"ღარიბაშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იქნება და ამაში უახლოეს მომავალში დარწმუნდებით" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იქნება და ამაში უახლოეს მომავალში დარწმუნდებით"

"ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლეები საბოლოოდ ჭკუაზე მოვლენ"

"ივანიშვილის წასვლის შემდეგ, პოლიტიკა მეორე პლანზე გადაინაცვლებს"

"შეუძლებელი გახდება სამართლებრივი დევნის არდაწყება  სააკაშვილის წინააღმდეგ"

ბიძინა ივანიშვილმა "პოსტივანიშვილისეული" ხელისუფლების დაკომპლექტება დაასრულა - საქართველოს მეათე  პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, სწორედ პრემიერია  მთავარი ფიგურა ხელისუფლებაში და სწორედ ღარიბაშვილის წარმატება-წარუმატებლობაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება ქვეყანაში პროცესები. ივანიშვილმა ახალ პრემიერს არა მხოლოდ წმინდა მენეჯერული საქმიანობა, არამედ პოლიტიკური ლიდერობაც დააკისრა - პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სწორედ ღარიბაშვილი იქნება. მოკლედ, 24 ნოემბრიდან, როდესაც ივანიშვილი დატოვებს თანამდებობას, ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რეალობაში და ახალი პოლიტიკური ლიდერებით გააგრძელებს ცხოვრებას.

იმედია, ახალი რეალობა არ იქნება დიდი რყევებით დატვირთული, რითაც ბოლო 23 წლის განმავლობაში დაიღალა ჩვენი საზოგადოება. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, მოვიდა სიმშვიდის დრო, როდესაც მთავარი თემა პოლიტიკური ბატალიები და დაპირისპირებები კი არა, სხვა, უფრო შინაარსიანი საკითხები იქნება. ქართველმა საზოგადოებამ სიმშვიდე ნამდვილად დაიმსახურა. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი, დღეს პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ნელ-ნელა პოლიტიკური ვნებათაღელვა უკანა პლანზე გადაიწევს.

- არაერთხელ მითქვამს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის შერჩევის კრიტერიუმი იქნებოდა განვლილი გზა და ის იქნებოდა წარმატებული მინისტრი, პირველ რიგში, საზოგადოების თვალში. გარდა ამისა, კრიტერიუმები იქნებოდა - წესიერება და მენეჯერული თვისებები. ასეთი ნამდვილად არის ირაკლი ღარიბაშვილი.

- ექსპერტთა შეფასებით, ზემოხსენებული კრიტერიუმები ესადაგება ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსაც. არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა სერგეენკოსა და ღარიბაშვილს შორის გააკეთა. თქვენი აზრით, რითი გადაწონა ღარიბაშვილის კანდიდატურამ ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა?

- ორივე კანდიდატურა  ღირსეულია. თუმცა პოლიტიკაში ღარიბაშვილის ფიგურას სხვა დატვირთვა აქვს, სერგეენკოსას კი - სხვა. ღარიბაშვილმა, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი პროფესიონალი და წესიერი ადამიანია,  პოლიტიკური ლიდერის თვისებებიც გამოავლინა. ღარიბაშვილის პრემიერობისას, გარდა წმინდა მენეჯერული ფუნქციებისა, პოლიტიკური ასპექტები იქნება პრიორიტეტული. პრემიერად სერგეენკოს დანიშვნის შემთხვევაში კი პოლიტიკური ასპექტები მეორე პლანზე გადაინაცვლებდა  და პრიორიტეტული იქნებოდა მენეჯერული საქმიანობა. ირაკლი ღარიბაშვილის პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ არის გახსნილი. ის მხოლოდ მენეჯერი კი არა, პოლიტიკური ლიდერიც იქნება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებასაც" უხელმძღვანელებს.

- ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა - პრემიერად ღარიბაშვილის წარდგენა მართლაც ადასტურებს, რომ ივანიშვილი კი არ მიდის, არამედ მოდისო.

- თუ გულისხმობენ იმას, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კულუარულად გააგრძელებს მთავრობის საქმიანობაში ჩარევას, ძალიან ცდებიან. გარწმუნებთ - ღარიბაშვილს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იქნება და ამაში უახლოეს მომავალში ყველანი დავრწმუნდებით.

- მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ იქნება ახალი შს მინისტრი. მას ღარიბაშვილი დაასახელებს. მანამდე კი კანდიდატურების შესახებ არაერთი ვერსია ვრცელდება - ანზორ ჩუბინიძით (ივანიშვილის დაცვის უფროსი) დაწყებული და კახი კალაძით დამთავრებული.

- არ ვიცი, ვის დაასახელებს ღარიბაშვილი, თუმცა დარწმუნებული ვარ - ახალი მინისტრი ის ფიგურა იქნება, რომელიც დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. ვიმეორებ - მთავრობაში მთავარი ფიგურა ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ფუნქციასაც შეასრულებს. ამ ფონზე  მეორეხარისხოვანია, რომელ უწყებას კონკრეტულად ვინ უხელმძღვანელებს.

- დაანონსდა, რომ ღარიბაშვილის მთავრობაში რადიკალური საკადრო ცვლილებები არ იქნება. თუმცა მაინც აქტუალურია კითხვა - შეინარჩუნებს თუ არა ღარიბაშვილის პრემიერობისას თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ალასანია.

- დარწმუნებული ვარ, რომ ალასანია ისევ თავდაცვის მინისტრი იქნება. დიდ საკადრო გადაადგილებებს არც მე ველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მთავრობა საკმაოდ ეფექტურია.

- როგორ ფიქრობთ, რა იქნება პრემიერ ღარიბაშვილის მთავარი გამოწვევა და ხომ არ ვარაუდობთ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ისევ მოიმატებს.

-  პოლიტიკური ტემპერატურის მატების შანსი მინიმალურია. მეტიც, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, პოლიტიკა მეორე პლანზე გადაინაცვლებს. ღარიბაშვილის მთავარი გამოწვევა კი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება და მათზე კონკრეტული პასუხისმგებლობის აღებაა. ვფიქრობ, ახალ პრემიერს აქვს შესაბამისი ამბიციაც და ნიჭიც იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაწყვიტოს.

- გადავიდეთ კვირის სხვა მთავარ მოვლენებზე. ისრაელმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება გადაწყვიტა და თბილისთან მოლაპარაკებებიც დაიწყო. თქვენი აზრით, რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ოფიციალურმა იერუსალიმმა ეს გადაწყვეტილება მიიღო?

- დავიწყოთ იმით, რომ პრემიერ ივანიშვილის ვიზიტი ისრაელში ძალიან წარმატებული იყო. სწორედ ამან შეასრულა გადამწყვეტი როლი, რომ დღეს უკვე უვიზო რეჟიმზე ვსაუბრობთ. ვიზიტი ჩაშლის პირას იყო, რადგან გაფიცვა იყო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში. გარდა ამისა, ფაქტობრივად, პროტოკოლის სამსახური არ ემსახურებოდა ქართულ დელეგაციას. თუმცა მოვახერხეთ და ვიზიტი შედგა. დეტალებს არ დავაკონკრეტებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი --  საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს,  ივანიშვილის ინიცირებით,  აქვს სერიოზული პერსპექტივები არა მხოლოდ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, არამედ სხვა ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების კუთხით.

- რამდენიმე დღის წინ თბილისში ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ზეევ ელკინი იმყოფებოდა. თქვენი ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს თუ არა დავით კეზერაშვილის საკითხზე? შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დაკავებულ ისრაელის მოქალაქე კეზერაშვილს იქაურმა სასამართლომ პატიმრობა გაუგრძელა.

-  ელკინმა აღნიშნულ საკითხზე ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმად, კეზერაშვილის საკითხი საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემების თემაა. კეზერაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში რაღაც ფაქტორი იქნება, ის  ჩვეულებრივი კრიმინალია. სამართალი პოლიტიკამ არ უნდა ჩაანაცვლოს. სწორედ ამას ცდილობს  სააკაშვილი. რომლის ერთადერთი მიზანია, მიიღოს ხელშეუხებლობის გარანტიები. ნორმალური სახელმწიფო ასეთ გარიგებაზე  ვერავისთან წავა - მათ შორის მოქმედ თუ ყოფილ პრეზიდენტთან. თუ გვინდა ნორმალური პოლიტიკური პერსპექტივა გვქონდეს, დაუსჯელობის გარანტიები არავის უნდა მივცეთ, რადგან მომავალში შესაძლოა, იმავეს გაკეთების სურვილი სხვასაც გაუჩნდეს. დასასჯელი უნდა დაისაჯოს.

- დასჯა-დაუსჯელობის საკითხი სასამართლოს პრეროგატივაა, ისე, რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა - ამჟამად 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე.

- დღევანდელი ხელისუფლების ნებაა, რომ სასამართლო იყოს ჯანსაღი, თავისუფალი და ობიექტური. თუმცა სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ძალა, რაც ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან, ერთობლივი დანაშაულია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოსამართლე წლების განმავლობაში იყო ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე. სწორედ ამ თანამონაწილეობის განცდიდან გამოსვლაა რთული პროცესი. ალბათ, მოსამართლეებს სურთ გათავისუფლება, მაგრამ ერთობლივი დანაშაულის განცდა  არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ არ შეასრულონ უკანონო დირექტივები. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას -  ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მას არ განვიხილავ როგორც სისტემური დანაშაულის ინიციატორს, ის კარგი შემსრულებელი იყო სადისტური მონაცემებით. თუმცა ბუნებრივია, ამისთვის უნდა დაისაჯოს. ჩემთვის მიუღებელია მისი გამართლება, მაგრამ ჯერ არ მინდა საბოლოო ვერდიქტი გამოვუტანო ქართულ სასამართლოს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი შანსი ეძლევა სასამართლოს, გათავისუფლდეს ზემოხსენებული სპეციფიკური ურთიერთობებისგან. უკვე საბოლოოდ გაქრა ილუზია, რომ სააკაშვილი ხელისუფლების რაღაც სეგმენტს შეინარჩუნებდა. დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს, რომ "სააკაშვილის მოსამართლე მათ მოსამართლედ იქცეს" -   მოსამართლე კანონის აღსრულებით უნდა  იყოს დაკავებული. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლეები საბოლოოდ ჭკუაზე მოვლენ. თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლეთა რაღაც ნაწილი ისეთ დიდ ერთობლივ დანაშაულში იყოს გარეული, რომ იმავეს გაგრძელების გარდა სხვა გზა არ ჰქონდეს. ასეთი მოსამართლეებისგან სასამართლო უნდა გაიწმინდოს.

- მხოლოდ მოსამართლეთა "ჭკუაზე მოსვლის" იმედად ვრჩებით? არადა, თავის დროზე ახალ ხელისუფლებას "ნაციონალებთან" და კოტე კუბლაშვილთან იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით "კანონების ომი" რომ არ წაეგო, სასამართლო რეფორმა არ შეფერხდებოდა.

- გეთანხმებით, რომ ცვლილებები დროში  გაიწელა. თუმცა ვიმედოვნებ -  მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ბოლო სეგმენტი გამოეცალა სააკაშვილს, დაჩქარებული წესით შეიძლება პროცესების მართვა იმავე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ვნახოთ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

- მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ფართომასშტაბიანი შეწყალების აქტი გამოსცა, რაც სკანდალური აღმოჩნდა. თავი დავანებოთ იმას, რომ პრეზიდენტმა ეს შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გააკეთა. შსს-ს ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არიან მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები - მათ შორის ყაჩაღობისა და ნარკორეალიზატორობისთვის. ციხე დატოვა რობაქიძის საქმეზე გასამართლებულმა პოლიციის ყოფილმა ჩინოსანმა მაიზერ ლიპარტელიანმა.  სააკაშვილმა ძებნილებიც შეიწყალა - თინათინ ბურჯალიანის მეუღლე და ზურაბ ადეიშვილის ძმა.

- დღეს სააკაშვილის ყველა ქმედება ყოვლისმომცველი შიშისგან გამომდინარეობს - სწორედ ის არის მისი მეგზური. ცდილობს, რომ თავისი კარიერის  შავი ხვრელები ამოავსოს. არ გამოვრიცხავ, რომ მას ეშინია ადამიანების ალაპარაკების. ყველამ ხომ ვიცით, რომ მის გარეშე არც ერთი პოლიტიკური და სადისტური დანაშაული არ ჩადენილა ამ ქვეყანაში. მას ეშინია, რომ ხალხი ალაპარაკდება და მისკენ გაიშვერს ხელს. აქედან გამომდინარე, ის შეეცდება, სადაც კი ხელი მიუწვდება, გააჩუმოს და "მოისყიდოს" ეს ადამიანები.  ამ ყოვლისმომცველი შიშის გამო მიანიჭა სააკაშვილმა თურქეთის 2000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა. ალბათ, იმედოვნებს, რომ თუ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო, თურქეთს სთხოვს თავშესაფარს. ასევე, ის ცდილობს ევროპაში შექმნას ისეთი განწყობა, რომ თუ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ეს პოლიტიკური დევნა იქნება - მოკლედ, სააკაშვილი  ტიმოშენკოსთან აიგივებს თავს.  სხვათა შორის, შეწყალებულები ყველაზე მეტად სწორედ სააკაშვილს ეზიზღება, იმიტომ,  რომ მისი დანაშაულების მოწმეები არიან. კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას - დღეს თუ ხვალ კიდევ ბევრი რამე გაირკვევა. დღევანდელი ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს შევა ეროვნულ ბანკში, სადაც დახურული იყო ყველა ტიპის ინფორმაცია, შევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და გაიგებს, რა ხდებოდა იქ, იმავე უშიშროების საბჭოში და ა.შ.

დღეს შესაძლოა, ჯერ კიდევ არ ვიცით მასშტაბი იმ დანაშაულისა, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა. მოკლედ, ყველაფერს ფარდა აეხდება და ბევრ საინტერესო რამეს გავიგებთ.

- და შემდეგ?

- მხოლოდ ერთს გეტყვით - შეუძლებელი გახდება სამართლებრივი დევნის არდაწყება  სააკაშვილის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.

- თქვენი აზრით, საქმის მთავარი ფიგურანტი მხოლოდ სააკაშვილი იქნება? შეგახსენებთ, რომ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდნენ სხვებიც. ზოგიერთი მათგანი (ზურაბ ადეიშვილი) გაქცეულია, ზოგი კი (გიგა ბოკერია, გიგი უგულავა) დღესაც თანამდებობებზეა.

- ჩემი შინაგანი რწმენით, ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. აგერ გიგი უგულავას საქმეები სასამართლოშია. თუმცა არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო.

- როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ეროვნულ ბანკში, უშიშროების საბჭოსა თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევა, რა ტიპის დანაშაულს აეხდება ფარდა?

- ფარდა აეხდება როგორც კორუფციულ, ასევე ოპონენტების პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებულ დანაშაულებს. კონკრეტულად გავიგებთ -  რა ხდებოდა, როგორ, ვისი ბრძანებითა და ინიციატივით.

- და ეს ბიძგს მისცემს საზოგადოების მთავარი მოთხოვნის აღსრულებას - სამართლიანობის აღდგენას?

- სამართლიანობის აღდგენის გარდა, სხვა გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ  სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ.  განა იმიტომ,  რომ ვიღაცის სისხლი გვწყურია ან გვინდა, რომ ვინმე  ციხეში ვიხილოთ?! მე პირადად არ ვარ ამის მომხრე, მაგრამ ფაქტია - ეს რეჟიმი და  სისტემური დანაშაულის იდეოლოგია კონკრეტული პირების სახით უნდა გასამართლდეს. შესაძლოა, ვიფიქროთ დიდ ამნისტიაზეც წინა ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლებთან დაკავშირებით. მაგრამ იმ ძირითადმა წრემ, რომელიც ქვეყანაში განუკითხაობას ამკვიდრებდა, პასუხი უნდა აგოს.