ფეთქებადი მშენებლობებით დაკავებული ხელისუფლება - კვირის პალიტრა

ფეთქებადი მშენებლობებით დაკავებული ხელისუფლება

"პასუხისგება სულ უფრო დამძიმდება  და არა აქვს მნიშვნელობა, ეს როდის მოხდება..."

კიდევ ერთი, მსხვერპლით დასრულებული აჩქარება... ქუთაისში, "დიდების მემორიალთან" დაკავშირებით, კარგა ხანია საზოგადოებაში მსჯელობა მიმდინარეობს, - მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის არავის არაფერი უკითხავს. ჯერ ერთი, რომ ნებისმიერი დროშის ქვეშ, ფაშიზმთან ბრძოლა საამაყოა. მეორე, - ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში - ლექსი, სიმღერა, ძეგლი -  არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ იმ ხალხის საკუთრებაა, რომლის წიაღშიც წარმოიშვა იგი. ამ ნიმუშთა ხარისხზე მსჯელობაც, სხვათა შორის, იმავე ხალხის პრეროგატივაა და არა რომელიმე ხელისუფლებისა. თუნდაც, იმის გაგება ვცადოთ, რომ მავანთ ეპოქისა და მისი "მავნე ზეგავლენის" მოშლა გადაუწყვეტიათ, ძეგლებისთვის ომის გამოცხადება მხოლოდ მებრძოლთა სისუსტეს ნიშნავს. რადგან თუ ცნობიერებასთან ბრძოლას გადაწყვეტს ვინმე, ჯერ ის უნდა გაითავისოს, რომ ცნობიერება ადამიანთა გულსა და გონებაშია. სწორედ გულისა და გონების პროდუქტი გახლავთ ძეგლიც, ლექსიცა და სიმღერაც და მათი დანგრევით, წაშლით ან აკრძალვით ცნობიერებას არაფერი დააკლდება. იმისგან დამოუკიდებლად, კარგია ის თუ ცუდი. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ კი აღშფოთებული საზოგადოების ლანძღვა და კრიტიკა ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტს შეეხო. ითქვა, რომ მან ისურვა, თავისი დაბადების დღემდე მემორიალის აფეთქება, რაკიღა ოპოზიცია მიტინგს გეგმავდა; ითქვა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც აფეთქება მოახდინა, ახალბედა არ არის და საკმაოდ კომპეტენტურიცაა - უბრალოდ, "ზემოდან ახირებულ ბრძანებას" დაემორჩილა და ა.შ. დაბოლოს, ისიც ითქვა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. მაშინ, ისიც ვთქვათ, რისი გაკეთება შეიძლება? - მიტინგებითა და მანიფესტაციებით ვეჭვობ, რამე შეიცვალოს... ისევ პოლიტიკოსები დადგებიან შუაში, მერე დაიწყებენ თავ-თავის დივიდენდებზე ფიქრს... ნორმალურ ქვეყანაში, სერიოზული და სრულყოფილი გამოძიება ჩატარდებოდა. ისიც დაისჯებოდა, ვინც იძულებული გახდა, პროფესიულ სტანდარტზე თვალი დაეხუჭა და ნაჩქარევად აეფეთქებინა ძეგლი... და უფრო მეტად ის დაისჯებოდა, ვინც ასეთი ბრძანება გასცა... მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში,  ნახევარშენობებს და ნახევარგზებს არ ხსნიან... და მერე არც იმ ქათმებივით კრიახობენ, რომ ჰგონიათ, კვერცხის ნაცვლად, დედამიწა დადეს... ხშირად ამბობენ ხოლმე, ხელისუფლების პროპაგანდა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ვარდების რევოლუციამდე საქართველო არ არსებობდაო. ეს კიდევ არაფერი. ამ მანამდე "არარსებული" ქვეყნის აშენებას ისე ჩქარობენ, თითქოს აღარც მათ შემდეგ იარსებებს რამე...

სანამ ხელისუფლება ამ "ფეთქებადი მშენებლობით" იყო დაკავებული, მავანი პოლიტიკოსები დროს უქმად არ ჰკარგავდნენ. ცხადია და ეჭვგარეშეა, რომ უსამართლო ტყვეობაში მყოფი ბავშვები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაეთავისუფლებინათ.  უბრალოდ, საინტერესოა რუსების მიერ გათავისუფლების არჩეული ფორმა, -  ნოღაიდელისთვის "პიარსაჩუქრის" მირთმევით, კრემლმა ერთნაირად შეურაცხყო ჰამარბერგი და ე.ი. ევროკავშირიც, საქართველოს ხელისუფლება ხომ შეურაცხყო და შეურაცხყო თავის ჭკუაში, რაკიღა კოკოითიმ ნოღაიდელის ცხინვალში ჩასვლამდე, ჰამარბერგს განუცხადა, იაკობაშვილზე ისე გავბრაზდი, ბავშვების გათავისუფლება გადავიფიქრეო... და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, რუსეთმა ის მშობლებიც შეურაცხყო, რომელთა დამშვიდებასაც ასე გულწრფელად ცდილობდა პაატა ზაქარეიშვილი, როცა გადაწყვიტა ის გაეკეთებინა, რაც ყველაზე კარგად იცოდა - კონფლიქტის მეორე მხარესთან ადამიანურად დალაპარაკება...

დაწვრილებით ამ და სხვა საკითხებზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის ვესაუბრებით:

- ქუთაისში, საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. არადა, საზოგადოებაში ამ თემაზე აზრი თითქმის ერთმნიშვნელოვანი იყო - ძეგლის არა თუ აფეთქებას, დემონტაჟსაც კი, მისი დიდი ნაწილი არ ემხრობოდა...

- სამწუხარო რეალობა გახლავთ, რომ საქართველოში არასერიოზული დამოკიდებულება შეიქმნა წარსულის ღირებულებების მიმართ და რატომღაც, პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება შეასწოროს საქართველოს ისტორია საკუთარი შეხედულებებისამებრ; შეფასება მისცეს პიროვნებასა და პროცესების განვითარების ტენდენციებს და ზოგადად, მოირგოს მთელი საზოგადოების "მოძღვრის" როლი. როდესაც გავეცანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს რუსი კოლეგების განცხადებაზე მემორიალის განადგურებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, გასაგები იყო პათოსი - "ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო", ან, თუ უნდოდათ, ლავროვის ენაზე გამოეთქვათ, რუსებსაც აქვთ ასეთი ანდაზა: "ჩია ბი კოროვა მიჩალა, ა ტვოია ბი მოლჩალა". მართლაც, თუ ვინმე უნდა გაჩუმებულიყო, ეს სწორედ რუსეთია, რომელმაც ერთი წლის წინ თავად გაასწორა მიწასთან არაერთი უნიკალური ნაგებობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე.

ახლა, როდესაც კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს განცხადების გასაკეთებლად, სიყალბესა და მარტივ ტყუილს არ უნდა მივმართოთ და საპასუხო განცხადებაში არ ჩავრთოთ ფრაზა - საქართველოს მთავრობა და საზოგადოება ძეგლებსა და მემორიალებზე ზრუნავსო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქვეყანაში მოქმედებს მზრუნველთა საბჭო, რომლის ამოცანაა გააკონტროლოს, ცენზურა დაუწესოს ქართველი ხალხის მეხსიერებას. მეტიც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საბჭოს ხელმძღვანელობს ქვეყნის მთავარი ცენზორი, ლევან რამიშვილი. ასეთ ვითარებაში სერიოზულად ვერც ერთი ქვეყანა ვერ აღგვიქვამს.

იმის კეთებით ტრაბახი, რაც არ არის გასაკეთებელი, ვერანაირ დივიდენდს ვერ მოუტანს ვერც ქვეყანას და ვერც მთავრობას. ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს იყოს შედეგები, რაც ყოველ ასეთ უგუნურ ნაბიჯს მოჰყვება ხოლმე. ავიღოთ თუნდაც ეკლესიის დანგრევა აჭარაში (ამის ჩამდენ გამგებელს ჭერი ჩამოექცა თავზე); 19 დეკემბერს კი ქუთაისში მემორიალის აფეთქებამ დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა. ამაზე პასუხისმგებელი, რასაკვირველია, მოიძებნება ვინმე მეისრის სახით. მაგრამ ეს მეისრე" ხომ მხოლოდ ტექნიკურ შეცდომაზე იქნება პასუხისმგებელი. არადა, თავისი სიმძიმით ბევრად უფრო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ცენზორის მიერ არის მიღებული, რომელსაც სურს, მოსახლეობის მეხსიერებიდან  ამოძირკვოს ის მოვლენები, ის ადამიანები, რომელთა გარეშეც საქართველოს ისტორია სიმახინჯე იქნებოდა. ანუ, სახეზეა დაუფარავი სურვილი ნაციონალური მოძრაობისა, რომ საქართველოს ისტორიის ათვლა 2004 წლიდან დაიწყოს. მაგრამ ეს სურვილი ხომ არარეალურია - დრო გადის და ამ მცდელობებში დანაშაულს დანაშაული ემატება. პასუხისგება კი სულ უფრო დამძიმდება  და არა აქვს მნიშვნელობა, ეს როდის მოხდება...

- გასული კვირის ბოლოს ცხინვალის რეჟიმმა დაკავებული ბავშვების მეორე ჯგუფიც გაათავისუფლა. ერთი მხრივ, კარგი და მისასალმებელი ფაქტია, რომ მოზარდები ოჯახებს დაუბრუნდნენ და ეს ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ჰამარბერგის არაერთი ვიზიტი და მცდელობა ერთი შეხედვით უშედეგოდ დასრულდა, ხოლო ნოღაიდელის ერთი ვიზიტიც კი საკმარისი გახდა "კეთილი ნების" სახით, დაკავებულთა ყოველგვარი პირობის გარეშე გათავისუფლებისთვის, ალბათ, ეჭვს უნდა ბადებდეს - ხომ არ მოხდა მოზარდების გამოყენება (მათი დაკავებაც და გათავისუფლებაც) პოლიტიკური მიზნებისთვის?

-  ეს ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი და ამ ძაფის პატრონი, რასაკვირველია, კრემლში საქმიანობს. რადგან ეს პრიმიტიული პროვოკაცია რეალური თვითლუსტრაცია გახდა რუსული სახელისუფლებო ელიტისა - იმის გათვალისწინებით, როგორ იქმნებოდა ეს "კეისი", როგორ შეიკრა და როგორ გაიხსნა ნასკვი. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ სპექტაკლი, რომელიც დაიდგა, საკმაოდ უნიჭო სცენარისტების შექმნილია. ამ სცენარში თავად კოკოითიც ასევე უნიჭო მარიონეტის როლს ასრულებდა. საყურადღებო და საინტერესოა, რომ ვიდრე ჰამერბერგი არ ჩავიდა ცხინვალში, საქართველოში არავინ იცოდა, რომ თურმე ოსური მხარეც ეძებდა უგზო-უკვლოდ დაკარგულებს.

ესეც ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი ლტოლვა სიყალბისკენ. რა, რომ გვცოდნოდა ეს ამბავი, იმ ციხეს დავესხმოდით თავს, სადაც ცხინვალელი პატიმრები ჰყავდათ და შტურმით ავიღებდით? თუ რაიმე სათქმელი აქვს ხელისუფლებას, რატომ მალავს ან ტყვეს, ან ბოროტმოქმედს? დიდი ალბათობაა, რომ დაკავებული ოსები კრიმინალები არიან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გასაიდუმლოება რა მიზანს ემსახურება? ეს ხომ არ შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი იყოს. ეს ხომ უფრო მეტად, იმ ხელისუფლების უსუსურობას ამტკიცებს, რომელიც ჩუმად, ზურგს უკან მოქმედებს, რათა არ შედგეს რაიმე რეალური კონტაქტი ქართულ-ოსურ ან ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას შორის. ამის ნათელი მაგალითი იყო, როგორ დაეძგერნენ პაატა ზაქარეიშვილსა და მის კოლეგებს ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ცხინვალში ვიზიტის გამო.

არადა, მათი ჩასვლა მხოლოდ გულწრფელ სურვილს ემყარებოდა რაიმე გაეკეთებინათ ბავშვების გამოსაშვებად და დაერწმუნებინათ ოსების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომ ასეთი დამოკიდებულება ცუდის მეტს არაფერს მოუტანს ორივე მხარეს. რაც შეეხება ნოღაიდელის მხრიდან პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ბავშვების ხარჯზე, - საინტერესოა, სად აგროვებს ნოღაიდელი დივიდენდებს? იქნებ რუსეთის რაიმე  არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. საქართველოს ელექტორატში ნოღაიდელის დამსახურება მარტივად იშიფრება. არა ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ჰამერბერგი ან ბატონი ლუკინი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ცხინვალში და მასზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს, დაუთმობენ ან, ხელისუფლებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დივიდენდების "წილში ჩასვამენ" ნოღაიდელს.

ამიტომაც, ვფიქრობ, ნოღაიდელი კი არა, სამკუდიანი ეშმაკი რომ შესულიყო ცხინვალში, თუ წაადგებოდა ბავშვების გათავისუფლებას, ეს უნდა მომხდარიყო. და ამ შედეგისადმი თუნდაც გადაკვრით უკმაყოფილების გამოხატვა, ან დადებითის არდანახვა ბავშვების გათავისუფლებაშიU არის შურისა და მუდმივად ჩასაფრების სურვილი ყველასა და ყველაფრის მიმართ. რასაკვირველია, კრემლის თვითლუსტრაცია სახეზეა - ნოღაიდელი არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, რომ ასეთ შედეგს მიაღწიოს, თუნდაც საქართველოს კანონიერ ტერიტორიაზე. მაგრამ მოვლენათა შემდგომი განვითარება კიდევ უფრო მეტს დაგვანახებს, ვინ ვინ არის და ვინ რასა იქმს. ნოღაიდელის ბოლო ვიზიტი მოსკოვში, მისი შეხვედრა ბატონ პრიმაკოვთან და საქართველოში საახალწლოდ მისი ჩამოსვლის მოლოდინი კიდევ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავაანალიზოთ ეს პროცესები.

ერთს კი ვიტყვი,  რომ ფაქტია - რუსეთმა უკვე ოცი წელია, გასაოცარი ინერტულობა გამოიჩინა საქართველოში თავისი დასაყრდენი კადრების შერჩევისას. მისი ფანტაზია არ ცდება ყოფილი ჩინოვნიკების იმ კატეგორიას, რომლებიც მიუღებელია ქართველი საზოგადოებისთვის და მუდმივად თამაშიდან გასულ ფიგურებზე დებს ფსონს. რადგან ან საერთოდ აღარ აქვთ ნიჭი, ან როგორც ჩანს, მთელი რუსული კა-გე-ბე ბიზნესში გადაერთო და ახლა გონებრივი შრომა ამ დაწესებულებაში წარსულის მოგონებადღა დარჩა. ამიტომაც აქვთ პრიმიტიული გადაწყვეტილებები, პრიმიტიული გეგმები და პრიმიტიული შემოთავაზებაც - რაც ვშიშობ, შესაძლოა ატაცებულ იქნას ჩვენი საზოგადოებრიობის მხრიდან.

- მოსკოვიდან დაბრუნებულმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თავისი ვიზიტი "ოთხიანზე" შეაფასა. აღინიშნა ნატო-რუსეთის ურთიერთობის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებაც... როგორც ჩანს, აგვისტოს შემდეგ განაწყენებული დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზე ფიქრობს...

- ჩემთვის კიდევ უფრო ნიშანდობლივია კოპენჰაგენში ობამასა და მედვედევის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარი. ჩანს, ამ შეხვედრისას საერთოდ არ მოინახა დრო და ადგილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე დიალოგისთვის - მხოლოდ თავდასხმითი სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ისაუბრეს და ობამამ კმაყოფილებაც კი გამოთქვა მედვედევის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით. ასე რომ, საქართველოს თემა ერთგვარი ბზიკის ნაკბენივით იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ხან გამიზეზდება, ხან დაამდება ხოლმე რუსეთთან ურთიერთობისას. სამწუხარო რეალობაა და უნდა გავითვალისწინოთ, თუ არ ვიქნებით სახელმწიფოსთვის შესაფერის სიმაღლეზე, ჩვენი თემა სულ უფრო უკანა პლანზე გადავა და გაისად, მოსკოვიდან იმავე შედეგით დაბრუნებული ნატოს გენერალური მდივანი საკუთარ ვიზიტს უკვე ფრიადზე შეაფასებს, თუნდაც, ძვრაც არ იყოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში...

- გასულ კვირას ქართულმა ნაციონალურმა ტელეკომპანიებმა "აღმოაჩინეს", რომ ფარმაცევტულ კომპანიებს თურმე, მედიკამენტები გაუძვირებიათ. რამ განაპირობა ეს მოულოდნელი გამონათება?

- ტელევიზიების სუფლიორად ამ  შემთხვევაში პრეზიდენტი გამოვიდა, რომელმაც თავად აღმოაჩინა ეს ფაქტი. რაღაც მონოპოლიზმის ნიშნები შეუმჩნევია, თურმე პენსიონერებს ფული არ ჰქონიათ  წამლების შესაძენად. უხეშადაც მოიხსენია მონოპოლისტი ფარმაცევტული კომპანიები, რომელთაც ქართული პრესა  კარგა ხანია აკრიტიკებს. მაგრამ ჩანს, პრეზიდენტს ძალზე სერიოზული გარემოცვა ჰყავს და პირველ ყოვლისა, მასთან მისატან ქართულ გაზეთბს ხევს... ამის პარალელურად, მოწმენი გავხდით ორდღიანი მეტამორფოზისა, - პრაქტიკულად, დღე-ნახევარში პრეზიდენტმა კიდეც განიხილა აღნიშნული საკითხი და კიდეც გვაუწყა, რომ საგრძნობლად გაიაფებულა ყველა მედიკამენტი და დღე-ნახევარშივე  შედეგისთვისაც მიუღწევიათ...

ანუ, აღარ არის ამის შემდეგ გასაკვირი, როდესაც ფარმაცევტული კომპანიების მზაკვრობაზე ლაპარაკისას პრეზიდენტი უცებ საპატენტო სამსახურის ლანძღვას იწყებს, რომლის ფუნქციაც არის ამა თუ იმ სახელწოდების პრეპარატის დარეგისტრირება, რათა ამა თუ იმ წამლის შემქმნელის საავტორო უფლება იყოს დაცული. ის არც მკურნალობაზეა პასუხისმგებელი და არც ფასზე. რატომ მოხდა ეს დაწესებულება ასეთი მოულოდნელი და მკაცრი კრიტიკის საგანი, მომავალი გვიჩვენებს. ან ხელმძღვანელის შეცვლა მოუნდათ, ან  სურთ, ამ საკითხშიც დავშორდეთ ევროკავშირს, რომლის ერთ-ერთი სერიოზული მოთხოვნაა საავტორო უფლებების დაცვა, ისევე როგორც არაერთი საკანონმდებლო პრობლემა შრომის კოდექსთან, საკვების უსაფრთხოებასა და ანტიმონოპოლიურ საკითხებთან დაკავშYირებით. ანუ, ეს კიდევ ერთ ანტიევროპულ ნაბიჯზე მიგვანიშნებს იმ სიტუაციაში, როცა ჩვენი ხელისუფლება ბრიუსელისთვის ზურგის შესაქცევად და მწყობრი ნაბიჯით სინგაპურისკენ კურსის ასაღებად ემზადება.

სამწუხაროდ, ასეთი განწყობით ვამთავრებთ 2009 წელს...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი