"ქართველი ხალხის ნება უფრო უზენაესია, ვიდრე ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებები" - კვირის პალიტრა

"ქართველი ხალხის ნება უფრო უზენაესია, ვიდრე ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებები"

"ეკონომიკური მოსავალი დაითესა, უნდა დაღვინდეს და მერე უნდა მოიმკას"

"შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, არც ლარს ემუქრება რამე და არც არაფერი გაძვირდება"

კვირის დასაწყისში ჩემი კოლეგები წუწუნებდნენ, პოლიტიკური ცხოვრება მდორე და ერთფეროვანი გახდაო. თუმცა შუა კვირაში "ავრორამ" მოულოდნელად გაისროლა" - არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტი დატოვა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად კბილაშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლა დასახელდა. თუმცა რეალური მიზეზის მოძებნისგან, ალბათ, შორს წასვლა არ დაგვჭირდება - სამართლიანობის აღდგენა დამუხრუჭდა. ეგ  კი არა, ზოგიერთმა (მაგალითად, "კოლექტიურმა ახალაიებმა") უკვე მორალის კითხვა დაიწყო და თუ ასე უხერხემლოდ გააგრძელებდა პროკურატურა მოქმედებას, კუბლაშვილის სასამართლო, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ახალაიებისთვის, ქარდავებისთვის თუ "მასტერებისთვის" ბოდიშის მოხდას "მოგვისჯიდა".

ასევე, გასულ კვირას მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ შს მინისტრად ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა. ამ აჟიოტაჟის ფონზე, გასულ შაბათს პრეზიდენტის სასახლის თავზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობის" გულებიანი დროშა აფრიალდა. სიმართლე გითხრათ, თქვენმა მონა-მორჩილმა იფიქრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა "მიტოვებულად" იგრძნო თავი და ყურადღების მიპყრობა ასე  სკანდალურად გადაწყვიტა. თუმცა ანდრო ბარნოვის განმარტებით, გულებიანი დროშა სასახლეში მუსიკალური კლიპის (სავარაუდოდ, "ნაციონალების" შესახებ) გადაღებას უკავშირდებოდა.  კლიპია თუ კინო, ბარნოვმა იკითხოს, მაგრამ ფაქტია,  ეს სახელმწიფო დროშის უპატივცემულობაა და როგორც ირკვევა, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაც, რომელიც კრძალავს ოფიციალურ დაწესებულებებზე სხვა დროშის აღმართვას, გარდა სახელმწიფო დროშისა. ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძეს სააკაშვილის საქციელმა ძველი ანეკდოტი მოაგონა:

- ძველი ანეკდოტია: "ბისმარკი გარდაიცვალა. რისი თქმა სურდა ამით მას?" რა კლიპს იღებენ ან რისი თქმა სურთ მართლაც "ნაციონალებს"? ვის მოუვიდა აზრად, რომ სახელმწიფო დროშა დროებით სხვა ალმით შეეცვალა? თუმცა, "ნაციონალური მოძრაობისგან" არაფერია გასაკვირი. 17 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და სადაც უნდა, იქ მოიხმაროს თავისი პარტიული დროშა.

- კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ის არის, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგეთ, ვინ იქნება ახალი შს მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თანამდებობაზე თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა.

- არ ვიცნობ ახალ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს, თუმცა, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ. ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი თავის შემცვლელს გულდასმით შეარჩევდა, ყველამ ვიცით, რამხელა როლი აკისრია ხელისუფლებაში შს სამინისტროს. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე წარმატებული მინისტრი იყოს. სხვათა შორის, ზოგიერთი რატომღაც ნაკლად მიიჩნევს იმას, რომ ღარიბაშვილი, ჭიკაიძე თუ სხვა ახალდანიშნული მოხელეები ახალგაზრდები არიან. მაგალითად, მე ღარიბაშვილის ასაკში სადოქტორო დისერტაცია დავიცავი, ხოლო 33 წლისა საბჭოთა კავშირში ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებათა დოქტორი ვიყავი. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რამდენი წლისაა, მთავარია, ჭკუა. იმედია, ეს ახალგაზრდები ჭკუით გაუძღვებიან საქმეს.

- გასულ კვირას თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად სამოქალაქო სექტორში გადასვლა სურს. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, კბილაშვილის გადადგომის რეალური მიზეზი ის არის, რომ პროკურატურა გახმაურებული თუ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებაში, რბილად რომ ვთქვათ, ფხას ვერ იჩენდა.

- მართლაც, პროკურატურისგან უფრო მეტ პროფესიონალიზმს ველოდით. ფაქტია, პროკურატურის მუშაობაში რაღაც შესაცვლელია. მე დიდ პატივს ვცემ არჩილ კბილაშვილს და დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო სექტორში წარმატებით იმუშავებს. ის წესიერია ადამიანია, მეც წესიერი კაცი ვარ, მაგრამ პროკურორად არ ვივარგებ. მართლაც, მოქალაქეთა ერთი ნაწილი უკმაყოფილო იყო პროკურატურის მუშაობით. მეორე მხრივ, კბილაშვილმა მოახერხა და პროკურატურა აპოლიტიკურ უწყებად გადააქცია. თუმცა, რა თქმა უნდა, პროკურატურა ჯერ შორს არის იმისგან, რაც უნდა იყოს. ხშირად მარცხენა ხელმა არ იცოდა, რას აკეთებდა მარჯვენა. პროკურატურას ცოტა ხისტი მართვა უნდა და იმედია, ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამ გაკვეთილებს გაითვალისწინებს.

- როგორ ფიქრობთ, კბილაშვილის გადადგომაში რა როლი შეასრულა ბაჩო ახალაიას საქმემ? ოთხი საქმიდან სასამართლომ ორში არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ახალაია გაამართლა. ე. წ. ციხის ბუნტის საქმეზე მსჯავრდადებული სააკაშვილმა შეიწყალა. შესაბამისად, თუ ახალაია გირგვლიანის ეპიზოდშიც გამართლდება, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ტალღა სწორედ პროკურატურისკენ იქნება მიმართული და, ალბათ, ნაკლებ ინტერესს გამოიწვევს ის, თუ რატომ სჯერა კუბლაშვილის სასამართლოს ახალაიების ადვოკატებისა და არა პროკურატურის მტკიცებულებების.

- ჩემი აზრით, ბაჩო ახალაია ციხეში უნდა იჯდეს, ოღონდ სამართლიანად და არა ყბადაღებული "ვაშლის თლის" უმნიშვნელო ბრალდებით. ყველას გვახსოვს, რომ ახალაიასა და სხვებსაც მძიმე დანაშაულებში ადანაშაულებდნენ. თუ პროკურატურას მტკიცებულებების შეგროვება უჭირს, მაშინ მისი მუშაკების პროფესიონალიზმის საქმე ცუდად ყოფილა. არ მინდა დავიჯერო, რომ ბევრმა პროკურორმა მუშაობა არ იცის. არადა, დარწმუნებული ვარ, მძიმე ბრალდებებზე მტკიცებულებების შეგროვება შეიძლება.

- როგორც კბილაშვილმა განაცხადა, პროკურატურის გარდაქმნისა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრის თაობაზე მას და პრემიერ ივანიშვილს სხვადასხვა აზრი ჰქონდათ.

- ჩემი აზრით, ივანიშვილი სტრუქტურიზებულ რეფორმას მოითხოვდა. მას უყვარს სიზუსტე, როცა ყველაფერი დალაგებულია. პრემიერისთვის კატეგორიულად მიუღებელია გაურკვევლობა. პროკურატურას კი გეგმაზომიერი სტრატეგია არ ჰქონდა, ყველაფერი, ცოტა არ იყოს, იმპულსურად ხდებოდა. თუმცა ვიმეორებ, არჩილ კბილაშვილი როგორც მოქალაქე, როგორც მოაზროვნე ადამიანი, ძალიან მომწონს და მის ადამიანურ ღირსებებს პატივს ვცემ.

- ასე ვთქვათ, მთავარი დამაანონსებელი, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე გაიხსნებოდა, სწორედ არჩილ კბილაშვილი იყო. მის გადადგომაში ხომ არ უნდა ვეძებოთ იმის ნიშნები, რომ საქმე ჩიხში შევიდა? მაგალითად, ახალ მთავარ პროკურორს ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ კბილაშვილი ნაადრევად ან სულაც უსაფუძვლოდ აანონსებდა ამ გახმაურებული საქმის გახსნას.

- მე ადრეც მითქვამს, რომ ჟვანიას საქმის გახსნა ძალიან მეეჭვებოდა. მზაობა ყველა მხარეს აქვს, უნდათ საქმის გახსნა, მაგრამ მტკიცებულებები ვერ გროვდება. ჩემს თავს ზურაბ ჟვანიას მეგობრად მივიჩნევ და ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო მისი მკვლელობა, დიახ, რაც მოხდა, მკვლელობას ვუწოდებ. ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუში გავამახვილე ყურადღება, რომ ჩემი აზრით, სააკაშვილს FBI-ს ხალხი იმიტომ გამოუგზავნეს, რომ ყველაფერი "გაეწმინდათ". შესაბამისად, ერთადერთი, რითიც შეიძლება გაიხსნას ეს საქმე, არის ჩვენებების შეგროვება. თუმცა ვიმეორებ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

- ჟვანიას საქმეზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ერთს გკითხავთ, თქვენ თქვით, რომ FBI-ს წარმომადგენლებმა ყველაფერი "გაწმინდეს". ანუ მიანიშნებთ, რომ კვალი შესაძლოა, სააკაშვილამდე ან მის გარემოცვამდე მიდიოდა?

- არაფერს გამოვრიცხავ. იმედია, ახალი მთავარი პროკურორი ამ საქმეს თავს წარმატებით გაართმევს, თუმცა მაინც მეეჭვება, რომ ჟვანიას საქმე გაიხსნას.

- ოთარ ფარცხალაძე აქამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ სამსახურმა დააკავა და შემდეგ გაუშვა რასმუსენის ვიზიტისას თბილისის მერიის თანამშრომლები, რითაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ხელისუფლება. ასევე სკანდალი მოჰყვა საგამოძიებო სამსახურის მიერ ჭელის მინარეთის დემონტაჟს. იქნებ ეს ყველაფერი ფარცხალაძეს პლუსად ჩაუთვალეს?

- ღარიბაშვილის ადგილზე კადრებს იმის მიხედვით შევარჩევდი, ვისთანაც კარგად ვიმუშავებდი. შესაბამისად, მომავალი პრემიერი, ალბათ, თანამდებობებზე ისეთ პირებს არჩევს, რომელთაც თვალდახუჭული ენდობა. რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ ფაქტებს, არ ვიცი, საგამოძიებო სამსახურს ზემოხსენებული ქმედებები პლუსად ჩაუთვალეს თუ მინუსად, მაგრამ ფაქტია: ახალი მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს საბავშვო ბაღის ძიძა, ის უნდა იყოს ზოგჯერ ხისტი და ზოგჯერ ძალიან მკაცრიც. რაც მთავარია, მას პრინციპულობა და კანონების დაცვა მოეთხოვება. არ მინახავს არასოდეს, რომ კარგი ადვოკატისგან კარგი პროკურორი გამოსულიყოს. ისე, ოთარ ფარცხალაძე მომწონს, ახალგაზრდაა და, ალბათ, თავისი საქმე იცის.

- ფარცხალაძეს, ალბათ, მოუწევს პრინციპულობის გამოჩენა, განსაკუთრებით ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხში, რომელიც ჩამორთმეულ ქონებას ეხება. სხვათა შორის, კბილაშვილის განცხადებაში ნათქვამია:L "დადგა დრო, მკაფიო პასუხი გაეცეს ქონებაჩამორთმეულთა და უკანონო განაჩენებით მსჯავრდადებული ადამიანების პრეტენზიებს".

- დიახ, ქონებაჩამორთმეულთა საქმის მკვდარი წერტილიდან დაძვრას უნდა ველოდოთ, ასეთია სოციალური დაკვეთა. წინ გველის ურთულესი და უმძიმესი პროცესი. მე და ჩემს მეგობრებს არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე. მართლაც რთული მდგომარეობაა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიიტაცეთ ვიღაცის ქონება და მომყიდეთ მე, ინვესტორს. ქონების ყიდვისას მე, ინვესტორს, სახელმწიფომ მითხრა, რომ ქონება "სუფთაა" და მეც ვიყიდე. მე ამ ქონებას ვერ წამართმევენ, სამაგიეროდ, პირველ რგოლს, ანუ ვინც მიიტაცა, უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ანუ ის წავა ციხეში.

- და ქონებაჩამორთმეულს რა ხეირი ექნება ამით, მთავარი ხომ მატერიალური ზარალის ანაზღაურებაა?

- ალბათ, მექანიზმები უნდა მოიძებნოს. თუმცა იმან, ვინც ციხეში წავა, შესაძლოა, თავად იფიქროს ზარალის ანაზღაურების გზებზე და ამ გზით პასუხისმგებლობის შემსუბუქებაზე. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს - რიგითი მოქალაქე იქნება თუ პრეზიდენტი.

- პრეზიდენტზე გამახსენდა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება, შესაძლოა, მოვლენები იმაზე უარესად განვითარდეს, ვიდრე იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში.

- რას იზამ, ეტყობა, ევროპაში არ უნდათ დაიჯერონ, რომ ვისაც წარმატებულ რეფორმატორად მიიჩნევდნენ, ის კანონებს არღვევდა და ბევრი გადაცდომა ჰქონდა. ვინც რა განცხადება უნდა გააკეთოს, უნდა გვახსოვდეს - ჩვენ ვართ სახელმწიფო, გვაქვს სახელმწიფო ინტერესები და ქართველი ხალხის ნება უფრო უზენაესია, ვიდრე ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებები.

- ევროპელი ჩინოვნიკების "სიჯიუტის ხარისხს" ტიმოშენკოს საქმეც კარგად გამოხატავს. ტიმოშენკო უმძიმესი ბრალდებების გამო იხდის სასჯელს, მათ შორის ერთ-ერთი, თუ არ ვცდები, მკვლელობის შეკვეთაა. თუმცა ოფიციალური კიევის მცდელობამ, რომ ეს დასავლეთამდე მიეტანა, კრახი განიცადა.

- მერე რა? ილაპარაკეს, ილაპარაკეს ტიმოშენკოზე და რაიმე სანქცია დაუწესეს უკრაინას? ვილნიუსში ევროკავშირთან "დიდ ხელშეკრულებას" უკრაინა საქართველოსთან ერთად აწერს ხელს. ასე რომ, ნუ ვღელავთ, როცა დრო მოვა, ევროკავშირშიც შევალთ და ყველა იმ ორგანიზაციაში, სადაც გაწევრებას გადავწყვეტთ. ისე, დასავლეთში არავის უნდა უკვირდეს, რომ ქვეყნის მოქმედ თუ ყოფილ პირველ პირთან სამართალდამცველებს კითხვები აქვთ. მაგალითად, საფრანგეთის ერთ-ერთი ყოფილი პრემიერი ვერტმფრენით მიფრინავდა დაკითხვაზე, იქიდან გადმოვარდა და დაიღუპა (კაცმა არ იცის, გადმოვარდა თუ გადმოაგდეს). ჟაკ შირაკი სწორედ პრეზიდენტობის დროს დაჰკითხეს, ყოფილი პრემიერი ალენ ჟუპე ციხეში იჯდა იმისთვის, რომ სახელმწიფო ბინა შვილს დაუთმო. ბერლუსკონის რაც დამართეს იტალიაში, ყველამ კარგად ვიცით.

- ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ის არის, მოხდება თუ არა მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ პრემიერი - ვის დატოვებდით და ვის მოხსნიდით მთავრობის ამ შემადგენლობიდან?

- ასე კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ. მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ ბლოკს ხელი არ ახლოს. გიორგი კვირიკაშვილი და ნოდარ ხადური ძალიან კარგად მუშაობენ.

- მაგრამ ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში ვერ სრულდება. არსებული ინფორმაციით, საუბარია 600-მილიონიან გარღვევაზე.

- როცა "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, წინა ხელისუფლებას გადასახადების სახით წინასწარ მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი ჰქონდა აკრეფილი. ასევე, უკვე მოვიდა სააკაშვილის მმართველობის დროს აღებული დაუფიქრებელი საგარეო კრედიტების გადახდის დრო. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, თუ როგორ ახერხებდა წინა მთავრობა ვითომდა არადეფიციტური ბიუჯეტის მიღებას - ბიზნესს აყაჩაღებდა. მე ვიცნობ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ბიზნესჯგუფის წევრს, რომელსაც ლამის ინფარქტი დაემართა, რადგან 50 მილიონი მოსთხოვეს. მართალია, მან არ მისცა, მაგრამ ეს ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. ახლა ასეთი რაღაცები აღარ ხდება. არ ვამბობდი, მაგრამ ყველაფერი ზემოხსენებულის გამო მე საბიუჯეტო კრიზისს ვვარაუდობდი.

ნოდარ ხადურმა კარგი ილუზიონისტივით აიცილა თავიდან საბიუჯეტო კრიზისი.

- ანუ პენსიები არ დაიგვიანებს და სამსახურებში შემცირება არ დაიწყება?

- არავითარ შემთხვევაში. ნახეთ, რამდენი იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ყურძენი დროულად დაიკრიფა და დაბინავდა, სოფლის მეურნეობაში წინსვლაა. მოკლედ, ბევრი რამ გაკეთდა, უბრალოდ შედეგს მოგვიანებით ვნახავთ. ეკონომიკური მოსავალი დაითესა, უნდა დაღვინდეს და მერე უნდა მოიმკას.

- არც ლარის კურსის ვარდნამ უნდა შეაშფოთოს ჩვენი თანამოქალაქეები? ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ლარის კურსი ხელოვნურად დასწიეს.

- სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ლარი დოლართან მიმართებაში ძალიან ძლიერია და შესაძლოა, ამის გამო ეროვნულმა ბანკმა ცოტა შეამცირა კურსი. შემდეგ, ალბათ, ნოდარ ხადურმა უთხრა მათ, რას შვრებითო და სავარაუდოდ, კურსი ისევ გამყარებას დაიწყებს. მოკლედ, არ არის გამორიცხული, ეროვნული ბანკის ახალგაზრდა მენეჯერების იმპულსურ ქმედებებთან გვქონდეს საქმე და ამით მორჩეს ყველაფერი. შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, არც ლარს ემუქრება რამე და არც არაფერი გაძვირდება. პირდაპირ გეტყვით, მე ჩემს დანაზოგს ლარში ვტოვებ, არ ვაპირებ დოლარის ყიდვას და ამასვე ვურჩევ ჩვენს თანამოქალაქეებსაც. საქართველოს საკმაოდ ძლიერი სარეზერვო სისტემა აქვს, რათა ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული ვიყოთ.