"სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?!"
17-06-2013
"სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?!"
"კომუნისტებსაც კი ჰქონდათ მიღების საათები და ცუდი არ იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება ამაზე დაფიქრდება"

"თუ ინტერპოლის მიერ ძებნილები საქართველოში იმყოფებოდნენ, ვინ მფარველობდა მათ?"


საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მოსაწყენი რომ გახდება, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ქვეყანა დამშვიდდაო. ჯერჯერობით კი ამას პირი არ უჩანს და ეს გასულ კვირასაც დადასტურდა - ერთმანეთს ცვლიდა მძაფრსიუჟეტიანი მოვლენები, დაწყებული იუსტიციის საბჭოს წევრების სკანდალური არჩევნებით და დამთავრებული ტერაქტის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავებით. კვირა დაგვირგვინდა ამერიკის კონგრესის განცხადებით,
რომელმაც ახალი ხელისუფლება სერიოზულად უნდა დააფიქროს იმაზე, მარცხდება თუ არა უცხოურ ფრონტზე საინფორმაციო ომში.

კონგრესის განცხადებაში შავით თეთრზე წერია: "საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და საქართველოს
შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას." ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი განცხადებების კომენტირებისას აცხადებენ, - მალე დარწმუნდებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომ დაკავებებს არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვსო. ეს "მალე" აღარ დადგა, სამაგიეროდ, თუ მთავრობამ მსგავს სტილში განაგრძო დასავლეთზე "მუშაობა" და საგარეო პიარი, უკვე გვიან იქნება და საქმე იქამდე მივა, რომ ალბათ, დასავლეთი "მასტერას", მეგის ქარდავას ან ოლეგ ფაცაციას გამოაცხადებს პოლიტპატიმრებად. კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე ვესაუბრებით ექსპერტ კახა კახიშვილს.


- პირველ რიგში, გილოცავთ ახალ ამპლუას. მკითხველს შევახსენებ, რომ თქვენ "პალიტრა ტვ"-სა და რადიო "პალიტრის" გადაცემის "აქ და ახლა" წამყვანი გახდით. ძალიან საინტერესო იყო 14 ივნისის "აქ და ახლა", როდესაც სამინისტროების ცხელ ხაზზე რეკავდით, თავს რიგით მოქალაქედ აცნობდით და სასწრაფო საქმის მომიზეზებით, მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვდით. პასუხებმა მართლაც მძიმე შთაბეჭდილება დატოვა
- აღმოჩნდა, რომ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს ოფიციალური მიღების საათებიც კი არ აქვთ. პასუხი ყველა უწყებაში ერთი იყო - მომწერე და  გიპასუხებენო. ჩემი აზრით, პირად საუბარსა და წერილებს შორის დიდი განსხვავებაა. კომუნისტებსაც კი ჰქონდათ მიღების საათები და ცუდი არ იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება ამაზე დაფიქრდება. ეს არ იქნება ასეთი ფორმატის ბოლო გადაცემა.  მოულოდნელად ისევ დავრეკავთ უწყებებში და ვნახავთ, სისტემურად შეიცვალა რამე თუ არა.

- გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ის კონგრესის განცხადება იყო, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის გაკვირვება გამოიწვია. ალბათ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ახალ ხელისუფლებას დასავლურ საინფორმაციო ფრონტზე სერიოზული პრობლემები აქვს.
- კონგრესმენები უნდა ჩამოიყვანო საქართველოში და აჩვენო ის ბინძური უკანონო ფარული ჩანაწერები, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში ამზადებდა. მაგრამ რად გინდა - ამ ფარული ჩანაწერების განადგურებას აპირებენ მანამდე, სანამ არ დადგება მათი ავტორების პასუხისმგებლობის საკითხი. შესაძლოა, სადღაც ერთ წელიწადში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადოს, რომ ყველაფერი ტყუილი იყო და არანაირი უკანონო არქივი არ არსებობდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმ უკანონო მასალების დადგენა და ამოღება, რომელიც შსს-ს არქივიდან ხელისუფლების გადაბარების პროცესში გაიტანეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ადამიანები,  ვინც გაიტანა ეს მასალა, არ ურეკავენ მთავრობის წევრებს და ამ მასალის გამოქვეყნების მუქარით, არ აიძულებენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, როგორიც სურთ.… დავუბრუნდეთ კონგრესის განცხადებას - მაინტერესებს, სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ, როდესაც საქართველოში 9 წლის განმავლობაში ირღვეოდა ადამიანის უფლებები?! მეორეც - საკვირველია, რატომ საუბრობენ კონგრესმენები პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, როდესაც ჯერ კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლოს არ გამოუტანია განაჩენი?! საზოგადოებაში ასეთი განცხადებები გაკვირვებას იწვევს და დიდ დარტყმას აყენებს დასავლელი პოლიტიკოსებისადმი ნდობას. კონგრესმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
კონგრესის განცხადება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლობისტების მუშაობის შედეგი მგონია. შემთხვევითი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ხშირად ჩადის აშშ-ში, ახლახან იქ იმყოფებოდა გიგა ბოკერიაც.

ახალი ხელისუფლება კი ამ მიმართულებით ვერ მუშაობს. ალბათ, დროულად უნდა გამოიტანონ დასკვნა, თორემ ასეთი განცხადებები გაგრძელდება. ასევე, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულები უნდა გახსნას, რომ დასავლეთში დარწმუნდნენ - ლამის პრეზიდენტით დაწყებული და კუდ-ის სამმართველოს უფროსით დამთავრებული, - ჩაბმული იყო უკანონო ქმედებებში.
26 მაისის საქმეზე მარტო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი კი არ უნდა დადგეს, არამედ იმ პროკურორის, მოსამართლისა თუ მაღალჩინოსნის, რომელთაც შსს-ს ხალხის დარბევა "გაუპრავეს".

- გასულ კვირას შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავა. ცოტა უცნაური სურათი შეიქმნა. თავდაპირველად, გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მათი დაკავებით ტერაქტი აღიკვეთა. თუმცა ბრალი კადიევსა და ომაროვს იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის წაუყენეს.
- იმედს ვიტოვებ,  რომ გამოძიება ობიექტური იქნება და დაადგენს სინამდვილეს. თუ დადასტურდა ვერსია ტერაქტებთან დაკავშირებით, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი -  სად იგეგმებოდა ტერაქტი, ვისი დავალებით, ვისი დაკვეთით. მათი დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ 2011 წლიდან ინტერპოლი ეძებდა, კადიევი და ომაროვი კი თავს საქართველოს აფარებდნენ. 2011 წელს "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდი იყო და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აკონტროლებდა უამრავი ადამიანის გადაადგილებას და მიმოწერას. ჩნდება კითხვა - თუ ინტერპოლის მიერ ძებნილები საქართველოში იმყოფებოდნენ, ვინ მფარველობდა მათ?  რეალურად, უმაღლესი თანამდებობის პირების მფარველობის გარეშე შეუძლებელი იყო ძებნილების საქართველოში ისე ყოფნა, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს არ დაეკავებინათ. 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში  სააკაშვილის მფრინავის, ზაურ ქორთოშიძის სახლში ცხოვრობდა. თუმცა ქორთოშიძე ამას უარყოფს და აცხადებს, რომ კადიევი მისი მხოლოდ შორეული ნაცნობი იყო.

- ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს ძალზე დელიკატური საკითხია და იმაზე საუბარი, ვის ვისთან ჰქონდა კავშირი, ჯერ ძნელია.

- 15 ივნისის მდგომარეობით, როდესაც ჩვენი ინტერვიუ იწერება, ჯერ კიდევ არ არის დაკავებული (დაადგინეს თუ არა ვინაობა, არ ვიცით) "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების ავტორი. საზოგადოებას ათასგვარი ეჭვი და ვერსია აქვს გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

-  ეს ვიდეორგოლი ერთი დიდი ჯაჭვის რგოლის შთაბეჭდილებას ტოვებს. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს - 26 მაისს სააკაშვილის ჩასვლა ავღანეთში, უცნაური საუბარი ჯარისკაცებთან, ვიდეოს გავრცელება და ა.შ. ბევრი კითხვა ჩნდება. გამოძიებამ უნდა იმუშაოს შემდეგი კუთხითაც - რა განზრახვით ჩავიდა პრეზიდენტი ავღანეთში, რატომ შედგა ჯარისკაცთან ასეთი საუბარი და რატომ გავრცელდა ეს საუბარი მასმედიის საშუალებით. თუ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ ზემოხსენებულ ცალკეულ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება.

- იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
- საქართველოში ქაოსისა და დაძაბულობის შექმნა შედის როგორც უცხოური სპეცსამსახურების, ისე ზოგიერთი ქართული პოლიტიკური პარტიის ინტერესში. ქაოსი და დაძაბულობა აზიანებს ქვეყანას, სახელმწიფოს იმიჯს და ინვესტიციას უქმნის პრობლემას. ვიცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის სტილია ქვეყნის იმიჯის შესუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და შემდეგ  ხელისუფლების უზურპაცია. მთავარია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, ამიტომაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ დავასახელებ.

- თუმცა ისე გამოდის - იმ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოსო.
-  ტერაქტებსა და "თალიბანის" ვიდეორგოლებს თავი რომ დავანებოთ,  მარტივად შეგვიძლია გაანალიზება - 9 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი არ ჩასულა ავღანეთში და უცნაური კითხვები არ დაუსვამს ჯარისკაცებისთვის. რატომ გააკეთა ეს ახლა, როცა იცის,  რომ მალე დატოვებს თანამდებობას? ვიცით, რომ "ნაციონალები" სიფრთხილით ეკიდებოდნენ ნებისმიერი ინფორმაციის ტელეეთერით გაჟონვას.

ჩნდება სხვა  კითხვაც -  ერთია, რომ სააკაშვილმა  დაუსვა ჯარისკაცს კითხვები და მეორეა, რომ მის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანიამ ეს კადრები გაავრცელა.
ყველა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს გამოძიებამ. აღნიშნულ საკითხზე მეტი საუბარი ამ ეტაპზე ალბათ, მიზანშეწონილი არ არის.

- კარგი, ვისაუბროთ იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე. მოსამართლეთა კონფერენციის 9 ივნისის სხდომას ადვოკატებმა "კუბლაშვილის კლანის" გამარჯვება უწოდეს.

- იუსტიციის საბჭოს არჩევნები მართლაც კუბლაშვილის კლანის გამარჯვებაა. ყველანი ველოდით, რომ 9 ივნისს ჩაეყრებოდა საფუძველი დამოუკიდებელ სასამართლოს. იუსტიციის სამინისტრო და საპარლამენტო უმრავლესობა გვარწმუნებდა - ისეთი ცვლილებები შეგვაქვს კანონში "სასამართლოების შესახებ", რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმის შედეგად თავისუფალ სასამართლოს მივიღებთო. ამ პროცესში პრაქტიკოს იურისტებთან კონსულტაციის სურვილიც კი არ გასჩენიათ. არადა, თეორიულად შეიძლება კანონი ეფექტიანი და ქმედითი გეჩვენებოდეს, მაგრამ პრაქტიკოსი იურისტების გარეშე ვერ გათვლი, კანონი როგორ იმუშავებს და შესაძლებელია თუ არა მისი  მუხლების ინტერპრეტაცია.

საერთოდ, როდესაც კეთილსინდისიერად კითხულობ კანონს, მისი ინტერპრეტაციის სურვილი არ გაგიჩნდება, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას ხომ უნდა გაეთვალა, ვისთან ჰქონდა საქმე?!. მიხეილ  სააკაშვილის ბოლო მნიშვნელოვანი ბერკეტი სწორედ სასამართლო იყო. ამიტომ, როდესაც იცი, ვისთან გაქვს საქმე,  ყველაფერი ისე უნდა გათვალო,  რომ მას არ მისცე თვითშემოქმედების საშუალება. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ შოუს დადგმით, კანონის ბუნდოვანი მუხლების ინტერპრეტაციით კოტე კუბლაშვილმა ახალი ვადით გაიყვანა საკუთარი მხარდამჭერები იუსტიციის საბჭოში. ეს მოხდა ტაშფანდურით და ვითომდა  დემოკრატიის დემონსტრირებით. სერიოზული სპექტაკლიც კი გაითამაშეს უმცირესობამ და კუბლაშვილმა - ვითომ "ნაცმოძრაობა"  კანონის მიღების წინააღმდეგი იყო, კუბლაშვილი კი აცხადებდა: მხარს ვუჭერ ასეთი ტიპის რეფორმასო. ახალმა ხელისუფლებამ მოადუნა ყურადღება, იფიქრა, რომ ვიღაცები დაადგნენ გამოსწორების გზას და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. საერთოდ,  მოსამართლეთა კონფერენციაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ისე, თითქოს მართლა მოსამართლეთა კონფერენციასთან გვაქვს საქმე. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდნენ დაკვეთილი მძიმე გადაწყვეტილებების გამოტანით.

კუბლაშვილის მოადგილე ზაზა მეიშვილმა პირდაპირ განუცხადა მოსამართლეებს, -  თუ მხარს დამიჭერთ იუსტიციის საბჭოში,  არც ერთი თქვენგანის  პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება უკანონო გადაწყვეტილებების გამო,  ვიზრუნებ, უვადოდ დაინიშნოთ, მოვითხოვ, ხელფასი მოგემატოთ და სიცოცხლის ბოლომდე გქონდეთ ხელფასის ოდენობის პენსიაო.

მოსამართლეთა ნაწილმა იცოდა, რომ თუ კუბლაშვილის გარშემო არ გაერთიანდებოდნენ, საზოგადოებასა და პრინციპულ მოსამართლეებს ხელებს არ გადაუგრეხდნენ,  მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. პრინციპულმა და შედარებით სამართლიანმა მოსამართლეებმაც დაუშვეს შეცდომა იმით, რომ ბოლომდე დარჩნენ კონფერენციაზე. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოახდინა კანონის ინტერპრეტაცია, დღის წესრიგის შედგენაში არ ჩართო კონფერენციის მონაწილეები, მოსამართლეებს არ მისცა საშუალება, კითხვები დაესვათ იუსტიციის საბჭოს კანდიდატებისთვის, დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინათ კონფერენცია და დაესვათ წერტილი იმისთვის, თითქოს ღონისძიება დემოკრატიულად ჩატარდა.

- მკითხველს ავუხსნათ, რატომ ფიქრობთ, რომ "ნაციონალები" სასამართლოზე კონტროლის უფლებას ინარჩუნებენ. იუსტიციის საბჭო ბოლომდე ჯერ არ დაკომპლექტებულა.

- იუსტიციის საბჭო შედგება 15 წევრისგან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება 10 ხმა. მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია საბჭოს 9 წევრი, ანუ ამ ხმებს აკონტროლებს კუბლაშვილი. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოში უნდა აირჩიოს 6 წევრი. აქედან 4 აირჩიეს, 2 - ვერა, რადგან მათ დამტკიცებას ხმების 2/3 სჭირდება. "ქართულ ოცნებას" ამდენი ხმა პარლამენტში არ აქვს, "ნაციონალები" კი დემარშებს აწყობენ და კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაიწყება ვაჭრობა ამ 2 წევრზე შემდეგი ფორმულით - ერთი შენ და ერთიც მეო. შესაბამისად, კუბლაშვილს იუსტიციის საბჭოში 10 წევრი ეყოლება. მივიღებთ საბჭოს, სადაც იქნება დებატები, კამათი, სერიოზული განცხადებები, მაგრამ საბოლოოდ  მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას,  რაც სურს კუბლაშვილის გუნდს, ანუ "ნაციონალურ მოძრაობას." ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ  ადმინისტრაციული კოლეგია სერიოზული ბერკეტია "ნაცმოძრაობის" ხელში და "ნაცმოძრაობა" ამას სახელისუფლებო "ომისას" გამოიყენებს.

- კერძოდ?
-  ადმინისტრაციულ მოსამართლეებს შეუძლიათ მთავრობის, პრემიერის თუ ნებისმიერი მინისტრის დადგენილების, ბრძანებულების თუ სხვა აქტის გაუქმება.

- თქვენ რეალურად გეჩვენებათ საფრთხე იმისა, რომ სასამართლოებმა ასეთი ფორმით მთავრობას შეუტიონ?
- ეს საფრთხე რეალურია. ამით სააკაშვილის მიერ კონტროლირებადმა სასამართლომ შესაძლოა, ქვეყანაში ქაოსი შექმნას, შეასუსტოს და ჩამოშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და უუნარო გახადოს ხელისუფლება. არ მინდა, ჩემი ეს სიტყვები ახდეს, მაგრამ ვიმეორებ, საფრთხე რეალურია.

- გასულ კვირას აჟიოტაჟი იყო "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების იმ პროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პრემიერს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება ენიჭება.
- რაც შეეხება კანონპროექტს - არ არის სწორი, რომ პრემიერმა უნდა დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ არც ისეა საქმე, თითქოს უნივერსიტეტების ავტონომიას საფრთხე ემუქრება. მითხარით, რომელ უნივერსიტეტს ჰქონდა ავტონომია? არარსებულს საფრთხე ვერ დაემუქრება.
elguja
01 თებერვალი 2014 10:12
სააკაშვილის ბანდას დასავლეთის მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, ასე თამამად, ვერ გაბედავდნენ ამდენი ბოროტების ჩადენას! ახლაც მათი უპირობო მხარდაჭერის იმედი აქვთ!
beso
01 ივლისი 2013 19:51
ერთამა მეჯღანის ბიჭმა ისწავლა კითხვის დასმა, რას იტყოდა ამაზე ამხანაგი სტალინიო, ისე როგორცა ამას აკეთებდა იპერატორი, რას იტყოდა ამაზე იმპერატორი.
საქართველოს ნაციამ, დიახ ნაციამ, ასეა დღეს საქართველო წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოებაში და არა მეფე ამისა და ამისა, ვერ ისწავლა პოლიტიკა. ამის ნიმუშია კითხვა, სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?
უფრო სასარგებლო იქნებოდა დაესვა კითხვა, რას იტყოდა ამაზე დავით აღმაშენებელი, ან პატარა კახი. დიახ რას იტყოდა ამაზე მეფე საქართველოსი! ან საქართველოს უგვირგვინო მეფე ილია მართალი!
რა არის ქვეყნის ინტერესი და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ ინტერესის რეალიზებისათვის.
ქართულად მოაზროვნე იურისტი კი არა, დღეს ჩვენ ქართულად მოაზროვნე პოლიტიკოსი და ნაცია(მოქალაქე) გვჭირდება.
მარინე
29 ივნისი 2013 15:14
ბატონო კახი მე შემიძლია გიჩვენოთ ოჯახი რომელსაც წინა მთავრობამ ცხოვრება გაუუპატიურა და შეურყვნა.ტუ დაინტერესდებით შემიძლია სახალხოდ გამოსვლაც.მადლობთ

რედაქტორის რჩევით