"სააკაშვილის ინტერვიუ იყო უთავმოყვარეობის, უმადურობისა და ცინიზმის ნაზავი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ინტერვიუ იყო უთავმოყვარეობის, უმადურობისა და ცინიზმის ნაზავი"

"სააკაშვილის ინტერვიუ იყო უთავმოყვარეობის, უმადურობისა და ცინიზმის ნაზავი"

2008 წლის აგვისტოში მოსკოველ მეგობრებთან სერიოზულად წავკამათდი. გაგანია ომის დროს დამირეკეს - როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდებაო? რა თქმა უნდა, საუბარი პოლიტიკასაც შეეხო. ჩვენი შეხედულებები ომის დაწყებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდებოდა და საუბარიც შესაბამისად, რადიკალურად უწმაწური ლექსიკით დასრულდა. დაახლოებით ერთი წლის წინ შევრიგდით და ხუმრობით ამას სახალხო დიპლომატიას ვეძახით.

დაახლოებით ასე გალხვა ყინული საქართველოსა და რუსეთის საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის. თუმცა მთავარი საკითხი მკვდარი წერტილიდან არ იძვრის - რუსეთი არ აპირებს უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და გვირჩევს, ამ ფაქტს შევეგუოთ. სწორედ ეს იყო დოქტორ ჰაუსის ხმით მოლაპარაკე დიმიტრი მედვედევის (რუსეთის პრემიერს მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი "ახმოვანებდა") ტელეინტერვიუს დედააზრი. ერთი მხრივ გვირჩია, ნატოში არ შეხვიდეთო და მეორე მხრივ, მკაფიოდ დააფიქსირა - რა ნაბიჯიც უნდა გადადგას საქართველომ, სანამ ახალ რეალობას არ შეეგუებით (იგულისხმება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება), სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი ძნელიაო. ეEქსპერტი მამუკა არეშიძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ მედვედევს ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა აცხადებს, რომ მთავარი საკითხის მკვდარი წერტილიდან დაძვრის შანსი ჯერ კიდევ არის.

- დიმიტრი მედვედევს ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ შეეცადა, ქართველი ხალხისათვის თბილი გზავნილი გამოეგზავნა. რამდენად მიიღეს ეს გზავნილი ქართველებმა, სხვა საკითხია. ერთი ნიშანდობლივი ფაქტი მაინც იყო - მედვედევმა ინტერვიუ "რუსთავი 2"-ს მისცა, რომელიც რუსეთში კარგა ხნის განმავლობაში "პერსონა ნონ გრატად" იყო გამოცხადებული. ესეც ერთგვარი გზავნილია რუსებისგან - "რუსთავი 2"-საც კი აძლევენ ინტერვიუს და იმ აუდიტორიას ეხმიანებიან, რომელიც ამ ტელეკომპანიას უყურებს.

- მიხეილ სააკაშვილმა მედვედევის განცხადებებს ვრცელი ინტერვიუთი უპასუხა...

- მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ იყო უთავმოყვარეობის, უმადურობისა და ცინიზმის ნაზავი. უთავმოყვარეობა ინტერვიუს რუსეთის ეპიზოდს ეხება, უმადურობა კი იმ ნაწილს, სადაც სააკაშვილი დასავლელ პარტნიორებზე საუბრობს. წარმოუდგენელი რამ მოხდა. სააკაშვილსაც კი არასოდეს დამართია ასეთი რამ, რომ ერთი მხრივ თავს იმცირებდეს, მეორე მხრივ, დასავლელ პარტნიორებს აბუჩად იგდებდეს და ისეთ რაღაცებს ჰყვებოდეს, რისი მოყოლაც პრეზიდენტისთვის უხერხულია. Eეს ინტერვიუ ყველამ ნახა და ამიტომაც დეტალებზე ყურადღებას არ გავამახვილებ. თუმცა ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელია ამ ინტერვიუს ცინიკური ნაწილი, რომლის თანახმად, სააკაშვილი მზად იყო, პუტინთან ქვეყნის საგარეო კურსით ევაჭრა. ეს იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილის თანაგუნდელები მუდმივად ჩასჩიჩინებდნენ ხალხს - დასავლურ და ჩრდილოატლანტიკურ ორიენტაციას ალტერნატივა არ აქვსო. ეს ცინიზმია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამხელა ნაპრალი იყო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და როგორ არ ადარდებდა სააკაშვილს ხალხის აზრი. მიაჩნდათ, რომ საზოგადოება არის ცხვარი და - რასაც ვეტყვით, ყველაფერს დაიჯერებსო.

- ვთქვათ, მართლა შესთავაზა სააკაშვილმა პუტინს ტერიტორიების სანაცვლოდ ნატოსა და ამერიკელებთან მეგობრობაზე უარის თქმა. საინტერესოა, ეს თემა მოსკოვში რატომ არ გახდა განხილვის საგანი - უკვე გვიან იყო თუ პუტინი არ ენდობოდა სააკაშვილს?

- ეს საუბარი 2005-2006 წლებში რომ შემდგარიყო, შესაძლოა, ყოფილიყო განხილვის თემა, რადგან მაშინ სააკაშვილისადმი ნდობის ხარისხი არ იყო ისეთი დაბალი, როგორიც მოგვიანებით. ამიტომ, ჩემი აზრით, ტყუის სააკაშვილი, როდესაც აცხადებს, საუბარი 2005 წელს შედგაო - თუმცა შედგა თუ არა საერთოდ, საკითხავია. რაც შეეხება პუტინის რეაქციას - უკვე დაგვიანებული იყო სააკაშვილის შეთავაზებაზე ყურადღების გამახვილება, რადგან საქართველოს პრეზიდენტს აღარ ენდობოდნენ. მნიშვნელოვანი ფაქტია - 2005 წლის პეტერბურგის შეხვედრაზე სააკაშვილმა და პუტინმა შეთანხმებას მიაღწიეს ძალიან სერიოზულ ენერგეტიკულ საკითხებზე. თუმცა საქართველოს პრეზიდენტი პეტერბურგიდან პარიზში გაფრინდა და ფრანგებთან დაიწყო მოლაპარაკება საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და ამით პუტინთან შეთანხმებას დიდი ხაზი გადაუსვა. ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტმა ერთი კვირა ვერ მოითმინა და სწორედ მაშინ ალაპარაკდნენ რუსულ პოლიტელიტაში - სააკაშვილი არასანდო და ორპირიაო.

- უნდა გავიხსენოთ 2007 წელს ქართული მხარის მიერ მოსკოვში გაგზავნილი ფარული წერილი, რომელსაც სააკაშვილი თავის ინტერვიუში გაკვრით შეეხო. წერილში თბილისი კრემლს აფხაზეთის გაყოფას სთავაზობდა. მოსკოვმა კი ამ შეთავაზებას იმით უპასუხა, რომ წერილი რუსულ პრესას გადასცა.

- ამ შეთავაზების შესახებ მაშინვე ვიცოდი, თუმცა 2007 წელს ასეთი ნაბიჯები უკვე დაგვიანებული იყო. ასეთი შეთავაზება რუსეთისთვის მომხიბვლელი ვერ გახდებოდა, რადგან ომისთვის ემზადებოდა და მეორეც - აფხაზეთში ისედაც ყველაფერს აკონტროლებდა. Gგასაგებია, რომ წერილის მიხედვით, ქართული მხარე მოსკოვს აფხაზეთში ყოფნის ლეგალიზებას სთავაზობდა, რაც საერთაშორისო არენაზე რუსეთს კომფორტს შეუქმნიდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი ადეკვატურობით არც რუსეთის ხელისუფლება გამოირჩეოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეთავაზება იმ მიზეზითაც არ მიიღეს, რომ სააკაშვილისადმი ნდობის ხარისხი დაბალი იყო და დღევანდელი კვერცხი არჩიეს ხვალინდელ ქათამს.

- მხოლოდ ნდობის ხარისხშია საქმე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში? მაგალითად, 1990-იანი წლების დასაწყისში ედუარდ შევარდნაძე მზად იყო სამანეთო ზონაში შესასვლელად და რუსებს სამხედრო ბაზებს 25 წლით უკანონებდა (მაშინ ნატოზე საუბარი სასაცილო იყო). თუმცა რუსეთმა, რომელსაც ლიბერალი ელცინი მართავდა, აფხაზეთი კი არა, ერთი სოფელიც არ დააბრუნა.

- მანდ სხვა ფაქტორიც იყო - როდესაც შევარდნაძემ რუსებს სამანეთო ზონაში შესვლა და ბაზების დაკანონება შესთავაზა, პარალელურად, მან უარი თქვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გვერდზე გადადებაზე. სხვა ფაქტსაც გეტყვით - 1994 წელს შევარდნაძემ და ელცინმა გააფორმეს ჩარჩო-ხელშეკრულება, თუმცა მისი რატიფიცირება თავად რუსეთის დუმამ არ მოახდინა იმ მიზეზით, რომ ერთ-ერთ პუნქტში ეწერა - რუსეთი საქართველოს ეხმარება არმიის მშენებლობაშიო. როგორც კი ეს დოკუმენტი ჩავარდა, ამერიკელებმა გააკეთეს ის, რაც არ გააკეთეს რუსებმა - დაიწყეს ქართველების დახმარება არმიის მშენებლობაში.

- აგვისტოს ომიდან მეხუთე წლისთავზე ნათლად ჩანს, რომ 2008 წლის ზაფხულში მოვლენების პროგნოზირება რთული არ იყო. თავად სააკაშვილი ჰყვება თავის ინტერვიუში, როგორ უთხრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, - ბიჭებო, თქვენ აქ მალე ომი გექნებათო. კითხვა უამრავია, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი დღემდე უპასუხოა - რატომ არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია ქართული სოფლებიდან.

- ქართული სოფლებიდან მოსახლეობა შეგნებულად არ გაიყვანეს და ამას რამდენიმე წყარო ადასტურებს. როგორც ვიცი, ერთ-ერთმა პირმა პოლიტიკური ხელმძღვანელების საუბარსაც მოჰკრა ყური - მსხვერპლი დიდი იქნება, მაგრამ მიზანს მივაღწევთო.

- ეს მიზანი მხოლოდ ტერიტორიების გათავისუფლება იყო? მაშინ რატომ სჭირდებოდათ დიდი მსხვერპლი? სწორედ ეს აჩენს ეჭვს, რომ მოსახლეობის ომის ქარცეცხლში დატოვება სხვა გეგმის ნაწილი იყო.

- მათი მიზანი იყო, ყოფილიყო რაც შეიძლება დიდი მსხვერპლი, რომ მსოფლიო შეძრულიყო და რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნოდა. დიახ, მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ამაყობდნენ - რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენითო და ამას ერთგვარ გამარჯვებად ნათლავდნენ.

თორემ თუ მიზანი მხოლოდ ტერიტორიების გათავისუფლებაა, გაუგებარია, რატომ გჭირდება დიდი მსხვერპლი.

- ვინ იყვნენ თქვენ მიერ დასახელებული პოლიტიკური ხელმძღვანელები?

- ერთ-ერთი მათგანი გივი თარგამაძე იყო. სააკაშვილის ხელისუფლებამ ზედმიწევნით იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა. ქართული დაზვერვა ძალიან კარგად მუშაობდა. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ომი ქართული არმიის კრახით დასრულდა, არ შეიძლება. ხრულიოვის კოლონის განადგურება და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება სახუმარო საქმე არ არის. ქართულმა არმიამ თავისი პოტენციალი აჩვენა. სხვა საქმეა, რომ სამხედრო თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობის არაორგანიზებულობისა თუ არასწორი გადაწყვეტილებების გამო, რით დამთავრდა ეს ყველაფერი... ნუ ცდილობს სააკაშვილის ხელისუფლება საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ომი მისთვის მოულოდნელი იყო. 2008 წელს ჩემი თვალით ვნახე, როგორ შენდებოდა ჯავაში საფორტიფიკაციო ნაგებობები და როგორ აწყობდნენ ცხინვალში, გმირთა ქუჩაზე, მიწისქვეშა თავშესაფრებს. ელემენტარულად, ომამდე რამდენიმე დღით ადრე ოსურმა მხარემ ცხინვალიდან გაიყვანა 15 ათასი ადამიანი და ამით მაგალითი მისცა ქართულ მხარეს. თუმცა ხელისუფლებამ ქართველი მოსახლეობა ოკუპანტებს შეატოვა. სწორედ ამიტომ ვითხოვ 2008 წლის ომის პერიპეტიების გამოძიებას.

ოღონდ, ის არ მაინტერესებს, ვინ დაიწყო ომი - ეს რუსეთმა გააკეთა. Mმინდა მივიღო პასუხი კითხვაზე - რატომ გავყავით თავი შეგნებულად ხაფანგში, რა მოხდა ომის პროცესში, როგორ იქცეოდა სამოქალაქო თუ სამხედრო ხელმძღვანელობა, როგორ მოხდა, რომ რუსებმა სენაკისა და გორის ბაზებიდან დიდი ოდენობით იარაღი გაზიდეს და რატომ არ შეიძლებოდა შეიარაღების დროზე გამოტანა, რატომ მიატოვეს ღრმა ზურგში მდებარე ნორიოს ბაზა, საიდანაც იმ დღეებში 200 ათასი ლარის აღჭურვილობა დაიკარგა? Kკიდევ ბევრი კითხვა მაქვს, რომლის ჩამოთვლით მკითხველს თავს არ შევაწყენ.

- სამოქალაქო ხელმძღვანელობა ახსენეთ. კიდევ ერთი უპასუხო კითხვაა აგვისტოს ომთან დაკავშირებით - მართლა ერეოდნენ თუ არა გიგი უგულავა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები სამხედროების საქმიანობაში?

- გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი (თავდაცვის მინისტრობის მიუხედავად, ის სამოქალაქო პირი იყო და გაერთიანებული შტაბის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ ჰქონდა) და ვანო მერაბიშვილი აქტიურად ერეოდნენ სამხედროების საქმიანობაში და მეტიც - მათ გეგმებსაც კი ცვლიდნენ. გაერთიანებული შტაბის გეგმის მიხედვით, ცხინვალის ოპერაცია უნდა დაწყებულიყო დილის ხუთ საათზე, მაგრამ სამოქალაქო ხელმძღვანელობამ ეს გეგმა შეცვალა და ოპერაცია ღამის პირველ საათზე დაიწყო. შესაბამისად, ჯარი მოუმზადებელი შეხვდა ამ ცვლილებას და როდესაც ოპერაცია დაიწყო, ჯერ კიდევ სარკინიგზო ლაფეტებზე ეწყო ქართული ტანკები. ეს პერიპეტიებიც გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს.

- როდის შეიძლება მივიდეს რუსულ-ქართული ურთიერთობები იმ წერტილამდე, რომ მოსკოვი პირდაპირ დაგველაპარაკოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პირობებზე. შესაძლოა, მძიმე პირობებიც წამოგვიყენოს, მაგრამ ამ კუთხით თუ დიალოგი დაიძრა, ცუდი ნამდვილად არ იქნება.

- დღეს რუსეთს არ აქვს კარგი მდგომარეობა არც ეკონომიკური და არც შიდაპოლიტიკური კუთხით. ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ ეს ზაფხული იყო სტაგნაციური და 2014 წელს მოსალოდნელია სერიოზული ეკონომიკური ვარდნა. რუსეთს რთული ვითარება აქვს გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. რუსეთი ებღაუჭება არეულობას სირიაში, რათა შეაკავოს კატარის იაფფასიანი გაზის მილებით ტრანსპორტირება ევროპაში. ამ ეტაპზე კატარი თხევად გაზს ტანკერებით ეზიდება, მაგრამ საკმარისია, სირიაში ვითარება ჩაწყნარდეს, რომ კატარის გაზს ევროპა მილებით მიიღებს, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იქნება. პარალელურად, პოლონეთსა და გერმანიაში გაიზარდა ფიქლის გაზის მოპოვება, რითიც ხდება რუსული გაზის ჩანაცვლება.

მოკლედ, "გაზპრომი" თანდათან მძიმე მდგომარეობაში ვარდება. გარდა ამისა, რუსეთში რთული შიდაპროცესები მიმდინარეობს, რაც ქვეყნის დეზინტეგრაციას იწვევს. კერძოდ, მოსკოვი და პეტერბურგი ქალაქებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან 63%-ს მოიხმარენ, დანარჩენი ათასობით ქალაქი კი - მხოლოდ 37%-ს. რუსეთის უამრავი რეგიონი დოტაციაზეა გადასული, ისინი კი, რომლებიც დოვლათს გამოიმუშავებენ, შიმშილისგან სულს ღაფავენ. მეორეც - რუსეთს შიგნიდან ხრავს პოლიტიკური ისლამი. ამ მოძრაობის ფორმატი ნელ-ნელა იზრდება. ქვეყანას არ აქვს ეროვნული იდეა და აქვს პარალელური იდეოლოგიური ფრონტი (პოლიტიკური ისლამი), ასეთ შემთხვევაში კი ძნელია, ცენტრალიზაცია შეინარჩუნოს. რუსეთს შეეძლო ამ საკითხში მაინც ჰყოლოდა საქართველოს სახით ძლიერი მოკავშირე - ქართულ-რუსულ მხარეებს ეფექტურად შეეძლოთ ჩრდილოეთ კავკასიაში პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლა. მაგრამ მოსკოვს მაინცდამაინც საქართველოსთან აქვს დაძაბული ურთიერთობა და ომი. დღეს აფხაზეთში ხუთი ათასი პოლიტიკური ისლამის მიმდევარია და როდესაც ამ საკითხზე ველაპარაკები რუს პოლიტიკოსებს, თვალებს ნაზად ხრიან - ეს როგორ შეგვეშალაო.

ეს შეცდომები გრძელდება, რადგან გამკითხავი არავინ არის. რუსეთი უზარმაზარ მატერიალურ და მორალურ რესურსს ხარჯავს სოჭის ოლიმპიადის ჩასატარებლად და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს მათი ბოლო სიმღერაა. ოლიმპიადის შემდეგ რუსეთი მორალურად და ფინანსურად გამოფიტული იქნება. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესის დასრულებას უნდა დაელოდოს. სამხრეთ კავკასიაში დღეს რუსეთი დაკავებულია გარჩევებით სომხეთსა და აზერბაიჯანთან. კერძოდ, 9 აგვისტოს ამოიწურა რუსეთის ულტიმატუმის ვადა აზერბაიჯანისადმი ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. პარალელურად სომხეთი ცდილობს, რუსეთს როგორმე ამ კავშირში არ შეჰყვეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით კი, შევინარჩუნოთ დიალოგის ის ფორმატი, რომელიც დღეს გვაქვს რუსეთთან. ვიმეორებ - მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ძალიან ნათელი ორიენტაცია გვაქვს დასავლეთისკენ, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ალტერნატივა არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, მოვნახოთ რუსეთთან ინტერესის წერტილები. ერთ-ერთი ასეთი წერტილი პოლიტიკური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაა და მე მგონი, ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს საქართველოს ხელისუფლებამ.