"რუსეთის იგნორირება შეცდომაა" - კვირის პალიტრა

"რუსეთის იგნორირება შეცდომაა"

ჩვენი განათლების სისტემა იმდენად დახვეწილი და ქმედითია, მასთან შეხებისთანავე, პირველ რიგში, თვითონ მინისტრები ხვდებიან, კარგი განათლება რომ სჭირდებათ...

"ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიცია რომ მოვა ხელისუფლებაში, რუსეთი ხომ მოჰკითხავს - თავის დროზე, შენ არ აღიარებდი საქართველოს ბრალეულობას ამ ომშიო?"

გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხელისუფლების კრიტიკა არათანამიმდევრულობასა და გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობის გამო, უსაფუძვლოა. მოგეხსენებათ, განათლება სახელმწიფოს ქვაკუთხედი და საფუძველია. ჩვენი წინაპრებისგან ისიც გაგვიგია, ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილიო... აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ბავშვს განათლების მიღებისას მკაცრი ხელი სჭირდება. ჰოდა, საქართველოს განათლების სისტემაშიც კარგი ტრადიცია დამკვიდრდა - განათლების მინისტრი "წინა ცხოვრებაში" აუცილებლად ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი უნდა იყოს - პროკურატურიდან, სასჯელაღსრულებიდან... ალბათ, უახლოეს მომავალში, თავდაცვის სამინისტროდან და სხვ. რაც ყველაზე კარგია, ჩვენი განათლების სისტემა იმდენად დახვეწილი და ქმედითია, მასთან შეხებისთანავე, პირველ რიგში, თვითონ მინისტრები ხვდებიან, კარგი განათლება რომ სჭირდებათ..

.

რაღაც-რაღაცებს აფხაზეთშიც ხვდებიან. იქაური სიტუაცია უფრო და უფრო ემსგავსება "აქაურს", მაგალითად, მმართველი გუნდის დევიზი - "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" და ოპოზიციის ჰიპერაქტიურობა. თუმცა, იქაურებმა აქაურებს აშკარად აჯობეს. საბედნიეროდ, თბილისში ჯერ ტელევიზიაში შევარდნა აზრად არავის მოსვლია... შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას რუსეთის "ცუდი ხუმრობა" უწოდა. ცუდ ხუმრობაზე, მოგეხსენებათ, არ იცინიან. ჯერჯერობით, უხერხულ სიჩუმეში მხოლოდ ბაღაფში და კოკოითი იჭაჭებიან, თუმცა სადამდე ექნებათ სიცილის ხალისი, საკითხავია, რადგან რაც დრო გადის, კრემლი თავის ჩვილ თვითმარქვია სახელმწიფოებს არტახებს უფრო და უფრო უჭერს...

დეტალურად ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრებით პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ყოფილ ელჩს ევროკავშირში, ნატოსა და რუსეთში ბატონ ზურაბ აბაშიძეს:

- აფხაზეთში ჩატარებულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს ამჯერად საერთაშორისო დამკვირვებელთა სტატუსით, ვენესუელისა და ნიკარაგუის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საინტერესოა, რომ ბაღაფშის მოძრაობამ ქართველი ნაციონალების დევიზი - "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" - აითვისა. უფრო აქტიური გახდა აფხაზური ოპოზიციაც - ერთ-ერთმა ჯგუფმა ტელევიზიაში შევარდნა და გადაცემის ჩაშლაც მოახერხა. ადგილობრივ მედიაში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ დემოგრაფიისა და დემოკრატიის პრობლემებზე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ აფხაზეთში თანდათან ხვდებიან, რა "სიკეთეს" მოუტანთ რუსეთთან დაძმობილება?

- ვერ ვიტყვი, რომ არჩევნებმა  აფხაზეთის სტატუსს რაღაც განსაკუთრებული, ახალი ლეგიტიმურობის ხარისხი შესძინა. რა სიტუაციაც იყო აქამდე და როგორც არ აღიარებდა საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ისევე არ აღიარებს დღესაც. ისიც რომ გავითვალისწინოთ, არჩევნებს ნიკარაგუისა და ვენესუელის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ, ახალარჩეულ ხელისუფლებას ვერც ეს შესძენს რაიმე ლეგიტიმურობას. არც ოპოზიციის გააქტიურების თემაა  იმდენად მომწიფებული, რომ  სერიოზული მსჯელობის საგანს წარმოადგენდეს. ჯერ კიდევ ცოტა დროა გასული შარშანდელი ომიდან, რასაც, რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარებაც მოჰყვა... ასე რომ, ჯერ კიდევ ძლიერია აფხაზებში ეიფორია. შესაძლებელია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილო იყოს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებით, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ისეთი ფენომენი, რომ აფხაზეთში სიტუაციის თვისებრივი ცვლილება მოახდინოს. მით უმეტეს, რომ რუსეთის გავლენის ხარისხი აფხაზეთში დღეს ძალზე დიდია - როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც, აფხაზებს კი სხვა ალტერნატივა არ აქვთ. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის სერიოზულად გასაანალიზებელი და დასაფიქრებელი. აფხაზებს დღეს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა რუსეთისა, რადგან ევროპასთან და გარე სამყაროსთან ვერ ურთიერთობენ, საქართველო კი მათთვის მტრის ხატია. თუნდაც რუსეთის მხრიდან უკვე აშკარა იყოს კაბალური ურთიერთობის ფორმები, აფხაზები, როგორი უკმაყოფილონიც უნდა იყვნენ, იძულებულნი არიან ამას შეეგუონ...

- გასულ კვირას რუსულ მედიაფორუმზე მედვედევი საკმაოდ საინტერესო წინადადებებით გამოვიდა - ბაზრის გახსნასთან, საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით... იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ კიდევ რჩება რუსეთის საოკუპაციო ძალები, რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ რუსეთის პრეზიდენტის იდეები და დაპირებები?

- ამას სხვადასხვა მხრიდან შეიძლება შევხედოთ, მაგრამ მე ერთ მომენტზე შევჩერდები - როგორც ჩანს, მედვედევს აშკარად აქვს რეალური ცვლილებების განხორციელების სურვილი, აშკარად აქვს სწრაფვა ქვეყნის მოდერნიზაციისკენ. დღეს ეს მისი მთავარი ამოცანა და გამოწვევაა. რუსეთის მოაზროვნე საზოგადოებაში ძალიან დიდი უკმაყოფილება იგრძნობა იმის გამო, რომ საუკეთესო ათი წელი რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა, საუკეთესო - ფინანსური თვალსაზრისით. მათ შესაბამისად ვერ გამოიყენეს  გაზიდან და ნავთობიდან მიღებული კოლოსალური შემოსავლები, ამ რესურსებს მაშინ მსოფლიოში ძალზე მაღალი ფასი ჰქონდა. ეს ფული არ მოხმარდა რუსეთის ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას - უამრავი ფული ჰაერიდან შემოვიდა და ჰაერშივე გაუჩინარდა. ახლა უკვე რთული ვითარებაა. ისეთივე შემოსავლები აღარ აქვთ და რუსეთის წინაშე უფრო და უფრო დიდი სირთულეები იკვეთება. როგორც აღმოჩნდა, ის კრიზისი რომელიც ახლა რუსეთშია, მხოლოდ საერთაშორისო კრიზისის გამოძახილი არ ყოფილა, მას უფრო მეტად შიდარუსული საფუძველი აქვს. ამ კრიზისის მოგვარებას რუსეთში ახლო მომავალში არც ელიან. რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უიმედოდ არის მოძველებული.

ამ საკითხს ასე გრძლად იმიტომ ვეხები, რომ რუსეთის მოდერნიზაცია შეუძლებელია, თუ არ მოხდება სერიოზული ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში. ეს მედვედევს და მის გარემოცვას კარგად უნდა ესმოდეთ. ამიტომ, ხანდახან, მედვედევი და პუტინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. თუმცა, როგორც ჩანს, მედვედევს ძალა არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ თავისი სურვილები და იდეები რეალურად განახორციელოს. საქართველო ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი  ფრაგმენტია იმ დიდი და ზოგადი პრობლემისა, რაც დღევანდელი რუსეთის წინაშე დგას. რაც შეეხება მედვედევის განცხადებას და საქართველოს პრეზიდენტის პასუხს,  ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც ითქვა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა შესაძლებელია, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნაზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი. მეც ამ აზრის ვარ, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ვერანაირად ვერ აღდგება, სანამ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ასპარეზზე შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგმება. რაც შეეხება ყოფით საკითხებს, მათ პრაგმატულად უნდა მივუდგეთ და ისე გადავწყვიტოთ.

ახლა არ არის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, მაგრამ ჩვენი თანამემამულეები მაინც მიემგზავრებიან, ოღონდ ხან ერევნის, ხან კიევის და ხან მინსკის გავლით. ამ საკითხის გადაჭრით მხოლოდ ხალხს გაუადვილდება ცხოვრება და ფინანსები არა სხვა კომპანიებსა და ქვეყნებში, არამედ ჩვენკენ წამოვა. იგივეა ლარსის შემთხვევაშიც - ამასაც პრაგმატული და ეკონომიკური დატვირთვა უფრო აქვს - მეზობელი სომხეთიდან წამოვა ტვირთები საქართველოს გავლით. ასე რომ, საჰაერო, საგზაო მიმოსვლა, თუნდაც ვაჭრობა - ყველაფერი ის, რაც საქართველოს გააძლიერებს, ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. მსოფლიოში არის ქვეყნები, რომელთაც ისეთივე დილემა აქვთ, როგორიც ჩვენ, მაგალითად, ჩინეთსა და ტაივანს. მათ შორის ურთიერთობა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენსა და რუსეთს შორის. ის ხალხი, ტაივანზე რომ არის, თავის დროზე ჩინეთის ხელისუფლება იყო და კომუნისტებმა ამ კუნძულზე გაყარეს. რაღაც მომენტში ისინიც კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ თვითმფრინავებმაც უნდა იფრინონ, ვაჭრობაც უნდა აღდგეს, მაგრამ ვიმეორებ, რაც ჩვენთვის პრინციპულ საკითხს წარმოადგენს, იქ უკან დახევა ან თვალის დახუჭვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი საკითხია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა.

- შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკმაოდ საინტერესო და სარკასტული განცხადება გააკეთა - რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უფრო და უფრო ემსგავსება ცუდ ხუმრობასო... რამდენად შეიძლება ამ გამონათქვამის განზოგადება ევროკავშირზე და რამდენად პროდუქტიული იქნება ასეთი დამოკიდებულება რუსულ-ქართული კონფლიქტის გადაჭრის გზაზე?

- კარლ ბილდტი ძალზე გამოცდილი დიპლომატია. სხვათა შორის, ჩვენ ყოველთვის მხარს გვიჭერდა და გვიჭერს ძალიან ხაზგასმულად. გუშინ ევროპელ კოლეგებთან მქონდა საუბარი და იცით, მათაც ისეთივე განცდა აქვთ - მათი დაკვირვებით, რუსეთში გამარჯვების ეიფორიამ უკვე გადაიარა. შარშან სხვაგვარი აღტყინება ჰქონდათ. თვლიდნენ, რომ დიდ გამარჯვებას მიაღწიეს. მაგრამ დღეს, როდესაც ცივი გონებით პლუსებს და მინუსებს ითვლიან, აღმოაჩინეს, რომ ბევრი არაფერი მოუგიათ - წაგებით კი ბევრი წააგეს. საერთაშორისო იმიჯი შელახული აქვთ. ეკონომიკური კრიზისის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი აგვისტოს ომიცაა, ჩრდილო კავკასიაში ვითარება ძალიან გაურთულდათ...

- ალბათ, იმიტომ, რომ  დამოუკიდებლობის აღიარების პრეცედენტი შეიქმნა...

- დიახ, და თან ძალზე საშიში პრეცედენტი, პირველ რიგში, რუსეთისთვის. სხვათა შორის, აქამდე რუსი ექსპერტები ამბობდნენ, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს არავითარი კავშირი არ აქვს ქართული ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარებასთანო, მაგრამ დღეს უკვე სხვაგვარი დამოკიდებულებაა. ახლა უკვე თვითონ ჩრდილო კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკების ლიდერები აღიარებენ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ მათ რეგიონში ძალადობის უპრეცედენტო ესკალაცია რუსულ-ქართული ომის გამოძახილიცაა. ეს რუსეთის სხვა ტერიტორიაზეც იგრძნობა - კერძოდ თათრეთში... ასე რომ, ეს "ცუდი ხუმრობა" მართლაც ძალიან ცუდად მოუტრიალდათ. რა თქმა უნდა, ამაზეც ფიქრობენ მოსკოვში, მაგრამ ჯერ ჩვენთვის სასიკეთო დასკვნები გამოაქვთ-მეთქი, ვერ ვიტყვით. თუმცა   მოსკოვის ელიტაშიც არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი - დამოუკიდებლობის აღიარება, არ უნდა გადაედგათ...

- გასულ კვირას მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მოძრაობა "ნეიტრალურმა საქართველომ" (თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია). ნეიტრალურობა ნეიტრალურობად, მაგრამ ამ მოძრაობის ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მმართველ წრეებთან კარგადაა ცნობილი. მოსკოვში ვიზიტებს სხვა პოლიტიკოსებმაც მოუხშირეს. ხომ არ ნიშნავს ეს,  რომ რუსეთმა გადაწყვიტა, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში და ამ გზით მიაღწიოს თავისი სურვილების განხორციელებას - თუნდაც, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით?

-  ნეიტრალიტეტზე ხშირად გვისაუბრია და, როგორც წესი, იმ დასკვნამდე მივდიოდით, რომ თავისთავად, ნეიტრალიტეტი კარგი ფენომენია, მაგრამ ის მაშინ არის მოქმედი და რეალური, თუ მხოლოდ შენ კი არ აღიარებ, არამედ მეზობლებიც აღიარებენ და პატივს სცემენ შენს ნეიტრალიტეტს. სხვა შემთხვევაში, ეს უფრო უტოპიურ სურვილს და თავის მოტყუებას ემსგავსება. თავისთავად, არჩევნებში მონაწილეობას ვერავის დაუშლი, ისევე როგორც მოსკოვში წასვლას (პოლიტიკოსებს ვგულისხმობ). აქაც გააჩნია, რისთვის მიდიან.

მე ვამბობ ხოლმე, რომ რუსეთის გარკვეული წრეები ჩვენ გვთავაზობენ თანამშრომლობის იმიტაციას - რაც იყო, იყო, მოდი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და მომავალზე ვისაუბროთო. ეს არ უნდა მივიღოთ და არ უნდა დავთანხმდეთ. ჩვენი პრინციპი ერთადერთი უნდა იყოს - რა საერთაშორისო ვალდებულებებიც აქვს რუსეთს (მედევედევი-სარკოზის შეთანხმება), ჯერ ის უნდა შეასრულოს და მერე დანარჩენზე ვილაპარაკოთ ან ვითანამშრომლოთ. თუ ასეთია ჩვენი თანამემამულეების პრინციპი, როდესაც მოსკოვში ჩადიან, მისაღებია. თუ მარტო იმაზე სალაპარაკოდ ჩადიან, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ცხინვალთან ომიო, ეს უკვე სხვა ამბავია. მე არ ვურჩევდი არც ერთ ოპოზიციურ ძალას, რუსულ-ქართულ ომში  ყველაფერი ოფიციალურ თბილისს გადააბრალონ.

ჯერ ერთი, ეს ასე არ იყო და მეორე - თუნდაც მარტივი და პრაგმატული მოსაზრების გამო. ხელისუფლება შეიძლება წავიდეს და მოვიდეს, ოფიციალური თბილისი კი დარჩება. ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიცია რომ მოვა ხელისუფლებაში, რუსეთი ხომ მოჰკითხავს - თავის დროზე, შენ არ აღიარებდი საქართველოს ბრალეულობას ამ ომშიო? ასე რომ, ამ თვალსაზრისით ბევრი სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო. სხვათა შორის, რაც მე მომისმენია, ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორ და მოზომილ განცხადებებს აკეთებს ხოლმე ამ თემაზე.

ამავე დროს არც დამსახურებულ მწვავე კრიტიკას აკლებს ხელისუფლებას. რაც შეეხება რუსეთის გააქტიურებას საქართველოს პოლიტიკაში, ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ზოგადად კავკასიაში ოდესმე პასიური იყო. არ მესმის, როდესაც ზოგიერთი ჩემი კოლეგა ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, საჭიროა მისი იგნორირება და სხვ, ასეთი ლოგიკა ცოტა გულუბრყვილოდ მეჩვენება. ამას წინათ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გამოვდიოდით და იქაც ითქვა, გავანებოთ ამ რუსეთს თავი, ვითომ სულაც არ არსებობს, ჩვენს საქმეს მივხედოთო. მაშინ ვუთხარი - ახლა, აქ რომ ვსხედვართ, ჩვენ წინ, მაგიდაზე უზარმაზარი მწვანე ნიანგი რომ იწვეს, შევძლებდით საუბრის ჩვეულებრივ გაგრძელებას იმ შთაგონებით, რომ ეს ნიანგი ვითომ არ არსებობს-მეთქი? - რუსეთის შემთხვევაშიც ასეა, დღე და ღამე ამ თემაზე საუბარი ნამდვილად არ არის საჭირო, მაგრამ რუსეთი ჩვენს მეზობლად არსებობს, მისი ჯარი კი 40 კილომეტრში დგას და ამგვარად ამ ფაქტორის იგნორირება შეუძლებელია.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი