"ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ორი ძალოვანი მინისტრი ერთმანეთს მედიის საშუალებით ესაუბრება"
07-10-2013
"ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ორი ძალოვანი მინისტრი ერთმანეთს მედიის საშუალებით ესაუბრება"
"როგორც კი ორხელისუფლებიანობა დასრულდება, ეს აისახება ეკონომიკაზეც"

"ინსტიტუციებს შორის დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე შავ ლაქად პროკურატურა რჩება"

"რებრენდინგს ველოდი და რაც მოხდა, ეს უფრო "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოოდ
"დაბრედვა" იყო"


გასული კვირა საქართველოში, ტრადიციულად, მძაფრსიუჟეტიანი იყო. ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის "ტოქშოუ", ამჯერად უკვე ტელეკომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით; შსს-მ "ჯიჰადის ვიდეოს" საქმე გახსნა, რასაც "ნაციონალების" ვიშვიში მოჰყვა - არ გვჯერა, არ გვჯერაო; გაირკვა, რომ თურმე 2012 წლის ნოემბერში საკანში მყოფ ბაჩო ახალაიას ვიდეოს უღებდნენ; კვირა
კი დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ყრილობით. ისე, ყრილობამდე ხშირად გაიგებდით ექსპერტებისგან, "ნაციონალები" რებრენდიგს გეგმავენ, წინა პლანზე ახალ სახეებს წამოსწევენო.

თქვენც არ მომიკვდეთ - პარტიის თავმჯდომარედ ისევ მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს, გენმდივნად - პატიმარი მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე კი პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს. რებრენდინგი მხოლოდ "ნაციონალთა" პარტიულმა დროშამ განიცადა, რომელიც
პარალელურად, სახელმწიფო ალამიც იყო -  დიდი ჯვრის გარშემო პატარა ჯვრების მაგივრად გულები ჩასვეს. კინაღამ გამომრჩა ის, რომ ყრილობაზე მინისენსაცია მოხდა - გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მიხეილ სააკაშვილმა ქრისტიანულ ფასეულობებზე ილაპარაკა. დიახ, პრეზიდენტის განმარტებით, დიდი ჯვრისა და პატარა გულების კომბინაცია ქრისტიანული ფასეულობების გარშემო გაერთიანებაა. შემდეგ რა იქნება - ვითომ მერაბიშვილი  ქადაგებას დაიწყებს? ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან საუბარი სწორედ "ნაციონალთა" ყრილობით დავიწყეთ.


- სიმართლე გითხრათ, მეც რებრენდინგს ველოდი და რაც მოხდა, ეს უფრო "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოოდ "დაბრედვა" იყო. მნიშვნელობა არა აქვს, რა ილაპარაკეს ყრილობაზე - ამ პარტიის მავნებლურ და დანაშაულებრივ პოლიტიკას ვერავინ დაივიწყებს. სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ლაპარაკობდა, რაც სასაცილოა. მინიმუმ ასი წელი "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ალბათ, ბევრი ელოდა, რომ ვანო მერაბიშვილი აღარ იქნებოდა პარტიის გენმდივანი. თუმცა, როგორც ჩანს, "ნაციონალებს" სჭირდებათ მერაბიშვილი, რათა "ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერა არ დაკარგონ. რომელ დემოკრატიაზე, რა ფასეულობებზე ლაპარაკობს ის ხალხი, რომელთაც ცხრა წლის განმავლობაში უამრავი დანაშაული ჩაიდინა?! სხვათა შორის, შარშან ამ დროს "ნაციონალები" შერცხვნენ "დინამოს" სტადიონზე, როდესაც ნათლად გამოჩნდა, რომ მომხრეები შემოეცალათ.  წელს კი უკვე სპორტის სასახლეს დასჯერდნენ. ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს კვლავაც "ნაციონალთა" მომხრეები არიან, წარსულ ხიბლში მყოფებად მიმაჩნია. თუმცა ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა - წლები დასჭირდა ხალხს, რომ კომპარტიის ნოსტალგია განელებოდა და ასე მოხდება ნეობოლშევიკთა შემთხვევაშიც.…რა ამის პასუხია და ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე, "ნაციონალებმა" ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალეს - არიქა, ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეოს უღებდნენო. მაშინ მოდი, ჩავაყენოთ ახალაია იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის აყენებდა ათასობით პატიმარს და მერე ვილაპარაკოთ მისი უფლებების დაცვაზე.

- გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო "ჯიჰადის ვიდეოს" საქმის გახსნა. სხვათა შორის, საზოგადოების ნაწილი უფრო იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საქმის გახსნის შესახებ შსს-ს ოფიციალურ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა, ალტერნატიულ გზებს მიმართოს ჭეშმარიტების დასადგენად.
- არა მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო იმ ინფორმაციაში, რომელიც შსს-მ "ჯიჰადის ვიდეოს" საქმეზე გაავრცელა. დასახელდა ის პარტნიორიც (აშშ), რომელიც ქართულ მხარეს გამოძიებაში ეხმარებოდა. ასე რომ, მათი სახელით სიცრუეს არავინ გაავრცელებდა. დაველოდოთ გამოძიებას - ჩვენ მხოლოდ ინფორმაციის ნაწილი მივიღეთ და იმას, თუ ვინ ან რომელი ქვეყანა იდგა "ჯიჰადის ვიდეოს" უკან, ალბათ, უახლოეს მომავალში გავიგებთ. ერთი რამ აღსანიშნავია - ძალიან კარგია, რომ ქართულმა სამართალდამცავმა უწყებამ ასეთი ტიპის საქმე გახსნა. თუმცა ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს, თუნდაც "ნაციონალებს", საქმის გახსნაზე მეტად ის აინტერესებთ, როგორმე ირაკლი ღარიბაშვილისა და შსს-ს დისკრედიტაცია მოახდინონ. იმას ვერ გამოვრიცხავ, იყო თუ არა ირაკლი ალასანიას განცხადება იმის სტიმულატორი, რომ საქმის გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაჩქარებულიყო. ჩემთვის მთელ ამ ისტორიაში ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ორი ძალოვანი მინისტრი - ღარიბაშვილი და ალასანია - ერთმანეთს მედიის საშუალებით ესაუბრება და არც მკვახე შეპასუხებებს ერიდებიან. რაც უნდა გაურკვევლობა იყოს კოალიციის შიგნით, ამის სააშკარაოზე გამოტანა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და უხერხულობას უპირველესად ბიძინა ივანიშვილს უქმნის, რომელსაც თავსატეხი ისედაც არ აკლია. კოალიციაში როგორც უნდა იყოს გადანაწილებული ივანიშვილის სიმპათია-ანტიპათია, ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო არ უნდა იყოს - ნიჰილიზმის დათესვა ადვილია, მის გაქარწყლებას კი დიდი დრო სჭირდება.

- რა არის რეალური მიზეზი, რომ თავდაცვისა და შს მინისტრები ერთმანეთს მედიის საშუალებით ელაპარაკებიან?

- ეს პრემიერს უნდა ჰკითხოთ. შესაძლოა, ივანიშვილმა ვერ მოახერხა თანაბარი დამოკიდებულების შენარჩუნება ძველ და ახალ თანამოაზრეებთან. როდესაც კლასში არეულობაა, მხოლოდ დამრიგებელს შეუძლია ვითარების მოწესრიგება.

- ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი დამრიგებლის როლი მოირგო. პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრის თემით დავიწყოთ. ამ შეხვედრას თქვენ არ ესწრებოდით, არადა, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, თქვენთან ბევრი კითხვა ჰქონდა.

- "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენლებს დამკვიდრებული გვქონდა პრემიერთან პოლემიკის პრაქტიკა. ბოლოს ასეთი დისკუსია 21 მაისს შედგა და სწორედ მაშინ გაიმართა სერიოზული კამათი. თემა "ტრაქტორების საქმე" იყო.…

- პრემიერმა ექსპერტებთან შეხვედრისას თქვენი ინტერვიუებიდან რამდენიმე ფრაზა წაიკითხა, სწორედ "ტრაქტორების საქმეზე" გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდა თქვენთან ყველაზე მეტი კითხვა. ივანიშვილმა ის ციტატაც წაიკითხა, სადაც "ტრაქტორების საქმისთვის" მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს აკრიტიკებთ.

- "ტრაქტორების საქმეზე" უდანაშაულო მეცნიერები გაასამართლეს და ტერორისტებივით ჩაამწყვდიეს დილეგში. ამ თემაზე ბევრი კითხვაა. ეს კითხვები მხოლოდ მე არ მიჩნდება - კითხვები აქვთ აშშ-ის ელჩს, შვეიცარიის ელჩს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და თომას ჰამერბერგს. ჩვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ვრცლად ვისაუბრეთ ამის შესახებ. "ტრაქტორების საქმეზე" ინფორმაცია გვქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელებისგან, მათი ადვოკატებისგან, საქმეში ჩართული სხვა იურისტებისა თუ ჟურნალისტებისგან. ბიძინა ივანიშვილს კი ინფორმაცია აქვს მხოლოდ შსს-სა და პროკურატურისგან. როგორც ჩანს, პრემიერისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის რამდენიმე შეხვედრა უშედეგო გამოდგა. ჩვენ რომ გვქონდეს თანაბარი რწმენა სასამართლოს დამოუკიდებლობისა, ასეთი კამათი არ შედგებოდა და პატიოსან სასამართლოს არ ვაკადრებდით აზრების წინასწარ დაფიქსირებას.

სამწუხაროდ, რეალობა სხვაგვარია და როგორც უნდა აქოს ივანიშვილმა ლაშა ნაცვლიშვილი თუ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები, ამ საქმეზე საზოგადოების ხედვა სამართალდამცავი სტრუქტურებისგან განსხვავებული იქნება. სხვათა შორის, შსს-მ თავისი ზოგიერთი წარჩინებული პირის ხელმოწერიანი გაყალბებული დოკუმენტით დაიწყო ამ საქმის ძიება. ნათქვამია, სიმართლე გზას არ დაკარგავსო და გული დამწყდება, თუ ეს გზა სტრასბურგის სასამართლომდე მივა. მაშინ ეს გელა ხვედელიძისა თუ ლაშა ნაცვლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი კი არა, მთელი სახელმწიფოს სირცხვილი იქნება.

- თქვით, როგორც ჩანს, პრემიერისა და დავით კირვალიძის რამდენიმე შეხვედრა უშედეგო გამოდგაო. სხვათა შორის, ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "ტრაქტორების საქმეზე" მას კირვალიძემ ბოდიში მოუხადა.
- არ ვაპირებ გამოძიებას, რა საუბარი შედგა ივანიშვილსა და კირვალიძეს შორის. სხვათა შორის, შეხვედრას ესწრებოდა გიორგი მარგველაშვილიც და მოვა დრო, როდესაც ამ შეხვედრის შესახებ, როგორც ძველ მეგობარს, კითხვას დავუსვამ.

- ექსპერტების შემდეგ პრემიერი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ვიცი, ასეთივე ფორმატში შეხვდებიან ივანიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბეჭდური მედიის ხელმძღვანელები. ალბათ, სწორედ ეს ფორმატია საკამათო. ივანიშვილი უკვე თანამდებობიდან რომ იყოს წასული, შეხვედრების შესახებ ნაკლები კითხვები იქნებოდა. თუმცა ჯერჯერობით ის მთავრობის ხელმძღვანელია.
- ფორმატზე კამათი, ალბათ, იმან განაპირობა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არასოდეს ჰქონიათ ქვეყნის პირველ პირებთან ასეთი სახის კომუნიკაცია. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ივანიშვილის გულწრფელობის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რომელიმე პოლიტიკოსისა. პრემიერმა იცის, რომ მართალია თავის თავსა და ხალხთან, და არ მალავს არც განწყობას და არც რომელიმე ფრაზას "ინახავს". თუმცა, ალბათ, უმჯობესია, შეხვედრები ისეთი ფორმატით გაიმართოს, რომ ცალკე პრემიერთან არ მოგიწიოს საუბარმა და ცალკე ტელეეკრანებთან მოკალათებულ მთელ საქართველოსთან. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, ივანიშვილი ახალბედა პოლიტიკოსია. მას წლებია, თავის პერსონაზე აღტაცების მეტი არაფერი მოუსმენია. მას შემდეგ კი, რაც თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავი გადადო და პოლიტიკაში მოვიდა, უამრავი წყაროდან ესმის კრიტიკა.

- თუმცა კონსტრუქციული კრიტიკა, პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და არა შავი პიარი ან თავდასხმები, დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში. ეს ეხება მედიასაც, ექსპერტებსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

- უნდა შევეგუოთ, რომ დემოკრატიის სტანდარტების ზრდასთან ერთად, ქვეყანაში გაიზრდება კრიტიკულად განწყობილი რეალისტების რიცხვი. ნეიტრალური, პროფესიული თვალით ვითარების გაანალიზება არის ქვეყნის წინსვლის წინა პირობა. შესაძლოა, პოლიტიკოსების გამოსაფხიზლებლად ზოგჯერ საფრთხეზე გაზვიადებულად ისაუბრო, ზოგჯერ დაყვავების ტაქტიკაც მოიშველიო, რათა პოლიტიკოსმა შეცდომა არ დაუშვას.

- ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა: "რომ არა მედიის, ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასებაზე საზოგადოების სიბრძნე, ახალი რევოლუცია მოხდებოდაო". სამართლიანია ეს შენიშვნა?
- ეს უფრო ფრთიანი გამონათქვამია. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ფუნქციაა, რომ ის ხელისუფლების მოდარაჯე ნაგაზია. სხვა განმარტება მას ევროპაში არ გააჩნია. იმედია, სწორედ ასეთი პოზიცია ექნება ივანიშვილს მთავრობისა და პარლამენტის მიმართ მას შემდეგ, რაც სამოქალაქო საზოგადოებაში გადაინაცვლებს.

- შეხვედრაზე გამოიკვეთა ის, ასე ვთქვათ, ტენდენციები, რომლებიც პრემიერს აღიზიანებს. მაგალითად, ივანიშვილისთვის მიუღებელია, როდესაც მის პოლიტიკიდან წასვლაზე მსჯელობისას ექსპერტები ამბობენ, პრემიერი გარბისო. გარდა ამისა, როგორც ჩანს, პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად ბევრი გაკეთდა და ხელისუფლების გაკრიტიკება არ შეიძლება. ასევე, ივანიშვილის პოზიციით, მთავრობას, მინისტრებს და საერთოდ, ხელისუფლებას, ისევე აკრიტიკებენ, როგორც წინა მმართველობის დროს.

- ივანიშვილისთვის საწყენია, როდესაც ამბობენ, გარბისო. არადა, როდესაც მას 2011 წლის ოქტომბერში პირველად შევხვდი, თქვა, რომ 2-3 წლის შემდეგ ბიზნესს დაუბრუნდებოდა. ეს მერეც არაერთხელ განაცხადა. ადამიანები, რომლებიც ივანიშვილზე ამბობენ, გარბისო, იმათ ემსგავსებიან, რომელთაც ბანკიდან სესხი აიღეს, გამოიყენეს და თანხის უკან დაბრუნების დრო რომ მოვიდა, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელი შეძლო პოლიტიკაში მოსვლით და ეს სიკეთე ჩვენ გამოვიყენეთ. სამართლიანობის აღდგენის თაობაზე, რა თქმა უნდა, იქნება კითხვები იმ ქვეყანაში, სადაც კოაბიტაციამ ბეჭებზე დასცა სამართლიანობა.

ეს საზოგადოების განწყობაა, ამის უამრავი მაგალითია და ჩამოთვლას არ დავიწყებ. რაც შეეხება მთავრობას - დიახ, მას ვუწუნებ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებს. ერთხანს მთავრობა აქტიურობდა, თუმცა შემდეგ გაჩუმდა, როგორც ჩანს, ბევრი სათქმელი არც აქვს. უამრავი საქმის თავიდან გამოძიება დაიწყო და არც ერთი არ მისულა ბოლომდე. იქნებ აგვიხსნან, რას ნიშნავს დაპირება, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება? ორი ვარაუდია: ან საკოაბიტაციო არაფერი იქნება და 27 ოქტომბრის შემდეგ ყველანი ძმები გავხდებით, ან დამნაშავენი დაისჯებიან. ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ ამ კითხვაზე 27 ოქტომბრის შემდეგ. არ მსურს, სამართლიანობა მხოლოდ სიტყვით გამოსვლისას გამოსაყენებელ სავალდებულო ტერმინად იქცეს და სამართლის აღსრულების ვერც ერთი ფაქტი ვერ დადასტურდეს. არ გამოვიდეს ისე, რომ მთავრობის წევრები, როდესაც გაიხსენებენ, რას ამბობდნენ შარშან შემოდგომაზე და რა პირობები ჰქონდათ შესასრულებელი, უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ.

- პრემიერს მიაჩნია, რომ ყველა პირობა სრულდება და ეს გაიმეორა როგორც ექსპერტებთან, ისე ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
- ყველაფერზე ციფრები უნდა მეტყველებდეს. არა მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო მთავრობის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაში, მაგრამ ეს ინფორმაცია უფრო დამაჯერებელი, უფრო წინმსწრები უნდა იყოს.

- გასულ კვირას პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დებატები გაიმართა. "ნაციონალები" ამტკიცებდნენ, ეკონომიკა თავდაღმა მიექანებაო და ციფრები მოჰყავდათ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საპასუხოდ ასევე ციფრების მოშველიებით აცხადებდნენ, ეკონომიკა შეუქცევადად ვითარდებაო. სიმართლე სად არის?
- 2013 წელი დაიწყო 2012 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობის გამოსწორებით. შესაბამისად, არ ყოფილა საშუალება, ამ პერიოდში ახალი მიზნები ან ახალი გეგმები\ დასახულიყო. ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზი ის მავნებლური პოლიტიკაა, რომელიც ოპოზიციად წოდებულმა მეორე ხელისუფლებამ აირჩია. მათ მთელ მსოფლიოს მოსდეს ნეგატიური ინფორმაცია ახალი ხელისუფლებისა თუ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. არც ერთი ჭკუათამყოფელი ბიზნესმენი ასეთ ვითარებაში რისკს არ გასწევს. საერთოდ, ეკონომიკურად არამყარ ქვეყანაში ფული შეიძლება დააბანდონ მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის ორგანიზაციებმა. სწორედ ასეთი ფული შემოდიოდა მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობა" ინვესტიციების შემოდინებით ამაყობდა. ერთი შემთხვევა მახსენდება - როდესაც "ნაციონალებმა" თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე ტენდერი გამოაცხადეს, პირველი ტენდერი მოიგო თურქულმა კომპანიამ, რომელიც წარმოგვიდგინეს, როგორც "თურქული ავიახაზების" ყველაზე მსხვილი პარტნიორი. ამ კომპანიამ მალე უარი თქვა ვალდებულებების შესრულებაზე, რადგან საჭირო თანხა ვერ მოაგროვა. დავინტერესდი და გავარკვიე - დიახ, ეს იყო "თურქული ავიახაზების" ყველაზე მსხვილი პარტნიორი, ოღონდ მგზავრების საუზმით უზრუნველყოფაში.…

ახლა ასეთი რამ აღარ ხდება, შავი ფული დაფრთხა. გარდა ამისა, ინვესტორებს აფერხებთ ისიც, რომ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერი აცხადებს, რომ მიდის პოლიტიკიდან, დამარცხებული ძალისა კი ამბობს, ხელისუფლებაში მოვდივარო. როგორც კი საქართველოში ორხელისუფლებიანობა დასრულდება, ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც. სხვათა შორის, ინვესტიციების მოზიდვაში დიდ როლს შეასრულებს თანადაფინანსების ფონდი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

- გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებულია რთულად წარმართული კოაბიტაციის პროცესითა და ოპოზიციის ლიდერთა (ყოფილი მაღალჩინოსნების) დაკავების გამო. როგორ ფიქრობთ, ვთქვათ, სასამართლომ ახალაიასა თუ მერაბიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, ზემოხსენებული პათოსი მაინც შენარჩუნდება საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებსა თუ განცხადებებში?
-  ბევრჯერ გვისაუბრია იმის შესახებ, რატომ აკეთებენ ასეთ საქმეში ჩაუხედავ განცხადებებს "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები, რომლებიც ასამბლეაში უმრავლესობას წარმოადგენენ. თუმცა მათ ნამუსი ოდნავ ჩამოიწმინდეს - რეზოლუციაში მკაცრად არის შეფასებული რუსეთის ვერაგული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და "ევროპის სახალხო პარტიის" წევრებმა დაადასტურეს, რომ მტრად არ არიან მოკიდებულნი ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება მერაბიშვილს, ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ, მოინახულეს ყოფილი პრემიერი და ნახეს, რომ ადამიანურ პირობებშია. საინტერესოა, სხვა რას ელოდნენ ან რა უნდოდათ? ისინი შეშფოთებული არიან თავად მერაბიშვილის პატიმრობით. ასეთ ვითარებაში ერთადერთი გზაა - ყველა საქმე უნდა გამოიძიონ და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. სამწუხაროდ, ვისაც უნდა ეწყინოს, ფაქტია - ინსტიტუციებს შორის დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე შავ ლაქად პროკურატურა რჩება.
beso
21 ოქტომბერი 2013 20:52
არავითარი წინაპირობა იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა შენელებულიყო 2013 წელს, 2012 წელს არ არსებობდა. არც ის, რომ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას არ ჰქონდა ადგილი ან არ ექნება ადგილი არ შეიძლება განხილულ იქნას ეკონომიკური ზრდის შენელების მთავარ მიზეზად. იაპონია სულ არ არის დამოკიდებული უცხოური ინვესტიციების გაზრდაზე,ან რესურს ფაქტორებზე. მისთვის მთავარია ამოცანის დასმისა და ადმინისტრირების მართებულობა.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური ამოცანების დასმისა და მის ადმინისტრირების მზაობაზე!
ამ ქვეყანაში არსებობს, ისე როგორც თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეკონომიკური აზროვნების დეფიციტი და ის აისახება ეკონომიკური პროცესების მართვაში.არამარტო ეკონომიკურ, არამედ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
არავითარი წინაპირობა იმისა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების შესრულებისას, რაც 2013 წლის ბიუჯეტის ვადებულებებს წარმოადგენს, უმნიშვნელო ზრდას აქვს ადგილი, საფინასო ბაზარზე გავსულიყავით და 400 მილიონო ესესხა სახელმწიფოს, ამის არავითარი წინაპირობა 2012-ში არ არსებობდა და არც კოაბიტაციიდან გამომდინარეობს.
ეს არის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მართვის დეფიციტი ქვეყანაში. ეს არის ეკონომიკური აზროვნების დეფიციტი ქვეყანაში. აქ ედუარდ ეკონომიკამ იჩინა თავი. მაშინაც არსებობდა ამოცანის დასმისა და ადმინისტრირების დეფიციტი.
ეს ამ ექსპერტებმა შექმნეს.სანამ ამათ არ ჩამოწერს ისტორია არაფერი ეშველება ქვეყანას. ამას დიდი დრო არ უნდა. სულ რაღაც 3-5 წლიანი პერიოდი და შეიცვლება ვითარება, მაგრამ უკვე სხვა თაობა იქნება და ჭყარტალის ეპოქა დასრულდება. არაკვალიფიციური მსჯელობები დასრულდება. დეკარტეს კოორდინატთა სიბრტყის გარეშე მსჯელობები დასრულდება.
ამათმა რომელ მთავრობას მიაწოდეს სწორი რჩევები და რომელი მთავრობა ეყრდნობოდა მათ. არცერთი.
ახლა ჰქონდათ შანსი, რომ დღევანდელი მთავრობისათვის მიეცათ სწორი რჩევები და მთავრობა დაყრდნობოდა მათ რჩევებს, რომ ეთქვათ ახალი საქართველოს შექმნის ისტორიაში ეს როლი ვითამაშეთო, მაგრამ ესეც ხელიდან გაუშვეს. რატომ? ნუთუ არცერთი მთავრობა ვერ იგებს მათ ექსპერტულ რჩევებს. არა. ეს არის ექსპერტული და პოზიტიური აზრის დეფიციტი. ეს არის დასმული ამოცანაზე პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არ არსებობს. აქ ჭყარტალია და ის არ გამოდგება დასაყრდენად. ეს არის დისკომფორტის მიზეზი, რომელიც შეიქმნა ექსპერტებსა და მთავრობას შორის.
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენი წარმოდგენები და დასკვნები.
Temo
10 ოქტომბერი 2013 11:46
ბატონი სოსო ცისკარიშვილი ექსპერტებიდან ყველაზე სანდო პიროვნებად მიმაჩნია. ის არც სააკაშვილს და შევარდნაძეს ეფერებოდა და არც ივანიშვილს ეფერება ცინცაძესავით. მას აქვს თავის ხედვა და არ იცის სხვადასხვა სკამზე გადახტომა. სამწუხაროდ ეს ბევრს არ აწყობს და ამიტომ ისინი აკრიტიკებენ.
glaxuna
08 ოქტომბერი 2013 22:02


კიდე კომუნისტური პარტიის წევრი ხართ?!!!,ბატონო ?!!!...

მანდატი ხო არ გადაგიგდია ?!!!

რედაქტორის რჩევით