"ხელისუფლებამ თავის დროზე არასწორი გზა აირჩია" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ თავის დროზე არასწორი გზა აირჩია"

"ვლაპარაკობთ ბიზნესმონოპოლიებზე, თუმცა არც ამ მხრივ გადადგმულა ნაბიჯი"

"სააკაშვილმა როცა დაინახა, რომ მის თანაგუნდელებს ყველა დანაშაული შერჩათ, სხვა ენით ალაპარაკდა"

"უმაღლესი კორუფციის ფაქტების გამო ასევე არავის უგია პასუხი"

თქვენს მონა-მორჩილს ძალიან უნდა, ერთხელ მაინც დაწეროს: "ძვირფასო მკითხველო! გასული კვირა ქვეყანაში მშვიდი იყო, არაორდინარული და ექსტრემალური არაფერი მომხდარა". სამწუხაროდ, ეს ოცნება ჯერ განუხორციელებელია და როდის ახდება, არ ვიცი, რადგან ბოლო 23 წელია, ძველებრაული წყევლის არ იყოს, "საინტერესო დროში" ვცხოვრობთ.  გასული კვირაც საინტერესო იყო - სანამ რუსები სოფელ დიცში მავთულხლართებს ავლებდნენ, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი ცრუ ტერორიზმობანას თამაშობდა.  რუსეთთან ყველაფერი გარკვეულია - ეს ქვეყანა ოკუპანტია, აგრძელებს ოკუპაციას და მავთულხლართი კი არა, ბომბიც რომ გვესროლოს (რაც არაერთხელ გაუკეთებია), არ უნდა გაგვიკვირდეს.

აი, ცრუ ტერორისტების ამბავი კი ჯერ კიდევ გასარკვევია - მასობრივად გავრცელდა სატელეფონო ხულიგნობის ეპიდემია თუ ამ ამბავს ერთი ავტორი ჰყავს. ისე, შესაძლოა, სულაც არ იყოს საჭირო კვლავ შეთქმულებებზე საუბარი. საქართველოში არაერთხელ დადასტურებულა, რომ თვალსაჩინო მაგალითი (ვინმეს დაკავება ან დაშავება) ჩვენი თანამოქალაქეებისთვის  პრევენციის როლს არ ასრულებს. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ სულ რაღაც ორიოდე წლის წინ, მედიასაშუალებები დღეში ათჯერ იტყობინებოდნენ, ლეღვის ნახარშის წასმის შემდეგ მოქალაქე დამწვრობის ცენტრში გადაიყვანესო. დღეში ათჯერ ისმენდა ამ ამბავს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, ალბათ, თავს სინანულითაც გადააქნევდა და მეთერთმეტედ უკვე თვითონ ისვამდა ლეღვის ნახარშს ტანზე. თუმცა ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ცრუ ტერორიზმის კამპანია სერიოზულ ეჭვებს ბადებს და გამოძიება ამით სერიოზულად უნდა დაინტერესდეს.

- როდესაც ერთი და იმავე ტიპის დანაშაული მცირე დროში მეორდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი - ხომ არ დგანან ამის უკან ორგანიზებული ძალები, რომლებიც გარკვეული მიზნების მიღწევას ცდილობენ? ეს მიზანი პოლიტიკურია თუ სხვა ტიპის, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. უკვე დროა, ცრუ შეტყობინებების ყველა ეპიზოდი ერთ საქმედ ჩამოყალიბდეს და მასზე იმუშაოს სპეციალურად შექმნილმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც გამომძიებლებთან ერთად, სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც იქნებიან. შსს-მ ან ზემოხსენებული ეჭვი უნდა დაადასტუროს, ან უარყოს და განგვიმარტოს, რომ საქმე მხოლოდ სპონტანურ სატელეფონო ხულიგნობასთან გვაქვს.

გამოძიება უნდა დაინტერესდეს ცრუ შეტყობინებების ავტორების ოჯახის წევრებით, საახლობლო წრით და შეისწავლოს - ხომ არ ჰქონდათ მათ რომელიმე პარტიასთან ურთიერთობა, ხომ არ იყვნენ ადრე ნასამართლევი ან თანამშრომლობდნენ თუ არა სპეცსამსახურებთან და ხომ არ არიან მათგან რაიმეთი დავალებული.

ეს ყველაფერი საგამოძიებო ჯგუფმა დეტალურად უნდა შეისწავლოს, რადგან სერიოზული ეჭვები არსებობს. კერძოდ, როდესაც რამდენიმე ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავეს, წესით, ეს უნდა ყოფილიყო პრევენცია და ეჩვენებინა ყველასთვის, რომ შსს ფლობს ბერკეტებს, ასეთი დანაშაული აღკვეთოს. მიუხედავად ამისა, ზარები არ შეწყვეტილა. ალბათ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვინმე ზის პარტიულ ორგანიზაციაში და ადამიანებს ავალებს - შენ აეროპორტში დარეკავ, შენ კი პარლამენტშიო. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს - ხელისუფლების ოპოზიციურ ძალაში ბევრია სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც ფლობენ გავლენის აგენტებთან დაკავშირებულ ბერკეტებს და კარგად იციან, რა ეფექტურია ეს ინსტიტუტი. გავლენის აგენტი კონკრეტულ ადამიანს პირდაპირ კი არ ეუბნება - ესა და ეს გააკეთეო, საუბრებით, სხვადასხვა ტექნოლოგიით მას ისე უბიძგებს დანაშაულისკენ, დანაშაულის ჩამდენი ვერც კი ხვდება, რომ მისი ქმედებები სხვის ინტერესებს ემსახურება.

- პირდაპირ თქვით, რომელ ოპოზიციურ ძალაზე გაქვთ ეჭვი.

- საფუძველს არ არის მოკლებული ვერსია, რომ ცრუ შეტყობინებების უკან "ნაცმოძრაობა" იდგეს. როდესაც რაიმე დანაშაულის გამოძიებას იწყებ, უნდა დასვა კითხვა - ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული? შესაძლოა, ამის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიც იდგნენ, მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა - ხომ არ დგას ამ ცრუ შეტყობინებების უკან ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც სურს წარმოაჩინოს: ქვეყნის ხელისუფლება უსუსური და არაფრის მაქნისია,  კრიმინოგენული მდგომარეობა მძიმეა, საინვესტიციო კლიმატი კი არ უმჯობესდება. შეგახსენებთ, რომ 2003 წლამდე, სანამ ხელისუფლების უზურპაციას მოახდენდნენ, სწორედ ასე მოქმედებდა ის გუნდი, რომლის წევრებმაც მომავალში "ნაციონალური მოძრაობა" შექმნეს. კერძოდ, ისინი ხელს უწყობდნენ დაუსჯელობის სინდრომის შექმნას, ასუსტებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხელოვნურად ქმნიდნენ პრობლემებს, რასაც ემატებოდა ის პრობლემები, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებას ჰქონდა. შესაძლოა, დღესაც ამ სქემასთან გვქონდეს საქმე. "ნაციონალებმა" იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, მათი მთავარი ტაქტიკა იყოს - ზემოხსენებული სქემით შეასუსტონ ხელისუფლება, ჩამოშალონ სამთავრობო ბერკეტები და 5-6 წლის შემდეგ ისევ სცადონ ხელისუფლების უზურპაცია.

თუმცა ცრუ შეტყობინებებზე საუბრისას არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ყველაფრის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ.

ეს საკითხი კარგად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ ქართულმა სპეცსამსახურებმა. თუმცა ვიმეორებ - პირველ რიგში უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ დგას ამის უკან რომელიმე შიდა ძალა.  ზოგიერთმა შეიძლება თქვას, - რას ამბობ, "ნაცმოძრაობა" ამას არ გააკეთებდაო. სკეპტიკოსებს ერთ ისტორიას გავახსენებ - როდესაც ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი მზადდებოდა ისრაელში, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაფიცულები იყვნენ. თუმცა ისრაელის მხარე მაინც მუშაობდა საქართველოს პრემიერის ვიზიტის ორგანიზებაზე. "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული თანამდებობის პირები კი სამთავრობო ტელეფონებით რეკავდნენ ისრაელის საგარეო უწყებაში და ამტკიცებდნენ - ივანიშვილმა ვიზიტი გადაიფიქრაო. ძალიან მიკვირს, რატომ არ გამოიძიეს თუნდაც ეს კონკრეტული საქმე. არც ის გამოძიებულა, არჩევნების შემდეგ ასევე "ნაციონალები" დევნილებს რომ ეუბნებოდნენ, - ესა და ეს ფართობი დაიკავეთო. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ საბოტაჟის ფაქტებზე თვალის დახუჭვა პრობლემას თავისთავად მოაგვარებს, ძალიან ცდება.

- მართლაც თვალს ხუჭავს ხელისუფლება საბოტაჟის ფაქტებზე კოაბიტაციური მოსაზრებებიდან გამომდინარე, თუ უბრალოდ, სუსტია და ვერ უმკლავდება გამოწვევებს?

- ხელისუფლებამ თავის დროზე არასწორი გზა აირჩია, ჩათვალა, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულსა და თუნდაც დღევანდელი საბოტაჟის ფაქტებზე  თვალის დახუჭვა დადებით შედეგს მოუტანდა. მიკვირს, რატომ უნდა იჯდეს ციხეში პურის ქურდი, რომელსაც დანაშაულისკენ შიმშილმა უბიძგა და ამ დროს მილიონების ქურდი ტელევიზორიდან ჭკუას გვარიგებდეს.

შეგახსენებთ, რომ შსს-შიც, სპეცსამსახურებშიც, პროკურატურაში თუ თავდაცვის სამინისტროში ისევ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ხისტ სისტემას ქმნიდნენ. ზემოხსენებულ სტრუქტურებში ისევ ის გამომძიებლები მუშაობენ, რომელთაც აღიარებითი ჩვენების მისაღებად მხოლოდ ერთი მეთოდი ჰქონდათ - წამება. თან დაჩვეულები იყვნენ, რომ სასამართლოში ცარიელი ფურცელიც რომ მიეტანათ, მოსამართლე მათ მიერ დაკავებულ ადამიანს პატიმრობას შეუფარდებდა. შესაბამისად, დღეს ამ გამომძიებლებს თუ სხვა ჩინოსნებს უჭირთ კონკრეტული დანაშაულის გახსნა, წყაროებზე გასვლა. მეორეც - შსს-ში, პროკურატურასა თუ სპეცსამსახურებში დასაქმებული ბევრი ადამიანი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სამეგობროს წარმოადგენს. დღეს რომ ისინი ერთად რესტორნებში არ დადიან, არ ნიშნავს, რომ კავშირი არ აქვთ. ამას ემატება იძულებითი კოაბიტაცია და უკვე გასაგებია, რატომ ჭიანურდება იმ დანაშაულების გამოძიება, რომელთა უკან სავარაუდოდ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.

- ისე, ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ეიმედება, რომ ეს იძულებითი კოაბიტაცია, რომელიც მართლაც  დანაშაულზე თვალის დახუჭვასთან ასოცირდება, დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. გიორგი მარგველაშვილმა თავისი პროგრამის პრეზენტაციისას ამაზე ნათლად მიანიშნა.

- მიკვირს მარგველაშვილის მხრიდან მსგავსი განცხადებები. დღეს რა უშლით ხელს, რომ დაასრულონ იძულებითი კოაბიტაცია?! მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი მათ ხელს ვერ შეუშლის, ვინაიდან თვითონაც მძიმე მდგომარეობაშია და ლამის ყოველდღე ისტერიკა ემართება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ კოაბიტაცია თავს მოხვეულია როგორც დასავლეთის მხრიდან, ისე "ქართული ოცნების" შიდა გუნდიდანაც - ალბათ, თავის დროზე პრემიერი დაარწმუნეს, რომ ეს გზა ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანდა. შესაძლოა, დღეს მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და ალბათ, ამიტომაც აკეთებენ აქცენტს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე. ვიმედოვნებ, ეს განცხადებები შეუსრულებელ დაპირებებად არ დარჩება.

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, 27 ოქტომბრის შემდეგ სამართლიანობის აღდგენა - თუ მარგველაშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა, დაჩქარებული ტემპით დაიწყება ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებები? საინტერესოა, სამართალდამცავ სტრუქტურებში შემორჩენილი ის ადამიანები, რომლებზეც თქვენ საუბრობდით, უცბად გადასხვაფერდებიან?

- ზოგიერთი სამართლიანობის აღდგენას რატომღაც უკავშირებს ადამიანების ციხეში ჩასმას იმის წარმოსაჩენად, რომ ქართველი ხალხი სისხლისმსმელია და ადამიანების დაპატიმრებაში ხედავს სიცოცხლის აზრს. არა, ხალხი შელახული უფლებების აღდგენას, წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებას ითხოვს. წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც 9 წელი უყურებს, როგორ ცხოვრობს მის სახლში მისი დამტერორებელი. ისიც წარმოიდგინეთ, რას განიცდის ეს ადამიანი, რომელსაც არჩევნების შემდეგ სამართლიანობის აღდგენის იმედი მიეცა და ხედავს, ზემოხსენებულ სახლში მის დამტერორებელს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ სტუმრობენ. უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ამ ფაქტორს უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ, თორემ მომხრეებს დაკარგავს. პარლამენტმა ძალიან ბევრი ადამიანი აღიარა პოლიტპატიმრად, თუმცა ვინც ეს ხალხი ციხეში ჩასვა, არ დაუსჯიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საუბრობენ კორუფციაზე, თუმცა უმაღლესი კორუფციის ფაქტების გამო ასევე არავის უგია პასუხი. ვლაპარაკობთ ბიზნესმონოპოლიაებზე, თუმცა არც ამ მხრივ გადადგმულა ნაბიჯები. სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი შოკისმომგვრელი მასალის საქმეზე დაკავებული არიან მხოლოდ უშუალო შემსრულებლები და სხვას არავის უგია პასუხი - არც ზუგდიდის პოლიციის უფროსს, არც საოლქო პროკურორს, არც კუდ-ის იმდროინდელ ხელმძღვანელს და არც იმ მოსამართლეს, რომელმაც ძალადობის მსხვერპლთ სასჯელი შეუფარდა. ვაფრთხილებ ხელისუფლებას - ეს ხალხის გაღიზიანებას იწვევს და ყველაფერი დასრულდება პროტესტით. თუ სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყო, მხოლოდ დროის ამბავი იქნება, ეს პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ იფეთქებს თუ ერთი წლის შემდეგ.

- გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზეც ვისაუბროთ. დაძაბულობა იყო სოფელ დიცში, სადაც რუსმა სამხედროებმა ქართველების კარ-მიდამოში კვლავ დაიწყეს მავთულხლართებისა და ღობეების დემონტაჟი. უკვე მეათასეჯერ დაისვა კითხვა - ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება: იქნებ ცოტა სიხისტეა საჭირო თუ ისევ საპროტესტო ნოტებისა და დასავლეთის შეშფოთების ამარა ვრჩებით?

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ გვაქვს გეგმა - ამ კუთხით როგორ ვიურთიერთოთ რუსეთთან და სპონტანური ქმედებების ამარა ვრჩებით. სერიოზული გენერალური გეგმის შემუშავებაა საჭირო, რომელშიც გაწერილი იქნება რუსეთთან ურთიერთობისას ამ ქვეყნიდან მომდინარე თითოეული საფრთხე სავარაუდო პასუხიანად. Uუნდა ვიყოთ ფრთხილები და არ ავყვეთ პროვოკაციებს.

- დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ხუდონჰესის მშენებლობის გარშემო. გასულ კვირას ჰესის პროექტის განხილვა გაიმართა, პარალელურად კი სოფელ ხაიშში, რომელსაც განსახლებას უპირებენ, ადგილობრივებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.

-  ალბათ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისიც უნდა გავაანალიზოთ, ამ აჟიოტაჟის პროვოცირებას გარკვეული ძალები ხომ არ ახდენენ. ყოველ შემთხვევაში, ხუდონჰესთან დაკავშირებით თითოეული დეტალი გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა კითხვები არ დარჩეს.

- აქტუალურობას არ კარგავს საკითხი - რა მოხდება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. გასულ კვირას პრემიერმა საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია და პოლიტიკიდან საზოგადოებრივ ასპარეზზე გადასვლის შემდეგ, ის საზოგადოებას დაეხმარება, სწორი არჩევანი გააკეთოს და არჩეული აკონტროლოს.

- თუ ივანიშვილი პროცესებს არ გაერიდა, საზოგადოებრივ ასპარეზზე გადაინაცვლა და პირველ რიგში თავისი ავტორიტეტით შეუწყო ხელი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, მისი გადაწყვეტილება მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ,  ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ადრე თუ გვიან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დღეს კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც, რომ არა ივანიშვილი, ერთად არასოდეს დასხდებოდნენ.Pპრემიერის წასვლის შემდეგ კოალიციიდან გარკვეული პოლიტიკური ძალები უკვე ღიად გამოვლენ. ამას დაემატება ისიც, რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას კოალიციის ყველა სუბიექტი კმაყოფილი ვერ იქნება - ზოგიერთი ჩათვლის, რომ უფრო მეტ "კვოტას" იმსახურებდა, რაც კრიზისს გააღრმავებს. არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა მთავრობის საჯარო კრიტიკა დაიწყოს. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია, რომლის ჯეროვნად ჩატარება უნდა გააკონტროლოს სამოქალაქო საზოგადოებამ, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ივანიშვილი იქნება. ვიმედოვნებ, რომ მივიღებთ ისეთ პარლამენტს, რომელიც ადეკვატურად ასახავს პოლიტიკურ ძალთა განლაგებას.

- ეს რყევები ქვეყანას არ დააზარალებს?

- უარყოფით შედეგებს არ გამოიწვევს, თუ საკვანძო უწყებებში, ვთქვათ, თავდაცვაში, შსს-სა და პროკურატურაში მყოფი ფიგურები არ იქნებიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგებიან. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს სამართლიანობის აღდგენის თემა. დააკვირდით, როგორ შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის უფრო თავაზიანი იყო, მაგრამ როცა დაინახა, რომ მის თანაგუნდელებს ყველა დანაშაული შერჩათ, სხვა ენით ელაპარაკება თავის მოსახლეობას. დღეს სააკაშვილის მთავარი "გზავნილებია" მთავრობის უუნარობა და მინიშნებები იმაზე, რომ მისი ხელისუფლება უფრო ორგანიზებული იყო. ამავე საკითხებზე გააკეთებს აქცენტს სააკაშვილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ იქნება. სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მოსახლეობას ნელ-ნელა დაავიწყდება, რა ხდებოდა "ნაციონალების" დროს და მისი ელექტორატი გაიზრდება. თუმცა, არა მგონია, ამ იმედს რაიმე საფუძველი ჰქონდეს.