართველოს მას შემდეგ შეექმნა, რაც ანტიტერორისტულ კოალიციაში გაწევრდა და ოპერაციებში მონაწილეობს. ამჟამად დღის წესრიგშია ავღანეთიდან კოალიციის ჯარების გამოყვანა, მაგრამ ტერორისტული ორგანიზაციები უფრო გააქტიურდნენ. ისე, არ იქნებოდა ცუდი, რომ საქართველოს ერთ-ერთ პირველს დაეტოვებინა ავღანეთი, მაგრამ ჯერ არაფერი ისმის... როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, უნდა დავსვათ კითხვა": ვის აძლევს ხელს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში? ფაქტია, რომ ვიღაცას.

- მაგალითად?
- თუ დავიწყებთ ჩამოთვლას, საკმაოდ შორს წავალთ. შეგვიძლია ჩამოთვლა დავიწყოთ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებით, საქართველოში მყოფი ძალებით, საზღვარგარეთული თუ საზღვრის გასწვრივ მდებარე სახელმწიფოებით, სეპარატისტული ძალებით და ა.შ.

- ანუ არ გამორიცხავთ, რომ ქართული შიდაპოლიტიკური ძალები დაინტერესებული იყვნენ ამ ქაოსით? "თალიბანი" მათ ჭკუაზე დადის?
- არსებობს ბიზნესტერორიზმი. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტერორისტი, ილიჩ რამირეს სანჩესი (კარლოსი) უკვე ბიზნესტერორისტად იქცა.

თავდაპირველად, პალესტინელებთან ერთად იბრძოდა, როგორც ამბობდა, სიონისტებსა და იმპერიალისტებს ებრძოდა. მოგვიანებით კი ტერორისტულ აქტებს შეკვეთით აწყობდა. მას ტერაქტებს უკვეთდა ხან სადამ ჰუსეინი, ხან მუამარ კადაფი და ამისთვის დიდ გასამრჯელოს იღებდა.

- დაასახელებთ ან მიანიშნებთ იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც თეორიულად, შესაძლოა, თავისივე ქვეყნისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ ტერაქტებს უკვეთდეს?

- რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ, რადგან მე ვთქვი, რომ თეორიულად ქაოსი შეიძლება ხელს აძლევდეს საქართველოში მყოფ ძალებს. ყველაფერს ნათელი ჩვენმა სპეცსამსახურებმა უნდა მოჰფინონ.

- როგორ ფიქრობთ, დღეს ქართულ სპეცსამსახურებს აქვთ საიმისო კომპეტენცია და რესურსი, რომ სავარაუდო ტერორისტულ გამომწვევებს გაუმკლავდნენ?

- დაუშვებლად მიმაჩნია, რომ საქართველოში არ არსებობს სპეცსამსახური, რომელიც ტერორიზმს შეებრძოლება. არ შეიძლება, ყველაფერი კონცენტრირებული იყოს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

- შსს-ში, თუ არ ვცდები, მოქმედებს ანტიტერორისტული ცენტრი.
- ჩემი აზრით, ანტიტერორისტული ცენტრი ცალკე უნდა იყოს და უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტს ექვემდებარებოდეს. ამ სამსახურს უნდა ჰყავდეს ძლიერი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ანალიტიკური ჯგუფი.

- ისე, კომპეტენტურმა პირებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ქართული სპეცსამსახურების ანალიტიკოსებს კარგად რომ შეესწავლათ და გაეანალიზებინათ ტერორისტული საიტები, სადაც ქართულ კონტინგენტს ბოლო დროს დიდ ყურადღებას უთმობდნენ, ქართულ ბაზებზე თავდასხმების გახშირება გასაკვირი არ იქნებოდა.
- რასაკვირველია. კოალიციის წევრი ქვეყნებისა და ამერიკის სპეცსამსახურებისგან იდეალი არ უნდა შევქმნათ.

არ უნდა ვიყოთ მხოლოდ იმის იმედად, რომ ამერიკული სპეცსამსახურები შეგვატყობინებენ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე საშინელი ტერორისტული აქტი მოხდა და ეს ვერაფრით აღკვეთა. ამიტომაც რაც შეიძლება სწრაფად ანტიტერორისტული ზომებია მისაღები.
თუ კარგად ვიმუშავებთ, ეს ნაყოფს გამოიღებს.

- ქართულმა სპეცსამსახურებმა რომელ მიმართულებას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება "კავკასიის იმარათს", ემიგრანტებს თუ რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს?

- ყველა მიმართულება უნდა გააკონტროლონ. უნდა შედგეს იმ ემიგრანტების სია, რომლებიც ბოლო პერიოდში დაფუძნდნენ საქართველოში. ქართულ სპეცსამსახურებს უნდა ჰქონდეთ მონაცემები იმ საეჭვო პირებისა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. გასაკონტროლებელი არიან რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციების წევრები და მათი მიმოწერა. მოკლედ, კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალ ტრაგედია არ მოხდეს სარფში, ქუთაისში, თბილისში, გონიოში თუ თელავში.

ამისთვის, კი არ უნდა მოვდუნდეთ და ვიძახოთ, პანიკას ნუ ავყვებითო, უნდა მივიღოთ სასწრაფო და პრევენციული ზომები, რომ რაც შეიძლება ეფექტურად შევძლოთ მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილება(!).
ლეილა
25 აგვისტო 2013 21:09
მართლაც აუცილებლად უნდა შემოწმდეს ვინც შემოდის ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენც კარი უნდა დავუხუროთ აზიიდან გაურკვეველი წარსულის მქონე პირების შემოსვლას და დაწესდეს მკაცრი კონტროლი
ilona
10 ივნისი 2013 15:33
რატომ გაიხსნა საზღვრები პაკისტანთან, ირანთან, ინდოეთთან? სააკაშვილი დარჩენილ სამ თვეში ავღანეთში ჩვენს ბიჭებს ერთიანად მუსრს გაავლებს და მერე აკეთეთ დასკვნები. პოლიტიკოსებო ასე რამ დაგაბრმავათ და დაგაყრუათ? ასეთი რა შემოსავალი გაქვთ, რომ ადამიანის სიცოცხლე კაპიკის ფასად არ გიღირთ? უსუფაშვილო შენი რამდენი ახლობელი გაგზავნე ავღანეთში "სამშობლოს" დასაცავად?
qartveli
10 ივნისი 2013 12:45
თუ ვაჟკაცები ხართ, აღიარეთ მართალი რომ არ შეიძლება თუნდაც ერთი პაკისტანელის ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე!
რომ არ შეიძლება სიძულვილით სავსე ირანელების ყოფნა ამ ღატაკ ქვეყანაში!
აგერ გღეს გამოაცხადეს, რომ შვეიცარიამაც კი კარი სამუდამოდ დაუხურა აზიურ ემიგრაციას!
პაკისტანელი ჩამოდის ევროპის გადასაგვარებლად, მეტი არაფერი! ჩვენ რაღა გვჭირს?!
შემოწმდნენ და ვინც ავსულობს(და დარწმუნებული ვარ, ავსულობს ყველა "ლტოლვილი"), გავუუქმოთ მოქალაქეობა, როგორც დღეს ამას აკეთებს ბრიტანეთი!
პაკისტანელი გველხოკერა თქვენ სულელი ქართველი ხომ არ გგონიათ?
სომხებზე დებილები ვართ???

რედაქტორის რჩევით