"დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" "ნიურნბერგის პროცესის" მსგავს სასამართლოს ვერ ასცდებიან" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" "ნიურნბერგის პროცესის" მსგავს სასამართლოს ვერ ასცდებიან"

"ზოგჯერ  ადამიანები თავიანთ სიმხდალეს პოლიტიკური დევნით და ზეწოლით ხსნიან"

"ცენტრ პოინტის" ბრუნვიდან ამოღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს"

ახალი ხელისუფლებისგან უფრო მეტს რომ ვითხოვთ, ვიდრე "ნაციონალებისგან" ვითხოვდით, სულაც არ არის გასაკვირი.  საზოგადოების დიდი ნაწილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლამდეც დარწმუნდა (ჯერ კიდევ ციხის კადრებამდე), რომ ვანო მერაბიშვილის პოლიციის გამჭვირვალობა მხოლოდ მითი იყო, რომ ზურაბ ადეიშვილისგან შეიძლება ყველაფერი მოგეთხოვა, გარდა სამართლიანი გადაწყვეტილებისა და პროკურორის მიერ წინასწარ შედგენილ ჩვენებას ხელს თუ არ მოაწერდი, ცოლ-შვილსაც გვერდით მოგისვამდნენ. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველას გვეგონა, რომ ზემოხსენებული სიმახინჯე ერთხელ და სამუდამოდ ჩაჰბარდებოდა წარსულს. შესაბამისად, როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებში ხდება მოვლენა, რომელიც ძალიან ჰგავს ამ სიმახინჯეს, საზოგადოება მკვეთრად რეაგირებს, უპირველესად ვგულისხმობ მამუკა მიქაუტაძისა და მამუკა ივანიაძის საქმეებს. მიქაუტაძემ, სავარაუდოდ, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო, ივანიაძემ კი განაცხადა - პროკურორი დავითაშვილი ღამღამობით მხვდებოდა და დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდაო. მსგავს საქმეებში უპასუხო კითხვები არ უნდა დარჩეს, თორემ უფრო მძიმე შემთხვევებს მივიღებთ. თუმცა ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

- საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვა ქვეყნებში არ მომხდარა. ჩვენი მენტალიტეტი ერთ წამში ვერ შეიცვლება. ჩემი აზრით, ზოგჯერ  ადამიანები თავიანთ სიმხდალეს პოლიტიკური დევნით და ზეწოლით ხსნიან. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასეთ ზეწოლას გაუძლოს, თუ ვაჟკაცობა ჰყოფნის. ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს - დაწყებულია გამოძიება და იმედია, ყველაფერი გაირკვევა. ბევრჯერ მიფიქრია - მოვახერხებდი თუ არა ასეთი ზეწოლის გაძლებას. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებდი - ბევრად რთული სიტუაციებისთვის გამიძლია. ადამიანის არჩევანია - წავა თუ არა კომპრომისზე საკუთარ სინდისთან და თუ წავა, მაშინ თავის გასამართლებელი არგუმენტები აღარ უნდა ეძებოს. ვიმეორებ - 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადამიანები უცბად ვერ შეიცვლებოდნენ. უბრალოდ, ყველაფერი უნდა გაცხადდეს და ყველაფერს აეხადოს ფარდა, რაც ხდება კიდეც ამ მთავრობის პირობებში.

- თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სანამ სამართალდამცავი სტრუქტურები ძველი კადრებისგან არ გაიწმინდება, ასეთი ფაქტები იქნება.

- იდეა ერთია, რეალობა კი სულ სხვა. ავსტრალიაშიც დაფიქსირებულა დაკავებულებზე ზეწოლის ფაქტები და აშშ-შიც. მთავარია, ადამიანმა ამ ყველაფერს გაუძლოს. არა მგონია, ბოლო დროს ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებში ვინმე ფიზიკურად ეწამებინოთ, შეიძლება ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას კი ჰქონდეს ადგილი.

- "ნაციონალებმაც" ხომ შეიძლება თქვან (თუ არ ვცდები, ამბობენ კიდეც) - რაც ჩვენს დროს ხდებოდა, იგივე ხდებოდა ავსტრალიაში და ამერიკაშიო.

- ძალიან დიდი განსხვავებაა, რაც ხდებოდა "ნაციონალების" მმართველობისას და რაც ხდება დღეს. განსხვავება ის არის, რომ დღეს გადაცდომებს საზოგადოებას არ უმალავენ და იწყებენ მის გამოძიებას. დარწმუნებული ვარ, დღეს ზეწოლას შენდობა არ აქვს. მეორეც - "ნაციონალების" დროს სისტემურად იყო დამკვიდრებული წამება და გაუპატიურება, რაც დღეს ნამდვილად არ ხდება. მიუღებელია ფსიქოლოგიური ზეწოლაც, მაგრამ ვიმეორებ - მისი გაძლება შეიძლება.

- თუ ასეთ ფაქტებს დროულად არ მიექცევა ყურადღება, შეიძლება ნელ-ნელა მძიმე შემთხვევებშიც გადაიზარდოს.

- გასაგებია, მაგრამ დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებათა შორის განსხვავება ის არის, რომ ცდილობენ რეაგირება მოახდინონ და ფაქტებს არ ჩქმალავენ.

- კონკრეტულ შემთხვევას სხვა კუთხითაც შევხედოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ ყოფილ მინისტრ დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა. ვის შეიძლება ჰქონდეს ახალ ხელისუფლებაში კირვალიძის მთავარ დამნაშავედ წარმოჩენის ინტერესი?

- არ გამოვრიცხავ, რომ ახალ ხელისუფლებაში ზოგიერთს ჰქონდეს კიდეც ასეთი ინტერესი, თუმცა გვარ-სახელების დასახელება გამიჭირდება. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი დავით კირვალიძე ყველაზე სწორად მოიქცა - გადაბრალება კი არ დაუწყია, უბრალოდ თქვა, გთხოვთ, ჩემი საქმე სწრაფად გამოიძიოთო. დარწმუნებული ვარ, რომ ის უდანაშაულოა, სუფთაა და თუ რაიმე კანონდარღვევა იყო, ამაში მონაწილეობა არ მიუღია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი ნათელი გახდება.

- საკადრო საკითხს დავუბრუნდები. გასულ კვირას არასამთავრობოებმა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გააფრთხილეს. განცხადების თანახმად, პროვოკაციების მოწყობას შსს-ში დარჩენილი სააკაშვილისა და მერაბიშვილის ერთგული კადრები გეგმავენ, რათა შეასუსტონ ღარიბაშვილის პოზიცია და ამით პრობლემები შეუქმნან ივანიშვილის ხელისუფლებას.

- არ გამოვრიცხავ, რომ ძველი კადრებისგან მართლაც იყოს პროვოკაციები და ასეთი ადამიანები მართლაც მუშაობდნენ გინდ შსს-ში და გინდ პროკურატურაში. მათგან შეგნებული და შეუგნებელი გადაცდომები ყოველთვის არის მოსალოდნელი, მთავარია მათი დროული გამოვლენა, ამას კი ირაკლი ღარიბაშვილის უწყება ნამდვილად აკეთებს. შესაძლოა, ღარიბაშვილს გარკვეული პროცესის სადავეები გაექცეს, მაგრამ ამის გამოსწორებას ახერხებს. სხვათა შორის, სულ რომ ახალი კადრებით დააკომპლექტო სამართალდამცავი ორგანოები, არ არის გარანტია, რომ ისინიც ისე არ მოიქცევიან, როგორც ძველი თანამშრომლები.

- საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, რომ ჩინოსანმა არ შეასრულა პოლიტიკური ლიდერის მითითება. არჩილ კბილაშვილმა ივანიშვილის მისდამი მიმართვის მიუხედავად, არ შეცვალა გადაწყვეტილება ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებით...

- ამ შემთხვევაში არჩილ კბილაშვილის მხარეზე ვარ. არსებობს სამართალი და არსებობს სამართლიანობაც. სწორედ სამართლიანობა მოითხოვდა, რომ ლადო ბედუკაძე, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა ციხის საზარელი ამბები და ფაქტობრივად, "ქართულ ოცნებას" არჩევნები მოაგებინა, არ ყოფილიყო დასჯილი. ამიტომ კბილაშვილის ადგილზე მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი. ყოჩაღ არჩილ კბილაშვილს, რომელმაც ივანიშვილის ზეწოლას გაუძლო და არ შეცვალა გადაწყვეტილება.

- ანუ ივანიშვილმა კბილაშვილზე ზეწოლა განახორციელა? ისე, ზოგიერთმა ექსპერტმა განაცხადა - წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ კბილაშვილს ივანიშვილის რჩევა არ გაეთვალისწინებინა, თორემ მთავარი პროკურორი პრემიერისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ გაბედავდაო.

- დიახ, კბილაშვილზე პრემიერმა სერიოზული ზეწოლა განახორციელა. ამის გარდა, მას ბედუკაძის გამო ლამის მთელი საპარლამენტო უმრავლესობა დაუპირისპირდა, მაგრამ მთავარმა პროკურორმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. პირდაპირ გეტყვით - მეც მივიჩნევ, რომ თავის დროზე ვლადიმერ ბედუკაძემ გმირობა ჩაიდინა, გმირი კი ჯვარს არ უნდა აცვა.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენის ავტორი კვლავ პროკურატურა იყო - "ცენტრ პოინტის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვგულისხმობ. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თაღლითობის მუხლებით წაუყენეს ბრალი. დაკავებულია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია.

-  "ცენტრ პოინტი" კლასიკური ფინანსური პირამიდა იყო. მივიჩნევ, რომ ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადება ამორალური იყო - თუ რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს პატიმრობას შეუფარდებენ, კლიენტები დაზარალდებიანო.

ამას რა მნიშვნელობა აქვს?! კანონი ხომ უნდა აღსრულდეს?! პირადად მეც, "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ვარ, მაგრამ ჯანდაბას ის 30 ათასი დოლარი - მირჩევნია, სამართლიანობა აღდგეს. არ მეშინია ვთქვა - "ცენტრ პოინტის" ბრუნვიდან ამოღებული დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს, მის საარჩევნო კამპანიებს თუ სხვა პროექტებს. როდესაც რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა, მაშინ ვთქვი - ეს არ შერჩება-მეთქი. ასეც მოხდა.

არ გამოვრიცხავ, რომ "ცენტრ პოინტის" ჯაჭვი მიხეილ სააკაშვილამდე მივიდეს.

- ისე, ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ "ცენტრ პოინტის" ქონების "დექსუსისთვის" გადაცემის ინიციატორები იყვნენ გიგი უგულავა და ზურაბ ადეიშვილი.

- "ცენტრ პოინტის" გარშემო განვითარებული მოვლენების მთავარი დირიჟორი მიხეილ სააკაშვილი იყო. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს მალე გამოჩნდება. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილთან ერთად, სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

- კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ევროკომისარ შტეფან ფულეს ვიზიტი იყო. მან საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ საქართველოს პერსპექტივებზე. ძალიან საინტერესო იყო მისი განცხადებაც, რომლის თანახმად, სასამართლოს რეფორმა აუცილებელია, სამართალსა და კანონზე მაღლა არავინ დგას და შესაბამისად, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.

- შტეფან ფულემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი მკვეთრად გაიზარდა. მან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ არ დააყენა. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელსაც შემდეგ ფულემაც გაუსვა ხაზი, - როდესაც პრემიერს ჰკითხეს, რომ იუსტიციის საბჭოს არჩევნებით საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოაო, მან თქვა, რომ ის კმაყოფილია, ოღონდ კმაყოფილია არა შედეგით, არამედ პროცესების დემოკრატიულად წარმართვით. ფულემ ისიც აღნიშნა, რომ ვინც კანონი დაარღვია, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის ვანო მერაბიშვილმაც, მიუხედავად იმისა, პარტიის გენერალური მდივანია თუ პრეზიდენტობის კანდიდატად უპირებდნენ დასახელებას. სწორედ ამით განსხვავდება ევროკავშირის პოზიცია ევროპარლამენტის პოზიციისგან. ევროკომისრებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რაც ხდება საქართველოში.

ფულეს ვიზიტმა დაადასტურა, რომ ევროპა ბოლოს და ბოლოს გაერკვა, რა პროცესები მიმდინარეობს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდეს. ამაზე ფულემ საკმაოდ პირდაპირ მიანიშნა.

- თუმცა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას იწინასწარმეტყველა, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ვერ მიიღებს და საერთოდაც, "ქვეყანა ხუთოსნების ჯგუფიდან ოროსნების ჯგუფში გადადის".

- სააკაშვილმა რაც უნდა, ის იწინასწარმეტყველოს. ასოცირების ხელშეკრულებას ხვალ თუ არა, ზეგ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ. სააკაშვილის განცხადებებს კი მალე აღარავინ მიაქცევს ყურადღებას, რადგან ის წარსულის კაცია. ისე, პრეზიდენტს ვურჩევდი, პროგნოზების გაკეთების მაგივრად, იმაზე ეფიქრა, როგორ გადაურჩეს ციხეს.

- პრეზიდენტის რა მოგახსენოთ, მაგრამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ბეჟან გუნავას ამ კუთხით მძიმედ აქვს საქმე. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად გუნავამ ამას პოლიტიკური დევნა უწოდა.

- ბეჟან გუნავა პოლიტიკური დევნილი არ არის. როდესაც "ნაციონალები" პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ, არ დაავიწყდეთ, რომ იუსტიციის საბჭოშიც და სასამართლოებშიც ისევ "მიშისტები" არიან.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაიწყო "ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილისა და მერაბიშვილისგან გამიჯვნის პროცესი? მაგალითად, აკაკი ბობოხიძემ მოითხოვა, რომ პრეზიდენტმა და ყოფილმა პრემიერმა პარტიული თანამდებობები დატოვონ. ამ გამიჯვნას ხომ არ "ურჩევდა" პრემიერი თავის მიმართვაში "ნაციონალებს", როდესაც მოუწოდებდა - საპრეზიდენტო არჩევნები გამოიყენონ, როგორც ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი.

- აკაკი ბობოხიძე "ნაციონალებში" ყველაზე მორალური პიროვნება ნამდვილად არ არის. არიან სხვა, უფრო სუფთა ადამიანები. დიდი ხანია ველოდები, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნანგრევებზე სხვა პარტია ჩამოყალიბდება. მათი მოსაზრებები ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ არიან "ნაციონალებში" ადამიანები, რომლებსაც სისხლში არ გაუსვრიათ ხელები. მაგალითად, მაინტერესებს, რატომ უნდა ჩაჰყვეს დავით ბაქრაძე ჩაძირულ გემს?!  დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" "ნიურნბერგის პროცესის" მსგავს სასამართლოს ვერ ასცდებიან. მაგრამ რატომ უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმაც, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ?! ამ კუთხით ძალიან ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და მეც მოვუწოდებდი ახალგაზრდათა გარკვეულ ჯგუფს, გაემიჯნონ "ნაციონალების" ლიდერებს, შექმნან სხვა პარტია და განაგრძონ პოლიტიკური მოღვაწეობა.

- NDI-მ კვლევების მორიგი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევების პრეზენტაციისას NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ ხაზი გაუსვა - წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

- დიდი ხანია, NDI-ს კვლევის შედეგებს არ ვენდობი. ყველას კარგად გვახსოვს, რა მონაცემებს აქვეყნებდა ეს ორგანიზაცია 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, შედარებით შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ეს არ არის საკვირველი. ქართველები მოუთმენელი ხალხი ვართ და ყველაფერი უცბად გვინდა. ამდენად, არ არის უცნაური, საპარლამენტო არჩევნებიდან ცხრა თვის შემდეგ იმედგაცრუება რომ გაჩნდა, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს - ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს კონკურენციას ვერ გაუწევენ და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი უინტერესო იქნება. თუმცა თუ პაატა ბურჭულაძე თავის კანდიდატურას დაასახელებს, ალბათ, პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნების მეორე ტურს ვიხილავთ.

- ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში? ისე, პაატა ბურჭულაძეს არ ეტყობა, რომ თავისი კანდიდატურის დასახელებას აპირებდეს.

- არ ვიცი, შესაძლოა, მეორე ტურში მარგველაშვილმა გაიმარჯვოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს კონკურენცია ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებას წაადგება.