ქვა, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე გდია... - კვირის პალიტრა

ქვა, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე გდია...

"პრეზიდენტ მარგველაშვილს ექნება საშუალება, გააუქმოს არაჯანსაღ ვითარებაში მიღებული დადგენილებები და აღადგინოს სამართლიანობა"

"რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გახლდით და დამძიმებული ჩამოვედი იმის გამო, რომ ევროპელები დღემდე ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისგან ტიმოშენკოს და მერაბიშვილს"

ისტორიკოსებსა და სტატისტიკოსებს ალბათ, დააინტერესებთ, რა იყო პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი გადაწყვეტილება - მან გიგი უგულავა დავით აღმაშენებლის ორდენით დააჯილდოვა. "ბედის ირონიის" თეორიის მოტრფიალეები, ალბათ, იტყვიან, რომ უგულავა ის მერია, რომელმაც დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრიდან ისეთ ადგილას გადაიტანა, ყვავილების მიტანა რომ გინდოდეს, ახლოსაც ვერ მიხვალ, ცინიკოსების მტკიცებით, უგულავა, ვინაიდან დიდი მეფის ძეგლის ადგილას გიგანტური ველოსიპედი წამოჭიმა, აღმაშენებლის კი არა, "დიდი ველოსიპედისტის" ორდენს იმსახურებს.

არ ვიცი, იქნებ უგულავას მართლაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სამშობლოს წინაშე და თავმდაბლურად მალავს ამას?! იქნებ იმ პაკისტანელებმა, ზიმბაბველებმა თუ კამერუნელებმა მართლაც ასახელეს აწ უკვე ჩვენი საერთო სამშობლო საქართველო და ამიტომ დაურიგა სააკაშვილმა მათ მზესუმზირასავით მოქალაქეობა?! მოკლედ, სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტი სატირულ-იუმორისტულ ნოტებზე დატოვა. ახალ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კი სახუმაროდ არ სცალია. მან პირველი დიდი გამოცდა 28-29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტზე უნდა ჩააბაროს და კიდევ ერთხელ მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ საქართველო დასავლური გზისთვის გადახვევას არ აპირებს. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- უპირველესად,  მივესალმები ახალ საქართველოს ახალი კონსტიტუციითა და ახალი პრეზიდენტით. სამომავლოდ გადავდოთ საუბარი თემაზე, იყო თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოს მოსახლეობის სურვილი. ამ კონსტიტუციას მიხეილ სააკაშვილი თავისი პრემიერობისთვის იმზადებდა და ეს მისი ოცნება იყო, თუმცა ქართველმა ხალხმა მას ამ სურვილის ასრულების უფლება არ მისცა. ეს უკვე წარსულშია - დღეს ჩვენი  ნატვრისთვალი ვილნიუსშია, სადაც ევროპულ სივრცესთან დაახლოების მრავალწლიანი მცდელობა, შესაძლოა,  რეალობად იქცეს.  უფრო სწორად, განისაზღვრება  მკაფიო გზა, რომლის გავლითაც ევროპაში უნდა შევიდეთ. რასაკვირველია, ეს მარტივი პროცესი არ იქნება. ვილნიუსის სამიტამდე მოწმენი გავხდით ორი სერიოზული რყევისა, რამაც შეაძრწუნა ევროკავშირის ქვეყნები - ევროპისკენ მიმავალი გზის დასაწყისშივე წაიბორძიკეს სომხეთმა და უკრაინამ. შესაბამისად, დღეს მთელი ყურადღება საქართველოსკენ არის მომართული.

- სომხეთმა და უკრაინამ წაიბორძიკეს თუ რუსეთმა წააბორძიკებინა?

- ეს ქვა შემთხვევით ეგდო ევროპისკენ მიმავალ ბილიკზე თუ ვინმემ შეგნებულად დაუდო ერევანსა და კიევს,  დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინის პრემიერ-მინისტრს უსუსური მიზეზები მოჰყავს, სავარაუდოდ, რატომ არ მოაწერს ხელს უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას - უმუშევრობის რიცხვი გაიზრდება და უკრაინულ ნაწარმს საექსპორტო სივრცე შეეზღუდებაო. სამწუხაროდ,  უკრაინაში საბოლოო სიტყვა თქვეს კორუმპირებული ბიზნესის წარმომადგენლებმა. ეს მოსალოდნელიც იყო - მათზე რუსეთის მხრიდან ზეწოლა უფრო იოლია.

- ეს რა გასაკვირია, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ზეწოლა ვიქტორ იანუკოვიჩზე მოახდინა. ასე აღიქვეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა პუტინისგან იანუკოვიჩის მოსკოვში დაბარება. უკრაინული მედია იმასაც წერს, რომ თუ ევროკავშირთან უკრაინის მიერ გაფორმებული შეთანხმებით გაღიზიანებულმა მოსკოვმა კიევს ფარული თუ აშკარა ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ეს უკრაინული ეკონომიკისთვის კოლაფსის ტოლფასი იქნება. იქნებ ევროკავშირმა უკრაინას რაიმე გარანტიები უნდა მისცეს?

- ევროკავშირმა უკრაინას  მოსალოდნელი რუსული სანქციების  პრევენცია შესთავაზა. თუმცა იანუკოვიჩი პირდაპირ აცხადებს - უკრაინულმა ბიზნესმა "გასცა  ბრძანება", რომ პირი ვიბრუნოთ ევრაზიული კავშირისკენო. ეს ტრაგედიაა უკრაინისთვის.

- რამ შეასრულა მთავარი როლი იმაში, რომ შესაძლოა, უკრაინამ ევროპას ზურგი აქციოს - იანუკოვიჩია ევრაზიული კავშირის "ფანატიკოსი", პუტინის მუქარამ გადაწონა ყველაფერი, თუ იმან, ევროკავშირმა კიევს ტიმოშენკოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება რომ მოსთხოვა?

- თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა მოტივი შეიკრიბა  და გადაწონა უკრაინის ევროპული პერსპექტივა. პუტინის მუქარას გამოვყოფდი - თავის დროზე მან ყარაბაღის თემით მოახდინა ზეწოლა სომხეთზე. უკრაინისთვის კი ყირიმი იმაზე მეტია, ვიდრე ყარაბაღი სომხეთისთვის. გაუკვირდება ვინმეს, რომ პუტინი უკრაინას "ყირიმის აფეთქებით" დამუქრებოდა?!

- ჩვენ ჩვენი ვთქვათ... უკრაინას ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა. ჩვენ მხოლოდ პარაფირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს. როდესაც თბილისსა და ბრიუსელს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე მივა საქმე, რუსეთი საქართველოს "დამუშავებასაც" ეცდება?

-  არ გამიკვირდება, თუ ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის რატიფიკაციის დროის მოახლოებისთანავე ანალოგიური ზეწოლა მოხდება ჩვენზეც. მაგალითად, კვლავ გადაიკეტოს რუსული ბაზარი ან დაიძაბოს მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამდენად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების სწორად მართვა.

- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გაუძლებენ პრესინგს მოსკოვის მხრიდან?

- მხოლოდ პრეზიდენტმა ან მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ეს ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი, რომელზეც დაახლოებით ასეთი კითხვა იქნება - "უნდა გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ,  თუ დავნებდეთ რუსეთს?"  ვიდრე რეფერენდუმს ჩავატარებთ, საზოგადოების აქტიურმა წრეებმა მოსახლეობასთან უნდა ვიმუშაოთ. უნდა ვიმუშაოთ სხვა მიმართულებითაც, რათა მზაკვრული კითხვა - "სამართლიანობა გვირჩევნია თუ ევროპა?" - არ გაჩნდეს და ეს არ გახდეს განმსაზღვრელი ჩვენი მოსახლეობის არჩევანისთვის. სამწუხაროდ, ეს ორი კითხვა ერთმანეთთან კავშირშია. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გახლდით და დამძიმებული ჩამოვედი იმის გამო, რომ ევროპელები დღემდე ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან ტიმოშენკოს და მერაბიშვილს. ევროკავშირის წარმომადგენლებს ისიც ვუთხარი, რომ  ჩემთვის ცნობილია მათი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი - "ხელები შორს სააკაშვილისგან".  შორს წაგვიყვანს იმის დაკონკრეტება, ვისთან მქონდა შეხვედრები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ევროპას კიდევ ერთი გზავნილი აქვს - პროკურატურიდან სააკაშვილი კითხვებით არავინ შეაწუხოს. ჩვენს ევროპელ მეგობრებს შევთავაზე საქართველოს მოსახლეობასთან ურთიერთობის ახალი მოდელი. კერძოდ, იქნებ მოვახერხოთ და საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით საქართველოს მოსახლეობამ კითხვები დაუსვას მიხეილ სააკაშვილს. შემდეგ ის კითხვები, რაზეც პასუხს მოითხოვს ქართველი საზოგადოება, ვთარგმნოთ ინგლისურად და გავგზავნოთ დასავლეთში. იქნებ ამან მაინც გაჭრას.

- იქნებ პროგრესია ამ კუთხით? აგერ ინტერპოლმა კეზერაშვილსა და ადეიშვილზე ძებნა გამოაცხადა.

-  საქართველო მათ გადმოცემას ითხოვს, თორემ რა ძებნა უნდათ?! ყველამ იცის, რომ კეზერაშვილი საფრანგეთის ციხეში ზის, ადეიშვილი კი უნგრეთშია. დავუბრუნდები ზემოხსენებულ საკითხს -  საქართველოში არც ერთმა სახელმწიფო მოხელემ ვალდებულად არ მიიჩნია თავი, ნახევარ გვერდზე მაინც ჩამოეყალიბებინა ხედვა - რატომ არ არიან ტიმოშენკო და მერაბიშვილი ტყუპისცალები, რა განსხვავებაა მათ შორის და ეს "გადაესროლა" ევროპაში. იმედია, ამგვარი დოყლაპიობა დასრულდება.

- ვნახოთ. საკადრო პოლიტიკის "ბურთიც და მოედანიც" ახალი პრეზიდენტისა და მომავალი პრემიერის ხელშია. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა კი პირველი პირობის ბოლო დღეები მოქალაქეობის დარიგებას მოანდომა. მარტო გასულ პარასკევს სააკაშვილმა 400 უცხოეთის მოქალაქეს მისცა საქართველოს პასპორტი. ასე რომ, ბატონო სოსო, უკვე ბევრი ერაყელი, ზიმბაბველი თუ კამერუნელი თანამოქალაქე გვყავს.

- ამ დღეებში გამახსენდა, 2011 წელს როგორ წაართვა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს და შედეგი სასამართლოებში ჩივილმაც კი არ გამოიღო. რამდენიმე დღის წინ კი ამავე სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოქალაქეობის მიღების მსურველთა რიგები დააყენა. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს მედიცინაში ჯერ არაღწერილ "სახელმწიფო ბოროტების" სინდრომთან, რომელსაც ანალიზზე უფრო დიაგნოზი ესაჭიროება. ამ საკითხის უფრო  ღრმად შესწავლის შემდეგ, პრეზიდენტ მარგველაშვილს ექნება საშუალება, გააუქმოს არაჯანსაღ ვითარებაში მიღებული დადგენილებები და აღადგინოს სამართლიანობა. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული იქნებიან, ასეთი ახირების შედეგები აღმოფხვრან.

- მოქალაქეობის ასე ხელაღებით დარიგება პირებზე, რომლებიც შესაბამის სტრუქტურებს შესწავლილი არ ჰყავთ, სხვა რისკებსაც შეიცავს. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის მკვიდრი ევროპაში რომ ჩადის პაკისტანის ან ერაყის პასპორტით, სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ექცევა. თუ იგივე პირი საქართველოს პასპორტით გაემგზავრება დასავლეთში, შესაძლოა, მას მაინცდამაინც დიდი კონტროლი არ დაუწყონ, რადგან საქართველო ტერორიზმის ექსპორტიორი ქვეყნების რიცხვში არ შედის.

- საფრთხე იმისა, რომ დაინტერესებული პირები საქართველოს მოქალაქეობას სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ, მართლაც არსებობს. ამიტომაც საჭიროა, რომ მარგველაშვილმა მოქალაქეობის დარიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გადახედოს.

- მიგრანტებზეც მინდა გკითხოთ. თურქულ, ირანულ თუ ერაყულ ბარებზე იერიში ცალკეულ ინციდენტად უნდა მივიჩნიოთ თუ არსებულ რეალობაზე საზოგადოების რეაქციად? პირდაპირ ვთქვათ - ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს ის, რომ მეზობელი ქვეყნებიდან თუ აზია-აფრიკიდან ჩამოსულები არ იცავენ სტუმარ-მასპინძლობის დაუწერელ კანონებს.

- პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს. კერძო საკუთრებაში შევარდნა და თეფშებისა და ჭიქების მსხვრევა პროტესტი კი არა, ვანდალიზმია. უპირველესად უნდა შეისწავლონ, რა ხელშეკრულების პირობებით აწესებენ ბარების მეპატრონეები შესვლაზე შეზღუდვას ეთნიკური ნიშნით. ისე,  ძალიან კარგად მახსოვს,  როგორ შენდებოდა თბილისის ახალი აეროპორტი. ისიც მახსოვს, თურქული კომპანიის მიერ საქართველოს დედაქალაქში აშენებულ აეროპორტში აკრძალეს ქართულენოვანი ტელეარხების ჩართვა. აეროპორტის კაფეებში მხოლოდ თურქული გადაცემები გადიოდა. ამაზე საქართველოს  ხელისუფლების ვერც ერთმა შტომ კრინტი ვერ დასძრა, რადგან თურქებს ამ თავხედობისთვის ფული წინასწარ ჰქონდათ გადახდილი. ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოურ ბარებში ქართველების არშეშვებას აპროტესტებენ, თუმცა ვიმეორებ - ამან უკონტროლო პროტესტის ფორმა არ უნდა მიიღოს, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს ცივილიზებულ სახეს.

- კონკრეტულად როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო? ფაქტია, მიგრანტებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს და ამის დამალვა არ შეიძლება.

- გეთანხმებით. კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი ვერ დამალაო. სხვათა შორის, თბილისელები გულგრილი იყვნენ მაშინ, როდესაც მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხები ბათუმელებს აწუხებდათ. ბათუმსა და თბილისში  ტოლერანტობის დოზა უფრო  მაღალია, მაგრამ როგორც კი ეს პრობლემა პატარა ქალაქებში გაჩნდება, შესაძლოა, პროტესტი გაცილებით აგრესიული და საშიში  აღმოჩნდეს.

- იქნებ გამოსავალი სავიზო რეჟიმის გამკაცრებაშია?

-  სავიზო რეჟიმის გამკაცრება გამოსავალი არ არის. კონკრეტულ რეცეპტს ვერ გეტყვით, მაგრამ ხელისუფლება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ასეთ თემებს და ყოველნაირად შეეცადოს უმართავი პროცესები არ დაუშვას. მერიამ ან ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნონ კონტრაქტების ტექსტები და ვნახოთ, რა პირობებით გახსნეს თუნდაც  ეს ბარები  უცხოელებმა. კონტრაქტებში ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული პირობები, რომ  მეპატრონეს მსგავსი რამის გაკეთება აზრადაც არ მოუვიდეს.

- არსებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე პარლამენტი დაამტკიცებს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. რა ძვრებს გამოიწვეს ეს ბაზარზე ან საერთოდ გამოიწვევს კი?

- ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება ძალიან  გაჭიანურდა. მაინტერესებს ხელისუფლების პასუხი - ერთი წლის მანძილზე რომელი მონოპოლისტის სასარგებლოდ არ დასძრეს ადგილიდან ეს საკითხი. ეს კანონი ნახევარი წელია, მზადაა და მიზეზსაც ვეღარ ასახლებენ, რატომ არ მიიღეს აქამდე.

- რა არის მიზეზი, თქვენი აზრით?

- არ ვიცი და ამიტომაც ვკითხულობ.  როდესაც ელიტური  კორუფცია ქვეყანაში აღარ არსებობს და მონოპოლისტებად მაინც იგივე ადამიანები რჩებიან, როგორ უნდა ვებრძოლოთ მონოპოლიზმს?! დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ამ კითხვაზე პასუხს მივიღებ.

- მკითხველს განვუმარტოთ - რა მექანიზმებით შეიზღუდებიან მონოპოლისტები ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ?

- კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს,  ერთ კომპანიას ან პირს ბაზრის რამდენი პროცენტის ათვისების უფლება აქვს. თუ მისი აქტივობა კანონით დადგენილ პროცენტზე მაღალია, ის უკვე მონოპოლისტად ითვლება და შეზღუდვები უწესდება. სამწუხაროა, რომ ანტიმონოპოლიური საკანონდებლო პაკეტის საჯაროდ  განხილვაც კი  არ მომხდარა, საზოგადოებას  შენიშვნის გამოთქმის საშუალება რომ ჰქონოდა. არადა, ეს იყო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პირველი დაპირება, თავი რომ  დავანებოთ არშემდგარ სამართლიანობის აღდგენას.

- 16 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდა, რის შემდეგ გაირკვა, რომ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილს გია ვოლსკი შეცვლის.

- ვერ გეტყვით, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება. შიდაპარტიული გადატრიალებები რომ არ მაინტერესებს, იმიტომ არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი. შესაძლოა, ივანიშვილი უკმაყოფილო იყოს საპარლამენტო უმრავლესობის ან ფრაქცია "ქართული ოცნების" მუშაობით. მაშინ, სავარაუდოდ, სხვა საკადრო ცვლილებებსაც ვნახავთ.