VENI, VIDI, VICI - ვიცი! - კვირის პალიტრა

VENI, VIDI, VICI - ვიცი!

"ივანიშვილი გავლენასა და ავტორიტეტს არასოდეს დაკარგავს"

"არ მინდა ტრაფარეტული, ბუტაფორიული, პიარზე აგებული ტელედაპატიმრებები ვიხილოთ"

გულზე ხელი დავიდოთ და გულწრფელად ვთქვათ, - ბიძინა ივანიშვილს შეეძლო, სხვადასხვა არგუმენტის მოყვანით, დარჩენილიყო ხელისუფლებაში, თავის ხელში უმაგალითო ძალაუფლების კონცენტრაცია მოეხდინა, წლობით ემართა ქვეყანა და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ტაშს დაუკრავდა. თუმცა მან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც თავის პირველ წერილში წერდა: ერთი მხრივ, საზოგადოებას გაუქარწყლა შიში იმისა, რომ ივანიშვილის გარეშე დარჩენილი მთავრობა ქმედუუნარო იქნებოდა და მეორე მხრივ, აპირებს, თავისივე გუნდის გაკონტროლებაში დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას.

ასეთ ადამიანს სიტყვის კაცს უწოდებენ. ამავე დროს, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალ პრეზიდენტსა და მთავრობას დღეს, ისე, როგორც არასოდეს, სჭირდებათ კონსტრუქციული და მწვავე კრიტიკა, რასაც ნამდვილად არ მოვაკლებთ თავისუფალი მედიასაშუალებების წარმომადგენლები. ამ კრიტიკაზე ხელისუფლების რეაქცია იქნება კატალიზატორი იმისა, შეცდა თუ არა ივანიშვილი გუნდის დაკომპლექტებისას არჩევანში. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე დარჩება ნეიტრალური და ხელისუფლების დასაბუთებული კრიტიკისას სამოქალაქო საზოგადოების გვერდით იქნება. სხვათა შორის, ივანიშვილმა კიდევ ერთი პირობა შეასრულა და წასვლისას თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა - დავით ნარმანია. ექსპერტ კახი კახიშვილთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება. უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, კარგია, თუ დედაქალაქის მერობის კანდიდატი თბილისელი იქნებაო. მართლაც, ალბათ, თბილისის მერს დედაქალაქთან რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს. მეორე მხრივ კი, თბილისი მხოლოდ თბილისელების არ არის - საქართველოს დედაქალაქია. პირადად ჩემთვის საინტერესო ის არის, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ნარმანიას კანდიდატურა. ზოგიერთმა შესაძლოა, თქვას, კარგი მინისტრი იყოო. თუმცა ერთი წელი არ არის საკმარისი იმის შესაფასებლად, ადამიანი კონკრეტულ თანამდებობაზე იყო თუ არა წარმატებული. ჩემი აზრით, ნარმანიას კანდიდატად დასახელების მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია და თბილისის მერი (თუ აირჩევენ ნარმანიას, რა თქმა უნდა) მიბმული იქნება "ქართულ ოცნებაზე".

ჯერ კიდევ საკითხავია, კარგია თუ არა, რომ თბილისის მერს არ ჰქონდეს პოლიტიკური ამბიცია. გადაჭარბებული არაფერი ვარგა - არ არის კარგი, თუ თბილისის მერი მხოლოდ პოლიტიკური კუთხით უდგება საქმეს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ დედაქალაქში პირველ პირს საერთოდ არ ჰქონდეს პოლიტიკური ამბიცია. მთავარი და საინტერესო ის არის, დატოვებს თუ არა დავით ნარმანია მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ მინისტრის თანამდებობას. თუ არ დატოვა, გამოდის, ინფრასტრუქტურის უწყების ხელმძღვანელობის რეჟიმში წარმართავს მთელ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც არათანაბარ გარემოს შექმნის. ვნახოთ, უახლოესი დღეები ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს.

- რამდენიმე დღეში საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით ლიტვის დედაქალაქში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენს. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი, რუსეთის ზეწოლის გამო უკრაინამ ოფიციალურად განაცხადა უარი.

- უკრაინის უარი სერიოზული სიგნალი იქნება ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ პარტნიორებს, უფრო მეტად გააღრმავონ ურთიერთობა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ ქვეყნებთან და იმავდროულად, ქმედითი დახმარება გაუწიონ მათ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადება კი, ეს გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლისა და შანტაჟის გამო მივიღეთო, უფრო უკრაინის მოსახლეობისთვის არის გათვლილი. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ როდესაც საქართველოსთვის ზემოხსენებული ხელშეკრულების გაფორმების დრო დადგება, მოსკოვმა თბილისზე ზეწოლა გააძლიეროს. ასეთ შემთხვევაში, სწორი და დაბალანსებული პოლიტიკა ისე გვჭირდება, როგორც არასოდეს.

- სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი თავის ღია წერილში "პოსტსკრიპტუმი" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვაა.

- ივანიშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ცნობილი გამონათქვამი VENI, VIDI, VICI, ვიცი -  "მოვედი, ვნახე, გავიმარჯვეო". მართლაც, ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობა", წავიდა და დაგვიტოვა მთავრობა. ისე, სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი უფრო მეტად დაალაგებდა შიდაპოლიტიკურ პროცესებს და მერე წავიდოდა პოლიტიკიდან. რაც შეეხება მის გადანაცვლებას სამოქალაქო სექტორში, ივანიშვილის ავტორიტეტსა და სიტყვას საქართველოში მომავალშიც დიდი დატვირთვა ექნება. მთავარია, მან არ გამორთოს ტელევიზორი და იკითხოს პრესა. მახსენდება მისი ერთ-ერთი განცხადება, რომ 2003 წელს, მას შემდეგ, რაც დაეხმარა "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლაში, გათიშა ტელევიზორი და არ ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მთავარია, ახლაც იგივე შეცდომა არ გაიმეოროს, რათა შემდეგ ტელევიზორის ჩართვამ კრიტიკულ მომენტში არ მოუწიოს. ივანიშვილმა არ უნდა დაკარგოს კონტაქტი საზოგადოების წევრებთან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ პირებისგან არ უნდა მიიღოს, რომლებიც მან მოიყვანა ხელისუფლებაში.

- თუმცა ივანიშვილი ღია წერილში ამბობს, რომ რჩება საზოგადოების აქტიურ წევრად, რაც გვაფიქრებინებს, რომ არ აპირებს ტელევიზორის გამორთვას და დასძენს, რომ არ აპირებს პროცესების კულუარულად მართვას.

- ეს გულწრფელი სიტყვებია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რჩევები მისცეს იმ გუნდს, რომელიც მოიყვანა ხელისუფლებაში, და იმ ადამიანს, რომელიც დატოვა პრემიერ-მინისტრად. წარმოუდგენელია, რომ პირველ ეტაპზე მაინც მნიშვნელოვან საკითხებზე მარგველაშვილს, ღარიბაშვილსა და უსუფაშვილს ივანიშვილთან კონსულტაციები არ ექნებათ. თუმცა კონსულტაციები კონსულტაციებად უნდა იყოს აღქმული და არა დირექტივებად.

- წერილში ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებას რჩევებს არ დაამადლის, მაგრამ არც გაკრიტიკებას მოერიდება. თუმცა, ალბათ, გულწრფელად უნდა ვთქვათ - პირველ ეტაპზე მაინც ზღვარი რჩევებსა და დირექტივებს შორის საკმაოდ მყიფე იქნება. ასევე, შეეცდებიან, კრიტიკამდე საქმე არ მიიყვანონ.

- რა თქმა უნდა. ის, რომ ივანიშვილმა შეძლო და "ნაცმოძრაობა" გაისტუმრა ხელისუფლებიდან, უკვე პრევენციული მაგალითია ამ ხელისუფლებისთვისაც. თუ პრეზიდენტი და მთავრობა არასწორად წარმართავენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ივანიშვილის კრიტიკას შესაძლოა, მათთვის მძიმე შედეგი მოჰყვეს. რაც შეეხება რჩევა-დირექტივებს, პირველ ეტაპზე, ალბათ, ივანიშვილის თითოეული სიტყვა აღქმული იქნება როგორც დირექტივა, მაგრამ ყველაფერი თანდათან დაბალანსდება. საერთოდ კი, ივანიშვილს არც შევარდნაძისა და არც სააკაშვილის მთავრობისთვის მიუცია ოდესმე ცუდი რჩევა. თუ დაინახავს, რომ ქვეყანა სწორად არ ვითარდება, ხელისუფლებას მისცემს რჩევებს და ამის საფუძველზე სათანადო გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. რა არის ამაში ცუდი?

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მოვლენები ისეთი სცენარით განვითარდეს, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილის რჩევები აღარ გაითვალისწინოს?

- არა მგონია. ივანიშვილი გავლენასა და ავტორიტეტს არასოდეს დაკარგავს. გარდა ამისა, თავად გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ დაკარგავენ არასოდეს ივანიშვილის პატივისცემას. მათთვის ივანიშვილის სიტყვას ყოველთვის დიდი ფასი ექნება. ვიმეორებ - მთავარია, ივანიშვილის შეფასება ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ღარიბაშვილისგან, მარგველაშვილისა და უსუფაშვილისგან მიღებულ ინფორმაციას, არამედ საზოგადოების აზრს.

- გასულ კვირას, მთავრობის დამტკიცებამდე, ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრამ საკმაოდ მწვავედ ჩაიარა. ისე, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ღარიბაშვილმა "ნაციონალების" იერიში "ივანიშვილის სტილში" მოიგერია.

- ღარიბაშვილი მართლაც ჰგავდა ივანიშვილის დარიგებულს, თუ როგორ უნდა ესაუბრა "ნაციონალებთან". ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ისე, "ნაციონალების" იერიშის მოგერიება ღარიბაშვილისთვის იმიტომ იყო ადვილი, რომ მას ჰქონდა დებატები იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც 9 წელი იყო ქვეყნის მმართველი და რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული შეცდომები აქვს დაშვებული და მათ ლიდერებთან კონკრეტულ საქმეებზე საზოგადოებას კითხვები აქვს.

- პარლამენტში ღარიბაშვილმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, ელიტური კორუფციის ფაქტების შესწავლა იწყებაო. როგორ ფიქრობთ, რომელ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს უნდა აეწვათ ქუდი?

- მე უფრო სხვა რაღაც მაინტერესებს: რა უშლიდა ხელს წლის განმავლობაში ასეთი ტიპის საქმეების გამოძიებას? წესით, კოაბიტაციას არ უნდა ჰქონოდა გავლენა ამაზე. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მთავარია, ყველა საქმე ისე გაიგზავნოს სასამართლოში, რომ საქმეების განხილვის შემდგომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და მოსახლეობის ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

- "ნაციონალების" ლიდერები აცხადებენ, დაპატიმრების ახალ ტალღას ველითო.

- შესაძლოა, "ნაციონალების" განცხადებას კონკრეტული საფუძველიც აქვს. ისინი ხედავენ, რომ შეიცვალა პროკურატურის ხელმძღვანელობა, მთავარ პროკურორად ლიბერალის ნაცვლად, ხისტი ოთარ ფარცხალაძე დაინიშნა. ეს ის ადამიანია, რომელმაც გაბედა და რასმუსენის ვიზიტის დროს, მართალია, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, მაგრამ მაინც დააპატიმრა მერიის 20-მდე თანამშრომელი და მერე განაცხადა, ვასეირნებდითო. თუმცა ხისტი იქნება თუ ლიბერალი, მთავარია, სამართლიანობა - არ მინდა ტრაფარეტული, ბუტაფორიული, პიარზე აგებული ტელედაპატიმრებები ვიხილოთ, რასაც 9 წელი ვუყურებდით. პროგნოზებს არ ვაკეთებ. უბრალოდ, იმედია, ასე არ იქნება.

- ღარიბაშვილმა კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა, გაიგებთ, როგორ იკარგებოდნენ უგზო-უკვლოდ ადამიანებიო.

- მართლაც, ძალიან ბევრი ამბობდა, რომ მათი ოჯახის წევრი კუდ-ის თანამშრომლებმა სადღაც წაიყვანეს და მას შემდეგ ეს ადამიანი გაუჩინარებულია. ღარიბაშვილი წლის განმავლობაში იყო შს მინისტრი და მას ექნება ინფორმაცია ასეთი ტიპის საქმეებზე. სავარაუდოდ, გამოძიება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ.

- ცოტა უცნაური იყო "ნაციონალებისგან" ღარიბაშვილთან შეხვედრაზე იმით დაინტერესება, იმყოფებოდა თუ არა ალექსანდრე ჭიკაიძე 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, საკითხს წინა პლანზე ვინ წამოსწევს, საზოგადოებას მართლაც აინტერესებს, რას აკეთებდა ახლანდელი შს მინისტრი იმ ტრაგიკულ დღეს?

- ეს კითხვა "ნაციონალებმა" ღარიბაშვილს იმიტომ დაუსვეს, რომ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში წარმოადგენდნენ სიას 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე მყოფი პოლიციელებისა და ამაზე ააგებდნენ პიარს. ღარიბაშვილმა მათ უპასუხა, რომ ჭიკაიძე მართლაც იყო პროსპექტზე, მაგრამ დარბევაში არ მონაწილეობდა. ამავე დროს ეკა ბესელია ამბობს, რომ მას პირადად ჭიკაიძისგან აქვს ინფორმაცია, თითქოს ის 26 მაისს არ ყოფილა პროსპექტზე, სამსახურში იყო. ეს ფაქტები გადასამოწმებელია. ამაში მთავარი როლი სამოქალაქო საზოგადოებამ და იმ ხალხმა უნდა შეასრულონ, რომლებიც 26 მაისს დარბევის მსხვერპლნი გახდნენ.

- განმარტება, რომ "სამსახურში იყო", ცოტა ბუნდოვანია.

- რა თქმა უნდა. რას ნიშნავს სამსახურში იყო? ჭიკაიძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იყო თუ რომელიმე განყოფილებაში, რა მნიშვნელობა აქვს?! ყველას კარგად ახსოვს, რა ამბები ტრიალებდა სამმართველოში და განყოფილებებში 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ. ალბათ, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, სად იყო ჭიკაიძე. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ არ ყოფილა პროსპექტზე, მეორე მხრივ, თვითონ ღარიბაშვილმა თქვა, იყო, მაგრამ არაფერს აკეთებდაო. სიმართლე გითხრათ, 26 მაისს რუსთაველზე მე ვერ ვნახე პოლიციელი, რომელიც არაფერს აკეთებდა. ჯერ ეს უნდა გავარკვიოთ და შემდეგ დავადგინოთ, რას აკეთებდა 26 მაისს ჭიკაიძე. მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტები თუ გაარკვევენ ამას, რადგან დარწმუნებული ვარ, გამოძიებისგან ობიექტურ ინფორმაციას ნამდვილად ვერ მოვიპოვებთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისის მოვლენების მონაწილე პირები აუცილებლად დაინტერესდებიან ჭიკაიძით.

- დავუბრუნდეთ პროკურატურის თემას - მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა ნაცვლიშვილი ირაკლი შოთაძემ შეცვალა.

- როგორც ჩანს, ახალმა მთავარმა პროკურორმა გადაწყვიტა, რომ იმ ადამიანებთან ერთად განაგრძოს მუშაობა, რომლებთანაც 8-9 წელი მუშაობდა. არა მგონია, ნაცვლიშვილი უმუშევარი დარჩეს, ალბათ, სადმე გადაიყვანენ.

- კიდევ ერთი საინტერესო საკადრო ცვლილება - ღარიბაშვილმა თავისი ყოფილი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი ირაკლი ალასანიას მოადგილედ დანიშნა.

- თავდაცვის სამინისტრო ძალოვანი უწყებაა, ალასანია კი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი. გუნდი ერთიანია, მაგრამ არ არის გამორიცხული, დროთა განმავლობაში ვიღაცას მოუნდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. შესაბამისად, ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროში ნდობით აღჭურვილი პირი სჭირდება. პირდაპირ ვთქვათ - ბატიაშვილი ალასანიას მოადგილედ კონტროლის მიზნით დაინიშნა.