"დიდი სკანდალი წინ გველოდება"
05-08-2013
"დიდი სკანდალი წინ გველოდება"
"კუბლაშვილის სასამართლო შეტევაზე გადავიდა"

"ნაცვლიშვილის მიზანია, უახლოეს თვეებში მთავარი პროკურორი გახდეს"


მოსამართლე გიორგი დარახველიძემ, რომელმაც ბაჩო ახალაია გაამართლა, ლამის თქვენი მონა-მორჩილის ცოდვაც დაიდო. კერძოდ, ტაქსით ვმგზავრობდი, როდესაც რადიოს საინფორმაციო გამოშვებაში ახალაიას გამართლების შესახებ გამოაცხადეს. ტაქსის მძღოლმა შეჰყვირა და თავში ხელები შემოირტყა, საჭე გაექცა, მანქანა საპირისპირო ზოლზე გადავიდა და მილიმეტრებით ავცდით მიკროავტობუსს. მოგვიანებით, მძღოლმა მიამბო, თურმე ორი ავტობუსი ჰყავდა, რომლითაც თურქეთში მგზავრები გადაჰყავდა. 2012 წელს შსს-ს თანამშრომლებმა ავტობუსების სახელმწიფოსთვის ჩუქება მოსთხოვეს,
უარის მიღების შემდეგ კი მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. კაცს ინფარქტმა დაარტყა და გულის ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ოპერაციის მესამე დღეს პალატაში სოდ-ის თანამშრომლები დაადგნენ და ცოლ-შვილის დაპატიმრების მუქარით "ჩუქების" დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს. შესაბამისად, მძღოლმა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი პირად შეურაცხყოფად მიიღო. თავად განსაჯეთ, რამდენმა მოქალაქემ განიცადა ეს
გრძნობა. თუმცა ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ახალაიას გამამართლებელი განაჩენის პროგნოზირება რთული არ იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კუბლაშვილის სასამართლო შეტევაზე გადავიდა.


- სასამართლომ გაამართლა კაცი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მარცხისა და ამ 9 წლის განმავლობაში რაც ქვეყანაში ხდებოდა, იმის მთავარი შემოქმედი იყო. მოვისმინეთ ზოგიერთი პარლამენტარისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლის შეფასებები - დადასტურდა, რომ სასამართლო პროკურორის გავლენისგან თავისუფალია. ასეთი განცხადებები ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია. ახალ ხელისუფლებას სასამართლოებზე გავლენა არც ჰქონდა და არც აქვს. კონტროლს სასამართლოებზე კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" ინარჩუნებს. ხალხისთვის საინტერესო იქნება, გაიგოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბაჩო ახალაიას საქმის გასარჩევად მოსამართლე გიორგი დარახველიძე დანიშნა - ის მოსამართლე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლაკატების გაკვრისთვის ციხეში უშვებდა. მეც ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ეს კაცი. მოდი, ახალაიას საქმეზე დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტს და შემდეგ უფრო საფუძვლიან განცხადებებს გავაკეთებთ.

ჩვენს დეპუტატებს მოვუწოდებ, ავტორიტეტი შეინარჩუნონ და "ნაციონალებივით" ნუ იმეორებენ დაზეპირებულ ფრაზებს "დემოკრატიის ზეიმსა" და "სასამართლოს" თავისუფლებაზე.

- ხომ არ იყო მოვლენების ასე განვითარება მოსალოდნელი მას შემდეგ, რაც კოტე კუბლაშვილმა იუსტიციის საბჭოში უმრავლესობა მოიპოვა და სასამართლოზე გავლენა შეინარჩუნა? შეგახსენებთ, რომ ახალაიას გამართლებამდე ახალციხის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და მისი თანამშრომლები, რომელთაც ადამიანის სკამის ფეხით გაუპატიურება ედებოდა ბრალად.
- დიახ, კუბლაშვილის სასამართლო შეტევაზე გადავიდა.
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ლაპარაკობს და, რა თქმა უნდა, მთელი მისი უკანონობის შლეიფიც "აშრიალდა", მათ შორის - სასამართლო სისტემა. მოწმენი ვართ, რომ მნიშვნელოვანი საქმეების განსახილველად დღესაც ინიშნებიან ზურაბ ადეიშვილის ფავორიტი მოსამართლეები. მაგალითად, მოსამართლე ზვიად ესებუამ უნდა განიხილოს იმ უდანაშაულო პროფესორების საქმე, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს "ტრაქტორების საქმეზე". არადა, ესებუა სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც ჯაშუშობის მუხლით ციხეში გაუშვა უდანაშაულო ვახტანგ მაისაია და ბაკურ კიღურაძე, ქვეყნის დამაქცევრად გამოაცხადა კინოსტუდიის ყოფილი დირექტორი არჩილ გელოვანი, საწამებლად გაიმეტა ცოტნე გამსახურდია და ახლა პროფესორებს მიადგა.
იმ დღეს, როდესაც ახალციხის სასამართლომ ბორჯომელთა მტარვალი ოთხი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, პროფესორები ციხეში გაამწესეს და იმის საშუალებაც არ მისცეს, გირაოთი გათავისუფლებულიყვნენ. ამ ყველაფერში როლს პროკურატურაც ასრულებს თავისი შემადგენლობით.
ვაცხადებ - მალე გაირკვევა, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, თუმცა პროკურატურის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს "განაჩენი" უკვე გამოუტანა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, საქართველოში აშშ-ისა და შვეიცარიის ელჩებმა და ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამერბერგმა. ვნახოთ, რა განაჩენს გამოუტანს მოსამართლე ესებუა პროფესორებს და სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის თუ არა დანაშაულებრივი კავშირი პროკურატურასა და სასამართლოს შორის. ესებუა გადაწყვეტილებებს ყოველთვის პროკურატურის დაკვეთით იღებდა.

- გასაგებია, რომ პროკურატურის მაღალჩინოსანში მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს გულისხმობთ. რას ნიშნავს, რომ მაღალი რანგის დიპლომატებმა მას "განაჩენი" უკვე გამოუტანეს?
- ნაცვლიშვილი დიპლომატებმა სათითაოდ მოინახულეს მის კაბინეტში. გარდა ამისა, მას წერილებითაც მიმართეს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კი "ტრაქტორების საქმეზე" დასკვნაც მოამზადა. მათგან მხოლოდ ჰამერბერგის წერილი გასაჯაროვდა, სხვა დიპლომატების წერილები და ამერიკელების დასკვნა კი კვლავ გასაიდუმლოებულია.

ნაცვლიშვილს ჰგონია, რაც მეტად დაუმალავენ სიმართლეს საზოგადოებას, მით წარმატებით განხორციელდება მათი მზაკვრული ჩანაფიქრი. ჰამერბერგის წერილში ნათლად არის ნათქვამი, რომ დაკავებული პროფესორები უდანაშაულონი არიან და სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ.

- და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დასკვნაში რა წერია?
- მისი შინაარსი პრაქტიკულად ბატონმა ჰამერბერგმა გაამჟღავნა, როდესაც ის პროფესორების გათავისუფლების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა და თქვა, სრულად ვეთანხმები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დასკვნასო. ესე იგი, ჰამერბერგსა და ამერიკელებს ერთი და იგივე აზრი აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ ჰამერბერგმა ანალოგიური წერილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნა.

- თქვენ ზემოთ პროკურატურის მზაკვრული გეგმა ახსენეთ და იქნებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე. ისიც საინტერესოა, თქვენი აზრით, ლაშა ნაცვლიშვილს რა ინტერესი უნდა ჰქონდეს "ტრაქტორების საქმეში"?

- მზაკვრული გეგმა არ არის იმის მცდელობა, რომ საქმე შეთითხნო და უდანაშაულო პროფესორები ციხეში გამოამწყვდიო? ინტერესი კი ძალიან მრავალკომპონენტიანია. Kკონკრეტულად, რა მიმართულებით აქვს ლაშა ნაცვლიშვილს ინტერესი, არ ვიცი. არ არის გამორიცხული, ეს იყოს ის დიდი დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არის გამოყოფილი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ტრაქტორების საქმეს" საფუძვლად დაედო კომპანია "ჯი თი გრუპის" საჩივარი, რომელიც მონოპოლისტი იყო ამ სფეროში. შესაძლოა, ზოგ-ზოგიერთის ინტერესი აქაც ვეძებოთ. მეტს ვერ დავაკონკრეტებ, რადგან სასამართლო ჯერ არ დასრულებულა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ სოფლის მეურნეობა ერთადერთი სფეროა, სადაც მონოპოლისტური სისტემების დემონოპოლიზაცია დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო უვარგისი იმპორტირებული პროდუქციის განადგურებაც და ამან, ალბათ, ზოგიერთი გაახელა. ასეთი პროცესები, სამწუხაროდ, სხვა უწყებებში არ ჩანს.

მონოპოლისტები ისევ არიან ქართულ ბაზარზე, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც მზად არის, არ იძვრის ადგილიდან, მონოპოლისტების მიერ წარმოებული ან იმპორტირებული საქონელი არ იაფდება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ელიტური კორუფცია და სახელმწიფო რეკეტი მართლა აღარ არსებობს? მაშინ სად მიდის ეს თანხები, რატომ არ იაფდება პროდუქტი? იქნებ ჩვენ ყველანი ცილს ვწამებდით წინა ხელისუფლებას?

- რისი თქმა გინდათ, ელიტური კორუფცია და რეკეტი შენარჩუნდა და უბრალოდ, პეტრემ პავლე ჩაანაცვლა?

- მე ვსვამ ზემოხსენებულ კითხვას და იმედია, პასუხს მივიღებ. თუმცა იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც დღეს ბიზნესშია, რომელიმე კითხვაზე პასუხის მიღება ძნელია. როდესაც გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლებიდან მიდის, დამარცხებული ძალის ხელმძღვანელი კი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე გაჰყვირის, გიჟი უნდა იყო, საქართველოში ინვესტიციები დააბანდო ან ბიზნესაქტივობა დაიწყო. ბიზნესი საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი და მოვლენების განვითარებას ელოდება. იმედია, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება.

- დავუბრუნდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თემას. რომ შევაჯამოთ, მაინც რა ძირითად ვერსიებზე შეგვიძლია საუბარი - ნაცვლიშვილი "ტრაქტორების საქმის" ფაბრიკაციით სოფლის მეურნეობის სფეროსთვის გამოყოფილი თანხების გაკონტროლებას ცდილობს თუ ნაცვლიშვილის ხელით ცდილობს მიზნის მიღწევას სხვადასხვა სახელისუფლებო დაჯგუფება?
- ჩემი აზრით, ლაშა ნაცვლიშვილს უფრო მეტად სამსახურებრივი კარიერა აწუხებს. უფრო ზუსტად, მას სურს, ისეთივე ძალაუფლება ჰქონდეს, როგორიც ზურაბ ადეიშვილს ჰქონდა. ასეთი ბერკეტები დღეს პროკურატურას არა აქვს, მაგრამ ნაცვლიშვილის გამოცდილება, რომელიც ეფუძნება საბჭოთა კავშირის დროინდელ კა-გე-ბეში მუშაობას, მას ამ მიზნის მისაღწევად უფრო ჰუმანური მოქმედებების საშუალებას არ აძლევს. რატომ სურს ნაცვლიშვილს, რომ ადეიშვილის მსგავსი ძალაუფლება ჰქონდეს, ალბათ, მას უნდა ვკითხოთ. პირდაპირ გეტყვით - არ გამოვრიცხავ, რომ ნაცვლიშვილის მიზანია, უახლოეს თვეებში მთავარი პროკურორი გახდეს.

- და "ტრაქტორების საქმით" იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მაგარია და კორუფციული სქემა გახსნა?
- კიდევ იმის, რომ თითქოს ისეთი პრინციპულია, რომ ბიძინა ივანიშვილსაც კი არ ემორჩილება.

- ყოფილა მსგავსი შემთხვევა?
- ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეწუხებულია "ტრაქტორების საქმის" გარშემო მიმდინარე მოვლენებით. ის პირები, რომლებიც მისთვის საერთაშორისო პოლიტიკური კუთხით ყველაზე სანდოები არიან, ამ საქმეზე ეუბნებიან ერთს, ლაშა ნაცვლიშვილი კი უმტკიცებს მეორეს.
თუ სასამართლო "ტრაქტორების საქმეზე" პროფესორებს არ გაამართლებს, საქმე ევროსასამართლოში წავა. სტრასბურგიდან კი მივიღებთ დასკვნას, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავდა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ივანიშვილსაც;

ანუ რაც ხდება, ხელს აძლევს "ნაციონალურ მოძრაობას" და პირადად პრემიერის წინააღმდეგ არის მიმართული.
თუ "ტრაქტორების საქმე" უსამართლოდ დასრულდა, ამას მოჰყვება მეორე, მესამე და მეოთხე და სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი, მგონი, მკითხველისთვის ნათელია.

- როგორც ვიცით, პრემიერი ერიდება პროკურატურისა თუ შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის მითითებების მიცემას და მათ საქმეებში ჩარევას. თუმცა საინტერესოა, არჩილ კბილაშვილი რატომ ვერ ახერხებს ნაცვლიშვილის ამბიციების დაოკებას?!

- ალბათ, იმიტომ, რომ ფორმალურად თუ არაფორმალურად, კბილაშვილის უფლებამოსილებები შეკვეცილია. სხვათა შორის, ჰამერბერგის ზემოხსენებული წერილის ადრესატი ნაცვლიშვილი იყო და არა კბილაშვილი. ალბათ, ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა უფრო კარგად იციან, ვინ ვისი მოადგილეა.

- "ტრაქტორების საქმეში" რაიმე როლს ხომ არ ასრულებს პიროვნული ურთიერთობები?
- ნაცვლიშვილის ერთ-ერთი მიზანი კირვალიძის დაპატიმრებაა. ისე, ნორმალური ადამიანისთვის ახალგაზრდობის დროინდელი წყენა ასეთი მასშტაბის ქმედების საფუძველი არ უნდა გახდეს.
ახალგაზრდობაში დავით კირვალიძეს ნაცემი ჰყავს ლაშა ნაცვლიშვილი და როგორც ჩანს, ზოგიერთი ასეთ წყენას იოლად ვერ ივიწყებს.

ინციდენტის დეტალები არ ვიცი, თუმცა მაინც არ მინდა ვიფიქრო, რომ ნაცვლიშვილის შეტევა კირვალიძეზე მხოლოდ ძველ განაწყენებას უკავშირდება. მოკლედ, დაველოდოთ სასამართლოს და დარწმუნებული ვარ, დიდი სკანდალი წინ გველის.

- კვირის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც მინდა გკითხოთ. კობა დავითაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. მიზეზად დეპუტატმა ის დაასახელა, რომ მისთვის მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის კომენტარები სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიას გამართლების თაობაზე. როგორ ფიქრობთ, მართლა ეს არის დავითაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი თუ მან უმრავლესობიდან წასვლის საბაბი იპოვა?
- კობა დავითაშვილისა მესმის, მისი გადაწყვეტილება სრულიად ადეკვატურად მიმაჩნია. თუმცა ის კი ემოციური გადაწყვეტილებაა, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა რომ სურს. დავითაშვილის შინაგანი თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე გათვალისწინებულია პარტიული დისციპლინით. თუმცა მე ვურჩევდი დავითაშვილს, რომ უმრავლესობიდან გამოსვლა არ არის საფუძველი იმისა, თავი ქვეყნის პირველ პირად წარმოიდგინოს.

- საინტერესოა, ხვედელიანისა თუ ახალაიას მსგავსი სასამართლო პროცესები და მათზე ხელისუფლების რეაქცია, ხომ არ მოახდენს გავლენას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს წინა პლანზე გამოაქვს თემები "კუბლაშვილს იმპიჩმენტს მოვუწყობ", "დავასრულებ ფსევდოკოაბიტაციას", "რეჟიმი გასამართლდება" და ა.შ. ეს ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს გულს ფხანს.
- ბურჯანაძის წისქვილზე უპირველესად წყალს სააკაშვილისა და ივანიშვილის განცხადებები ასხამენ. მაგალითად, როგორც კი სააკაშვილი ტელეეთერში გამოჩნდება და მოსახლეობას თავს შეახსენებს, ხალხს უჩნდება სურვილი, მივიდეს საარჩევნო უბანში და მას საკადრისი პასუხი გასცეს. ასევე, როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებიდან მიდის, ეს მოსახლეობაში გაურკვევლობას იწვევს. ჩვენი თანამოქალაქეები ელიან, რომ ქვეყანას გაუძღვება ივანიშვილ-მარგველაშვილის დუეტი და მათ წარმოდგენაც არა აქვთ, როგორი პრეზიდენტი იქნება ცალკე აღებული მარგველაშვილი. ამ ფონზე ბურჯანაძეს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ფსევდოკოაბიტაციის თაობაზე, რაც მის რეიტინგზე დადებითად აისახება.
ნინო
13 აგვისტო 2013 21:18
ეს კაცი პენსიაზე არ უნდა წავიდეს? ვურჩიოთ,ჩაუჯდეს მის მეგობარ-შევარდნაძეს და წერონ და იკითხონ მათი მოგონებები!
Jondi
12 აგვისტო 2013 17:26
ეს კაცი უფრო ჭკვიანი მეგონა. ანუ ტრაქტორების საქმე შეთითხნილია და არგუმენტები და მოტივები(ვერსიები): მოადგილეს მინისტრობა უნდა, ბავშვობაში ამან ის ცემა, ჰამბერგმა ესე თქვა, აშშ-მ ესე თქვა(რა შუაშია აქ აშშ ვერ გავიგე?), კირვალიძე დონკიხოტივით მონოპოლიებს ებრძვის, ჯთ-ჯგუფი მაფიაა და ასე შემდეგ. სად არის აქ რომელიმე ფაქტი? ჰამბერგის და აშშ-ს სიტყვები? დადეთ ბატონო რა დაასკვნეს!. დანარჩენი სხვა არის მარჩიელობა და ჭორაობა!

პროკურატურის ერთ ერთი ფაქტი რაც გამოქვეყნდა არის ამათი მიმოწერა ზეტორის სათაო ოფისთან, სადაც ქართველები თხოვენ ჩეხებს თქვეს ვებ გვერდზე 100 ცხენის ძალიან ზეტორს მონაცემები 110მდე გაუზარდეთო, ჩეხები პასუხობენ ამას ტრაქროის ძრავაზე მაინც ნახავენ რა აზრი აქვსო, და ქართველები პასუხობენ შენ ესე ქენი დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთო...ბატონო სოსო, ამას როგორ ახსნით?...ფულის აღება არ ჩანს მაგრამ ძაან დებილი უნდა იყო რომ არ დაეჭვდე...ეტყობა კირვალიძეს ესეც ყავს ბავშვობაში ნაცემი და ცოტა მეტი მოსვლია თავში რტყმა. არადა მართლა სერიოზული კაცი მეგონა, მიშას ერთი ორი თუ უბედავდა ლანძღვას და ერთ ერთი ეს იყო...ეჰ!
გია
11 აგვისტო 2013 12:17
Tato,soso იდიოტებს და ჭორიკანებთ თვითონ გავხართ, დაინტერესებულებსაც. ხელწერაც იგივე გაქვთ, სხვა კომენტარების გადაფარვა.არაა გამორიცხული ერთი და იგივე ხართ. ამ ინტერვიუში რამე რეალური თუ ვერ დაინახეთ, თავი მარტო საფხანაგ გაბიათ.

რედაქტორის რჩევით