"დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება"
14-10-2013
"დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა  დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება"
"ადეიშვილი სოროსის პირმშოა, სოროსის ინსტიტუციები კი ყველაზე ძლიერი სწორედ ბუდაპეშტშია"

"რუსი პილოტის მეჩირაღდნედ არჩევის შემდეგ, მთელი მსოფლიო სიცილით მოკვდა"


რუსეთმა აგვისტოს ომის "გმირის", პილოტ ივან ნეჩაევის მეჩირაღდნედ გამწესებით მოგვცა სრული ლეგიტიმური უფლება, მასხრად ავიგდოთ სოჭის ოლიმპიადაც და მისი ჩირაღდნებიც. კერძოდ, ნეჩაევი 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ბომბავდა რუსულ კოლონებს (ქართული ეგონა), რუს მეზენიტეებს კი მისი ჩე-25 ქართული ეგონათ და რაკეტები ესროლეს. ნეჩაევმა დაზიანებული თვითმფრინავი აეროდრომზე დასვა. კურიოზი ის არის, რომ ნეჩაევიც
დააჯილდოეს (ვითომდა ქართველი მეზენიტეებისგან თვითმფრინავის გადარჩენისთვის) და ზემოხსენებული რუსი მეზენიტეც (ქართული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის).

ოფიციალურ თბილისს ეს კომიკური ისტორია კარგად რომ შეეფუთა, კლიპი რომ გადაეღო, მსოფლიოსთვის მოედო და ცალკე ნეჩაევისთვის (რუსული კოლონების დაბომბვისთვის) და ცალკე ზემოხსენებული რუსი მეზენიტისთვის (რუსული თვითმფრინავის დაზიანებისთვის) თაიგულები გაეგზავნა, მერე ვნახავდით, დაცინვის
კორიანტელში როგორ იკუნტრუშებდა ზოგ-ზოგიერთი ჩირაღდნით ხელში. ხუმრობა იქით იყოს და, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის მომხრეების არგუმენტებიც გასაგებია და იმათიც, ვინც წასვლას ემხრობიან. თუმცა ფაქტია, პროტესტის გამოცხადება მაინც მოგვიწევს და, ალბათ, გადასაწყვეტია, სად უფრო ეფექტური იქნება დემარში: თბილისში თუ სოჭში. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუც სწორედ ამ თემით დავიწყეთ:


- მივესალმები, რომ სახელმწიფო არ ერევა სოჭის ოლიმპიადის გამო ატეხილ აჟიოტაჟში. ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია, გამოაცხადებს თუ არა ქართული მხარე ბოიკოტს. მე, მაგალითად, მივცემდი ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლებას, ოღონდ არა საქართველოს დროშით. კარგი იქნებოდა, ქართველ სპორტსმენებს სოჭში ეროვნული კი არა, ოლიმპიური დროშა აეფრიალებინათ - ეს უფრო მტკივნეული იქნება რუსებისთვის, ვიდრე საქართველოს უარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ბოიკოტზე ერთი დღე ილაპარაკებდნენ, მერე კი ყველას დაავიწყდებოდა.

- თქვენ ზემოთ ბრძანეთ, რომ ოლიმპიადის გამო ატეხილ აჟიოტაჟში სახელმწიფო არ ერევა. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ოლიმპიური კომიტეტი ბოიკოტის თუ წასვლის თაობაზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს და ხელისუფლებისგან "სიგნალებს" ელოდება.
- სამწუხაროდ, ეს ქართული მენტალიტეტის გამოვლინებაა. ოლიმპიური კომიტეტი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილი პრინციპულად არ ერევა ამ აჟიოტაჟში და დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და არ ელოდოს მთავრობის ნებას.

- თუმცა მთავრობის წევრები თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ, რომელიც შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილებაში აისახოს. მაგალითად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, სწორედ რუსეთს სურს, რომ ქართულმა მხარემ ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოსო.

- ჩემი აზრით, რუსებს, ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ, ჩავლენ თუ არა ქართველი სპორტსმენები სოჭში. თუმცა შესაძლოა, შიშობენ კიდეც, რომ ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე პოლიტიკურ დემარშებს მიმართავენ, მაგრამ გული ნამდვილად არ უსკდებათ. რასაკვირველია, რუსებს თავს გაუვიდათ, რად ღირს თუნდაც ოლიმპიურ მეჩირაღდნედ იმ რუსი პილოტის არჩევა, რომელიც საქართველოს ბომბავდა. თუმცა, მეორე მხრივ, ნახეთ, რა ქნეს - მეორე მეჩირაღდნედ ქართველი დიანა ღურწკაია აირჩიეს. ეს ჯერ კიდევ ჩინგიზ-ყაენიდან გამოყოლილი ცბიერებაა, მაგრამ დღეს ასეთი დიპლომატია არ ჭრის, ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება.

- და ამ ჟესტით ჩვენთვის უნდოდათ რაიმეს თქმა თუ მსოფლიოსთვის?
- ეს ჟესტი, უპირველესად მსოფლიოსთვის არის გათვლილი, რომ ვითომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა და მეჩირაღდნედ ჰყავთ საქართველოსთან ომის "გმირიც" და ქართველი დიანა ღურწკაიაც. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსი პილოტის მეჩირაღდნედ არჩევის შემდეგ, მთელი მსოფლიო სიცილით მოკვდა და რუსეთმა მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

- მხოლოდ მეჩირაღდნეში არ არის საქმე. რუსი სამხედროები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ქართველების სახლ-კარზე მავთულხლართებსა და ღობეებს ავლებენ. სხვათა შორის, ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა შესთავაზა (დათქმით, რომ ოლიმპიადაზეც იქნებოდა საუბარი), თუმცა, უარი მიიღო. პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ხელისუფლება ზემოხსენებული საკითხების მოგვარებაზე ისედაც მუშაობს და სააკაშვილის პიარაქციებში მონაწილეობას არ აპირებს.
- ბიძინა ივანიშვილისა და დავით უსუფაშვილის არგუმენტები აბსოლუტურად მისაღებია. რისი გამკეთებელია უშიშროების საბჭო?! აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთ თვეში სააკაშვილს უფლებამოსილება ეწურება. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უშიშროების საბჭომ? რა ძალით დაახევინებენ უკან რუსეთს, მავთულხლართებს მოაშლევინებენ?! მაქსიმუმ, პროტესტი გამოაცხადოს, ამას კი, ისედაც აკეთებს ხელისუფლება. ზემოხსენებულ თემებზე უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება დროის უქმად დაკარგვაა. მით უმეტეს, სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს ფუნქცია დაუკარგა, მხოლოდ ფულის "გარეცხვის" მექანიზმად გადააქცია. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას - დარწმუნებული ვარ, ეს თემა იქნება ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგში და დასავლეთის რეაგირებაც მოჰყვება. ასე რომ, პოლიტიკური დემარშები იქნება. ისიც ნათელია, რომ მოსკოვის ასეთ პოლიტიკას საქართველოს საკითხში პერსპექტივა არა აქვს.

- ვილნიუსის სამიტამდე საქართველოში  გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის პერიპეტიებზე ვანო მერაბიშვილი ციხიდან ავ პროგნოზს ავრცელებს. მისი მტკიცებით, 28 ოქტომბერს რუსეთი ნინო ბურჯანაძის ხელით არეულობის მოწყობას შეეცდება. საპასუხოდ, ბურჯანაძის პარტიამ სთხოვა სასჯელაღსრულების სამინისტროს, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულიყო.
- ვანო მერაბიშვილის არ მჯერა. ნინო ბურჯანაძე საღად მოაზროვნე ადამიანია და დარწმუნებული ვარ, არანაირ არეულობაზე არ ფიქრობს. თუმცა, რა თქმა უნდა, სამართალდამცავები ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ არჩევნებმა ინციდენტების გარეშე ჩაიაროს.

- თქვენი აზრით, რაში დასჭირდა მერაბიშვილს ასეთი პროგნოზის გაკეთება?
- მერაბიშვილს სურს, აჩვენოს, რომ მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა, პატრიოტია და ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. საინტერესოა, ციხეში მყოფ მერაბიშვილს საიდან უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ რას გეგმავს? ამიტომ მერაბიშვილის განცხადება მოსალოდნელი არეულობის შესახებ არასერიოზული და თითიდან გამოწოვილია.

- რა ამის პასუხია და, მერაბიშვილი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა (განცხადებების გავრცელების სიხშირეს ვგულისხმობ), რაც "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ხელმეორედ აირჩიეს გენერალურ მდივნად. ამავე ყრილობაზე სააკაშვილი დარჩა პარტიის თავმჯდომარედ. არადა, ბევრი ექსპერტი წინასწარმეტყველებდა, "ნაციონალები" ტაქტიკური მოსაზრებებით წინა პლანზე ახალ სახეებს წამოსწევენო.
- ძველი სახეების ერთადერთი ალტერნატივა ჩიორა თაქთაქიშვილია. "ნაციონალებს" სხვა რესურსი არა აქვთ, რადგან არც ერთი ჭკუათამყოფელი ადამიანი ამ მომაკვდავ პარტიაში არ გაწევრდება. როგორ ფიქრობთ, არ უნდოდათ ახალი სახის დასახელება საპრეზიდენტო კანდიდატად? უნდოდათ, მაგრამ არა აქვთ რესურსი.

- გასულ კვირას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ინფორმაციას, რომ თბილისის საკრებულოს წევრების ოფიციალური ვახშმისთვის ბიუჯეტიდან 7 000 ლარი დაიხარჯა. უფრო ზუსტად, ეს ამბავი ჩვენმა თანამოქალაქეებმა მიიჩნიეს იმ ტენდენციის ნაწილად, რომ ახალი ხელისუფლების წევრები, ძველის არ იყოს, არ ერიდებიან საბიუჯეტო რესურსების ხელგაშლით ხარჯვას. ეს ჩვენს თანამოქალაქეებს აღიზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ამაში უკანონო არც არაფერია.

- ჩვენ საქმე ქართულ სინდრომთან გვაქვს. როგორი ნათელი მიზნებიც უნდა ჰქონდეს პარტიის ლიდერს, თუ ქვედა რგოლებთან კავშირი წყდება, ნებისმიერ გადახრას უნდა ელოდო. გამოსავალი ხისტი კონტროლია და ამაში არასამთავრობო სექტორმა და მედიამ დიდი როლი უნდა შეასრულოს. სხვათა შორის, ყველა მსგავსი ამბავი მთავრობაში სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა, რაც მისასალმებელია. ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ თქვა, რომ არ შეუძლია, ათას ნაწილად გახლეჩა. არ შეუძლია ყველაფერი პირადად გააკონტროლოს და ეს არც არის მისი მოვალეობა. ივანიშვილმა უნდა შექმნას შიდა კონტროლის სისტემა და იმედია, ასეც იქნება.

- საკრებულოს ზემოხსენებული ვახშამი ხელზე დაიხვიეს გიგი უგულავამ და მისმა თანაგუნდელებმა. საპასუხოდ კი საკრებულოს წევრებმა მათ შეახსენეს, მერიას 2012-2013 წლებში რესტორნებში გამართულ "ღონისძიებებში" დაახლოებით 500.000 ლარი აქვთ დახარჯული.
- რამდენად მორალურია უგულავასგან საკრებულოს გაკრიტიკება, ალბათ, ეს, თავად მას უნდა ჰკითხოთ. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ გუნდთან ცხრა წლის განმავლობაში არ მითანამშრომლია სწორედ იმიტომ, რომ მათი ქმედებები ამორალურად მიმაჩნდა. რაზეა ლაპარაკი, როდესაც დავით ბაქრაძე, რომლის ცოლმაც 22.000 ლარი დახარჯა სატელეფონო საუბრებში და შემდეგ სახელმწიფომ გადაიხადა, დღეს საპრეზიდენტო კანდიდატია. ინტერნეტში გავრცელებულ გიგი უგულავას ფოტოებზე აღარაფერს ვიტყვი. ამიტომ 7 000 ლარზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. თუმცა საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა თქვას, რამდენად კანონიერია ხარჯები.

- მერაბიშვილის არ იყოს, გიგი უგულავაც აკეთებს ავ პროგნოზებს. მისი მტკიცებით, 2014 წლის ბიუჯეტში თბილისისთვის ტრანსფერების შემცირება დედაქალაქში  პრობლემებს შექმნის.

- სამაგიეროდ, ამ ბიუჯეტის მიხედვით თბილისს გაეზრდება საგადასახადო შემოსავლები და საინტერესოა, რატომ აკეთებს აქცენტს უგულავა მაინცდამაინც ტრანსფერებზე? უგულავა ზედმეტად მუქ სურათს ხატავს, თბილისს პრობლემები არ ექნება. თუ საჭირო შეიქნა, არსებობს სარეზერვო ფონდიც.

- რთველზეც მინდა გკითხოთ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წლევანდელი რთველი, როგორც მოსავლით, ისე ყურძნის ჩაბარებით, უპრეცედენტო იყო.
- წლევანდელი რთველი მართლაც უპრეცედენტო იყო. ბოლო ცხრა წელია, კახეთში რთველზე მუდამ იყო მღელვარება, წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ყურძენს 20 თეთრად იბარებდნენ. ამ მავნე პოლიტიკის გამო უამრავი ვენახი გაიჩეხა. ასეთ ფასად (კილოგრამ ყურძენში ლარი) სახელმწიფოს ყურძენი არასოდეს ჩაუბარებია.

შარშან, თუ არ ვცდები, 35 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარეს, წელს კი - 110 მილიონის. ეს იმ ფონზე, როდესაც კახეთში იყო სეტყვა და სხვა სტიქიური მოვლენები.
პირველად 10-15 წლის განმავლობაში კახეთში რთველზე არ ყოფილა დაძაბულობა და ყურძნის ჩაბარება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.

- თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ასეთ კითხვას სვამს: რამდენად რენტაბელურია სახელმწიფოსთვის კილოგრამ ყურძენში ლარის გადახდა?
- მაღაზიაში ერთი ბოთლი ღვინო, მინიმუმ, 10 ლარი ღირს. იმ ყურძნის დიდი ნაწილისგან, რომელიც სახელმწიფომ ჩაიბარა, ძვირფასი ღვინოები მზადდება. ეს ღვინო ექსპორტზე გავა და მოგება, სულ მცირე, 30% მაინც იქნება. ასე რომ,  არარენტაბელურობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
- საქართველოდან გაქცეულ მაღალჩინოსნებზეც მინდა გკითხოთ. გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს ლონდონის ჩჰატჰამ Hოუსე-ში სიტყვით გამოსვლისას ამ ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ დაუსვა კითხვა, თუ რატომ აირჩია ზურაბ ადეიშვილმა თავშესაფრად უნგრეთი და არა დასავლეთევროპული სხვა ქვეყანა. უნგრეთის პრემიერმა კითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა.

- ადეიშვილი სოროსის პირმშოა, სოროსის ინსტიტუციები კი ყველაზე ძლიერი სწორედ ბუდაპეშტშია.
ასევე, კანონის უზენაესობა არ არის უნგრეთის დღევანდელი ადმინისტრაციის ყველაზე ძლიერი მხარე. ადეიშვილმა აირჩია ის ქვეყანა, სადაც მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მართლაც უნგრეთშია თუ არა ადეიშვილი.

- სხვათა შორის, იმან, რომ ადეიშვილი საქართველოდან გაქცევის წლისთავზე ჯერ კიდევ არ იძებნება წითელი ცირკულარით (ხელისუფლება აცხადებს, რომ ადეიშვილი უახლოეს ხანში მოხვდება საერთაშორისო პოლიციის ძებნილთა სიაში) მაშინ, როდესაც მასზე საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ეჭვი დაბადა. მაგალითად, ზოგიერთი ექსპერტი ავითარებს ვერსიას, რომ შესაძლოა, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.
- არა მგონია. ზოგიერთი შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა პრემიერის განცხადებამ ადეიშვილზე. არადა, ივანიშვილმა თქვა, ადეიშვილისგან თუ ქურდს არ გამოზრდიდი, პატიოსნად იმუშავებდაო. პრემიერმა ამით მიანიშნა, რომ თევზი თავიდან ყარს. ადეიშვილზე აქცენტი კი იმიტომ გააკეთა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულები სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება იმას, გაჭიანურდა თუ არა ადეიშვილის ძებნილად გამოცხადება, ჩემი აზრით, დასრულდა მტკიცებულებების შეგროვება და, სავარაუდოდ, მასალებს ინტერპოლს გადასცემენ.

- საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიპეტიებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მოდი, ის ვთქვათ, თუ რით განსხვავდება ეს კამპანია გასული წლების წინასაარჩევნო კამპანიებისგან.
- სიმშვიდით, ექსცესების ნაკლებობითა და პროცესში პოლიციისა თუ გამგეობების ჩაურევლობით. ბიძინა ივანიშვილი ასრულებს დაპირებას, ასეთი მშვიდი კამპანია ჯერ არასოდეს მინახავს.

- და მსგავსება რა არის? ის ხომ არა, რომ დაახლოებით ვიცით, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

- ვერ დაგეთანხმებით. შესაძლოა, მეორე ტურიც გახდეს საჭირო. მე, მაგალითად, კმაყოფილი ვიქნები, თუ მეორე ტური ჩატარდება, ოღონდ არა "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობით. თუ "ნაციონალების" კანდიდატი მეორე ტურში გავა, ეს ჩემთვის ტრაგედია იქნება. არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ მახსენდება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად არ ჩატარებულიყოს - გარდა აშშ-ისა, თუმცა იქ სულ სხვა საარჩევნო სისტემაა. თუ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ის არ იქნება ბაქრაძესა და მარგველაშვილს შორის, არამედ ერთმანეთს მარგველაშვილი და ბურჯანაძე დაუპირისპირდებიან. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია.
www
15 ოქტომბერი 2013 14:05
ana -ს .ანა ჩემთვის პირადად არც ოთხი დღის მოცდაა პრობლემა და არც მეტის,უბრალოდ არ არის ჩემი აზრით ეს სწორი საქციელი. გაზეთის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ ატვირთონ მასალა,ნახე ამ შემთხვევაში ვინემს თუ ქონდეს უარყოფითი რეაქცია.ყველაფერი რომ ვაჭრობად იქცა ეს არის უბრალოდ გულსატკენი.
ana
15 ოქტომბერი 2013 10:10
არა გრცხვენიათ მკითხველებო? ჟურნალისტს ცხოვრება არ უნდა? კი, ბატონო, ნუ გადავიხდით და ვიკითხოთ მუქთად შეკვეთილი სტატიები. არ გინდათ ხალხზე მომუშავე ობიექტური ჟურნალისტიკა? მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რომ ჟურნალისტებმა მათ დამფინანსებელზე იმუშაონ. ვისწავლოთ, რომ ინფორმაცია ძვირი ღირს და ყველაფერში ფული უნდა გადავიხადოთ. მე პირადად 4 დღეც მოვიცდი, არ არის პრობლემა და როგორც კი ვიშოვნი სამსახურს, დავრეგისტრირდები სრულ ვერსიაზე. მუქთა ცხოვრება რომ გვინდა, იმიტომ არის ჩვენი ქვეყნის საქმე ასე აწყობილი : (
ხატია
15 ოქტომბერი 2013 01:35
და საზღვარგარეთ მყოფებმა რაღა ვქნათო...ნეტა შეიძლებოდეს აქ ყიდვა და ინტერნეტში სულაც არ წავიკითხავდი....

რედაქტორის რჩევით