"სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია"

"ბაქრაძე ცრუობს, რადგან მისი მიზანია ისე წარმოჩნდეს, თითქოს ისიც სისტემის მსხვერპლი იყო და არა ნაწილი"

"სტრიპტიზბარებშიც კი საბიუჯეტო თანხებით დადიოდნენ"

"სითი პარკში" გააფორმეს პირი, რომელსაც თვეში 80 ათასი ლარი(?!) დაუნიშნეს ხელფასად და ის სამსახურში ერთხელაც კი არ მისულა

"ნაციონალების" პრაიმერი იმ არჩევნებს ჰგავს, ყოფილი მმართველი გუნდი ამ 9 წლის განმავლობაში რომ ატარებდა ხოლმე - შედეგები წინასწარ არის დაწერილ-გაწერილი, მაგრამ ხელოვნური აჟიოტაჟის უზრუნველსაყოფად საარჩევნო პროცესის იმიტაცია ხდება. შესაბამისად, "ნაციონალების" პრაიმერზე, ალბათ, "კვირის თემაში" არც ვიმსჯელებდით, რომ არა ზუგდიდის ინციდენტი (რომელიც პარლამენტში როლანდ ახალაიათი არის წარმოდგენილი). ამ ქალაქში "ნაციონალების" ლიდერებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი დავით ბაქრაძე და კომპანია პრაიმერის ჩასატარებლად თეატრის შენობაში კორდონის გავლით შეიყვანა. არადა, ზოგიერთ ექსპერტს ეგონა, მოსახლეობას სიბრაზის პირველმა ტალღამ გადაუარა და წარსულს ჩაჰბარდა ის დრო, "ნაციონალების" ლიდერების ქუჩაში გამოჩენა გინებითა და გაწევ-გამოწევით რომ მთავრდებოდა ხოლმე. თუმცა ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ჯერ შორსაა იმ დრომდე, როდესაც დრო ყველა იარას მოაშუშებს".

- განსაკუთრებით ეს ზუგდიდზე ითქმის. ყოფილი ხელისუფლების დროს სამეგრელოზე კონტროლი ერთ კონკრეტულ ოჯახს - ახალაიებს ჩააბარეს. რა მექანიზმებით ხდებოდა ეს კონტროლი და ადამიანების დამორჩილება, ყველანი კარგად ვხედავთ, განსაკუთრებით ბოლო დროს აღმოჩენილი მასალების წყალობით. ამიტომ ზუგდიდელების აგრესია სულაც არ მიკვირს. მაგრამ მინდა გავაფრთხილო ჩვენი თანამოქალაქეები - ასეთ ინციდენტებს "ნაციონალები" სათავისოდ იყენებენ: ახდენენ მის ტირაჟირებას დასავლეთში, რათა ძალადობის მსხვერპლად წარმოჩნდნენ. ამიტომაც პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ძალადობა აღარ განმეორდეს, რათა "ნაციონალებმა" საგარეო არენაზე ჩვენს ქვეყანას პრობლემები არ შეუქმნან.

- საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა. მისი თქმით, ეს ვიდეომასალებთან დაკავშირებით მოქმედი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა. ღარიბაშვილმა ბაქრაძის განცხადება უარყო. ამ კომისიის წევრი ხომ თქვენც ხართ და, ბოლოს და ბოლოს, რომელი ცრუობს - ბაქრაძე თუ ღარიბაშვილი?

- დავით ბაქრაძე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ, კომისიის წევრებმა არ ვიცით, ვისზე რა მასალებია. ჩვენ უბრალოდ ვნახეთ დოკუმენტი, სადაც, მაგალითად, წერია "სექსუალური ცხოვრების ამსახველი მასალა". 94 ფაილი.” ვინ არის დაფიქსირებული ამ ვიდეოჩანაწერში - პოლიტიკოსი, ინჟინერი, ბაქრაძე, პეტრე თუ პავლე, წარმოდგენა არა გვაქვს.

ვიმეორებ, ვიდეომასალა კომისიის არც ერთ წევრს არ გვაქვს ნანახი. ბაქრაძე ცრუობს, რადგან მისი მიზანია ისე წარმოჩნდეს, თითქოს ისიც სისტემის მსხვერპლი იყო და არა ნაწილი.

- იმ მინირევოლუციაზეც მინდა გკითხოთ, თბილისის საკრებულოში რომ მოხდა. ალბათ, დიდი შერლოკჰოლმსობა არ სჭირდება იმის პროგნოზირებას, რომ უგულავას პრობლემები მოემატება. კერძოდ, სავარაუდოდ, ახალი უმრავლესობა უპირველესად სწორედ თბილისის მერიის ხარჯებში ჩაიხედავს და შეეცდება, გაარკვიოს, რამდენად სამართლიანად ტარდებოდა ტენდერები.

- საკრებულოს კომისიები, რომლებსაც ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ, ყველა მიმართულებით დაიწყებენ მერიის საქმიანობის შესწავლას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარევიზიო კომისია - მას ძალიან ბევრ დოკუმენტზე მიუწვდება ხელი. შესაბამისად, გასული 9 წლის განმავლობაში მერიის საქმიანობის შესახებ ძალიან ბევრი მასალა გამომზეურდება, საკმაოდ დიდი ნაწილი კი პროკურატურას გადაეცემა.

უპირველესად, ალბათ, მერიის მიერ გაწეული ხარჯები უნდა შეისწავლონ. Gგარდა ამისა, კომისიებმა უნდა იმუშაონ სხვა მიმართულებითაც - 2012 წლის არჩევნების წინ მერიამ თავისი სტრუქტურები გაამსხვილა, გაზარდა შტატების რაოდენობა და იქ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურად აქტიური მხარდამჭერები დანიშნა, ანუ საბიუჯეტო ხელფასები გიგი უგულავას პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა. დავუბრუნდები მიზნობრივი ხარჯების თემას, რომელიც საკრებულოს ახალი უმრავლესობის განსაკუთრებული დაინტერესების საკითხი იქნება. თბილისის ბიუჯეტი ზოგიერთისთვის ჯიბის ფულად იყო ქცეული და სტრიპტიზბარებშიც კი საბიუჯეტო თანხებით დადიოდნენ. Aამ კუთხითაც ალბათ, ძალიან საინტერესო ამბებს გავიგებთ.

- ბოლო 3-4 თვეში იმის პროგნოზირება, რომ საკრებულოში "ნაციონალები" უმრავლესობას დაკარგავდნენ, ძნელი არ იყო. არც იმის წინასწარმეტყველებას სჭირდება ნათელმხილველობის ნიჭი, რომ ყოფილი ოპოზიციონერებით დაკომპლექტებული კომისიები პირველად მერიის ხარჯებს თუ საეჭვო გადაწყვეტილებებს შეისწავლიან. შესაბამისად, ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ მერიაში ზოგიერთი დოკუმენტი გაანადგურონ (თუ უკვე არ გაანადგურეს)?

- არ გამოვრიცხავ, რომ მერიაში ბევრი დოკუმენტი უკვე გაანადგურეს ან გაანადგურებენ. თუმცა ყველას ვერ მოსპობენ. მერიის იმ სამსახურების თანამშრომლებმა, რომელთაც შესაძლოა, დოკუმენტების განადგურება უბრძანონ, უკვე იგრძნეს, რომ "ნაცმოძრაობამ" ძალა დაკარგა. შესაბამისად, საკრებულოს ახალი უმრავლესობა მაშინვე შეიტყობს, თუ მერიაში დოკუმენტების განადგურება დაიწყეს. Gგარდა ამისა, დოკუმენტების ასლები სხვადასხვა უწყებაშიც იქნება გადაგზავნილი. სხვათა შორის, ისე იყვნენ მიშვებული მერიასა და საკრებულოში, ისე იყვნენ დარწმუნებული, რომ სულ "ნაციონალები" იქნებოდნენ ხელისუფლებაში, რომ ოფიციალურ დოკუმენტებსა და გადაწყვეტილებებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო ფაქტებს შევიტყობთ. თუმცა ჯერ ეს მასალები გამოძიებისთვის იქნება საინტერესო.

- ხარჯებსა და საკადრო გადაწყვეტილებებთან ერთად, ალბათ, საზოგადოებას ყველაზე მეტად მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების საკითხი აინტერესებს.

- ტენდერები კორუფციული სქემების ნაწილია. თბილისში ვერავინ მოიგებდა ტენდერს, თუ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის რომელიმე წარმომადგენელს ან "ატკატს" არ მისცემდა, ან შავ ფულს. ბიზნესმენები, განსაკუთრებით სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები, დღეს უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ შავ ფულს ხელზე აძლევდნენ ფინანსური პოლიციის ან თბილისის მერიის თანამშრომლებს.

განსაკუთრებით საინტერესოა ტენდერები და მერიის გადაწყვეტილებები დაკავშირებული თბილისის მიკროავტობუსებსა და "სითი პარკთან". მაგალითად, "სითი პარკში" გააფორმეს პირი, რომელსაც თვეში 80 ათასი ლარი(?!) დაუნიშნეს ხელფასად და ის სამსახურში ერთხელაც კი არ მისულა.

- და ვინ იყო ის?

- არ ვიცი. არც "სითი პარკის" თანამშრომლებმა იციან, რადგან არასოდეს უნახავთ. ესეც კორუფციული სქემის ერთ-ერთი ნაწილია, ისევე როგორც დენის გადასახადის ნაგავზე მიბმა, მიწების გაფორმება თუ თაბუკაშვილის ქუჩიდან მობინადრეების გამოყრა. ამ კორუფციული სქემის სათავეში კი გიგი უგულავა იდგა. თუმცა "ნაციონალებმა" ისეთი კანონმდებლობა შექმნეს, რომ ვერც თბილისის მერს გადააყენებ და ვერც რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავ. უგულავა ხვალვე რომ გადადგეს, 2014 წლის არჩევნებამდე მერის უფლებამოსილებებს მისი მოადგილე შეასრულებს. Pპარლამენტს მოუწევს დაფიქრება კანონმდებლობის შესაცვლელად.

- გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა "ნანუკას შოუში" საინტერესო განცხადებები გააკეთა. ერთ-ერთი მათგანი მინდა შემოგთავაზოთ სტილის დაცვით: "დავინახეთ ჩვენი შეცდომებიც, რადგან როცა ურემი გადაბრუნდება, გზა გადასარევად ჩანს ხოლმე. უნდა ვთქვა, რომ მათ შორის ისეთი შეცდომებიც დავინახეთ, თქვენ რომ არც ხართ მიხვედრილი. ჩვენ მიხვედრილი ვართ და თმა ყალყზე დაგვიდგა". რომელ შეცდომას გულისხმობდა სააკაშვილი?

- გასაგებია, რომ სააკაშვილს პასუხისმგებლობის გრძნობა არა აქვს. მაგრამ თუ ახლა ნერვიულობს და თმა ყალყზე უდგება, ნუ გვამკითხავებს და თავად თქვას, რას გულისხმობდა ზემოხსენებულ განცხადებაში. ამ 9 წლის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ხომ წარმოგიდგენიათ, რა უნდა იყოს ის შეცდომა თუ დანაშაული, რაც მასაც კი თმას ყალყზე დაუყენებს? გარდა ამისა, სხვა საყურადღებო განცხადებაც გააკეთა. კერძოდ, თქვა, რომ აქტიური პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და მიანიშნა კიდეც, რომ არ გამორიცხავს ხელისუფლებაში დაბრუნებას. სააკაშვილის პრეზიდენტად დაბრუნება ფანტასტიკის სფეროდ მეჩვენება. თუმცა ის ყოველნაირად შეეცდება, მთავრობა დაასუსტოს და თანაგუნდელების ხელით ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს. ამაში უკანასკნელ როლს არ შეასრულებს დიდი ფული, რომელიც სააკაშვილს აქვს. პრეზიდენტი ხშირად იმეორებს, რა ვქნა, არა მაქვს 6 მილიარდიო. არადა, მან 9 წლის განმავლობაში 6 მილიარდიც იშოვა და მეტიც, რომელიც არავინ იცის, რომელ საზღვარგარეთულ ანგარიშებზე აქვს. დიახ, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია.

- საინტერესო განცხადებას აკეთებთ. კონკრეტულად, რა სქემით შეუძლია სააკაშვილს დაასუსტოს ივანიშვილის მთავრობა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს?

- დაიწყებენ იმით, რომ გადაჯგუფდებიან - "ნაციონალების" ნაწილი ვითომდა გაემიჯნება ამ პარტიას, შექმნის ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. რეალურად კი თითოეული დაჯგუფების უკან სააკაშვილის ფული იქნება. შემდეგ კი ეს დაჯგუფებები დაიწყებენ არაჯანსაღ ოპონირებას, შეეცდებიან, მოამზადონ ისეთი კანონპროექტები, რაც შეასუსტებს ხელისუფლებას, წინა პლანზე წამოსწევენ მთავრობის საწინააღმდეგო თემებს.

- კი მაგრამ პრემიერი გულხელდაკრეფილი იქნება? Aარ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილს პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, ურომლისოდაც ვერც ერთი კანონპროექტი ვერ დამტკიცდება.

- ჯერ ერთი, ეს უმრავლესობა ხელოვნურია და გამაერთიანებელი ფაქტორი თავად ივანიშვილის ფიგურაა და მეორე - ძალიან სახიფათოა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

დღეს, როდესაც ივანიშვილი პრემიერია, მაინც კარგად ჩანს კოალიციაში პარტიებს შორის დაპირისპირება და რაც შეიძლება მეტი ბერკეტის ხელში ჩაგდების სურვილი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან?

კოალიცია მაშინვე დაიშლება და შესაბამისად, დაიშლება საპარლამენტო უმრავლესობა. აბა, გამოიცანით, როდესაც პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ძალთა ბალანსი 60X40-ზეა, ვინ იქცევა უმრავლესობად კოალიციის ერთიანობის დასრულების შემდეგ? დიახ, ახალ უმრავლესობას მაშინვე შექმნიან "ნაციონალური" დაჯგუფებები, რომელთა ლიდერები იქნებიან დავით ბაქრაძისთანა ფიგურები, რომლებიც დღედაღამ გაჰყვირიან, ვემიჯნებით ძალადობასო. ბაქრაძისთანა ფიგურები კი შესაძლოა, მიმზიდველი პარტნიორებიც კი გახდნენ კოალიციის ყოფილი წევრებისთვის. რა თქმა უნდა, ახალი უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაირქმევს, საზოგადოება რომ არ გააღიზიანოს. მაგრამ ეს იქნება "ნაციონალების" ფარული უმრავლესობა, რომლის უკან სააკაშვილის ფული იქნება.

- ძალიან დრამატულ სცენარებზე ხომ არ ვსაუბრობთ? სხვათა შორის, ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ქაოსის დაწყების მცირე რისკი მაინც იქნება, პოლიტიკიდან არ წავა.

- მაგრამ ეს რისკი რომ გამოირიცხოს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წავიდეს, საჭიროა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც. Aამას კი წინ უნდა უძღოდეს ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავება.

- და რა უნდა იყოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ოფიციალური მიზეზი? ხელისუფლებამ ოფიციალურად რომ განაცხადოს, ეს საკანონმდებლო ორგანო ძალთა ბალანსს ვერ ასახავსო, ალბათ, დასავლეთის რისხვა დაატყდება თავზე.

- სიმართლე გითხრათ, სურს თუ არა პრემიერს, ის მაინც დადგება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის წინაშე. უპირველესად იმიტომ, რომ საკანონმდებლო ორგანოში, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, კრიზისი დაიწყება. ვგულისხმობ როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას. დღეს პარლამენტი გადაქცეულია "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის ურთიერთობის გარკვევისა და პოლიტიკური ვაჭრობის არენად. რაც მთავარია, პარლამენტს "ნაციონალები" იყენებენ იმისთვის, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოჩნდნენ. ასეთი არაბუნებრივი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება და, ადრე თუ გვიან, მოგვიწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

- გამოდის, თქვენ არ ენდობით NDI-ს ბოლო კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" 10%-ით ქვეყანაში #2 პოლიტიკური ძალაა.

- ეს შედეგი ხელოვნურადაა მიღებული. შეგახსენებთ, რომ NDI საპარლამენტო არჩევნების წინაც აქვეყნებდა კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობა" უალტერნატივო იყო. დღეს, რა თქმა უნდა, ამას ვეღარ იტყვიან. სამაგიეროდ, მათი სტრატეგიული ამოცანაა, "ნაციონალები" მეორე პოლიტიკურ ძალად გამოიყვანონ. შემდეგ ამის ტირაჟირებას ახდენენ საზღვარგარეთ და ჩვენი დასავლელი მეგობრებიც სხვანაირად რეაგირებენ, როდესაც ე. წ. #2 პოლიტიკური ძალის ლიდერების მიმართ სამართლებრივი პროცედურები იწყება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ერთმანეთს ხმები არ წაართვა, მეორე ადგილზე მათი კანდიდატი გავა (ყველაზე საუკეთესო ვარიანტი მეორე ტურის ჩატარება იქნებოდა, რაც გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს) და საბოლოოდ დაიმსხვრეოდა მითი "ნაციონალური მოძრაობის", როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის შესახებ.

- მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ უცნაურ განცხადებაზე მინდა გკითხოთ. პუტინს საქართველოს პრემიერისთვის 2 მილიარდი დოლარი აქვს მიცემული და მისგან ყველაფრის დათმობას ითხოვს, მათ შორის ჩემს პოლიტიკურ, მორალურ და სამართლებრივ განადგურებასო.

- სააკაშვილს რომ უსაგნო ჭორაობა სჩვევია, ახალი ამბავი არ არის. სხვას აბრალებს იმას, რასაც თავად გააკეთებდა ან გაუკეთებია. 2003 წლამდე მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები მოსკოვში ხშირად ჩადიოდნენ სწორედ ფულის წამოსაღებად და მაშინ ამაზე არაერთხელ დაწერილა. სააკაშვილს იმდენად სძულს ივანიშვილი, რომ აღარ იცის, რა დააბრალოს. ძალიან სძულს, იმიტომ, რომ ივანიშვილმა მას წაართვა მეფური ცხოვრება, რასაც სააკაშვილი მინიმუმ 30 წლის განმავლობაში გეგმავდა. სხვათა შორის, სააკაშვილმა უნდა იცოდეს, ცრუ დასმენა და ცილისწამება კანონით ისჯება. თუ აქვს მასალები სახელმწიფო დანაშაულის შესახებ, კეთილინებოს და მიმართოს პროკურატურას. თუმცა ყველამ ხომ ვიცით, რომ ეს უსაგნო ჭორაობაა და სააკაშვილის ამ განცხადების სერიოზულ კონტექსტში განხილვა წყლის ნაყვაა.

- მინდა ევროპარლამენტარების ("ევროპის სახალხო პარტიიდან") ვიზიტზეც გკითხოთ. მათ ვანო მერაბიშვილი ციხეში მოინახულეს და შეშფოთდნენ, რომ ყოფილი პრემიერი ოჯახის წევრებს ვერ ხვდება და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია არა აქვს. შემდეგ მოვლენები ცოტა უცნაურად განვითარდა. კერძოდ, ევროპარლამენტის საიტს თუ დავუჯერებთ, ევროდეპუტატები პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა შეხვედროდნენ. თუმცა შეხვედრა არ შედგა. დღემდე ბუნდოვანია, ევროპარლამენტარებმა ჩაშალეს შეხვედრა პროტესტის ნიშნად თუ უსუფაშვილმა და ივანიშვილმა არ მიიღეს დასავლელი სტუმრები.

- არც ერთ ქვეყანაში არა აქვს ბრალდებულს უფლება, რეგულარულად შეხვდეს ოჯახის წევრებს. მათ შორის იმ სახელმწიფოებშიც, საიდანაც იყვნენ ჩამობრძანებული ევროპარლამენტარები. Bბრალდებულის იზოლაცია სწორედ იმიტომ ხდება, რომ მას არ ჰქონდეს რეგულარული შეხვედრები და კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. ალბათ, ყველასთვის ნათელია, რომ ევროპარლამენტარები "ნაციონალების" თხოვნით ჩამოვიდნენ საქართველოში და გააკეთეს ასეთი განცხადებები. მათ მოვუწოდებდი, ცოტა ადეკვატური ყოფილიყვნენ.