ამომრჩევლის პასიურობა "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ იმუშავებს
21-10-2013
ამომრჩევლის პასიურობა "ქართული  ოცნების" საწინააღმდეგოდ იმუშავებს
"დაძაბულობის საფუძველიც კი არ არსებობს და ვინც შეეცდება ხელოვნურად ამის გამოწვევას, კისერს წაიტეხს"

"თუ ამის საჭიროება შეიქმნა და "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურზე უარი თქვა, ყველაფერი, რაც აქამდე გაუკეთებია, წყალში ჩაიყრება"


საქართველო ერთ კვირაში მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს და 27 ოქტომბერს კიდევ ერთი მინიისტორიული მოვლენის მომსწრე გავხდებით - აქამდე არც ერთი პრეზიდენტი უფლებამოსილების ამოწურვამდე ქვეყნის პირველი პირის სავარძელში არ მჯდარა. ზვიად გამსახურდია დაამხეს, ედუარდ შევარდნაძე "ვარდების რევოლუციით" პენსიაზე გაუშვეს და მხოლოდ მესამე
პრეზიდენტს "გაუმართლა". კიდევ ერთი მინიისტორიული ფაქტი - არც ერთი წინასაარჩევნო კამპანია ასე მშვიდი არ ყოფილა. სადღაც გაქრნენ "ზონდერბრიგადები", რეგიონებში გამგებლები ოპოზიციის აქტივისტებს ქვებს აღარ ესვრიან, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულები აღარ არიან ვალდებული, რომ მმართველი გუნდის კანდიდატთან შეხვედრებზე იარონ და ოპოზიციის აქტივისტებზე არ ნადირობს პოლიცია თუ კონტროლის
პალატა. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, თუმცა მისი თქმით, ამომრჩეველმა არ უნდა ჩათვლიმოს.

- ეს წინასაარჩევნო კამპანია სხვა კამპანიებისგან იმით განსხვავდება, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ხალხში არ იგრძნობა, რომ არჩევნები ტარდება. თუმცა, საკამათოა, ეს სიმშვიდეა თუ თვლემა. ამ სიმშვიდის თუ თვლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობის თვალში "არჩეულია" პრეზიდენტიც და პრემიერიც - ბიძინა ივანიშვილი. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ივანიშვილი და არა ის, რას გვპირდება მარგველაშვილი. ამიტომაც არჩევნებისადმი ცოტა ინდიფერენტული განწყობაა. რაც არასწორია.

- ამ თვლემამ თუ ინდიფერენტულობამ შესაძლოა, ის გამოიწვიოს, რომ ამომრჩეველთა ნაწილი 27 ოქტომბერს არ მივიდეს საარჩევნო ყუთთან. როგორ ფიქრობთ, თუ ასე მოხდა, ეს შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს?
- ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამომრჩევლის პასიურობა  "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ იმუშავებს. მოტივაცია გაცილებით დიდი აქვთ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს - ნინო ბურჯანაძეს და დავით ბაქრაძეს. "ნაციონალებისთვის", ფაქტობრივად, გადარჩენასთან არის დაკავშირებული მეორე ადგილის დაკავება და მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირება. რაც შეეხება ბურჯანაძეს - ამომრჩეველთა ის კატეგორია, რომელიც განაწყენებულია "ქართულ ოცნებაზე" სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, აუცილებლად მივა არჩევნებზე. მოკლედ, ვინც შეიძლება არ მივიდნენ 27 ოქტომბერს საარჩევნო უბანში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებია - იმდენჯერ ითქვა, ნებისმიერ შემთხვევაში მარგველაშვილი გაიმარჯვებსო, ხალხმა შესაძლოა, ჩათვალოს, მივალ თუ არა, წარმატება მაინც გარანტირებულიაო. როგორც ჩანს, ასეთი კატეგორიის ამომრჩევლის გამოფხიზლებას ისახავდა მიზნად ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები.

- ალბათ, პრემიერის იმ განცხადებას გულისხმობთ, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში 60%-ზე ნაკლები რომ მიიღოს, ეს მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება. "მე, რა თქმა უნდა, ჩემს საქმეს გავაგრძელებ, მაგრამ ენთუზიაზმი მექნება ნაკლები", - თქვა პრემიერმა. პრემიერის ნათქვამი მარგველაშვილმაც დაადასტურა, რომ თუ მეორე ტურამდე მივიდა საქმე, "ქართული ოცნების" კანდიდატი მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
- არა მგონია, "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვას. ამ შემთხვევაში "მინდა-არ მინდას" დონეზე ვერ გადაწყდება საქმე. არასწორი იქნება, თუნდაც 45%-იან მხარდაჭერაზე უარის თქმა. არ ვიცი, რატომ აქვს აკვიატებული "ქართულ ოცნებას", რომ აუცილებლად პირველ ტურში უნდა მოიგოს. თუ ქვეყნის დემოკრატიზაციაზე ვლაპარაკობთ, თუ არის მეორე ტურის ჩატარების ობიექტური ბაზა, რატომ უნდა იყოს ეს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი?! პირდაპირ გეტყვით - თუ ამის საჭიროება შეიქმნა და "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურზე უარი თქვა, ყველაფერი, რაც აქამდე გაუკეთებია, წყალში ჩაიყრება.

მადლი ქენი, ქვაზე დადეო, - ნათქვამია. როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ და ამ საქმეს ხელს ჰკიდებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ადამიანურად შესაძლოა, დასწყდეს გული ივანიშვილს, მაგრამ არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას გაებუტო. იმედია, ასე არ მოხდება.

- როგორ განვითარდება მოვლენები 27 ოქტომბრის შემდეგ? "ნაციონალები" ლამის აპოკალიფსურ სცენარს წინასწარმეტყველებენ.
- დაძაბულობის საფუძველიც კი არ არსებობს და ვინც შეეცდება ხელოვნურად ამის გამოწვევას, კისერს წაიტეხს, სასაცილო გახდება და თუ რაიმე პოლიტიკური წონა აქვს, იმასაც დაკარგავს.

- მეორე ტურის საკითხს დავუბრუნდეთ. თუ დაინიშნა არჩევნების მომდევნო რაუნდი, ვინ დაუპირისპირდება ერთმანეთს?
- მირჩევნია, მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მარგველაშვილი და ბურჯანაძე, ვიდრე მარგველაშვილი და ბაქრაძე. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფერი შეცვლილა და ძველი პარტიული იერარქია შეინარჩუნეს. სხვათა შორის, "ნაციონალები" ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხარდაჭერა არ აქვთ. 1990 წელს ყველას გვეგონა, რომ კომუნისტები 5-პროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ, არადა, დაახლოებით 30% მიიღეს, ხაზს ვუსვამ - 1990 წელს, 9 აპრილის ტრაგედიიდან ერთ წელიწადში. კომუნისტებს დიდი სტრუქტურული რეზერვი ჰქონდათ და ასეთივე რეზერვი აქვთ "ნაციონალებს". გავიხსენოთ, რომ
"ნაციონალები" პერსონალიების დონეზე აკონტროლებდნენ ამომრჩეველს და ეს სტრუქტურა შენარჩუნებული აქვთ. ისინი სექტასავით მუშაობენ. "ნაციონალური მოძრაობა" სახიფათო ძალაა და "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

- ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ერთ-ერთ დამსახურებად იმასაც მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეძლევა პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა. ამის შესახებ პრემიერმა გასულ კვირას ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ განაცხადა.
- ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" არ მისცა დასავლეთმა საშუალება, ის გაეკეთებინა, რაც "ნაციონალებმა" გააკეთეს 2003 წელს. არავინ გვეუბნება, რომ სამართლიანობა არ აღდგეს, მაგრამ ეს ნელ-ნელა უნდა გაკეთდეს.

ივანიშვილმა ამ შეხვედრაზე ისიც თქვა, რომ არ სურს, სააკაშვილი ციხეში ნახოს. პრემიერი აბსოლუტურად სწორად იქცევა, როდესაც ასეთ საკითხებში ფრთხილობს. სჯობს, სააკაშვილი ვნახო ციხეში თუ დასავლეთთან ურთიერთობა გართულდეს? - ასეთია კითხვა და პასუხი გასაგებია. რაღაცები უნდა დალაგდეს, აჩქარება არ არის საჭირო. ავიღოთ თუნდაც ჩამორთმეული ქონების საქმეები - თუ ვიღაცას ქონება წაართვეს, ბუნებრივია უნდა დავუბრუნოთ, მაგრამ ისიც ხომ არ გვეკითხა, საიდან დააგროვა თავის დროზე ეს ქონება? თუ ბოლომდე გავყვებით ჩამორთმეული ქონებების საქმეს, "ცხრაას ჩვიდმეტში" ჩავალთ. ზოგიერთმა მაშინ გაგვძარცვა, როცა პრივატიზაცია მოხდა და ახლა იმას რომ წაართვეს, კიდევ ჩვენი გადასახდელია?! სიფრთხილეა საჭირო. ზოგადად, ამ საკითხის გადასაჭრელად კარგი იქნებოდა, რაიმე მექანიზმი მოგვეფიქრებინა.

- ასეა თუ ისე, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენა ნელი ტემპით მიმდინარეობს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არჩევნების შემდეგ თუ პროცესი არ დაჩქარდა, ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ, შესაძლოა, სამართლის აღსრულება თვითნებურად სცადოს.
- ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება პრემიერი. აუცილებლად უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც რაღაც პროცესებს შეაჩერებდა ან დააჩქარებდა. თუ დავკარგავ იმედს, რომ არ აღდგება სამართლიანობა, ვიწყებ მოქმედებას. იმედი არ უნდა დაიკარგოს, სახელმწიფომ კი არ უნდა ითამაშოს, არამედ რეალურად აკეთოს საქმე. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ პროცესი დაიწყო და ადრე თუ გვიან დასრულდება.

- ისე, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება პრემიერი? ექსპერტები აცხადებენ, რომ ივანიშვილი არჩევანს გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილს, დავით სერგეენკოსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის.
- ძნელია პროგნოზირება, რადგან ივანიშვილი მოულოდნელი და არაორდინარული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.

- მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ტიპის მთავრობა ეყოლება. თუმცა კვლავ "მუდმივ" თემას ვუბრუნდებით - ჩვენი თანამოქალაქეები მაინც შიშობენ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ლიდერის გარეშე დარჩენილ მთავრობაში მინიმუმ კოორდინაციის პრობლემები გაჩნდება და ახალ პრემიერს სიტუაციის მართვა გაუჭირდება.

- ძალაუფლებას მხოლოდ გვირგვინი არ ჰყოფნის, მას სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა. მთავარი პრობლემა გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით ისაა, რომ მოსახლეობა მიიჩნევს, არ არის საპრეზიდენტო კაციო და მას ივანიშვილი რომ გამოაცალო, რა შედეგი ექნება, გაურკვეველია. იგივე შეიძლება ითქვას ახალ პრემიერზე. თუ არ გაქვს ავტორიტეტი შენს გუნდში, რით აპირებ ხელისუფლების შენარჩუნებას? ჩნდება საშიშროება, ისევ დავცურდეთ იქ, სადაც ვიყავით. ვგულისხმობ იმას, რომ თუ მოსახლეობა არ იქნება საყრდენი, მაშინ მთავრობა ძალოვანი უწყება გახდება. ძალიან არ მინდა, რომ ასე მოხდეს.

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამოქალაქო სექტორში გადაბარგებული ივანიშვილი კვლავ მნიშვნელოვან პერსონად დარჩება მმართველი გუნდისთვის.
- მე ჩემს აზრს გეტყვით - ივანიშვილს, რომელიც წავა, უცებ დაივიწყებენ და პოლიტიკურად ანგარიშს აღარ გაუწევენ. მას ზუსტად ისეთივე გავლენა ექნება მთავრობაზე, როგორიც ჰქონდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. სწორედ ამიტომ მეშინია, რომ ისევ იქ არ აღმოვჩნდეთ, სადაც ვიყავით. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერის გარეშე გარდამავალი პერიოდი დაეძლიოს.

- გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ვისაუბროთ: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას დასკვნითი სასამართლო გაიმართა. განაჩენი მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კუბლაშვილის სასამართლოსგან ახალაიას გამართლებას ბომბის აფეთქების ეფექტი ექნება.

- ამას მართლაც ცუდი ამბები მოჰყვება. ვერ დავიჯერებ, რომ ბაჩო ახალაია უდანაშაულოა და არც მოსახლეობის უმრავლესობა დაიჯერებს. ეს დღევანდელი ხელისუფლებისადმი ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასი იქნება.

- თავდაცვის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. ქართული მხარე მის ექსტრადიციაზე მუშაობს, კეზერაშვილი კი, სავარაუდოდ, შეეცდება დაარწმუნოს ფრანგული მართლმსაჯულება, რომ პოლიტდევნილია.
- არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ დავით კეზერაშვილი ფრანგულმა სასამართლომ გაათავისუფლოს, როგორც ეს მოხდა თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის შემთხვევაში. თუმცა შესაძლოა, მაგალითად, ერთ წელიწადში რაღაც-რაღაცები შეიცვალოს და თავადვე ჩამოიყვანონ. დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს, შესაძლოა, მაინცდამაინც ახლა არ მოხდეს. დრომ შეიძლება კორექტივები შეიტანოს მოვლენათა განვითარებაში.

- მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებებია და შესაბამისად, გამოიკვეთა ახალი ვერსია. არ არის გამორიცხული, ჩატარდეს ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ექსჰუმაცია. თუმცა საკითხმა სკანდალური გაგრძელება მიიღო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა (სტილი დაცულია): "არის ფედერალური გამოძიების ბიუროს დეტალური დასკვნა. ოჯახი ამ დასკვნას იცნობს, ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, რადგან ადამიანის შესახებ ბევრ ისეთ დეტალს... ჩემთვის ზურაბის სახელი არის წმიდათაწმინდა. თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის, მათ სინდისზე იყოს."
- რადგან კბილაშვილმა, რომელიც ყოველთვის იკავებს თავს წინასწარ რაიმეს თქმისგან, ახალი გარემოებების შესახებ განაცხადა, ალბათ, მართლაც გამოჩნდა ახალი გარემოებები.
ჟვანიაზე სააკაშვილის განცხადების ქვეტექსტი კი ასეთი იყო - იქ ცუდი რაღაცები ხდებოდა, ეს ოჯახს გავანდეთ, თუმცა საზოგადოებას არ ვუთხარით და ახლა გავხდებით იძულებული, ეს განვაცხადოთო.
როგორც ჩანს, დღესაც შეეცდებიან იმ კარტის გათამაშებას, რომ ეს შეხვედრა სხვა რამ იყო და არა სამსახურებრივი. ეს ყველაფერი, ალბათ, მკვლელობის მიზეზის გადაფარვის მიზნით გაკეთდა.

- თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებული ფაქტები საბოტაჟს უკავშირდებოდეს. როგორ ფიქრობთ, თავდაცვის მინისტრი გარე საბოტაჟზე ლაპარაკობდა თუ შიდაზე?

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ალასანია დღევანდელ მთავრობაში თეთრი ყვავივითაა.
როგორც ჩანს, ალასანია არა მხოლოდ ყოფილი, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლების წევრებსაც აწუხებს. არ არის გამორიცხული, ამის გამოძახილი იყოს ის, რაც დღეს ჯარში ხდება, შესაძლოა, ალასანიას განცხადება უფრო ახლოს იდგეს რეალობასთან, ვიდრე ვერსია საკვების უვარგისობის შესახებ.
ბ ა ქ რ ა ძ ე ! ! !
24 ოქტომბერი 2013 11:27
ბ ა ქ რ ა ძ ე ! ! !
ბ ა ქ რ ა ძ ე ! ! !
ბ ა ქ რ ა ძ ე ! ! !
glaxuna
23 ოქტომბერი 2013 19:39

cico ...2003 წლამდე საქართველო თუ გახსოვს?!...ხალხს ახსოვს!!!...სრული ქაოსი ,ანარქია და უპერსპექტივობა ყველგან და ყველა მიმართულებით... და რა ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო, საქართველო ...


დღეს საუბარი ,,ევროკავშირის .. წევრობაზეა!!!








5655
23 ოქტომბერი 2013 17:16
რა მარგველაშვილი რის ბურჯანაძე? ერთს საქართველოს საბოლოოდ დაჩმორება უნდა ,,ბიძოს,, ფულების დახმარებით-მეორეს სამოქალაქო დაპირისპირება და აქედან ვიგოდის მიღება და ორივე პუტინის გეგმას მიყვებიან, მარტო ბაქრაძეა აქ სუფთაც, უნარიანიც, ზომიერიც და საქმის გამკეთებელიც, ამას ყველა ვხედავთ და მას ვუჭერთ მხარს გაიგეეეთ.

რედაქტორის რჩევით