საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება - კვირის პალიტრა

საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება

"კოალიციამ თავისი ფუნქცია შეასრულა და ის დაიშლება"

"ჩვენ, საწვავის მომხმარებლებს, გვატყუებენ ხარისხთან დაკავშირებით"

"პირველად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში

არჩევნები "ბელადის" გარეშე ტარდება"

"საზღვარგარეთ ბანკი კრედიტის სახით ქონების ღირებულების 100-80%-ს იძლევა, ეს მაჩვენებელი კი საქართველოში მხოლოდ 30%-ს შეადგენს"

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე კითხვებით თავგაბეზრებულმა ბაჩო ახალაიამ პროკურორს მიაძახა -"ნაციონალებს" არჩევნებში რომ გაემარჯვათ, ასეთ შეკითხვებს დამისვამდიო?  მართლაც, ალბათ, ყოფილი მმართველი პარტიის ციხეში თუ გარეთ მყოფ ლიდერებს ენატრებათ ის დრო, როდესაც მომკითხავი და გამკითხავი არავინ იყო და ზოგიერთი, დღეს რომ პოლიტიკურად მოტივირებულად დევნილად ასაღებს თავს, შიშის ზარს სცემდა საკუთარ მოსახლეობას. თუმცა ალბათ, სჯობს, "ნაციონალებმა"საკუთარ თავს ჰკითხონ - რატომ მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ პრაიმერების ჩატარება პოლიციის კორდონების თანხლებით უწევთ და სანამ შენობაში შეაღწევენ, ფრთხილად უნდა იყვნენ - ემანდ კვერცხი ან ბოთლი არ მოხვდეთ თავში. ბათუმისა და ზუგდიდის მსგავსად, პრაიმერს ინციდენტების გარეშე არც თბილისში ჩაუვლია. ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალების" ღონისძიებებისა და ინციდენტების ერთმანეთთან გაიგივებაში ბრალი თავად ყოფილ მმართველ გუნდს მიუძღვის.

- თბილისის საკრებულოში მართლაც საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ალბათ, ყველა ელოდება, რა ნაბიჯებს გადადგამს საკრებულოს ახალი უმრავლესობა თბილისის მერის, გიგი უგულავას "მიმართულებით". თუმცა ზედმეტი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. თუ არჩევითი თანამდებობის პირის, მათ შორის, უგულავას წინააღმდეგ არსებობს მასალები, ეს პროკურატურის საქმეა და არა საკრებულოსი. სიმართლე გითხრათ, საკრებულოში უმრავლესობის შეცვლა და ახალი თავმჯდომარის არჩევა დიდმნიშვნელოვან მოვლენად არ მიმაჩნია. მთავარია, რომ ახლოვდება ოქტომბრის არჩევნები, ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილება ეწურება და საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება. ისიც ნათელია, რომ ვერანაირი ხელოვნური კოაბიტაცია თუ დასავლეთ-აღმოსავლეთის მხარდაჭერა ვერ უშველის ვერც ერთ პარტიას, თუ მას მოსახლეობაში არ აქვს დასაყრდენი. მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობას" ორი გზა აქვს - ან გასამართლდება როგორც პარტია, ან უნდა მოახერხონ და მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვოს. ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა. სხვათა შორის, ბოლო თვეების განმავლობაში ისიც დადასტურდა, რომ ახალი ხელისუფლება წამგებიან გზას ადგა, როცა განსაკუთრებით პრივილეგირებულად მიიჩნევდა იმ ძალას, რომელსაც ამომრჩეველმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს უარი უთხრა. მოვისმინეთ განცხადება, - ქართული დემოკრატიის ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენააო. არც ერთი პარტიის საქმე არ არის მეორე პარტიის გადარჩენა. Aამიტომ ერთმანეთისთვის თავს ნუ იკლავენ და ნუ ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, სატელიტური პარტიების "სარტყელი" შეკრას თავის გარშემო.

- "ქართულ ოცნებას" გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ მომძლავრებული პოლიტიკური ძალები ცდილობენ სატელიტური პარტიების "სარტყელი" შემოირტყან. არადა, სააკაშვილისა და "ნაციონალების" 9-წლიანმა მმართველობამ დაადასტურა, რომ აბსოლუტური ძალაუფლებაც რომ გქონდეს, ვერ იქნები დღეგრძელი, თუ მოსახლეობის ნებას ანგარიშს არ გაუწევ. შესაძლოა, ადამიანები, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, "დააჩმორო", ციხეებში გამოკეტო და გააღატაკო, მაგრამ ქართველ ხალხს აქვს უნიკალური უნარი, ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს. აი, შედეგიც - მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდნენ, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" განადგურებულია, მისი პოლიტიკური პერსპექტივა კი -– ბუნდოვანი. ამ ახალ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აქვს, რომელზეც ყურადღება არ მახვილდება - არ ჩანს "ბელადი". ეს შესანიშნავია - ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როდესაც არჩევნებისას არ გვყავს თვალებგადმოკარკლული იდიოტი, რომელიც პირიდან ცეცხლს აფრქვევს და ქართველი ხალხი თრთოლვას იწყებს, შემდეგ ხალხი მას ირჩევს და ორ წელიწადში კატასტროფის წინაშე ვდგებით.

როგორც იქნა, შეგვიძლია ნორმალურ ადამიანებზე ვილაპარაკოთ. ის, რომ პირველად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში არჩევნები "ბელადის" გარეშე ტარდება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის გარდამტეხი მომენტია.

- ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო უცნაურ განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, თქვა, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა პუტინისგან 2 მილიარდი აიღო. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის დარბევას FBI-ს სპეციალისტები მონიტორებზე აკვირდებოდნენ და დასკვნაც დაწერეს - ყველაფერი კანონიერად იყოო. საზოგადოება FBI-ს საპასუხო განცხადებას ელოდა, მაგრამ ამერიკელები დუმან და უკვე ისე გამოდის, რომ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

- დეპუტატობისას მიხეილ სააკაშვილთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდა და ძალიან პერსპექტიულ პოლიტიკოსადაც მიმაჩნდა. ერთ-ერთი შეხვედრისას ვუთხარი, რომ თუ ამ გუნდით მოვიდოდა ხელისუფლებაში, დაიღუპებოდა. სამწუხაროდ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და ასეც მოხდა. არადა, სააკაშვილი სხვა გზით რომ წასულიყო და ხალხის ნების იგნორირება არ მოეხდინა, 20-30-წლიანი პოლიტიკური დღეგრძელობა ექნებოდა. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებს ივანიშვილთან დაკავშირებით, ალბათ, იმას გულისხმობდა, რომ პრემიერის ბიზნესი რუსეთში საბაზრო კაპიტალიზაციაზე ძვირად გაიყიდა.

არადა, ივანიშვილის ბიზნესი რუსეთში საათივით აწყობილი იყო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია და რა გასაკვირია, რომ საბაზრო კაპიტალიზაციაზე ძვირად გაყიდულიყო. თუმცა მესმის სააკაშვილის - ყოველნაირად ცდილობს, ივანიშვილს ჩრდილი მიაყენოს. პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ სულაც არ იყო შემთხვევითი. სააკაშვილი კარგად აცნობიერებს, რომ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მძიმე პერსპექტივები ელოდება და ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ კიდევ ბევრი ფაქტის შესახებ შევიტყობთ, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რა ქვეყანაში გვიცხოვრია ამ 9 წლის განმავლობაში. შესაბამისად, სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში ბოლომდე უარყოფით პიროვნებად რომ არ შევიდეს, შეეცდება, 9 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე მხოლოდ თვითონ არ აგოს პასუხი. რაღაცამ ან ვიღაცამ ეს 9 წელი უნდა "ჩარეცხოს". მხოლოდ ვანო მერაბიშვილი ამ ყველაფერს ვერ "ჩარეცხავს", რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი "ხუთეულის" წევრი იყო, სახელმწიფოში პირველი პირი არ ყოფილა.

- დავაკონკრეტოთ - სააკაშვილი პასუხისმგებლობის გადანაწილებას ამერიკელებზე აპირებს და მიანიშნებს, რომ ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ჩვენი ოკეანისგაღმელი მეგობრების თანხმობით ხდებოდა?

- ეს თავად სააკაშვილმა უნდა თქვას. ვიმეორებ - მან მიანიშნა, რომ მარტო არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას და არ არის გამორიცხული, ალაპარაკდეს კიდეც. თუმცა, ჩემი აზრით, მან არ უნდა თქვას ისეთი რაღაცები, რაც სახელმწიფო ინტერესებს ზიანს მიაყენებდა.

- მაინც რაზე უნდა ალაპარაკდეს. Pპრეზიდენტის მხრიდან მინიშნებებს შანტაჟის სუნი ხომ არ დაჰკრავს?

- ეს არ არის შანტაჟი, მცდელობაა, რომ სხვებსაც გაუნაწილოს პასუხისმგებლობის ტვირთი. რაც შეეხება იმას, რაზე ალაპარაკდება, სჯობს, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ნუ დავიწყებთ თეორიულ მსჯელობას, რათა ქვეყნის ინტერესებს დარტყმა არ მივაყენოთ. დაველოდოთ სააკაშვილის მომდევნო განცხადებებს.

- ანუ გჯერათ, რომ FBI-ს სპეციალისტები 2011 წლის 26 მაისს შსს-ში ისხდნენ და მათი თანხმობით მოხდა ყველაფერი?

- სახელმწიფო უწყებებთან არ მაქვს კავშირი და შესაბამისად, არც ინფორმაცია. თუმცა

FBI-ს სპეციალისტები აქ რომ არ ყოფილიყვნენ და სააკაშვილს ცრუ განცხადება გაეკეთებინა, ის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებდა თავს–- ელემენტარულად, ცილისმწამებლად წარმოჩნდებოდა ჩვენი დასავლელი მეგობრების თვალში.

მოვუწოდებ სააკაშვილს, გამოვიდეს და თქვას ყველაფერი ამერიკელებზე, რუსებზე, ფრანგებსა თუ ინგლისელებზე. ვიმეორებ - დაველოდოთ სააკაშვილის მორიგ განცხადებებს.

- ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის საკითხთა ექსპერტებს შეხვდა, რომელსაც თქვენც ესწრებოდით. საინტერესოა, შეხვედრის მონაწილეებმა პრემიერთან ისაუბრეთ თუ არა საწვავის ფასთან დაკავშირებით? ახლახან კვლავ გაძვირდა საწვავი, არადა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას.

- ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ პრემიერისთვისაც. ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა, რომ გარკვეული საკითხების წამოწევა მოულოდნელი იყო და ჩვენი მოსაზრებები გაიზიარა. რაც შეეხება საწვავის საკითხს, არა მხოლოდ ფასზე, ხარისხზეც ვისაუბრეთ. ჩვენ, საწვავის მომხმარებლებს, გვატყუებენ ხარისხთან დაკავშირებით. იგივე ითქმის მათზეც, ვისაც მანქანები გაზზე ჰყავთ. Pპრემიერი შეგვპირდა, რომ ეს საკითხი მთავრობას არ დარჩება უყურადღებოდ.

- რომელი საკითხების წამოწევა იყო ივანიშვილისთვის მოულოდნელი?

- პრემიერს ვუთხარი, რომ დღეს ადამიანებს არ აქვთ ბიზნესის დაწყების საშუალება, ანუ არ არის ხელმისაწვდომი საწყისი კაპიტალი. ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, კონკრეტულად ამეხსნა, რა იყო პრობლემა. ავუხსენი, - პრობლემა ის არის, რომ მთელი ქვეყანა დამოკიდებულია ბანკებზე. მოთხოვნები, რომელსაც ბანკები უყენებენ მათ, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს, აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. კარგი იქნება, თუ მაგალითად, საგირავნო ფონდი შეიქმნება, რაც ადამიანებს დაეხმარება ბანკებიდან კრედიტების აღებაში. შეგვიძლია ვიფიქროთ პროცენტების თანადაფინანსებაზე და საგარანტიო რესურსზე. მაგალითად, დღეს ადამიანს მშვენიერი სახლ-კარიც რომ გქონდეს და ნაკვეთიც, კრედიტს ვერ აიღებ, რადგან გაუფასურებულია ყველაფერი. საზღვარგარეთ ბანკი კრედიტის სახით ქონების ღირებულების 100-80%-ს იძლევა, ეს მაჩვენებელი კი საქართველოში მხოლოდ 30%-ს შეადგენს. შესაბამისად, ათასობით ადამიანს არ აქვს ბიზნესის დაწყების საშუალება. არადა, ქვეყანაში თუ საშუალო და მცირე ბიზნესი არ განვითარდა, სასიკეთო ძვრა არ იქნება. მივიღეთ პირობა, რომ მთავრობა დაამუშავებს ამ წინადადებებს.

- თუ არ ვცდები, შეხვედრაზე 2020 წლამდე საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამთავრობო  გეგმის მონახაზზეც ისაუბრეთ...

- ამ გეგმაში რამდენიმე  მთავარი მიმართულებაა. Pპირველ რიგში, უნდა გვყავდეს კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი და პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მთავრობამ გაიზიარა მოსაზრება, რომ მთავარი ადამიანური კაპიტალი და რესურსია და ამაზე იქნება სწორება. გეგმა მოიცავს განათლების სფეროსაც–- დაწყებული ბავშვის სკოლამდელი აღზრდით და განათლების მთელი ინდუსტრიით დამთავრებული. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტრადიციული საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტების შექმნა და ფონდების განვითარებაა.

- საინტერესოა, შეხვედრისას რომელიმე ექსპერტს ხომ არ გიკითხავთ ივანიშვილისთვის, მართლა აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან წასვლას. მიუხედავად პრემიერის განცხადებებისა, ეს კითხვა უპასუხოდ არის დარჩენილი.

- ამაზე არ გვისაუბრია, მაგრამ შეხვედრისას გამოჩნდა, რომ ივანიშვილს ძალიან შორსმიმავალი გეგმები აქვს და შესაბამისად, არ არის არანაირი ნიშანი, თითქოს ის თანამდებობიდან წასვლას აპირებდეს. პრემიერი საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებს.

- ერთი შეხედვით საინტერესოდ ვითარდება მოვლენები კოალიციის შიგნით. ბოლო დროს პრესაში ხშირად წერენ, რომ კოალიციის სხვა წევრები "რესპუბლიკელების" შეზღუდვას ცდილობენ. ამაზე მიანიშნა "რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილედ აღარ დანიშნეს.

- ვერ გეტყვით, რა ხდება კოალიციის კულუარებში. თუმცა ერთი რამ ცხადია - კოალიციამ თავისი ფუნქცია შეასრულა და ის დაიშლება. თუმცა ტრაგიკული და დრამატული ამაში არაფერია. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ სხვა პოლიტიკურ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება, კოალიციის დაშლაც ამის ნაწილი იქნება და ეს მოხდება უმტკივნეულოდ.

- გასულ კვირას საინტერესო განცხადებები პრემიერმაც გააკეთა. კერძოდ, მან პირდაპირ თქვა, რომ უკმაყოფილოა ზოგიერთი მაჟორიტარის საქციელით და გამოთქვა მოსაზრება არჩევნებში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ. მან უპასუხისმგებლო უწოდა პარლამენტის მიერ იმ კანონპროექტის დამტკიცების დაწყების პროცედურებს, რომლის თანახმადაც,  სასესხო ან იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელება 1-ელ თებერვლამდე შეჩერდება.

- მაჟორიტარების საკითხი მართლაც სერიოზული პრობლემაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ ვიცით, როგორი სახელმწიფო გვაქვს, ჯერ კიდევ ვერ განგვისაზღვრავს სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის პრინციპები. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე პირადად, აბსოლუტურად ვეთანხმები საკანონმდებლო ორგანოს, რომელმაც მთავრობას მიანიშნა, რომ დროა, ბანკებთან ერთად დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება. ელემენტარულად, ათასობით ადამიანს ემუქრება უსახლკაროდ დარჩენა და თუ ეს მოხდა, შესაძლოა, ისეთი მძიმე ფონი მივიღოთ, განზე დაგვრჩეს ბიზნესიც და ბანკებიც.