"უპირველესად მოსახლეობას უნდა მივულოცოთ კოაბიტაციის დასრულება"
28-10-2013
"უპირველესად მოსახლეობას უნდა მივულოცოთ კოაბიტაციის დასრულება"
"სააკაშვილის მმართველობის დროს ეს ვინმეს რომ გაეკეთებინა, ჯაშუშობისთვის გაასამართლებდნენ"

"შესაძლოა, ვინმესმართლაც არ სურს, რომ ალასანიამ თავდაცვის მინისტრის პოსტი შეინარჩუნოს"


გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ქაოსი იყო, თქვენს მონა-მორჩილს ერთმა ჭკვიანმა კაცმა უთხრა, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ვართ, როდესაც ერთი პრეზიდენტი მაინც მიაღწევს უფლებამოსილების ამოწურვამდეო. მართლაც, პირველად ისტორიაში ქვეყნის პირველი პირის შესაცვლელად არ დაგვჭირვებია ხავერდოვანი თუ სისხლიანი გადატრიალებები. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, თუ რა მშვიდად და ქვების სროლის გარეშე
მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ტიპის სისტემისკენ.

ისე, ჩვენ შორის დარჩეს და, რომ არა დასავლეთის დაჟინებული მოწოდება-მოთხოვნა კოაბიტაციისკენ, საკითხავია, მიაღწევდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში 27 ოქტომბრამდე. ასეა თუ ისე, კოაბიტაცია, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეთა დიდ ნაწილს სამართლიანობის აღდგენის
ყველაზე დიდ ხელის შემშლელ ფაქტორად მიაჩნდა, დასრულდა. მასთან ერთად დასრულდა სააკაშვილის 9-წლიანი პრეზიდენტობა. ექსპერტ კახი კახიშვილის აზრით, საქართველოს მოსახლეობას მისალოცად აქვს საქმე, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, დააჩქარებს თუ არა კოაბიტაციის დასასრული ძველი პრობლემების მოგვარებას.



- ჩემი აზრით, უპირველესად მოსახლეობას უნდა მივულოცოთ კოაბიტაციის დასრულება. კოაბიტაციამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი. უპირველესად იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" იძულებული შეიქნა (დასავლეთის ზეწოლით) ეთანამშრომლა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელთა წარმომადგენლების დანაშაულებზე საზოგადოებას კითხვები აქვს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტაიმ-აუტისას, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოასწრო და  ამოქექა დასავლური მხარდაჭერის  რესურსები, შემდეგ კი დაიწყო ზეწოლა ახალ ხელისუფლებაზე ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო. ყველაფერმა ამან განაპირობა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაპირება, რომ სამართლიანობა აღდგებოდა.

- როდესაც ვამბობთ, რომ ეს დაპირება ვერ შესრულდა, ხომ არ ვჩქარობთ შეფასებას? ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი ელის, რომ სწორედ კოაბიტაციის დასრულება გახდება წინა პირობა სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებისა.

- დიახ, რამდენიმე დღეში სააკაშვილს შეუწყდება საპრეზიდენტო უფლებამოსილება. თუმცა ნუ გვავიწყდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აკონტროლებს თბილისის მერიასა და ადგილობრივი თვითმმართველობების დიდ ნაწილს. ასევე, "ნაციონალები" საკანონმდებლო ორგანოში 40%-ით არიან წარმოდგენილნი. ასე რომ, მმართველი ძალა მათთან თანამშრომლობას, თუნდაც კონსულტაციებით, ვერ გაექცევა. ერთადერთი გამოსავალია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. თუმცა ამას კონკრეტული მიზეზი და დასაბუთება სჭირდება. ვნახოთ, უახლოეს მომავალში წამოიწევს თუ არა ეს თემა წინა პლანზე. რაც შეეხება იმას, კოაბიტაციის დასრულება დააჩქარებს თუ არა სამართლიანობის აღდგენას, წესით, სამართლებრივ პროცესებზე პოლიტიკას არ უნდა ჰქონდეს გავლენა. თუმცა დღეს, როდესაც ჩვენ არ გვაქვს მყარი დემოკრატია, პოლიტიკური ამინდი გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე.

ვნახოთ, დაიწყებს თუ არა კოაბიტაციის დასრულების შემდეგ პროკურატურა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებას. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ გამოძიების დაწყება ერთია, მტკიცებულებების შეგროვება მეორე და მისი სასამართლოში წარდგენა მესამე. თორმეტი თვე იდო ესა თუ ის საქმე თაროებზე. უფრო სწორად, ეს საქმეები იმ პროკურორებს ჰქონდათ შედგენილი, რომლებიც ყოფილ მაღალჩინოსნებთან ასოცირდებოდნენ. იმედია, ამას ბოლო მოეღება. შესაძლოა, მოხდეს ისეც, რომ დაიწყოს საქმეების გამოძიება, მაგრამ ისინი სასამართლოში ჩაფლავდეს. ეს კი სამართლიანობის აღდგენა არ იქნება. მეორე მხრივ, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენის თაობაზე კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

- ერთ-ერთი მთავარი  საქმე, რომლის გახსნას ახალ წლამდე აპირებენ, ზურაბ ჟვანიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალებაა. ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ საქმის გახსნის შემდეგ ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, უპირველესად კი მიხეილ სააკაშვილის.
-  მეც ველოდები ამ საქმის გახსნას. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს - შესაძლოა, საქმე აღიძრას სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ პროცესი ჩაფლავდეს კუბლაშვილის სასამართლოში, რაც დიდი სკანდალი იქნება. სანამ პროკურატურა არ დარწმუნდება მტკიცებულებების უტყუარობაში, მანამდე ასეთი მასალები სასამართლოში არ უნდა გაგზავნოს, რადგან გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ და მხოლოდ "ნაცმოძრაობის" რეანიმირებას უწყობს ხელს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბაჩო ახალაიას გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმა (მას ბრალად ედება გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პოლიციელებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნა). შესაძლოა, პროკურატურა შიშობს, რომ სასამართლო ახალაიას სხვა ეპიზოდებში გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს, მისი გათავისუფლება კი მოსახლეობას ძალიან გააღიზიანებს. არის მეორე ვერსიაც, კერძოდ, სააკაშვილს ართმევენ ბერკეტს, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე ვერ მოასწროს ახალაიას შეწყალება.

- საქართველოს უახლოეს დღეებში ახალი პრემიერიც ეყოლება. რამდენიმე სახელისუფლებო წყარო ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მხარს დავით სერგეენკოს დაუჭერს.
- როდესაც ლაპარაკი იყო იმაზე, თუ ვინ იქნებოდა ახალი პრემიერი, პირადად  მე დავით სერგეენკოსა და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურებზე ვფიქრობდი. დავიწყოთ იმით, რომ მთავრობაში სამი მინისტრი იყო, რომელთა საქმიანობასაც პრემიერი და საზოგადოება დადებითად აფასებდა. მათი საქმიანობა ნოვაციებთან იყო დაკავშირებული ესენი არიან მარგველაშვილი, სერგეენკო და ღარიბაშვილი. მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა განახორციელა პროექტი "უფასო სახელმძღვანელოები", ის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. შესაბამისად, პრემიერის პოსტზე მთავარ კანდიდატებად დარჩნენ ღარიბაშვილი და სერგეენკო. ღარიბაშვილის სახელი უკავშირდება პოლიციაში მნიშვნელოვან ცვლილებებს, სერგეენკო კი საყოველთაო დაზღვევის პროექტის ავტორია. ამასთან, ღარიბაშვილს უკავია უმნიშვნელოვანესი პოსტი - შს მინისტრის თანამდებობა საქართველოში საკვანძოა. არ დაგვავიწყდეს, შს მინისტრის შეცვლამ საქართველოში ყველა ხელისუფლება იმსხვერპლა.

ასე დაემართათ ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც კახა თარგამაძე გადადგა შს მინისტრობიდან, იგივე მოუვიდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ვანო მერაბიშვილი პრემიერად გადაიყვანა და შს მინისტრად ახალაია დანიშნა. ივანიშვილი დილემის წინაშეა, ერთი მხრივ, არის მრავალფეროვანი კოალიცია, მეორე მხრივ კი მას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ახალი პრემიერი და მთავრობა მის კურსს გააგრძელებენ და დაპირებებს შეასრულებენ. ივანიშვილისთვის რთული იყო პრემიერის თანამდებობაზე რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ფიგურის დანიშვნა. საჭიროა ისეთი პრემიერი, რომელიც იქნება გადაწყვეტილების მიმღები და არ გადაიხრება რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესებისკენ. ღარიბაშვილის პრემიერად გადაყვანა წარმოშობდა სხვა პრობლემას - შსს-ში ღარიბაშვილისთვის უნდა მოეძებნათ სრულფასოვანი შემცვლელი, რათა სამინისტრო არ აღმოჩენილიყო ისეთი პირის ხელში, რომელიც ამ ბერკეტების ხელში აღების შემდეგ საკუთარ თამაშს დაიწყებდა.

ამ ვითარებაში სერგეენკოს გადმოყვანა პრემიერად უფრო უმტკივნეულოა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო არ მიეკუთვნება ძალოვან უწყებას და სერგეენკოს შემცვლელის მოძებნა უფრო იოლია. არის სხვა ფაქტორიც - როდესაც კოალიციაში რომელიმე კონკრეტულ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებდა. შესაძლოა, ზოგიერთს ეს მოსწონდა, ზოგს არა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების უკან ივანიშვილი იდგა, მას კოალიციის წევრები ეთანხმებოდნენ. სწორედ ამიტომ ახალი პრემიერი უნდა იყოს ისეთი ფიგურა, რომელიც კოალიციაში შემავალი არც ერთი პარტიის მხარეს არ დაიკავებს, მაგრამ პირდაპირ იქნება ასოცირებული ივანიშვილთან. ასეთი ფიგურა ვერ იქნება ის პირი, რომელიც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაიცნო. ახალი პრემიერი უნდა ყოფილიყო ივანიშვილის გარემოცვის წევრი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის პოლიტიკაში მოსვლაზე არც კი ფიქრობდა. ასეთი ფიგურების კატეგორიას ნამდვილად მიეკუთვნება დავით სერგეენკო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანაში კიდევ ერთი გარდამავალი პერიოდი იწყება, გასატარებელია საკვანძო რეფორმები. ასეთ ვითარებაში, ჩემი აზრით, მდგომარეობა სტაბილური რომ იყოს, ძალოვანი მინისტრებიც არ უნდა იყვნენ კონკრეტული პარტიების წევრები. ასეთი პირების ხელში ძალოვანი უწყება ყოველთვის შეიძლება გახდეს მდგომარეობის შერყევის ბერკეტი.

- შემთხვევით ირაკლი ალასანიაზე ხომ არ მიანიშნებთ? ისე, მედიაში აქტუალურია საკითხი, შეინარჩუნებს თუ არა ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტს ახალ მინისტრთა კაბინეტში?

- არავისზე არ მივანიშნებ და იმის პროგნოზირებაც რთულია, შეინარჩუნებს თუ არა ალასანია ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს. ისე, თუ ალასანიას ახალი პრემიერი თავდაცვის მინისტრის პოსტზე აღარ წარადგენს, ეს მყარად უნდა იყოს დასაბუთებული, რათა ჩვენს პარტნიორ ამერიკელებსა და ნატოს წარმომადგენლებს კითხვები არ გაუჩნდეთ.

შესაძლოა, ვინმეს მართლაც არ სურს, რომ ალასანიამ თავდაცვის მინისტრის პოსტი შეინარჩუნოს, მაგრამ ვიმეორებ - ამას დასაბუთება სჭირდება. ისე, პირადად მე მიმაჩნია, რომ სანამ საქართველოში მყარი დემოკრატია არ იქნება, მანამდე თავდაცვის მინისტრი რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს.

- ახალი პრემიერის საკითხს დავუბრუნდეთ. თქვით, რომ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს. ამავე დროს, ალბათ, ახალ პრემიერს ლიდერის თვისებები, თავად კოალიციაში ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, რათა კოლეგა მინისტრებმაც გაუწიონ ანგარიში და საპარლამენტო უმრავლესობამაც. ეს ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორ ფიქრობთ, ზემოხსენებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს სერგეენკო?

- ავტორიტეტის მოპოვებას დრო სჭირდება. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა ავტორიტეტი მოიპოვა პოლიტიკაში მოსვლამდე, დღესაც აქვს და მას შემდეგაც ექნება, რაც პოლიტიკიდან წავა. ივანიშვილის მსგავს ავტორიტეტს ახალი პრემიერი, რა თქმა უნდა, ვერ მოიპოვებს. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ახალი პრემიერი პირდაპირ იყოს ასოცირებული ბიძინა ივანიშვილთან.

- ანუ ვამბობთ სერგეენკოს, ვგულისხმობთ ივანიშვილს?
- დაახლოებით. კოალიციაში შემავალი პარტიები მაქსიმალურად შეიკავებენ თავს ისეთი ქმედებებისგან, რათა არ გამოიწვიონ ივანიშვილის კრიტიკა - იმ პირის, რომელმაც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ეს ახალ პრემიერს მუშაობას გაუიოლებს.

- კოაბიტაციის დასასრულს სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაგვაკვირვა. სიმართლე გითხრათ, ბევრი ვეძებე ინტერნეტში, მაგრამ ვერ ვნახე ანალოგი, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს საიდუმლო თავდაცვით ნაგებობებზე პირდაპირ ეთერში ბრიფინგი ჩაეტარებინოს.
- მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ თანამდებობასა და ფუფუნებას ემშვიდობება, მიხეილ სააკაშვილი უცნაურად იქცევა. მას არაერთხელ უსაუბრია საიდუმლო საკითხებზე. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკელები როკის გვირაბის აფეთქებას ფიქრობდნენ და ამერიკულ გემებს მხოლოდ წყალი არ შემოუტანიათ. სააკაშვილი პრობლემებს ქმნის და ამას ისიც ადასტურებს, რომ ჟურნალისტები მიიყვანა გასაიდუმლოებულ ობიექტებთან. როგორც თქვა, თურმე რუსებმა იციან ტანკსაწინააღმდეგო თხრილების შესახებ. კი მაგრამ, თუ რუსებმა იციან, რაღა საჭიროა, მისი აშენება?! სააკაშვილის მმართველობის დროს ეს ვინმეს რომ გაეკეთებინა, ჯაშუშობისთვის გაასამართლებდნენ. საერთოდ, სისხლის სამართლის კოდექსში ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ორი მუხლია: ჯაშუშობა და სახელმწიფო საიდუმლოების არაგანზრახ გათქმა. კარგი იქნება, თუ პროკურატურა დაინტერესდება, რომელი მუხლი მიესადაგება სააკაშვილის ქმედებას. სააკაშვილის თითოეული ნაბიჯი მიმართულია პოლიტიკური რეანიმაციისკენ. იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში  ხალხს დაავიწყდება, რას სჩადიოდა მისი ხელისუფლება.

- დაავიწყდება კი?
- მე არ ვამბობ, რომ ხალხს ყველაფერი 5-6 თვეში დაავიწყდება, მაგრამ ისტორია ბევრ რამეს შლის. თუ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულები არ გამოიძიეს და გამოააშკარავეს, თუ სამართლიანობის აღდგენა შეფერხდა, შესაძლებელია, 5-6 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ კარგ საქმეებთან იყოს ასოცირებული. ეს შანსი არ უნდა მისცენ. ის გააგრძელებს სპექტაკლების დადგმას, მაგალითად, ისეთს, რამდენიმე დღის წინ ჩახალიანს რომ გაეკიდა "ლაჩარო სეპარატისტოს" შეძახილით. "ნაციონალებს" ფულიც აქვთ, საერთაშორისო მხარდაჭერაც და პიარტექნოლოგიებიც კარგად აითვისეს. შესაბამისად, თუ მათ დანაშაულებს ფარდა არ აეხადა, შესაძლოა, "ნაცმოძრაობის" რეანიმაცია წარმატებით განხორციელდეს.
aleko
30 ოქტომბერი 2013 09:06
მარეხი
და შენ არ ხარ უმადური?
ბატონ კახიშვილისთვის 9 წელი იყო რეჟიმი.
მანამდე პერიოდი რა იყო?
მანამდე მაგ ვაჟბატონი რომ პროკურორობდა ყველაფერი კარგი იყო და მერე გახდა ბნელი და უკუნი?
ხომ ვერ მეტყვი ეს პოლიცია,ჯარი,სახემწიფო ინსტიტუტები როდის ჩამოყალიბდა?ჯაბას დროს თუ მიშას დროს?
მიშა მოღალატეა ერის და ჯაბა პანთეონში გესვენოთ-მაგ სიმართლით იარეთ
aka
28 ოქტომბერი 2013 15:47
ბატონო კახი ერთერთ ინტერვიუში ამბობთ:„..მან (სააკაშვილმა) 9 წლის განმავლობაში 6 მილიარდიც იშოვა და მეტიც, რომელიც არავინ იცის, რომელ საზღვარგარეთულ ანგარიშებზე აქვს. დიახ, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია.“ ეს ცილისწამებაა, რადგან თვითონვე ამბობს „არავინ იცის, რომელ საზღვარგარეთულ ანგარიშებზე აქვს“, ეხლა კი ამბობთ: ,, თუ მათ დანაშაულებს ფარდა არ აეხადა, შესაძლოა, "ნაცმოძრაობის" რეანიმაცია წარმატებით განხორციელდეს.“ თან ამბობთ; „ გამოძიების დაწყება ერთია, მტკიცებულებების შეგროვება მეორე და მისი სასამართლოში წარდგენა მესამე“. ჩვენს ეპოქაში თუ მაქინაციებს ვერ გაშიფრავ, ვერ მონახავ მოპარულ ფულს, ვერ დაუმტკიცებ და ა.შ. ,,თუ არ დაიჭერ ქურდი არ არის“.. .
კაცის დასჯა ადვილი იყო კომუნისტური რეჟიმის პერიოდში. ამისათვის საკმარისი იყო ე.წ. ,,ტროიკა“. ამ დროს დაიჭირეს და სიცოცხლეს გამოასალმეს ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი ,ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი და მრავალი ცნობილი და უცნობი მოქალაქე ( ოცდაათიან წლებში). შემდეგაც , 1984 წელს მღვდელ ჩიხლაძე დახვრიტეს, რომელიც დანაშაულში უშუალოდ არ მონაწილეობდა. და ა. შ.
lalo
28 ოქტომბერი 2013 14:57
მარეხი, მაგარი ხარ! სტატიას რაც შეეხება, ძალიან მომწონს კახიშვილი და მისნაირებმა ცოტა უფრო რომ იაქტიურონ, არაფერი დაშავდება, ძალიან მშვიდად ვსაუბრობთ ნაციონალების მიერ ჩადენილ საშინელებებზე, ის კი არა, უფლებაც მივეცით და ბაქრაძე კანდიდატად გავიყვანეთ, 1937 წლისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აქამდე ყველანი ციხეში უნდა მსხდარიყვნენ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს, ალბათ, ვაშაძეების და უგულავების მენტორული ტონით საუბრების მოსმენა, როდემდე ვითმინოთ?

რედაქტორის რჩევით